top of page

იმიგრაცია საქართველოდან

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 27, 2023
  • 3 min read

ტფილისი, 4 ოქტომბერი, 1886 წელი.


ჩვენს ცხოვრებაში ამ ბოლოს ხანებში თავი იჩინა ერთმა მოვლენამ, რომელსაც ჯერ ფართო გზა არ გახსნია და ამის გამო ჯერ ყურადღება საზოგადოებისა და მთავრობისა არ მიუქცევია. ეს მოვლენა, თუმცა ჯერ კანტიკუნტად, აქა-იქ იჩენს თავს, მაგრამ მუდამი მიზეზი, რომელიც მას იწვევს, ისეთია, რომ დღითი-დღე მეტს ადგილს დაიჭერს ჩვენს ქვეყანაში და დღითი-დღე უფრო გაძლიერდება. ჩვენ ვამბობთ მამა-პაპის ადგილიდამ აყრაზედ და სხვაგან გახიზნვაზედ მამულების საშოვრად, უმთავრესი მიზეზი ამისთანა მოვლენისა ყველგან ერთი და იგივე ყოფილა: გამრავლება ხალხისა და ვიწროობა ადგილ-მამულისა. თქმა არ უნდა, რომ რაკი ამ მოვლენამ ფეხი აიდგა იმისთანა ქვეყანაში, როგორიც ჩვენია, საცა მკვიდრი, ერთხელ ერთს ადგილას დაბინავებული კაცი ძნელად გამოიმეტებს ხოლმე თავის მამა-პაპის ბინას და მიწა- წყალსა, დიდის სიმძიმით და გულისტკივილით ჰშორდება იმ ადგილს, საცა დაბადებულა, საცა უმოქმედია, ოფლი და სისხლი უღვრია მამა-პაპასა, საცა ულოცნიათ, უჭირნახულიათ, ულხენიათ და დასასრულ საცა დამარხულან; საცა ყოველივე ეს იმისთანა ზნეობრივს კუთვნილებას შეადგენს ადამიანისას, რომლის დაკარგვა, რომელზედაც ხელის აღება ჩვენის გლეხკაცისა თუ კეთილშობილისათვის ხორციელ სიკვდილზედ ნაკლები აღარ არის, იქ მამა- პაპისაგან დაშენებულის, დადებულის ბინის აშლა, აგვა, გათახსირება, და სხვაგან ძებნა ბედისა, — იქ აყრა და სხვაგან გადასვლა იმისთანა მიზეზს უნდა მიეწეროს, რომელსაც ხალხის თვალში აღარა მოევლება-რა, აღარა ეშველება-რა.


ერთი ამისთანა მიზეზი, როგორც ზემოთა ვსთქვით, ადგილ-მამულის ნაკლებობაა. ჩვენ არა გვგონია ჩვენებურნი მკვიდრნი სხვა რაიმე მიზეზმა დასძლიოს და მამულის ბინიდამ იძულებით აჰყაროს. ჩვენებური მკვიდრი ყოველგვარ უბედურებას გაუძლებს, ყოველგვარ უბედურებას აიტანს მარტო იმ ყოვლადშემძლებელის გრძნობის ძალითა, რომელსაც სამშობლოს ადგილის და ბინის სიყვარულს ეძახიან, იმიტომ რომ სხვა ყოველს უბედურებას სული ებრძვის და შიმშილს კი მარტო ხორცი, რომლის გაძლებასა და მოთმინებასა ბუნებითვე აქვს დადებული სამზღვარი და ამიტომაც უღონოა ამგვარის ჭიდილისათვის. როცა სიცოტავე ადგილ-მამულისა ვეღარ უძღვება ხალხს, როცა ვეღარა ჰკვებავს, მაშინ სხვა რა გზაა, თუ არ აყრა და სხვაგან ძებნა ახალის ბედისა.


ამ მოვლენამ ყველაზედ უწინ თუ არა, ყველაზედ შესამჩნევად მაინც თავი იჩინა რაჭაში: — აყრა, მამულის ბინის მოშლა და სხვაგან გადასახლება აქ დაიწყო იმ ზომით, რომ შეუძლებელია კაცმა ყური არ ათხოვოს. პირველი შემთხვევა გადასახლებისა მოხდა 1879 წელს. ამ წელიწადს აყრილა და გადასულა ალაგირში მარტო ერთი კაცი ონიდამ. მერე 1880 წლიდამ ეს აყრა და 1 ალაგირი ერთი პატარა ადგილია თერგის ოლქში, არდონის წყლის ახლო. აქ არის ვერცხლის მადანი და ქარხანა, რომელიც თუ არა ვცდებით, დღესაც მოქმედებაშია.


გადასახლება გახშირდა ასე, რომ 1882 წლის დამლევამდე 120 კომლი გადასულა. ამ ცნობების შემკრებელი ამბობს, რომ ასეთი გაზლიერება გადასახლებისა უნდა მიეწეროს სხვათა შორის იმასა, რომ 1882 წელს რაჭაში დიდი მოუსავლობა იყო და შიმშილმა ბევრი აიძულა გადასახლებულიყოო. რასაკვირველია, ამ ფათერაკად მოვლენილ შემთხვევასაც შეეძლო სხვა მიზეზთა შორის ემოქმედნა გადასახლების გაძლიერებაზე, მაგრამ მუდამი მიზეზი კი მაინც სხვა არის. სამწუხაროდ ჩვენდა, წიგნი, საიდამაც მოგვყავს შემდეგი ცნობანი, შეეხება მარტო სახასო გლეხკაცობას და სხვა მკვიდრთა ეკონომიური ყოფა-ცხოვრება გამოურკვეველად არის დარჩენილი, რადგანაც პროგრამაში არ იყო შეტანილი, მაგრამ იგი ცნობანი იმოდენად საგულისხმონი არიან, რომ შესაძლოა უტყუარი დასკვნა გამოიყვანოს კაცმა ამ გადასახლების სამუდამო მიზეზის თაობაზედ.


დღეს რაჭაში სახასო გლეხნი ირიცხებიან 2130 კომლი და ამათში სულ 17429 სულია ორისავე სქესისა. ტყე რომ გამოვიდეთ, გამოვა, რომ სახლ-კარის ადგილი, სახნავ-სათესი, სავენახე და საძოვარი, რომელიც ამოდენა სულის ხელშია, სულ 4765 დესეტინას შეადგენს. თვითო კომლზედ მოდის თითქმის 21⁄4 დესეტინა და თითო სულზედ 1⁄4 დესეტინაზედ ცოტა მეტი. აშკარაა, რომ ასეთი სიცოტავე ადგილ-მამულისა ვერ გაუძღვება ამოდენა ხალხს, ვერ იშვნევს და ვერ მოითავსებს. ამ სიცოტავეს ისიც დაუმატეთ, რომ რაჭის მიწები მეტად მწირნი და უღონონი არიან. ნაფუზრებს გარდა. სხვა მიწებს 10, 15 და 20 წელიწადი შესვენება უნდა თურმე ზოგიერთს ადგილას, უამისოდ არავითარს მოსავალს არ იძლევიან. ამ სიცოტავეს მამულებისას ის მოჰყვა, რომ ზემო რაჭაში ერთი ქცევა (900 ოთხკუთხი საჟენია) სასახლის ადგილი 100 – 200 მანათამდე ჰფასობს, ონში — 500 – 1000 მანათამდეა, ნაფუზარი 100 – 220 მანათამდეა და ისე სახნავს 40 – 100მანათამდე. ამისთანა ფასები პირდაპირ გვანიშნებენ, სად უნდა ვეძებოთ სამუდამო მიზეზი გლეხთა გადასახლებისა რაჭიდამ.


თუ ეს სამუდამო მიზეზი არ მოისპო, გადასახლება რაჭიდამ იმ ზომამდე მიაღწევს, რომ ბოლოს დიდად საზრუნველი საგანი შეიქნება მთავრობისა და საზოგადოებისათვის, როგორც დღეს შექმნილია რუსეთისათვის. ჩვენის ფიქრით, ღონის ძიება არის საჭირო რაჭას ამ მხრით ეშველოს რამე. რაჭაში, საცა მკვიდრნი ამისთანა გაჭირებაში არიან უმამულობის გამო, ამავე დროს 46.501 დესეტინა ტყეა, რომლის მომეტებულს ნაწილს სახასოდ ჩემულობენ. თუმცა ტყენი მთებზედ და ფერდობებზედ უფრო ბევრი იქნება, რადგანაც რაჭა უფრო მთიანია, ვიდრე ვაკიანი, მაგრამ ძნელად საფიქრებელია, ამოდენა ტყეები იმისთანა ადგილებზედაც არ იყოს, რომ შესაძლო იყოს გაიკაფოს, ახოები გამოიღოს და ნაკლებულობა სახნავ-სათიბისა ამით შეივსოს. შრომისმოყვარეს და დაუზარებელს რაჭველს რომ ამისი ნება დაუთმოს სახელმწიფო ქონებათა გამგეობამ, დღეს ვერაფერში გამოსარჩენს ტყის ადგილს ხუთ-ექვს წელიწადში რაჭველი წალკოტად გადააქცევს; თვითონაც იხეირებს და სხვასაც ახეირებს. ამ გზით რაჭველი იძულებული აღარ იქნება თავისი მკვიდრი ბინა მოშალოს, მაცდურს იმედს ხვალისას მიეცეს და შინვე მოჰტრიალდება. ეს მით უფრო სასურველია, რომ რაჭველი თავშენახული შრომისმოყვარე, ფრთხილი, დამზოგველი,გონიერად ხელმოჭერილი და ხელღონიერი კაცია და ამ თვისებით ბევრს ჩვენში აღემატება.


2 Материалы для изучения экономического быта Государственных крестьян Закавказского края, т. II, გვ. 93. ყოველი ციფირეული საბუთი, რაც ამ წერილში იქნება, ამ ყოვლად შესანიშნავ წიგნიდამ მოგვყავს.


მეტად სანანური იქნება, თუ ეს ღირსეული და საყვარელი ხალხი ჩვენს ქვეყანაში ვერ მოთავსდეს, ჩვენ გამოგვაკლდეს და სხვაგან დაბინავდეს.

Recent Posts

See All
ქართული ხალხური მუსიკა

1886 წელი ტფილისი, 17 ნოემბერი შაბათს, 15 ნოემბერს, ერთი ფრიად სასიამოვნო და ახალი ამბავი მოხდა. ქართულს თეატრში გამართული იყო ქართული...

 
 
უარმყოფელობა ჩვენში

(1888 წელი) I ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ეხლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები...

 
 
bottom of page