top of page

შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 4 min read

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ თვითოეულის სახელმწიფოს საკუთარი მუგუზალი უკეთია. არ არის ევროპაში დიპლომატი, რომ ამ თვალით არ უყურებდეს აღმოსავლეთის საქმესა და კერაზედ ცეცხლს ამ ანგარიშით არ ინახავდეს. ვერა ეშველა რა ევროპას, ვერ მოუღო ბოლო მაგ საქმეს და ამით ვერ წაშალა დედამიწის ზურგზედ მიზეზი, რომლის წყალობითაც მარჯვე დიპლომატი ევროპის საქმეს დომხალსავით აურევს ხოლმე, როცა კი საკუთარი ინტერესი მისის სახელმწიფოსი ამას მოითხოვს.


თუმცა ეგ საქმე ერთობ ძალიან რთულია, ძალიან გადაკვანძულია და თვითოეულის სახელმწიფოს თოკის წვერი იმ კვანძშია მოქცეული, მაგრამ მაინც ისეთი არ არის, რომ იმ კვანძის სამართლიანად გახსნა ევროპისათვის შეუძლებელი იყოს. თუ დაბრკოლდება ეგ საქმე, თვითონ საქმის ბრალი იმოდენად არ არის, რამდენადაც იმისი, რომ ზოგისათვის ესეთი ყოფა აღმოსავლეთის საქმისა მეტად სახეიროა და სხვაფრივად გამოსაყენი. მებადური ბადეს არ ესვრის ხოლმე, თუ წყალი მღვრიე არ არის. აღმოსავლეთის საქმე იმისთანა რამ არის, რომ, როცა გინდათ, ევროპის საპოლიტიკო მდინარეობას მისი მეოხებით აამღვრევთ. საკმაოა ოდნავ ხელი შეახოს კაცმა ერთ-ერთს მუგუზალს,რომელიც მაგ საქმეს უკეთია, და ათასი ხარბი თვალი, ათასი გაუმაძღარი გული აილურსება, ყალხზე დადგება და ისე აირევ-დაირევიან, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს.


ყველა სახელმწიფოს თავისი საკუთარი შინაური ტკივილი აქვს. როცა რომელსამე გასამკლავებლად მომზადებულს სახელმწიფოს ის ტკივილი გაუმწვავდება, მაშინვე აღმოსავლეთის საქმეს თვალს გადაავლებს ხოლმე: მოდიო, ამბობს, ერთი ეს საქმე ავფუშო, ამით სხვები ერთმანეთს მიუსივოო; ის სხვები ერთმანეთში გაებმიან, ჩემთვის აღარ მოიცლიან და ამ გზით იქნება ბურთი და მოედანი ჩემის წადილისა მე გავისაკუთროო და ჩემს ტკივილს წამალი რამ დავდოო.


გაძლიერებულს პრუსიას ჯერ ვერ შეუგროვებია თავის სკიპტრას ქვეშ ყველა ნემეცები,რომელთაგანიც ზოგნი ავსტრიასა ჰყავს, ზოგნი რუსეთსა; იტალიას - იტალიელები, რომელთაგანიც ზოგნი ავსტრიასა ჰყავს, ზოგნი - თუმცა კი ძალიან ბევრი არა - საფრანგეთსა. საფრანგეთს გული ასკდება ელზას-ლოტარინგიაზედ, რომელიც პრუსიამ ძალად ჩამოართვა, - და ცოტაოდენადაც თვალი უჭირავს ბელგიაზედ. ავსტრია ცდილობს ნემეცები ხელიდამ არ გამოაცალოს პრუსიამ, და თუ გამოაცალოს, სამაგიეროდ სლავიანებში მაინც ფეხი მოაკიდებინოს. რუსეთს ჯერ კიდევ ვერ დაუბინავებია სლავიანები ისე, როგორც მისი საპოლიტიკო საჭიროება მოითხოვს და ალმაცერად თვალს ადევნებს ავსტრიასა, რომელიც როგორღაც ფეხაკრეფით და ქურდულად სლავიანებისაკენ მიიპარება. ინგლისი კიდევ იმის ცდაშია, რომ თავისი, თითქმის მაცხოვრებელი, ინდოეთი შიშ-გარეთ ამყოფოს, ერთის მხრით რუსეთი ინდოეთის საზღვრებზედ ახლო არ მიუშვას და მეორეს მხრით ევროპამ ინდოეთისაკენ გზა არ გაიხსნას ეგვიპტით.


სხვა სახელმწიფოები სათვალავში მოსატანნი არ არიან, რადგანაც ევროპის საპოლიტიკო საქმეებს ეს უმთავრესნი სახელმწიფონი ატრიალებენ. გარეთ თვითოეულნი სახელმწიფონი ესე არიან ერთმანეთზედ გადაბმულნი და გადახვანჭილნი.


როცა ერთ-ერთს სახელმწიფოს მისი საკუთარი ტკივილი, დროთა ვითარებით, ძალიან მოაწვება გულზედ, მეტი რა გზაა, ხელი უნდა გაიქნიოს. ტკივილი, როგორც უკვე მოგახსენეთ, თვითოეულს მათგანს იმისთანა თვისებისა აქვს, რომ სამკურნალოდ კაცი ისე ვერ მიუდგება, თუ სხვასაც არა ატკინა-რა, და აბა ამ ყოფაში ერთიმეორეს ხელს რად გააქნევინებს, თუ კი მოცლილი იქნება. მაშინ, რა თქმა უნდა, სხვებს იმისთანა საქმე უნდა აუჩინოთ, რომ თავიდამ ფეხამდის შიგ გაებას და თქვენთვის აღარ მოიცალოს. იმისთანა საქმე - აღმოსავლეთის საქმეა. არ არის ევროპაში თვალსაჩინო სახელმწიფო, რომ აღმოსავლეთის საქმეში თავის საკუთარი წილი არ ეგულებოდეს. ერთმა ვინმემ კი გაიწოდოს ხელი და, როგორც ბუზები თაფლს, ისე მიესევიან სხვანიც ყველანი.


ამ აღმოსავლეთის საქმეს კაცი რომ დააკვირდეს დღეს და ევროპის დღევანდელს პოლიტიკას კვალში ჩაუდგეს, არ შეიძლება ტირილის სუნი არ მიედინოს. ერთი ვინმე კი უნდა ატირდეს და გაიჭყლიტოს შუაში!.. ვინ იქნება ის უბედური, ის უნდა ეკითხოს ბატონს ბისმარკს, რომელსაც «რკინის კაცს» ეძახიან.


ეხლანდელის პოლიტიკის მავთულები ხელთ უპყრია ამ რკინის კაცსა. ბისმარკი სწორედ რაღაცას ცუღლუტობს, რაღაცას ამზადებს და რიღასთვისაც ემზადება. ავსტრიას უფრო ღრმად შეატოპინა სლავიანების საქმეში. ბისმარკის წაქეზებით და მიდგომით ავსტრიამ თითქმის ხელთ იგდო სერბია და ყურმოჭრილსავით თან აიყოლია. რაკი ბოსნია და ჰერცოგოვინა დაიჭირა ავსტრიამ ისევ ბისმარკის წყალობითა, ჩერნოგორიასაც ხელ-ფეხი შეეკრა ასე, რომ უავსტრიოდ ხმასაც ვერ ამოიღებს. ეს ერთი ძლიერი თარეში ბისმარკისა, აღმოსავლეთის საქმის მოედანზედ გაშვებული. მეორეს მხრით ბისმარკმა ოსმალოს მეტად ტკბილი ლაპარაკი გაუმართა, და როგორც ჭორად ამბობენ გაზეთები, - ჩუმად დაჰპირდა კიდეც თურმე, რომ რუსეთისაგან ახლად წართმეულს ქვეყნებს ისევ უკან დაგიბრუნებო, ოღონდ ჩემს ნებაზედ იარეო. რაც დიდი და გამოსარჩენი ადგილებია ოსმალოს მთავრობაში, სულ იმისთანა კაცებმა დაიჭირეს, ვინც ბისმარკის პოლიტიკის მომხრენი არიან. თითონ სულთანი ყოველ ამით ისეთს ქეიფზედ მოვიდა, რომ გერმანიის იმპერატორს მიართვა ნიშანი - იმტიაზი, თავისის საკუთარის შინაკაცის ხელით, რომელიც დიდი მეგობარია ნემეცების დიპლომატებისა. რადგანაც ბოსნიისა და ჰერცოგოვინის გამო ოსმალო ავსტრიას ძალიან ემდუროდა, და რადგანაც ამათი ერთად ყოფნა ბისმარკის განზრახვისათვის მეტად საჭიროა, ბისმარკმა ისე მოახერხა, რომ ეხლა ოსმალეთი მარტო იმის ცდაშია, როგორმე ავსტრიას ვასიამოვნოო.


ბისმარკი, რასაკვირველია, ამაზედ არ გაჩერდა. ზურგთ უკან საფრანგეთი ჰყავს, რომელიც მარტო დროსა და ჟამს უყურებს, რომ ბურთი და მოედანი ხელში ჩაიგდოს და ელზას-ლოტარინგიის გამო პრუსიას აწი-ოწო აძახებინოს. ჩვენა გვგონია, რომ თუ გაუჭირდა ბისმარკს, იქნება ელზას-ლოტარინგიაც კი დაუთმოს საფრანგეთსა, ოღონდ შენ სუო. ნუ დაივიწყებთ, რომ ერთგან სადღაც გამბეტას წამოსცდა, რომ ელზას- ლოტარინგია შეიძლება უსისხლოდაც დაგვიბრუნდესო. არვინ იცის, რა გამოვა რისაგან. მაგრამ, ჯერ მინამ საქმე აქამდის მივა, საფრანგეთსაც საქმე აუჩინა ბისმარკმა: შეატოპინა ტუნისის საქმეში და იქ გააბა. ერთი სროლით ორი კურდღელი მოჰკლა. ერთი რომ თვითონ საფრანგეთი სულ სხვა საქმეს გადაჰკიდა, მეორე რომ იტალია, რომელიც ყოველთვის თანამგრძნობი და გულშემატკივარი ყოფილა საფრანგეთისა, საფრანგეთს ტუნისის გამო მოამდურა. თითონ ინგლისსაც, რომელიც ყოველთვის ალმაცერად უყურებს ბისმარკის პოლიტიკასა, ყურები ააცქვეტინა საფრანგეთზედ ეგვიპტის გამო. რომ ყოველს შემთხვევას წინ გადაეღობოს და არამც და არამც საფრანგეთი და ინგლისი ერთმანეთს არ შეახვედროს მეგობრად, ბისმარკმა, გაზეთების სიტყვით, თავისი შვილი გაგზავნა ლონდონში და დააბარა, ოღონდ თქვენ თქვენთვის იყავითო და მე საქმეს ისე მოგიხერხებთ, რომ ეგვიპტეში მარტო თქვენ დაგრჩეთ პოლიტიკის მოედანიო. ინგლისის გარეშე საქმეთა მინისტრმა გრანვილმა შეუთვალა, უკაცრაოდ, ვერ მოგართვითო. ეს პასუხი მით უფრო გულსატკენი იყო ბისმარკისათვის, რომ საფრანგეთმა და ინგლისმა ერთმანეთთან მოილაპარაკეს ეგვიპტის თაობაზედ და ერთმანეთთან მეგობრულად მორიგდნენ.


ბისმარკი მაინც არ დაწყნარდა. თუ ინგლისი და საფრანგეთი ერთმანეთს ვერ გადაჰკიდა, მესამე მშველელი მაინც ჩამოვაცალოო, იფიქრა. საგულისხმო მშველელი საფრანგეთისა, ინგლისის გარდა, იტალიაა. იქნება ტუნისის საქმე იმოდენად არ იწყინოს იტალიამა საფრანგეთისაგანაო, რომ გაჭირვების დროს გადუდგესო, და მოდი იტალიას შინვე იმისთანა საქმე აუჩინოო, რომ არამცთუ სხვის საშველად მოიცალოს, თავის საქმესაც ძლივს გაუძღვესო. იტალიის მძიმე და მეტად ძნელი შინაური საქმე პაპის დაუძინებელი მტრობაა, და აი ბისმარკმა პაპს დაუწყო ლაქუცი და წაქეზება. პაპის უფლება იტალიაში ჯერ კიდევ იმისთანა ძალაა, რომ ორის თვალითვე ყურება უნდა და ყოველის ღონით გაფრთხილება. ამ ორიოდე წლის წინათ ბისმარკი თავისებურად გაემკლავა პაპს და მის სამღვდელოებას გერმანიაში და ფრთები ძლიერ შეაკვეცა, თუმცა კი დიდი ვაი-ვაგლახი გამოიარა. დღეს ბისმარკმა უეცრად შესცვალა თავისი პოლიტიკა, პაპს და მის სამღვდელოებას თითქმის ისევ უკან დაუბრუნა, რაცა მას წინათ დიდის ამბით და ყოფით ჩამოართვა, და ამით პაპი ისევ მხარში ამოიყენა. ეს ამბავი საფრანგეთის კათოლიკე სამღვდელოებასაც ფეხზედ წამოაყენებს და საფრანგეთის რესპუბლიკას შინვე საქმეს აუქოთებს, რადგანაც იქაური სამღვდელოება არა ჰსწყალობს რესპუბლიკასა და იმის ცდაშია, რომ ორმო გაუთხაროს როგორმე. ამასთან ძალაც შესწევთ ქადილისა. სამღვდელოება და მისი მომხრენი საფრანგეთში მაინც კიდევ ძლიერნი არიან, თუმცა რესპუბლიკამ კრიჭა ძალიან შეუკრა.


ესეთი ქსელია დღეს გაბმული ევროპაში ბისმარკის ოსტატობითა. სად არის ის წვრილი, რომელიც უნდა გაწყდეს, ადვილად მისახვედრია, თუმცა ბუნდად ნათქვამი კია ამ წერილში. ტყვია-წამლის სუნი ჰაერში ტრიალებს. ვინ იცის? იქნება ბევრი ხანიც არ გავიდეს და ჯეზიერმა დაიჭექოს კიდეც. ამ ამბების მაყურებელისათვის გასაკვირველი არა არის-რა.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვის მაგიერი

1881 წელი, იანვარი ეს — შარშან ახალი, და წელს ძველი წელიწადიც - ჩაჰბარდა პატრონს. რა იმედებით ვიყავით აღვსილნი, როცა ამ ძველმა წელიწადმა...

 
 
bottom of page