top of page

პოლემიკური წერილები „ცხოვრება და კანონის“ გამო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 3, 2024
  • 9 min read

ტფილისი, 3 იანვარი, 1887 წელი

წერილი პირველი


ამ შვიდის წლის წინათ „ივერიამ“ , ჯერ როცა ჟურნალი იყო, გამოსთქვა, რომ სოფელი ერთს წოდებათა გაურჩეველს საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს; რომ სოფლის მმართველობასა და გამგეობაში წოდებათა გარჩევა არ უნდა იყოს; რომ უფლება და მოვალეობა ერთნაირის თანასწორობით განაწილებულ უნდა იქმნეს სოფლის ყველა მკვიდრზე, იმისდა მიუხედავად, თუ მკვიდრი რომლის წოდებისაა. „ივერიამ“ წინათვე აღიარა თვისი შიში მასზედ, რომ ამ ჩვენს აზრს თვითმსჯელობას მოკლებული კაცი მოესევა და უვიცობის ლაღობით პენტვას დაუწყებსო. წინათგრძნობამ არ უმტყუვნა „ივერიას“ და იმავ „ივერიის“ ფურცლებზედ ერთმა ლიბერალმა, ლიბერალობის სახელით, გამოილაშქრა ამ აზრზედ და მის ავტორს რეტროგრადობა შესწამა. ამით გათავდა მაშინ ეს საქმე. ავტორმა პასუხი არ გასცა თავმომწონე ლიბერალსა, მაგრამ ამ ლიბერალს ცუდი საქმე დაემართა. უცებობის ნახტომი აქ ისეთი დიდი მოუვიდა, რომ თავმოწონებული ლიბერალი, მისდა დაუკითხავად, რეტროგრადთა წრეში მოექცა. იქნება მერე ბევრიც იოცა, ეს რა მომივიდაო, მაგრამ რაღას უშველიდა.


არ გასულა ერთი წელიწადი, და პროფესორმა გრადოვსკიმ გამოსთქვა იგივე აზრი. რაც „ივერიამ“. რა თქმა უნდა, ეს გარემოება კიდევ საკმარისი არ იქნებოდა, რომ ტყუილის ლიბერალობის ცეცხლით აპილპილებული და გახურებული კაცი განელებულიყო. ამ სამისა თუ ოთხის წლის წინათ, როცა აწ განსვენებულმა აკსაკოვმა ნიშნის მიგებით წააყვედრა რუსეთის ლიბერალებს, თქვენც არ იცით რა გსურთო, და თუ იცით, აბა ერთი გვიჩვენეთ, თქვენს დროშაზედ რა აწერიაო, მაშინ ჟურნალმა „Вестник Европы“ ლიბერალების სახელით სხვათა შორის დაასახელა იგივე აზრი, რაც ჟურნალმა „ივერიამ“ გამოსთქვა, და რაც ასე გაბედვით ითაკილა ჩვენმა შინაურმა ლიბერალმა, როგორც რეტროგრადების აზრი. ხოლო საოცარი ამბავი კი მოხდა. მას აქეთ ამ აზრს ეურჩებიან და ებრძვიან რუსეთში რეტროგრადები, და ლიბერალები-კი მფარველობენ და ესარჩლებიან. ვისაც ყური უდევნებია რუსულ ჟურნალ-გაზეთებისათვის და ერთობ ლიტერატურისათვის, ამის საბუთს არ მოგვთხოვენ. „ივერიისაგან“ გამოთქმული აზრი და ჩვენის ლიბერალისაგან დაწუნებული, დღეს რუსეთში დიდს გარყევაშია და დიდი საბაასო საგანია, რადგანაც თვით უმაღლესი მთავრობა ჰზრუნავს, რომ სოფლის სათემო მმართველობა უკეთესად მოაწყოს, იმიტომ რომ შენიშნულია მისი ეხლანდელი ნაკლულოვანება.


13-ს დეკემბერს წარსულის წლისას ერთს სამეცნიერო საზოგადოებაში პეტერბურგში ბ-ნ არსენიევის რეფერატის გამო ამავე საგანზედ ჩამოვარდნილა ლაპარაკი და ბ-ნ არსენიევს თვით მოპირდაპირეთათვის უთქვამს: ყოველთა წოდებათა საერთო სასოფლო თემობა (всесословная волость) ერთადერთი ღონეა და სახსარი, ერთად-ერთი შესაძლებელი აგებულებაა ადგილობრივის მმართველობისა და მთლად შეეფერება ეხლანდელის ცხოვრების მოთხოვნილებასაო. ბ-ნს სპასოვიჩს გამოუცხადებია, რომ სრულად თანამოზიარე ვარ ბ-ნ არსენიევის აზრისაო და მეც ერთადერთ ღონედ ყოველთა წოდებათა საერთო სასოფლო თემობა მიმაჩნიაო. არა გვგონია, ჩვენმა შინაურმა ლიბერალმა თავის გასამართლებლად იკადნიეროს და ბ-ნნი არსენიევი და სპასოვიჩი რეტროგრადთა რიცხვში მოაქციოს. ძნელი საქმეა, როცა კაცი ლიბერალობს და არ იცის-კი ცნობა აზრისა, თუ ქვეშ არ უწერია, ეს აზრი ამა და ამ ფერისააო. ამასა ჰქვიან, რუსები რომ იტყვიან: „своя своих не познаша“.


ჩვენ თუ ეს დავიწყებული ამბავი გავიხსენეთ, მარტო იმისთვის, რომ დღეს აქაური მთავრობაც და უმაღლესიც იმის ზრუნვაშია, რომ განაკარგოს სასოფლო თვითმმართველობა. მეტი არ იქნება, რომ აქაურთა ახალის წესის შემადგენელთა სახეში იქონიონ სათანაგრძნობელი აზრი ბ-ნთ არსენიევისა და სპასოვიჩისა.


წერილი მეორე

ტფილისი, 14 მარტი, 1887 წ


ბ-ნმა ხუდადოვმა ჩვენის ერთის მეთაურის გამო მოგვიძღვნა წერილი. იგი წერილი უკვე დაბეჭდილია „ივერიის“ No 51-ში. ბ-ნმა ხუდადოვმა დაგვიწუნა, რომ ლიბერალთა დასის კაცნი და იმავ დასის ჟურნალი „Вестник Европы“ ვიმოწმეთ ერთს შემთხვევაში. სახელდობრ, იმ შემთხვევაში, რომ სხვადასხვა წოდებათა გამოუკლებლად და განურჩევლად აგება სოფლის საზოგადოებისა თუ თემისა — ლიბერალთა დასის მოძღვრებაა სხვათა შორის. რასაკვირველია, ეს აზრი თავისთავადაც ანიშნებს კაცს, რა ბანაკისაც არის. დღეს ბალღმაც კი იცის, რომ უსწორ-მასწორობა, უჯრა-უჯრობა, გუნდ-გუნდობა კაცთა საზოგადოების აგებულებაში, — პატარაა იგი საზოგადოება თუ დიდი, — ყველა წარჩინებულ კაცთაგან ცნობილია წარმატების დამაბრკოლებელ მიზეზად. რუსეთშიაც სცნეს ესა, და ამ ბოლოს დროს ჰცდილობენ ერთი განურჩეველი სათემო შეჰქმნან, ეხლანდელ მარტო საგლეხო სათემოს მაგიერ. ყველა განათლებულ ქვეყნებში ეგ პატარა ადმინისტრატიული წრეც სხვასთან ერთად ამ დედა-აზრზეა აგებული. ამის ცოდნას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა და, - თუ გნებავთ, - მეტიც იყო ჩვენის მხრით, რომ სხვები ვიმოწმეთ. მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ჩვენც იგი მოწმები დავასახელეთ იმისათვის კი არა, რომ ჩვენის აზრის საბუთიანობა იმათს მოწმობაზედ დაგვემყარებინა, არამედ იმისთვის, რომ ამ აზრს ერთ დროს რეტროგრადობა უკიჟინეს, და ამ კიჟინის უკუსაქცევად უკეთესი რა იქნებოდა, თუ არ მოწმობა თვითონ ლიბერალებისა, რომ ეგ ჩვენი აზრი და მოძღვრება არისო. ზოგისათვის ამისთანა ბეჭედდაკრული მოწმობაა საჭირო, რადგანაც თვით ბუნება აზრისა მათთვის მიუწდომელია. ბ-ნს ხუდადოვს კი ჰგონია, რომ ჩვენ თვითონ საბუთიანობა აზრისა ამ მოწმობით გვინდოდა დაგვემტკიცებინა. გონიაობა, თუ სადავე მიუშვით, უფრო შორსაც წავა ხოლმე.


ეგ არაფერი. ჩვენ არც ერთგან არც ერთი სიტყვა არ წაგვცდენია, რომ კაცმა დაგვწამოს, ვითომ „რიხიანის მუქარით“ გვეთქვას, „როგორ გაბედეთ“ და ჩვენის მოწმეების წინააღმდეგ სთქვით რამეო. მართალია, კაცია და გუნებაო, მაგრამ კაცსაც და გუნაბასაც თავისი საზღვარი აქვს. გავკადნიერდებით და მოვახსენებთ ბ-ნს ხუდადოვს, რომ იგი ამ საზღვარს გადაცილებულა, რადგანაც უნებებია და სწორედ ამასა გვწამებს, რომ ჩვენს მეთაურს წერილში ვითომ -„სულ რიხიანი მუქარაა, თუ როგორ გაბედეთ და წინააღმდეგ გრადოვსკისა, არსენიევისა და სპაჩოვიჩისა ხმა ამოიღეთო“.


ბ-ნ ხუდადოვის ადგილას ჩვენ ამისთანა სულელობას არავის შევწამებდით. აქ „კაცია და გუნება“ - ვერაფერი მეშვეულია. იმას, რაც ბ-ნმა ხუდადოვმა შეგვწამა, არც ვიტყვით თავის- დღეში და არც გვითქვამს, და ვინც ესა სთქვა, იმასვე შეეკამათოს ამისი დამწამებელი, თუ საკმაო მოცალეობა აქვს. ბ-ნის ხუდადოვის წერილი სხვა მხრით არის შესანიშნავი. იქ ერთი აზრია გამოთქმული, რომელსაც ერთს დროს დიდი ფხა და ავალა ჰქონდა რუსეთში და რომელმაც მარტო მით, რომ ცნობიერად გაგებული არ იყო, არა ერთსა და ორს ყმაწვილ-კაცს გზა-კვალი დაუბნივა იქაც და ჩვენშიაც. ამ აზრს, ბ-ნ ხუდადოვისაგან ბუნდად, ყრუდ და გაკვრით გამოთქმულს, განმარტება უნდა, და თუ დღეს ბ-ნ ხუდადოვის წერილის გამო ჩამოვაგდეთ ლაპარაკი, ჩვენი თავდაპირველი სურვილი მაგ აზრის განმარტებაა.


ავტორიტეტების მოწმად მოწვევის გამო, ბ-ნ ხუდადოვი ერთს, ცოტა არ იყოს, ჟამთა- ვითარებით გახუნებულს ზოგადს აზრს გვიქადაგებს ამ-სახით:

„ეჰ, დარბაისელო, დიდიხანია კერპთმსახურება გადავარდა და სხვადასხვა ბობოლეების თაყვანისცემა უგუნურობად მიგვაჩნია“.


ჩვენ რომ ბ-ნ ხუდადოვსავით, კაცია და გუნებაა - ამ ანდაზას დავადგეთ, ვიტყოდით, რომ ეს მეტისმეტი მოსვლია ამის მთქმელს და ამაოდ თავმოწონებას უფრო მოასწავებს, ვიდრე დამჯდარ გონების გამონაკვლევს. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბ-ნი ხუდადოვი გონებაგახსნილი კაცია, ნასწავლია, მცოდნეა და ამოტომ ვამბობთ, რომ ამ სიტყვებში ის არ უნდა ვიგულისხმოთ, რასაც სიტყვები პირდაპირ გვეუბნებიან. თუ არა ვცდებით, - ბ-ნს ხუდადოვს ამით იმისი თქმა უნდა, რომ ავტორიტეტები, ესე იგი, ყველასგან ცნობილნი, სახელმოპოებულნი მეცნიერნი ყოველთვის არიან და იქნებიან, და იმათი თაყვანისცემა არ დაილევა ქვეყნიერობაზედ, ვიდრე ადამიანის ჭეშმარიტს ღვაწლს, ზედისმიწევნილ ცოდნას, მეცნიერებას, სიბრძნეს და ამათით მოპოებულს სახელს კაცის თვალში პატივი, ფასი და დიდება ექნება. ხოლო ბრმად დაჯერება ყოველ იმისი, რასაც ავტორიტეტი ამბობს, რის შემოწმებასაც ყურისმგდებელის ჭკუა, გონება მისწვდება და რასაც ეს შემოწმება უარჰყობს, — მართლა დიდიხანია უგუნურობად არის მიჩნეული. თვით იკვლიე, თუ შეძლება და გარემოება შეგწევს, მოსჩხრიკე, შეამოწმე, და თუ ავტორიტეტის აზრი გამართლდა, დაიჯერე მხოლოდ მაშინ, და ამ სახით შენს საკუთარ რწმენად გარდაჰქმენ სხვისაგან აღმოჩენილი და ნაკვლევი. ხოლო საცა გონება და ჭკუა, რომელისამე მიზეზით, ვერ მიგიწვდეს და არჩევანში ხარ, შენს არ-გამორკვეულს აზრს, არ-ცოდნას, სხვისი, სახელგანთქმულის მეცნიერის, გარკვეული აზრი და ცოდნა მოაშველეო, - აი, ეს არის ეხლანდელი მოძღვრება ავტორიტეტების გამო, და ბრმად დანდობა კი და აყოლა სხვისა იქ, საცა შენი საკუთარი გონება საბუთიანად სხვარიგად გიჭრის, - ეგ უწინდებური ცოდვაა, უგუნურობად მიჩნეული და სამართლიანად განდევნილი, უარყოფილი. აქაო და არისტოტელმა სთქვაო, და რაც უნდა აშკარად დასარღვევი საბუთი გქონოდათ, არისტოტელს სიტყვას ვერ შეუბრუნდით, ცოდვად ჩაგვითვლიდნენ, დიდი ხანია, ესე ბრმად აყოლა, ესე დაძაბუნება ჭკუისა და გონებისა, ჩვენდა საბედნიეროდ, ჩაილულის წყალს გაჰყვა.


მაგრამ აქედამ სრულებით ის არ გამოდის, რომ ავტორიტეტობა ეხლა შემუსრვილია და თაყვანისცემა მისი უგუნურობად ცნობილი. აი სწორედ ეგრეთ უმეცრად გაგებულმა გამოლაშქრებამ ავტორიტეტებზედ დოინჯი შემოაყრევინა მტკნარს უვიცობას და აძახებინა: შექსპირი, სპენსერი, ჰეკსლი, ჰეკკელი ვინა გდიაო; ავტორიტეტები რას მიქვიან, და სხვანი და სხვანი. ასეთმა თავგასულობამ უვიცობისა ბევრს აურია გზა და კვალი. იმიტომ, რომ ამისთანად თავგასული კაცი ხომ თითონ არა არის-რა, სხვასაც არავის კაცად არ აგდებს. ნუთუ ეს გონიერებაა და ჰეკსლის და ჰეკკელის დიდ მეცნიერად, დიდ ავტორიტეტად ცნობა და თაყვანისცემა კი უგუნურობაა.


ჩვენ არა გვგონია, რომ ამის თქმა სდომებოდეს ბ-ნს ხუდადოვს, და თუ მართლა იმის თქმა ჰსურვებია, რასაც მისი ზემოთ მოყვანილი სიტყვები პირდაპირ გვეუბნებიან, მაშინ სხვაა და ამაზედ შემდეგს ნომერში მოვილაპარაკებთ.


**

ტფილისი, 16 მარტი, 1887 წ.


კაცმა რომ სთქვას, - ავტორიტეტობა, ავტორიტეტი, დიდი ხანია გადავარდა და თაყვანისცემა ერთისა და მეორისაც უგუნურობა არისო, - ან არ უნდა ესმოდეს, რას ჰნიშნავს ავტორიტეტობა და ავტორიტეტი, ან ამისი თქმა არ ჰსურვებია. ეს ცხადად გამოჩნდება, თუ ამ სიტყვების ჭეშმარიტს მნიშვნელობას გონების თვალწინ წარმოვიდგენთ.


მართლა-და რა არის ავტორიტეტობა, ავტორიტეტი, ესე იგი ის, რასაც ბ-ნი ხუდადოვი „ბობოლაობის“ და „ბობოლას“ სახელით წინდაუხედავად სასაცილოდ იგდებს? ავტორიტეტობა იმ შემთხვევაში, რა შემთხვევაშიაც ბ-ნ ხუდადოვს უნებებია მისი დევნა და განდევნა, იმ გავლენიან სახელოვანებასა ჰქვიან, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს ხოლმე დიდის სიბრძნით, დიდის გამოცდილებით, დიდის მეცნიერობით. ავტორიტეტი მეცნიერებაში იგი კაცია, რომელსაც მის მიერ შეთვისებულს მეცნიერებაში გაუთქვამს სახელი და მოუპოვებია ნდობა იმოდენად შეურყეველად და უცილობელად, რომ ერთიც და მეორეც საკმაო თავმდებია მისის აზრის შეუცდომელობისა. ამისთანა კაცები, კაცთა საბედნიეროდ და ბ-ნ ხუდადოვის გულისსაწყრომად და სასაცილოდ, ცოტანი არ არიან ქვეყნიერობაზედ, და მათ შორის ჩვენც თუნდა იმათ დავასახელებთ, ვინც თითონ ბ-ნს ხუდადოვს ჩამოუთვლია თავის წერილში, სახელდობრ: სპენსერი, ჰეკსლი და ჰეკკელი. ეხლა ვიკითხოთ: როდის გადავარდა თუნდ ამათი ავტორიტეტობა? ნეტა როდის შეჰმუსრა ამათი სახელი და ნდობა ან ბ-ნმა ხუდადოვიმა და ან სხვამა? და თუ შეჰმუსრა, აქედამ სხვა არა გამოვიდა-რა, რომ შემუსრვილის მაგიერ შემმუსრველი ჩადგებოდა; მაშასადამე, ავტორიტეტობა მაინც ავტორიტეტობად დარჩებოდა, თუმცა ეხლა სხვა კაცის სახელს დაირქმევდა.

რა არის ბ-ნ ხუდადოვის მიერ ამ შემთხვევაში ხსენებული „თაყვანისცემა“, თუ არ ისა, რომ კაცი გავლენიან სახელოვანობას სპენსერისას, ჰეკსლისას, ჰეკკელისას და მათთა მიმართ ნდობას აღიარებს მით, რომ იგინი უფრო შეუცდომელნი ჰგონია, ვიდრე, მაგალითად, რედაქტორი „ივერიისა“, ან თუნდა თითონ ბ-ნი ხუდადოვი? ნუთუ ამას უგუნურობად ჩასთვლის ვინმე! იქნება ეგეც მოხდეს, მაგრამ ეს სასაცილო ჩათვლა მოსალოდნელია ამ შემთხვევაში მარტო ორი კაცისაგან: „ივერიის“ რედაქტორისა და ბ-ნ ხუდადოვისაგან, ისიც უსათუოდ მაშინ, თუ ერთსაც და მეორესაც აბრუ გასიებული ექნებათ იმ ერთნაირ ავადმყოფობისაგან, რომელსაც ამაო თავმოყვარეობას, ტყუილს აბრუს ეძახიან და რომელსაც წამალი არა აქვს. მაშ რათ მიაჩნია თაყვანისცემა სპენსერისა, ჰეკსლისა და ჰეკკელისა უგუნურობად ბ-ნ ხუდადოვსა? ამისი თქმა და იმისი, რომ სპენსერს, ჰეკსლს და ჰეკკელს ნურას დაუჯერებთო — ხომ ერთი და იგივეა. ნეტა რომელი კაცი იტყვის ქვეყანაზედ, რომ ნურას დაუჯერებთო ამ ჭკუით, ცოდნით, სიბრძნით, მეცნიერებით გამოჩენილს და მთელის ქვეყნისაგან ამ სახით ცნობილს კაცებს, და თუ დაუჯერებთ, უგუნურობა იქნებაო. მაშ ყველაფერი დავიჯეროთ ამათიო? - იკითხავთ თქვენ. დიახ, სწორედ ყველაფერი, ვიდრე წინააღმდეგის უეჭველი საბუთი ხელთ არა გაქვთ.


დღეს რომ კრიტიკას თავისუფალი გზა და მსვლელობა აქვს და რა ავტორიტეტიც გინდა იყოს, კაცი არ ერიდება კრიტიკის ქარცეცხლში გამოატაროს, - ნუთუ ბ-ნი ხუდადოვი ამაში ჰხედავს ავტორიტეტების მიმართ თაყვანისცემის უგუნურობასა! კრიტიკით და მთელის დღევანდელის მეცნიერების ძალით რომ იერიში მიიტანონ, ვსთქვათ, ჰეკსლსა და ჰეკკელზედ, ნუთუ ჰგონიათ, რომ ამით მათი ავტორიტეტობა დადნება, შეიმუსრება და არა უფრო შემოწმდება, გამართლდება და მით უფრო თაყვანისცემა არ მოემატება ერთსაცა და მეორესაც! განა სასაცილო არ იქნება, რომ კაცს თაყვანისცემა სწორედ მაშინ მოაკლო, მისი სახელი მაშინ შეჰმუსრო, როცა უტყუარად და კარგად შემოწმებულის საბუთით დამტკიცდება, რომ მისი ნათქვამი გამართლდა. აქ, პირიქით, ავტორიტეტობამ უფრო უნდა იმატოს, თაყვანისცემა და პატივი უფრო უნდა გაძლიერდეს. სწორედ ესეც არის ამ წუთის- სოფელში, და არ ვიცით, -ეს ამბავი რათ უნდა მიაჩნდეს ვისმე უგუნურობად, - და თუ მიაჩნია, ეგ ახალი კი არ არის, ძალიან ძველისძველი ამბავია, და სახელადაც დონ-კიშოტობა ჰქვიან. ვიდრე კრიტიკას არ გაუმტყუნებია ავტორიტეტად ცნობილი კაცი, მის ავტორიტეტობას ვერავინ შეჰმუსრავს მარტო იმით, რომ დილიდამ საღამომდი და საღამოდამ დილამდე იძახოს ბ-ნ ხუდადოვისავით: მე უგუნურობად მიმაჩნია ავტორიტეტს თაყვანი-ვცეო.


სწორედ კრიტიკით შემოწმებულთა და გამართლებულთა მეცნიერთა მოიპოვეს იგი სახელი და თაყვანისცემა, რომელიც ბ-ნ ხუდადოვს უგუნურობა ჰგონია. კაცობრიობა არ შეუშინდა ბ- ნ ხუდადოვის მკაცრს განაჩენსა და მისგან უგუნურობის დარქმევა იკისრა, და ის კი ვერ უარჰყო, რომ ქვეყანაზედ სანდო მეცნიერნი არიან და მერე ღირსნიც თაყვანისცემისა.


დავანებოთ ამას ყველაფერს თავი და ერთი ეს ვიკითხოთ: ვითომ უგუნურობად უნდა მივიჩნიოთ, რომ თითონ დიდნი ბრძენნი, უდიდესნი მეცნიერნი და ავტორიტეტები ხშირად სხვა ავტორიტეტებს იმოწმებენ ხოლმე? რომელიც გნებავთ წიგნი აიღეთ დიდის მეცნიერისა, ძნელად შევხვდებით იმისთანას, რომ ერთი მეორეს არ იმოწმებდეს. - ნუთუ ამისი მომქმედნი ყველანი უგუნურები არიან, რომ ასე თაყვანს-სცემენ ავტორიტეტსა! აი თუნდა ჯონ სტუარტ მილლი, სახელოვანი მეცნიერი, რომლის წიგნი ამჟამად ხელში შეგვხვდა, - ერთს ადგილას რას ამბობს თავის აზრის დასამტკიცებლად: მომყავსო „მოწმობა სისმონდისა,რომელსაც სხვა მწერლებზედ მეტი უპირატესობა იმითი ეკუთვნის, რომ ყველაზედ ზედმიწევნით და დაახლოებით იცის საქმეო“.


ბ-ნ ხუდადოვის სიტყვით, ჯონ სტუარტ მილლი დიდი უგუნური კაცი ყოფილა, რომ ამისთანა თაყვანი უცია ავტორიტეტად ცნობილისათვის. რა მილლი? განა სხვა სახელგათქმულნი მეცნიერნი კი ცოტანი არიან, რომ სხვის საავტორიტეტო სიტყვით აძლიერებენ, ამტკიცებენ თავიანთ აზრსა, და ზოგჯერ უამისობას ვერსად ვერ წასვლიან! მაშ ეს სულ უგუნურობად უნდა მივიჩნიოთ! მაშ ჩვენზედ უფრო მეტს მცოდნეს, ჩვენზედ უფრო მეტის ზედმიწევნით მკვლევარს აზრისას, მერე იმისთანას, რომელიც მთელის ქვეყანიერობისაგან უკეთეს მცოდნედ და უკეთეს მკვლევარად ცნობილია და გათქმული, - ფასი აღარ ადევს, და ვინც ფასსა სდებს, იგი უგუნურია! ამისი მთქმელი და იმისა, რომ ჩემზედ ჭკვიანი, ჩემზედ უფრო მცოდნე ქვეყანაზედ არავინ არისო, - განა ერთმანეთზედ ძალიან შორს იქნებიან!


თუმცა ბრმად მინდობა და აყოლა სხვისა ძალიან ცუდია, მაგრამ არც კი ბრმად დაჟინებაა კარგი იმისა, რომ დიდსახელოვანის, სახელგანთქმულის მეცნიერის პატივი და თაყვანისცემა უგუნურობა იყოს. არა, ბატონო, სწორედ ამისთანა კაცს უნდა პატივი და თაყვანისცემა, თუნდა იმით, რომ იმისი სიტყვა, თუნდ შეუმოწმებლადაც კი, სხვისაზედ წინ დააყენო, თუ გამტყუნებული არ არის უეჭველის საბუთითა. სხვამ რაც უნდა გიკიჟინოთ, და თუ ერთსა და იმავე საგანზედ ჰეკსლი ერთს ამბობს და, თუნდ, მაგალითად, ბ-ნი ხუდადოვი სხვას, იცოდეთ, რომ უგუნურობაში არავინ არ ჩამოგართმევთ, თუ ჰეკსლს უფრო დაუჯერებთ,ვიდრე ბ-ნს ხუდადოვს. თუ თქვენის აზრის გასამართლებლად ჰეკკელს იმოწმებთ ბ-ნ ხუდადოვის წინააღმდეგ, ან თვითონ ბ-ნი ხუდადოვისაგან დაწუნებულ სპასოვიჩსა - სასისხლო რჯულიერობის მეცნიერებაში, - არც ეს იქნება ახირებული სულელობა. შესაძლოა გვითხრან: განა ბ-ნ ხუდადოვს არ ძალუძს ჰეკსლს, ჰეკკელს აჯობოსო. შესაძლოა, რადგანაც მჯობს მჯობი არ დაელევა, მაგრამ მინამ ბ-ნი ხუდადოვი ამას იქმოდეს, იმ დრომდე - ნურას უკაცრაოდ, რომ ჰეკსლი, ჰეკკელი ავტორიტეტად ვიცნოთ და თაყვანი ვცეთ მარტო იმით, რომ მათი სიტყვა უფრო ვიჯეროთ, თუ აშკარა საბუთი არ გვექნება დასარღვევად.


ეს ამისთანა ლახტის ქნევა ავტორიტეტების შესამუსრავად ცხონებულ პისარევის შემდეგ მოვიდა რუსეთში; ცოტა ხანს იფარფაშა და მერე აპრიალებულ ჩალასავით ჩაჰქრა, და დღეს ამის გამო მარტო ჩვენ და ბ-ნი ხუდადოვიღა ვლაპარაკობთ მთელს ქვეყნიერობაზედ. სხვისათვის კი აქ საკამათო აღარ არის-რა. დღეს ბალღმაც კი იცის, რომ თქვენი აზრი, დიდის რომელიმესამე მეცნიერის სიტყვით შემოწმებული, უფრო სანდოა, უფრო დასაჯერი, და ამ მოწმობას ქვეყანაზედ არავინა ჰთაკილობს იმის შიშით, რომ ბ-ნი ხუდადოვი უგუნურობას დამწამებსო.

ხოლო პისარევის სახელის ამ მხრით შეუბღალველობისათვის ისიც უნდა ვსთქვათ, რომ იგი სრულად იმას არა ჰქადაგობდა, რასაც დღეს ბ-ნი ხუდადოვი გვეუბნება ავტორიტეტის შესახებ. მარტო უვიცობამ წაართვა სადავე კაცსა და პისარევის მოძღვრება ამ საგნის თაობაზედ ჰერკულესის სვეტებამდე მიიყვანა. აქ პისარევის არავითარი ბრალი არა აქვს.


ავტორიტეტობა ყოველთვის იქნება მეცნიერებაშიაც და ცხოვრებაშიაც. სნეული რომ მკურნალს მიჰმართავს ხოლმე, - როგორ ჰგონია ბ-ნს ხუდადოვს, - რა მოქმედობს აქ, თუ არ რწმენა, რომ მკურნალი მკურნალობის უკეთესი მცოდნეა, და ეს რწმენა რა არის, თუ არ იგივ ავტორიტეტობა კაცისა, რომელსაც მკურნალობაში იმოდენა უკეთესობის სახელი და ნდობა მოუპოვებია, რომ ეს სახელი და ნდობა ყველასათვის საკმაო თავმდებია მისის ამ საქმეში უპირატესობისა? მოდით და ამას იქით სულელი დაუძახეთ მას, ვინც ამ შემთხვევაში მკურნალს ენდობა და უჯერებს. თუ გვკითხავთ, იგი „კერპთმსახურება“ და იგი „თაყვანისცემა“, რომელიც ბ-ნ ხუდადოვს უგუნურობად მიაჩნია, აქ უფრო საგულისხმოა, რადგანაც ამ შემთხვევაში ბრმად დანდობას, ბრმად დაჯერებას უფრო მეტი ადგილი

უჭირავს, ვიდრე სხვა რაშიმე და თითქმის აუცილებელიც არის. მაშასადამე, იგი ნდობა და დაჯერება, რომელიც კაცს მკურნალისაკენ იზიდავს, ბ-ნ ხუდადოვის სიტყვით, „კერპთმსახურებაა“, რომელიც დიდი ხანია გარდავარდნილა, და „ბობოლაების თაყვანისცემა“, რომელიც ბ-ნს ხუდადოვს უგუნურობად მიაჩნია. სხვა მეცნიერთ ვიღა სჩივის, ვაი მკურნალთა, თუ ეს მართლა ასეა, ქვეყნის საუბედუროდ.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

1900 წელი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ქარაფშუტობა, ორთავიანობა და ორპირობა უმეცარისა

ბ-ნი ჟორდანია მიწყრება, რომ მისს „ფინანსების“ არცოდნას გამოვეკიდე და ვეებერთელა ფელეტონები მოვანდომე. პირველ შეხედვით ეს ჩემი საქციელი...

 
 
bottom of page