სამეგრელოს მთავრის კანდიდატობა ბოლგარეთში
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 2 min read
ტფილისი, 17 დეკემბერი, 1886 წელი
ბოლგარიას მთავრად დღეს ორი კანდიდატია. ერთი თავადი ნიკოლოოზ მეგრელიისა და მეორე პრინცი კობურგ-გოთისა. თავადი მეგრელიის ჰსურს რუსეთსა, და სულთანმა ოსმალეთისამ რაკი შეიტყო, რომ რუსეთის სურვილი ეს არისო, მაშინვე ინგლისისა და ავსტრო-ვენგრიის სამწუხაროდ მიემხრო ამ სურვილს და ოფიციალურად გამოაცხადა თავადის მეგრელიის კანდიდატობა. ესეთი განზრახვა თვისი აცნობა ყველა სახელმწიფოებს და თან მოიხსენია, რომ იმედი მაქვს ყველა სახელმწიფო თავის მომხრეობას არ მოაკლებს ამ კანდიდატობასა, მით უფრო, რომ თვით რუსეთსა ჰსურსო. გარდა ამისა, თვით ბოლგარიის რეგენტობას წარუდგინა თავადი მეგრელიისა, ვით ოფიციალურად მიღებული კანდიდატი ოსმალეთისა. დღეს თავად მეგრელიის კანდიდატობას მიმხრობია თვით გერმანიაცა და ბოლგარიის რეგენტთა დეპუტაციისათვის ბერლინში პირდაპირ ურჩევიათ, სხვა გზა არა გაქვთ, უნდა რუსეთს აამოთ და თავადი მეგრელიისა ამოირჩიოთ ბოლგარიის მთავრადაო. ამ სახით, დღეს ყველასათვის ცხადია, რომ თავად მეგრელიის კანდიდატობას მხარს აძლევენ რუსეთი, გერმანია და ოსმალეთი. ამავე დროს ავსტრო-ვენგრიამ წამოაყენა თავისი კანდიდატი პრინცი კობურგისა, თავისის ჯარის პორუჩიკი, და თუმცა ჰფიცულობს, რომ ამის კანდიდატობა თავში პირველად მე არ მომსვლია და თვით ბოლგარიის დეპუტაციამ, ჩემდა დაუკითხავად და ჩემდა უცნობელად, თითონა სთხოვა პრინცს — ბოლგარიის მთავრის გვირგვინი მიეღო, მაგრამ ეხლა პრინცი კობურგისა ავსტრო-ვენგრიის და ინგლისის კანდიდატად არის აღიარებული.
ძნელი საფიქრებელია, რომ პრინც კობურგის კანდიდატობა გაიყვანონ, თუნდა იტალიაც მიიყენონ. ნიშნები და საბუთებია ვიფიქროთ, რომ ამ ბოლოს ხანებში გერმანია მეტად მოუტკბა რუსეთსა. თუ ეს ესრეა და ისიც ვიცით, რომ რუსეთმა უკვე მტკიცედ წარმოსთქვა თვისი უარი პრინც კობურგის კანდიდატობაზედ და ეს პრინცი არც ოსმალეთსა ჰსურს, მაშინ უეჭველია ამ კანდიდატობამ ჩაილულის წყალი უნდა დალიოს. ამბობენ, პრინც კობურგის კანდიდატობას... და სულთანმა თავადი მეგრელიისა ოფიციალურად გამოაცხადა თავის კანდიდატად, როგორც რუსეთის მიერ მოწონებული, და მოწადინებული ბოლგარია დღეს ისეთს მდგომარეობაშია, ნამეტნავად მისი რეგენტობა, რომ სულთანის წყენას არ შეიძლება არ მოერიდნენ. სულთანი ოსმალეთისა ჯერ კიდევ ბოლგარიის მბრძანებელად და ბატონად ითვლება და ამიტომაც მასზედ ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ მხრით ბოლგარია ეცდება ოსმალეთთან მაინც საქმე არ წაიხდინოს, როგორც წაიხდინეს რუსეთთან, და ესეთი ძლიერი და გავლენიანი სახელმწიფო შემოიწყრომეს.
პრინც კობურგ-გოთის კანდიდატობას ერთი სხვა მიზეზიც ამოსჩენია თითონ ბოლგარიის კონსტიტუციაში. პრინცი კობურგისა კათოლიკეთა სარწმუნოებისაა, მაშინ, როდესაც თითონ ბოლგარია მართლმადიდებელის სარწმუნოებას აღიარებს. 1879 წლის ტირნოვის კონსტიტუცია ამბობს, რომ ბოლგარიის მთავარი და მისნი შემდგომნი სხვა რჯულისა ვერ იქნებიან თუ არ მართლმადიდებელისანი (38 მუხლი, თავი IX). მარტო პირველი მთავარი, ბოლგარიის სამთავრო ტახტისათვის ამორჩეული, თუ სხვა სარწმუნოებისაა, შესაძლოა იმავ სარწმუნოებაზედ დაჰრჩეს. პრინცი კობურგისა, ვითარცა კათოლიკე, ესე იგი სხვა რჯულის მექონი, არ შეიძლება ამორჩეულ იქმნას, თუ რჯულს არ გამოიცვლის და მართლმადიდებლობას არ მიიღებსო. ამ შემთხვევაში ჯერ არ უნდა იგი მუხლი კონსტიტუციისა გაუქმდეს თავისის კანონიერის გზითა, ან პრინცი კობურგისა თავის სარწმუნოებას უნდა გადუდგესო. რამდენად მოსახერხებელია და შესაძლებელი ან ერთი, ან მეორე, მაგას დრო გამოაჩენს. ხოლო ეს კი ვიცით, რომ ამისთანა საბუთი ბევრრიგად დაჰხლართავს პრინც კობურგის კანდიდატობის საქმეს და უამისოდაც გაჭიანურებული საქმე ბოლგარიის მთავრის ამორჩევისა უფრო გაჭიანურდება; თავადი მეგრელიისა, სხვათა შორის, იმითაც არის წინ პრინც კობურგზედ ამ შემთხვევაში, რომ მართლმადიდებელია და მის მთავრად ამორჩევას ეს მიზეზი წინ ვერ გადაეღობება.

