ოსმალეთის სომეხთა განწირვა
- nino otiashvili
- Jan 2, 2024
- 3 min read
ტფილისი, 19 დეკემბერი, 1895 წელი.
ყველა იძახის, რომ სომეხთა საქმე მიწყნარდა და ვითომც სამშვიდობოზედაც გავიდაო. ცალკე ხომ ამას იძახიან, ცალკე ისიც ისმის, რომ სომხებს მაინც სდევნიან და ჟლეტენ. დღე არ გავა, რომ დეპეშა არ მოვიდეს, აი აქ თუ იქ ამდენი სომეხი დააწიოკეს, აიკლეს, ამდენი ამოხოცეს, ამდენი დაღუპეს. რა თქმა უნდა, არც მეორე მხარე რჩება უიმისოდ, რომ სომეხთაც არ შესწამოს ამისთანავე მოქმედება, მითამ-და წინააღმდეგ ოსმალთა, და მით არ ამართლოს იგი ულმობელი საქმენი, რომელსაც ოსმალნი სჩადიან.
ვინ ვისა სდევნის, ვინ ვისა ჰკლავს და იკლებს, ვინ სტყუის და ვინ მართალია იქ, სადაც ერთის მხრით ძალია და მეორეს მხრით უღონობა, — ეს ყველამ აშკარად იცის, ამას ყველა აშკარად ჰხედავს, მაგრამ ზოგიერთა ჟურნალ-გაზეთების კალმის წრიპინისაგან სჩანს, რომ ბევრი განგებ თვალებზე ხელებს იფარებს, არა დავინახო რაო, ან დანახულს ჰმალავს და იმაზე აჭყეტს თვალებს, რაც ესიზმრება სხვადასხვა შინაურ მიზეზის გამო, რომელთაც არავითარი კავშირი არა აქვთ მათთან, რაც მართალია და რაცა სძრავს ადამიანის გულს ამ შემთხვევაში.
აშკარაა, სომხების საქმე და ერთობ ოსმალეთისაც განგებ ირევა, აცა — წყალი იქნება როგორმე აიმღვრეს, რომ ბადე კარგად მოხვდესო. ამასობაში ძლიერისაგან სუსტი იჩაგრება თუ არა, ამისი დარდი და ნაღველი არავისა აქვს, ამისთვის თავი არავისა სტკივა იმოდენად, რომ ნასკვი დღევანდელის ტკივილისა აქ გამოინასკვოს და ღვაწლი ქვეყნისა ამ ნასკვის გამოხსნაზე დაიხარჯოს, როგორც სამართალი და კაცთმოყვარეობა ითხოვს.
ჩვენ სრულებით არა გვწამს, რომ რომელიმე სახელმწიფო აქ მარტო სომხების ბედის გასწორებას გულდადებით ეტანებოდეს და მარტო ამისთვის იღვწოდეს. სომეხთა საქმე, ასეთის ბუკითა და ნაღარით ატეხილი, აქ უნდა იგულვებოდეს, ჩვენის ფიქრით, იმოდენად, რამოდენადაც იგი სამსახურს გაუწევს თვითოეულის ცალკე სახელმწიფოს თავმოყვარეობას და ხარბს წყურვილსა, რომ მე ჩემი ვირგუნოო. ყველას თავისი ანგარიში აქვს და სომეხთა საქმე მარტო მიზეზია ანგარიშების აშლისა და დავთრების არევ-დარევისა.
რა თქმა უნდა, ეს აწეწილი საქმე ისე არ ჩაივლის, რომ თავგანწირულ სომხებს ოსმალეთში ცოტა რამ სიკეთე არ დაეყაროს, მაგრამ ეს ცოტა რამ ძალიან ცოტა რამ იქნება და სომხებს ნაათალსაც იმ წამებისას ვერ უზღავს, რაც მათ გამოიარეს, რასაც იგინი ასე თუ ისე სამართლიანად ელოდნენ და რისთვისაც ასე საქებურად და სამაგალითოდ თავი გაიწირეს. ამას უშლის იგი მიუნდობლობა, იგი ცილობა, იგი ხარბობა, იგი დაუძინებელი მეთუ-შენაობა, რომელიც ასე ძლიერ მოქმედებს სახელმწიფოთა შორის ყოველს საპოლიტიკო საქმეში. ავიღოთ თუნდა მაგალითად მეორე, სტაციონერების ამბავი. რა მოხდა აქ იმისთანა, რომ კაცმა თავი იდიდოს და ამაზე ცილობა დაიწყოს, თვით საქმე დაივიწყოს და ამას გამოეკიდოს. სულთანს ნება ჩამოართვეს, რომ დარდანელის გზით მეორე წყობა ხომალდებისა შეეშვა. აქაც-კი იმაზე დაიწყეს ცილობა, — არა ეს საქმე მე მოვახერხე და არა მეო და ამიტომაც გვირგვინი გამარჯვებისა, ქება-დიდება მე მეკუთვნისო; ხოლო რა არგო ამ ხომალდებმა სომხების საქმეს და ერთობ იმ მწვავს გარემოებას, რომელიც დღეს ასე ამძიმებს ევროპას? ამაზე არავინ დარდობს, თითქო ამ საკითხს აქ ადგილი არა აქვს, თითქო თავიდათავი საგანი ასეთის ფართიფურთობით ატეხილის ალიაქოთისა ის იყო, — ვინ ვის აჯობებდა, ვინ გაიტანდა სვეს გამარჯვებისას სულთანის წინაშე.
თუ მართლა იმაზე შესდგა ეგ სტაციონერების საქმე, რაზედაც დღეს შეუყენებიათ, იმისი ფასი გროშია. აბა, ომის მოლოდინით შეშინებული გული ევროპისა რას გამორჩება იქიდამ, რომ ეს სახელმწიფო დაიდგამს გვირგვინს გამარჯვებისას ამ შემთხვევაში, თუ ის. ვის რად უნდა, ან რის მაქნისია ლაპარაკი იმაზე თუ, — თავმოსაწონებლად ვინ გაიხდის ამ ჩალის ფასს სტაციონერების საქმეს მაშინ, როდესაც სისხლი ადამიანისა ორ-ტოტად იღვრება და ამას შველა უნდა. ან რა თავმოსაწონებელია ამნაირი უქმი გამარჯვება. ეგ ხომ სიტყვის ბანზე აგდებაა და სხვა არაფერი. ვინ არ იცის, რომ რაკი საქმე სიტყვის ბანზე აგდებაზე მიდგება, ვერაფერი ნუგეშია, ვერაფერი ნიშანია თითონ საქმის ბოლოში გატანისათვის. თუ ეს სიტყვის ბანზე აგდებაღა დარჩათ „სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა“ — ვერ ითქმის, რომ ევროპის სახელმწიფოებს სომეხთა საქმეში ალჩუ უჯდებოდეთ. რასაკვირველია, უნუგეშობის მიზეზი აქ ერთმანეთის ჯიბრია და ერთმანეთის მეტოქობა. სხვაგვარი ქადილი და ღაღადება, ჯერ-ხანად მაინც, ყინულზე დაწერილი თამასუქია, და ვისაც საქმის დაყოვნების მიზეზი ჰსურს შეიტყოს, აქ, ამ ჯიბრსა და მეტოქეობაში უნდა ეძიოს. ეს აზრი არა ერთხელ გამოგვითქვამს და ვგონებთ, რომ ამ აზრს ახალი საბუთი მოეცა ამ სტაციონერების გამო ატეხილ ცილობისაგან.
განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ სახელმწიფოებს სომეხთა საქმე ისე არ ამძიმებთ, როგორც სხვა რაღაცა გულში დამალული? თორემ რა დროსია ამ ცილობისათვის კაცმა თავისი ჭკუა და გონება მოაცდინოს და ამისათვის გაცხარებით თავი გამოიდოს.
