top of page

ბათუმის პორტო-ფრანკოს გაუქმება

  • Writer: Tata Tibilovi
    Tata Tibilovi
  • Jun 30, 2018
  • 2 min read

ჩვენს გაზეთში ამას წინად კორესპონდენცია იყო დაბეჭდილი ბათუმიდან და აღწერილი იყო სხვადასხვა შევიწროება საბაჟოს მოხელეთაგან. რასაკვირველია, ბევრი რამ ამისთანა თვით კანონის მიერ მიჩნეულ წესების ბრალი იყო, ხოლო ზოგი თვით მოხელეებისა. ბათუმის საბაჟო გამგეობა ცოტა არ იყოს დაგვემდურა ამ კორესპონდენციის გამო და ჩვენს კორესპონდენტსაც ტყუილი შესწამა. არ გასულა ამის შემდეგ ერთი-ორი კვირა და ახლა მოსკოვის გაზეთში დაიბეჭდა კორესპონდენცია იმავე საგანზედ და ამით სიმართლე ჩვენის კორესპონდენტისა თითქმის სიტყვა-სიტყვით დამტკიცდა. ეხლა ხომ თვითონ მთავრობამაც გამოაცხადა, რომ ეგ შევიწროვებანი მართლად არსებობდნენ და სხვათა შორის იგინიც შეიქმნენ მიზეზად, რომ დღეს მთავრობამ საჭიროდ დაინახა, — ეგრეთწოდებული „პორტოფრანკო“ მოსპოს სამუდამოდ ბათუმში. დეპეშამ 27-ის ივნისიდამ გვამცნობა ეს ამბავი და დღეს ისევ „პორტო-ფრანკოს“ გაუქმება უკვე ყოფილი და მომხდარი ამბავია. რა მნიშვნელობა ჰქონდა პორტო-ფრანკოს ბათუმის პოლიტიკაში, - მაგის გამოკვლევას, ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ გამოვუდგებით ისე, როგორც სასურველია. რად იყო დაწესებული? ვის უნდოდა, რომ ეგ ყოფილიყო? რად უნდოდა? - ყოველივე ეს საყურადღებო საკითხავებია, მაგრამ განა ქვეყანაზედ ცოტა რამ არის სხვა უფრო საყურადღებოც, რომელსაც გონებისა და ხელის გაწვდენა არა ნაკლებ უნდა!.. ამ სახით ცოტაოდნად განათლება საგნისა შეუძლიან 28- ის ივნისიდამ მოსულს დეპეშას. ინგლისური გაზეთი „Times“ გულამღვრეულად ლაპარაკობს ბათუმის პორტო-ფრანკოს გაუქმებაზედ და იქადის, რომ ინგლისიც თავის მხრით სამაგიეროს გადიხდის, შეჰკრავსო ოსმალეთის წყლების სრუტეებს საომარი ხომალდებისათვის. ჩვენ რომ ჩვენის საკუთარის ქვეყნის ინტერესებით შევხედოთ გაუქმების საქმეს, შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ არც პორტო-ფრანკოს ყოფნას მოჰქონდა ჩვენთვის სარგებლობა და არც მისი არყოფნა ზარალს მოგვიტანს. რა იყო ის პორტო-ფრანკო? ვისთვის იყო? ბათუმში შეეძლოთ უბაჟოდ შემოტანა საქონლისა და გადატანა კი უბაჟოდ არ შეიძლებოდა. ვისთვის რა ხეირი იყო? ორიოდე ვაჭრისათვის და თვით ბათუმში მცხოვრებთათვის, სხვას არავის აქედამ არც რგება ჰქონდა არც გამორჩომა. შეწუხება კი ბევრი იყო ბათუმის გარშემო მოსახლე მცხოვრებთათვის და ბათუმში გზად მიმავალ-მომავალისათვის. ქალაქიდამ ორ ნაბიჯზედ შორა ფეხის გადადგმა არ შეიძლებოდა ისე, რომ საბაჟო მზვერავთა ხელში არ ჩავარდნილიყო კაცი, ერთი დავიდარაბა არ ასტეხოდა, აქეთ-იქით არ ეთრივათ, მინამ ნებას მიიღებდა ბათუმიდამ გასვლისას. ათასნაირი ჩივილი, სამდურავი, საყვედური, ავად ხსენება, ზოგი მართალი, ზოგი ტყუილი, ტყუილუბრალოდ გულს უმღვრევდნენ როგორც თვითონ მოხელეებს, ისეც საზოგადოებასა. ჩვენ, ჩვენდა სამწუხაროდ, დაწვრილებით არ ვიცით ზემოხსენებულ გარდა, რაში ვარგობდა ეგ პორტო-ფრანკო. იქნება რაშიმე გამოსადეგი იყო ვისთვისმე, ხოლო თუ სახეში მივიღებთ იმ გაჭირებას და შეწუხებას, რაც მის გამო ხალხს ედგა, ვგონებ, საბუთი გვქონდეს სიხარულით მივეგებოთ მაგ პორტო-ფრანკოს გაუქმებას, რომელიც მარტო სახელი იყო და არა სახრავი ქვეყნისათვის. თვითონ ბათუმმა იქნება მაგით ცოტად თუ ბევრად იხეირა, მაგრამ ეგ ხეირი საზოგადოების კისრიდამ იყო ამოღებული. რაც შეეხება პოლიტიკას, ამაზედ კი ვიტყვით, რომ ეგ თვალად ყოვლად უმნიშვნელო ამბავი პორტო-ფრანკოს გაუქმებისა ცოტად თუ ბევრად შეამღვრევს პოლიტიკის წმინდა წყალსა და არა გვგონიან კი, რომ დიდი რამ გამოიწვიოს. პოლიტიკა ცოტად ოდნაც აპილპილდება ჩალასავით და ჩალასავითვე უმალ ჩაქრება. კბილჩასაკიდებელ საქმედ კი გადაიქცევა, თუ გლადსტონი სამინისტროდამ გადადგა და სალუსბერიმ დაიჭირა მისი ადგილი. როგორღაც ვერ მოსდის დუშაში სახელოვანს გლადსტონს. დეპეშები არჩევანის თაობაზედ მეტ ცუდ ამბებს მოეზიდებიან და ესეც ხომ ვიცით, რომ არჩევანზეა დამოკიდებული გლადსტონის სამინისტროს დღეგრძელობა. ტფილისი, 30 ივნისი, 1886წ.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
ოსმალეთის სომეხთა განწირვა

ტფილისი, 19 დეკემბერი, 1895 წელი. ყველა იძახის, რომ სომეხთა საქმე მიწყნარდა და ვითომც სამშვიდობოზედაც გავიდაო. ცალკე ხომ ამას იძახიან,...

 
 
ოსმალეთის არეულობა და ევროპა

ტფილისი, 19 ნოემბერი, 1895 წელი საოცარი მდგომარეობაა დღევანდელის პოლიტიკისა ევროპაში. ვინც გუშინ ოსმალეთის განდევნას ევროპიდამ და მის...

 
 
bottom of page