top of page

კახეთის რკინისგზა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 4, 2023
  • 4 min read

ტფილისი, 5 მარტი, 1886 წელი

I


ჯერ თუმცა მარტო ამბავად გავრცელებულია ტფილისში ხმა, რომ როკის ხეობაზედ რკინისგზას გამოატარებენ კავკავიდამო, მაგრამ დარწმუნებით კი ლაპარაკობენ. ეს სასიამოვნო ამბავი სარწმუნო პირთ ჩამოუტანიათ პეტერბურგიდამ და მით უფრო დასაჯერია, რომ მაღალხარისხოვან მოხელეთა მიერ არის გავრცელებული. ხუთის წლის განმავლობაში უნდა გაკეთდეს და მისვლა-მოსვლა გაიმართოს ამ ახალ გზაზედაო. მამისონის უღელტეხილზედ კი გზატკეცილი გადავაო. ეს უკანასკნელი ამბავი მით უფროა შესანიშნავი, რომ მამისონის უღელტეხილი წინააღუდგა როკის ხეობას და საკმაოდ მოსარჩლეობა მოიპოვა აქაურთა მოხელეთა შორის. ბოლოს-კი, როგორც ვხედავთ, ბურთი და მოედანი როკის ხეობას დაჰრჩენია და ამ სახით ქართლს, მაგ ერთგულს და ჭირნახულს დედას ჩვენი ქვეყნისას, ერთი სახსარი კეთილდღეობისა და აღყვავებისა კიდევ მოჰმატებია. ჩვენ აქ სიხარულის მეტი არა გვმართებს-რა. ღმერთმა მშვიდობაში და ბედნიერებაში მოახმაროს ჩვენს მრავალტანჯულ დედა-ქართლსა.


დედა-ქართლის შვილთაგან ერთი პატარა, ლამაზი და მდიდარი ქვეყანაღაა ჩვენში ამ მხრით უნუგეშოდ დარჩომილი დღეს. ეგ ქვეყანა კახეთია, ყოვლისფრით შემკული და უხვად მომადლებული. უწინაც გვითქვამს და ეხლაც ვიტყვით, რომ არა გვგონია ბუნებით, ჰავით და გარემოცულობით ამისთანა შემკული სხვა რომელიმე ქვეყანა იყოს, არამცთუ ამიერ და იმიერ კავკასიაში, არამედ მთელს რუსეთის იმპერიაში. აქაურის ჰაერის და მიწის თვისება ისეთია, რომ ყოველისფერის მოყვანა შესაძლოა, რაც-კი ადამიანის სულსა და გულს მოესურვება. თუმცა ეს ნაწილი ჩვენის ქვეყნისა ეხლა ცნობილია მარტო ღვინითა, მაგრამ ძველად თითქმის ბოღაზი ყოფილა, თუ არ მთელის საქართველოსი, მის უდიდესის ბაზარის ტფილისისა მაინცა. ამ ორმოცის, თუ ორმოცდაათის წლის წინათ ქიზიყის პურს ეჭირა მთელი ბაზარი ტფილისისა. ამას გარდა აქედამ მოდიოდა არაყი, სიმინდი, ფეტვი, ბრინჯი, ბამბა*, მშვენიერი სახელგანთქმული კახური აბრეშუმი, მშვენიერი სურნელოვანი თამბაქო, სამღებრო და სამკურნალო (სააფთიაქო) ყვავილი და ბალახი, აუარებელი ხილი, აუარებელი მატყლი, საკლავი საქონელი და მებრვე სხვანი.


ხოლო ყოველ ამა მადლით აღსავსე ეს ქვეყანა, ეს თვალმარგალიტი საქართველოსი, დღეს იმ განწირულებამდია მისული, რომ ყოველისფერისათვის თავი დაუნებებია და მარტო ღვინოსღა შესჩერებია. ამისი პირდაპირი მიზეზი გზების უქონლობაა. შიგ კახეთში იქაურთა მკვიდრთა ღვაწლით ალაზნის ორსავე პირას ასეთი გზატკეცილებია, რომ ბევრს სხვა ქვეყანას შეჰშურდება, მაგრამ ჭირი ეს არის, კახეთიდამ ბაზარში გამოსასვლელი გზა არ არის. ამ სახით, კახეთი თავის უკეთესს ბაზარზედ, ტფილისზედ, მოწყვეტილია და ამის გამო სხვა ქვეყნებზედაც. ბათუმ-ბაქოს გზამ მთელი იმიერი და ამიერი საქართველო შეაერთა შავის ზღვიდამ კასპის ზღვამდე და ამ რკისგზამ იმერეთის, განჯის და ბაქოს გუბერნიები ასეთს ძლიერ მოცილედ აუჩინა გზასგარეთ დარჩენილს კახეთსა, რომ ბაზარი ამ გუბერნიებისათვის უნდა ძალაუნებურად დაეთმო. დიდი რამ არის სწრაფი და იეფი გზა.


სისწრაფეს და სიიეფეს გზისას საქონლის გასასაღებლად ვერაფერი ვერ უპირდაპირებს. თვით სიკეთე და მაღალი ხარისხოვნება საქონლისა უღონოა ამ პირდაპირობის წინაშე. კახურის ღვინის სიკეთე შეუბღალველია ხომ ჯერ კიდევ, ღვინის სიკეთით ხომ კახეთს ვერც ერთი მხარე ჩვენის ქვეყნისა ვერ დაჰკრამს და წინ ვერ წაუვა, მაგრამ ღვინოშიაც-კი, ანუ, უკეთ ვსთქვათ, ღვინის გასაღებაშიაც-კი სხვა მხარეებმა აჯობეს, რადგანაც სწრაფი და იეფი გზა აქვთ და კახეთი-კი ამ მხრით დაჩაგრულია და ილაჯგაწყვეტილი. ბევრს კახეთის ღვინის პატრონებს ხშირად ქვევრში ჰრჩებათ ღვინო უმუშტრობისა გამო და არ იციან რა უყონ. ხვალ ამ საგანზედ კიდევ მოვილაპარაკებთ.


II

ტფილისი, 6 მარტი, 1886 წ.


კახეთზედ რომ არ გაიყვანეს რკინისგზა და უდაბურს ადგილებზედ გაატარეს, ამ შეცდომის გასამართლებლად ერთი საბუთი მოჰყვანდათ. თუ შეცდომის გასამართლებლად საერთოდ, და ამ შეცდომისა ცალკე, რაიმე საბუთი მოიპოვება, კიდევ იგი, რაზედაც ჩვენ დღეს დავიწყეთ ჩვენი მეთაური წერილი. მოგეხსენებათ, წინა მხარს და უკანა მხარს კახეთს ორ არა თანასწორ ნაწილად ჰყოფს თითქმის თავიდამ ბოლომდე ზურგი ცივის მთისა. ეს მთა ყოფილა უმთავრესი მიზეზი, რომ კახეთისათვის ბაქოს გზა აუცდენიათ. რაკი ეს მთა არისო ორი წყობა მოძრაობისა უნდა ვიქონიოთო, ერთი, რომელიც წინა მხარს დაუწყებს სამსახურსა, მეორე უკანა მხარსაო. ეს იმოდენად ძვირად დაუჯდება რკინისგზასაო, რომ ზარალის აცდენისათვის იძულებულ იქნება — როგორც მგზავრსა, ისეც საქონელზედ მეტი ფული იღოსო. უსამართლობა იქნებაო, ამბობდნენ ამ საბუთის მომხრენი, უკუნითი უკუნისამდე მეტი გზის ფული, მაშასადამე მეტი გადასახადი ახდევინონ კახეთის გულისათვის მთელს ქვეყანას შავის ზღვიდამ მოკიდებული კასპის ზღვამდეო. ამ საბუთს არც მაშინ ჰქონდა ძლიერის საბუთის ღირსება და ეხლა უფრო არა აქვს, რადგანაც დღევანდელი დღე კახეთის რკინისგზის საქმისა სულ სხვა ვითარებას წარმოადგენს. დღეს კახეთი საკუთარს გზას ითხოვს, მაშასადამე ძვირად დაჯდება თუ იეფად, ორივეს თითონ იკისრებს და თითონ გაუძღვება. საქმე იმაშია, რომ დღევანდელი მოწინააღმდეგენი კახეთის გზისანი ამტკიცებენ, რომ კახეთი ვერ გაუძღვება რკინისგზის ხარჯსაო და მაშასადამე რკინისგზა თავის ხარჯსაც ვერ ააყენებს და ზარალში იქნებაო. ამას იმითი ამტკიცებენ დღესაც, რითაც ბაქოს რკინისგზის გაყვანამდე ამტკიცებდნენ, სახელდობრ მით, რომ კახეთს იმოდენა გარეთ გასატანი საქონელი არა აქვსო, რომ მისთვის ღირდეს რკინისგზის გაყვანაო.

იქაურთ მკვიდრთა არც იმოდენა მისვლა-მოსვლა ექნებათ, რომ ამან დაჰფაროს ზარალიო. ამ უკანასკნელზედ არას ვიტყვით, რადგანაც ცნობილია, რომ არც ერთი გზა რკინისა თავის ანგარიშს არ ამყარებს პასაჟირთაგან შემოსავალზედ, ნამეტნავად რუსეთში. ხოლო რაც შეეხება საქონლის ვითომდა სიცოტავეს, ეს კი, ჩვენის ფიქრით, შეცდომად უნდა ჩაითვალოს.


საზოგადოდ, დიდი შეცდომაა იმისთანა ქვეყანაზედ, როგორიც კახეთია, რომელსაც ბუნებური სიკეთე ჰავისა და დედამიწისა ასე უხვად ჰრგებია, კაცმა ჰსთქვას, რომ საქონელი არ ექნება ბაზარში გამოსატანიო. თუნდაც დღეს კახეთი სწორედ ამ უნუგეშო ყოფაში იყოს, მაინც სახვალიოდ ეგ არ ითქმის. რაც მოჰყავს დღეს კახეთს თავისთვის შინ სახმარად მოჰყავს. ამას ერთი ბეწვიც მეტიც რომ გადაამეტოს, გადააჭარბოს, უქმად გაასაყრელად უნდა შინვე დარჩეს გზის უქონლობისა გამო. მეტისმეტი ეკონომიური წინდაუხედაობა იქნება, რომ დღეს კახეთი ამრიგად მოიქცეს, მრეწველობა გაიძლიეროს. ვინ ამაგობს ქვეყანაზედ ნაამაგების გადასაყრელად? ერთი ღვინოღა იყო კარგი სააღებ-მიცემო საქონელი და იმანაც გზის უქონლობისა გამო ლამის დაიწიოს და იკლოს: ქართლმა, იმერეთმა და განჯამ გზის სისწრაფისა და იეფობის გამო ღვინის ბაზრიდამ ლამის გამოსწიროს, გამოდენოს კახეთი მაშინ, როდესაც კახეთს ღონე აქვს მთელი რუსეთი გააძღოს ღვინითა, ადვილი სწრაფი და იეფი გასატანი გზა რომ ჰქონდეს.


იმის მიხედვით, რომ რკინისგზა გაჰყავთ არა ორისა და სამის წლისათვის, არამედ სამუდამოდ, ანუ ვიდრე კაცობრიობა უკეთეს გზას მოიგონებს, კაცმა სახეში უნდა იქონიოს კახეთის დღევანდელი ყოფა კი არა, არამედ ის ბუნებური თვისება ჰავისა და დედამიწისა, რომლის შეერთებულის ძალით წარმოსდგება სიმდიდრე, თუ კაცი გულხელდაკრეფილი არ იჯდება. ყველასაგან ცნობილია, რომ საცა სარფაა, იქ მხნეობაც და მეცადინეობაც არის; იქ სარფა თითონ ამუშავებს, ამოქმედებს და აქეზებს კაცსა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა გამოსაცნობლად.


ამ სახით, საცა ბუნებური გარემოება, თვისება ჰავისა და მიწისა ხელშემწყობია ადამიანისა, იქ ერთადერთი მიზეზი მოქმედების, მრეწველობის გაძლიერების, ადვილად და იეფად მისაწვდენი ბაზარია. მიეცით ამნაირს ქვეყანას იეფი და სწრაფი გზა საქონლის გასატანად, გასასაღებლად, და მაშინ ჰნახავთ, დღეს უნუგეშოდ ყოფილი მხარე ხვალ რამ-სიგანედ გადიშლის ფრთებს და რა მრავალფერს საქონელს გამოიტანს საქვეყნო ბაზარში. ვისაც გაკვრით მაინც მოუხვედრებია თვალი კახეთისათვის, იგიც-კი უარს ვერა ჰყოფს, რომ ამ მართლა-და ბუნებითად ბედნიერს უმცროს სახლისკაცს ქართლისას ბუნებური ძალი და ღონე არ შესწევდეს ქადილისა, ოღონდ გზა მომეცითო და მე გიჩვენებთ — რა ვარ დღეს, რა ვიქნები ხვალა და რა მრავალფერის სიმდიდრით გამოვალ მოედანზედაო.

Recent Posts

See All
ქართული ხალხური მუსიკა

1886 წელი ტფილისი, 17 ნოემბერი შაბათს, 15 ნოემბერს, ერთი ფრიად სასიამოვნო და ახალი ამბავი მოხდა. ქართულს თეატრში გამართული იყო ქართული...

 
 
უარმყოფელობა ჩვენში

(1888 წელი) I ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები...

 
 
bottom of page