top of page

ოსმალეთის არეულობა და ევროპა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 3 min read

ტფილისი, 19 ნოემბერი, 1895 წელი


საოცარი მდგომარეობაა დღევანდელის პოლიტიკისა ევროპაში. ვინც გუშინ ოსმალეთის განდევნას ევროპიდამ და მის დანაწილებას ნდომულობდა და ამისათვის არც ჯარს და არც ფულს არ ჰზოგავდა, დღეს იგი მაგრად სდგას იმაზე, რომ ამ მხრით ოსმალეთს ხელი არავინ შეახოს, და ვინც გუშინ ესარჩლებოდა ოსმალოს და თავგამოდებული იბრძოდა და სისხლსა ჰღვრიდა, იგი დღეს სულ სხვა საგალობელსა ჰგალობს. გარდა ამისა, საითაც-კი მიიხედავთ, ყველგან იძახიან, - ეს ოსმალეთის არეულობა არავითარს შიშს არ მოასწავებსო. იტალიის მეფე ჰუმბერტი, ინგლისის, საფრანგეთის და ავსტრო-უნგრეთის მინისტრები, საცა-კი შემთხვევა აქვთ, სულ იმას ჰღაღადებენ, რომ გულს წინათვე ნუ გაიხეთქთ, ყველაფერი მშვიდობიანად და უტყვიაწამლოდ, უთოფზარბაზნოდ ჩაივლისო. ღმერთმა ჰქმნას ეგრე მოხდეს, ყველა კაცთმოყვარე ადამიანი ამას ინატრებს.

ხოლო ამ მშვიდობიანობის ღაღადებასთან ერთად არც ის ამბები იმალავს თავს, რომ ოსმალეთში ხოცვა-ჟლეტაა და უფრო უარესს მოელიან. ეს მოლოდინია მიზეზი, თუ დიპლომატები მშვილდსა ჰმალვენ და ისარს-კი ისვრიან, - ყოველის მხრით ისმის, რომ ყველგან დიდს მზადებაში არიან, ხმალსა ჰლესვენ და მშვიდობიანობას-კი გვარწმუნებენ. ინგლისი, იტალია, ავსტრო-ვენგრია და იქნება სხვანიცა იმას ჰცდილობენ - თავიანთი ფლოტები იმ ფეხზე დააყენონ, რომ საცა და როცა დასჭირდეს, თოფ-ზარბაზანსაც ხმა ამოაღებინონ.


მართალია, დიპლომატიაში და პოლიტიკაში ტყუილს ფახიფუხს და მუქარას ხშირად თავისი ადგილი აქვს ხოლმე სხვის გულის გასახეთქათ, ხოლო აქ საკითხავი ის არის: საომარს ხომალდებს რომ აძლიერებენ, ფლოტს რომ საომარ ფეხზე აყენებენ, ვინ ვის უხეთქავს გულსა? ნიშანში ვინ არის ამოღებული? არა გვგონია, რომ ნიშანში ოსმალო იყოს ამოღებული, რადგანაც იგი უამისოდაც გულგახეთქილია დღევანდელის ამბების გამო და უძლური - ვისმე აურზაური გაუწიოს. ერთი მკვახედ და გადაწყვეტილად შეთვლილი სარჩიელი და იმისი ჯანი! იგი კრინტსაც არ დასძრავს და ყურმოჭრილ ყმასავით დაემორჩილება რიხიან სიტყვას ევროპისას. ხოლო სად არის და რად გვიანდება ეს რიხიანი სიტყვა?

აქაც იგივე უცნაური ამბავია. არ არის დღეს ევროპაში არც ერთი დიდი სახელმწიფო, რომ თავმოწონებით არ იძახოდეს თავისის დიპლომატების პირითა, ევროპის სახელმწიფოთა შორის სრული თანხმობა არისო; თვითოეული დიდი სახელმწიფო იმ აზრზე სდგასო, რომ ურთიერთის თანხმობით და ყველამ ერთად იმოქმედოს ოსმალეთის შესახებო. ამას ჰფიცულობენ ყველანი, მაგრამ ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს. თუ ეგრეა, მაშ საქმე რაღაზეა? რაღად იჟლიტება ამოდენა ქრისტიანე სული და არა-ქრისტიანე? რაღას ელიან? საქმე დღედადღე მწვავდება, სისხლის ღვრა ძლიერდება, არეულობა ჰმატულობს, აღრევა და ერთმანეთზე წევა ამოღებულის ხმლით, დღეს თუ ერთმანეთის დამოუკიდებლად, დაქსაქსულად, ცალ-ცალკე მოქმედობს, - ხვალ, ხვალ-ზევით მოსალოდნელია ერთს უშველებელ, გაერთებულ ცეცხლად გადაიქცეს და მოეკიდოს მთელს ოსმალეთსა, და მაშინ ხომ ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს. სად არის ეგ თანხმობა ევროპისა? სად არის ის კაცთმოყვარეობა, რომელზედაც ასე უყვართ ხოლმე დაბჯინება პოლიტიკოსებს და დიპლომატებს და რომელიც მართლა რომ დედაბოძია იმისთანა ჩაგრულ ერისათვის, როგორიც საწყალი სომხები არიან დღეს ოსმალეთში? ნუთუ ერთი ერი - სომხები მეორეს - ოსმალოს უნდა მიეცეს შესაჭმელად, აქაო-და თქვენ ცოტანი ხართ და ჩვენ ბევრნიო, და განათლებული ევროპა კი უყურებდეს ამ უსამართლობას და იმით იწონებდეს თავს, რომ ჩვენ ყოჩაღად ვართ, ერთს პირზე ვდგევართ, საერთოდ და განუყოფელად გვსურს ვიმოქმედოთო. თქმა და ქმნა ერთი და იგივე არ არის, შუა დიდი მანძილია.

სად არის ეგ საერთო და განუყოფელი მოქმედება? მაძღარი მშიერს წვრილად უფხვნიდაო, სწორედ ეს არის. საქმე ის არის, რომ ეგ თანხმობა და ერთობილად მოქმედება ყინულზე დაწერილი თამასუქია, ჯერ-ხანად ხელი-ხელთ საგოგმანებელი. ოსმალეთის საქმე რთულ ინტერესების ამბავია. ზოგს დიდს სახელმწიფოს იმისთანა საკუთარი ინტერესები აქვს აქა, რომ არასგზით სხვა სახელმწიფონი ამას არ დაჰყვებიან და სხვა სახელმწიფოებს იგი არ დაეთანხმება. აი სად არის ჭირი დღევანდელის პოლიტიკისა. აი სად არის მისი ნასკვი, ჯერ ძნელად გამოსახსნელი. თუმცა ევროპა გვეფიცება, მაგრამ უეჭველია ჯერ იგი ერთს აზრზე არ დამდგარა. უეჭველია, გარეთ ერთს ჰლაპარაკობს და შინ-კი, ფარდებს უკან, სულ სხვას ჰფიქრობს და სხვარიგად არის საქმე. ესე რომ არ იყოს, განა დასაჯერებელია, რომ მთელი ევროპა ერთს აზრზე იდგეს, - როგორც გვარწმუნებენ, - ერთსა და იმავეს ეტანებოდეს, და ოსმალო კი გაუუჯიათდეს და ღობე-ყურეს ედებოდეს. ევროპა მართლა რომ ერთის რისამე მოწადინებული იყოს, განა ოსმალო გაუძლებდა, განა იგი ასე გააჭიანურებდა საქმეს და თვალის დახამხამების უმალ არ აუსრულებდა ერთობით გაძლიერებულს სურვილს? ოსმალეთს რა შეუძლიან მთელის ევროპის წინაშე? აკი ვამბობთ: ერთი რიხიანი სიტყვა ევროპისა და მაშინვე ენა მუცელში ჩაუვარდება ოსმალეთს შიშითა. საქმე ის არის, რომ დიდთა სახელმწიფოთა შორის არც ერთობილი აზრია და არც ერთობილი სურვილი. აქ ზოგიერთს ეჩო უჭირავს ხელში და ჰლამის თავისაკენ მოითალოს.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
bottom of page