top of page

ერობის საკითხი და დეპუტატთა საკრებულო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 27, 2023
  • 4 min read

ტფილისი, 15 თებერვალი, 1897 წელი


არა ერთხელ გულდახეთქებით გვიჩივლია, რომ ქალაქებ გარეთ მცხოვრებ მკვიდრთა, სახელდობრ სოფლობას, რიგიანი პატრონი და მომვლელი არა ჰყავს. ვის არ გაუგონია სამართლიანი საჩივარი, რომ არც გზები გვაქვს, არც საკმაო სკოლები, არც სამკურნალო, არც მკურნალი გვყავს, რომ კაცს გაუჭირდეს და მოიწვიოს. ეს კიდეც ცოტაა: გაუჭირდება რამ სოფლობას, ვთქვათ - პური შემოაკლდა, შიმშილი ჩამოვარდა, ვთქვათ - ჭირი გაჩნდა საქონლისა, თუნდ ადამიანისაც, ვთქვათ - წყლები გვაფუჭებს, ცეცხლი გვწვავს და ამისთანა სხვა რამ უბედურება, მაგალითებრ კალია, თაგვი, ხელიდამ გვართმევს წლის ნაშრომ-ნადაგს,ყოველ ამისთანაში უღონონი ვართ თავს როგორმე ვუშველოთ. ქალაქებს კიდევ ყოველ ამაებში პატრონი ჰყავთ და ეგ პატრონები თითონ მკვიდრნი არიან, რადგანაც თვითმმართველობა აქვთ, და ყოველს ამას მათივე კაცები უძღვებიან, ყოველს ამისათვის ჰზრუნავენ და მეცადინეობენ. შიდა-რუსეთშიაც მთავრობამ ამისთანა საქმეების გაძღოლა და მართვა თვით სოფლობასაც მიანიჭა და ეგ მძიმე ტვირთი შორიდამ მაგისთანა საქმეების გამგებლობისა და მართვისა თვით აიხსნა და თითონ ადგილობრივს მკვიდრს მიანდო, რადგანაც ადგილის მკვიდრმა უფრო ზედმიწევნით იცის თავისი ჭირ-ბოროტი, და რადგანაც სატკივარი იცის, წამალსაც უფრო ადვილად მოახერხებსო. ესეთი დაწყობილობა მთავრობის მიერ მით უფრო სამართლიანია, რომ სოფლობა იხდის ეგრეთწოდებულ „ზემსკი პოვინნოსტებს“, რომელთაც საგნად გაძღოლა აქვთ ყოველ იმ საჭიროებისა, რაც ზევით მოკლედ მოვიხსენიეთ.


ჩვენშიაც მაგისთანა ფული იკრიბება, მაგრამ როგორც წინანდელ რუსეთში, ისეც ეხლა, ჩვენში სოფლობის საქმეებს შორიდამ განაგებს მთავრობა, რომელიც, რაკი სხვა ათასი უფრო საჭირო საქმეები აქვს, ვერ იცლის სოფლობისათვის იმოდენად, რამოდენადაც სასურველია, და ფული ფულად მიდის და შესანიშნავს შეღავათს და შვებას კი ვერა ვხედავთ. სოფლობას არც რიგიანი გზა აქვს მისვლა-მოსვლისათვის, არც სამკურნალო აქვს, არც მკურნალი ჰყავს, არც სკოლა აქვს, შიმშილია — პატრონი არა ჰყავს, განსაცდელია რომ საერთო - საშველი არსად არის სწრაფი და საკმაო, და სხვანი და სხვანი.


ეს ნაკლულოვანება იგრძნო ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურობამ, ბევრჯერ ჩამოაგდო ამაზე ლაპარაკი, ბევრჯერ აიღო, დაიღო, და ბოლოს 1894 წლის 30 მაისში მთელის კრებულის ერთიანის ხმით დაადგინა: საქმე ტფილისის გუბერნიაში სოფლობის დაწესებულებათა გადაეცეს კომისიას, შედგენილს გუბერნიის და სამაზრო მარშლებისაგან. რადგანაც 30 მაისს 1894 წ. სათავად-აზნაურო კრებაზე ამ საგანზე სიტყვა ჩამოაგდო თ. გ. მ. თუმანიშვილმა, ამასვე მიანდო კრებამ ამ საქმის შესახებ პროექტი მოამზადოს. კარგა ხანს გასტანა ამ პროექტის შედგენამ, რადგანაც სხვადასახვა ადგილებიდამ საჭიროდ დანახულ იქმნა შეგროვება ცნობებისა. ბოლოს პროექტი შემზადდა და 28 თებერვალს 1896 წლისას თ. გ. მ. თუმანიშვილმა წარუდგინა ბ-ნს გუბერნიის მარშალს და სთხოვა მოიწვიოს ხსენებული ზემოთ კომისია და თავად-აზნაურთა კრების განაჩენისამებრ - გაასინჯოს.


საჭიროა და სასურველი ჩვენში შემოღება მაგ სოფლობის დაწესებულებისა, ან რამოდენად ზედგამოჭრილია და შესაფერი ჩვენთვის თ. გ. მ. თუმანიშვილის მიერ შედგენილი პროექტი, - ჩვენ ამის გამორკვევას არ შევუდგებით. ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, და ვგონებ ბევრნიც სხვანი დაგვეთანხმებიან, რომ საგანი დიდის ყურადღების ღირსია. სხვა არა იყოს რა, ჩვენი შინაური საქმე ჩვენვე გვქონდეს ხელში წარსამართავად და საპატრონებლად, ჩვენვე გვქონდეს ხელში ღონე ჩვენისავე თავის შველისა და ათასნაირ საერთო განსაცდელისაგან ხსნისა, ჩვენვე გვებაროს სოფლობის ფული და ჩვენვე გვეკითხებოდეს - სად რას მოვახმაროთ, - ეს ისეთი საგანია, რომ ღირს კაცმა მთელი თავისი დრო და მოცულეობა ზედ შეალიოს. ეს ისეთი საგანია, რომ ანბანის უცოდინარსაც-კი უნდა ესმოდეს მისი სიდიდე და სიმძიმე.


სად არის ეხლა იგი კომისია, რომელსაც ამისთანა დიდის საქმის შესახები პროექტი უნდა გაესინჯა და თავისი დასკვნა წარედგინა თავად-აზნაურთა კრებისათვის? შარშან თებერვლიდან დღეს-აქამომდე სამი თუ ოთხი კრება ჰქონია თავად-აზნაურობას და ერთხელაც არავის ფიქრადაც არ მოსვლია ეუწყებინა თავად-აზნაურობისათვის, რომ მომზადებულია პროექტი და უკვე წარდგენილია შარშან თებერვლიდამვე. ეხლაც 28 მაისს დანიშნულია მორიგი კრება თავად-აზნაურობისა და არც კი დაუნახავთ საჭიროდ, რომ სხვათა საგანთა შორის ეს დიდი საგანიც აღენიშნათ კრების განსახილველად. კრებაში წარდგენას ვინა სჩივის, კომისიაც-კი ამ მთელის ერთის წლის განმავლობაში არავის უფიქრია მოიწვიოს, რომ პროექტი, თავად-აზნაურთა განაჩენისამებრ, გაესინჯათ.


განა ასეთის პატივის ღირსია მთელი კრებული მთელის გუბერნიის თავად-აზნაურობისა, რომ ასე თვითნებობით ექცევიან მის განაჩენს და აინუნშიაც არავის მოსდის არც მისი სურვილი, არც მისი განაჩენი, თითქოს ბაზრის ბიჭების ნაყბედი რამ იყოს, ქარის მოტანილი და ქარის წასაღები. რად უყურებენ მთელს თავად-აზნაურობას ამისთანა აბრუ გასატეხ თვალით? როდის აქეთ გაუტყდა ეს აბრუ ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურობას, როდის აქეთ ჩამოერთო საზოგადოებრივი ღირსება, რომ მის განაჩენს კანონიერ და საპატიო გზას არ უხსნიან, მის სიტყვას ყურს არ ათხოვებენ და აგრე აუსრულებლად და მაშასადამე,უპატიურად სტოვებენ, თითქო ბაშვის ტიტინი იყოს და არა ჭკუა-დამჯდარის კრებულისა, რომელმაც იცის რას მოქმედობს, რას შეუწყოს ხელი და რას არა.


აქ ვის რა ხმა ამოეღება, ვის რა ხელი გაუწვდება, რომ კანონიერი სვლა ამ საქმისა თავისის ნებით აბრკოლოს? ამისთანა ყოვლადშემძლეობა ვის აუღია თავის-თავზე? ვის აქვს იმის უფლება და ნება, რომ თავად-აზნაურთა კრების განაჩენისამებრ შესრულებული საქმე ასე მჩვრად გახადოს და გამხილების ფიქრს მაინც არ შეუშინდეს? ესეთი ქცევა სასაცილოდ, სამარცხვინოდ და აბუჩად აგდებაა მთელის თავად-აზნაურობისა, რომლის განაჩენსაც ასე მჩვრად ჰხდიან.


ნუთუ არ იციან, რომ თავად-აზნაურთაგან ამორჩეული კაცი, ვინც გინდ იყოს, სხვა არა არის- რა, გარდა იმისა, რომ რასაც თავად-აზნაურობა — ჩასძახებს, ის უნდა ამოიძახოს, და არა თვითნებობდეს და თავისის ჭკუით იწუნებდეს ან ერთს, ან მეორე განაჩენსა, ამომრჩეველთაგან დადგენილს. ყველას შეუძლიან, რასაკვირველია, თავისი აზრი იქონიოს, როგორც ყოველს კერძო კაცს, მაგრამ თავად-აზნაურთა საქმეებში მარტო თავად-აზნაურობაა მბრძანებელი და არა სხვა ვინმე. მართალია, ბევრი მისთანა კაცია ქვეყანაზე,რომელთათვისაც კანონი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ აქედამ სულაც არ გამოდის ის, რომ სხვები ყურმოჭრილ და ხმაამოუღებელ ყმად გაიხადონ. ყველას თავისი კუთვნილი ღირსება აქვს და ნამეტნავად მთელს თავადაზნაურობას, როგორც მთელს კრებულს, და ნუთუ ღირსების დამცირება, ღირსების შელახვა არ არის, რომ, მაგალითად, ჩვენმა მოხელემ ჩვენს მოსაზრებულს სიტყვას, ჩვენს მოფიქრებულს განაჩენს ზედ არ შეხედოს, ხალიჩას ქვეშ ამოდოს სადმე და გულში იძახოდეს: ბევრი იმისთანა სულელობა გვინახავს, ეგეც იმათშიო.


სად არი ეხლა იგი პროექტი, იგი კომისია? რატომ თავისი გზა და სვლა არ მისცემია ან ერთს ან მეორეს? ჩვენ ამის პასუხად ორი რამ ვიცით: ერთი ის, რომ ბ-ნ გუბერნიის მარშლისათვის 28 თებერვალს 1896 წელს წარუდგენიათ მომზადებული პროექტი და ის დღეა და ეს დღე, არც კომისია, არც ჩლავი და არც ფლავი. უთუოდ წნილად ჩაუდგიათ და ელიან, როცა დამჟავდება. პატრონობა საქმისა, თუ გნებავთ, ეს არის, და რადგანაც სიჩქარით სოფელი არავის მოუჭამია, ჩვენც ვითმინოთ, ეგებ მოთმინებითა ჩვენითა სული ჩვენი მოვიპოვოთ ოდესმე. ესეც კაი ნუგეშია, თუ თქვენც იტყვით.


ყველაფერი ახია ჩვენზე. რაც მოგვდის ჩვენივე ბრალია, სხვას ნურავის ვუსაყვედურებთ. ტყუილად კი არ დაიცინებიან, ნამეტნავად ამ ბოლოს ხანებში, და იძახიან: რა თავად- აზნაურობა, ვინ თავად-აზნაურობა, განა თავად-აზნაურობას თავი აქვს რამ ისაქმოს და გააკეთოს! ან არისღა თავად-აზნაურობაო!... მოდით და, თუ არ დაგიშლით, სიტყვა მოუჭერით, სიტყვა შეუბრუნეთ ამის მთქმელს.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
ოსმალეთის სომეხთა განწირვა

ტფილისი, 19 დეკემბერი, 1895 წელი. ყველა იძახის, რომ სომეხთა საქმე მიწყნარდა და ვითომც სამშვიდობოზედაც გავიდაო. ცალკე ხომ ამას იძახიან,...

 
 
ოსმალეთის არეულობა და ევროპა

ტფილისი, 19 ნოემბერი, 1895 წელი საოცარი მდგომარეობაა დღევანდელის პოლიტიკისა ევროპაში. ვინც გუშინ ოსმალეთის განდევნას ევროპიდამ და მის...

 
 
bottom of page