top of page

დამატება წერილებისა „აი ისტორია“

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 27, 2023
  • 7 min read

1889 წელი


ჩვენ არა ერთი და ორი მაგალითი წარმოვუდგინეთ მკითხველს იმისი, თუ რა „ინტენსიურის“ ცოდნით აკიდებული ბრძანებულა ჩვენი ბაქია და ტყუილად თავმომწონე ავტორი „Письма о Грузии“-სა. ეხლა შევუდგებით იმის გამორკვევას, თუ რა სიბრძნისა, გონებაგახსნილობისა, რა მსოფლმხედველობის და ჭკუის პატრონი ყოფილა ჩვენი ჭკუა-აფრინე ავტორი. თუ სხვისა არა ჰღირსებია, სხვისაგან არა უსწავლია რა, თავისი საკუთარი მაინც ჰქონია რამე თუ არა. ყოველივე საამისო მაგალითი ერთი მეორეზედ უკეთესი მარგალიტია იმ გვირგვინში, რომელსაც ასეთის ბაქი-ბუქით და კორიანტელის აყენებით თავზედ იდგამს ეს ჩვენი ახლად გამომცხვარი გაბუებული მეცნიერი, როცა ჩვენს ძველისძველს კულტურაზედ ჰლაპარაკობს. აქაც იგივე ჰო და არა აქვს ერთსა და იმავე საგანზედ. რასაკვირველია, ეს კაი ხერხი და ოსტატობაა, რადგანაც ან ერთი გამოდგება მართალი, ან მეორე, თუმცა ზოგან კი იმასაც ახერხებს, რომ მისი არც ჰო იყოს მართალი, არც არა.


ჯერ გამოვარკვიოთ ავტორის დედა-აზრები მასზედ თუ, — კულტურა, ანუ ცივილიზაცია, სხვისა თუ საკუთარი, როგორ და რა გზით შედის და მოქმედობს ერის ცხოვრებაში. აბა ამაზედ ავალაპარაკოთ თითონ ენა-ჭრელი და ენა-პტყელი ავტორი. ბოდიშს ვიხდით, რომ ავტორის ნაუბარი რუსულად მოგვყავს, მიზეზს ვერიდებით, არ შეგვწამონ სიტყვების გადასხვაფერება. აი რას ამბობს ავტორი:


„Под напором новой жизни, нового яркого духовного света, народ может скоро забыть старые былины и песни... Народ начинает обыкновенно в таких случаях стыдиться (?) своего темного житья и, спеша воспринять доступную ему внешность, отбрасывает прощлое со всеми его драгоценными сокровищами“.


დაიხსომეთ აქ ნათქვამი და ნამეტნავად ის, რომ ავტორის აზრით ერი მიიღებს ხოლმე მარტო გარეგანობას კულტურისას. ორს-სამს სტრიქონს შემდეგ ჩვენი გულმავიწყი მეცნიერი სულ სხვა-რიგად გადასთქვამს ამ ნათქვამსა, თითქო სხვას თავის მოპირისპირეს ალაპარაკებსო. იგი ამბობს:


„Она (современная цивилизация) захватывает сразу (!) весь (!) уклад (!) народной жизни, неся могучие идеалы и... заставляя импонирующе ярко выступать современность и тонуть во мраке прошлое“.


აქ ხომ ჰხედავთ, ავტორი სულ სხვას ამბობს. სამის სტრიქონის წინათ მოგვითხრა, რომ ერი მარტო გარეგანობას კულტურისას გადაიღებს ხოლმეო. ეხლა-კი გვეფიცება, გარეგან სახეს კი არა, ცივილიზაცია მთელ შინაგან-გარეგანობას (весь уклад) ერის ცხოვრებისას ძირიდამ თხემამდე ერთბამად შეიპყრობს ხოლმეო. ამ სახით სამის სტრიქონის მანძილზედ ჩვენს მეცნიერს ლოღიკა ვერ მიჰყვა და დიდის ბაქი-ბუქით კი ჰლამის მთელს სამი ათასს წლის მანძილზედ ვითარება საქართველოსი განსჭვრიტოს ამ უღონო და ფეხ-მოკლე ლოღიკითა. აქ უღონობა ლოღიკისა იმოდენად საკვირველი არ არის, რამოდენადაც ასეთი გალაღებული გამბედაობა უმეცრებისა და ჭკვამოკლეობისა.


ეხლა ვკითხოთ ავტორს, — ვის და რას შემოაქვს ერის ცხოვრებაში ეს ყოვლად-შემძლებელი იდეალები, რომლის მეოხებითაც ცივილიზაცია „сразу захватывает весь уклад народной жизни, заставляя импонирующе ярко выступать современность и тонуть во мраке прошлое“. ამ საკითხების პასუხად სიტყვა-ჭარბი ავტორი აი რას გვეუბნება:


„Как сильно встряхнула современность весь стародавний уклад грузинской жизни, ярко доказывается“ და სხვანი და სხვანი.


იმას ნუღარ ვიტყვით, რომ ავტორი სხვა ადგილას გვეფიცება, ვითომც ქვეყანაზედ მარტო საქართველოს ერია იმისთანა, რომლის აწმყოშიც ისე ცოცხლად შენახულია წარსული, როგორც არსად, და მაშასადამე, ან ეს „сильно встряхнула современность стародавний уклад грузинской жизни“ უნდა ტყუილი იყოს, ან ეს ცოცხლად შენახულობა წარსულისა.


საქმე ის არის, რომ ამ „сильно встряхнула“-ს ბრწყინვალე საბუთიც მოუპოვა ჩვენმა ავტორმა, რომელიც, რასაც ერთგან ამბობს, ის მეორეგან ავიწყდება, თითქო ჯადოს რასმე შეუკრავს მისი ჭკუა და გონებაო.


ზემოხსენებულ „как сильно встряхнула“-ს წაიკითხავთ თუ არა, რასაკვირველია, იმას მოელოდინებით, რომ აი ავტორი ეხლა იმასაც გვიჩვენებს, რა იდეალებია ის ყოვლად შემძლებელი იდეალები, და იმასაც — თუ ვის და რას შემოაქვს იგინი და როგორ захватывает современность весь уклад народной жизни сразу. თურმე ნუ იტყვით, ყოველ ამ სასწაულების მომქმედი, ამ იდეალების შემომტანელი „შარმანკა“ და ქალაქის კინტო ყოფილა და სარბიელი მათი — მუშტაიდი და მიკიტნის დუქანი. თუ არა გჯერათ, წაიკითხეთ (51 გვერდი Сев. Вест. No 2) სასაცილო მასხარაობა ავტორისა ამ საგანზედ. ჩვენში კი ითქვას და სამასხარაოდ კი არა, საბრძნოდ მოჰყავს ავტორს ეს ცივ-ცივი ტყუილი და ჭკუაში მოუთავსებელი მაგალითი ცივილიზაციის გარედამ შიგნით შემოსვლისა. აი თურმე „შარმანკისა“ და კინტოს მეოხებით современность сразу захватывает весь уклад народной жизни, неся могучие идеалы და სხვანი და სხვანი. აი თურმე „შარმანკა“ და ქალაქის კინტო ყოფილა ავტორის „напор новой жизни, напор нового яркого духовного света“, რომელთა გამოც ერი მალე ივიწყებს თავის ძველ ზღაპარ-თქმულობას და ლექსებსა. მაგრამ ყოველივე ეს напор-ები, ეს сразу захватывает — გულმავიწყს ავტორს რამდენისამე სტრიქონის მანძილზედ აღარ ახსოვს, თითქო მისი ნათქვამი არ იყოს და ამიტომაც ახლა სხვას გვეფიცება. რაკი დაამტკიცა, რომ „შარმანკისა“ და კინტოს მეოხებით напор новой жизни, нового яркого духовного света მიაწყდება ხოლმე ერის ცხოვრებას, იგი განაგრძობს:


„Так мало-по-малу (აკი сразу-ო!) современность в ея искаженных уродливейших формах (ვაი ყოვლადშემძლებელო იდეალებო ავტორისავ, ვაი яркий духовный свет-ო, რა მალე აგეგოთ ანდერძი!) подкашивает стародавний уклад и ничто не в силах побороть ея влияния და სხვანი[5]. როგორ მოგწონთ! ჯერ ხომ ცივილიზაციის გარეგანობა შეიპყრობს ხოლმე ერის ცხოვრებას. მერე გვეუბნება, გარეგანობა კი არა, ძლიერი იდეალები მოაქვს და „сразу захватывает весь уклад народной жизни, заставляя ярко выступать современность и тонуть во мраке прошлое“.


ბოლოს კი გამოდის დიამც იყოსავით, რომ сразу კი არა, мало-по-малу современность в ея искаженных уродливейших формах подкашивает стародавний уклад. რაღა იქმნა ის современность-ი, რომელიც „сразу захватывает весь (!) уклад народной жизни, неся могучие идеалы?“ სად დაიკარგნენ ის ავტორის напор-ები? გზაზედ გაეფანტა ჩვენს ბატონსა. მაშ რა ექმნა? მძიმედ აკიდებულია „ინტენსიურის“ ცოდნით და სულ სად ეზიდნა ამოდენა ბარგი და მერე იმ-სიდიდე მანძილზედ, როგორც ერთი სტრიქონიდამ მეორეა.


ნუთუ გგონიათ, ან ამაებზედ დასდგეს დიდხანს ავტორი. ნურას უკაცრავად. ავტორი არც ისეთი ჯიუტია, რომ სთქვას და აღარ გადასთქვას, თითქო გვეუბნებოდეს, დიახ, მე კი ვიქნები, ერთი ვსთქვა და აღარ გადავსთქვაო, მაშ თავზედ ქუდი არა მხურებიაო. არაო, გვეუბნება იგი სხვა ადგილას, არც подкашивает, არც захватывает весь уклад народной жизни, და თუ ან ერთი, ან მეორე დამიჯერეთ წინათ, გთხოვთ ეხლა ნუღარ დამიჯერებთო. სულ ტყუილია ესენიო, რადგანაც:


„Человеческая натура так пластична (ეს пластична რაღა ეშმაკი და ქაჯია!), что, уступая во власть событиям форму и внешность,... свято бережет заложенные в ней природою силы“[6] და სხვანი.


თურმე ნუ იტყვით, ადამიანი მარტო ფორმით და გარეგანობით ემორჩილება საქმეთა ვითარებას და შინაგანად, ძირეულად-კი ხელუხლებელად ჰრჩება. მაშასადამე, რაც ავტორმა წამოფქვა, ვითომც ცივილიზაცია сразу захватывает ანუ подкашивает весь уклад народной жизни, ტყუილი ყოფილა. ესეც მეოთხედ გადათქმა ერთისა და იმავე საგანის გამო. მოდით და ამ ოთხკეც ლოღიკას, ამ აბდაუბდას, ამ უმჭკვაობას მოჰკითხეთ კულტურა რა ხილია. ან განა ამ მეოთხე გადათქმას გვაკმარებს ეს ჩვენი მეცნიერი! იგი თავის მეორე წერილის 44 გვერდზედ იმ აზრს გვიქადაგებს, ვითომც ცხოვრება ერისა, რაკი ერთხელ თავის ჩარჩოებში ჩაჯდა, შეურყეველია და ყოვლად შემძლებელი იმოდენად, რომ არამცთუ თითონ ელახვინებინება სხვის ზემოქმედებას, არამედ თითონ ზედმოქმედობს სხვაზედ და იმორჩილებს. ესეც ახალი ამბავი, მით უფრო, რომ ამას საქართველოზედ ამბობს, რომელიც, ავტორისავე სიტყვით, სულითაც და ხორცითაც ყოვლად უძლური იყო. თუ ყოვლად უძლურის ერის ცხოვრება ესე თავის-შემნახველია და გამძლე, მაშ ის ზოგადი თეორია ავტორისა რაღაა, რომ გარედამ მოსული ცივილიზაცია сразу захватывает весь уклад народной жизни? მოდით და გაიგეთ, ამ ხუთში რომელშია მართალი ჩვენი პტყლა-პტყლად მოუბარი

მეცნიერი. ესეც თქვენი ერთ-არსი სამება კი არა, ერთ-არსი ხუთება, რომელსაც ავტორი თავის თავით წარმოგვიდგენს, თითქო ხუთთავიანი დევიაო. ჯადო-ღა იქნება ამაზე მეტი! კაცი ერთი იყოს და ერთსა და იმავე დროს ხუთნაირად გეჩვენოთ. ნუთუ ეს მეცხრამეტე საუკუნეს სასწაულად არ უნდა ჩაეთვალოს!

ეს დედა-აზრები ხომ ასე გარკვეული ჰქონია კულტურის და ცივილიზაციის ძალ-ღონის გამომძიებელს ამ ჩვენს ახლად-მოზელილს ბოკლსა. ამის შემდეგ იგი გადადის ჩვენის ძველის-ძველ კულტურის თვითეულს ცალკე ელემენტზედ. არჩევს ენას, ძველის-ძველ სარწმუნოებას სახელმწიფო და სამმართველო აგებულებას, ერთის სიტყვით, ჩვენს სულიერს და ხორციელს ყოფა-ცხოვრებას. აბა ამაებში ვნახავთ ლაგამ-წამოყრილი ყოვლად მტკნარი უვიცობა რა-რიგ დოღს გაგვიმართავს და რა მანძილზედ გაჭენდება ამოუქშენლად. დაგვიჯერეთ, რომ ჩვენთან ერთად გაოცებულნი შესძახებთ ავტორს კიკნაძე-ბერის სიტყვებს:

„შენ, ვარდის კონავ, დრამის წონავ,რა მოგიჩმახავს!“ წერილი მეთოთხმეტე

თუმცა პირდაპირ არ გვითქვამს, მაგრამ წინა წერილებიდამ ცხადადა სჩანს, — საით გადახრილა ჩვენი ავტორი „Письма о Грузии“-სა და საითკენ სჭიმავს თავის ზღაპრებით გაპოხილს ჭაპანსა. ორსავ წერილში ის თავი-და-თავი აზრი აქვს გატარებული, რომ ქართველებს თავიდამ ბოლომდე თავისი არა ჰქონიათ-რა და სულ ყოველისფერი სპარსელების ნაწყალობებიაო. ჩვენ ხომ ვნახეთ, ჩვენი ავტორი რა სიმარჯვით მოახტა ზურგზედ თავის უბელო „вероятно“-ს იმის შესახებ, რომ ქართველებს ენაც-კი სამეფო საქმეთათვის სპარსული უნდა ჰქონებოდათო. ეხლა გვიმტკიცებს, რომ რჯულიც სპარსული ჰქონებიათო. იქნება ეგრეც იყო, მაგრამ ერთი გამოვკითხოთ, რა საბუთებმა მიიყვანა ჩვენი ავტორი ამ დასკვნამდე.

აშკარაა, ჩვენის ავტორის დანასკვნის დასამტკიცებლად საჭიროა შედარება ქართველთა და სპარსთა რჯულისა. ამისათვის ერთად-ერთი სახსარია: ქართველთა და სპარსთა რჯულის ზედმიწევნილი ცოდნა. ჩვენ ხომ ვნახეთ, რა ცოდნის პატრონი ყოფილა ჩვენი ავტორი მსოფლიო ისტორიისა საზოგადოდ და საქართველოსი ცალკე. ამაზე უფრო ნაკლებ ქვეითი ყოფილა სპარსეთის შესახებ. ამას ეხლავ ვნახავთ.


იგი ამბობს, რომ ქართველები ცეცხლ-მსახურნი იყვნენო სამთავროს სასაფლაოს ხანაში, ესე იგი მეათე საუკუნედამ მეორე საუკუნემდე ქრისტეს წინათ. ეს შესაძლოა, ხოლო შეუძლებელია ეს ამბავი კაცმა გამოიყვანოს იქიდამ, საიდამაც ჩვენს ავტორს გამოჰყავს. იგი ამბობს, ცეცხლში დამწვარ ძვლებ შორის, რომელიც სამთავროს სასაფლაოზე იპოვა ბაიერნმა, აღმოჩნდა აბსიდიანის ნატეხები. ეს აბსიდიანის ნატეხები ამტკიცებსო, გვეფიცება ჩვენი ავტორი, რომ მაშინდელ დროში მცხეთის მკვიდრნი ცეცხლ-მსახურნი იყვნენო. მართალია, აბსიდიანის დანით ჰხოცდნენ უწინ საწირავს საკლავსა, მაგრამ ეს სრულობით საკუთარი ნიშანი არ არის ცეცხლ-მსახურებისა. საწირავის დაკვლა ერთია და ცეცხლ-მსახურება სხვაა. სხვა რჯულთა წესის აღსასრულებლადაც ჰხმარობდნენ და დღესაც ჰხმარობენ აბსიდიანის დანასა. მაგალითებრ წინადაცვეთისათვის. მაშასადამე, აქაო და აბსიდიანის ნატეხები აღმოჩნდა სამთავროს სასაფლაოზე, აქედამ სრულებით ის არ გამოდის, რომ ამნაირის დანის მხმარებელნი ცეცხლ-მსახურნი ყოფილიყვნენ.


მეორე საბუთი ქართველების ცეცხლ-მსახურებისა ის არის, ავტორის ფიქრით, რომ ვითომც დღესაც ქართველები ცოდვად სთვლიან უწმინდურებით რითიმე წამურტლონ ცეცხლი. არ ვიცით, სად და რომელს მხარეს ჩვენში შეუნიშნავს ეს ამბავი ჩვენს ყოვლად-მხედველს ავტორსა. ის მაინც არ უნახავს ავტორს, რომ ყოველ დიდ დღესასწაულის წინა-დღეს ჩვენი ქართველი კაცი თავის ეზოს, სახლს მოჰგვის და ყოველს უწმინდურებას ერთს ადგილას დაახვავებს და მერე წაუკიდებს ცეცხლსა დასაწვავად. არ გვინახავს ჩვენ და არა გვგონია სხვასაც ვისმე ენახოს, რომ ცეცხლს აგრე მოწიწებით და სასოებით ექცეოდნენ ჩვენში,როგორც ავტორს მოსჩვენებია. თუ კერაზედ ცეცხლს პატივსა-სცემენ, ეგ პატივი კერას ეკუთვნის და არა ცეცხლსა, იმიტომ რომ კერას გარე მძოვრსაც კი არ არიდებენ ჩვენში ცეცხლსა.


ჩვენ ამით იმისი თქმა კი არ გვინდა, ვითომ არა გვჯეროდეს, რომ ქართველები ერთს დროს ცეცხლ-მსახურნი ყოფილიყვნენ. ეს აზრი არამცთუ შესაწყნარებელია, უსათუოც უნდა იყოს, როგორც შემდეგ ვნახავთ. ხოლო ეხლა-კი ამას ვიტყვით, რომ ავტორს უსაბუთო საბუთები მოჰყავს ამის დასამტკიცებლად.


რაკი ჩვენმა ავტორმა დაამტკიცა, რომ ქართველნი ცეცხლ-მსახურნი ყოფილან, აქედამ იქ გადავიდა, ვითომც ცეცხლ-მსახურება სპარსეთისაგან აქვნდათ მიღებულიო, იმიტომ რომ სპარსელები ცეცხლ-მსახურნი იყვნენო.


განა სპარსელების მეტს სხვა არავის გაუღმერთებია და არა სწამებია ცეცხლი? მეცნიერთა სიტყვით ცეცხლმსახურება მეტად გავრცელებული და თითქმის მთელს ქვეყნიერობაზედ მოფენილი საყოველთაო რჯული ყოფილა. ცეცხლ-მსახურება ისე ხშირიაო, ამბობს ლებბოკი[4], რომ თითქმის მთელის მსოფლიოს რჯულად ჩაითვლებაო... არა ყოფილა არც ერთი ქვეყანა, ცოტად მაინც ცნობილიო, განაგრძობს იგი, რომ ეგ ცეცხლ-მსახურება რჯულის წესად არ ჰქონებოდესო. მისის სიტყვით, ეგ მსახურება წესად ჰქონიათ აზიაში ებრაელთა, ქალდეველთა, ფრიგიელთა, ლიკიელთა, მცირე-აზიელთა, სპარსთა, მიდიელთა, სკვითთა,სარმატთა, ყველა ერს პონტოისას და კაპადოკიისას, ინდოეთისას და ორსავ არაბეთისას. აფრიკაში ჰქონებიათ — ეგვიპტელთა, ეთიოპელთა, ლივიელთა, ატლანტიელთა; ევროპაში — რომაელთა, იტალიელთა, ბერძენთა, ისპანიელთა, გალიელთა, ძველ პრუსსიელთა და სხვათა. ამერიკაში თითქმის ყველგან შენიშნულია ეგევე, ასე რომ თვით ველურთა შორისაც გავრცელებულიაო. რასაკვირველია, ამის შემდეგ, რომ ეგ რჯული ჩვენშიაც ყოფილიყოს.


ესე ერთმანეთზე დაშორებულ ერთა შორის ერთისა და იმავე წესის არსებობა ცხადად გვიმტკიცებს იმას, რომ ცეცხლ-მსახურება შესაძლოა რომელსამე ქვეყანაში თავისითაც დაფუძნდეს, ერთმანეთის მიუბაძველად. ვსთქვათ, ჩვენმა ავტორმა არ აღირსა ეს თავის- თავობა ქართველებსა და რასაც ველურებში ვპოულობთ იგი ჩვენთვის მიუწვდომელად სცნა. მაგრამ აქედამ მაინც ის არ გამოდის, რომ ცეცხლ-მსახურება სპარსელებისაგან მიგვეღოს. პირველი ესა, რომ თითონ ავტორი გვარწმუნებს, ვითომც ცეცხლში არამც თუ ადამიანებსა ვწვავდით, არამედ ადამიანის ლეშსაც. თუ ჩვენს ავტორს სპარსელების რჯულის ცოტა რამ გაგება ჰქონოდა, სწორედ ამ ამბავს უნდა დაეჯერებინა, რომ ჩვენ ცეცხლ-მსახურება სპარსელებისაგან არ უნდა გვქონოდა გადმოღებული. დღეს ბავშმაც კი იცის, რომ სპარსელნი ისეთის სასოებით ეპყრობოდნენ ცეცხლს, არაფერს მიაკარებდნენ. მკვდრებს არცა ჰმარხავდნენ, დედამიწა არ წავმურტლოთო და არცა ცეცხლში სწვავდნენ, ცეცხლი არ შევაგინოთო. მკვდარს ხეზედ დასდებდნენ, ან ჩამოჰკიდებდნენ ფრინველთა შესაჭმევად. ვებერი ამბობს, რომ სპარსელნი ისეთი პატივისმცემელნი იყვნენ ცეცხლისაო, რომ ჰშიშობდნენ, ამოსუნთქულის ჰაერითაც არ წაებილწებინათო. ამისათვის ცეცხლთან ხელსახოცით პირაკრულები მიდიოდნენ, ვითომც ხელსახოცი სუნთქვას დაიჭერს და ცეცხლს არ მიაკარებსო.

ახლა იფიქრეთ, ცეცხლ-მსახურება ქართველებისა რაში ჰგვანებია სპარსელებისას, როდესაც პირველნი ცეცხლში სწვავდნენ ადამიანის გვამსა, თუ ლეშსა, და მეორენი სუნთქვასაც არ აკარებდნენ, არ წავბილწოთ ცეცხლიო. მარტო ეს მაგალითი საკმარისი იყო, რომ ავტორს ქართველების ცეცხლ-მსახურება სპარსთაგან გადმოღებულად არ მიეჩნია.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

1900 წელი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე...

 
 
bottom of page