top of page

პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - უმეცრობის ფართი-ფურთი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 4, 2023
  • 17 min read

Updated: Jan 3, 2024


1900

I

უმეცრობა და უვიცრობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავისს ქერქშია, — რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.


ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს. მან თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.


სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული,მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხველად, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს-კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის.


II


ამგვარ უვიცთა და უმეცართა შორის ერთი მეტად თვალსაჩინო ადგილი დაიჭირა ჩვენში ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ. მან სწორედ ამისთანა კაცად გამოიჩინა თავი, თუმცა-კი თავი დიდ ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისის-თავის ქებითა. იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გამოუცვალოს და თავისის ბრძანებისა და ნებისამებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა.


ბევრი ყოფილა და არის დღესაც ჩვენში უნიჭო და უმეცარი მწერალი და, სწორედ მოგახსენოთ, ესე სრულად ნიჭმოკლებული, ესე უმეცრობის გაბედულებით გათამამებული და გაკადნიერებული, როგორც ბ-ნი ჟორდანიაა, ჯერ არ გვინახავს. არახუნებს, რაც ენაზე მოადგება და მამალსავით ჯერ თვალებს ჰხუჭავს და მერე ჰყივის, თითქო ენა ადამიანს მარტო იმიტომა აქვს, რომ მოშლილ წისქვილსავით ჰფქვას და ჰროშოს. უნიჭობასა და უვიცობასთან ბ-ნ ჟორდანიას ის უნარიც ზედ შეჰკეცებია, რომ ხორციელ თვალით დასანახავს საგანსაც-კი ხელში ამრუდებს, ასხვაფერებს და მსმენელს თვალებს უბამს წინათაკვიატებული აზრის გასატანად. ამას გარდა, სიტყვა-პასუხისათვის იმისთანა განგებ გაბერილ ფრაზებსა ჰხმარობს, რომელიც ისე შორს უდგა საგანს, ისე არ შეეფერება, რომ კაცს უკვირს, — თქმული ბ-ნ ნოე ჟორდანიასი ბოდვაა გონებადაბნეულისა, თუ ამაზე უარესი სხვა რამ ღვთის რისხვაა.


ამისი მაგალითი ბევრია. ამ მაგალითების ჩამოთვლას ერთი უშველებელი წიგნი მოუნდება და, ვინ იცის, იქნება ოდესმე გამოჩნდეს ვინმე და ბ-ნს ჟორდანიას ყველაფერი წინ გადმოულაგოს მისდა სასახელოდ და ჩვენის მწერლობის შესარცხვენად. თუმცა ესეა, მაგრამ ბ-ნი ნოე ჟორდანია თავზე ბუზსაც არ ისვამს და დიდის ბუკით და ნაღარით იქადის: რაცა ვარ, მე ვარო. დეე იძახოს, ამით არავის არც რამ დააკლდება, არც მოემატება და ჩვენც ამაზე არ გამოვეკიდებით თავმოწონებულს პუბლიცისტსა, მით უფრო, რომ რუსულ ანდაზისა არ იყოს, — დეე ბალღებმა იცელქონ, თავი შეიქციონ, ოღონდ-კი ნუ იტირებენ.

III


აქ გამოსაკიდებელი მარტო მისი ქადილი და თანხებია. ქვეყნის აშენებას გვიქადის ბ-ნი ნოე ჟორდანია და მისნაირები. საბა ორბელიანის ზღაპრისა არ იყოს, თითონ მამალსავით ხეზე შემომჯდარა და იძახის: მე აქ ვიყივლებ და თქვენ მანდ ძირს იყეფეთ და სოფელი აშენდებაო. ამ იმედით ბრძანდებოდეს ბ-ნი ნოე ჟორდანია და მისი კამპანია, და როცა ამ გზით იმან ქვეყანა ააშენოს, მე წილს ნუღად დამიდებენ, არ დავემდურები. ბაქიაობა, კვეხნა, თავისის-თავის ქება და განდიდება უტყუარი ნიშანია იმისი, რომ ზემო სართულში ყველაფერი თავის ადგილას არ არის დალაგებული. თავისის-თავის მაქებარი შორს მანძილს ვერ გაივლის, მალე ჩააკეცინებენ მუხლსა, როცა დაუფიქრდებიან და შეატყობენ, რომ შიგ არა ყრია-რა. ამისი დრო, როცა იქნება, მოვა, და იგი ბალღები, რომელთ წინაშე დღეს ბ-ნი ჟორდანია უმეცრობისა და უვიცობის მალაყს ტაშისცემით გადადის, გაიზრდებიან, ისწავლიან, ცოდნით შეივსებიან და გამოარკვევენ, რა არარაობის მადანია ეს ჩვენი ახალი პუბლიცისტი ყოველისფრით, ნიჭი გნებავთ, ცოდნა, თუ ჭკუა. მოგახსენებთ, ამისი მაგალითები ბევრია. მე-კი საბუთად მოვიყვან მარტო ბ-ნ ჟორდანიას უკანასკნელს მეთაურს, რომელსაც „პრესა“ ჰქვიან და რომელიც დაბეჭდილია წლევანდელ „კვალის“ მე-11 No-ში. აქ იმდენი უმეცრობის მაგალითებია, რომ კმარა ბ-ნ ნოე ჟორდანიას სასახელოდ. მთელი ეს მეთაური იმ აზრზეა აკინძული, რომ დაამტკიცოს „ივერიის“ კონსერვატორობა და უვარგისობა, მისი უთავბოლობა, ერთს აზრზედ დაუდგრომლობა, ილია ჭავჭავაძის უხეირობა, თავად-აზნაურობისათვის მის მიერ გუნდრუკის კმევა და სხვა ამისთანები. მე არც „ივერიის“ დარდი მაქვს და არც ილია ჭავჭავაძისა. „ივერიასაც“ და ჭავჭავაძესაც თავისი პატრონი ჰყავთ და, თუ უნდათ, თითონ უპატრონონ თავისს თავს. მე-კი სულ სხვა საქმე მაქვს. მე გულს მისივებს ბ-ნ ნოე ჟორდანიას უმეცრობის სითამამე და კადნიერება. დროა, რომ ამისთანა ოინები გამომჟღავნდეს და დაუსჯელად არავისს შერჩეს, თორემ აირია, ბატონებო, მონასტერი, აბეზარს მოვედით, მოთმინება აღარ არის: თვალებში ნაცარს გვაყრიან, ლამის დაგვაბრმავონ, გამოგვიჭედეს ყურები ტყუილ მეცნიერობით და სიბრძნით.


დროა შიგნითი ტიკები დავუსინჯოთ ბ-ნს ნოე ჟორდანიას და ვიცოდინოთ, რა თანხების პატრონია და რაოდენად თამამი და კადნიერია, ვითარცა ყოვლად უვიცი და უმეცარი მისი, რასაც-კი ხელსა ჰკიდებს განსაკითხად და საბაასოდ. აკი მოგახსენეთ, ამისათვის შორს წასვლა არ მოგვინდება, საკმაოა მისი უკანასკნელი მეთაური.

IV


ბ-ნი ნოე ჟორდანია ამ თავისს მეთაურში ბრძანებს: „ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი ორ დედააზრზეა აშენებული: ერთის მხრით ის არის დაწესებულება ბურჟუაზიულ-ფინანსიური“...


ერთი ჰკითხეთ ბ-ნს ნოე ჟორდანიას: რას ნიშნავს აქ სიტყვა „ფინანსიური“?


აშკარაა, აქ ამ სიტყვით გაუბერავს ფრაზა, და მნიშვნელობა მისი-კი არ ესმის, არა სცოდნია. „ფინანსიური დაწესებულება“ იგია, რომელიც განაგებს „ფინანსებს“, ესე იგი სახელმწიფოს შემოსავალ-გასავლის საქმეებს. რა აქვს საერთო სათავადაზნაურო ბანკს „ფინანსურ დაწესებულებასთან“? სრულიად არაფერი. ბანკი საკრედიტო დაწესებულებაა და „ფინანსურ დაწესებულებასთან“ ისეთივე მსგავსება აქვს, როგორც ზღვასა და ხმელეთს, წყალსა და ცეცხლსა. განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია — ეს თვალაბმული თუთიყუში — იმდენად უმეცარია, რომ ამ ორი სიტყვის — კრედიტის და ფინანსის მნიშვნელობაც-კი ვერ გაურჩევია, არა სცოდნია. აფსუს გერმანიავ! ბ-ნი ჟორდანია მითამდა სწავლისა და ცოდნისათვის იქ იყო წასული, მაგრამ, როგორც ეტყობა, ცარიელი წასულა და ცარიელივე დაბრუნებულა. სირცხვილი გერმანიას! ასე ცარიელი როგორ გამოუსტუმრებია, რომ არც-კი უცოდინებია, — რა არის საკრედიტო დაწესებულება და რაა ფინანსიური. ეს ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და ვერ უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და შიგ-ჩახედული მარქსისტია. მაგრამ გერმანიისა აქ რა ბრალია. გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასვათო, ნათქვამია. აქ მიზეზი კაცია და გუნება, და არა გერმანია.

V


„მეორე მხრითაო, — ამბობს ჩვენი ბრძენი მარქსისტი: — ჩვენებური სათავადაზნაურო ბანკი თავადაზნაურულ-წოდებრივიაო“. რა საბუთით, ჩვენო ბრძენო პუბლიცისტო, ბრძანებთ ამას? ბალღმაც-კი იცის, რომ ყოველივე „თავადაზნაურულ-წოდებრივი“ დაწესებულება მარტო თავად- აზნაურთაგან შესდგება და მარტო თავად-აზნაურთა გამგებლობის ხელთ არის. იქ სხვა წოდების კაცს არც ხმა აქვს და არც ადგილი. თუ არა გჯერათ, ჩაიხედეთ კანონების IX ტომში და დაინახავთ თქვენს მტკნარს უვიცობას და უმეცრობას. ბანკის დაწესებულებას-კი შეადგენს და განაგებს თავად-აზნაურობასთან ერთად სხვა ყოველის წოდების კაციც განურჩევლად, თუ ბანკისაგან ვალი აუღია და ამით მისი წევრი გამხდარა. თუ არა გჯერათ, ჩაიხედეთ ბანკის წესდების მე-81 და 82 და მათს შემდეგს მუხლებში და დაინახავთ იმავ თქვენს მტკნარს უვიცობას, უმეცრობას და საქმეში შიგ ჩაუხედლობას. იქ დაინახავთ, რომ ბანკის წევრად ითვლებიან ერთის მხრით თავად- აზნაურობა და მეორეს მხრით ვალის ამღებნი, — გლეხი იქნება, ვაჭარი, თავადი, აზნაური, თუ მღვდელი. აბა ერთი მიჩვენეთ, — სად არის თუნდ ერთი მაგალითი, რომ „თავადაზნაურულ- წოდებრივი დაწესებულება“ ასე წოდებათა განურჩევლად ერთმანეთში არეული იყოს. მაშ საიდამ მიაკონკეთ ჩვენებურს ბანკს თავადაზნაურული წოდებრივობა? აშკარაა, აქ არავის ბრალი არ არის, გარდა თქვენის უმეცრობისა და გაუგებრობისა.


განა ცხადი არ არის, რომ ამ ჩვენს ქვეყნის ამშენებელს პუბლიცისტს ეს უბრალო ცოდნაც არა ჰქონია, ბანკის უწოდებრივო დაწესებულება თავადაზნაურულ-წოდებრივ დაწესებულებისაგან ვერ გაურჩევია და თამამად-კი არახუნებს თავისას. აქ გასაკიცხი და სამხილებელი ეს უცოდინარობა და უვიცობა იმოდენად არ არის, რამოდენადაც შეუწყნარებელია მწერლისათვის, რომ რაკი არ დაუშლია და საგანზედ ჰლაპარაკობს, იმ საგნის ავლა-დიდება, ვითარება მოიკითხოს, გაიგოს და ისე დაიწყოს ლაპარაკი. ამ შემთხვევაში მით უფრო შეუწყნარებელია ამისთანა საქციელი, რომ საგნის გამოძიებისათვის შორს სირბილი არ დასჭირდებოდა, კანონების IX ტომი და ბანკის წესდება, როცა-კი მოისურვებდა, ხელთ ექნებოდა. მაგრამ-რა? არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო. სურვილიც საგნის ცოდნისა ერთი იმისთანა უნარია, რომელიც კაცს თუ ბუნებით არ გამოჰყოლია, ან სწავლა-განათლებით არ ჩანერგვია, სხვა ვერაფრით გაუჩნდება ადამიანს. ბ-ნი ნოე ჟორდანია ამ სურვილს, ამ უნარს მოკლებულია, როგორც ეტყობა, და ესეც ერთი იმისთანა უტყუარი ნიშანია, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია რაც გინდ გაიბეროს და გაიჭიმოს, მწერლად ვერ გამოდგება.


VI


მეორე საბუთი, რომ ჩვენებური ბანკი „თავადაზნაურულ-წოდებრივი“ არ არის, იმაში მდგომარეობს, რომ ბანკის გამგეობის და ზედამხედველ კომიტეტის წევრად ყოფნა ყველა წოდების კაცს შეუძლიან, ოღონდ-კი ამორჩეული იქმნას. ესეც ხომ პირდაპირი და თვალად დასანახი ნიშანია, რომ ჩვენებური ბანკი „თავადაზნაურულ-წოდებრივი“ არ არის, იმიტომ რომ არც ერთი „თავადაზნაურულ-წოდებრივი“ დაწესებულება არ არის ქვეყანაზე, რომ იწყნარებდეს თავად-აზნაურულ დაწესებაში სხვა წოდების კაცი იყოს ამორჩეული, თუ არ თავადი, ან აზნაური. ამ ანბანის მცოდნე განა იტყოდა, რომ ჩვენებური ბანკი „თავადაზნაურულ- წოდებრივიაო“ და ამისთანა უებრო ტყუილს გაჰბედავდა ვინმე, თუ არ ყოვლად უმეცარი და უვიცი?


ამ უმეცრობის მალაყს ჩვენი პუბლიცისტი არა ჰკმარობს და ჰკადრულობს სხვას, უფრო მსხვილს ტყუილს, რომ თავისს მკითხველებს ისეთივე უმეცრობის ლიბრი გადააკრას თვალებზე, როგორიც თითონა აქვს. იგი ამბობს: თავად-აზნაურობა „იკრიბება ყოველ წელს, ჰბჭობს ბანკის საქმეებზე, მოგებას სხადასხვა მიზანს ახმარებს, ირჩევს ბანკირებს და ასე პატრონობას უწევს. და აი ამ ბანკის წოდებრივი ხასიათი უმთავრესად ამაში იხატებაო“.


აქ არც ერთი სტრიქონი არ არის ისეთი, რომ მტკნარი ტყუილი არ იყოს ჩვენის სახელოვანის და მართლმოყვარე, გერმანიაში გაბრძნობილ ბ-ნ ნოე ჟორდანიასაგან ხელდახელ შეთითხნილი.


ჯერ ერთი ესა, რომ, როგორც წინათ ვთქვით, ბანკის საქმეების საბჭოდ იკრიბება თავად- აზნაურობასთან ერთად იგინიც, ვინც თავად-აზნაურნი არ არიან და სხვადასხვა წოდებას ეკუთვნიან. მეორე ისა, რომ თავად-აზნაურთა კრება, როგორც წოდებრივი დაწესებულება, ყოველ წელიწადს არ იკრიბება, არამედ სამს წელიწადში ერთხელ. თუ ამაზედ ადრე მოინდომებენ კრებას, იგი საგანგებო კრება იქნება და ამისათვის ცალკე ნებართვა უნდა აიღონ მთავრობისაგან და ამისთანა კრებაზე არას შემთხვევაში ვერავის ვერ ამოირჩევენ. ბანკის კრება-კი სავალდებულოა ყოველწლივ, სხვის ნებადაურთველად მოხდება ხოლმე და თავისს მოხელეებს ირჩევს მორიგად ყოველწლივ. მესამე ისა, რომ თავად-აზნაურთა კრება, ვითარცა„თავადაზნაურულ-წოდებრივი“ დაწესებულება, შესდგება მარტო იმისთანა თავად- აზნაურთაგან, რომელთაც კანონში ჩამოთვლილი ცენზი აქვთ, სახელდობრ, ჩინი ან ნასწავლობის დიპლომი და განსაზღვრულის სივრცის მამული. თავად-აზნაურთა კრებას, ვითარცა თავად- აზნაურულ დაწესებულებას, თავმჯდომარედ ჰყავს თავად-აზნაურთა მარშალი. ჩვენის ბანკის კრებაში-კი არავითარი ცენზია დადებული, ბანკის კრებაში, როგორც უწოდებრივში, თავმჯდომარედ იგია, ვისაც თითონ კრება ამოირჩევს, წოდების მიუხედავად, და მარტო ერთის კრებისათვის და არა სამის წლობით, როგორც თავად-აზნაურთა წოდებრივ კრებაშია. მართალია, ჩვენებურ ბანკის წესდება ბევრჯელ შეიცვალა, მაგრამ არასდროს ბანკის კრება არაფერში არ ჰმსგავსებია „თავადაზნაურულ-წოდებრივ დაწესებულებას“, და ამისი ყველაზე მეტი თვალსაჩინო საბუთი ის არის, რომ თავად-აზნაურთა კრებას, როგორც წოდებრივს, უფლება არა აქვს თავისი განაჩენი აღსასრულებლად მიაქციოს, ვიდრე იგი მთავრობის წინაშე წარდგენილი არ იქნება და მთავრობის მიერ დამტკიცებული. ბანკის კრების განაჩენი-კი, რაკი დადგინებულ იქმნა, მითვე დამტკიცებულია და აღსასრულებლად მიიქცევა ხოლმე, ასე რომ ამაში არავის სხვის ნებართვას არ ჰსაჭიროებს.


სხვა რომ არა იყოს-რა, მარტო ის ამბავი, რომ თავად-აზნაურთა მორიგი კრება სამს წელიწადში უნდა გაიმართოს და ბანკის მორიგი კრება-კი ყოველწლიურია, მარტო ეს ამბავი საკმაოა, რომ კაცმა ეს ორი სხადასხვაგვარი დაწესებულება ერთმანეთში არ არიოს, ერთმანეთისაგან გაარჩიოს. იმას ნუღარ ვიტყვით, რომ თავად-აზნაურთა კრება, როგორც წოდებრივი დაწესებულება, თავისს საქმეებს განაგებს კანონების IX ტომის ძალითა, და ბანკის დაწესებულება-კი ექვემდებარება მარტო თავისს საკუთარს და ცალკე წესდებას, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება და კავშირი არა აქვს IX ტომთან.


მაშ საიდამ მოაჭორა ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ ამისთანა მსხვილი ტყუილი? აბა თითონა ჰკითხეთ და თუ თითონ არა სთქვა, მე მოგახსენებთ შემდეგში.


VII


წინა წერილში იმაზე შევწყვიტე სიტყვა, რომ ვიკითხე: საიდამ მოაჭორა ბ-ნმა ნოე ჯორდანიამ ისეთი მსხვილი ტყუილი, — ვითომც ჩვენებური ბანკი „თავადაზნაურულ-წოდებრივი“ იყოს. მე საკმაო საბუთები მოვიყვანე, რომ ჩვენებური ბანკის დაწესებულება არც შედგენილობით, არც გამგებლობით, არც რაიმე იურიდიულ ან სხვაგვარ გარემოცულობით წოდებრივი დაწესებულება არ არის. მაშასადამე, ამ მხრით ბ-ნ ჟორდანიას თქმული მტკნარი უმეცრობაა, მტკნარი ტყუილია. ეხლა სხვა მხრივ შევხედოთ, ჩვენებურს ბანკს მოქმედება გავუსინჯოთ. იქნება იგი მარტო თავად- აზნაურთათვის ჰმუშაობს, მარტო იმათის ხელის გასამართავად არის, იქნება საგნადა აქვს მთელი თავისი მოგება მარტო ამ წოდებას ჩაუყაროს ჯიბეში და იქნება ამ საბუთების ძალით ბ-ნს ჟორდანიას გამოუნასკვავს, ვითომც ჩვენებური ბანკი „მეორე მხრით თავადაზნაურულ- წოდებრივია“.


რომ ჩვენი ბანკი ყველას ერთნაირად კრედიტით ხელს უმართავს — ეს ხომ ეჭვგარეთ არის. გლეხია, თავადია, აზნაურია თუ სხვა ვინმე, ყველას, წოდების და ხარისხის მიუხედავად, ნება აქვს ჩვენს ბანკს ფული ესესხოს, ოღონდ დასაგირავებლად უძრავი ქონება ჰქონდეს. ამ მხრით ჩვენებური ბანკი, როგორც ცხადად ჰხედავთ, წოდებრივს ნიშანწყალზე შორს არის. არა ნაკლებ შორს არის მოგების განაწილების თვალითაც. მე-101 მუხლი წოდებისა ცხადად ამტკიცებს, რომ მოგება თავად-აზნაურთა ჯიბეში არ მიდის. ყველაზე უდიდესი ერთიანი წილი, ესე იგი 45% მოგებისა, წესდების ძალით, უნდა მოჰხმარდეს ტფილისის გუბერნიის მიწისმფლობელთა და მიწისმომქმედთა საზოგადო საჭიროების გაძღოლას, სასოფლო კრედიტის, სამეურნეო სკოლების სოფლებში მოფენას, სამეურნეო მანქანების და იარაღისათვის საწყობების და სახელოსნოების დამართვას და სხვანი. დანარჩენი, თვითოეულად ბევრით ამაზე ნაკლები წილი, სხვადასხვა თავნის სამატად და ბანკის მოხელეთა გასამრჯელოდ არის დადებული.



იქნება ბ-ნ ნოე ჟორდანიამ არც ის იცის — რას ჰნიშნავს „მიწათმფლობელი“ და „მიწათმომქმედი“. პირველ სიტყვის ქვეშ იგულისხმება თავად-აზნაურობა და მეორის ქვეშ გლეხკაცობა. ასეა ყოველგან მიღებული და თუ ბ-ნი ნოე ჟორდანია ამაში გაგვიჭირვეულდება, ახალს საბუთს მოგვცემს თავისის უმეცრობისას. ხომ ვხედავთ, რომ ეს ჩვენი გერმანიაში გაწურთნული პუბლიცისტი ვერც ამ მხრით უკიჟინებს ჩვენს ბანკს წოდებრივობას და მაშ საიდამ გამოხანხლა თავისი ჭორი? მარტო სახელს თუ შეუცდენია, რომ ჩვენს ბანკს თავად-აზნაურთა ბანკი ჰქვიან. ქუთაისის საადგილ-მამულო ბანკს, სხვათა შორის, „მიხაილოვის“ სახელიცა ჰქვიან, დიდის მთავრის მიხეილის პატივსაცემლად, და განა იგი ბანკი დიდის მთავრისაა? აქაურ კომერციის ბანკს ტფილისის საკომერციო ბანკი ჰქვიან და განა აქედამ ის გამოდის, რომ იგი ბანკი ტფილისისაა და ტფილისის ქალაქის გამგებლობაშია? ამისთანა შემთხვევაში სახელი ყოველთვის თვით საგანს არა ჰნიშნავს და არც საგნის ვითარებას. აქ სახელის გარდა საჭიროა კაცმა თვით არსებითი საგანი დაწესებულებისა იცოდინოს და მარტო ტიტულს არ დასჯერდეს.


VIII


ხოლო ბ-ნ ნოე ჟორდანიასთვის ღმერთს არც ცოდნა ურგუნებია და არც ცოდნის სურვილი, თორემ ასე გამოუკითხავად არ გაირჯებოდა, არ მოიქცეოდა. რა ეს და რა სხვა! აი თუნდ ერთი მაგალითიც, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია არ დაგიდევთ, რას ამბობს და რას არა და მის მიერ ხმარებული სიტყვა ან მას თითონაც არ ესმის, ან უნდა გამოგვიტყდეს, რომ განგებ და განზრახ აბრიყვებს მკითხველს. აი იგი იმავ მეთაურში რას არახუნებს: „ბანკი მას (მითამდა თავად- აზნაურობას) უფრო და უფრო ასუსტებს და არღვევს; ბანკის დამფუძნებელთ(?!) ეყიდებათ მამული და ღატაკდებიანო“. არ შეიძლება ბ-ნმა ჟორდანიამ გვიბრძანოს: სად, როდის და რა შემთხვევაში „დამფუძნებელთ“ ეყიდებათ მამული ბანკის საშუალებით? ბევრიც რომ თავი იფხანოს, ბევრიც რომ გაიჭაჭოს, ამას ვერ გვეტყვის, იმიტომ რომ „დამფუძნებელი“ ბანკისა ამ მხრით ყოვლად ხელშეუხებელია და მამულის გაყიდვის, თუ არ-გაყიდვის გამო ბანკს საქმე აქვს მარტო იმასთან, ვისაც ბანკში მამული გირაოდ შეუტანია და ვალად ფული გაუტანია. ამისთანა კაცს ვალის ამღები ჰქვიან და არა „დამფუძნებელი“.


„დამფუძნებელი“-კი მარტო ფულის ჩამომსვლელია და საქმის დამაარსებელი. ჩვენის ბანკის დამფუძნებელმა იმისთანა სიკეთეც გამოიჩინა, თვისდა სასახელოდ, რომ მისის ფულით და მისის ღვაწლით დაარსებულ საქმის გასაძღოლად და წარსამართავად ყოველ წოდების კაცს კარი გაუღო, ყოველის წოდების კაცი მიიწვია, იძმო, მოდით, ერთად ვიშრომოთო, წოდების და ხარისხების მიუხედავადო, თუკი ჩვენის ბანკიდამ სესხით ხელის გამართვას მოიწადინებთო. ამ- სახით, „დამფუძნებელი“ მარტო ბანკის დამაარსებელია და ფულის ჩამომსვლელი და სხვა არავითარი ცალკე ქონებრივი დამოკიდებულება არა აქვს ბანკთან, და ვისი რა პასუხისმგებელია, ვისი რა მზღვეველია თავისის მამულითა?

აშკარაა, ამ შემთხვევაშიც ამ ჩვენს ბრძენს პუბლიცისტს, თავისის ახირებულ ჩვეულებისამებრ, არა სცოდნია — რაზედ რას ლაპარაკობს, ვალის ამღები და ბანკის დამფუძნებელი ერთმანეთში აურევია, ერთი მეორისაგან ვერ გაურჩევია. აშკარაა, ამ ჩვენს ვაჟბატონს მის მიერ ხმარებულ სიტყვის მნიშვნელობაც-კი არა სცოდნია და ერთობ საგნის ცოდნას ვიღა იკითხავს. ბანკი დამფუძნებელს, როგორცა ვთქვით, ახლოც ვერ მიეკარება მამულის თაობაზე. იგი მამულს უყიდის მარტო ვალის გამტანს, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ ვალის დაბრუნების პირობა თავისს დროზე არ შეუსრულა. აქ რა შუაშია დამფუძნებელი, როგორც დამფუძნებელი. მართალია, შესაძლოა დამფუძნებელი ვალის ამღებიც იყოს, ხოლო ამ შემთხვევაში იგი პასუხისმგებელია, ვითარცა ვალის ამღები და არა „დამფუძნებელი“. მაშ, რა საბუთი ჰქონდა ბ-ნ ნოე ჟორდანიას, რომ ის ეთქვა, რაცა სთქვა დამფუძნებელზე. განა ყველა დამფუძნებელი ვალის ამღებიც არის,რომ ერთობ ერთს მაფრაშაში მოაქცია ვალის ამღები და დამფუძნებელი? მართალია, უმეცრობის მაფრაში პირგანიერია და ყველას გადაჰყლაპავს, მაგრამ განა აქედამ ის გამოდის, რომ პუბლიცისტმა ორი სხვადასხვა საგანი ერთმანეთში დომხალივით აურიოს!


განა აშკარა არ არის, რომ აქ ჩვენ ყოვლად მტკნარ უმეცრობასთან გვაქვს საქმე, ამისთანა უანბანო უვიცობასთან, რომელიც სათაკილოა გიმნაზიის პირველ კლასის მოწაფისათვისაც, და ბ-ნ ჟორდანიას-კი, როგორც მისის ამქრის ამბავი ვიცი, სასახელოდ გაუხდება. კაცს რომ არ გაეგებოდეს რას ჰქვიან ბანკის „დამფუძნებელი“ და რას — ვალის ამღები, და ბანკის თაობაზედ- კი მაინცდამაინც სჯიდეს და ბჭობდეს, მეტი სითამამე და კადნიერებაღა გნებავთ! აი, რის შემძლებელია უმეცრობა, რის გამბედავია! აქ რა ტვინის ძარღვების დაჭიმვა მოუნდებოდა ბ-ნ ჟორდანიას, რომ ჯერ შეესწავლა, — რას ჰნიშნავს „დამფუძნებელი“ და რას — ვალის ამღები და მერე ელაპარაკნა, რაკი ენის ქავილი არ ასვენებდა. გარნა რას იზამთ, რომ უზურში ამისი უნარი და საფანელი არ არის. გავუსწოროთ უმეცარს უმეცრობის ცოდვა და ჩავაგონოთ, რომ თუ ბანკი მამულს უყიდის ვისმე, სხვას არავის, თუ არ ვალის ამღებსა, ისიც მარტო იმ შემთხვევაში, როცა ვალის ამღები ვალის დაბრუნების პირობას არ ასრულებს. მაშ როგორ ჰნებავს ამ გერმანიაში გამეცნიერებულს ვაჟბატონს, რომ ბანკმა თავისის ხელითვე საფლავი არ გაითხაროს? მაშ რა ჰქმნას ბანკმა, რომ მის მიერ ნასესხი ფული ძალით არ დაიბრუნოს, თუ სესხის ამღები ნებით არ უბრუნებს ნასესხსა? ნუთუ მარქსი ოდესმე დამდურებია ბანკს, რომ მის-მიერ გასესხებულს ფულს ძალით იბრუნებს, თუ ნებით არ უბრუნებენ. რომელი ბანკია ქვეყანაზე, რომ ბარაქალა ან მადლობა უთხრას სესხის ამღებს, როცა ნასესხს არ უბრუნებს პირობისამებრ? აბა ერთი ბ-ნ ჟორდანიამ გამობღერტოს თავისის უმეცრობის მაფრაშა, იქნება სადმე კუნჭულშია მივარდნილი ამისი პასუხი.


ან ერთობ შესაძლოა განა ქვეყანაზე კრედიტის არსებობა, რა სახის კრედიტიც გინდ იყოს, თუ თავდებული არ იქნება, რომ თუ ნასესხს ნებით არ დაუბრუნებენ, ძალით გაინაღდებს და დაიბრუნებს. ამ შემთხვევაში საადგილმამულო კრედიტის მწარმოებელი ბანკი, როგორც ჩვენებური ბანკია, მით უფრო ხელშემწყობია სესხის ამღებისათვის, რომ მარტო დაგირავებული მამული უნდა იკმაროს, თუ გაყიდვაზე მისდგა საქმე, და სხვა ყოველი ქონება ვალის ამღებისა თავისუფალია, თუნდ დაგირავებულმა მამულმა ნახევარი ვალიც ვერ ააყენოს და ვალის ამღებს თუნდ მილიონები სხვა ეწყოს. სხვაგვარ კრედიტის მწარმოებელ ბანკებს ნება აქვთ, თუ ერთი რომელიმე ქონება ვალის ამღებისა ვალს ვერ გაუწვდა, ყოველს სხვას მის ქონებას აზღვევინონ ნაშთი ვალისა, და თუნდ ცარიელ პერანგის ანაბარას დასვან ვალის ამღები, წარბსაც ვერავინ შეუხრის. მაშ, რაზედ აუთვალწუნებია ბ-ნს ნოე ჟორდანიას ჩვენი ბანკი, როცა იგი, ვითარცა საადგილმამულო კრედიტის დაწესებულება, სხვა ბანკებზე უფრო ხელგაუშლელად, შეღავათიანად ჰხმარობს იმ უფლებას, ურომლისოდაც ვერაგვარი კრედიტი ერთს დღესაც ვერ გასძლებს, ერთს დღესაც ვერ იცოცხლებს.


დავანებოთ ამაებს თავი და ერთი ეს ვიკითხოთ: თუ ქონების გაყიდვის შიში, თუ ძალით გამორთმევის ფიქრი და დარდი არ ექნება ვალის ამღებს, ვიღა აიტკივებდა თავს ვალის მოსაშორებლად. ეს ერთის მხრით, და მეორეს მხრით, ვინ ოხერი იქნებოდა ფული ანდოს ვისმე სესხად და ნება არა ჰქონდეს ძალით აზღვევინოს, თუ ნებით არ დაუბრუნეს? ამიტომაც ქონების გაყიდვა კრედიტის არსებობისათვის ისეთივე აუცილებელი ძირეული კუთვნილებაა, როგორც ადამინისათვის სული და ხორცი.


IX


მართალია, კრედიტი ორ-პირი მახვილია. ვინც კრედიტით მოპოებულ ფულს საქმეს მოახმარებს და მით საქმეს შემოსავლისათვის გაიძლიერებს, მისთვის კრედიტი მისწრაფებაა, და ვინც გაჰფლანგავს და ჭერში ქუდის სროლით ლხინს მოანდომებს, მისთვის ყელის გამოსაჭრელია და საფლავის მთხრელი. აქ თითონ კრედიტი რა შუაშია, როცა კაცი თავისის-თავის მტერია? დანისა რა ბრალია, როცა კაცი მით ყელს იჭრის მაშინ, როდესაც იგი გაჩენილია, რომ კაცს ყელები-კი არა სჭრას, არამედ საქმე უკეთოს. რკინისგზა რა შუაშია, თუ კაცი განგებ, ან გაუფრთხილებლობით ქვეშ მოჰყვება და გაიჭყლიტება? განა ამ შემთხვევაში საბუთი აქვს ჭკუათამყოფელს კაცს სთქვას, რომ ბუნება და დანიშნულება რკინისგზისა ის არის, რომ კაცები ჟლიტოსო? არა აქვს საბუთი, მაგრამ ახლა ზოგიც ბ-ნ ნოე ჟორდანიასა ჰკითხეთ. განა აშკარა არ არის, რომ როცა ეს ბრძენი კაცი ჩვენს ბანკზე ჰლაპარაკობს, დამფუძნებელთ, ჩვენებურად, ვალის ამღებს, ჰღუპავსო, სწორედ ამ სასაცილო ლოღიკით ჰლამის ფონს გავიდეს. უბადრუკობა და ცარიელობა ამაზე მეტიღა იქნება!


ყველაზე სასაცილო სიბრძნე ბ-ნ ნოე ჟორდანიასი არის შემდეგი: ხომ სთქვა, რომ „ერთის მხრით ჩვენებური ბანკი ბურჟუაზიულ-ფინანსიური დაწესებულება არის და მეორეს მხრით თავადაზნაურულ-წოდებრივიო“, მერე ასე სამასხაროდ ჰბჭობს: „პირველ შემთხვევაში ის (ესე იგი ჩვენებური ბანკი) ჰხატავს პრინციპს ფულის ბატონობისას, ხოლო მეორე შემთხვევაში პრინციპს წოდების განმტკიცებისასო. მარა რადგანაც ეს ორი მოვლენა — ფული და წოდება — ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება, ამიტომაც ბანკიც იძულებულია ამ წინააღმდეგობაში იტრიალოს და მით თავის-თავს ებრძოლოს“-ო.


ერთი ქუდი დასდეთ და სამართალი ისე ჰქენით: ეს გადაჩერჩეტებული და დამთხვეული ტირადა ბოდვაა გონებადაბნეულისა, თუ სჯა ჭკუათამყოფელის კაცისა? პასუხი ამისი ცხადია. ნეტა რას ჰნიშნავს ეს „ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება“?



განა ფული როდის მივარდნია ბ-ნ ჟორდანიას წოდებისაგან ცხვირპირ-დასისხლიანებული საჩივრად, ან წოდება როდის უნახავს ფულისაგან გატყეპილი. ამათ შორის დავიდარაბას, ერთმანეთზე მისევას, ერთმანეთში წინააღმდეგობას, ჩხუბს და ომს ვინ მოსწრებია... ან ერთი მითხარით: რა აზრი არის შიგ, როცა ამბობენ, — ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგებაო. როგორ? ფული და წოდება ერთმანეთთან ვერა თავსდება, როგორც ცეცხლი და წყალი, თუ ერთი რამ ხათაბალა ასტეხია ფულსაცა და წოდებასაც. ფული ხომ წოდების ჯიბეშიაც მშვიდობიანად ჩადის, ბინას იკეთებს და მშვიდობიანად სძლებს, როგორც ცალკე კაცისაშიც, და ორსავ შემთხვევაში ერთსა და იმავე უნარს იჩენს, ორსავ შემთხვევაში არც ზნეს იცვლის, არც ფერსა და სულ ერთსა და იმავე მხიარულ გუნებაზეა, ვის ხელთაც გინდ იყოს. მაშ საიდამ გამოატყვრინა ჩვენმა მეცნიერმა პუბლიცისტმა ეს „ძირიანი წინააღმდეგობა“? ან ფულის ბუნება, ან წოდებისა, განა იმისთანა რამ არის, რომ ერთი მეორეს ვერ მიეკარება, ერთი მეორეს ვერ მიუვა? ან იქნება ფული წოდებას ჰთაკილობს, არა ჰკადრულობს, ან ფულს წოდება, თუ რამ სხვა ეშმაკია აქ დამალული?


აქ არავითარი ეშმაკი არ არის. აქ მარტო იგივ უმეცარი ბ-ნი ჟორდანიაა, რომელსაც დავთრები არევია, რომელსაც არა სცოდნია არც ის, თუ რა არის ფული, არც ის, თუ რა არის წოდება, თორემ იმას არ იტყოდა, რაცა სთქვა.


„ძირიანი წინააღმდეგობა“ ფულსა და წოდების შუა! გაგიგონიათ სადმე, ან ვისგანმე ასეთი თავზე ხელაღებული ბოდვა! ჭკუის კოლოფს რომ იტყვიან, სწორედ ეს არის, თუ არ დაგიშლიათ! ბ-ნი ნოე ჟორდანია ახალი კაცია და სულ იმას ჰქადულობს, რომ ახალი აზრები შემოაქვს ჩვენში. თუმცა ამ სიტყვებში არავითარი აზრი არ არის, არც ძველი და არც ახალი, მაგრამ მთლად ახალი ბოდვა კია, და ყოველივე ახალი, გინდ ბოდვაც და სულელობაც იყოს, მაინც კარგია, თორემ ბ-ნი ჟორდანია ხელს არ მოჰკიდებდა.


X


ეხლა ერთი ეს ვიკითხოთ, რა ძალა ადგა ბ-ნ ჟორდანიას, რომ ესეთს ბოდვას მოჰყვა და უმეცრობის მტვერ-ბუქი ააყენა ჩვენებურ ბანკის გამო. რაკი ანბანიც იმ საქმისა არ გაეგებოდა, რაზედაც ლაპარაკობს, ბარემც თავისს ქერქში ყოფილიყო და კუსავით ფეხი არ გამოეყო, ვითომდა მეც ნახირ-ნახირო. მაგრამ რას იზამთ? ხელთ ჩაუგდია „კვალი“ და ხომ მოგეხსენებათ: „ყვავი რა ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია“.


ეს ხომ ფული და წოდება ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ, ბ-ნ ჟორდანიას სიტყვით. ეხლა ყური ათხოვეთ, აქედამ რა გამოჰყავს: „ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგებაო და ამიტომაც ბანკიც იძულებულია ამ წინააღმდეგობაში იტრიალოს და მით თავის-თავს ებრძოლოს“. ღმერთი არ არის თქვენში, — ერთი ღვთის გულისათვის მაინც უპატრონეთ ამის მთქმელსა, თორემ სადავე თუ მიუშვით, ვინ იცის, რა კლდე-ღრეზე გადაიჩეხოს. მადლია, მიჰხედეთ!

საკომერციო ბანკები ვაჭართა წოდებისათვის უფროა დაარსებული, სასოფლო ბანკები გლეხთა წოდებისათვის, სახელმწიფო სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი მარტო და განსაკუთრებით თავად-აზნაურთა წოდებისათვის. მაშ ამაებშიაც, რადგანაც ერთის მხრით ფულია და მეორე მხრით წოდება, ფული და წოდება ერთმანეთს ძირიანად ეწინააღმდეგება და ამიტომაც ეს ბანკები იძულებულ არიან ამ წინააღმდეგობაში იტრიალონ და მით თავისს თავს ებრძოლონ! ასე გამოდის ბ-ნ ჟორდანიას ლოღიკით. ლოღიკა კარგი საქონელია და ვწუხვართ, რომ ამ ჩვენს უებრო მარქსისტს და ლოღიკას სწორედ ის საქმე დაჰმართვიათ, რაც ფულსა და წოდებას, ბ-ნ ჟორდანიას თუ დავუჯერებთ.


აი, რა მადანი სიბრძნისა მოგვიტანა ბ-ნმა ჟორდანიამ გერმანიიდამ. ბევრს სხვასაც შეუნიშნავს ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში და ჟურნალ-გაზეთობის გარეთაც, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია უცოდინარი, უვიცი კაცია და არც სურვილი აქვს იცოდეს რამე, არც უნარი რამ მწერლობისა ღმერთს იმისთვის მიუმადლებია. მე ერთი, ერთადერთი სიტყვაც არ მახსოვს მისი იმისთანა, რომ ცოცხალი სიტყვა იყოს, გულსა და გონებას გასაღვიძებლად მოხვედროდეს. აბა რამდენი უწერია და ერთი ამისთანა სიტყვა მაგალითად მიჩვენეთ. მისი საუბარი ერთი რაღაც უგემურად კევის ღეჭვაა. საკუთარი აზრი არაფერში არ აბადია: რაც სხვისაგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია, ისიც ღმერთმა იცის როგორ, და რაც მისს საკუთარს ჭკუაზე მივარდნილა, იქ ყველგან ფეხი მოსხლეტია და სრული არარაობა გამოუჩენია. ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნად, აქაო და ხუთი-ექვსი ფრაზა რუსულ მარქსიზმისა უსწავლია, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან,რომელთანაებზე თითონ მარქსმა სთქვა: რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას-კი ნუ დამწამებთო. ასე იუარა მარქსმა იმისთანა მარქსისტები, როგორიც დღეს ჩვენში ბ-ნი ნოე ჟორდანიაა და მისნი წილადობილნი. დრო მოვა და ყოველივე ეს მზეზე გამოიფინება და განკითხვის დღისა წინაშე გამოსჭიმავს ვინმე ამ ჩვენს ვაჟბატონს მთელის თავისის სიგრძე- სიგანითა. მე-კი რის ღონე და შეძლებაც მქონდა, მარტო იმას მოვკიდე ხელი და მეტს აღარას შევეჭიდე.


ამით ვათავებ ამ წერილს უმეცრობის ფართი-ფურთობის თაობაზე. ვიცი, ჩემი მკითხველი დამემდურება და მისაყვედურებს: განა ღირს ბ-ნი ჟორდანია, რომ იმის გამო ამდენი დრო, ქაღალდი და მელანი დაიხარჯოსო? მართალი ბრძანებაა, მეც ვიცი, რომ ჩიტი ბდღვნად არა ღირს და უკან დევნა მეტია. სწორედ ჩემსავით მოცლილი უნდა იყოს, რომ ასე გააჭიანუროს საუბარი ამისთანა კაცზე. ხომ მოგეხსენებათ, — რა ძნელია მოკლედ თქმა იმისთანა ადამიანზე, რომელსაც საკუთარი ნიშანწყალი არც ბუნებით დაჰყოლია, არც სწავლით და არც ცოდნით მოუპოვებია და შეუძენია. სადღაც გამიგონია, მგონია ილია ჭავჭავაძის ლექსშია, თუ ხსოვნა არ მღალატობს, რომ „ფუყე, უსახო კაცისა მოკლედ აღწერა ძნელიაო“. მეტყვიან: ნუ შეხვალ, ნუ ებანები, ნუ გამოხვალ, ნუ თრთიო, და რად შესტოპე, თუ ეს იცოდიო? რა მექნა, რომ არ შემეტოპნა? დიდი ხანია გულს მისიებს, გულს მიმღვრევს ბ-ნ ჟორდანიას უმეცრობის ფართი-ფურთი და ქადილების მტვერ-ბუქი. ვითმინე, ვითმინე და ბოლოს აივსო ფიალა მოთმინებისა. ვიდრე ბ-ნი ჟორდანია გვიგალობდა ეგრეთწოდებულ ერფურტის პროგრამიდამ გაზეპირებულს ხუთ-ექვს სტიქონს, მე არა მენაღვლებოდა-რა, რადგანაც ვიცოდი, ქარის მობერილს ქარივე წაიღებდა. რაც გინდ ბევრი ეჭიკჭიკნა, რომ არიქა, ბიჭებო, ღვთის მადლით ჩვენში კაპიტალისტობა მობრძანდა, არიქა მისდა სადღეგრძელოდ და სასუფევოდ სოფელი გავაქალაქოთ, გლეხკაცობას მამულები ჩამოვართვათ, თორემ თუ პროლეტარიებად არ იქცნენ, კაპიტალისტობა შემოგვწყრება, ჩვენში ფეხს ვერ მოიკიდებს და ეს პროგრესის ღალატი იქნებაო და სხვა ამისთანა აბდაუბდა, — მაინც ეს ამისთანა ჭიკჭიკი იმისთანა მერცხლისაგან, როგორიც ბ-ნი ჟორდანიაა, ჩვენში გაზაფხულს ვერ მოიყვანდა. მე ეს კარგად ვიცოდი და აინუნშიაც არ მომდიოდა. ვამბობდი, — ამისთანა ბოდვას ვინ ათხოვებს ყურსა-მეთქი.

XI


სულ სხვაა, როცა სჯიჯგნიან იმისთანა საქმეს, რომელიც ჭირადაც გვყოფნის და ლხინადაც, რომელიც დიდის ღვაწლით და შესაწირავით აგვიჩენია, გაგვიმართავს და ეს ოცდაექვსი წელია ვამოქმედებთ. სულ სხვაა, როცა ამისთანა თვალწინ დაყენებულ საკუთარს საქმეზე განგებ თუ უნებლიეთ თვალებს გვიბმენ, გონებას გვიხშობენ, გულს გვიტეხენ. რაც გინდ დამწამონ, რაც გინდ გუნდრუკის კმევა მიკიჟინონ, მე ამაებს არ შევუშინდები და იმ უეჭველს მართალს გულის სიწმინდით ვიტყვი, რომ ჩვენებური ბანკი, რომელიც წელიწადში ოცი ათას თუმანზე მეტს მოგებას იძლევა და ამ ოცი ათას თუმნიდამ თითქმის ათი ათასს თუმანს საზოგადო, საქვეყნო ჭირსა და ვარამს ანდომებს, იმისთანა დაწესებულებაა, რომ ყველა რიგიანს და ჭეშმარიტ ქართველს უნდა სასიქადულოდ და თავმოსაწონებლად მიაჩნდეს, რომ შევძელით, ამისთანა რამ შევქმენით, ჩვენის საკუთარი ღონით და შეძლებისამებრ ვპატრონობთ და ვუძღვებით. როცა ბ-ნი ჟორდანია და მისი ამქარი ამისთანა საქმეზე ტყუილებით თვალს გვიბრმავებენ, განგებ, თუ უნებლიეთ სახელს უტეხენ, რომ მით გულიც გაგვიტეხონ, მხნეობა დაგვინელონ და ეს ერთადერთი საკუთარი საქმე გულიდამ ამოგვაღებინონ, ნუთუ არა ჰგრძნობენ რას სჩადიან?


ვინ რას იტყვის, რომ, თუ ნაკლულოვანობა აქვს ჩვენებურს ბანკს, ამხილოს ვინმემ და გულისტკივილით თავიდამ მოაცილოს, გულმტკივნეული დარიგება და სარჩიელი მისცეს. მადლობის მეტი რა ეთქმის ამისთანა კაცს. ხოლო ბ-ნი ჟორდანია ამისთანა კაცი არა ყოფილა, მაშასადამე, ბევრ სიკეთესთან ერთად არც გული ჰქონია გულის ადგილას. ამას იმ საბუთით ვამბობთ, რომ ნამდვილი და მართალი ნაკლი ჩვენებურ ბანკისა ვერ დაუნახავს, ვერ გაუთვალისწინებია და ტყუილებით მისდგომია და ჰლამობს ძირი და სახელი მოუთხაროს, მიწასთან გაასწოროს.


რა ჰქვიან ამისთანა საქციელს მე არ ვიცი, და რიგიანი კაცი-კი ამას ინატრებდა, რომ დედამიწა გაირღვას და თან ჩაიტანოს, ვიდრე თავისის ქვეყნის ერთადერთს საკუთარს საქმეს, საკუთარის თაოსნობით წარმოებულს და მომქმედს, ასეთი დღე დააყენოს. იმისი მაინც როგორ არა სცხვენიათ, რომ ჩვენებურს ბანკს არავითარი წოდებრივი საგანი არა აქვს, არავითარი კერძო ინტერესი. აბა ერთი სხვა ბანკი გვიჩვენეთ იმისთანა, რომ მისი მოგება არავისს ცალკე ჯიბეში არ მიდიოდეს და მარტო საზოგადო საქვეყნო საჭიროებას ჰხმარდებოდეს. აბა ერთი იმისთანა ბანკი მიჩვენეთ, რომ ფულს მე ჩამოვსულიყავ და მოგება-კი საზოგადო საჭიროებისათვის შემეწიროს. ქვეყანაზე ამისთანა ჰუმანიურს, თანასაგრძნობელს დედააზრზე აგებული ბანკი სხვა არსად გამიგონია და ხელი არ უნდა გაუხმეს იმ ბოროტს, ვინც ამისთანა საქმეს ჰლამობს ცილისწამებით, ტყუილებით ციხე-სიმაგრე შეუნგრიოს, სახელი გაუტეხოს. მაშ რაღაა იგი თქვენი თავში ცემა და ყვირილი, რომ ყველა ცალკე ადამიანი საზოგადოებისათვის უნდა იღვწოდეს, საზოგადო გამოკეთებას და გამდიდრებას უნდა ემსახურებოდეს და არა მარტო თავის თავსაო. მაშ ის თავში ცემაც და ყვირილიც ტყუილი ფართი-ფურთი ყოფილა! თავად-აზნაურობამ დააარსა ჩვენი ბანკი, მის მოგებაში, თვისდა სასახელოდ, თითონ საკუთრად წილი არ ჩაიდო, იგი საზოგადო საჭიროებას შესწირა და თქვენ-კი გამოსულხართ და ეუბნებით: ეგ რა ჰქენით, თქვენი საფლავი თქვენის ხელითვე რათ გაითხარეთო. კაცობაა ასეთი საქციელი? ეს არის თქვენი ახალი მოძღვრება! ეს ხომ პირდაპირ იმასა ჰნიშნავს, რომ კაცი საზოგადო საქმიდამ გინდათ კერძო ინტერესზე ჩამოახდინოთ, საზოგადო საჭიროებისათვის ფეხადგმული კაცი მის საკუთარ კერძო ინტერესზე მიახედოთ და, რომ უფრო ადვილად მისწვდეთ თქვენს საწადელს, შიშით გულს უხეთქავთ, იღუპებიო, რომ სხვას საშველად ხელს უწვდიო და თქვენსას ყველას უწილადებთ წოდებისა და ხარისხის განურჩევლადო! ამისი თქმა გინდათ განა! მაშ ამაში სხვა რა აზრია, როცა ამბობთ, მერე ტყუილადაც, რომ ბანკი, რომელსაც საგნად აქვს თავისის მოგებით საზოგადო საჭიროებას გაუძღვეს, შენ გასუსტებს და გარღვევსო, მამულებს გიყიდის და გაღატაკებსო. ეს ყოველივე ხომ ცოცხალი ტყუილია და რად გინებებიათ ასეთი ტყუილი მუქარა და შიში? ძლივძლივობით ჩვენში საზოგადო საქმის სურვილმა ფეხი აიდგა, საზოგადო საჭიროებისათვის ფულის გადადებამ და გამოღებამ ძლივძლივობით ერთი საზოგადო საქმე შექმნა საზოგადო სამსახურისათვის, კერძო ინტერესები არ იკადრა, არ გააჭაჭანა და ამაზე ადამიანს აფრთხობთ და გულს უტეხთ. ეს არის თქვენი სიმბოლო სარწმუნოებისა, ეს არის თქვენი ახალი აღთქმა! ეგ ხომ ათადამ-ბაბადამვე ვიცოდით, რომ თუ მე არ ვიქნები, ქვა ქვაზედაც ნუ იქნებაო. ეს ხომ საზოგადო ინტერესებიდან კერძო ინტერესებზე ჩამოხდომაა! ეს ხომ უკან გაბრუნებაა წინ მიმავალ კაცისა! ეს ხომ უკან დახევაა! ამას რუსები „აბრუნდის“ ეძახიან, სომხები იტყვიან ხოლმე: „ეი ახმახ“, ქართველები-კი: ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო!


მე არ ვიცი, ამ ჩემი წერილისაგან ბ-ნი ნოე ჟორდანია ჭკუას მოვა თუ არა. ვაი, თუ მგლის თავზე სახარების კითხვა დამემართოს და გადარეული უფრო გადაირიოს. ესეც-კი შესაძლოა: იქნება, იმის ქედმაღლობის ამბავი რომ ვიცი, მე და ჩემი წერილი ცხვირ-ზევით აიცდინოს, ვითომდა არა გვკადრულობს, თავს არ გვიყადრებს. ეს-კი უეჭველია, რომ უსაბუთობას ვერ მიკიჟინებს, და თუ მიკიჟინა, მკითხველმა გაგვასამართლოს.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

1900 წელი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე...

 
 
bottom of page