სიმინდის საქმე იმერეთში
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 4 min read
ტფილისი, 9 ნოემბერი, 1891 წელი
სიმინდი ჩვენს ქვეყანაში საერთოდ და იმერეთში საკუთრივ ერთი იმისთანა სარჩოა, რომელსაც, გარდა იმისა, რომ ერთი თავის საკვებად ჰხმარობს, ჰყიდის კიდეც და ამით თავის ყოველდღიურს საჭიროებას უძღვება. მოუსავლობამ ევროპაში და ნამეტნავად სიმშილმა რუსეთში საკმაოდ ასწია ფასები სიმინდისა აგვისტოს და სექტემბრის თვეში. ამ თვეებში ფუთი სიმინდი იყიდებოდა სამ აბაზად, სამ აბაზ-უზალთუნად და ზოგან ოთხი აბაზამდენაც ავიდა, ნამეტნავად ჩვენის რკინისგზების ახლომახლო ადგილებში. გატყვრა უეცრად განკარგულება, რომლის ძალითაც აკრძალულ იქმნა, პურის ხორბლის გარდა, ყოველ სხვაგვარ ხორბლეულობის საზღვარგარეთ გატანა.
რა თქმა უნდა, ამგვარი განკარგულება გამოიწვია შიდა-რუსეთის გუბერნიების სიმშილმა და ამ მხრივ ხსენებულს განკარგულებას საკმაოდ პატივსადები მიზეზი აღმოუჩნდა. ხოლო ჩვენებური მიწისმომქმედი ამ განკარგულებამ დიდს განწირულებაში ჩააგდო. სიმინდის ფასი ამ განკარგულების უმალვე დაეცა და ეხლა ამბობენ იმერეთში ექვსს და ხუთ შაურად ძლივსა ჰშოულობს მუშტარსაო.
თუ სახეში მივიღებთ, რომ წელს მოსავალი სიმინდისა არ იყო ურიგო, რომ ძირს დაწეულ ფასადაც ბაზარს ვეღარ ჰშოობს ჩვენებური სიმინდი, ადვილად წარმოვიდგენთ, რამოდენს ზარალში არიან ჩაცვივნულნი აქაური სიმინდის პატრონები. საოცარი ეს არის: რუსეთში სიმშილია, ხალხი საჭმელად თითქმის ბალახსა ჰხმარობს, აიკრძალა გარეთ გატანა სიმინდისა მარტო იმ მიზეზით, რომ შინაც საჭიროა, და აქ ამოდენა სიმინდი თითქმის ჩალის ფასადაც არავის მიაქვს, მიაწოდონ დამშეულს ხალხსა.
რით უნდა აიხსნას ამისთანა საოცარი ამბავი? ვის უნდა დაჰბრალდეს ესეთი ყოფა საქმისა, რომ ერთს ადგილას სიმშილი მუსრს ავლებდეს ხალხს და იქავ, თითქმის გვერდით, თითქმის მეზობლად, სარჩო იმოდენა იყოს, რომ არ იციან სად და როგორ გაასაღონ? ჩვენში მოსავალი პურისაც კარგი იყო, კარგა ბლომა პური ჰდევს ჩვენში უქმად, ეძებენ მუშტარს და ვერა ჰშოულობენ, და იქავ გვერდით-კი, ვიმეორებთ, თვალთუწვდენს მანძილზე სიმშილია!.. ესეთი საოცარი ვითარება საქმისა დაუჯერებელია, თუმცა მართალზე მართალია. სად არის მიზეზი ამისთანა უთაურობისა, ამისთანა უთავბოლოობისა? სანატრელია დაუკვირდეს ვინმე ამ საკითხს და ჭეშმარიტი პასუხი მისცეს. ვის მოუვა ფიქრად წარმოიდგინოს, რომ ერთგან სარჩო იყოს და მუშტარს ვერა ჰშოობდნენ და იქავ გვერდით სიმშილი იყოს და სარჩოს ვერა ჰპოულობდნენ. გამოდის, რომ სიმინდის გარეთ გატანის აკრძალვამ ვერც დამშეულთ მიაწოდა სარჩო და სარჩოს პატრონებიც თითქმის ცარიელზედ დასხა.
ესე არ იქცევიან სხვაგან. მაგალითებრ, გერმანიამ თითქმის არც-კი იცის, რა არის სიმინდი, მაგრამ წლევანდელმა გაჭირებულმა წელიწადმა იძულებულ ჰყო ამ სახის სარჩოსათვის ყურადღება მიექცია. საქმე იმაშია, რომ რაკი რუსეთმა აკრძალა ჭვავის პურის გატანა საზღვარგარეთ, გერმანია, რომელიც თითქმის ამ სახის პურით იკვებება და რომელსაც წელს მოსავალმა ხელი არ მისცა, დიდს გაჭირებაში ჩავარდა, რომ როგორმე გამოიხსნას თავი ამ გაჭირებიდამ და ხალხს სახსარი მისცეს თავი გამოიკვებოს, შეუდგა იმის ცდას, რომ ხალხი როგორმე სიმინდს შეაჩვიოს. მით უფრო საიმედო იყო ამ გზაზე დადგომა, რომ ჩრდილო-ამერიკაში, საცა სიმინდი ყოველთვის მოჰყავთ, წელს საკმაო მოსავალი იყო სიმინდისა და იქიდამ ზიდვა სიმინდისა ჭვავზე და სხვა ხორბალზე იეფად ჯდება. არც თვითონ ამერიკელებმა მიუყრუეს ყური ამისთანა ამბავსა. ან როგორ მოუყრუებდნენ, რომ ყოველს წელიწადს რამდენიმე ასი მილიონი ფუთი სიმინდი მოჰყავთ და გასაღება ამოდენა სარჩოსი ხუმრობა ინტერესს არ შეადგენს ჩრდილო-ამერიკისათვის. მაშინვე აფრინეს აქედამ გერმანიაში კაცი და დაავალეს, ხალხში სახელი გაუთქვას სიმინდს იმ აზრით, რომ ჭვავის პურის მაგიერ ხალხმა საჭმელად სიმინდი იხმაროს და ამ სახით ამერიკის დიდძალს სიმინდს ბაზარი გაუხსნას.
გაიმართა სიმინდის საჭმელად ვარგისობის თაობაზედ დიდი ლაპარაკი და ჰო-არაობა გერმანიის ჟურნალ-გაზეთობაში. მთავრობამაც მიიღო მონაწილეობა საქმის ვითარების გამოსარკვევად. სამიწათმომქმედო სამინისტრომ მიანდო ერთ თავის წევრს, გამოჩენილს პროფესორს ტილლს, გამოძიება ამ საქმისა. ამ მოკლე ხანში პროფესორმა ტილლმა ბერლინის სახელოსნო საზოგადოებაში თავისი ნაკვლევი წარადგინა ამ საგანზე. პატივცემულმა პროფესორმა ჯერ ის აღნიშნა, რომ დღესაც სიმინდი მეტად გახშირებული პურის მაგიერი საჭმელია ბევრგანაო. ჩრდილო და სამხრეთი ამერიკა, ვენგრია, რუმინია, იტალია, და ჩვენ დავუმატებთ საქართველოსაც, სიმინდის პურს ჩვეულს არიან. ქიმიურად გამოძიებამ დაუმტკიცა პროფესორსა, რომ სიმინდში ასში ოთხმოცდათერთმეტი ნაწილი (91%) ადვილად მოსანელებელია და თითქმის იმოდენადვე ნოყიერია, რამოდენადაც ჭვავი და პური, მაშინ, როდესაც ერთი-ორად ამაებზე იეფიაო. კარტოფილს-კი რომ შევადაროთ, სიმინდი ერთი- ოთხად უფრო ნოყიერიაო. ერთმა შეჰნიშნა, რომ სიმინდმა ერთნაირი სნეულება იცისო, რომელსაც იტალიაში „პელაგრას“ ეძახიან, და ამზე პროფესორმა უპასუხა, რომ თუ უწმინდურად და დაუდევნელად მზადდება სიმინდი, მაშინ ეგ სენი მოსდევსო, მაგრამ თუ კარგად დაფქვილია და კარგად გამომცხვარი, არავითარი წყენა არ იცისო. თუ რამ აბრკოლებს სიმინდის საჭმელად ხმარებას ჩვენშიო, - სთქვა ბოლოს პროფესორმა, - ეგ ისა, რომ ჩვენ ჩვეულნი არა ვართ და, როგორც ახალი საჭმელი გვეხამუშებაო.
გერმანიისათვის, რასაკვირველია, მეტად სასარგებლოა, თუ მოახერხა როგორმე ხალხი შეაჩვიოს სიმინდსა. მაშინ იგი ისე დამოკიდებული არ იქმნება რუსეთზე პურისა და სხვა ხორბლეულობის გამო, როგორც დღეს არის ეს დამოკიდებულობა გერმანიას ძვირად უღირს და ამიტომ ეჭვი არ არის, მთავრობა გერმანიისა ყოველს ღონისძიებას იხმარს, რომ სიმინდმა ჭვავისა და სხვა პურის მაგივრობა გაუწიოს. პირველი და უმთავრესი ამაში ის არის, რომ სიმინდი ერთი-ორად იეფად დაუჯდება და მეორე ისა, რომ ამერიკიდამ დაიწყებს ზიდვას და რუსეთის პურის შემაცქირალი აღარ იქნება.
ეს პოლიტიკური და ეკონომიური მნიშვნელობა სიმინდისა გერმანიისა და ამერიკისათვის ჩვენთვის არაფერი ხელმოსაჭიდებელია. ჩვენ ეს ამბავი იმიტომ მოვიყვანეთ აქ, რომ აღგვენიშნა, რამოდენად შეუძლიან სიმინდს პურის მაგიერობა გაუწიოს ადამიანს. ხსენებულ პროფესორის გამოკვლევა ამტკიცებს, რომ სიმინდი, თუ კარგად მომზადებულია, ჭვავსა და სხვა პურზე ნაკლებ ნოყიერი არ არის. მაშასადამე, უფრო საკვირველი უნდა იყოს ის ამბავი, რომ აქაურს სიმინდს მუშტარი არ უჩნდება რუსეთში, საცა სიმშილმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ზოგიერთი რუსეთის გაზეთები სწუხან, ჩვენს ტყეებში დიდი ძალი კრკო იღუპება უქმადაო, მაშინ, როდესაც შესაძლოა ხალხს საჭმელად გამოადგესო. ტყეში კრკოს ძებნას, აქავ რომ სიმინდი მზად არის, ამას რა სჯობია.
არ ზიდვა რუსეთში ჩვენის სიმინდისა, თუ პურისა, სხვა არაფრით აიხსნება, რომ საზიდავი ღონე არ არის: რკინისგზები და გემები საერთოდ, და ჩვენში საკუთრივ, ისე ვერ არის განკარგული, რომ ზიდვა ახერხოს საკმაო სავსებით. რა თქმა უნდა, რაც ხანი გაივლის, სიმშილი რუსეთში ახალ მოსავლამდე გაძლიერდება და მაშინ, გინდათ თუ არა, მოიხედვენ ჩვენსკენაც და, ვისიც ჯერ არს, იმის ყურადღებას მიიქცევს ამ უგზო-უკვლობის წამალის დასადებად.
დღეს ზამთარი კარზე მომდგარია და ამისთანა დროს ერთობ რუსეთის რკინის და ზღვის გზები უიმისოდაც ბევრგან შეიკვრის და ბრკოლდება ხოლმე და, მაშასადამე, ისეც უღონონი აქამდის, ეხლა უფრო უღონონი არიან. გაზაფხულმა რომ სხვა არა მოიტანოს-რა, იმას მაინც იზამს, რომ რუსეთში ზღვის და წყლის გზები გაიხსნება და რკინისგზებსაც დაბრკოლება არ ექმნება თოვლისაგან. გარდა ამისა, თვით პურის უქონლობა რუსეთში უფრო გაძლიერდება, რადგანაც ჯერ კიდევ ხალხს ცოტაოდნად შერჩენილი აქვს წლევანდელი მოსავლის პური და რამდენი ხანიც გავა, იმოდენად დაელევა. ეს გარემოება უსათუოდ იძულებულ ჰყოფს რუსეთის მუშტარს აქ ჩვენში სიმინდი და პური იყიდოს. ამიტომ იმედია, რომ გაზაფხულზე სიმინდი და პური საკმაოდ აიწევს ფასში. ჩვენ ვურჩევთ, ვისაც შეუძლიან, ნუ ჰყიდის ჯერ ჭირნახულსა, იმიტომ რომ ამით დამშეულებს ვერ უშველიან, რადგანაც ეხლა მარტო წურბელა-ვაჭრები ჰყიდულობენ, რომ იეფად ნაყიდი, მერე მამასისხლად მიჰყიდონ გაჭირვებულებს. აქ ერთი-ორად ზარალია: ჰზარალობს ჭირნახულის პატრონი, რადგანაც ეხლა იეფად იძულებულია ჰყიდოს, ჰზარალობს გაჭირებულიც, რომელიც შემდეგში იძულებულ იქნება უფრო მამასისხლად იყიდოს პური ვაჭართაგან, ვიდრე პირდაპირ ჭირნახულის პატრონთაგან. ისევ ის სჯობია, ლუკმა გავარდეს და ჯამში ჩავარდეს, ვიდრე სიხარბით პირდაღებულ ვაჭარს პირი გაუვსოს.
