უარმყოფელობა ჩვენში
- nino otiashvili
- Jan 8, 2024
- 7 min read
(1888 წელი)
I
ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივ-დაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენა- გრძნობანი ზენა-გრძნობათა ადგილას გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა თავანკარად. თითქო ჭკუისა და გულის აღებ- მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა.
ყველანი ვხედავთ ამას, ყველას თვალ-წინ ათასი ამისი მაგალითი გვიდგა და ყველანი ვიშვნევთ და ვიწყნარებთ ამისათანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი რიგი ურთიერთობისა არ ირღვეოდეს, თითქო ამ არევ-დარევაში, ამ გაურჩევლობაში ვპოულობდეთ მაგარ ტვინს, რომელზედაც უნდა აშენდეს ჩვენის ბედნიერების ციხე-სიმაგრე, თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა შეაჩნდათ, და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვას-ღა მივენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალმა ვერ შეძლეს.
ამ უნუგეშო ყოფას ხშირად ჩავუფიქრებივართ ჩვენ და ხშირად მოგვწყურებია გამორკვევა მიზეზისა, უფრო იმიტომ, რომ ეს არევ-დარევა აზრებისა, ეს გაურჩევლობა ტყუილისა და მართლისა, ბოროტისა და კეთილისა, არსად სხვაგან ისეთის თავმომწონებით არ გათამამებულა, არ გაკადნიერებულა, როგორც ჩვენში. ეს ადვილი მისახვედრიც არის: სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით-კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში. საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღეს-აქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონ-დაუწონველად. ჩვენში, გაიგებენ თუ არა ალია მომკვდარაო, იმას აღარ დაეძებენ, მართლა მომკვდარა თუ არა, და თუ მომკვდარა, რომელი ალიაა. საკმაოა მხოლოდ ყური მოჰკრან ჰოსა თუ არას, და გათავდა საქმე, ყოველს სასაცილობას წამოიყრანტალებენ, გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა, ახალი მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა.
ამის მაგალითებს ბევრი ძებნა არ უნდა. კაცი,მაგალითებრ, მოგითხრობთ, რომ საქართველოს სამი ათასი წელიწადი უცხოვრია და ამ სამი ათას წელიწადში არც ხელი გაუნძრევია, არც ჭკუა და გონება უმოქმედებია, არც გული და გრძნობა გამოუჩენიაო, არც წესი და რიგი ცხოვრებისა გამოურკვევია, არც არაფრის ცოდნა და გაგება ჰქონია, ერთის სიტყვით, ისტორია არა ჰქონიაო. ეუბნებით, თუ ყოველი ეს მართალია, მაშ როგორ-ღა გაუძლია საქართველოს დღემდე, რას შეუნახავს ამ სამი ათას წელიწადში და რატომ მტვრად არა ქცეულა ამოდენა მტრებ შორის მოქცეული? ეჰ, თქვენ რა იცითო? გიპასუხებთ: თქვენ ჰოს მთქმელები ხართ და მე უარმყოფელიო, თქვენ ძველს მოძღვრებას მისდევთ და მე ახალსაო. გამოდის მეორე და იძახის: შექსპირი რა კაცია, ერთხელ ერთს ვიღაცა სულელს წამოურახუნებია - დიდი მწერალიაო, და თქვენც, არა-ნაკლებ სულელებს, გჯერათო. აბა რა მწერალია, რომ იმდენი რაღაცები დაუწერია და აბა თუ ერთგან ნახსენები ჰქონდეს Рабочий вопрос -იო. გამოდის მესამე და იძახის: ჩვენი მწერლები სულ მუხანათები და ქვეყნის მოღალატენი იყვნენო, რადგანაც ბატონ-ყმობის სიმწარეზედ ხმა არ ამოუღიათო. ეუბნები:
კაცო, ეგ რა ადლი დაგიჭერია ხელში? არისტოტელი არამც-თუ სწუნობდა დღეს
სამართლიანად გაკიცხულსა და მოსპობილს ბატონ-ყმობას, არამედ იგი უფრო უარესის მონობის მომხრეც იყო, და აქედამ განა მართლა ის გამოდის, რომ არისტოტელი სულელი იყო და ქვეყნის მუხანათი? ეგრე ხელაღებით უარყოფა გაგონილა! მაშ ჰომეროსიც მჩვარში გასახვევია, რომ ბატონ-ყმობა არ უხსენებია თავის ილიადაში? მაშ დარვინიც ქვეყნის მოღალატეა და ჭკუის-გლახა, რომ თავის სახელოვან თხზულებაში ერთი სიტყვაც არ დაუხარჯავს ბატონ-ყმობის თაობაზედ?
გამოდის მეოთხე, სულ სხვა ჯურისა და მოდგმის კაცი, და იძახის: თქვენ, ქართველები, ვინა ხართო? გუშინ ჩამოთრეულხართ საიდღამაც მთებიდამ და დიდად თავი მოგაქვთ - ძველი მკვიდრნი ვართ საქართველოსიო. თუ დასაბუთებულს სიტყვას შებრუნებთ, ის მაინც თავისას არ იშლის და გეუბნებათ: თქვენ თქვენს თავის-მოყვარეობას მთლად გაუტაცნიხართ და მართლ-მოყვარეობა დაგკარგვიათო. თქვენს თვალში მართალს თავისი ფასი არა აქვს, თუ თქვენთვის სასიამოვნო არ არისო. მართალი-კია, რაცა სთქვით? - ეკითხებით დაჟინებულს უარმყოფელს. მე-კი უარვყოფ და მართალია თუ არა, ეგ ჩემი საქმე
არ არისო. მაგისათვის თავი შენ გაიცხელე, თუ გესიამოვნებაო. გამოდის აქაც იგივ ქებული უარყოფა, ხოლო სხვა სარჩულზედ ამობლანდული. ეს უკანასკნელი სხვა ჯურის უარყოფაა და სხვა სათავიდამ მოდის. ამას ყური არ ეთხოვება. სულ სხვაა ჩვენი შინაური უარმყოფელობა. იგი რაღაც სიბრძნესა, ცოდნასა და ლიბერალობას ჩემულობს და თუ გამვლელ-გამომვლელი თავს არ უკრავს და მუხლს არ უყრის, ყველანი სულელები ჰგონია, უცოდინარი და რეტროგრადი. ამის მსმენელს ბალღებსაც სჯერათ ეს ყველაფერი და ვნებაც აქ არის.
აკი მოგახსენებთ, ჩვენში იმისთანები არიან, რომ სახელად მიაჩნიათ გამოვიდნენ და იყვირონ- დღისით დღე არ არის და ღამით ღამეო. თითქოს მარტო იმისთვის, რომ ბალღებს მოაწონონ თავი და ტაშის ცემით ათქმევინონ: აი, უარმყოფელი და, მაშასადამე, ბრძენი, მცოდნე და ლიბერალი. თორემ გონებაში ჩავარდნილი კაცი ამ უარმყოფელს საგიჟეთში ამოუყოფდა თავსა. ამ უარმყოფელს რომ უთხრა: კაცო,რას ჰროშავ! როგორ თუ დღისით დღე არ არის და ღამით ღამე, - გიპასუხებთ: შენ რა იცი, ხურმა რა ხილია! მე უარმყოფელის მიმართულებისა ვარ და ეს მიმართულება უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა და განა არ ვიცი, - შენს გაცვეთილსა და დაობებულს მიმართულებას ვერაფრად ეჭაშნიკებაო. ამასაც ხომ არ გაკმარებთ. რადგანაც ტაშს არ უკრავთ, წამების გვირგვინსაც
დაიწნავს ამ სასაცილო მჩვრისგან, დაიდგამს თავზედ, გამარჯვებულსავით დოინჯსაც შემოიყრის და თავმოწონებულად დაიწყებს სიარულს. ბალღები უცქერიან ამ ბერიკად მორთულს დონკიხოტსა და ქება-დიდებას მისძახიან: „აღა ბაღში მიბრძანდება, მიხედ- მოხედვის ჭირიმეო“. დონკიხოტსაც სჯერა ეს „მიხედ-მოხედვის ჭირიმე“ ბალღებისა და შუბლზედ ბუზსაც არ იფერენს.
ჩვენა გვსურს ამ სასაცილო მიმართულებაზედ მკითხველთა ყურადღება მივაქციოთ, ამ მოძღვრებას გზა-კვალი გავუსინჯოთ, მიზეზი ვუპოვოთ, თავისი მივუწყათ და ამ გზით, ჩვენის შეძლებისამებრ, ტყუილი მართლისაგან გავარჩიოთ, გამოვარკვიოთ. დროა ბალღების საცთუნალო სიტყვებს ფერუმარილი ჩამოვაცილო, პირისპირ გავუსწოროთ თვალი და ნათხოვარი ფრთები ჩამოვაკეცოთ. ეს შემდეგისთვის იყოს.
II
ჯერ ეს ვიკითხოთ - რა არის ბუნებითად ეგრეთ-წოდებული უარმყოგელობა? ამას
რომ გამოვარკვევთ, თავისთავად გამომზევდება, რა წითელი კოჭია თითონ უარმყოფელი მიმართულებაცა.
თითონ სიტყვა რო ასო-ასოდ გამოვწლათ, დავინახავთ, რომ უარმყოფელობა „არას“ თქმაა, ანუ, - მდაბიოდ რო მოგახსენოთ, ჩვეებურად, ქართულად, - ჰაშას კვრაა და სხვა არაფერი. არ ვიცით, იქნება ეს სიტყვა ჯეროვნად არ არის შედგენილი ქართულად ხოლო ეს- კი უეჭველია, რომ იგი თარგმნილია რუსულისაგან. რუსულად ამ უარყოფას, ანუ უარმყოფელობას, отрицание ჰქვიან. თითონ რუსულადაც, საიდამაც ნათხოვარსავით გადმოგვიღია ეს „отрицание“, ჰაშას კვრაა, თუ ამ სიტყვას ჰხმარობს რუსულ ლიტერატურაში, იმას ამ სიტყვის სარბიელი ვიწრო ფარგლითა აქვს შემოვლებული, რომ „არას თქმას“ არავინ „ჰაშას კვრა“ არ შესწამოს, რადგანაც, „ჰაშას კვრა“ მტყუანისა და სულელის ხელობაა და არა მართლისა და ჭკვათა-მყოფელისა.
ეს-გვარი უარმყოფელობა, რომელიც არსად მიღებული არ არის და მარტო რუსულს ლიტერატურას-კი როგორღაც აეკვიატა, ძველის-ძველი ამბავია, და სტყუან ისინი, ვინც ახალის სახელით ამ უარმყოფელობას ასაღებენ. მას აქეთ, რაც კაცთა ენამ „ჰო“ და „არა“ მოიგონა და სამეტყვოდ თვის სიტყვიერებაში შეიტანა მყოფობისა და არმყოფობის გასარჩევად, ეს უარმყოფელობა არის ქვეცნობიერობაზედ და იქნება კიდეც, ვიდრე კაცის გონება არ დასცხრება ჭეშმარიტების ძიებისგან. ხოლო ამ ძიებაში მარტო „არა“ კი არ მოქმედობს, „ჰო“-საც ისეთივე ღვაწლი მიუძღვის, როგორც „არასა“.
მთელი ისტორია კაცობრიობისა ყოველ-გვარს სფეროში, საცა-კი ადამიანს წარმატების ძლევამოსილობა მიუძღვის და არ მიუძღვის, სხვა არა არის-რა, გარდა გაუთავებეის ჭიდილისა „ჰოსა და არას“ შორის. ყოველივე ჭეშმარიტება, ყოველივე საქმე, რაც კაცობრიობას აღმოუჩენია კაცთა ცხოვრების გულის, გონების განსაკარგებლად, გასაძლიერებლად, წარსამატებლად, ამ ჰოსა და არას ჭიდილით მოუპოვებია. ჭეშმარიტების აღმოცენას, საქმეს ცხოვრების ასე თუ ისე გაწყობისასა და გარიგებისას, სხვა გზა არა აქვს ამ ერთად-ერთის გზის მეტი. რა საგანსაც, რა მოვლენასაც-კი, კაცთა ხელიდამ, თუ გონებიდამ გამოსულს, გულში ჩაჰხედავ, დაინახავთ, რომ ჰო-არაობის ჭიდილსა და ქარცეცხლშია გამოტარებული. მართალია, გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებასა, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა. ტყუილად-კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერის ბრძენისაგან, რომ ცდომისაკენ ათასი გზა მიდისო და ჭეშმარიტებისაკენ-კი მარტო ერთად- ერთიო. ეს ერთად-ერთი გზა ჰოსა და არას დაპირისპირებაა.
ამიტომაც, უარყოფა ცალკე, ჰოსთან არ-დაპირისპირებული, არ შეჭიდებული, ჭეშმარიტებისთვის სვის გატანაში სრულად უღონოა, როგორც ჰო, ამ შემთხვევაში ცალკედ უღლის მწეველი. შეჭიდება ჰოსი და არასი, მათი ერთმანეთთან დაპირისპირება და ამ გზით კვლევა მართლისა, კრიტიკაა. კრიტიკა ბუნებითად ისეთი რამ არის, რომ ერთსა და იმავე დროს, ერთისა და იმავე საგნის კვლევაში ჰოსაცა და არასაც ამოქმედებს მართლის გამოსარკვევად და გამოსაჩენად. იგი ნებას არ იძლევა, რომ ან ერთმა ან მეორემ ცალკე გაიწიოს და ცალ-კერძ სჭიმოს ჭაპანი ძიებისა და კვლევისა. როგორც ურემი სწორედ ვერ გაივლის, თუ ცალმხრივ გააწევინე ხარისა, ისეც ძიება და კვლევა ჭეშმარიტებისა, ცალ-კერძ ტარებული და განზიდული.
აი, ჩვენის ფიქრით, ჭეშმარიტი მნიშვნელობა უარმყოფელობისა და მისის არსებობის მიზეზი, საბუთი და ადგილი. ეგ ერთი მოჭიდავეა კრიტიკის მბრძანებლობის ქვეშ, ერთი ხელია, ხოლო უმეოროდ წარმოუდგენელი და სასაცილოდ ასაგდები. ცვენ ამაზედ შორსაც წავალთ: უარმყოფელობა, კრიტიკაზედ დამოუკიდებლად ცალკედ დაბინავებული კაცის გონებაში, დიდი სულელობაა. რა არის უარყოფა ცალკედ? ჰოს გაბათილებაა და მის სამაგიეროდ „არას“ გაჰოება, თუ ესე ითქმის. თუ ამ უარყოფას თავის-თავად შეუძიან რამ, ხომ ამ გაჰოებულს არასაც თავისი ქამანდი უნდა უგდოს და ტახტიდამ გადმოაბრძანოს, თუ ბოლომდე თავის საკუთარს წერას ჰსურს. რომ აჰყვეს და თავის-თავს არ უღალატოს, თავისთავივე უარი არა ჰყოს, არ გააბათილოს. ნუთუ ამისთანა წაგეჯ-უკუჯეგობა, მოძღვრებად გადაქცეული, მომცდარი ჭკუის სასაცილო ცუღლუტობა არ არის! თუნდ ამასაც თავი ვანებოთ: უარყოფა სხვა მხრითაც რაღაც ჭკვა-შეშლილის მასხარაობას მოგვაგონებს, იმიტომ რომ „ჰოც“ ისეთივე უარყოფაა „არასი“, როგორც „არა“ „ჰოსი“, და თუ სიმართლე, სიბრძნე და ლიბერალობა მარტო უარყოფაშია, „ჰოსაც“, ვით „არას“ უარმყოფელ, ისეთივე პატივი უნდა ჰქონდეს, როგორც „არას“, „ჰოს“ უარმყოფელს.
შორს რომ არ წავიდეთ, განა, მაგალითებრ, სქოლასტიკა უარმყოფელობა არ იყოგონების თავისუფლად მსჯელობისა? განა ეგრეთ-წოდებული „ეპოქა განახლებისა“ უარყოფა არ იყო სქოლასტიკისა? განა ერთსაცა და მეორესაც ერთსა და იმავე დროს თავისი ჰო და არა ჰქონდათ, რომლის სახელითაც სხვის ჰოს უარსა-ჰყოფდნენ! ორივე ერთმანეთის უარმყოფელნიიყვნენ და თუ ცარიელი უარყოფა სასახელოა და საპატივო,მაშ განახლების ეპოქის უარმყოფელი სქოლასტიკა ისეთივე სასახელოდ მისაჩნევი უნდა იყოს უარმყოფელთა მოძღვრებისთვის, როგორც განახლების ეპოქისაგან უარყოდა სქოლასტიკისა. უფრო ახლოდამ მოვიყვანთ მაგალითს. „Московские Ведомости“ დღეს უარყოფენ ყველა იმ სახელოვანს რეფორმებს, რომელიც მოახდინა განსვენებულმა, იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ, და მთელი დასი ლიბერალებისა რუსეთში ებრძვის „Московские Ведомости“-ს და და ყოველს მის „არას“ ერჩის „ჰოს“ თქმითა. ამ ჭიდილში უარყოფა რომ საშველად მიუშვას კაცმა, - აბა შენს მომხრეს დააძლევინე მოჭიდდავეო, არ ეცოდინება ვის მიეშველოს, რადგანაც „ჰოს“ მთქმელნიც ისეთივე უარმყოფელნიარიან „Московские Ведомости“-ს „არასი“, როგორც ეს უარმყოფელია ლიბერალთა დასის „ჰოსი“.
თუ ეს სულელი უარყოფა ამ სასაცილო ყოფაში ჩაიგდებს ხოლმე თავსა, როცა კრიტიკის მბრძანებლობიდამ გამოდის და ცალკე ჰბატონობს, მას რიღას მაქნისია, რომ ესე ებღაუჭებიან და მაგ კრიტიკის საბრძანებლიდამ გამოპარულს ყმასა კალთაზედ რაღას ეჭიდებიან, წადი და წაგვათრიე საომრადაო. ეს ხომ იმასაჰგავს, მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე წამიღეო. მართლა-და, - რა არის ეს ცალკე უარმყოფელობა, თუ არ „ჰაშას კვრა“ ყველგან და ყველაფერზედ! ეგ „ჰაშას კვრა“ დიდი ხანია შემოღებულია და ნაგეშიყველგან საერთოდ და ჩვენში ცალკედ. ერთს ქურდსა და ავაზაკსაც ვერა ჰნახავთ, რომ ამ „ჰაშას კვრაში“ გაოსტატებული არ იყოს. ნუთუ ესეთი ხელობა, ესეთი ოსტატობა მომასწავებელია სიბრძნისა, ლიბერალობისა და სხვა ამისთანა საქებურ სახელოვნებისა! ნუთუ ეს ჭეშმარიტების ძიება და კვლევაა და არა სოროსა და ხვრელის თხრა, რომ ტყული შეძვრეს და თავი შეიფაროს! გვიკვირს, უარმყოფელობა თავის-თავად, როგორც ერთი რამ ცალკე განსაკუთრებული მოძღვრება, - როგორ ჰბოგინობს ადამიანის საღს გონებაში და ან კაცის გონება როგორ იშვნევს და ჰკადრულობს ამ სასაცილობას. ეს ხომ ადამიანის ჭკუის გაუქმება და გაბათილებაა. ამ დუდგულას თოფით სვლას უარმყოფელ მიმართულებას ეძახიან და,წარმოიდგინეთ, არც-კი ჰთაკილობენ...
თუ ჩვენს შინაურ უარმყოფელებს ამის თქმით ისა ჰსურთ აუწყონ ქვეყანას, რომ „არას“ ჭეშმარიტების ძიებაში თავისი კუთვნილი ადგილი უნდა ეჭიროსო, როგორც თანასწორ მოპირისპირეს „ჰოსას“, მაშინ რაღა საჭირო იყო ახალის სახელის მოგონება, როცა უკვე მოგონილი სახელი უფრო უკეთ გვამცნევს საგანს და ყველგანაც მიღებულია, როგორც საგანის ზედგამოჭრილი სახელი. ეგ სახელი კრიტიკაა და იგი ერთსა და იმავე დროს „ჰო“- საცა და „არა“-საც ერთნაირადდა მუდგომელად ამოქმედებს და როგორც ტალსა და კვესსა ერთმანეთს ახვედრებს ჭეშმარიტების დასაკვესებლად. თუ უარმყოფელობის სახელ-ქვეშ კრიტიკა ეგულებათ, მაშინ მარტო ეს-ღა გვეთქმის ჩვენს შინაურ უარმყოფელობაზედ: ღმერთო, შეუნდე, რამეთუ არ იციან რას იქმან, და სწორედ შესანდობარნიცარიან, იმიტომ რომ არ-ცოდნა არ-ცოდვაა.
ტექსტის ციფრული ვერსია მოამზადა: ქეთევან კავილაძემ.
თბილისი, 1 აპრილი, 2020 წელი

