top of page

კრიტიკა სანათურია ლიტერატურისა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 5 min read

ტფილისი, 7 თებერვალი, 1898 წელი


ყველაზე დიდი ნაკლი ჩვენის ქართულის ლიტერატურისა ის არის, რომ ეგრედ წოდებული სალიტერატურო კრიტიკა სრულიად არ არსებობს ჩვენში. ბევრნი იმდურებიან და სამართლიანადაც, რომ ეს ასეა, მაგრამ კრიტიკა ჩვენში მაინც ვერ იშვა და ვერ. უკრიტიკოდ კი სვლა და წარმატება ლიტერატურისა, თუ არ რიცხვით, ღირსებით მაინც ძალიან ძნელია და, რომ ვთქვათ, შეუძლებელია, არც ეს იქნება, ვგონებთ, მეტი. ცხოველმყოფელობა ლიტერატურისა, მისი სიცოცხლე, მისი სული და ხორცი თავს იჩენს არა მარტო მით, რაც იწერება, არამედ ნაწერების განკითხვითაცა. რაც უფრო ბევრი ნაწერია და მაღალისა თუ დაბალის ხარისხისა, მით უფრო საჭიროა კაცს ხელთ ეჭიროს იგი სანათური, რომელსაც კრიტიკა წარმოადგენს. კრიტიკა სწორედ სანათურია ლიტერატურისა, იგი სწორედ სამტკიცია, რომელიც ფქვილს არჩევს ქატოსგან.


რამდენადაც ამ უწმინდაესს დანიშნულობაზე ახლოა კრიტიკა, იმდენად იგი დიდს სამსახურს უწევს მკითხველს საზოგადოებას და თვით ავტორებს, რომელთ შორის იგი მოციქულიც არის და ხელმძღვანელიც ერთსა და იმავე დროს. მრავალ სალიტერატურო საგნებში გზის განება, კარგისა და ავის გარჩევა, ღვარძლის დაგლეჯვა, მარგვლა ხორბლის გაძლიერებისათვის, ადვილი საქმე არ არის. ამას ნიჭიც უნდა და დიდი ცოდნაც და ამასთან მაღალზნეობაც, რომ მიდგომით, თვალღებით მართალს არ უმტყუნოს და ტყუილს გზა არ მისცეს. საცა კაცი სჯის, იქ შეცდომაც შესაძლებელია, მაგრამ ყოველის კაცის მართალი ის არის, რაც გულით მიაჩნია მართლად და არა მიდგომით და თვალღებითა, ან იმ განზრახვით, რომ ამას ვასიამოვნო, იმას ვაწყინოო და სასწორი განკითხვისა ერთ-ერთს ამისთანა უღირსს სურვილს დააძლევინოს.


ხოლო კრიტიკამ რომ თავი იჩინოს, კრიტიკა რომ აღმოცენდეს და თავისი სანატრელი ფრთა გაშალოს, ამისათვის საკმაო არ არის მარტო ერთი - სურვილი. კრიტიკა ერთი დიდი საფეხურია ზეაღსვლისა კაცთა საზოგადოების წარმატების გზაზედ. კრიტიკა საზოგადოების გონებისათვის ასაკის საქმეა. როგორც ბავშვს ვერ მოეთხოვება წვერ-ულვაში ჰქონდეს, ისეც საზოგადოებას - კრიტიკა, თუ გონების უასაკობით ხსენებულ ზეაღსავლის საფეხურამდე არ მიუღწევია. კრიტიკა ციდამ ვერ ჩამოვარდება მანანასავით, რაც გინდა ხელები ბევრი ვიშვიროთ ცისკენ. მისი მშობლები და გამჩენელი თვით საზოგადოებაა და იგივეა მისი მზრდელი და ძუძუმწოებელი.


ამ შემთხვევაში პირველი ნიშანი საზოგადოების ასაკოვნებისა და აღმატებულობისა, სხვათა მრავალთა შორის, ის არის, რომ საზოგადოება სხვისის აზრის შეწყნარებამდე ტანში იყოს გამართული. შეწყნარება დაჯერებას კი არ ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ თქვენს საკუთარ სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე მიუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს, ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია.

საცა ჩვეულ არ არიან ასეთს პატივით მოექცნენ სხვის აზრს, ის კრიტიკა მშვიდობიანი სამსახური კი არ არის საზოგადოების წინაშე, არამედ თავის გამომეტებაა სალანძღავად, საქიშპოდ, ჭუჭყისა და ჩირქის მოსაცხობად და ამასთან თვით ხმაც კრიტიკისა ღაღადებაა უდაბნოში. მართალია, კაი საქმისათვის, მართალისათვის, თავდადება, უშიშარობა, დეე მლანძღონ, ჭუჭყი, ჩირქი მაცხონ, ჯვართ მაცვანო, ოღონდ რაც მართალი მგონია, იმას ფეხი მოვაკიდებინო საზოგადოებაშიო, დიდი სასახელო რამ არის, მაგრამ დიდს ვაჟკაცობას, დიდს სულის ღონესაც ჰთხოულობს და ყველა ეს დიდბუნებოვანის კაცის საქმეა. ხოლო სად არის ამისთანა კაცი? ეს საჭიროება თავგამეტებისა, ეს ამაოება ღაღადებისა განა არ უნდა უშლიდეს კრიტიკის მოვლენას, მხნეს გულს არ უნდა უტეხდეს და გულგატეხილს გასამხნევებლად ღონეს არ უნდა უფრო უუძლურებდეს!..


ესეთი გარემოება ისე არსად ჰხუთავს სულს კრიტიკას, როგორც პატარა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, საცა ყველანი თითქმის ერთს ვიწრო მოედანზე ვტრიალებთ ურთიერთობისათვის. მართალია, არიან პატარა ქვეყნები, საცა კრიტიკა ფრთაგაშლილია, მაგრამ იქ თუ შინაობაში შემწყნარებელი არა ჰყავს გამკითხველსა, გარედ მაინც ჰპოულობს, რადგანაც ან ამ პაწია ქვეყნების ენა, ან იგი, რომლის წყალობითაც კრიტიკა თავისას ამბობს, სხვაგანაც გავრცელებულია. ქართული ენა კი ამას სრულიად მოკლებულია, ქართული მარტო საქართველოში იციან. მაშასადამე, თუ არ შინ, გარედ ჩვენებურ კრიტიკოსს გამკითხავი არა ჰყავს.

შინ კი ყველანი თითქმის ერთმანეთს ვიცნობთ, თითქმის ყოველდღე ერთმანეთსა ვხედავთ, ზოგს წინადვე დაკვებებულნი მაქებარნი ჰყავს, ზოგს - მოწუნარნი, ზოგსა სწყინს, ჩემს საყვარელ კაცს რად რასმე უწუნებენო, ზოგი ჰჯავრობს, ჩემს უსიამოვნო კაცს რად აქებენო, თუნდ ძაგება თუ ქება ისე ცხადი იყოს, როგორც ორჯელ ორი ოთხია. ჩვენში თუ წუნი რამე დასდე ვისსამე ნაწერს, რაც გინდ საბუთიანი და ცხადი წუნი იყოს, არიან იმისთანანი, რომ მტრობაში ჩამოგართმევენ ისე უარარაოდ, უმიზეზოდ, საბუთების უჩხრეკელად. არიან იმისთანებიც, რომ თუ აქებ ვისმე, მოუწონებ ნაწერს, რაც გინდ საბუთიანი ქება და მოწონება იყოს, მაინც ნათელმირონობას, ფარისევლობას დაგწამებენ და ქებას თუ მოწონებას ახსნიან მით, რომ სადილ-ვახშმებით მისყიდული ხარ. აქ ჩვენში განკითხვა გამკითხველისა კაცის გუნებაზეა მიგდებული და არა გონებაზე, რომელმაც მარტო საბუთით უნდა ჰსაჯოს. აქ „მე ასე მინდა, ასე მიამება“, უფრო მეტად სჭირს, ვიდრე საბუთით გამოჩხრეკილი და გულში გამონასკვილი მართალი.

საკვირველი იქნება, რომ თვითეული ეს გარემოება ცალკე და ყოველი ერთად პირში ბურთი არ იყოს კრიტიკისათვის, პირს წლით არ უვსებდეს კრიტიკასა. იქ საცა კაცი კაცს ამართლებს იმით, რომ კაცია და გუნებაო, თქვენს კრიტიკას ისეთს კუდს გამოაბამენ, თქვენ თვითონ ისეთს ჭუჭყში ამოგავლებენ, რომ თავი და ბედი უნდა იწყევლოთ - ეს რა ღმერთი გამიწყრა და ხმა ამოვიღეო, რატომ შემთვის არ ვიჯექიო.


რაც ბეჭდურ სიტყვით შეუძლებელია ჩირქი მოგცხონ, იმას მითქმა-მოთქმითა და ჭორებით მოგცხებენ. მითქმა-მოთქმა, ჭორი ჩვენში უფრო შორსა სწვდება, პატარა ქვეყანაა, მალე შემოუვლის ხოლმე გარს, ვიდრე ბეჭდური სიტყვა, რომელიც დღემდე ტაატით დადის. თუნდაც კარგი მარბენალიც იყოს, სრულიად უღონოა კუდმოძუებულს ქურდულს მითქმა- მოთქმას და ჭორებსა უკან სდიოს და პირში ლაგამი ამოსდოს. მითქმა-მოთქმა და ჭორი თაგვსავით ჩუმ-ჩუმად დაძვრება სოროებში და მოდით და სდიეთ! ტყუილუბრალოდ გაგაუპატიურებენ, თავზე ლაფს დაგასხამენ, თავს მოგჭრიან.


ეგ კიდევ არაფერი: მითქმა-მოთქმასა და ჭორებს როგორმე აიტანს და გაუძლებს კაცი. კიდევ ვიტყვით. ჩვენი ქვეყანა პატარა ქვეყანაა, ყოველ ცისმარა დღეს ერთმანეთს თვალში ვეჩხირებით, გინდა თუ არა, ერთმანეთსა ვხედავთ, მოდით და იმისი გაბუტვა და თვალთა ბრიალი აიტანეთ, ვისაც ნაწერი დაუწუნეთ, თუნდ ძალიან საბუთიანადაც. რომ გამკითხველს გაკითხული მტრად გადაეკიდება და ეცდება სხვაც გადაჰკიდოს, ამას ეჭვი არა აქვს და ყოველს ამას უნდა თუ არა გაძლება? განა ჯვართცმა არ არის ასეთი გარემოება კრიტიკოსისათვის!.. აი სწორედ ეს არის: საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, და აკი გაცლილია კიდეც ჩვენში კრიტიკა. კრიტიკოსიც ადამიანია, იმასაც უნდა ქვეყანაში ტკბილად, სიამოვნებით ცხოვრება და განა უნდა გიკვირდეს, რომ ამ ტკბილისა და მშვიდობიანის ცხოვრების წყურვილმა სძლიოს იმ ჯვართაცმას, რომელიც მოელის ჩვენში კრიტიკოსსა, იმ საწამლავს, რომელიც დაშხამავს ყოველ წუთს მისის სიცოცხლისას.


ყოველი ეს არის ჩვენში იმიტომ, რომ სხვის აზრის შეწყნარებამდე ჯერ არ აღვზრდილვართ. საბუთიანად განკითხვისა კი არ ეშინიან კრიტიკას, უსაბუთოდ განკითხვას უფრთხის და ერიდება. უსაბუთოდ განკითხვა ლანძღვაა, გინებაა და გონებადახშულის, გულწამხდარის კაცის საქმეა. შეწყნარება სხვისა აზრისა, ესე იგი, საბუთიანი განკითხვა მართლმსაჯულებაა და გონებააღმატებულის, გულგაწმენდილის, ჭეშმარიტად განათლებულის კაცის საქმეა. სხვისა აზრის შეწყნარება რომ საზოგადოებაში იყოს, კრიტიკაც ხმას ამოიღებს, ფრთას გაშლის, თუ ამასთან ყოველივე სხვა გარემოება მზაა საამისოდ. ეხლა კი, მინამ კაცი, თუნდ კარგად მომზადებული, კრიტიკას ხელს მიჰყოფს, ჯერ თავზედ ხელი უნდა აიღოს, ჯვარსაცმელად თავი დასდოს, სალაყბოდ და გასაუპატიურებლად გახდეს, ჭუჭყისა და ჩირქის მოცხობას არ შეუშინდეს, ნაცნობები და მეგობრები გადაიკიდოს, გამოესალმოს მშვიდობიანს ცხოვრებას, მოიწამლოს თავისის სიცოცხლის დღენი, ერთი სასიამოვნო დღე არ ჰნახოს და ყოველ ამ უბედურების წინაშე არ შედრკეს. ძნელია კაცმა ამოდენია დიდსულოვნობა და გულოვნობა იქონიოს, თუმცა კი დიდად სანატრელი, მაგრამ ნატვრა და ახდენა ნატვრისა ერთი და იგივე არ არის.

კიდევ ვიტყვით, პატარა ქვეყანაა ჩვენი ქვეყანა და ამიტომაც ყოველივე ხსენებული უბედურება აქ უფრო შესაძლებელია, ვიდრე სხვაგან, თუ სახეში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ სხვის აზრის შეწყნარება ჩვენში ჯერ მოუწევარი ხილია და მკვახე ხილი კი, როგორც მოგეხსენებათ, კბილსა სჭრის.

იტყვიან, მაშ დიდსულოვანი დ გულოვანი ყოფილა იგი თითო-ოროლა კაცი, რომელთაც ჩვენში ზოგიერთხელ კრიტიკის ხმა მორთესო. არა, ბატონებო, ჩვენებური კრიტიკაც იმ საფეხურზეა, რაზედაც საზოგადოება, რომელსაც მარტო ერთადერთი საწყაოდ ის ხელმძღვანელი აზრი აქვს რომ „კაცია და გუნებაო“. ყოველი მზგავსი მზგავსსა ჰშობსო, ნათქვამია. თუ სადმე ეხლა კრიტიკის ხმა ისმის ჩვენში, ეს ხმა ისევ იქიდამ გამოდის, საცა „კაცია და გუნებაო“ ჰბუდობს. „მე ასე მინდა, ასე მიამება“ უფრო ჰლაპარაკობს ჩვენში, ვიდრე განკითხულის ნაწერის საქები თუ საწუნი.


ეხლანდელი ჩვენებური კრიტიკა ან ღვარძლის ნთხევაა იმის თავზე, ვინც ნიშანშია ამოღებული, უარარაოდ, უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად, ან ქების ხმაა და გუნდრუკთ კმევა ეგრევე უარარაოდ, უმიზეზოდ, დაუსაბუთებლად. ამისთანა კრიტიკოსს რა აქვს, რომ იმის დაკარგვის შიშმა დააბრკოლოს? ამისთანას, ჭორი და მითქმა-მოთქმა რას ჩამოართმევს, რაც არა აბადია რა? რას გაუფრთხილდეს, რომ ღმერთს გასაფრთხილებელი არა უღირსებია რა? კარს იგი ჰკეტავს, ვისაც დასაკარგავი საუნჯე რამა აქვს. ვისაც არარა, იმისი ქოხი ფარღალალაა: თუ ღმერთმა მიშველა და შემოვიდა ვინმე, იქნებ იმას დარჩეს რამე აქ, თორემ აქედამ რას წაიღებს, რაც არ არისო. ეს გულოვნობა კი არ არის, პირდაპირი ანგარიშია.


სულ სხვაა, ვისაც გრძნობა ადამინურ ღირსებისა გაღვიძებული აქვს. ამ საუნჯეს კაცი ისე ადვილად ვერ გაიმეტებს სხვის მიერ სათელავად და ჩირქმოსაცხობად, ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ლაფში სათრევად. მართალია, ადამიანთა სასახელოდ, ბევრნი ყოფილან სიმართლისათვის წამებულნი ქვეყანაზე და ამიტომაც არიან წმინდათა შორის შერაცხულნი. ხოლო ეს ყველას არა აქვს დიდებული უნარი სიმართლისათვის ჯვარს ეცვას. ამისათანა ბუნებისანი იშვიათნი არიან. შესწირე თავი მართალს, დეე, გლანძღონ და გათრიონ, დეე, მოგიწამლონ სიცოცხლე, ჩაგიმწარონ წუთ-სოფლის დღენი, ადვილი სათქმელია და ძნელი საქნელი.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

1900 წელი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე...

 
 
bottom of page