სანდალას წიგნის გამო
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 4 min read
1888 წელი
დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი ვალაპარაკეთ ჩვენი მეფელეტონე. გვეტყვიან: ღირდა კი ამდენი ლაპარაკი ამ უწმაწურ ნაწერზედაო? განა ორიოდე სიტყვით სასაცილოდ აგდება საკმარისი არ იყოო? სხვისა არ ვიცით და ჩვენ-კი ამ უსინიდისო, უგონო, უტვინო, და „მოღალატურს“ ნაწერს მარტო სასაცილოდ აგდება ვერ ვაკმარეთ. მაგისთანა კაცთა მოვლენა, როგორიც ბ-ნი სანდალაა თავისის ნაწერითა, დროთა ნიშანია და ავთა დროთაცა, დაგვიჯერეთ. რა უკადრისობა, რა ლანძღვა-თრევა, რა უწმაწურობა არ აკადრა ჩვენს საწყალს მამებს, ჩვენს მამა-პაპას, ჩვენს წარსულს, სასიქადულო-საისტორიო კაცებს, ჩვენს თავმოსაწონებელს ძველ თუ ახალს მწერლებს! ყველა ესენი მუხანათები, მოღალატენი იყვნენო, ავაზაკები, ქვეყნის, - უკაცრაოდ არ ვიყვნეთ, - მღლეტავნი და მძარცველნიო, უნამუსონი და ათასი ამისთანა.
ასე გაუპატიურებული, ასე შეგინებული, ასე უშვერად და ურცხვად ავადხსენებული ჯერ არავისაგან არ ყოფილან ჩვენნი წინაპარნი, ჩვენი წარსული, ჩვენი „წმიდათა-წმიდა“. ამ სახით, შეგვიგინა მთელი ერი, მთელი ქვეყანა, და ნეტავი ერთი იოტის ოდენა მაინც ლოღიკა, ცოდნა, გაგება ჰქონდეს ან მისი, რასაც ლანძღავს და ათრევს, ან მისი, რასაც უწმინდურის ხელით საქებრად ეპოტინება. მთელი წიგნი ერთი თავმოდგმული ჭუჭყია, ერთი რაღაც მურტალი ტალახია, ყოვლად უმეცრების, ყოვლად უვიცობის და უჭკუობის ფურთხით ურცხვად აზელილი. მოდით და აქ იცინეთ და მთელის გულისწყრომით ნუ აიმღვრევით, ნუ აფეთქდებით.
სხვა რომ არა იყოს-რა, მარტო ის იქონიეთ სახეში, რომ „გმობა“, - ეს სამარცხვინო და ყოვლად საზიზღარი ხელობა ფლიდობისა და დაბალსულობისა, - სათაკილოდ აღარ მიაჩნია, პირიქით.
ამით საქვეყნოდ, საჯაროდ თავსაც იწონებს ეს ვიღაც სანდალაა. რაკი ასეა, ეს სახუმარი ამბავი აღარ არის. საცა შესაძლებელია ამით კადნიერად თავის მოწონება, იქ კაცური კაცობა, ადამიანობა შეუძლებელი-ღაა, და ნუთუ დღეს ჩვენ ამ დღეში ვართ ჩაცვივნული!.. გვეტყვიან: ჯერ სანდალა რა არის, რომ იმისმა ნაწერმა კაცი ამ უკიდურესს სჯამდე მიიყვანოსო. მართალია, სანდალა, როგორც სჩანს მის ნაწერისაგან, არაფერზედ უფრო არაფერია, არარაზედ უფრო არარაა, მაგრამ საქმე თითონ სანდალა არ არის. საქმე იგი ცხოვრებაა,რომელიც შესაძლოდა ჰხდის იმისთანა კაცის გაჩენასა და მოვლენასა.
ნუ დაივიწყებთ, რომ სანდალა ასე უშვერად, ასე უმსგავსოდ უწმაწურობს, და ამასთან გლეხის შვილობის სახელით გამოდის და ჰქადულობს. ნუთუ ჩვენი პატიოსანი და ნამუსიანი გლეხობა იგი ხეა, რომელიც ამისთანა ხილს ისხამს! ვაი გლეხის შვილობავ, თუ შენს სისხლ- ხორცს ამისთანა კაცი უჩენია! ჩვენ არა გვჯერა ეს, და ღმერთმაც ნუ ჰქმნას. არავინ გლეხი, როგორც არავინ კაცი, ასეთის ლანძღვით და თრევით თავის მამა-პაპას საფლავიდამ არ ამოიღებს, ასე არ გააუპატიურებს თავისს დედ-მამის ხსენებას, ასე არ მოსთხრის და არ მოსვრის ყველაფერს, რაც კი „წმიდათა- წმიდას“ შეადგენს ადამიანისათვის. ვინც არ უნდა იყოს, გლეხი, თავადი, ერი თუ ბერი, ისტორია ყველას ღვაწლია, საერთოდ მთელის ერის ნამოქმედარია, და იგი მამა-პაპა, რომელსაც თავისი სახელი ისტორიაში ასე თუ ისე მოუქცევია, ყველას მამა-პაპაა საერთოდ და განუყოფელად, იმიტომ რომ საისტორიო კაცი ხორცია ხორცისაგან მთელის ერისა და ძვალი ძვლისაგან. ამიტომაც ისტორიაში მომქმედ მამა-პაპის ავად ხსენება გლეხის მამა-პაპის ავად ხსენებაც არის და ამას გლეხი, ვით შვილი ერთისა და იმავე ქვეყნისა, ერთისა და იმავე ერისა, თავის-დღეში არ იკადრებს, თუ სანდალასავით ღმერთ-გამწყრალი და თავში დაკრული არ იქნება: მართლა-და გლეხის სახელი და ერთობ ერი უნდა ჰგმოს კაცმა, რომ ამისთანა ურცხვობამდე მივიდეს.
ვაი გლეხის შვილობავ, რომ შენი პატიოსანი და ნამუსიანი სახელი სანდალას დაუჩემებია და ასე უსირცხვილოდ ჰლახავს, ათრევს, ასე პირგახეულად სვრის და თავის უწმინდურობით ატურტლიანებს. ღმერთმა ჰქმნას, რომ შენ ამისთანა კაცთან, რომელსაც - „გმობა“, მამა-პაპის ლანძღვა-თრევა სახელად მიაჩნია, არავითარი ურთიერთობა, არავითარი ნათესაობა სულითა და ხორცით არა გქონდეს არასოდეს. ბევრს რასმე მოკლებული ხარ, ბევრი რამ წართმეული გქონდა და მარტო ერთი პატიოსანი და ნამუსიანი სახელი-ღა შეგრჩა და ამასაც-კი მოესია ეს ვიღაც სანდალაა და გართმევს.
ნუ დაიჯერებთ, რომ მაგისთანა კაცი თქვენი „ძმა-ბიჭი“ იყოს. ვინც მგმობელია, ის ძმა- ბიჭობას ვერ გაგიწევთ. ის კაცი, რომელიც გლეხის-შვილობას იქადის და ამასთან სირცხვილის ალიმული არ ასდის, როცა ამბობს: მე გლეხის შვილი ვარ და ვგმობ ჩვენს წარსულსა, ჩვენს სახელსა, ჩვენს სახელოვან და დიდებულ კაცებსაო, — ამისთანა კაცი თქვენის სისხლისა და ხორცისა არ უნდა იყოს. იგი სხვა ჯიშისა და მოდგმის კაცია და ერიდენით. ვინ ამბობს, როგორც სხვას, ისეც სანდალას ვერავინ უკიჟინებს, ვერავინ გაჰკიცხავს, რატომ ჩვენი წარსული, ჩვენი მამა-პაპა, ჩვენი საისტორიო კაცნი, თუ მწერლები, არ მოგწონსო. ყველას ნება აქვს მოიწონოს, თუ დაიწუნოს რამ, რადგანაც კაცია და გუნება, მაგრამ ნებაც არის და ნებაც: დედ-მამას საფლავიდამ არავინ ამოიღებს ლანძღვითა და თრევითა, მამა-პაპას არავინ შეაგინებს, არავინ გააუპატიურებს, არავინ წაჰბილწავს, არავინა ჰგმობს, თუ არ მართლა სანდალასავით მგმობელი და ურცხვი.
იქნება, სანდალა მართლა გლეხის შვილიც იყოს, მაგრამ ვერაფერი შვილია, ტყუილად კი არ არის ნათქვამი: ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო. ეგ ავ-შვილობა სანდალას დაუთმეთ, სანდალას დაულოცეთ. თუ კარგია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, თქვენ-კი შორს მისგან! როგორც ჭირს ისე მოერიდენით, ამ მხრით იგი თქვენი ნატამალი არ არის, თქვენი სისხლ- ხორცი არ არის. თითონვე ამბობს, მინდოდა და ამ წუთისოფლისა ვერა გავიგე-რა, ვერა ვიცანი-რაო. თითონ თავის ნაწერითაც ამტკიცებს, რომ მართლა ვერა გაუგია-რა, ვერა უცვნია-რა და რაღას უნდა გამოელოდეთ ამისთანა კაცისაგან! რა ჭკუა უნდა გასწავლოთ ყოვლად გაუგებარმა, ყოვლად უვიცარმა, რომელსაც ყოველ არარაობასთან ის - „ცარიელის ქვევრის“ უნარიც არა აქვს, რომ ჩაძახილი სწორედ ამოიძახოს, თავისაგანვე ხმარებული სიტყვა თითონვე გაიგოს, რას ჰნიშნავს და რას არა.
სანდალა ერთს ადგილას ამბობს, რომ „მე უნდა შემეძინა ისეთი სწავლანი და ცოდნანი, რაც უფრო გამოსადექი იქნებოდა, როგორც ჩემთვის, ისევე ჩემი ფერის ქუჩის მუშა ძმა- ბიჭებისათვისაო“, და აი სწავლა და ცოდნა გმობისა, ურცხვობისა, დედ-მამის საფლავებიდამ ამოღებისა, ლანძღვა-თრევისა, უჭკუობისა და უტვინობისა შეუძენია, როგორც „უფრო გამოსადეგი“ ეხლანდელს დროში და მიურთმევია „მისი ფერის ქუჩის მუშა ძმა- ბიჭებისათვის“. აი თურმე ვინ ჰყოლია ნიშანში ამოღებული სანდალასა, ვისი წატყუება და ჩათრევა სდომებია! უსათუოდ სანდალას ის ანგარიში ჰქონია, რომ აქ ჩემ ბადეს თევზი ადვილად მოჰხვდებაო. „ქუჩის მუშა ძმა-ბიჭები“ მერე სანდალას შესაფერი ხუმრობაა, თუკი ამისთანანი არიან სადმე! ჯერ თითონ სანდალა რა არის, რომ მისი შესაფერნი რა იყვნენ! თავის შესაფერებს ესვრის თავის უმეცრების ბადეს, ამათ ესვრის თავის გაცვეთილს ჩანგალს. იცის, რომ ამათ დასტამბული, დაბეჭდილი სიტყვა აუწონლად უცილებელ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, მხოლოდ კი არ გვესმის, ასე უწყალოდ რათ გამოუმეტნია ეს საცოდავნი?
დიაღ, ბატონებო, სანდალას ნაწერისთანა მოვლენა სახუმარი მოვლენა არ არის. ეგ ნაწერი, მართალია, ჩვენის ცხოვრების ჩირქია, უკვე მუწუკიდამ გამორწყული, რაკი დაიწერა, მაგრამ ვინ გვითავდებებს, რომ მაგ მუწუკს საზრდო და საკვებავი აღარა აქვს ჩვენში? ვინ გვითავდებებს, რომ რაკი გამოირწყა, მუწუკიც მოგვირჩა და ჩვენს ტანს ცხოვრებისას კვლავ ზედ არ აზის ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენდა სატკივარად? სანდალასავით რომ ნაცარქექიები მოედანზედ გამოდიოდნენ, ვითარცა აზრთა აღებ-მიმცემნი და მოჭიდავენი, ეს ვერაფერი ნიშანია დანარჩენების ფალავნობისა: იმედი უნდა აიყარო ყველაფერზე და ხვალინდელი დღე აღარ უნდა იწამო. ვაი სანდალას და უფრო ვაი იმ საზოგადოებას, იმ ერს, იმ ქვეყანას, საცა სანდალასავით მბღაჯნავები შესაძლებელნი არიან! აი რას უნდა დაუფიქრდეს კაცი, აი რაზედ უნდა ივალალოს და ივაგლახოს!..

