გიორგი თუმანოვისა და მისი ამქარის აზრები
- nino otiashvili
- Nov 27, 2023
- 9 min read
I
ტფილისი, 17 იანვარი, 1898 წელი.
თ. გ. თუმანოვს, როგორც უკვე ყველას მოეხსენება, არამცთუ საკუთარი აზრი არა აქვს, სხვისის აზრის გაგების უნარიც არა ჰქონია. ორში ერთი: ან მართლა ამ უნარს მოკლებულია, ან ცოტა თუ ბევრი ლიტერატურული კუდიანობა სცოდნია და ამასთან მელურად მილოცვა და გველურად კბენა. ჩვენ წინათაცა ვთქვით, რომ იგი რაღაც განსაკუთრებულ ბედზეა გაჩენილი. იგი ცალის ყბით, რომელიც ჩვენკენა აქვს მოქცეული, მითამ ჩვენთვისა სტირის და სწუხს, და მეორეს ყბით, რომელიც თავის ამქრებისათვის მიუშვერია, იცინის და ჰხარობს, მითამ, ნუ გეშინიანთ, სულელებს ვაბრიყვებო. არ გვიკვირს: ნათქვამია — „ყოველი ბუნება გვართაკენ მიიზიდებაო“. ჩვენ ამას-წინათ „პატარა საუბარი“ დავბეჭდეთ „ივერიაში“ და ცოტა არ იყოს ვუსაყვედურეთ ჩვენს ქართველ „დედაკაცებს“, რომ ქალებად გადაიქცნენ და „დედაკაცობა“ გონებიდამ ამოიღეს. ჩვენ ამის გამო ის აზრიც გავატარეთ, რომ „დედაკაცობა“ უფრო მაღალი, სასიქადულო დანიშნულებაა ჩვენის დედებისა, დებისა და მეუღლეებისა, ვიდრე „ქალობა“, და „დედაკაცობის“ ჩამოხდომა „ქალობამდე“ იმ დიდ სამცნების დადნობაა, რომელიც გამოიხატება სიტყვით: „დედა-კაცი“. რაკი საგანი დადნა, დადნა სახელიცა, ვთქვით ჩვენ. ამისთანა ამბავი ჩვენ ჩვენის დღევანდელ უბედურების მიზეზად დავსახეთ და ამ სახით ჩვენი ერთი ძლიერი ნაკლი დავასახელეთ.
რა პატივით ჰქონდა ქართველს შენახული საგანი და მცნება „დედაკაცობისა“ და, მაშასადამე, სახელიცა, ამის დასამოწმებლად მოვიყვანეთ რამდენიმე მაგალითი ჩვენის ქართულის სიტყვიერებისა, საცა სიტყვა „დედა“ ხმარებულია ვითარცა ასამაღლებელი საგნისა, სამცნებისა. ესეთი პატივი, რა თქმა უნდა, უსაბუთო, უმიზეზო არ იქნებოდა. მართალიც არის. მინამ დედაკაცობა ჩვენში მართლა დედაკაცობდა, მამაკაცებს დიდი ზურგი ჰქონდათ, მტერსაც და მოყვარესაც, როგორც იყო, უძღვებოდნენ სახელგაუტეხლად, ჩვენი ოჯახი მაგრად იდგა და მაგრად იდგა ჩვენი ქვეყანაცა. შინ დედაკაცი ჰპატრონობდა ოჯახს, ქვეყანას, და გარეთ მამაკაცი; დედაკაცი ბურჯი იყო ოჯახისა, ქვეყნისა, და მამაკაცი ზღუდე, გალავანი. სწორედ ამან შეგვინახა, სწორედ ამან შეგვარჩინა ჩვენი მიწა-წყალი.
დღეს ეს ბურჯი, ეს ციხე-სიმაგრე ჩვენის ოჯახისა, ჩვენის ქვეყნისა, მისუსტდა, დადნა, თითქმის გაუქმდა. თითო-ოროლა იშვიათ მაგალით გარდა, დღეს აღარც ოჯახისათვის გვყავს „დედაკაცი“, აღარც ქვეყნისათვის. ეს იმისთანა ნაკლად ჩავსთვალეთ, რომელსაც დიდი წილი უდევს ჩვენს დღევანდელ უბედურებაში. შევძელით ყოველ ამისი დასურათება და დასაბუთება თუ არა, ეს სულ სხვა ამბავია. ამ მხრით ჩვენზე ზედმოსევას, ამ მხრით ჩვენის „პატარა საუბრის“ განკითხვას, წმინდა ლიტერატურულ მართებულობის შნო და ფერი დაედებოდა, ჩვენ მიერ პატივით მისაღები და პატივით ანგარიშგასაწეველი.
თ. გ. თუმანოვმა ამ მხრით არ უკიჟინა ჩვენს „პატარა საუბარს“. იმან სულ სხვა მხრით მორთო თავისი მელური კუდის ქნევა და გველური სისინი. იგი სხვა გზით მოგვეპარა და ცხვირი თავისსავე საკუთარ ბუჩოში წაჰყო. იგი ამბობს: „ჩვენა გვგონიაო, რომ „ივერიის“ მკითხველებს უფრო სერიოზული, უფრო ცხოველმყოფელი საგნები სწყურიანთ და ენატრებათ, ვიდრე ზემოხსენებულებისთანაო“. ეს სწორედ კუდიანური და კუდიანი ფრაზა, ეს გველური სისინი ასე ითარგმნების: რა დროს მაგისთანა აბდა-უბდაზე ლაპარაკია ქართველისათვისაო? რა სადღეისო საგანიაო და რის მაქნისიაო? „დედაკაცობის“ სულით და გულით დაუძლურება ქართველისათვის რა დიდი ჭირია, რომ მაგისათვის თავს იტკიებთო? ქართველს რაში ეჭირვება კაი დედაკაცობაო? ქართველს მაგისთანა რაღაცეები რად უნდა, აწყენსო და სხვანი და სხვანი. დანარჩენი თ. გ. თუმანოვმა თავისისა და თავისის ამქრის დავთრებიდამ ამოწეროს, როცა პირდაპირ თქმამდე გაგულადდება. ჩვენთვის ესეც საკმაოა, რომ გავუგოთ კრაჭუნი გაცვეთილის კბილისა, თუ ნამეტნავად გავიხსენებთ ერთს რუსულს ანდაზას: „Что русскому здорово, то немцу смерть“.
განა არა ვხედავთ, კუდი რათ ეწვის ამ შემთხვევაში თ. გ. თუმანოვს? განა ეჭვია, რომ თ. გ. თუმანოვს არ მოეწონებოდა და არც არასოდეს მოეწონება, რომ ქართველმა თავისს ავკარგიანობას თვალი გაუსწოროს, თავისი ნაკლი დაინახოს, თავისი ტკივილი იცოდეს და რაიმე გზა და წამალი ხსნისა იძიოს. ქართველს განა ის არ ურჩევნია, თავისს ნაკლს, თავისს სატკივარს თან გადაჰყვეს!.. დანახვა ნაკლისა ხომ ნახევრად გასწორებაა, ცოდნა სატკივარისა ხომ პირველი და თავიდათავი საჭიროებაა განკურნებისათვის და თ. გ. თუმანოვს რაში ეპიტნავება? ქართველმა რომ ნაკლი თავიდამ მოიშოროს, სატკივარისაგან გამოკეთდეს, ქართველმა რომ თავს უშველოს, თ. გ. თუმანოვს და მისს ამქარს რაღა ეშველება?
სულით გაძლიერება ჩვენის „დედაკაცობისა“ გაძლიერებაა ოჯახისა, ერისა, ქვეყნისა, და ეს რომ მოხდეს, ხომ აირია მონასტერი თ. გ. თუმანოვის ამქრისა, ხომ დაეფანტათ დავთრები და ძაღლმა პატრონი ვეღარ იცნა. აი ვისთან კაკანებს და ვისთანა სდებს კვერცხს ჩვენი გულშემატკივარი და კეთილისმყოფელი ქათამი. რა სერიოზული და ცხოველმყოფელი საგანიაო? ნუთუ ამას თ. გ. თუმანოვი მართალის გულით ამბობს!.. ორში ერთი: ან ეს მართალის გულით არის ნათქვამი, ან ჩვენი გაბრიყვება მოუწადინებია. პირველ შემთხვევაში თვალთახედვის ისარი ძალიან მოკლე ჰქონია და თვალი ვერ გადაუწვდენია საგნისათვის მთელ მისს სიგრძე-სიგანეზე. რადგანაც თ. გ. თუმანოვს თავისი საკუთარი ჭკუა არ უჭრის და სხვისასაც არ იჯერებს, რაც გინდ მართალი იყოს, და შიშით ენა მუცელში ჩაუვარდება ხოლმე მარტო სხვა ქვეყნის მეცნიერის ხსენებაზე, მოვიყვანთ მარქსის ნათქვამს: „როგორიც დედაკაცია, ისეთი ოჯახიცაო, როგორიც ოჯახია, ისეთი სახელმწიფოცაო“. ჩვენ ამას არ დაგვიჯერდება, ეხლა-კი იქნება იგრძნოს რა წამოროშა, როცა გვიკიჟინა, „დედაკაცობის“ გამო საუბარი სერიოზული არ არისო. აბა თ. გ. თუმანოვი რათ მოინდომებს, რომ ქართველმა იცოდეს — რა დიდია მნიშვნელობა დედაკაცობისა ყველგან და, მაშასადამე, ჩვენთვისაც. რათ მოინდომებს, რომ ჩვენი დედები, დები, მეუღლენი ამ მნიშვნელობამდე ამაღლდნენ და არა პეპელასავით დაფრინავდნენ. მაშინ სადღა სძოვოს მისმა ამქარმა?
გვაწყენს განა ქართველებს ამაების გათვალისწინება, ამაებზე ზრუნვა და ფიქრი. რა სერიოზული საგანიაო?.. მართალიც არის, დღეს ქართველმა დედაკაცობამ რომ მაღალი დანიშნულება დედაკაცისა თვალწინ დაიყენოს, ოჯახს უპატრონოს და გუშაგად დაუდგეს, ესე ადვილად ვეღარ გავა საძოვარზე იგი ჩრჩილი, რომელიც ჩვენს ოჯახსა სჭამს, იგი თაგვი, რომელიც ჩვენის ოჯახებიდამ ეზიდება თავისს სოროში ჩვენს საცხოვრებელს. ამით ცოტა არ იყოს ხახა დაუპატარავდებათ, კუჭი დაადნებათ, და აბა სერიოზობის მგალობელი თ. გ. თუმანოვი რათ ინდომებს ამას. რათ ინდომებს ამას ჩარჩულ ბურჟუაზიის ნაძირალობა!.. აკი არც ინდომა და ქოქოლა მოგვაყარა თ. გ. თუმანოვის პირით. ძმობა და ერთობაო, მაინც არ იშლის და გაიძახის ეს უსტაბაში თავისის ამქრისა. რომელი იუდა ისკარიოტელი იქნება, რომ ძმას უკიჟინოს — თვალს რათ ახელ, რად გინდა შენის ნაკლის დანახვა, შენის ნაკლის თავიდამ მოშორებაო? რად გინდა კარგი და მხნე დედაკაცობა გყვანდესო? მაგაზე უფრო სერიოზული სადარდელი ბევრი სხვა გაქვს და დახე, შენი გაზეთი „ივერია“ რაებზე გაცდენსო. თ. გ. თუმანოვის მანიფესტი ხომ არ არის მაგაზე უფრო სერიოზული, იგი მანიფესტი, როცა ქალაქის მოურავობა შორიდამ თითით ალოკვინეს და ამ კოღო-ბუზმაც „თავის ერთგულს ერს“ მადლობა გამოუცხადა, ბევრი თანხები დაჰპირდა და მერე-კი ვაჟკაცურად ომიდამ გამოეპარათ. რა თქმა უნდა, ეს მანიფესტი და ერთობ ეს „მე მინდა კნეინა გავხდეს“ კომედია, ეს „კნეინა და ვეღარ-კნეინა“ უფრო სერიოზულია, თორემ ამ ნაჯღაბნს სასაცილო გაბუებისას თ. გ. თუმანოვი არ გამოსჭიმავდა თავისს სასახელოდ „Новое Обозрение“-ში, რომელსაც „Novus“-მაც-კი, ამ სახელგანთქმულმა მებუკემ თ. გ. თუმანოვის ამქრისამ, ამას წინათ მიართვა ტიტული სერიოზობისა.
კიდევ ვიტყვით: რა თქმა უნდა, ეს მანიფესტი უფრო სერიოზულია, ვიდრე საგანი ჩვენის „პატარა საუბრისა“. არჩევანის საომრიდამ თ. გ. თუმანოვის გამოქცევა ხომ უფრო გადამეტებით სერიოზულია. ხუმრობაა, ამ სამსოფლიო ამბავმა შესძრა ცა და ქვეყანა, კინაღამ გერმანიის იმპერატორმა თავისი ხომალდები ჩინეთიდამ უკანვე არ დაიბარა, და დაიბარებდა კიდეც, რომ თ. გ. თუმანოვს არ დაესწრო და უშველებელი წერილები არ გამოეჭიმნა ამ საგანზე თავისს სერიოზულ „Новое Обозрение“-ში და მით შერყეული ცა და ქვეყანა არ დაეწყნარებინა. რა ვუყოთ, რომ გამოვიქეციო, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგანაო“, იძახდა ჩვენში თ. გ. თუმანოვი და ამით ყურები გამოუჭედა თავისს მკითხველებს. ყოველი ეს განა სერიოზული არ არის? იმაზე მეტი სადარდელი სხვა რა უნდა ჰქონდეს ქართველს, რომ თ. გ. თუმანოვი ვერ აცოცდა ქალაქის მოურავის ტახტზე და დააობლა „თავისი ერთგული ერი“, რომელიც, ცოტა რომ ვთქვათ, სულ ცოტა, 27 კაცისაგან მაინც შესდგება და ხუმრობაა ამოდენა ზღვა ერი!.. განა არა, დიდი შეცდომა მოგვივიდა, რომ დღეს-აქამომდე ამ უფრო სერიოზულ საგანს არა ვჩივით და არა ვტირით.
ხუმრობაგაშვებით, და განა ამისთანა სასაცილო და სამასხარო საგანი სხვაღა იქნება ქვეყნიერობაზე, და ამაების მჯღაბნავი სხვას უკიჟინებს არა-სერიოზობას!..
დაგვიწუნა ჩვენი „პატარა საუბარი“, ამაზე უფრო სერიოზული საგანი სწყურიანთ ქართველებსო. როგორ? როცა ვხედავთ, რომ ჩვენს სახლს, ჩვენს ოჯახს, ჩვენს ნაოფლს, ჩვენს ნაღვაწს, ერთობ ჩვენს საცხოვრებელს შინ თუ გარეთ დედაკაცობის მხნეობა, გარჯა, გაფრთხილება, მოვლა, ჭკუა- გონება, მამულისშვილობა მოაკლდა, მაშინ გვეუბნებით — ეგ რა სერიოზული საგანიაო!.. ლამის ოჯახები თავზე წამოგვექცეს, მიწა-წყალი ხელიდამ გამოგვეცალოს, ენა დაგვიმუნჯდეს, დაგვეკარგოს, სახელი ქართველისა დედამიწის ზურგიდამ აიგავოს და მაშინ გვეუბნებით, — რა სერიოზული საგანია დედაკაცობამ თავისი ნაკლი დაინახოს და გასწორების გზას დაადგეს!.. ჩვენი საქმე ლამის სულის ამოხდამდე მივიდეს, და უდედაკაცოდ უღუნოდ ქმნილი მამაკაცობა იწვევს თავისს დედებსა, დებს, მეუღლეებს, თქვენც კაცნი ხართ, როგორც ჩვენ, მოდით, მოგვეშველენით, ერთმანეთით გავღონიერდეთ, გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ, რადგანაც უთქვენოდ ყოველივე ეს შეუძლებელია, და თ. გ. თუმანოვი-კი გვირჩევს, ამას თავი დაანებეთ, ამაზე უფრო სერიოზული საგნები გაქვთო!..
„О, дружба, о братство, это, ты!..“
არ გაგვიკვირდება, რომ თ. გ. თუმანოვის დავთარში და მისის ამქრის ტიბიკონში ამაზე უფრო ცხოველმყოფელი, ამაზე სერიოზული საგანი ბევრი სხვა ეწეროს, ნამეტნავად ქართველების საოხად და საბედნიეროდ. ეგ თქვენი დავთრები და ტიბიკონი თქვენთვის შეინახეთ. ჩვენ ჩვენი სახარება გვაქვს და თქვენის ამქრის მებუკე Novus-ი იუდა ისკარიოტელს მაცხოვრად ვერ გაგვიხდის, ბევრიც რომ კუდი იქნიოთ, ერთი-ერთმანეთზე გადაბმული.
II ტფილისი, 19 იანვარი, 1898 წ.
თ. გ. თუმანოვი თავისს გაზეთში1 ამბობს: „თ. ი. გ. ჭავჭავაძე და მისი უმთავრესი თანამშრომელი ახნაზაროვი სომხის ჩამომავლობისანი არიან. როცა ეგენი ჰლაპარაკობენ ქართველთა საქმეებზე, არ ეშინიანთ შესწამონ ქართველის ძულება, და როცა თ. გ. თუმანოვი ხმას იღებს ამავე საგანზე, იგი-კი დაუძინებელი მტერი გამოდის ქართველებისაო. ლოღიკავ, სადა ხარო!“ ამ ძახილით ათავებს თ. გ. თუმანოვი თავისს ლათაიას.
რომ თ. გ. თუმანოვს დიდი ხანია შემოსწყრომია ლოღიკა — ეს ახალი ამბავი არ არის. ახალი მარტო ის არის, რომ ეხლა დაუნახავს საჭიროდ მონახოს დაკარგული ლოღიკა და სასოწარკვეთილებით ჰყვირის: ლოღიკავ, სადა ხარო. ჩვენ ამ ყვირილზე მოვახსენებთ, რომ ლოღიკა სწორედ იქ არის, საცა არ არის თ. გ. თუმანოვი.
ჩვენ თ. გ. თუმანოვს იმას-კი არ ვუწუნებთ, რომ იგი სომეხია. ჩვენ ვამბობთ, რომ იგი ორპირი კაცია, რომ იგი ჩვენთან ჰკაკანებს და კვერცხს-კი სხვაგან ეზიდება. თუ რაც აქამდე გვითქვამს საკმაო საბუთი არ არის ამ ორპირობისა, ნურას უკაცრაოდ, თუ რამდენსამე საბუთს კიდევ მოვაგონებთ.
ჩვენის სატახტო ქალაქის საბჭოში ქართველი თითქმის ერთიც არ გააჭაჭანეს. თ. გ. თუმანოვი, რომელიც ასე გულტკბილად გვიქადაგებდა და გვიქადაგებს ძმობას ერთობას, როგორ მოიქცა? იმან არამც-თუ ამაში არ დაინახა გატეხა ძმობისა და ერთობისა, არამედ თავისის საქციელით ბეჭედიც დაჰკრა. სხვა, მართლის გულით მქადაგებელი ძმობისა და ერთობისა, ამისთანა საბჭოს ზურგს შეაქცევდა, არც-კი მიეკარებოდა და ნამდვილი „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან“ ეს იქნებოდა. მაგრამ თ. გ. თუმანოვისათვის საქმე სხვაა, სიტყვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი. მიიღო ხმოსნობა ამ ძმურად შემდგარ საბჭოში და მოიფხანა გული წინააღმდეგ თავისის სიტყვისა. ამასაც არ დასჯერდა: მოურავობაც კი მოეწყურა ამისთანა ძმურად შემდგარ კრებულისა. ეხლა გვითხარით: სხვას რას ეძახით ორპირობას? ძმობის გამტეხთა შორის ჯდომა 1 იხ. „ნოვ. ობ.“ No 4825. და მეთაურობა, ესე იგი მოურავობა, განა ორპირობა არ არის იმით მხრით, ვინც ძმობისა და ერთობის იავ-ნანას გვიგალობს ყოველდღე?
ტფილისი არც დღეს არის თქვენი და არც ოდესმე ყოფილაო, და ამის დასამტკიცებლად მითამდა ისტორიული საბუთებიც წარუდგინა თავის ამქარს. მართალია, კვირანდელ თავისს გაზეთში2 ამაზე ცხელ-ცხელი აშა ჰკრა და საბუთად მოიყვანა, რომ „Новое Обозрение“-ს No 4547 ჩვენა ვთქვითო, რომ „როგორც პეტერბურგს არ ეთქმის, რომ ნემეცების ქალაქია, ისეც ტფილისს — სომხების ქალაქიაო“. მართალია, No 4547 ესა სთქვა, მაგრამ თ. გ. თუმანოვს ჰგონია, სხვებსაც ისეთი მოკლე ხსოვნა აქვთ, როგორც მას თითონ. აი იგი რას ამბობდა წინათ ამავე საგანზე („Новое Обозрение“ No 4533): „1701 წ. ტურნეფორი სწერსო: ტფილისში თითქმის 20.000 მკვიდრია, ამათში 14.000 სომეხი, 3.000 მუსლემანი, 2.000 (?!) ქართველი და 500 რომის-კათოლიკენიო. აი რასა ვკითხულობთ ვლადიკინის წიგნშიო: 1803 წ. 2700 სახლიდამ ტფილისში 2681 სომხებს ეკუთვნოდა. თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილი-კია, რომ სატახტო ქალაქი მაშინ შეადგენდა მთლად სომხის საკუთრებასა. აი რას გვეუბნება იმისთანა კავკასიის მცოდნე კაცი, როგორიც ბ-ნი ვეიდებაუმიაო, — განაგრძობს თ.გ. თუმანოვის გაზეთი და მოჰყავს მისი სიტყვებიც: ეთნოგრაფიის მიხედვით ტფილისი არის და, მგონია, ძველთა დროთაგანვე ყოფილა სომხის ქალაქიო.
ხსენებულ საბუთების გაძლიერებისათვის თ. გ. თუმანოვის გაზეთი წარბშეუხრელად ამასაც უმატებს: „Главным лицом“, როგორც ეტყობა, „მელიქი“ ყოფილა ტფილისშიო (No 4533). რასაკვირველია, „მელიქი“ და არა საქართველოს მეფე!.. ჩვენ-კი გვეგონა, რომ ქართველების სატახტო ქალაქში საქართველოს მეფე იქნებოდა главное лицо და არა „მელიქი“, და რადგანაც „მელიქი“ ყოფილა, გამოდის, რომ პოლიტიკურადაც ტფილისი სომხების ყოფილა.
რას ნიშნავს ყოველივე ეს? ნუთუ იმას, რასაც დღეს თ. გ. თუმანოვი იძახის? საბუთები მოჰყავს, რომ ტფილისი ყოფილა და არის სომხის ქალაქი, გვეუბნება — ხუმრობა არ არის, ამას გვემოწმება კავკასიის დიდი მცოდნე კაციო, ამასთან იმასაც გვარწმუნებს, რომ ტფილისში სომხებს „მელიქის“ სახელით თითქმის თავისი მეფეც ჰყოლიათ, და ეხლა-კი გვეფიცება: „როგორც პეტერბურგი ნემეცებისა არ არის, ისეც ტფილისი სომხისაო“.
ერთი ჰკითხეთ, რათ იხარჯებოდა და ესეთი პირდაპირ დაუჯერებელი საბუთები წამოგვიშალა; თუ მართლა ეგრეა? გაგონილა!.. 1701 წ. 20.000 მკვიდრთა შორის ქართველები მარტო 2000 ყოფილან, თათრებზედაც-კი ნაკლები, სომხებზედ ხომ რაღა თქმა უნდა. 1803 წ. 2700 სახლში მარტო 19 სახლი ქართველებისა იყოო ტფილისში!.. 19 სახლი ხომ მარტო მეფეების თავლასაც არ ეყოფოდა, რაც გინდ ღარიბნი ყოფილიყვნენ. ის ლოღიკა, რომელსაც დღეს თ. გ. თუმანოვი ასე თმაგლეჯით გაჰკივის, „სადა ხარო“, მართლა სად იყო, რომ ეს სასაცილოდ ასაგდები ციფირები დაიჯერა და სხვასაც დასაჯერად მიართვა? ორპირობა არ არის, მაშ სხვა რა ჯანაბაა! კაცი გუშინ იჭაჭებოდა იმისათვის, რომ დაამტკიცოს ტფილისი სომხებისა ყოფილა და არისო, და დღეს კი
2 იხ. „ნოვ. ობ.“ No 4824.
გვეფიცება, „როგორც პეტერბურგი ნემეცებისა არ არის, ისეც ტფილისი სომხებისაო“. ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო, განა? ორპირობა სხვა რაღაა!
სულ ერთი კვირა არ არის, რაც ასი წელიწადი შეუსრულდა მეფე ერეკლეს გარდაცვალების დღიდამ. ქართველობამ ეს ღვაწლით მოსილი თავისი მეფე გაიხსენა, პანაშვიდი გადაუხადა, შეავედრა ღმერთს სული მისი, სანთელი დაუნთო, საკმელი უკმია ლოცვითა და კურთხევითა. ყველა თესლისა და ხარისხის კაცმა პატივი სცა საქართველოს სახელოვან მეფის სახელს და მარტო თ. გ. თუმანოვის ამქრის წარმომადგენლებმა ცხვირი ზევით აიწიეს, აინუნშიაც არ გაიტარეს. ახალ ისპანახის ბაზარში შემოტანის ამბავს უფრო მეტის პატივით მოეპყრობოდნენ დედა-ბუდიანად, ვიდრე ამ ჩვენს საპატიო დღეს მოექცნენ. ეს ამბავი სამართლიანის გულისწყრომით და რისხვით შენიშნა ყველამ, და თ. გ. თუმანოვმა აქაც თავისებურად მოიქნია კუდი. ჯერ ხომ დიდებით მოიხსენია მეფე ერეკლე, ფრიდრიხ მეორის მიერ ქება-დიდებაც-კი ამ მეფისა აუწყა თავისს მკითხველებს, მერე-კი სარჩლი და ქომაგობა დაუწყო თავისის ამქრის თვითმმართველობას, ვერ შეიტყეს, ვერ გაიგესო და სხვა ამისთანა. მითამ ჰნანობს კიდეც, რომ ეს ასე ფათერაკსავით მოხდა, მითამ სწუხს კიდეც, და ბოლოს, რაც გულში ედვა, ვეღარ მოითმინა და თავისს გაზეთს წამოაროშვინა, — მართალია, ჩვენცა ვწუხვართ, რომ მეფე ერეკლეს სახსენებელ დღეს ასე უპატიურად მოექცა ჩემის ამქრის თვითმმართველობა, მაგრამ „დროა დავივიწყოთ წვრილმანი ანგარიშებიო“. რომელი ანგარიშებია „წვრილმანი“? აშკარაა, სხვათა შორის, ისიც, რის გამოც საჭიროდ დაუნახავს ამისი თქმა. აშკარაა, ეს მეფის ერეკლეს სახსენებელი დღე რომ არაფრად ჩააგდეს, ეს ღვაწლმოსილი მეფე რომ არ მოიხსენიეს, როცა დიდი და პატარა აქ, მათ თვალთა წინ იხსენიებდა, „წვრილმანი“ ყოფილა, იმისთანა „წვრილმანი“, რომ დავიწყებას უნდა მიეცეს. თუ მეფე ერეკლე იმისთანა სახელოვანი და ღვაწლმოსილი მეფე ყოფილა, რომ თ. გ. თუმანოვის სიტყვით, თვით ფრიდრიხ დიდსაც-კი პატივით უხსენებია, მისი არ-ხსენება აქ, ტფილისში, მისს სატახტო ქალაქში, რათ უნდა იყოს „წვრილმანი“ და არა სხვილმანი ამბავი?
ორში ერთი: ან მეფე ერეკლე ღირსსახსენებელია და მისი ხსენება სხვილმანი ამბავია, ან სახსენებელი არ არის და მისი არ-ხსენება „წვრილმანი“ საქმეა, არაფრად ჩასაგდები. ან ერთი სთქვით, ან მეორე. მესამეც შესაძლოა ითქვას, თუ ვისმე ხალისი აქვს თუნდ ერთს წუთს თ. გ. თუმანოვად გადაიქცეს. მაგალითებრ, მეფე ერეკლე დიდი სახელოვანი კაცი იყო, თვით ფრიდრიხ დიდმაც ევროპაში გასთქვა მისი სახელი, და ხსენება-კი მისი, იმავ სახელგანთქმულ მეფისა, „წვრილმანი“ ამბავია. სწორედ ეს მესამე სთქვა თ. გ. თუმანოვმა. ეს რა არის, თუ არ ორპირობა?
ზოგი იტყვის, — ეს უგზოუკვლოდ ტანტალია ჭკუისაო. იქნება ესეც იყოს, და თუ ესეა, მართალია თ. გ. თუმანოვი, რომ საჭიროდ დაუნახავს მოიკითხოს: ლოღიკავ, სადა ხარო.
მაშ დავუჯეროთ რაღა თ. გ. თუმანოვს!.. დავივიწყოთ, რომ ჩვენმა საყვარელმა ძმებმა საუფროსოში აიღეს და დაიჩემეს ჩვენი დედაქალაქი ტფილისი, დავივიწყოთ, რომ ჩვენის დედაქალაქის საბჭოში ქართველი აღარ გააჭაჭანეს, დავივიწყოთ, რომ აქ, ტფილისში, ჩვენი მეფე- კი არ ყოფილა მეფედ, არამედ იმათი „მელიქი“, დავივიწყოთ, რომ ჩვენი სახელოვანი მეფე ერეკლე არაფრად ჩააგდეს. ეს სულ ყველა „წვრილმანი ანგარიშებია“ ჩვენის კეთილის-მყოფელის
თ. გ. თუმანოვის სიტყვით. დავივიწყოთ ეს წვრილმანი „ანგარიშები“, დავიძინოთ ტკბილის ძილითა და თ. გ. თუმანოვი გვეტყვის იავნანას ძმობისას და ერთობისას თავისის სირინოზის ხმით და ეს განა არა კმარა!..