top of page

ნ. ნიკოლაძე და მისი შეხედულება ბანკზე

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 3, 2024
  • 10 min read

უფ. ნიკოლაძემ დაბეჭდა „დროებაში“ სტატია, რომელსაც ჰქვიან „ქუთაისის ბანკის საქმე“. თუმცა უფ. ნიკოლაძის გონიერებისა, მიხვედრილობისა და ყველასაგან ცნობილის ნიჭიერებისა დიდი პატივისმცემელი ვარ, მაგრამ არც მე მივცემ ჩემს თავს ნებას და არც თვით უფ. ნიკოლაძე მომთხოვს, რომ ამ პატივისცემას პირუთვნელობა მსხვერპლად მოვუტანო. საგანი, რომელსაც შეეხება იგი სტატია, ისეთის დიდის მნიშვნელობისა არის, რომ მაზედ მრუდე და უსაფუძვლო აზრების გავრცელება ჩვენს საზოგადოებაში დიდს ვნებას მოუტანს ჩვენს საზოგადო საქმესა. უნდა ვაღიარო, რომ იგი სტატია ამ საგანზედ იმისთანა აზრებს ჰქადაგებს, რომელნიც არა მგონია დამჯდარის გონებით იყვნენ მოსაზრებულნი და რომელთაც საქმის წახდენა შეუძლიან არამც თუ ქუთაისის, არამედ თბილისის გუბერნიაშიაც. ამის გამო მე ჩემს უწმინდეს ვალად ვრაცხ პირდაპირ აღვუდგე იმ სტატიასა. მით უფრო დიდის გაბედვით ვკისრულობ ამას, რომ მე კარგად ვიცნობ უფ. ნიკოლაძეს, თვით იგი მიმიხვდება, რომ ამ შემთხვევაში მე აღმძრა იმავ ჭეშმარიტების სიყვარულმა და სიკეთის სურვილმა, რომლითაც შეიარაღებული თვით უფ. ნიკოლაძე ეგრე ნიჭიერად იბრძვის ხოლმე.


უფ. ნიკოლაძე თავისის სტატიის დასაწყისში ამბობს და მართლადაც ამბობს, რომ ვისაც ბანკის დაარსება უნდა, იმან ჯერ უნდა შეიტყოსო: „რანაირ მდგომარეობაშია ის მხარე, რომელშიაც ბანკის გახსნა უნდაო, რა ეკონომიური და სოციალური საჭიროება უფრო ძლიერია იმ მხარეში და რომელი წესი ყველაზედ უფრო სრულად დააკმაყოფილებს ამ საჭიროებასაო“.


უფ. ნიკოლაძეს რომ აქ გამოთქმული აზრი თვით ეწამა და ეგ აზრი ეხმარა ქუთაისის ბანკის წესდების საზომად, მაშინ თვით დაინახავდა, რომ იმ წესდების შემადგენელს მაგ აზრისათვის არც ერთის სიტყვით არ უღალატნია. ვიდრე ჩვენ ამას დავამტკიცებდეთ, საჭიროა ავხსნათ, რა არის კრედიტი.


ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ფულიანი და უფულო ერთმანეთში გარიგდებიან ასე, რომ ერთიმერეს ფულს ასესხებს. მაგგვარი გარიგება მოხდება მაშინ, როცა გამრიგებელთ შორის ნდობაა. აი მაგ ნდობას, რომლის მეოხებითაც ფული ერთის ხელიდამ მეორეში სესხად გადააქვს და რომელსაც გარიგება და პირობა ზედ დაჰყვება ხოლმე, ჰქვიან კრედიტი.


ეკონომიური საგანი კრედიტისა განსაკუთრებით ის არის, რომ იგი უსათუოდ უნდა მოიხმაროს კაცმა ეკონომიურის წარმოების წარმატებისათვის. კრედიტი მხოლოდ ამით შეიქმნება ერთ იმ ეკონომიურ ღონედ, რომლის მეოხებითაც ქვეყნის ნივთიერი კეთილდღეობა და სიმდიდრე მატულობს. მაშასადამე, კრედიტი, წმინდა ეკონომიურის თვისების, იმისთანა რამ არის, რომლის ძალითაც ფული ერთის ხელიდამ მეორეში გადადის მარტო იმ აზრით, რომ ეკონომიური წარმოება განაძლიეროს. ეგ წარმოების გაძლიერება ერთის მხრით ეკონომიური მიზანია კრედიტისა, და მეორეს მხრით მხოლოობითი ეკონომიური სახსარიც არის კრედიტით ნაშოვნი სესხის გადახდისა.


რადგანაც ეკონომიური წარმოება და მასთან შეკავშირებული ქონება სხვადასხვაგვარია, ამის გამო სხვადასხვაგვარი კრედიტიც არის.


კრედიტი, რომელიც მიწისმოქმედებისათვის არის საჭირო და მასზედ უნდა იყოს მიქცეული, არის ის კრედიტი, რომელსაც მეცნიერებაში ეძახიან მიწისსამოქმედო კრედიტსა. მიწისსამოქმედო კრედიტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს საგნად გაძლიერება მიწისმოქმედებისა, ესე იგი იმ წარმოებისა, რომელიც მიწასა და მიწის შემუშავებაზედ არის დამოკიდებული, განირჩევა სხვაგვარის კრედიტისაგან იმნაირის თვისებითა, რომელიც წარმოსდგება მიწისა და მიწის შემუშავების ეკონომიურის ბუნებიდამ. გამოვიკვლიოთ ეგ ბუნება.


მიწისმოქმედებაზედ შეიძლება მიქცეული იქმნას შემწეობა კრედიტისა ორნაირის აზრით: ანუ იმისათვის, რომ კაცმა მალე და ერთბაშად მოიგოს რამე, ანუ იმისათვის, რომ თანდათან, გაუწყვეტლივ, ზედმიყოლებით და მკვიდრად ისე გააძლიეროს, წარმართოს, გააუმჯობესოს მიწისმოქმედება, რომ ხანგრძლივად, გაუწყვეტლად და თანდათან მოგება მატულობდეს და არ დაშრეს. ცხადია, რომ პირველ შემთხვევაში მიწისმოქმედება ქვეყანას არ ააყვავებს, იმიტომ რომ იქ ყოველივე დროებითია, სათუო და სავინიციოა. მეორე შემთხვევაში კი ქვეყნის წარმატება უეჭველია და მტკიცე.


მაგრამ მიწისმოქმედება იმისთანა ეკონომიური წარმოებაა, რომლისაც მკვიდრი და სამუდამო გაუმჯობესობა ხანგრძლივს დროს ითხოვს. ამგვარის წარმოების მსვლელობა თავიდამ შესრულებამდე დიდის დროის განმავლობაში მოხდება. არა კაცის ღონეს და მოხერხებას არ შეუძლიან ამ წარმოებას ფეხი აუჩქაროს, იმიტომ რომ აქ ყოველივე დამოკიდებულია იმ ნივთთა ბუნებაზედ, რომელნიც მიწისმოქმედების ქვემდებარე თანამავალნი არიან და რომელთ თვისების შეცვლა კაცთაგან შეუძლებელია. მაგალითებრ, ხეს ვერ გაზდი იმ დროზედ ადრე, რაც ბუნებას დაუნიშნავს.


ამასთანავე ესეც უნდა ვსთქვათ, რომ ფული, ჩაყრილი მიწისმოქმედების გასაძლიერებლად, ისე შეუხორცდება ხოლმე მიწასა, რომ მისი იქიდამ ერთბაშად ამოღება შეუძლებელია. ამის გამო მიწისმოქმედება სამკვიდროდ ნაქმნარს ხარჯს ერთადერთს დროს კი არ გვიბრუნებს ხოლმე, არამედ ცოტ-ცოტობით და თანდათან გვაწვდის, იმ დროის განმავლობაში, რაც მისი მსვლელობისათვის საჭიროა. ეგ მსვლელობა 30, 40, 50 წელს მოითხოვს ხოლმე.


აქედამ სჩანს, რომ მიწისმოქმედება იმისთანა თვისების ეკონომიური წარმოებაა, რომ ჯერ თავისის გაუმჯობესობისათვის დიდსა და ხანგრძლივს დროსა თხოულობს და მერე თავნსა, რომელსაც მასზედ ვხარჯავთ, გვიბრუნებს ჩვენ თანდათან და ცოტ-ცოტად და არა ერთბაშად, მაშასადამე, კრედიტიც, რომელიც ამ თვისების წარმოებაზედ უნდა იყოს მიქცეული, პირველი ხანგრძლივი უნდა იყოს, მეორე — ისეთი, რომ ცოტ-ცოტაობით და თანდათან გადიხდებოდეს.


რაკი მიწისსამოქმედო კრედიტი უსათუოდ ხანგრძლივი უნდა იყოს, მაშ ეგ კრედიტი კაცის პირადს ღირსებაზედ არ შეიძლება დამყარდეს, იმიტომ რომ კაცი დღეს არის და ხვალ არ იქნება, არც იმისთანა ნივთზედ, რომელსაც ხანგრძლივად გაძლება არ შეუძლიან უიმისოდ, რომ არ წახდეს და ფასი არ იკლოს. მაშ მიწისმომქმედს რით შეუძლიან მოიპოვოს ნდობა, ურომლისოდაც კრედიტი შეუძლებელია? მარტო მიწით, რომელსაც იმისთანა თვისება აქვს, რომ რამდენადაც დიდხანსა ძევს, იმოდენად ფასს მატულობს ხალხის გამრავლებისა და საერთოდ ეკონომიურის წარმატებისა გამო.


მაშასადამე მიწისსამოქმედო კრედიტს სამი უსათუო თვისება უნდა ჰქონდეს: 1) ხანგრძლივი იყოს, 2) ცოტ-ცოტაობით და თანდათან გადასახადი და 3) მიწით დაიმედებული.


ნუთუ უფ. ნიკოლაძე იტყვის, რომ ქუთაისის გუბერნია მიწისმოქმედი გუბერნია არ არის? ნუთუ იტყვის, რომ მიწისმოქმედების საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს მიწისსამოქმედო კრედიტი? ნუთუ მიწისსამოქმედო კრედიტი არ არის თავიდამ ბოლომდე გატარებული ქუთაისის წესდებაშია სრულის სივრცითა და თვისებითა?

რით იწუნებს იმ წესდებას უფ. ნიკოლაძე? პირველი მით, რომ იგი გადმოწერილია სხვადასხვა წესდებიდამაო? და ამაზედ ისევ ხანგრძლივ ლაპარაკობს, თითქოს ეს ამბავი მართლადა დიდი საბუთი იყოს წესდების დასაწუნებლად. მაშ ამას იქით უებარი წამალიც დაუწუნეთ ექიმს, რადგანაც წამალი უსათუოდ იმისაგან არ იქნება მოგონებული, არამედ სხვისაგან ნასწავლი და მიღებული. თქვენ რა გინდათ, საიდამ არის გადმოწერილი წესდება? თქვენ ისა თქვით, ვარგა წესდება, თუ არა. არ ვარგაო, ამბობს უფ. ნიკოლაძე. იმიტომ არ ვარგაო, რომ ჯერ ქუთაისის გუბერნია გამიჯნული არ არის, ჯერ უძრავს ქონებაზედ საკუთრების უფლება გარჩეული არ არისო და კუთვნილებაზედ კანონიერი საბუთი არავისა აქვსო. მაშასადამე ბანკიდამ ფულს თითქმის ჯერ ვერვინ გაიტანსო.


ამის გამო ჩვენში ყოვლად შეუძლებელია აქციონერული ბანკის ხეირობაო ადგილ- მამულზედ ფულის გასასესხებლადაო.


განა მარტო აქციონერულის ბანკის თვისება არის, რომ დასაგირავებელის მამულისათვის მტკიცე საბუთია საჭირო? ეგ თვითონ მიწათმოქმედების კრედიტის არსებითი სულია. ყოველს მიწისმომქმედის კრედიტის ბანკს, აქციონერული იქნება, თუ ერთმანეთის თავდებობითი, მაგ საგანზედ ერთნაირი წესი აქვს დადგენილი შეუცვლელად და მტკიცედ. უმაგისობა შეუძლებელია და უმაგისოდ ქვეყანაზედ არც ერთი მიწისმოქმედების კრედიტის ბანკი არ ყოფილა, არც არის და არც იქნება.


ეხლა ვკითხოთ უფ. ნიკოლაძეს თავისის სიტყვებითვე: რანაირ მდგომარეობაშია ის მხარე, რომლისთვისაც ქუთაისის ბანკის წესდება დაიწერა? სრულს უფულობაში. მაშასადამე წესდებას რა უნდა ჰქონდეს სახეში? ფულის შოვნა სასესხებლად. რა ეკონომიური საჭიროებაა უფრო ძლიერი ქუთაისის გუბერნიაში? მიწისმოქმედება არამც თუ ძლიერია, განსაკუთრებითია, იგი ისეთი საყოველთაო და განსაკუთრებითი ეკონომიური წარმოებაა, რომლის წარმატებისათვისაც ქუთაისის გუბერნიას ფული ჰსჭირია. რომელი წესი ყველაზედ უფრო დააკმაყოფილებს ამ საჭიროებას? იგი წესი, რომელიც კრედიტს დაჰბადავს. რაგვარი უნდა იყოს იგი კრედიტი? იგი უნდა იყოს მიწისსამოქმედო კრედიტი.


ნუთუ უფ. ნიკოლაძე იტყვის, რომ ქუთაისის გუბერნია იმისთანა მხარე არ არის, საცა თითქმის მარტო ერთი ეკონომიური წარმოებაა, სახელდობრ მიწისმოქმედება? ნუთუ იტყვის, რომ მიწისმოქმედების საჭიროებას ვერ აკმაყოფილებს მიწისსამოქმედო კრედიტი? ნუთუ მიწისსამოქმედო კრედიტი არ არის თავიდამ ბოლომდი შეუცვლელად, შეუშლელად, სრულის სივრცითა და თვისებით გატარებული და დაცული ქუთაისის ბანკის წესდებაშია? თუ ამას არ იტყვის, არც ის უნდა ეთქვა, რომ ქუთაისის ბანკის წესდების დამწერსა, თუ შემადგენელსა, ის მხარე და საჭიროება არ უცვნია, რომლისათვისაც ბანკის წესდებას ჰსწერდაო.


სხვა რით იწუნებს უფ. ნიკოლაძე ქუთაისის წესდებას? ჩავუდგეთ კვალში და თვითო-თვითო საბუთი გავურჩიოთ.


ჯერ წუნს იმითი სდებს, რომ იგი გადმოწერილია სხვადასხვა წესდებიდამაო და ამაზედ ისე ხანგრძლივ ლაპარაკობს, თითქო ეს ამბავი მართლადა დიდი საბუთი იყოს წესდების დასაწუნებლად. მაშ ამას იქით უებარი წამალიც დაუწუნეთ ექიმს, რადგანაც იგი წამალი უსათუოდ სხვისაგან იქნება მოგონილი და ხმარებული. როგორც სხვადასხვა სახის ნაკვეთიდამ ერთს ცხოველს სურათს ვერ შეადგენო, ისე სხვადასხვა წესდებიდამ ერთს რიგიანს წესდებასაო. ეს მაგალითი ისე არ უხდება იმ საგანს, რისთვისაც არის მოყვანილი, როგორც კამეჩს რახტი. მაშ დერციკს თქვენთვის შეკრული სერთუკი დაუწუნეთ მარტო იმით, რომ მაუდი ერთისაგან უყიდნია, სარჩული მეორისაგან, ძაფი მესამისაგან და სხვანი, და უთხარით: რადგანაც სხვადასხვა კაცის ნაკვეთიდამ ერთი ცხოველი სურათი ვერ შესდგება, ამიტომაც სხვადასხვა ადგილას ნაყიდი თუ ნაშოვნი მაუდი, სარჩული და ძაფი, ერთს რიგიანს სერთუკს ვერ შეადგენდა-თქო.


ბესარიონ ღოღობერიძეს აუღიაო, ამბობს უფ. ნიკოლაძე, ორი ერთმანეთის წინააღმდეგი ბანკი, ხერსონისა და ხარკოვისა, და მათი საერთო კალაპოტზედ შეუდგენია წესდებაო, ეგ მართალია, მაგრამ ის ბანკები ერთმანეთის წინააღმდეგი კი არ არიან, არამედ ერთს ფესვზედ დგანან და ერთის საგანისათვის და საგანითა სულდგმულობენ. განსხვავება-წინააღმდეგობა რაშია? იმაშია, რომ ერთს ბანკს გირაოდ მიღებული უძრავი ქონება აქვს თავნად, ძირის ფულად, მეორეს ნაღდი ფული. ერთი ბანკი თავის მოვალეებს უძღვება და პასუხს აძლევს განუყოფელად მთელის იმ მამულებიდამ, რომელიც გირაოდ აქვს მიღებული, მეორე — ჯერ მარტო იმ მოვალის მამულიდამ, რომელიც სესხის გადასახადის ფულს არ შემოიტანს, და მერე თავისის ნაღდის ფულიდამ. თვით ოპერაცია, მოქმედება კი ორივეში ერთია. ორივე ბანკი თავისის გირაოს ფურცლებით თვით სესხულობენ ფულებს გასასესხებლად, ორივე ერთი-და-იგივე პრინციპზედ არის დამყარებული, სახელდობრ მიწისსამოქმედო კრედიტის შინაარსზედ, ორივე ერთი-და-იგივე მიზანს სდევენ, სახელდობრ ფულს შოულობენ და ასესხებენ მიწისმომქმედს და მიწას იღებენ გირაოდ, ორივე ერთი-და-იგივე ანგარიშით მოქმედობენ და არსებობენ. განსხვავება ამაებში კი არ არის მათ შორის, მარტო გარანტიის თვისებაშია. ერთის ბანკი საზოგადოებას ეუბნება: ჩემს გირაოს ფურცლებს, რომელიც ჩემი ვექილია, ენდე და ფულად გამინაღდე, იმიტომ რომ, თუ გირაოდ მიღებული მაგ ფულს არ ააყენებს, ჯერ თვითონ მამული გაგვცემს პასუხს, და მერმე ყველას მამული, ვისიც კი შემოტანილია ჩემთან გირაოდ. მეორე ბანკი ეუბნება: ჩემს გირაოს ფურცლებს მოენდე, და ფულად გამინაღდე, იმიტომ რომ, თუ გირაოდ მიღებული მამული მაგ ფულს ვერ ააყენებს, ჩემი ნაღდი ძირის ფული გაგცემს პასუხსა. ამიტომაც სცდება უფ. ნიკოლაძე, როცა ამბობს, რომ „ერთი ბანკი დაფუძნებულია ურთიერთის ნდობაზედ და თავდებობაზედ, და მეორე — სესხზედ და გირაოზე“. არა, ბატონო, ორივე ბანკი დაფუძნებულია მიწისსამოქმედო კრედიტის შინაარსზედ. მხოლოდ გარანტია საზოგადოების წინაშე სხვადასხვა თვისებისაა. ნუთუ მართლა იტყვის უფ. ნიკოლაძე რომ ხერსონისა და ხარკოვის ბანკს შორის სესხის აღებ- მიცემობისა და გირაოდ მიღების თაობაზედ სხვადასხვა წესი აქვს დადგინებული? ნუთუ იტყვის, რომ ხერსონის ბანკი თვით არ სესხულობს, როგორც ხარკოვისა, და ისე არ უძღვება ფულის მთხოვნელთა? ნუთუ ხერსონის ბანკი, როგორც ხარკოვისა, გირაოდ მამულებს არ იღებს და ისე ასესხებს ფულებს? მაშ რა არის გირაოს ფურცლები, რომლის მეოხებითაც ერთი და მეორეც ფულს შოულობენ გასასესხებლად? ნუთუ ეგ სესხის აღება არ არის? მაშ რას ნიშნავს პირველი მუხლი ხერსონის ბანკის წესდებისა, რომელიც ამბობს: Земский банк Херсонской губернии учреждается для доставления землевладельцам Херсонской губернии средств к получению ссуд, под залог поземельной собственности. რას ნიშნავს ეს, თუ არ სესხის მიცემას ბანკიდამ მარტო იმ უსათუო პირობით, თუ გირაოდ იქნება შემოტანილი მამული? მითომ რა განსხვავებაა, რომ ხარკოვის ბანკის წესდება ამბობს: Харьковский земельний банк учреждается для выдачи ссуд, под залог недвижимой собственности და სხვანი? ნუთუ ორივეში ერთი აზრი არ არის გამოთქმული? თუ არა სჯერა უფ. ნიკოლაძეს, გადიკითხოს ორივეს წესდება და იქა ნახავს, რომ ერთი ბანკი და მეორეც სესხს აძლევს გირაოს ფურცლებითა, რომ ორივე ერთნაირ საშუალებით უძღვებიან სესხის მთხოვნელთა,რომ ორივე ერთნაირის საშუალებით შოულობენ მსესხებელთათვის ფულსა, რომ ორივე ერთნაირად თხოულობენ გირაოდ მამულსა.


ქუთაისის ბანკის წესდებას იწუნებს უფ. ნიკოლაძე მითაც, რომ ერთი მისი მუხლი საფუძვლად საგირაო მამულის დაფასებისას მარტო მამულის შემოსავლის რაოდენობას სდებსო და მერე მარტო ნიადაგს შემოსავლისაო. რა არის ამაში ცუდი და მოუნელებელი? მთელს ქვეყნიერობაზედ მიწისა და მამულის დაფასების საფუძვლად მიღებულია მისი შემოსავლის ღონიერება. ამ აზრით არის ხმარებული აქ მამულის შემოსავალი. ნუთუ უფ. ნიკოლაძეს ჰგონია, რომ მამული, რომელიც დღეს შემოსავალს არ აძლევს, იმ მუხლის ძალით გირაოდ არ მიიღება? უსათუოდ ესე ჰგონია, რომ აჯამეთის ტყეს მაგალითი მოჰყავს. თუ ესე ჰგონია სცდება. გასინჯოს დაფასების ინსტრუქციები, რომლითაც ეგ მუხლი ახსნილია და გავითარებულია ხოლმე ყოველს ბანკში და მაშინ შეიტყობს, რომ შეიძლება მამულს დღეს შემოსავალი არა ჰქონდეს, მაგრამ ისეთის თვისებისა იყოს, რომ შეეძლოს შემოსავლის შემოტანა. მაშინ იგი შემოსავალი სხვადასხვა საბუთების მიხედვით ვარაუდით ცნობაში უნდა იყოს მოყვანილი და მას შემდეგ იგი გირაოდ მიიღება.


ჯერ ქუთაისის გუბერნია გამიჯნული არ არისო, ჯერ ადგილ-მამულის კუთვნილებაზედ კანონიერი საბუთი არავისა აქვსო, ამის გამო, ამბობს უფ. ნიკოლაძე, ყოვლად შეუძლებელია აქციონერულის ბანკის ხეირობაო ადგილ-მამულზედ ფულის გასასესხებლადაო. განა მარტო აქციონერულის ბანკის განსაკუთრებითი თვისებაა, რომ დასაგირავებელის მამულისათვის მტკიცე საბუთია საჭირო, ეგ თვითონ მიწისსამოქმედო კრედიტის არსებითი სულია. ამისა გამო ყოველ ბანკს, აქციონერული იქნება თუ ურთიერთის თავდებობითი, მათს საგანზედ ერთნაირი ცხადი წესი აქვს დადგინებული მტკიცედ და შეუცვლელად. უმაგისობა შეუძლებელია, უმაგისოდ ქვეყანაზედ არც ერთი მიწისსამოქმედო კრედიტის ბანკი არც ყოფილა, არც არის და არც იქნება, ჩვენის დალოცვილის პრიკაზის მეტი. დაარღვიეთ ეგ კანონი და ამასთანავე გამოეთხოვეთ თვით ბანკსაც და იმ იმედსაც, რომელიც ბანკზედ არის დამყარებული. მიწისსამოქმედო კრედიტსა სხვა დედაბოძი არა აქვს, თუ არა უძრავი ქონება, რომელზედაც უსათუოდ მტკიცე და კანონიერი საბუთი უნდა ჰქონდეს პატრონსა. გამოაცალეთ ეგ ერთადერთი დედაბოძი და ნახავთ, რა მშვიდობიანად მოუღებთ ბოლოს თვით ბანკსა, „შესაძლებელი იყოო, — ამბობს უფ. ნიკოლაძე, — რომ ბანკში ადგილ-მამულის შეტანა გაეადვილებია კაცსაო, როცა გირაოს შემტანის მეზობლობა ბანკს ხელწერილს მისცემდაო, რომ ადგილი ნამდვილად ამ პირს ეკუთვნისო. არ ვიცი, უფ. ნიკოლაძე ამას მართლის გულით ამბობს თუ საოხუნჯოდ. თუ საოხუნჯოდ — უფ. ნიკოლაძემ უნდა იცოდეს, რომ საწამლავით ოხუნჯობა საშიშარია. ნუთუ მას არ გაუგია, რომ მოწმეები და მეზობლები თავისის ეზოს მიწას ჩაიყრიდნენ წაღებში და საცა უნდა წაგეყვანათ, ჰფიცავდნენ, რომ ჩემს მიწაზე ვდგევარო. მეზობლებმა რომ ბანკი მოატყუონ, ვინ იქნება პატრონი? ერთი ეს მითხარით: მემამულის მოდავე და ხელისშემშლელი ვინ არის სხვა ჩვენში, თუ არა მეზობელივე, და სად თქმულა, რომ მოდავემ თავისი მოკამათეს და მექიშპეს მისცეს მოწმობა, რომ ჩვენ შორის სადაო მამული შენია და არა ჩემიო. თუნდ ეგეც არ იყოს, ნუთუ უფ. ნიკოლაძეს ჰგონია, რომ მეზობელთაგან მოწმობის მიღება უფრო ადვილი და უხარჯო იქნება ჩვენში, ვიდრე კანონიერის საბუთის შოვნა. ან რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მაგ მოწმობას, თუ რომ კანონი არ შეიწყნარებს, როცა მამულს მოდავე გამოუჩნდება. ეგ ხომ იმისთანა ბანკი იქნებოდა, რომელსაც ავიღე და აღარ მოგცემ ჰქვიან.


უფ. ნიკოლაძე ამბობს, რომ ქუთაისის ბანკსაო უნდა ჰქონოდა არათუ მარტო დაგირავებული მამულების ერთმანეთის გარანტია, არამედ ბანკის დამაარსებლებისა, ესე იგი, მთელის ჩვენის თავად-აზნაურობის თავდებობაო. რადგანაც წესდებაში ეს არ არისო, ამის გამო სოფლის მამულის პატრონები, ვისაც მამულზედ მტკიცე საბუთი არა აქვსო, ბანკიდამ ფულის მიღებას ვერ მოესწრებიანო. ერთი მითხარით: მთელის ჩვენი თავად-აზნაურობის თავდებობა აქ რას უშველიდა? განა თვითონ თავად-აზნაურობა კი დაუდგებოდა თავდებად იმ პირს, რომელსაც კანონიერი საბუთი არა აქვს მამულზედა? განა თვითონ თავად- აზნაურობა კი ანდობდა იმ მამულს ფულსა, რომლის საბუთი კანონისაგან შეუწყნარებელია.


თუნდ რომ ეგ თავდებობაც ყოფილიყო, განა თქვენს გირაო ფურცლებს განადიდებდა ვინმე, როცა თქვენი წესდებიდამ ეცოდინებოდა, რომ ბანკში გირაოდ შედის იმისთანა მამულიცა, რომელზედაც, თუ დავა ასტყდა, კანონს არ ეცოდინება — ვისად აღიაროს?


ქუთაისის ბანკის წესდების შემდგენელს უნდა მოეხერხებინაო, ამბობს უფ. ნიკოლაძე, რომ ბანკს უფლება ჰქონოდა მსწრაფლად გარდაეხდევინა ხვედრი ფული მსესხებლისაგან, ვექსილის წესდების ზოგიერთი მიღებითაო. ღმერთმა უშველოს, რომ ქუთაისის ბანკის დამწერს ეს ფიქრადაც არ მოსვლია. რა სწრაფადაც ნაღდდება ხოლმე ჩვენში ვექსილები, ეგეც ვიცით. ღმერთმა გვაშოროს მაგისთანა სასწრაფოსა. დეე, ისევ მაგ წესით ოსმალოს და ავსტრიის ბანკებმა აწარმოონ გადახდევინება. ჩვენთვის კი ისიც სამყოფია, რომ ჩვენს ბანკში ვალის გადასახადად იმისთანა დარბაისელი და აუჩქარებელი არსებაა, როგორც ადგილ-მამული.


შემდეგ უფ. ნიკოლაძე ამბობს, რომ ბანკის წესდების შემადგენელის მიზანი იმაზედ უნდა ყოფილიყო მიქცეულიო, რომ ჩვენი მამულები ხელიდან არ წაგვივიდესო და ჩვენვე დაგვრჩესო. როგორ? მამულს გირაოდ აძლევს ბანკსა და თუ პირობა არ შეუსრულე, გინდა, რომ მამული ისევ შენ დაგრჩეს. მაშ გირაო რის გირაოღაა? განა ეგ შესაძლებელია? თვით უფ. ნიკოლაძე ამბობს, რომ თუმც კარგი იქნებოდა, რომ საქმე ეგრე მოწყობილიყო, მაგრამ ამასთანავე ატანს, თუ ეგ შეუძლებელია, ისე მაინც უნდა მოხერხებულიყოო საქმე, რომ გარემთიელებს არ შეესყიდათ ჩვენი მამულებიო. ამისათვის ერთს სასაცილო ღონისძიებას გვირჩევს, იმისთანა ღონისძიებას, რომ ადამიანის ეკონომიურსა და პირადს თავისუფლებას არღვევს და ვაჭრობის თავისუფალ კონკურენციასა სპობს. აი ეს ღონის-ძიება: „ვსთქვათ, ამბობს ნიკოლაძე, რომ მე მყავს ოციოდე მეზობელი (ვისაც არ ჰყავს?), რომელთაც ეწყინებათ, რომ შემდეგში ჩემი მამული ვისმეს გარეშე პირს ვაჭრობით დარჩეს (რომ არ ეწყინოს?); ვთქვათ კიდევ, რომ ჩემი მამული მოსწონს და სახეიროდ მიაჩნია ჩემი სოფლის გლეხკაცობას და სხვა (რომ არ მიაჩნდეთ?); განა შეუძლებელიაო, ამბობს შემდეგ უფ. ნიკოლაძე, ამგვარს სახლისკაცებთან, მეზობლებთან და გლეხებთან ბანკი თავდაპირველადვე მორიგებაში შევიდეს დაფასების დროს და მტკიცე პირობა ჩამოართოს, რომ ვინიცობაა ჩემი მამული ბანკის ვალში გაიყიდოს, იმ ჩემმა მეზობელმა, სახლისკაცებმა და გლეხებმა ამა და ამ ფასად ის მამული აიღონ. რომ იმ თქვენმა მეზობლებმა სახლისკაცებმა, ანუ გლეხკაცებმა ეგ არ ინდომონ და გვითხრან, ჩვენც არ ვიცით, ჩვენს მამულს როგორ ვეპატრონოთ, თქვენი რაღად გვინდაო, — რას იტყოდით მაშინ? რა გიშველიდათ? ვსთქვათ რომ მოეცათ მაგისთანა პირობაცა და ბანკი გაბრიყვებულიყო და მიეღო ეგ პირობა, — როცა მამულის გასყიდვის დრო მოვიდოდა და ისინი ყიდვას არ მოინდომებდნენ, რა კანონით დაატანდით ძალას, გინდათ, თუ არა, იყიდეო. რა ღონე ექნებოდა იმათს ადრინდელ პირობასა.


თუნდ ეგეც არ იყოს, თვითონ მამულის პატრონი რომ მოსულიყო და ეთქვა, აი ეს ერთი ურიააო, ის ერთი-ორად მეტს იძლევაო, მე არა ვარ თანახმაო, რომ მაგაზედ ნაკლებ ჩემმა მეზობელმა ჩემი მამული იყიდოსო, — რა ძალით, რა სამართლით, რა კანონით ხელ-ფეხს შეუკრავდით მამულის პატრონსა? ან მამულის პატრონი რომ მოსულიყო და ეთქვა: ჩემი მამული ვაჭრობაში ჩააგდეთ, მეტად და დიდ ფასად გაიყიდებაო, — რა გზით შეუკრავდით მას ხელ-ფეხსა და ამაზე უარს ეტყოდით? რა სამართლით წაართმევდით მას მის ქონების უფლებასა? მერე აღებ-მიცემობისა და ვაჭრობის თავისუფლების პრინციპს რა პასუხს ეტყოდით, სხვები იყიდიან ჩვენს მამულსაო. განა რითიმე შეიძლება წინათვე შეუშალოთ გზა ამ სამწუხარო მოვლენასა? თუ კაი ფასს მოგცემენ და ამას სახეიროდ დაინახავთ, რა დააბრკოლებს მამულის თქვენის ხელიდამ სხვის ხელში გადასვლასა.

ერთის სიტყვით უფ. ნიკოლაძის სტატიიდამ სჩანს, რომ მის ფიქრით იმისთანა ბანკი უნდა ყოფილიყო ქუთაისის ბანკი, რომ: 1) არც ერთს ქვეყნიერებაზედ ბანკსა არ ჰგვანებოდა, და თუ ეგვანებოდა, მხოლოდ ოსმალოს და ავსტრიის ბანკებსა. 2) მასში გირაოს სახელი კი ყოფილიყო და სახრავი კი არა. 3) საფუძვლად და ქვაკუთხედად ჰქონოდა ჩვენი მამა-პაპის ძველი პრინციპი — ავიღე და აღარ მოგეცი. 4) მამულის პატრონს იმედი წართმეოდა, რომ მისი მამული რაც უნდა მეტად ღირდეს, იმაზედ მეტად არ უნდა გაიყიდოს, რასაც მეზობლები ერთხელ და ერთხელ მიჰსცემენ, 5) ადამიანის ქონებითი უფლება და ეკონომიური აღებ-მიცემობის და ვაჭრობის თავისუფლების პრინციპი ხელ-ფეხ შეკრული იყოს და შევიწროებული.


ესენი გსურდათ, რომ ყოფილიყო ქუთაისის ბანკის წესდებაში?


დიდად და დიდად ვწუხვართ, რომ მაგისთანა აზრებსა ჰფენს და ჰქადაგებს იმისთანა ჭკვიანი კაცი, როგორც უფ. ნიკოლაძე, რომლის სახელიც ბევრს წაიტყუებს, და ეგ წატყუება ფეხს შეუშლის არამც თუ მარტო ქუთაისის ბანკსა, არამედ თბილისისაცა.


დასკვნა:

მე რომ უფ. ნიკოლაძის ადგილს ვყოფილიყავ, ხელს მოვიჭრიდი და იმისთანა სტატიას კი არ დავსწერდი, რომელიც უმეცრებასა და უვიცობას საღერღელს უხსნის და ფრთას ასხამს.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

1900 წელი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე...

 
 
bottom of page