გოგოლის „რევიზორის“ საიუბილეოდ
- nino otiashvili
- Nov 27, 2023
- 2 min read
ტფილისი, 8 მაისი
... ექვს მაისს ჩვენის დრამატიულის საზოგადოების გამგეობამ იდღესასწაულა გამოჩენილის კომედიის „რევიზორის“ მეორმოცდაათე წელიწადი იმ დღიდამ, როცა იგი პირველად წარმოდგენილ იყო პეტერბურგში. მისი დამწერი, აწ განსვენებული გოგოლი, ყოველის რუსისათვის დიდად სასიქადულო და თავმოსაწონებელი კაცია. თითქმის მთელმა რუსეთმა ეს დღე საქვეყნოდ იდღესასწაულა და თავის სახელოვანის კაცის სახელს თვისი გულითადი და სამართლიანი პატივისცემა გამოუცხადა. რუსეთმა ამ ბოლოს ხანებში არა ერთხელ დაუმტკიცა ქვეყნიერობას, რომ იმანაც იცის თვისთა უკეთესთა კაცთა დაფასება; რომ იმასაც ესმის, რა სახელია ერისათვის, როცა მის კალთაში დაბადებული, მისის ძუძუთი აღზრდილი კაცი, მისი სისხლი და ხორცი, შოულობს და იხვეჭს მას, რაც, ჩვენის რუსთაველის სიტყვით,„სჯობს ყოველსა მოსახვეჭელსა“.
ამ ბოლოს ხანობამდე რუსეთს თითქმის ჩვეულებად არა ჰქონია, რომ თვისთა დიდბუნებიანთა კაცთა მეთაურის ღვაწლი გაიხსენოს რაიმე საჯარო მოქმედებითა და პატივისცემითა. ეხლა კი განათლებული ნაწილი რუსეთისა არა შემთხვევას არა ჰკარგავს ხოლმე, რომ სახელოვანი კაცნი თავისის ქვეყნისანი რაიმე დიდებით და დღესასწაულობით არ მოიხსენიოს. ეს ცხადი საბუთია, რომ გონებითად, ზნეობითად რუსეთმა იმატა, და ცოტად თუ ბევრად დღეს ეგ აღმატება იმ სიმაღლეს მიუახლოვდა, რომელზედაც იწვევდნენ მას მისნი უკეთესნი შვილნი. პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი, ტურგენიევი, ტოლსტოი და სხვანი ამგვარნი მოღვაწენი რუსეთის დიდებად, სახელად ცნობილ არიან უკეთესთა რუსთაგან. მათის წყალობით და მეოხებით ევროპამ დღეს სხვა თვალით შემოხედა რუსეთის სულიერს ძალ-ღონეს, რომლის გამომეტყველნიც იყვნენ ხსენებულნი დიდბუნებიანნი კაცნი რუსეთისანი. ამისთანა კაცნი მით არიან სახელოვანნი, რომ თუმცა სისხლით და ხორცით ერთს რომელსამე გვარტომობას ეკუთვნიან, მაგრამ თვისის ღვაწლით ამასთანავე გვაჩვენებენ ხოლმე, რით არის მათი გვარტომი თანამოზიარე მთელის კაცობრიობისა და რაგვარი ნაკადული შეაქვს იმ დიდ ზღვაში, რომელსაც კაცობრიობას ეძახიან, რა განძსა და საუნჯესა სდებს იმ მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარში, რომელიც ყველას ეკუთვნის და რომლის კარი მუდამ ღიაა ყველასათვის ერთნაირად და თანასწორად, მიუხედავად რჯულისა, გვარტომობისა და დიდ-პატარაობისა.
ეს საყოველთაო მნიშვნელობა დიდბუნებიანთა კაცთა ჩვენს დრამატიულს საზოგადოებას ჩვენზედ უკეთ სცოდნია თვისდა სასახელოდ და ამიტომაც 6 მაისს გამართა დღეობა გოგოლის სახსოვრად. ჩვენმა პოეტმა აკაკიმ ქართველის ერის სახელით დაადგა გვირგვინი გოგოლის სურათს და მშვენიერი ლექსიც წარმოსთქვა. ჩვენ აქ არ გვინდა შევეხოთ არც იმ საღამოს მოწყობილობას, მორთულობას, არც თვით „რევიზორის“ წარმოდგენასა. ეგე ყოველი ამ შემთხვევაში სიტყვაში მოსატანი არ არის. მხოლოდ ერთი სამწუხარო ამბავი უნდა შევნიშნოთ. იმ დროს, როცა ქართული დრამატიული საზოგადოება დღესასწაულობდა რუსეთის სახელოვანის მწერალის თხზულების დიდებასა, როცა ამ დღესასწაულობამ თეატრში მიიწვია საკმაოდ ბლომა ხალხი ქართველთა საზოგადოებისა, ჩვენდა სამწუხაროდ დამსწრეთა შორის თითქმის არც ერთი იგი ვერა ვნახეთ, რომლისთვისაც გოგოლი, და ყოველივე მცირეც რამ ამ სახელოვანის კაცის შესახებ, საკუთარი გულის და სულის საქმე უნდა ყოფილიყო. რას დავემდუროთ გონებაგაუხსნელს კაცს, როცა თვით რუსულის მწერლობის წარმომადგენელნიც კი არა სჩანდნენ დარბაზში!.. ცარიელს ცნობისმოყვარეობას მაინც უნდა მოეზიდნა იგინი, რომ სხვა არა იყოს-რა. გარეგანს წესსა მართებულობისას მაინც უნდა მოეწვია, თუ თვით სახელმა გოგოლისამ ეგ ვერ შესძლო და ვერ გასჭრა!..

