top of page

პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 3, 2024
  • 6 min read

1900 წელი


ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე მეტისმეტად თავს არ გავიდე, იგი მარტო „გზა-და- გზა“ ჰკადრულობს ჩემთან საუბარსა. ესეც ერთი თანხაა. მე ამისიც მადლობელი ვარ. არის ჩვენში ერთი სახის ჯგუფი, რომელსაც ბ-ნი ჟორდანია დიდ მეცნიერად მიაჩნია, და ხომ მოგეხსენებათ, - დიდმა კაცმა რომ ნეკიც გაღირსოთ, მთელის ხელის მოცემად უნდა მიიღოთ. დიდის კაცის ნეკის შეხებაც დიდი მოწყალებაა. ბ-ნმა ჟორდანიამ პასუხი მაღირსა, თუნდაც „გზა- და-გზა“, და ეს სახელადაც მეყოფა და სახრავადაც.


ხუმრობა-გაშვებით და ბ-ნმა ჟორდანიამ ერთი დიდი სიკეთე მიყო. მე მინდოდა ხელი მიმეყო და კვალდაკვალ მემხილებინა ის აუარებელი უმეცრობანი, რომელნიც ამ ახლად მოვლენილმა მეცნიერმა უშიშრად გამოჰფინა ჩვენში მას მერეთ, რაც სათავეში დაუდგა „კვალსა“. მხილებისათვის საჭირო იყო გადამეჩხრიკა მთელი მისი წინანდელი ნაწერები და იქიდამ ამომეკრიბა მარგალიტები მისის უმეცრობისა. ამისათვის შორს ძებნა მომინდებოდა და ბ-ნმა ჟორდანიამ თითქო შემიბრალა და თავისის აწინდელის პასუხით გამიადვილა საქმე. შორს რად მიდიხარ, აი „გზა-და-გზა“ პასუხი მოგეცი და აქ იმდენი განძია უმეცრობის, რომ ჭირადაც გეყოფა და ლხინადაცაო, — თითქო მეუბნება ეს ჩვენი, გერმანიაში გაბრძნობილი, სუტ-მეცნიერი. არ ვიცი, მართლა ჩემი სიკეთე სდომებია ბ-ნ ჟორდანიას, როცა ეს პასუხი დამიწერა, თუ სხვა რამ ოინია? ეს-კი უეჭველია, რომ მის პასუხში მართლა კარგა ბლომა განძია ახალ-ახალ უმეცრობისა.

მე არც იმოდენა სურვილი მაქვს, არც ხალისი, რომ გამოვეკიდო ბ-ნს ნოე ჟორდანიას იმის თაობაზე, რაც ჩემ გამო და ჩემის მიზეზით შეუკურთხა თავისებურად „ივერიას“ და მისს რედაქტორს. ყოველივე ეს საკირვალიძო და სამერკვილაძო შუშხუნებია, რომლის შემდეგაც მარტო ნატისუსალი რჩება და დამწვარი ჩვრები. ესეთი ტლინკები საქმე არ არის. ეს ნიშადურმოცხებულის ხტუნვა და მალაყებია. საქმე იმაშია, — რას ამბობს ბ-ნი ჟორდანია პასუხად ჩვენის საბუთებისა.


მე ვამხილე ბ-ნი ჟორდანია და ვუკიჟინე, რომ თქვენ არ გესმით რა არის „ფინანსიური დაწესებულება“, როცა ჩვენებურ ბანკს — მაგ საკრედიტო დაწესებულებას — ფინანსიურ დაწესებულებათ ასახელებთ-თქო. შეფუცხუნებულა ამაზე ჩვენი გერმანელი ბრძენი და იმის მაგიერ, რომ მეცნიერებისათვის ეკითხნა, — რას ჰნიშნავს „ფინანსიური დაწესებულება“, ამდგარა და ლექსიკონს მივარდნია და იქიდამ უსწავლია, — რას მოასწავებს სიტყვა „ფინანსები“? როგორ მოგწონთ მეცნიერი მარქსისტი, რომელიც მარტო ლექსიკონით მიდის იოლად, როცა მეცნიერულ ტერმინის ახსნაზე მივარდება საქმე და რომელსაც სხვა უნარი და ილაჯი არა ჰქონია ამისთანა შემთხვევაში გზა გაიგნოს. მეტი ცარიელობა და არარაობა-ღა გნებავთ მეცნიერისა, რომელსაც თავი გაუხდია მარტო ლექსიკონის ანაბარად.


თუნდ ესეც არ იყოს, ან ლექსიკონი რა ისეთი დასაბეჯითებელი წყაროა სიტყვის მეცნიერულ აღსახსნელად, რომ ზედ-დაკვდომით დასწაფებია ეს ჩვენი ტყუილი მარქსისტი. ლექსიკონი ვულგარულს, თუ უკაცრაოდ არ ვიქნებით, ქუჩურს მნიშვნელობასაც სიტყვისას ანგარიშს უწევს, მოვალეა ამ მხრითაც სიტყვა ახსნას, და განა ეს საბუთია, რომ კაცმა გააუქმოს, დაივიწყოს მეცნიერული, განსაკუთრებითი მნიშვნელობა სიტყვისა იქ, საცა სიტყვა მარტო ამ მნიშვნელობით საგულისხმოა? მაგალითებრ, სიტყვა „კაპიტალი“ საყოველდღეო, საყველპურო საუბარში ხშირად იხმარება ვითარცა ფულადი ქონება ადამიანისა და განა მეცნიერული მნიშვნელობა ამ სიტყვისა ეს არის? განა იგი „კაპიტალი“, რომლის ახსნასაც სახელოვანმა მარქსმა სამი ტომი თხზულება მოანდომა, და ეს საყველპუროდ ხსენებული „კაპიტალი“ ერთი და იგივეა?


არ არის ქვეყნიერობაზე არც ერთი ლექსიკონი, რომ ეს საყველპურო მნიშვნელობა „კაპიტალისა“ არ აენიშნოს და მასთან ერთად მეცნიერულიცა, რამოდენადაც-კი ლექსიკონისათვის მოსახერხებელია და მოსათავსებელი.


აკი იგი ლექსიკონიც, რომელიც ბ-ნ ჟორდანიას თავისს მოწმად მოჰყავს, იუწყება, როგორც თვითვე ბ-ნი ჟორდანია გვარწმუნებს, რომ სიტყვა „ფინანსები“ განსაკუთრებით (კურსივი ჩემია) სახელმწიფოს და სხვა მართველობათა შესავალ-გასავალს ნიშნავსო. მეც ესა ვთქვი და ახლა უყურეთ, ბ-ნი ჟორდანია რა მალაყს გადავიდა. მე, რომელმაც სიტყვას „ფინანსები“ ვაკუთვნე მისი განსაკუთრებითი მნიშვნელობა, ესე იგი მნიშვნელობა მეცნიერული, ბ-ნმა ჟორდანიამ უვიცობა შემწამა და თითონ-კი მეცნიერობის გვირგვინი დაიდგა, რომ ამ სიტყვას მისის განსაკუთრებითის მნიშვნელობით არა ჰხმარობს. გულზე ხელი დაიდეთ და სამართალი ისე ჰქენით, — ვინ არის აქ მტყუანი და უვიცი: მე, თუ ბ-ნი ჟორდანია?

ნუთუ, ბ-ნო ჟორდანიავ, აქაც წაკითხულის გაგებაზეც მწყრალად ბრძანებულხართ. ნუთუ აქაც ნახტომი შეგშლიათ და ვერ გაგიგიათ, - რას ნიშნავს სიტყვა განსაკუთრებითი? თუ გაგეგებათ, - რატომ ყურს არ უგდებთ თქვენსავე მოწმეს, რომელიც ასე აშკარად თქვენვე გამტყუნებთ. განა თქვენს წერილში, საცა ჩვენებური ბანკი „ფინანსიურ“ დაწესებულებად მონათლეთ, სიტყვა „ფინანსები“ და აქედამ „ფინანსიური“ ქუჩურ მნიშვნელობით იხმარეთ?


ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ვერც ამ ქუჩურმა მნიშვნელობამ გაგიყვანათ ფონსა და ვერაფერ ნავ-ტიკად გამოგადგათ. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ სულელობაა კაცმა ბანკს „ფინანსიური დაწესებულება“ უწოდოს მარტო იმის გამო, რომ ბანკს თავისი „ფინანსები“ აქვს, ესე იგი ფულად გამოხატული ქონება.


ახლა ვნახოთ განსაკუთრებითი მნიშვნელობა „ფინანსებისა“ რა ხეირს დაგაყრით, თუ გონების თვალზე განგებ ხელს არ აიფარებთ, ჩვენო გერმანიაში ნასწავლო მეცნიერო და დოქტორ- ფილოსოფოსო კირვალიძის უნივერსიტეტისავ.


„ფინანსები“ განსაკუთრებით ნიშნავს სახელმწიფოს და სხვა მმართველობათა შესავალ- გასავალსაო, ამბობს თქვენი ლექსიკონი. ჩვენებურ ბანკსა სახელმწიფოს ან სხვა მმართველობათა შესავალ-გასავალთან საერთო რა აქვთ? ჩვენებური ბანკი და იგი დაწესებულება, რომელიც განაგებს სახელმწიფო შესავალ-გასავალს, ისე შორს არიან ერთმანეთზე, როგორც უმეცარი ჟორდანია და მეცნიერი მარქსი. განა აშკარად ცხადი არ არის, რომ იქ, სადაც „ფინანსიურ“ დაწესებულებაზე ლაპარაკობენ, მეცნიერული, ანუ განსაკუთრებითი მნიშვნელობა უნდა იგულისხმებოდეს უეჭველად. თუ ესეა, და ვინ იტყვის, რომ ასე არ არისო, კაცს ხომ დიდი ლარი და ხაზი არ მოუნდება გამოიცნოს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია ხელახლად იძლევა საბუთს ვიგულოთ იგი, ვითარცა მცურავი უმეცრების ტბაში უმეცრებით გაბერილ ნავ-ტიკითა.


აშკარაა, ამ ჩვენს კირვალიძის უნივერსიტეტში კურს-შესრულებულს მეცნიერს არა სცოდნია, რომ არის ერთგვარი მეცნიერება, რომლის საგანი განსაკუთრებით ფინანსებია და რომელსაც ჰქვიან საფინანსო მეცნიერება. თუ სცოდნოდა, ამ შემთხვევაში ამ მეცნიერებას დაეკითხებოდა, — რას ნიშნავს განსაკუთრებით ფინანსები და ფინანსიური დაწესებულება? კაცი, თუნდაც შორიახლო მცოდნე, და არა უმეცრობით გაბუებული და გაბერილი, განა ამ შემთხვევაში იკმარებდა ლექსიკონის მოწმობას და ლექსიკონურს ახსნას? სჩანს, ბ-ნი ჟორდანია მეცნიერების ძებნაში ლექსიკონის იქით ვეღარ წასულა.


დალოცვილი, ამისათვის რაღა გერმანიაში მირბოდა? განა აქ-კი ვერ იშოვიდა ლექსიკონს, თუ მაინცდამაინც ლექსიკონის წაკითხვის მეტი სხვა შნო და ლაზათი არა ჰქონია. გაუმარჯოს გერმანიაში გაბრძნობილს მარქსისტს! ტაში მაგას, ტაში, კირვალიძეებო და მერკვილაძეებო! თქვენ რომ არა ჰყვანდეთ ბ-ნ ჟორდანიას, სადღა გაასაღებდა თავისს სიბრძნეს.


მე მაინც ერთ სამსახურს გავუწევ ამ ჩვენს მარქსისტს და ვაუწყებ, რომ არის ერთი თხზულება, რომლის განსაკუთრებითი საგანი ფინანსებია და ფინანსიური დაწესებულებანი და ვურჩევ იქ ჩაიხედოს, თუ მართლა გაგება რისამე უნდა და არა წარამარა მალაყების გადასვლა კირვალიძეების და მერკვილაძეების გასაოცებლად და თავბრუ-დასასხმელად. ერთს გერმანელს სახელგანთქმულს მეცნიერს, ჰეიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორს კ. გ. რაუს დაწერილი აქვს წიგნი, რომელსაც ჰქვიან „ძირითადნი დასაბამნი საფინანსო მეცნიერებისა“ და რომლის გამო ამბობენ, რომ ეს ერთადერთი თხზულებაა მთელ ევროპის ლიტერატურაში, საცა სავსებით და სრულად გამორკვეულია ეს საგანი მთელის თავისის ნაწილებითაო.


აი იგი რას რას ამბობს: არის განსაკუთრებული შტო მთავრობის მოქმედებისა, რომელსაც საგნადა აქვს მოხვეჭოს, უპატრონოს და შესაფერად მოიხმაროს სახელმწიფო საჭიროებისათვის ნივთიერი ღირებულებანი, იქონიოს საკუთარი მეურნეობა (хозяйство), ანუ მზრუნველობა სახელმწიფო შესავალ-გასავლისა. ეს მზრუნველობა მთავრობისა სახელმწიფო საჭიროების გასაძღოლად შეადგენს საგანს ფინანსებისას და ფინანსიურს მართველობისას (კურსივი წიგნის ავტორისაა და არა ჩემი). მეორე ადგილას, როცა რაუ ჰხსნის ამ სიტყვის მნიშვნელობას ისტორიულად, ამბობს, ფრანგული სიტყვა les finances ჯერ ძველადვე ნიშნავდა მთელს ქონებას სახელმწიფოსას და სახელმწიფოს მეურნეობის (хозяйство) მდგომარეობასაო. ფრანგულის ენის ზედგავლენამ სრულად განდევნა გერმანული ცუდი მნიშვნელობა ამ სიტყვისაო.

ყველგან, საცა-კი რაუ ჰხმარობს ამ სიტყვას, იმ მნიშვნელობით ჰხმარობს, რომ ფინანსების საგანი სახელმწიფო შესავალ-გასავალიაო და ფინანსიურ დაწესებულებად ჰხადის მარტო გამგებლობას ფინანსებისას მთავრობის მიერ. არც ერთგან რაუ საკრედიტო დაწესებულებას არამცთუ ფინანსიურ დაწესებულებად არა სთვლის, არამედ ხსენებითაც არ იხსენიებს. საკრედიტო დაწესებულება რომ ბ-ნ ჟორდანიას სიტყვისამებრ ფინანსიური დაწესებულება იყოს, ნუთუ რაუ ამას გაუჩუმდებოდა და ისე, გაკვრით მაინც, არ მოიხსენებდა?

დიმიტრი ტოლსტოი, — გვეუბნება ბ-ნი ჟორდანია, — საკრედიტო დაწესებულებას ფინანსიურ დაწესებულებად სთვლისო. არა გვგონია. ვთხოვთ ბ-ნ ჟორდანიას მოწყალება მოიღოს და ამოგვიწეროს დიმიტრი ტოლსტოის თქმული. თუ დიმიტრი ტოლსტოი ბ-ნ ჟორდანიასავით უმეცრობით გატენილი არ არის, ჩვენ წინათვე დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს უმეცარ მარქსისტს აქაც წაკითხული ვერ გაუგია და ვერ მოუნელებია.


ეხლა ვიკითხოთ: რა აქვს საერთო ჩვენებურს ბანკსა, ან ერთობ საკრედიტო დაწესებულებას ფინანსიურ დაწესებულებასთან? განა აშკარა არ არის, რომ ვერც ამ განსაკუთრებითმა მნიშვნელობამ „ფინანსებისამ“ უშველა ბ-ნ ჟორდანიას თავი გადაერჩინა იმ უმეცრობისაგან, რომელიც მან აღმოაჩინა, როცა ჩვენებური ბანკი და ერთობ საკრედიტო დაწესებულება „ფინანსიურ დაწესებულებად“ მოგვინათლა. ხომ ვერც ლექსიკონურმა ფართო მნიშვნელობამ და ვერც განსაკუთრებითმა და მეცნიერულმა ვერ გაიყვანა ბ-ნი ჟორდანია ტყუილების და უმეცრობის ტბიდამ. თუ მაინცდამაინც ამ ორში ან ერთს დაიხვევს ხელზე, ან მეორეს, — აბა ერთი ის ლოღიკური გზა გვაჩვენოს, რომელიც ან ერთის, ან მეორის შემწეობით ჭკვათამყოფელს კაცს მიიყვანს იქამდე, რომ საკრედიტო დაწესებულებას ფინანსიური დაწესებულება უწოდოს დაუცინებლად და გაუცინებლად.

ყველა-ყველა და განა საკვირველი და ამასთან სასაცილო ამბავი არ არის: ბ-ნი ჟორდანია გერმანიაში იყო და იქ ვერ დაუნახავს იმისთანა ბუმბერაზი მეცნიერებისა, როგორიც რაუა და აქ, ჩვენში კი იმისთანა კაცს დაჰბღუჯებია, როგორც არავისაგან ცნობილი დიმიტრი ტოლსტოია. იქ სპილო ვერ დაუნახავს და აქ ჩვენში-კი მუმლიც ბუმბერაზად მოსჩვენებია. ესეც ერთი უტყუარი ნიშანია მისი, თუ რა უკეთებია ბ-ნ ჟორდანიას გერმანიაში, რა ბრმად უვლია იქ და რა თვალახილებულად აქ, ჩვენში. დალოცვილს იქ აეხილნა, თუ თვალი მართლა უჭრის ხედვისათვის. მაშინ ხომ აღარ მოუნდებოდა ლექსიკონის იღლიაში ამოჩრა და დიმიტრი ტოლსტოის წინამძღოლობა.


ჯერ-ხანად ეს ვიკმაროთ. ბ-ნ ჟორდანიას, როგორც მისის პასუხისგან სჩანს, სწყინს ერთხანად გრძლად გაბმული საუბარი და აბა მე როგორ მოვისურვებ მისს ხელახლად წყენას. თუნდ ესეც არ იყოს, საუზმედ დილის სიფთაზე ეს მისის უმეცრობის მცვრიანი მწვადიც საკმარისია, სადილები, ღვთით, მერე იქნება თავისის წვნიანებითა. ღმერთმა ბ-ნ ჟორდანიას დიდი დღე მისცეს და მინამ

თავი მისი მას ახლავს, მე მასალა არ დამაკლდება. უმეცრობა ბ-ნ ჟორდანიასი ზღვაა და მე ჯერ კიდევ ამ ზღვის პირასა ვარ. ჯერ სად არის! ეს ახალი უმეცრობა რა სათქმელია, ზოგი ძველები მოიკითხეთ. მოგახსენებთ ზღვაა-თქო, და მართლა ზღვაა. ასეთი მარგალიტები ამოგიკრიბოთ ამ ზღის ძირიდამ, რომ თქვენი მოწონებული.


მარტო ამას ვჩივი, რომ ბ-ნი ჟორდანია არ მაცლის ძველებისათვის, კვირა არ გადის, რომ სულ ახალ-ახალი უმეცრობა პანტასავით არ მომაყაროს და არ ვიცი, რომელს ერთს გავუძღვე, ძველს თუ ახალს. ჯერ-ხანად ახალმა წამიცდინა და ვიდრე ამას მოვრჩები, ძველმა უნდა მომიცადოს. აბა ზოგი სეირი მაშინ ჰნახეთ, როცა ბ-ნ ჟორდანიას ძველს უმეცრობას ქეჩოში ხელს წავავლებ. მე მარტო ამას ვწუხვარ, რომ ეს მისი ზღვა უმეცრობისა კოვზით უნდა ამოვწურო.


სხვა გზა არა მაქვს, თუ მინდა რომ საქმემ ქადილი არ გამიცრუოს. ამ კოვზით ამოწურვას არა გვგონია ერთის კაცის სიცოცხლე ეყოს, ასეთი უშველებელი ზღვაა. თუ დამცალდა-კი, ღვთის წყალობა თქვენა გქონდეთ, მე ბ-ნი ჟორდანია გამოგიჭიმოთ მთელის თავისის სიგრძე-სიგანით და ხელის გულზე გაგიგოროთ და მაშინ თქვენც დაინახავთ, თუ ჯერ არ დაგინახავთ, რა მადანი მიპოვია და რა წითელი კოჭი ბრძანებულა ეს ჩვენი თავმოწონებული, მაგრამ ყოვლად უმეცარი მარქსისტი.


ოღონდ თქვენ მოთმინება იქონიეთ და ნუ შემრისხავთ, რომ მე მოვცდები და თქვენც მოგაცდენთ იმისთანა საგანზე, რომელიც საქმისათვის გროშადაც არა ღირს, ოღონდ ნუ დამემდურებით და თუ ქადილი არ აგისრულოთ, თქვენი ხმალი და ჩემი კისერი.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა

ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მისს „ფინანსების“ არცოდნას გამოვეკიდე და ვეებერთელა ფელეტონები მოვანდომე. პირველ შეხედვით ეს ჩემი საქციელი...

 
 
bottom of page