top of page

პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 3, 2024
  • 8 min read

ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მისს „ფინანსების“ არცოდნას გამოვეკიდე და ვეებერთელა ფელეტონები მოვანდომე. პირველ შეხედვით ეს ჩემი საქციელი მართლა წყრომის ღირსია. აბა ეს ჭოჭინაზე შემდგარი უმეცარი ბრძენი ჯერ რა ისეთი აღდგომის წითელი კვერცხია, რომ გრძელის საუბარის ღირსი იყოს და მერე ვის რად უნდა, ვის რაში ეპრიანება, — „ფინანსები“ და „ფინანსიური“ გაეგება თუ არა გაუგებარს მეცნიერს ბ-ნ ჟორდანიას. მაგ სიტყვების მნიშვნელობა და თავისს ადგილას ხმარება დღეს ბალღმაც-კი იცის და თუ ბ-ნ ჟორდანიას არა სცოდნია, ეს მისი საკუთარი უბედურება და უილაჯობაა და ქვეყანას ამითი არცა სცხელა, რასაკვირველია, და არცა სცივა. ამ სახით, ჩემი საუბარი ამ სიტყვების გამო ისე გამოდის, ვითომც ბუჩოს ვანიავებდე და ტყუილად ვცდებოდე.


ხოლო ამ შემთხვევაში რომ შიგ-ჩახედვით განმიკითხოთ, სულ სხვას ჰბრძანებდით. კაცი რომ თავმოწონებით მარქსისტობდეს და არ გაეგებოდეს-კი „ფინანსები“ რა ხილია, იგი სასაცილო მასხარაა და არა მარქსისტი. მას რა დაეჯერება? მას ვინ უნდა აჰყვეს, სულელის მეტი, როცა მაღალ ფარდების საგნებზე ჰლაპარაკობს? აი მიზეზი მისი, რომ ბ-ნ ჟორდანიას საანბანოდ საცოდნელ სიტყვების გამო გამოვეკიდე, თორემ მეც ვიცი, რომ „ფინანსების“ ასე თუ ისე ახსნა არავისათვის საჭირო არ არის და დიდი არაფერია.


ამიტომაც ნურას უკაცრაოდ, რომ ცოტაოდენს ხანს კიდევ საუბარი გაგიწიოთ ეხლა სხვა სიტყვის გამო, რომელიც დღეს თითქმის ყველას ენაზე აკერია და არც ერთს ისე უცოდინარად, როგორც ბ-ნ ჟორდანიას. ეს სიტყვა გახლავთ „ბურჟუა“, „ბურჟუაზია“ და აქედამ წარმომდგარი „ბურჟუაზიული“. თუ გამოვარკვიეთ და დავამტკიცეთ, რომ ბ-ნ ჟორდანიას ამ სიტყვების მნიშვნელობა არ გაეგება, ან იგი მნიშვნელობა თუთიყუშსავით დაუსწავლია და მათ მიერ სახელწოდებული საგანი-კი არ იცის რომელია, მაშინ ხომ დაიჯერებთ, რომ ბ-ნი ჟორდანია, მარქსისტი კი არა, პამპულაა მარქსისა, ჟღარუნებით მორთულ კაბაში.


ბ-ნი ჟორდანია ჰბრძანებს, რომ ჩვენებური ბანკები „ერთის მხრით ბურჟუაზულ-ფინანსიური დაწესებულებააო“. ვინც იცის ჩვენებური ბანკები ვისგან არის დაფუძნებული და რა საგნისათვის, და ამასთან იცის რას ჰნიშნავს „ბურჟუაზია“ და „ბურჟუაზული“, მას ჯერ ჭკუასა და ლოღიკაზე ხელი უნდა აეღო და მერე ეს ეთქვა. აშკარაა, ამის მთქმელს, ესე იგი ამ ჩვენს ძალადმარქსისტს ან სიტყვა „ბურჟუა“, „ბურჟუაზია“ და აქედამ წარმომდგარი „ბურჟუაზული“ არ ესმის, ან მარტო ყური მოუკრავს, დაუსწავლია და მათ მიერ სახელწოდებული საგანი-კი ვერ გაუგია რა არის. ასე იცის მარტო თუთიყუშმა. რომ ან ერთი, ან მეორე აშკარად და უცილობლად გამომზევდეს, თვით ბ-ნ ჟორდანიას ვათქმევინოთ: რას ნიშნავს „ბურჟუაზია“ და „ბურჟუაზული“.


იგი არა ერთხელ იხსენიებს „ბურჟუას“ და „ბურჟუაზულს“ თავისს ნაწერებში და აქედამ გამოვარკვიოთ, როგორ ესმის ეს სიტყვები ამ ჩვენს მარქსისტს და ვეღარ მარქსისტს.


„ბურჟუაზია“, ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით, ფულის პატრონი ხალხია, „ბურჟუაზია“ ვაჭრებია, რომელნიც დღეს ქალაქების მეთაურად და წინამძღოლად არიან, „ბურჟუაზიის“ ინტერესია რაც შეიძლება მეტი საქონელი გაასაღოს და მეტი მოიგოს, ბურჟუაზიის მიდრეკილება არის მთელის ცხოვრების(!!!) და, მაშასადამე, მთელის ხალხის (ვა! ვა! ვა!) მიდრეკილება, „ბურჟუაზული“ შეხედულობა ინდივიდუალურიაო, „ბურჟუაზია“ ვაჭარს და მრეწველს ხალხსა ჰქვიანო და სხვანი და სხვანი.


რა თქმა უნდა, ამ მარქსისტების თუთიყუშს მოჭრით არსადა აქვს განსაზღვრული სიტყვა „ბურჟუა“ და „ბურჟუაზული“, მაგრამ ამ ხანად ესეც კმარა, რაც ამოვწერეთ, რომ ბ-ნს ჟორდანიას აადინოთ თავმოწონებულ უმეცრობის და ქარაფშუტობის ბურტყლები.


თუ მართლა ბურჟუაზია, ბურჟუაზული იმასა ჰნიშნავს, რასაც გვიღაღადებს ჩვენი ბრძენი ბ-ნი ჟორდანია, სჩანს, რომ ჩვენებური ბანკები იმისთანა ხალხისაგან არის დაფუძნებული, ან იმისთანა ხალხის კუთვნილია, რომელიც ვაჭარი და მრეწველია, რომელიც მეთაურობს და წინ უძღვის ქალაქებსა, რომლის მიდრეკილება მთელის ხალხის მიდრეკილებაა, რომლის ინტერესია მეტი საქონელი გაასაღოს და მეტი მოიგოს, ესე იგი დუქან-ბაზარი იქონიოს საკუთრად თავისათვის გამოსარჩენად, რომლის შეხედულობა ინდივიდუალურია, მასასადამე, არამცთუ არა-საზოგადოებრივი, პირიქით, საზოგადოებრივის პირისპირ წინააღმდეგი. ახლა, არ იკითხავთ, ყოველივე ეს რა ჭკუით, რა ლოღიკით მიაკერა მან ჩვენებურ ბანკებს, როცა იგი იძახის, რომ ჩვენებური ბანკები ერთის მხრით ბურჟუაზული დაწესებულებააო?


ყველამ იცის და, წარმოგიდგენთ, - ბ-ნ ჟორდანიასაც-კი სცოდნია, რომ ჩვენებური ბანკები დაფუძნებულია თავადაზნაურთაგან და განსაკუთრებულ საგნადა აქვს ბანკის მოგებიდამ გაუძღვეს საზოგადო ჭირსა და ვარამს, ყოველივე ინდივიდუალური შეხედულობა ბანკიდამ გამოდევნილია. თითონ დამფუძნებელთ არავითარი წილი საკუთრად თავიანთ სასარგებლოდ არ ჩაუდვიათ ბანკის მოგებაში, ყოველი კერძო გამორჩენა, კერძო სარგებლობა უარუყვიათ და გაუბათილებიათ თავისდა სასახელოდ და თითო გროშები ერთმანეთს მიუწებებიათ და შეუწირავთ საზოგადო საჭიროებისათვის, და ამისთანა დაწესებულებას ბ-ნი ჟორდანია „ბურჟუაზულ დაწესებულებას“ ეძახის. ღმერთი აღარ არის ქვეყანაზე!.. ვის აბრიყვებთ, ბ-ნო ჟორდანიავ, ვის? აბა თუნდ ერთი თქვენი სიტყვა, თქმული „ბურჟუაზიის“, თუ „ბურჟუაზულის“ გამო, მიუყენეთ ჩვენებურს ბანკებს და მერე გულზე ხელი დაიდეთ და გვიპასუხეთ: ჰგავს რაშიმე ერთმანეთს ჩვენებური ბანკი და „ბურჟუაზული დაწესებულება“. მაშ, არაბურჟუაზული დაწესებულება სხვა რა ყოფილა, სხვა რა არის, თუ არ ჩვენებური ბანკი? ერთი გვიბრძანეთ, — სადა სტყუით, იქ, სადაც ბურჟუაზიას, ბურჟუაზულს ასე თუ ისე იხსენიებთ, თუ აქ, როცა ჩვენებურ ბანკს ბურჟუაზულ დაწესებულებად ჰხადით?


ტფილისის საკრედიტო ბანკმაო, — ამბობს ბ-ნი ჟორდანია, — შარშან აქაურ მუსიკალურ სასწავლებელს რამდენიმე ათასი მანეთი შესწირაო და განა ამით დაჰკარგა თავისი ხასიათი (ვითომდა ბურჟუაზული?).


აბა თქვენ, ბ-ნო ჟორდანიავ, რა უნდა გელაპარაკოთ, რომ ორი უბრალო, სადა და მარტივი საგანი ერთმანეთში ვერ გაგირჩევიათ ამ შემთხვევაში. ჩვენებური ბანკი კანონით ვალდებულია თვისი მოგება სულ მთლად, გარდა იმისა, რაც სხვადასხვა კაპიტალებს უნდა მიეწილადოს, საზოგადო საჭიროებას მოახმაროს, და საკრედიტო ბანკი-კი მისს საკუთარ ნებაზეა დაშთენილი, ასე რომ, უნდა — სამადლო საქმესა იქმს, არ უნდა — არა იქმს. განა ეს სულ ერთი და იგივეა? განა ამათ შორის დიდი ზღვარი არ არის? ვალდებულობა და ნებაზე მიგდება საქმისა ერთი და იგივეა?


ნუთუ ეხლაც არ დაიჯერებთ, რომ ბ-ნი ჟორდანია არამც თუ ყოვლად უმეცარია, ქარაფშუტაც ყოფილა, წყალწაღებულსავით ყოველს ხავსს ეჭიდება, მაგრამ, ვაი შენს მტერს, ხავსმა ვერა უშველოს-რა.


მე მგონია, ცხადად დავამტკიცე, რომ ან ტყუილია, ან უმეცრობით სავსეა ბ-ნი ჟორდანიას ტირადა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენებური ბანკები ერთის მხრით ბურჟუაზულ-ფინანსიური დაწესებულებაა, მეორე მხრით თავადაზნაურულ-წოდებრივიო. „ფინანსიურობაზე“ თავისს უკანასკნელ „გზა-და-გზაში“ ენა მუცელში ჩაუვარდა და პირი მაგრად მოკუმა. არ ვიცი რას იტყვის „ბურჟუაზულობაზე“, ხოლო თავადაზნაურულ-წოდებრივობაზე კი კვლავ ფართხალი დაიწყო და ურჩობს. ერთხელ და უკანასკნელად ამ მხრითაც რომ საქმე გადასწყდეს, ჩემდა გასამართლებლად და ბ-ნ ჟორდანიას გასამტყუნებლად, ერთის ასეთის ბრძენის მოწმობას მოვიყვან, რომელსაც ბ-ნი ჟორდანია ვერსად გაექცევა, თუმცა-კი კალთებს კი აიკრებს — როგორმე მოვძურწოო და თავი დავაძვრინოო. აი, ეს მოწმობა:


„ბანკი, (ჩვენებური, რასაკვირველია) თავად-აზნაურობის მიერ დაფუძნებული და მის სამსახურად მოწოდებული, იმათვე თავად-აზნაურობის უთავბოლო საქმიანობით ხელიდამ გამოეცალათ დამფუძნებელთ, გამო(?)ცილდა წევრთა პირდაპირ უფროსობას და გადაეცა ვექილთ. მასთანავე შესუსტდა ბანკის წოდებრივი (კურსივი ჩემია) პრინციპი, გაძლიერდა საფინანსო(?) პრინციპი. ამით ის დადგა იმ გზაზე, რომელზედაც დგას ყველა საფინანსო(?) დაწესებულება, და მისი ქვეითი (რა მოგახსენოს ქართულმა) განვითარება ნიშნავს ამ დაწესებულებასთან თანდათან მიახლოებას“.


თუმცა აქ, ამ რამდენსამე სტრიქონში, აუარებელი ტყუილებია, მაგრამ ამაებს არ გამოვუდგებით მით უფრო, რომ ეს იმისთანა ბრძნის სიტყვებია, რომ თითონ ბ-ნ ჟორდანიას შიშით ელდა ეცემა და თავბრუ დაესხმის, როცა სახელს შეიტყობს. ჩემთვის და თქვენთვის-კი, მკითხველო, საკმაოა, რომ იგი ბრძენი იმოწმება, რომ ჩვენებურ ბანკის წოდებრივი პრინციპი შესუსტებულია, რომ იგი ბანკი იმ გზაზე დამდგარა, რომელზედაც სდგას ყველა, ჩემებურად, საკრედიტო და, ბ-ნ ჟორდანიასებურად, საფინანსო დაწესებულება. ყველაზედ უფრო ხელჩასაჭიდებელი მოწმობა იმის გამოა, რომ ხსენებულ ბრძენის სიტყვით, ბანკი ხელიდამ გამოეცალათ თავად-აზნაურთ და, მაშასადამე, თავად-აზნაურობისა აღარ არის და ამით, მაშასადამე, პირველი და უკანასკნელი ნიშანი თავადაზნაურულ-წოდებრიობისა დაეკარგა ბანკსა. იცით, ამისი მთქმელი ბრძენი ვინ არის? თითონ ბ-ნი ჟორდანია, ესე იგი ის კაცი, რომელიც 1900 წელს გადაჭრით გვეფიცება, თავში ცემით იჭაჭება, რომ ჩვენებურს ბანკს წოდებრივი ხასიათი შერჩა მისის წესდების ახალის ცვლილებითაცაო. რას ეტყვით, როგორ და რა პირითღა დაუდგებით წინ, როგორ გაუსწორებთ თვალს, 1900 წლის ბ-ნო ჟორდანიავ, ამ 1898 წლის ბ-ნ ჟორდანიას? ეს ორივ ერთი და იგივე კაცია ორთავა და ორპირა, თუ სხვადასხვა, ერთისა და იმავე სახელის მატარებელი?..


განა ერთი და ორი მაგალითია ამისთანა ორთავიანობისა და ორპირობისა? ერთს დროს ბ-ნი ნოე ჟორდანია უქადაგებდა მეურნეთა და განსაკუთრებით, როგორც თვით ამბობს, მათს მებაირახტრეებს — სხვილ მემამულეებს, ესე იგი თავად-აზნაურთ, რომ საკუთარის ძალ-ღონით უნდა განაკარგოთ თქვენი მდგომარეობა, იკვლიოთ, შეერთდეთ, თქვენს საკუთარს თავზე დაამყაროთ თქვენი იმედი, თქვენს თავს თითონ მოუაროთ და საკუთარს ფეხზე დადგეთო.


სწორედ ეს პროგრამა განახორციელა თავად-აზნაურობამ ბანკის დაარსებით. იგი დააფუძნა მან თავისის საკუთარის ძალღონით, რათა საერთო მდგომარეობა მიწათმფლობელისა და მიწათმოქმედისა ცოტად თუ ბევრად გამოიკეთოს, შეუერთდნენ ერთმანეთს ცოტად თუ ბევრად, საკუთარის გარჯით და მხნეობით უვლიან ამ საქმეს და ამ საქმეში საკუთარს ფეხზე დგანან, არავის რას შველას სთხოვენ, არავის რას ძიძაობას, არავის რას შემწეობას. მართალია, ბანკი მარტო ერთი დარგია იმ დიდისა და რთულის საქმისა, რომელიც ყველა ტკივილს ასე თუ ისე მალამოდ ედება, მაგრამ მაინც მაგალითია იმ პროგრამის განხორციელებისა, რომელსაც ბ-ნი ჟორდანია ერთს დროს ჰქადაგებდა 1898 წ.


ხომ ესეა, მაგრამ იგივ ბ-ნი ჟორდანია 1900 წ. იმავ ბანკის დამფუძნებელთ ასე ეუბნება და მათ მიერ ქმნილს, მოვლილსა და წარმართულს საქმეზე, რომელშიაც განხორციელებულია ქადაგება თვით ბ-ნ ჟორდანიასი, გულს უფუჭებს: ეგ რა ჰქენით, ბანკი მამულს გიყიდით, გაღარიბებთ, გაღატაკებთო! საკადრისია ეს ამისთანა საქციელი? მოდი ნუ იტყვით, რომ ბ-ნი ჟორდანია მართლა ორთავა და ორპირა კაცი ყოფილა.


ეს ქადაგება ბ-ნს ჟორდანიას რომ ბანკის დაარსების წინათ ეთქვა და მერე ესეთი საფრთხობელა წამოეროტვა, კაცი იფიქრებდა, რომ ამ ვაჟბატონმა ამ ქადაგებით განგებ, განზრახ წაიტყუა, აცდინა თავად-აზნაურობა, რომ მერე ეთქვა: ჰი, დაგღუპეთ, გაგაღატაკეთ, თუ არაო! ბ-ნო ჟორდანიავ, აი თქვენისავე ხელით თქვენისავე თავის გატყეპა ამასა ჰქვიან.


დასასრულ, ერთს იმისთანა საქციელს ბ-ნ ჟორდანიასას გაუწყებთ, რომლის დაფასებაც თქვენთვის მომინდვია. აი რა იკადრა ამ ტყუილმა და, უკაცრავოდ არ ვიყო, უმართებულმა, უნიჭო და უმეცარმა ლიტერატორმა, რომელსაც სხვისის ნაღეჭის ცოხნაც არ შესძლებია. მოგეხსენებათ, რომ მე ერთს წინანდელ ფელეტონში ვთქვი, რომ კირვალიძე ვერაფერი ავტორიტეტია ეთიკისა და მართებულობის საქმეში და ვერაფერი წარმომადგენელია საქართველოს ერისა. კირვალიძის ავტორიტეტობისა და საქართველოს ერის წარმომადგენლობის საბუთად „კვალმა“ ას ერთის კაცის მიერ ხელმოწერილი წერილი წარმოგვიდგინა ქვეყნის სასაცილოდ და თვისდა სასახელოდ. მე ამის პასუხად დავუწერე, რომ ამისთანა შემთხვევაში, საცა ეთიკაზე და მართებულობაზეა ლაპარაკი, ხმა უნდა აწონილ იქმნას და არა დათვლილ, რაც გინდ ბლომად ნულები გაამწკრივოთ, მაინც ნული გამოვა-თქო.


ამაზე აი რა პასუხს მაძლევს ბ-ნი ჟორდანია სახეზე ალიმულ-აუდენლად:


„ამიერიდგან სახელოვანმა „ახალ-მოსულმა“ თავისი ერთი ყუმბარა ამ ას ერთს კაცსაც ესროლა და თან გამოუცხადა: თქვენ ვინა ყრიხართო, თქვენ ნულები (ესე იგი არაფრები) ხართო! მარა, რადგანაც მთელი ჩვენი ხალხი (კაი მოგეცათ, კაი „რადგანაც“ ეგ იყოს) ასეთი „ნულებისაგან“ შედგება, მაშ ყველა წყალწაღებული ყოფილა. საქართველოს „ჩიორა“ და „ახალმოსული“ შეადგენს თურმე და ნამდვილი ხალხიც ისინია! (კაი მოგეცათ, კაი ლოღიკა ეს იყოს). აი სადამდის მივიდა „ივერია“! იმედია ამას არ დაივიწყებს ასე ყბადაღებული ქართველი ხალხი...“ („კვალი“, 1900 წ., No 14, გვ. 220).


რის თქმა გნებავთ ამითი, რასაც უკანასკნელი სიტყვები ამბობენ, ბ-ნო ჟორდანიავ? რომ ვეღარას გახდით-რა, საქართველოს ერთან მაბეზღებთ განა? ეს კიდევ არაფერი: ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო. ვიცი, რომ ამ ანდაზას თქვენ ვერ წაუხვიდოდით, ისიც ვიცი, მაგ ბეზღობის უნარი საიდამ მოგცხებიათ. ეს რა საქმეზე აქეზებთ საქართველოს ხალხს, რომ „იმედია ამას არ დაივიწყებს ასე ყბადაღებული საქართველოს ხალხიო“ და სამის წერტილით ათავებთ ამ სიტყვას. რა გნებავდათ ამით გეთქვათ და რა დაგრჩათ კიდევ სათქმელი, რომ სამი წერტილი ჩაურთეთ ამ სიტყვებს ბოლოში? ღმერთმა შეგინდოთ ეს უკადრისი, თუ უარესი არა, საქციელი, დეე ტაში გიკრან თქვენმა უკან-მდევნელებმა, კირვალიძეებმა და მერკვილაძეებმა, ყველა რიგიანი და პატიოსანი კაცი-კი მარტო ამ საქციელისთვის ზურგს შემოგაქცევთ და ყველა ამისთანას შეეზარებით, სულ ცოტა რომ ვთქვა.


თუნდ ეგეც არ იყოს, თუნდ მართლა კირვალიძეები, მერკვილაძეები და მათი ამყოლი ას ერთი კაცი ნულებად ჩამეთვალოს, რათ გიკვირთ ეს? თქვენ განა ის კაცი არა ბრძანდებით, რომელმაც სთქვით, რომ, არამცთუ ას ერთი კაცი, მთელი ხალხი, მთელი ერი უგუნურიაო. ას ერთი კაცი ხომ მთელ ხალხთან, მთელს ერთან მხოლოდ წვეთია ზღვაში! აი, თქვენი სიტყვები:


„გონიერება საზოგადოდ იშვიათი რამ არის, ის სანთლით საძებარია, ხოლო უგუნურობა ყოველგან და ყოველთვის ადვილად მისაგნებია. ცხადია, პირველის ჭურჭელი - ინტელიგენცია - ძლიერ ცოტაა, სულ ერთი მუჭაა, მეორის-კი (ესე იგი, უგუნურების) მთელი ხალხი, მთელი ერია“.


ამაზე უარესად გაბიაბრუება, ამაზე მეტად გაუპატიურება და შეგინება, მერე ვისი? - მთელის ხალხისა, მთელის ერისა, განაღა იქნება! მე მაინცდამაინც, თუ არ დაგიშლიათ, ას ერთს კაცზე ვთქვი ნულები არიან-თქო და ბ-ნი ჟორდანია-კი ამისთანაებად ჰხადის მთელს ხალხს, მთელს ერს და შუბლზე ბუზსაც არ ისვამს. აქაო და „ახალ მოსულმა“ კირვალიძეები, მერკვილაძეები და მასთან ერთად მათი მსგავსი ას ერთი კაცი ნულებად ჩასთვალაო, ჩემზე ხელს უშვერს, ჩემზე აქეზებს რიღაცისათვის საქართველოს ხალხს და თითონ-კი რომელმაც მთელი ხალხი, მთელი ერი უგუნურებად ჩასთვალა, დოინჯი შემოუყრია და მის მიერ გაუპატიურებულს საქართველოს ერსვე უბრძანებს ბატონსავით: იმედია, ამას არ შეარჩენთ „ახალ-მოსულსაო“. განა სასაცილო არ არის ეს ახალი მაგალითი ბ-ნ ჟორდანიას ორთავიანობისა, ორპირობისა, რომ ესე სამწუხარო და საზარო არ იყოს ზნეობის მხრითა!


ჯარო და ჯამაათო, ღვთის გულისათვის მაინც იკითხეთ: ეს რა კაცს შევესწარით, ეს რა კაცი მოგვევლინა, ეს რა ღვთის წყრომის დრო დაგვიდგა! ქვეყანას ღერძი გასტეხია და სულ უკუღმა დატრიალებულა, თუ რა დაემართა ამ ისეც უბედურს საქართველოს, რომ ეს ამისთანა ქადებული პროგრესისტი გამოსულა და ჭკუას გვასწავლის და გზას ცხოვრებისას გვინიშნავს. წარმოიდგინეთ, თურმე ყურისმგდებელიცა ჰყავს, ამყოლიც და მგალობელნიც! მართალი ნათქვამია, — როგორიც ალხანა, ისეთი ჩალხანაო, მაგრამ განა ეს ნუგეშია! მარტო ის ამბავი, რომ არის ქვეყანა, საცა ამისთანა კაცი ლიტერატორობს, მარტო ეს ამბავი საკმარისია, კაცმა ამ ქვეყანაზე ხელი აიღოს და ცხრა მთას იქით გადაიხვეწოს. განა ყოვლად შესაბრალისი და ამასთანავე ყოვლად აუტანელი არ არის ის ქვეყანა, ის ერი, საცა ჰფარფაშობს და ჰფახიფუხობს ამისთანა კაცი, რომელსაც ჭკუა არ უშლის სთქვას: „ხალხი და ინტელიგენცია, ინტელიგენცია და ხალხი, — აი ორი მეტოქე და მებრძოლი ელემენტი. ამნაირად(?) ინტელიგენტი გონებას აგდებს ხალხიდამ და ხალხს გონებიდამაო“. თუ მართლა ასეა, მე რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია ვიყო, ვიტყოდი: იმედია, საქართველოს ხალხი არ შეარჩენს ინტელიგენციას ამ ამბავს! ხუმრობა დანაშაულია, კაცმა ხელიდამ გონება გამოაგდოს და გონებიდამ ხალხი!


რას იტყვით ამაზე, ჩვენო ინტელიგენციავ? ვერც ეხლა მიხვდებით, რა კაცი ყოფილა ეს ყოვლად უმეცარი, ქარაფშუტა, ორთავა და ორპირა პროგრესისტი, ეს ვითომდა ახალ მოძღვრების მღაღადებელი! განა მართალი არა ვთქვი წინანდელ ფელეტონში, რომ ამისთანა უმეცარი, უნიჭო, უგემური მწერალი, როგორიც ბ-ნი ჟორდანიაა, და ამასთან ასე თავმოწონებული, სხვა არავინ გამოჩენილა-თქო ჩვენში.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

1900 წელი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე...

 
 
bottom of page