top of page

პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ისევ და ისევ ბ-ნ ჟორდანიას უმეცრობანი და მისი წაჯეგ-უკუჯეგობანი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 3, 2024
  • 10 min read

ახალმოსული 1900


რასაც კაცი თავისს-თავს უზამს, იმას მტერიც არ უზამსო, ნათქვამია. მე არა მჯეროდა ეს ანდაზა, იმიტომ რომ ძველია, და ძველი, ხომ მოგეხსენებათ, ბ-ნ ჟორდანიას სამეცნიერო თხზულებისაგან, რეტროგრადების საქმეა და მე-კი, თქვენი უმორჩილესი მონა ახალ-მოსული, მარტო იმის ნატვრაში ვარ, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ ლიბერალობის ტიტული მიწყალობოს, ვითარცა კირვალიძეს უწყალობა საქართველოს ერის წარმომადგენლობა. ეხლა ეს ანდაზა სწორედ ჩემს თავზე ახდა. ახია, ახი! დიახ, სწორედ ის დამემართა მე, რასაც ეგ ანდაზა გვეუბნება, და ეხლა მე ჩემის თვალითა ვხედავ, რომ ზოგჯერ ძველადაც მართლის თქმა შეძლებულა. არ ვიცი, ამაზე რას იტყვის ბ-ნი ჟორდანია! არა მგონია დამეთანხმოს, იმიტომ რომ იმას ახალი ტყუილი ურჩევნია ძველს მართალს, და თუ ასე არ მოიქცა, სახელს ლიბერალობისას წაიხდენს და მაშინ — ვაი სირცხვილო!


ესეა თუ ისე, მე-კი სწორედ ჩემი დამემართა ჩემითვე, აქ სხვისა არავის ბრალია. მე ჩემი თავი თითონ ჩავაგდე ჭირში, რაკი ბ-ნ ჟორდანიას მხილებას ხელი მივყავი. რამდენიც უფრო ახლო მიუველ, იმდენი უფრო დიდი და ღრმა საფლობი დამხვდა მისის უმეცრობის, ქარაფშუტობის, ორთავიანობის, ორპირობის და სხვა ამისთანა ლამაზ-ლამაზ უნარებისა, ერთიმეორეზე უფრო საოცარისა, ერთიმეორეზე უფრო სასაცილოსი. რაკი, ჩემდა საუბედუროდ, კისრად ვიდე ამაებში მხილება ამ ჩურუქა მეცნიერისა, მე მომინდა გადაკითხვა მთელის მისის ნაწერებისა ხელახლად და, სწორედ მოგახსენოთ, შევშინდი. შევშინდი იმიტომ, რომ რა ტვინი უნდა ჰქონდეს კაცს, რომ არ გაულაყდეს ამოდენა ლაყე მეცნიერებისაგან. ხუმრობაა ამოდენა აბდაუბდის, ამოდენა იწილო-ბიწილოს, ამოდენა დომხალის ორი-სამი კვირა განუწყვეტლივ კითხვა, დახსომება და მერე ისევ ხსოვნიდამ საქვეყნოდ გადმოლაგება და განიავება! სწორედ შევშინდი, — ერთი არა ამიტყდეს-რა და საგიჟეთში თავი არ ამომაყოფინონ-თქო. ბევრსა ვნანობ ეხლა, მაგრამ რაღას ვუშველი? „წამხდარს საქმესა რას არგებს მერმეღა თითზე კბენანი“. რაც მომივა, მომივიდეს: რაკი დავიწყე, — ბოლოც უნდა გავატანო, თორემ თვით ბ-ნი ჟორდანია გულნაკლულად დამრჩება და კიჟინას დამცემს.


„ერთის სიტყვით, — ამბობს ერთგან ბ-ნი ჟოორდანია, ანუ რედაქცია „კვალისა“: — მწერლობის ცხოვრებასთან შეკავშირება, მისი კვალდაკვალ მიყოლა, ახალ-ახალ მოვლენათა გარკვევა, ახსნა და შეგნება, — აი რედაქციის მიზანი, აი მისი სატრფიალო საგანი“.


მეორე ადგილას, აქ-კი თითონ ბ-ნი ჟორდანია, ახვევს რა მჩვარში ძველ მოღვაწეებს, ასე გვიხატავს ახალს მოღვაწეს, ესე იგი თავის-თავს და თავისს მსგავსს. ახალი მოღვაწეო:


„პირველ ყოვლისა არავითარს რეცეპტს არა (ს)წერს, არავითარ მარშრუტს არ ადგენს. ის იცნობს ცხოვრების მსვლელობას ისე, როგორიც არის. (ჰ)სურს მხოლოდ ეს გამოარკვიოს და ახსნას.


ამ ორის ტირადის სიბრძნე ის არის, რომ ახალი მოღვაწე (რომელთ შორის, რაღა თქმა უნდა, ბ-ნი ჟორდანიაც უნდა ვიგულვოთ) იგია, ვინც ცხოვრების მსვლელობას იცნობს ისე, როგორიც არის, კვალდაკვალ მისდევს ცხოვრებას, ახალ-ახალ მოვლენათა არკვევს, ჰხსნის და იგნებს, ვისაც ჰსურს გამოარკვიოს და ახსნას ყოველივე იგინი. როგორ მოგწონთ ეს ვითომდა ნიშნობლივი კუთვნილებანი ახალის მოღვაწისა. სანაძლეოს დავდებ, ვინც შესძლებს ამისთანა ნიშნებით გაარჩიოს ახალი მოღვაწე ძველისგან. ვისაც-კი ოდესმე ცხოვრება და მისი მოვლენანი თავისის განკითხვის და განსჯის საგნად გაუხდია, განა ცხოვრება არ უცვნია ისე, როგორიც არის, მისნი მოვლენანი არ ურკვევია, არ აუხსნია, არ ჰსურვებია მათი ახსნა, შეგნება და გამორკვევა, ხოლო თავისებურად-კი? საქმე აქ თავისებურობაშია, ამით და მხოლოდ ამით განირჩევა ერთი მოღვაწე მეორისაგან, ძველი ახალისაგან. ათადამ-ბაბადამ ათასნი მოღვაწენი ყოფილან, რომელთაც საგნად ყოველივე ეგა ჰქონიათ და დღესაც ათასსა აქვს, ხოლო ყველა ერთნაირად არ იმცნევს ცხოვრების მსვლელობას, ერთნაირად არა ჰხსნის და არკვევს მისს ავსა და კარგსა და მარტო ამ სხვადასხვაობაშია იგი ნიშნები, რომლითაც უნდა განირჩეოდეს ახალი ძველისგან, თუ არ დაგიშლიათ. განა აშკარა არ არის, რომ ბ-ნ ჟორდანიას სადღაც ყური მოუკრავს, რომ არიან ახალნი და ძველნი მოღვაწენიო, თუთიყუშსავით დაუსწავლია და უნარი კი არა ჰქონია, საფანელი შემოჰკლებია ნიშნობლივ მიეგნო ან ერთისა, ან მეორისათვის, და იმისთანა ამბებს მოჰყოლია, რომელიც ისე მიეწერება ახალს, როგორც ძველსა.


მართალია, არ ცოდნა არ ცოდვააო, მაგრამ ერთი ჰკითხეთ ბ-ნ ჟორდანიას, ვინ ატანს ძალას, რომ რაც არ იცის, იმას ეჭიდება და, გინდა თუ არა, სწერს. დავანებოთ ამას თავი და შევუდგეთ ეხლა იმას თუ, — როგორა სცნობს ბ-ნი ჟორდანია ცხოვრების მსვლელობას, როგორა ჰხსნის, არკვევს, როგორ შეუგნია მისნი მოვლენანი და მით „კვალის“ „სატრფიალო საგანი“ გაუპატიოსნებია.

„ივერიაში“ ერთს მეთაურს წერილში ავტორს მოჰყავს-რა თავისი საზრისი, ამბობს:

„ცხადია რომ ჩვენში ფართო გზა უნდა მიეცეს სამეურნეო სწავლა-ცოდნას, რათა ამ საშუალებით ხალხს ხელში მიეცეს ისეთი სახსარი, რომელიც ეკონომიურ ბრძოლას გაუადვილებს და ბუნების, მიწის სიუხვეს არ დაუკარგავს“.


ამაზე ბ-ნი ჟორდანია სასაცილოდ იგდებს „ივერიას“ და იძახის:


„აი ასეთი სასწაულთმომქმედი ყოფილა სამეურნეო სწავლა-ცოდნა! ის თურმე კაპიტალიზმსაც შეებრძოლება და მის მავნე გავლენისაგან გვიხსნის. ამ სახით, მეურნეობა გამოცხადებულია ბურჯად ერის ცხოვრებისა, ხოლო მეურნეობის ბურჯად - სამეურნეო სწავლა-ცოდნა. მაშასადამე, სამეურნეო სწავლა-ცოდნა არის ბურჯი ერისა“.


აი რა დასაღუპავი ყოფილა „ივერია“, რომ ეს უთქვამს იქ, საცა ბ-ნი ჟორდანია ჰღაღადებს სოფლის გაქალაქებას და გადაშენებას! აი როგორ დაიცინება ეს ჩვენი ხათაბალა მეცნიერი! ფრანგები იტყვიან: ის იცინის კარგად, ვინც ბოლოს გაიცინებსო. ვნახოთ, იქნება ეს კაი სიცილი ჩვენ გვერგოს. აბა ყური დაუგდეთ ამ ჩვენს ბრძენსა, იგი ერთს ადგილას ამბობს, რომ ხალხმაო უნდა:


„ისწავლოს, განათლება შეიძინოს, მარა განათლება არა განყენებული (განათლება განათლებისათვის), არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი და თავის რჩენის გამაადვილებელი“.


მეორე ადგილას, ამაზე ცოტა წინ, იგივ ბ-ნი ჟორდანია ჰბრძანებს დღევანდელი სწავლა- განათლება, ყოველნაირი დაწესებულება იმასა ჰცდილობენ, რომ:

„კაცს მისცენ შესაფერი იარაღი ბრძოლისა და მით თავის რჩენა გაუადვილოს“ („კვალი“, 1898 წ., No 41, გვ. 674).


ზემოთ ხომ დასცინა „ივერიას“ ჩვენმა სასაცილო მარქსისტმა, ქვემოთ-კი სწორედ იმასვე ჰღაღადებს, რასაც ზემოთ სასაცილოდ იგდებს. რა ჰქვიან ამ წაჯეგ-უკუჯეგობას? მე სახელი ვეღარ მომიგონია. მთელი ლექსიკონი გამითავდა ბ-ნ ჟორდანიას საქციელის დასასახელებლად. ეხლა თქვენ იცით.


ხომ ნახეთ, რა მალაყს გადავიდა ეს ჩვენი ახალი მოღვაწე. ქვეყნის სასაცილოდ ეს არ იკმარა და აი კიდევ რაგვარად შეაქო ბ-ნმა ჟორადანიამ სწორედ ეგ სიტყვა „ივერიისა“, რომელსაც ზემოთ დასცინა ისე მარილიანად და თავმოწონებულად. ერთს ადგილას გვეუბნება, რომ ორნაირი დარგია სახალხო სწავლა-ცოდნისაო და ერთი იმათგანი:


„ტეხნიკური განათლებაა, რომლის მიზანია კაცი ხელობის მცოდნედ გახადოს. რომელსამე სპეციალურს (კურსივი ჩემია) საგანში დაახელოვნოს და მით პრაქტიკულად გაგებულ მუშად გამოიყვანოს. აი როგორი მიმართულება მიიღო დღეს ევროპის სახალხო განათლებამ“.


ხომ ვერ იტყვის ბ-ნი ჟორდანია, რომ სამეურნეო ხელობა სპეციალური საგანი არ იყოს, ვერც იმას იტყვის, რომ ამ ხელობის გლეხკაცი მუშა არ იყოს და ვერც იმას, რომ საჭირო არ იყოს ეს მუშა გლეხკაცი ხელობის მცოდნე კაცად გახდეს, სამეურნეო საქმეში დახელოვნდეს და მით პრაქტიკულად გაგებულ მუშად გამოვიდეს. სახალხო სამეურნეო სწავლა-ცოდნას ხომ საგნად მარტო ესა აქვს. რაკი ყოველივე ესეა, მაშ რაღად აიგდო სასაცილოდ „ივერია“, როცა მან მარტო ესა სთქვა და სხვა არა-რა. თუ ასეთი მიმართულება მიიღო დღეს ევროპის სახალხო განათლებამ, მაშ ბარაქალა „ივერიას“, რომ ეს ადრევე ურჩევია ჩვენთვის და ოლოლო ბ-ნ ჟორდანიას, რომ დასცინის „ივერიას“ იმის გამო, რაც დღეს ევროპაში მიღებულია, თვით ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით. აბა თუ არ დაგიშლიათ, ეხლა გაიცინეთ, ბ-ნო ჟორდანიავ!


გაგონილა, კაცმა ასე უარჰყოს თავისი-თავი, თავისი თქმული,- აქაო-და საღერღელი ამეშალა და მინდა ასე თუ ისე ავად ვახსენო ვინმეო! ასე წარამარად ლაპარაკობდეს კაცი და ამასთან კადნიერად და თავმოწონებით იძახოდეს: ჩვენ მოწოდებული ვართ ახალ-ახალნი მოვლენანი გავარკვიოთ, ავხსნათ, შევიგნოთ, — აი „კვალის“ რედაქციის სატრფიალო საგანიო. კაი მოგეცათ, კარგი ახსნა და გარკვევა იყოს ეგ თქვენი ხან ასე და ხან ისე ციბრუტივით ტრიალი, დღეს ერთის თქმა და ხვალ თქმულის გადათქმა. კაი სატრფიალო საგანი აურჩევია ბ-ნს ჟორდანიას, ნუ დაიშლის, აბა მაგრა ჩაეხვიოს უსურვაზის წნელივითა.


„ჩვენი მიზანია ცხოვრების ფურცლებზე ის წავიკითხოთ, რაც დაწერილა და ან იწერება და არა ის, რაც წამკითხველის ოცნებაში აღბეჭდილაო“(?), ამბობს ერთგან „კვალის“ რედაქცია.


ვნახოთ ეხლა, - ბ-ნ ჟორდანიას რა წაუკითხავს ცხოვრების ფურცლებზე. მოგეხსენებათ, იგი ერთ დროს წაბრძანებულა და კახეთი დაუვლია. ჯერ, რასაკვირველია, როგორც მოგეხსენებათ ბ-ნ ჟორდანიას მხატვრობის ნიჭი და ცოცხალი მეტყველება, იგი ჰაისა და ჰოის იძახის კახეთის მშვენიერებით ვითომდა აღტაცებული და ერთი მართლა ცოცხალი სიტყვა, ერთი სასურათო ხაზი ვერ მოუხერხებია, რომ სხვამაც იგრძნოს ცოტათი მაინც, რას აღუტაცნია ეს ტყუილად აღტაცებული მეცნიერი. ხოლო მეცნიერი რა მეცნიერია, მერე მარქსისტი, რომ სიტყვაკაზმულის მეტყველებით თავი შეირცხვინოს. იგი, როგორც ვნახავთ, წაბრძანებულა კახეთში, რომ „ცხოვრების ფურცლებზე ის წაიკითხოს, რაც დაწერილა და ან იწერება და რადგანაც იგი, ვითარცა ახალი მოღვაწე, იცნობს ცხოვრების მსვლელობას ისე, როგორიც არის, (ჰ)სურს მხოლოდ ეს გამოარკვიოს და ახსნას“.


ამ მხრით-კი, კაცმა მართალი უნდა სთქვას, დიდი სიბრძნე, დიდი უნარი ღრმად დაკვირვებისა, დიდი უნარი გამორკვევისა და ახსნისა გამოიჩინა ჩემდა საოცრად, თუმცა-კი არა მოულოდნელად. წარმოიდგინეთ, კახეთში ცხოვრების ფურცლებზე დიდის გამოძიების და ჯაფის შემდეგ ბ-ნ ჟორდანიას წაუკითხავს, რომ გლეხს თურმე გლეხურად აცვია, თავადს თავადურად, მედუქნეს მედუქნურად და თითქმის მღვდელსაც მღვდლურად. საოცარი ამბავი არ არის, თუ თქვენც იტყვით! განა საქებ-სადიდებელი არ არის ბ-ნი ჟორდანია, რომ აქამდე ყველასგან უცნაური ამბავი აღმოაჩინა! მერე იცით, აქედამ რა გამოჰყავს? გაოცდებით, როცა შეიტყობთ. აი რა არის ახალი მოღვაწე და მისი ცნობა ცხოვრების მსვლელობისა ისე, როგორიც არის!.. არა ჰგავს ძველების ფანტაზიას! არა გჯერათ? იქნება გგონიათ, რომ მე ცილსა ვწამებდე?აი თითონ მისი ბედნიერი და ხელისხელ საგოგმანებელი სიტყვები! კახეთშიო - „გლეხკაცს, რაც უნდა შეძლებისა იყოს, უთუოდ გლეხკაცურად აცვია (ვა! ვა! ვა!), მისი ტანისამოსი ერთიანად განირჩევა სხვის ტანისამოსისაგან. ვერც ერთს იმ საცმელს, რაც მას ტანზე აქვს, ვერ ნახავთ თავადიშვილის ტანზე (ვა, ამაზე მეტი უბედურობა-ღა იქნება!) და აგრეთვე რასაც უკანასკნელი ატარებს, იმას არ ატარებს პირველი (ვაი, ეს რა ქვეყანა ყოფილა ჩვენი ტურფა კახეთი!).


„ფეხზე ქალმანი, ტანზე ლურჯი შალვარი, ამ-ფერივე ჩოხა, ან და, რაც უფრო ხშირია, სალდათის ნაქონი შინელი, თავზე ან ნაბდის, ან ტყავის ქუდი, - აი გლეხის ჩაცმულობა. მას საქმის დღესაც ეს აცვია და უქმე დღესაც. თავადებს-კი ან აცვიათ ევროპიულად, ან და ჩერქეზულად. ასე გასინჯეთ, მედუქნესაც-კი თავისი სკუთარი კოსტიუმი აქვს. ერთის სიტყვით, ჩაცმულობა აღბეჭდავს მის შთამომავლობას და წოდებრივ ურთიერთობას“.


აბა გამოიცანით, ამ ახალ მოღვაწეს აქედამ რა გამოჰყავს? მე რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ, ისევ თვით ბ-ნ ჟორდანიას ვათქმევინოთ:


„ეს წმინდა კასტიური (კურსივი ჩემია) წყობილება გახლავსო“, - ჰროტავს უთავბოლოდ ეს ჩვენი ახალი მოღვაწე, რომლის „სატრფიალო საგანია“ გამოარკვიოს, ახსნას და შეიგნოს ახალ-ახალი მოვლენანი ცხოვრებისანი: „ამისი მსგავსიო არსად, არავითარ კულტურულ ქვეყანაში არ არის, არ არის აგრეთვე ამ ჩვენს დასავლეთს საქართველოშიო“.


აქაო-და გლეხს გლეხკაცურად აცვია, თავადს - თავადურად, მედუქნეს - მედუქნურად, - კასტიური წყობილებაა კახეთშიო, მერე როგორი? „ამისი მსგავსი არსად, არავითარ კულტურულ ქვეყანაში არ არისო!“ აი ამასა ჰქვიან თურმე ცხოვრების ფურცლებზე წაკითხვა მისი, „რაც დაწერილა და ან იწერება!“ აი ამასა ჰქვიან, რომ ბ-ნი ჟორდანია, ვითარცა ახალი მოღვაწე „სცნობს ცხოვრების მსვლელობას ისე, როგორიც არის!“ ამასა ჰქვიან, - გამორკვევა და ახსნა ცხოვრების მოვლენათა!


სიტყვა „კასტა“, „კასტიური“ გაუგია-კი სადღაც და რა წითელი კოჭია, ამაზე-კი ნურას უკაცრავად, არცა სცოდნია, არც რამ შეუტყვია. „ამისი მსგავსი არსად არისო“, გვეფიცება ჩვენი ახალი მოღვაწე, არსად არისო, რომ გლეხს გლეხურად ეცვას, თავადს თავადურად და სხვანი და სხვანი. მაშ ინგლისის ლორდი და პროლეტარი, მუშაკაცი, ერთნაირად იცვამს. მაშ რა არის მუშის ჭუჭყიანი ბლუზა და ლორდის ფრაკი, ეს ერთი და იგივეა! გერმანიის ფეოდალი და გლეხკაცი არ განირჩევა ტანისამოსით ერთი-მეორისაგან! განა საფრანგეთში პარიზელი და სოფლელი გლეხი ერთნაირად იცმენ-იხურვენ! პირველ შეხედვითვე განა ერთმანეთისაგან არ განირჩევიან! განა ჩვენს ტფილისში კარტუზიანი ვაჭარი, მაძღარი ბურჟუა და კურტნიანი რაჭველი ერთნაირად ჩაცმულ-დახურულნი არიან! თითონ ბ-ნი ჟორდანია პიჯაკშია და შლიაპაში გამოჭიმული და გურული გლეხიც განა პიჯაკსა და შლიაპას ატარებს! მაშ ყოველგან ინგლისს, საფრანგეთს,გერმანიას, ტფილისს და გურია-რაჭაშიაც კასტიური წყობილება ყოფილა. ამის მსგავსი არსად არ უნახავს ბ-ნ ჟორდანიას, თუმცა ევროპა და საქართველო მოუვლია. გვჯერა, მაგრამ ისიც გვჯერა, რომ ყურება კი სცოდნია და დანახვა კი არა. მას რომ თვალი არ უჭრიდეს, ჩვენი რა ბრალია!


ეს კასტიური წყობილება კახეთისა მარტო ამ სასაცილო ნიშნით არ არის თურმე გამოსახული. ბ- ნი ჟორდანია, ვითარცა ახალი მოღვაწე და წინწასული მეცნიერი, არა სჯერდება ერთს საბუთს, სხვა საბუთებიც მოჰყავს, ხოლო პირველზე უფრო სასაცილო, პირველზე უფრო სამასხარო. მაგალითებრ:


„თავადი გლეხს ხელსაც არ მისცემს, მისს სახლში გლეხს ვერ ნახავთ, თუ რამე საქმე აქვს - ქუდმოხდილი დაბლიდან ელაპარაკება ბალკონზე მდგომ „კნიაზს“. ეს იმას არ ეტყვის მობრძანდიო და ის კიდევ ამოსვლას ვერ გაბედავს (კურსივი ჩემია)... ლაპარაკითაც სხვები არიან: გლეხი, რანაირადაც უნდა გამოაწყო, როგორც-კი დაილაპარაკებს, მაშინვე შეეტყობა გლეხიაო. აგრეთვე თავადი და მღვდელი! ქცევა, მიმოხვრა, ხასიათი, ზრდილობა სხვადასხვანაირი აქვთ. ერთი სიტყვით, ყველა ნიშნები (ჰ)მოწმობენ, რომ აქ კასტიური (კურსივი ჩემია) განწყობილებაა და არა მარტო წოდებრივი... ჰო, საკვირველია, საკვირველი, კახეთი!“.


საკვირველი კახეთი-კი არ არის, საკვირველი ის ახალი მოღვაწეა, რომელიც ამაებს ჰბოდავს და ჰროშავს. განა ის არის ნიშნები კასტიურ წყობილებისა, რაც თქვენ გვანიშნეთ და ჩამოგვითვალეთ, ბ-ნო ჟორდანიავ! იმ თქვენს ლექსიკონში მაინც ჩაიხედავდით, რომელიც ამასწინათ გადმომიშალეთ, და მერე, თუ ჭკუა ნებას მოგცემდათ, იტყოდით ამ უმეცრობის აბდაუბდობას და იწილო-ბიწილოს.


განა ინგლისის ლორდი, ინგლისის გლეხი, ან პროლეტარი, ან თუ გინდ წვრილი ფერმერი ერთისა და იმავე სიტყვა-პასუხის კაცნი არიან. განა ლორდისა და ან სხვა მაღალის წოდების კაცის ქცევა, მიხვრა-მოხვრა, ხასიათი, ზრდილობა იგივეა, რაც გლეხისა, პროლეტარისა, თუნდ ფერმერისა! განა პარიზელის ლაპარაკი, ქცევა, მიმოხვრა, ზრდილობა არაფრით განირჩევა საფრანგეთის გლეხის და ერთობ მუშა-პროლეტარისაგან! თუნდ გერმანელი ფეოდალი აიღეთ და სოფლელი გლეხი! განა ყოველგან, საითაც-კი მიიხედავთ, ინტელიგენციის სიტყვა-პასუხი, ქცევა, ზრდილობა და გონებაგაუხსნელის გლეხკაცისა ერთი და იგივეა! მაშ ყველგან კასტიური წყობილება ყოფილა, თუ თქვენს ზღაპრებს დავუჯერებთ.


გესმით, ბატონებო, რა ახალი ამერიკა აღმოუჩენია ბ-ნს ჟორდანიას! ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, მე-კი ამას ვიტყვი, რომ არა მგონია ქვეყანაზე, ბ-ნ ჟორდანიას გარდა, სხვა კაცი ჰჭაჭანებდეს ისეთი, რომ ასე უთავბოლოდ, ასე წარამარად, ასე გაუგებრად, ასე უცოდინარად სიტყვა კასტა, კასტიური ესმოდეს და ამ ნიშნებით ასურათებდეს. აი ესეც თქვენი ახალი მოღვაწე, რომლის „სატრფიალო საგანი“ ამისთანა უმეცრობა ყოფილა. აი, თუ არ დაგიშლიათ, ასეთი ლაზღანდარობა უმეცრობისა თურმე „ცხოვრების ფურცლებზე წაკითხვა ყოფილა მისი, რაც დაწერილა და ან იწერება“. აი ამას თურმე ჰქვიან „ცნობა ცხოვრების მსვლელობისა ისე, როგორიც არის“. კაი ცნობაა, სწორედ მოგახსენოთ. სიტყვა კასტა, კასტიურიც ვერ წაუკითხავს შეგნებულად, ვერ დაუსწავლია რიგიანად და მოდით ამისთანა კაცს „ეშხზე ელაპარაკეთ“.თავისთვის რომ ვერ აუხსნია, ვერ გამოურკვევია ეს სიტყვა, ვის რას აუხსნის, ვის რას გამოურკვევს ამისთანა ყოვლად უმეცარი და ქარაფშუტა მოუბარი. ან იქნება ამ შემთხვევაში იმ იმედზე იყოს, რომ კუდა ხარი თავისთვის არ იყო, სხვას-კი ბუზს უგერებდაო.


დასასრულ, ერთი სასაცილო ამბავიც მინდა მოგახსენოთ, ამბავი, რომელიც სწორედ ხელისხელ საგოგმანებელია.


ეს ჩვენი ტყუილად თავმოწონებული უმეცარი ახალი მოღვაწე ერთს ადგილს ასე ჰღაღადებს:


„როცა რომელიმე მოღვაწე ევროპაში იტყვის - ხალხიო, მაშინ ის და სხვებიც ერთს ყველაზე უფრო მოძრავ და მოწინავე ელემენტს გულისხმობს. ჩვენში თუ ხალხი ახსენე, უთუოდ ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილს, ან და სოფლის უძრავ ელემენტს გულისხმობენ“. („კვალი“, 1898 წ., No 41, გვ. 674).


აქედამ აშკარაა, რომ ბ-ნი ჟორდანია წკეპლებში ატარებს ჩვენებურს თვალთახედვის ისარს ხალხის შესახებ და ჩვენის უვიცობის ნიშნად ევროპაზე ხელს გვიშვერს. ძალიან კარგი და პატიოსანი, ხოლო ეს-კი უნდა ვიკითხოთ: თითონ ბ-ნი ჟორდანია ამ შემთხვევაში განათლებული ევროპიელია, თუ ჩვენებური უვიცი, რომელსაც წკეპლებში ატარებს, რომ ასე ჩამორჩენილა ევროპის თვალთახედვის ისარს. ამის ასახსნელად ერთს მაგალითს მოვიყვან და თქვენვე დაინახავთ, რომ ეს მაგალითი საკმაოა, — ზემომოყვანილს საკითხს შესაფერი პასუხი გასცეთ.


აქ მე ვერ ავცილდები იმას, რომ კვლავ კირვალიძე და მისი ას ერთი კაცი არ ვახსენო. მე ხომ მისაყვედურა, რომ კირვალიძე და მისი ას ერთი კაცი მე საქართველოს ერად არ ვიცანი, რადგანაც ვითომც „ნულები“ დავარქვი. ბ-ნი ჟორდანია ამ ჩემს ვითომდა თქმულს ასე ჰხსნის და არკვევს:


„მარა რადგანაც მთელი ჩვენი ხალხი ასეთი „ნულებისაგან“ შე(ს)დგება, მაშ ყველა ეს წყალწასაღები ყოფილა. საქართველოს „ჩიორა“ და „ახალმოსული“ შეადგენს თურმე და ნამდვილი ხალხიც ისინია! აი სადამდის მივიდა „ივერია“!


ახლა ბ-ნმა ჟორდანიამ გვიბრძანოს: კირვალიძე და ის ას ერთი კაცი „ერის ყველაზე უფრო მოძრავი და მოწინავე ელემენტია“, თუ „ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილი, ან და სოფლის უძრავი ელემენტი?“ ორში ერთია: ან ყველაზე უფრო მოძრავ და მოწინავე ელემენტად უნდა ცნობილ იყოს კირვალიძე და მისი ამქარი და მაშინ, ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით, მე შორსა ვყოფილვარ ევროპიელისაგან, ან, ვიტყვი ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით და უკაცრაოდ-კი არ ვიყო ბ-ნ კირვალიძესთან და მის ამქართან, ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილი ელემენტი ყოფილა, და მაშინ მე ევროპიელებისამებრ მცოდნია, რა უნდა იგულისხმოდეს, ოდეს კაცი ახსენებს ხალხსა, და ბ-ნი ჟორდანია-კი ჩვენებური, მის-მიერ წკეპლაში გასატარებელი უვიცი ყოფილა. არ ვიცი, კირვალიძე და მისი მსგავსი ას ერთი კაცი ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილი ელემენტია თუ არა, ის-კი ნამდვილად ვიცი, რომ ჯერ არავის არსად გაუგონია, რომ კირვალიძე და მისი მსგავსი ას ერთი კაცი საქართველოს ერის ყველაზე უფრო მოწინავე ელემენტი იყოს. ამას ხომ ვერც თითონ ბ-ნი ჟორდანია იტყვის პირდაპირ, თუ თავზე ხელს არ აიღებს. მაშ ორიდამ რა დაგვრჩა, თუ ბ-ნ ჟორდანიას ავყევით? ის, რომ კირვალიძე და ას ერთი მისი მსგავსი კაცი ან ქუჩის მიგლეჯილ- მოგლეჯილი ელემენტია, ან არც ფლავია და არც ჩლავი. ცხადი არ არის, რომ კირვალიძეს და მისს ამქარს არც ერთი იგი ნიშანი არა სცხია, რომ ევროპიელებისამებრ ხალხად საცნაური იყოს, და თუ მაინცდამაინც ხალხად ჩასთვლის ვინმე, ან ქუჩის მიგლეჯილ-მოგლეჯილ ელემენტად უნდა იცნოს, ან არც ჩლავად და არც ფლავად. გამოდის, რომ იმისთანა კაცს ჩვენებურად, უვიცად, უმეცრად უნდა გაეგო — რას ნიშნავს სიტყვა ხალხი და არა ევროპიულად, რაკი კდა მისს ამქარს ხალხადა ჰხდის.


სწორედ ამისთანა კაცად გამოდის ბ-ნი ჟორდანია, ან არა და უნდა დაგვიმტკიცოს, რომ კირვალიძე და მისი მსგავსი ას ერთი კაცი ჩვენის ქვეყნის ყველაზე უფრო მოწინავე ელემენტია. კაცმა, რომელმაც ასე გაგვიპენტა ინტელიგენცია, ასე მიწასთან გაგვისწორა, არა გვგონია გაბედოს და კირვალიძისთანა კაცების მოწინავეობა, მერე ყველაზე უფრო, გვიქადაგოს და გვიღაღადოს; მაგრამ ბ-ნ ჟორდანიასაგან არც ეს გამიკვირდება: იგი ახალი მოღვაწეა, ესე იგი, იმისთანა კაცი, რომელიც ცხოვრების ფურცლებზე ჰკითხულობს იმას, რაც ზედ დაწერილა, ან და იწერება და რომელსაც ცხოვრების მსვლელობა ისე სცოდნია, როგორიც არის, და ცხოვრების ახალ-ახალ მოვლენათა ახსნა, შეგნება და გამორკვევა „სატრფიალო საგნად“ გახდომია. კაი „სატრფიალო საგანი“ ჰქონია, თუ ამისთანა უმეცრობის მურით შეუთითხნის სახეს და ქვეყნის სასაცილოდ გამოიყვანს მზეზე.

ჩემ გამო მისწვდა „ივერიას“, რომ მე ბ-ნ ჟორდანიას რეცეპტითვე ევროპიულად მოვიქეც და კირვალიძე და მისი ამქარი ხალხად არ ვიცანი, და თითონ-კი თავისს რეცეპტს გადაუდგა, ევროპიელობაზე ხელი აიღო და „ივერიასვე“ ნიშნს უგებს: „აი სადამდე მივიდა „ივერიაო“. სადამდე მივიდა! სწორედ იქამდე, სადამდინაც ევროპიელნი მისულან, თქვენისავე სიტყვით, და თქვენ-კი იმ უმეცრობაში გაბაწრულხართ, რომლის გამოც ჩვენებურებს ამ შემთხვევაში ასე შეუბრალებლად წკეპლასა სცემთ.


ეხლა სწორედ მე მეთქმის: აი სადამდე უკან ჩამორჩენია ევროპას ეს ჩვენი გუდაფშუტა ვითომდა ახალი მოღვაწე. სასაცილო არ არის ეს ამბავი: კაცი სიტყვით წინ იწევდეს თავგადაგლეჯილი და საქმით-კი ფეხები დამბლასავით უკანა რჩებოდეს!


განა მართალი არ ვიყავ, როცა ვთქვი, რომ ეს ამბავი ხელისხელ საგოგმანებელია? განა სასაცილო არ არის, რომ ბ-ნმა ჟორდანიამ ასე გაიბა თავი საკუთარს მახეში?!

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

1900 წელი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე...

 
 
bottom of page