ქართული ხალხური მუსიკა
- nino otiashvili
- Jan 8, 2024
- 6 min read
1886 წელი
ტფილისი, 17 ნოემბერი
შაბათს, 15 ნოემბერს, ერთი ფრიად სასიამოვნო და ახალი ამბავი მოხდა. ქართულს თეატრში გამართული იყო ქართული კონცერტი. ქართულმა ხორომ იგალობა ჩვენი საერო სიმღერები. ჩვენ მუსიკობაში თავს არა ვსდებთ, იმიტომ რომ ამ ხელოვნებისა ჩვენ არა ვიცით რა. ჩვენ ამ კონცერტის გამო ზოგიერთი ფიქრები აგვეშალა და, ვიდრე თვით კონცერტის თაობაზედ ვიტყოდეთ რასმე, გვსურს ზოგიერთი ჩვენი ფიქრი გამოვსთქვათ, რამოდენადაც შესაძლოა.
მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულმა გერმანელმა ლესსინგმა ერთს თავის სახელოვანს თხზულებაში, რომელსაც „ლაოკოონი“ ჰქვიან, სთქვა: „მუსიკა არის უტყვი პოეზია და პოეზია - მეტყველი მუსიკაო“. ჩვენ კიდევ ამას ვიტყვით, რომ სიმღერა, გალობა სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილსიტყვაობას და წყობილსიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალკ-ცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრით იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა. ჩვენებური „ზარი“, ეგ გლოვის მუსიკა, პოეზიასთან და-ძმასავით შეთვისხორცებული, იგივე სიმღერაა სევდა-მწუხარებისა, როგორც მაგალითებრ „მაყრული“ - სიხარულისა და ბედნიერებისა, როგორც „ორპირი“ - ვაჟკაცობისა, მედგრობისა და მხნეობისა. გალობა ისეთივე მოთხოვნილებაა, ისეთივე საჭიროებაა, ისეთივე განუყრელი თვისებაა ადამიანის ბუნებისა, როგორც ცრემლი, როცა კაცი არ ჰხარობს, ან ჰგოდებს, როგორც კვნესა, - როცა გული შეხუთულია, როგორც ძახილი, თქმა - როცა გული მხიარული და ბედნიერია.
ხოლო რადგანაც ქვეყანაზედ გულსა ადამიანისას სძრავს ხოლმე არა მარტო სიხარული და მწუხარება, არამედ სხვა ათასგვარი მიზეზიცა, ამიტომაც სამწუხარო და სასიხარულო სიმღერას შუა კიდევ მრავალგვარი სიმღერა და გალობაა. ამ მხრით ადამიანის გული იგივე ზღვაა, რომელიც კოვზით არ დაილევა თავის დღეში. მინამ გული სძგერს, გულივე ათასნაირს სიმთ ააჟღერებს ხოლმე ათასნაირის მიზეზითა, და რადგანაც მიზეზი გულისთქმისა ულეველი და დაუსრულებელია, თვით სიმღერას, რომელიც მარტო გულისთქმაა და სხვა არარა, ბოლო და დასასრული არ ექნება თავის დღეში, ვიდრე ეს დედამიწის ზურგი ატარებს და იშვნევს ადამიანსა. კაცთ გარე, ქვეყნიერობაში სიმღერა არ არის1. ეგ მხოლოდ კაცის კუთვნილებაა, ვითა ღვთის კერძოისა. ეგ ღვთაებური ნიჭი ბუნებამ მარტო ადამიანს მოჰმადლა და იგი ნიჭი იმოდენად ძვირფასად მიაჩნია კაცობრიობას, რომ არ არის ცასქვეშეთში იმისთანა კაცი, იმისთანა ერი, რომ ეგ ნიჭი არ ემოქმედებინოს და ეგ მშვენიერი ნერგი, ადამიანის სულში ბუნებისაგან ჩარგული, არ ეხეირებინოს და ცოტა თუ ბევრი ყვავილები არ გამოესხმევინებინოს.
ჩვენა ვსთქვით, რომ სიმღერა გულისთქმაა. როგორც ცალკე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულისთქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზია, რომელსაც ლესსინგი მუსიკას ეძახის, იგივე ენაა, მხოლოდ ხორცშეუსხმელი, სიტყვით არგანსაზღვრული, სიტყვით არგამორკვეული — იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა. ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა — სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენა-მეტყველობა.ქართველი, როცა ჰკვნესის, სხარიგად, სხვა ხმით, სხვა კილოთი ჰკვნესის, ვიდრე ფრანგი ანუ გერმანელი; ქართველი, როცა ჰხარობს, სულ სხვარიგადა ჰხარობს და სიხარულის გამოთქმაც სულ სხვარიგია. რა არის, მაგალითებრ, ქართველის: „ვაი“, „ვიშ-ვიშ“, „ვაშა-ვაშა“ თუ არ თქმა, თუ არ ძახილი, თუ არ ყეფა ასე თუ ისე ნაძგერის გულისა!.. ეგ ხომ ცარიელი ხმაა, ხომ იგი უტყვი ბგერაა ხმისა, რომელიც უტყვს პოეზიაზედ უფრო ახლოა, ვიდრე მეტყველ მუსიკაზედ, ესე იგი უფრო მუსიკაა, ვიდრე სიტყვიერება! როცა ქართველი იძახის: „ვაი, ვიშ, ვაშ“, ჩვენ, ქართველებს, მთლად და სავსებით გვესმის ეს ბგერა ქართველის გულის ძარღვისა, ასე თუ ისე ძლიერად ნატკენისა და განწონილისა. სხვა ერის კაცი ვერ გაიგებს: ამას ამავე შემთხევისათვის სხვა მწყობრი აქვს ხმებისა, რომელიც ჩვენ, ქართველებისათვისაც ისევე გაუგებარია, როგორც მისთვის ჩვენია გაუგებარი, თუ ან იმას ჩვენთვის ყური არ შეუჩვევია, ან ჩვენ მისთვის. ამიტომაც ერთის ერის სიმღერა რომ მეორეს მოეწონოს, უნდა მისთვის გასაგები იყოს, და რომ გასაგები იყოს, ისე უნდა შეაჩვიოს ყური, როგორც ენა- მეტყველობას. შეიყვანეთ ჩვენი გლეხკაცი, ანუ იმისთანა ვინმე, თუნდა თავადიც იყოს, რომელსაც ევროპიული მუსიკა თავის დღეში არ გაუგონია, შეიყვანეთ და თუნდა ბახისა, მოცარტისა და ბეტჰოვენის სიმფონიები მოასმენინეთ, იმას არ მოეწონება, თუმცა კი მთელი ევროპა აღტაცებაში მოდის ხოლმე. ეგ იმიტომ კი არ მოსდის, როგორც ზოგიერთნი ბრიყვნი ამბობენ, რომ იგი გლეხკაცი ანუ თავადი კაცობრიულ ნიჭს მუსიკის სიამოვნებისას მოკლებულია. ეგ იმას ეგვანებოდა, რომ კაცს კაცმა მეტყველების ნიჭის უქონლობა შესწამოს, როცა, ვსთქვათ, ბაირონის ლექსს ინგლისურად უკითხავდნენ ამ ენის არ-მცოდნე კაცს და ამის გამო არმცოდნე კაცი კითხვის დროს თვლემაში იყოს, როცა სხვანი აღტაცებულნი არიან. იგინივე, რომელნიც მოცარტისა და ბეტჰოვენის მუსიკით აღტაცებაში მოდიან, იგინივე ცხვირზევით აიცილებენ ხოლმე ჩვენს სიმღერასა, ჩვენს მუსიკასა, მაშინ როდესაც ჩვენ აღტაცებაში მოვდივართ ხოლმე. აქ მიზეზი მარტო გაუგებრობაა, არ-ცოდნაა, და არა გრძნობა-მოკლებულობა, გრძნობა-დახშულობა. სიმღერის, პოეზიის სიამოვნების ნიჭი საყოველთაო კუთვნილებაა ადამიანისა. არ არის ქვეყანაზედ ადამიანი ამ ნიჭს მოკლებული, ყრუისა და მუნჯის მეტი, ისიც იმიტომ — რომ აქ ხორცის ნაკლულევანებაა მიზეზი ამ ნიჭის უქონლობისა და არა სულისა.
რასაკვირველია, ყველა ერს ერთს ხარისხამდე არა აქვს აყვანილი თავისი მუსიკა, როგორც თვით ენა-მეტყველობაც. ამ მხრით ზოგი ერი ძალიან წინ წასულია, ზოგი ჯერ მიდის. ევროპამ ამ მხრით დიდად შორს დააგდო აზია და დღეს ევროპიული მუსიკა დიდად გაბრწყინვებულია, განწმენდილია, დახელოვნებულია, და რა თქმა უნდა, ქვეყნიერობაზედ უპირატესობს. ხოლო ვინც დააკვირდება აზიურს მუსიკასა და შეაფარდებს ევროპისას, იგი ადვილად ჰგრძნობს, რომ ამ ორთა მუსიკათა შორის ბუნებითი, არსებითი სხვადასხვაობა არის. სულ სხვა ძარღვი აქვს ერთს და სულ სხვა ძარღვი მეორეს, და თუმცა ერთი ისე განკარგებული, შეკეთებული და დახელოვნებული არ არის, როგორც მეორე, მაგრამ არა გვგონია — ერთმა მეორეს ოდესმე სძლიოს და გზა დაათმობინოს; აზიური მუსიკაც იმ- რიგადვე თავის გზაზედ იდგება და ივლის, როგორც ევროპიული თავის გზაზედ მდგარა და უვლია... სიტყვა გაგვიგრძელდა და დანარჩენს ხვალ ვიტყვით.
II
ტფილისი, 18 ნოემბერი
რომ ქართული სიმღერა და გალობა ევროპიულს არა ჰგავს, ეგ აშკარაა და ამას არავითარი დამტკიცება არ სჭირია, როგორც გვარწმუნებენ მცოდნე კაცები. ჩვენ მუსიკისა, როგორც წინადაც მოგახსენეთ, სულ არ გვესმის რა და მის გამო ვშიშობთ და სითამამედ მიგვაჩნია წარმოვსთქვათ ერთი აზრი, რომელიც დიდი ხანია მოსვენებას არ გვაძლევს და რომელზედაც პასუხი ჩვენთვის არავის მოუცია, თუმცა ბევრჯერ და ბევრგან ჩამოგვიგდია ამაზედ ლაპარაკი მუსიკის მცოდნე კაცთა შორის. ქართული სიმღერა ხომ ევროპიულს სრულებით არა ჰგავს, ჰგავს კი აზიურსა? ჩვენ აქ სახეში გვაქვს ქართული საერო, თუ საეკკლესიო, ბანით საგალობელნი და არა მარტოდ სათქმელნი. ყოველისფრით უნდა გულისხმებოდეს, რომ უნდა აზიურსა რაშიმე ჰგვანდეს: საქართველო უფრო აზიაა, მისი ისტორია უფრო აზიის კულტურისა და ცივილიზაციის გავლენის ქვეშ იყო უკანასკნელ საუკუნემდე. მისვლა- მოსვლა, ისტორიული დამოკიდებულება, ისტორიული მეზობლობა უფრო აზიის ერთა თანა ჰქონია და რა საფიქრებელია, რომ ყოველს ამას არ ემოქმედნა აქაურს სიმღერათ მწყობრობასა და აგებულებაზედ. ვსთქვათ, რომ საეკკლესიო გალობაზედ ზედმოქმედება იქონია საბერძნეთის გალობამ მას შემდეგ, რაკი ჩვენში ქრისტიანობა შემოვიდა, რადგანაც ყოველისფერი საეკკლესიო იქიდამ მივიღეთ. ეს საერო სიმღერა თვითნაჩენია თავით, თავისითმყოფია, თვითმოარული, თუ საერთო რამა აქვს აზიის სხვა ერთა სიმღერებთანა. მაგალითებრ, საფრანგეთის მუსიკას, გერმანიისას, იტალიისას — ბევრი მგზავსება აქვთ ერთმანეთში, ისეთი მგზავსება, რომ გაუჭირვებლად სრულიად თავისუფლად — ერთის ერის მუსიკა მეორესათვის პირდაპირ გასაგებია, პირდაპირ მოსაწონია, თუმცა ამასთანავე ყოველის ამა ერის მუსიკას თავისი საკუთარი ფერი აქვს ზედ დაჩნეული. ეგევე განა ითქმის, მაგალითებრ, აქაურს ბანით სათქმელს სიმღერებზედ და სპარსულებზედ? არა გვგონია. სულ სხვადასხვა არის: სპარსელს ჩვენი ბანით სათქმელი სიმღერა სულ არ მოსწონს, იმიტომ რომ არ ესმის. რომ ესმოდეს, ეგ იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ძირი ან ფერი ერთი აქვთ აქაურს და იმათ სიმღერებს. ან თუნდა აზიის სხვა ერი აიღეთ, — განა აქაური სიმღერები ჰგვანან რომელისამე ერის სიმღერას აზიაში?
არ ვიცით, თეორია ამაზედ რას იტყვის, ხოლო რამოდენადაც ეს სხვადასხვაობა გასარჩევია ყურისათვის, იმოდენად მართალი ვიქნებით ვსთქვათ, რომ აზიის არა რომელისამე ერის სიმღერას არა ჰგავს აქაური ბანით სათქმელი სიმღერა. აქ საკუთარი, თვითნაჩენი, თვითმყოფი სიმღერა აქვს და ამ მხრით მუსიკის მცოდნე კაცთა თვალში ქართული სიმღერები სრულს ახალს ამბავს უნდა წარმოადგენდეს მუსიკის ისტორიისა და თეორიისათვის. არიან ჩვენში მუსიკის მცოდნე უცხო ქვეყნის ორიოდე კაცნი, რომელნიც ამ მხრით დაჰკვირვებიან ჩვენს სიმღერებს, ჰსცდილან მისი ვითარება, თვისება, ხასიათი ზედმიწევნით და ღრმად ემცნოთ და იმათაც ფიქრად მოსდით იგივე, რაც ჩვენა ვსთქვით ქართულის სიმღერების თვითნაჩენობასა და თვითმყოფობაზედ. ესენი მეტად შორს არიან იმ უმადურობაზედ, თუ გნებავთ — სიბრიყვეზედაც, რომელიც ასე კადნიერად უარჰყოფს მუსიკობას ჩვენის სიმღერებისას და ამბობს, რაღაც ველურის, ნადირ-კაცის ბღავილიაო და არა იგი მწყობრი ხმატკბილი გალობა, რომელიც კაცს ესიამოვნებაო.
ის მუსიკის მცოდნე კაცნი, რომელნიც დღეს მიუზიდნია ქართულის სიმღერების სიკეთეს და სიტკბოებას, ბევრს ღირსებას ჰპოულობენ და ბევრსაც მეცადინეობენ გადაიღონ ნოტებზედ საყოველთაო საცნობელად. ამ მხრით თვითონ ჩვენი ყმაწვილი კაცებიც ჰშრომობენ და აი ამ შრომის ნაყოფი დიდი სიამოვნებით გავიგონეთ ჩვენის ყურით შაბათს, 15-ს ნოემბერს. ქართულმა ხორომ, თუ არ ვცდებით, ოცი, ოცდაათი კაცი იქნებოდა, ბ-ნ რატილის ლოტბარობით იგალობა თეატრში თერთმეტამდე სხვათა შორის ქართული საერო სიმღერები, ნოტებზედ გადაღებული. ხალხი საკმაოდ ბლომად დაესწრო და სიამოვნებით კი არა,აღტაცებით დაჰხვდა და მიეგება ამ ახალს და სასიამოვნო ამბავს. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველა ქართული ხმები კარგად იყო გადაღებული, მაგრამ მაინც კიდევ ჩვენ მიერ ქება და დიდება ეკუთვნით ამ საქმის დამწყებთა. იგი ნაკლულევანება, რომელიც ყოველს ახალს საქმეს აუცილებლად მოსდევს ხოლმე, და რომელიც აქ ვახსენეთ, უკეთესის სურვილით მოგვივიდა და რა წუნის დასადებად. ამისთანა საქმეში თვითონ წუნიც კი უნდა ჰმდუმარებდეს, იმიტომ რომ თვითონ საქმე ქველმოქმედებაა თავით თვისით. სწორედ ამ გრძნობითაც დაჰხვდა ჩვენი საზოგადოება ამ მშვენიერს საქმეს და ამ გრძნობითვე გამოვიდა თეატრიდამ. დიდი მადლობა გვმართებს ბ-ნ აღნიაშვილისა, რომელმაც ეს მართლა სახელოვანი საქმე იკისრა, შეჰყარა ხორო, გაგვიმართა ქართული კონცერტი და დაგვატკბო იმ მივიწყებულის ხმებით, რომლითაც მღეროდნენ ჩვენი წინაპარნი და რომელსაც ისეთის აღტაცებით ისმენდა იმ ღამეს თეატრში შეყრილი საზოგადოება... არანაკლებ მადლობის ღირსია ბ-ნი რატილი, ეგ უცხო კაცი, რომელმაც მოამზადა და გასწურთნა იგი ხორო. მადლობელმა საზოგადოებამ იქავ თეატრში მოაგროვა ფული და საჩუქარი მიართვა ბ-ნს რატილს. ძახილს და ტაშის ცემას ბოლო არა ჰქონდა. სასურველია, რომ ამ დიდად სასიამოვნო საქმემ ხშირად გვასიამოვნოს ხოლმე ისე, როგორც შაბათს საღამოს გვასიამოვნა.
ნუთუ კარგი არ იქნებოდა, რომ ჩვენმა დრამატიულმა დასმა ეს ახალი საქმე, ხოროთი გალობა ქართულის ხმებისა, ზედ გადააბას წარმოდგენებსა! ეს აზრი და სურვილი ბევრმა გამოსთქვა თვით თეატრშივე და ჩვენც სხვასთან ერთად გვგონია, რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს შეავსებს და ერთმანეთს უშველის, ამრავალფეროს სიამოვნება და, მაშასადამე, თეატრში მოსიარულე საზოგადოებაც ამრავლოს და ბლომად მოიწვიოს. ეს გაერთება ორის ერთგვარად სასურველ და სანატრელ სიამოვნებისა ერთსაც ახეირებს და მეორესაც, როცა ორივე და-ძმურად ერთად მოწვეულ იქნებიან ჩვენდა გასართობად.