გლეხთა მამულების ვალში გაყიდვა
- Tata Tibilovi
- Nov 23, 2023
- 2 min read
ბევრჯელ თქმულა ჩვენს ჟურნალ-გაზეთობაში, რომ ზოგან მომრიგებელთ მოსამართლეებს ვალში დაუყიდნიათ გლეხთა ვენახები და სახლ-კარი და გლეხნი ხელცარიელნი დაუსვამთ. მომრიგებელნი მოსამართლენი არც იმას მოჰრიდებიან ამ შემთხვევაში, რომ იგი ვენახები და ბინადრების ადგილი სახელმწიფო, საეკლესიო და საბატონო ყოფილა და გლეხს სჭერია მხოლოდ სახმარად. ამისთანა წინდაუხედავმა, ულმობელმა და უკანონო ქცევამ მოსამართლისა ის მოახდინა, რომ აუარებელი რიცხვი გლეხთა, ნამეტნავად თელავის და სიღნაღის მაზრაში, ცის ანაბრად დააგდო, აჰკიდა ზურგზედ მთხოვარის გუდა, წადი და ყველგან დარჩები, ქვეყანა ღონიერიაო. ეს მით უფრო გულის ამღვრევი და შეუნდობელი ბოროტებაა, რომ კანონით აკრძალულია კაცს ის გაეყიდოს, რაც მისი კუთვნილება არ არის. მაგრამ კანონებში გამოქნილმა ჭკუამ აქაც სახტომი უპოვა ვითომ კანონს და ამ სახტომს ყური არავინ ათხოვა, თუმც-კი ეგ სახტომი პირველ დანახვითვე ბავშვის ჩხირკედელობას ჩამოჰგავს. მომრიგებელთ მოსამართლეებმა ის გზა უპოვეს ზემოხსენებულს კანონს, რომ გასყიდვის სიგელში მოიხსენეს გასასყიდად დანიშნულია მამულის ხმარება უმამულოდო, ანუ ვენახისა უმიწოდო.
როგორ მოგწონთ, ბატონებო, ჭკუის გამჭრიახობა! ეს იმასა ჰგავს, რომ იყიდება ცოცხალი ცხენი უმუცლოდაო. ასეთი სასაცილო ამბავი და მოქმედება არამცთუ არავინ შეაყენა, არამედ უმაღლესთა სასამართლოებმა ამგვარი გასყიდვის სიგელები დაამტკიცა კიდეც და მსყიდველს კანონიერი ნასყიდობის სიგელები ჩააბარა. ვინ იყო ამისი პატრონი და გამჩხრეკი? სახელმწიფო საქმეთა გამგეობამ ყური მოიყრუა მასზედ, რომ ასე უკანონოდ სახელმწიფო და საეკლესიო მამულები იყიდებოდა, და თუ სადმე კიდევ ვინმე ჩიოდა ამ ბოროტებაზედ, ისევ თავად-აზნაურობა. ჩვენ ვიცით მაგალითი, რომ ერთმა თავადმა უჩივლა მომრიგებელ მოსამართლეს, საქმე პალატამდე მიიყვანა, და პალატამ გააუქმა მომრიგებელის მოსამართლისაგან დადგენილი განაჩენი გლეხის სახლ-კარის გასყიდვის თაობაზედ.
ამ კანონის ბოროტად მოხმარებამ დაღუპა მრავალგან გლეხები, მრავალგან მოუშალა ბინა, ცოლ-შვილი უსახლკაროდ, უმამულოდ დაუგდო, და გუშინდელი მამულის მხმარებელი კაცი, დღეს მთელის სახლობით ბოგანო კაცად გახადა. ამბობენ, ყოფილა თურმე ამისთანა მაგალითები, რომ ასე ხელცარიელად დარჩომილი გლეხი უილაჯობით იძულებული ქმნილა თავისი შვილი თუ ქალი ლეკებისათვის მიეყიდნოს და მით მეტი მჭამელი თავიდამ მოეშორებინოს. ჩვენ ვიცით, რომ მთელი ერთი სახელმწიფო გლეხთა სოფელი სიღნაღის მაზრაში გაყიდულია ამგვარად და ერთს სიღნაღელს სომეხსა აქვს ნასყიდი ჩალის ფასად. ისე გაუბეგრია უილაჯო გლეხები თურმე, რომ ნეტარხსენებული და ცხონებული ბატონ-ყმობა ამასთან სამოთხეაო.
რად უნდა დაიღუპოს ეგრე გლეხი და რად მივიდა საქმე იქამდი, რომ გლეხნი ესე გააქელვინეს უკანონობას? რატომ ამაზედ ხმა არ ამოიღო სახელმწიფო ქონებათა გამგეობამო, იკითხავს მკითხველი. გლეხკაცის უმამულო დარჩომას ხომ ზარალი მოსდევს სახელმწიფოსათვის, რადგანაც გლეხია მარტო ხარჯის მხდელი, და გარდა ამისა დიდს უბედურებასაც შეადგენს თვით ქვეყნისათვისაც, და რატომ ყური არ ათხოვეს? რატომ არ ათხოვეს ყური იმას მაინც, რომ ამ უკანონო გასყიდვისა გამო სახელმწიფოს მამული ეკარგება და გლეხი, მის პირდაპირი მხმარებელი, ბოგანო კაცად ხდება? ნუთუ სახელმწიფო ქონებათა გამგებელმა ესე ყოველი არ იცოდა და არც დღეს იცის! თუ სადმე საწყალი გლეხი სახელმწიფო ოდეს რასმე გამოჰსთიბავს ანუ მოხნავს, ამაზედ ერთს დიდს მიწერ-მოწერას გამართვენ მეტყევეები და სხვა აგენტები გამგეობისა, გლეხს სამართალში მიჰსცემენ და ერთს ყოფას და ამბავს ასტეხენ ხოლმე, - რატომ მაშინ ხმას არ იღებენ, როცა ამოდენა მამულები გაეყიდა სახელმწიფოს და გლეხის ტვინის მწოველთა წურბელების კერძო საკუთრებად გახდა.
ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ტფილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა გამგეობამ იცის ესე ყოველიფერი, ვიცით, რომ ბევრ გლეხს, ამ უკანონობითა ხელცარიელად დარჩომილს, მიუმართავს გამგეობისათვის, გამგეობას ამ საგანზედ ოქმებიც შეუდგენია, ბოლოს სტოლს ქვეშ ამოუდვია. დღემდე გამგეობა ყურსაც არ იბერტყავს, რომ გლეხებს ისევ დაუბრუნდეს უკანონოდ ჩამორთმეული მამულები. მიდიან და მოდიან თურმე ტფილისში ილაჯგაწყვეტილნი გლეხნი, ემუდარებიან გამგეობას, გვიშველეთ რაიმეო; გამგეობას იმის მეტი არა უნდა რა, რომ ოლქის სასამართლოში საჩივარი შეიტანოს და გააუქმებინოს უკანონოდ გაყიდულის მამულების სიგელები, მაგრამ სახელმწიფო ქონებათა გამგეობა სულ ხვალეს იძახის, და საწყალი გლეხობა კი პირდაღებული ცას შეჰყურებს და ვისაც შეეფერება ხოლმე, ჰკითხავს: ეს ხვალე არ იცით რა დღეა და როდის მოვაო?

