top of page

ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 13 min read

გაზეთს „Кавказ“-ში ჩვენ დიდის ყურადღებით წავიკითხეთ ცოტად ცხარედ დაწერილი წერილნი ბ-ნ იანოვსკისა. ამ წერილში ბ-ნი იანოვსკი ამბობს, რომ ყოველივე ის, რასაც „დროება“ მაბრალებსო, ახალ-სენაკის სკოლაში არ მითქვამსო, არც ბ-ნ მარკოვისათვის მიმიწერია ოფიციალური ქაღალდიო და არც ბ-ნ სემიონოვისათვის არავითარი დარიგება და რჩევა არ მიმიციაო.


ჩვენ დიდად მოხარულნი ვართ, რომ ბ-ნი იანოვსკი ეგრე ბეჯითად უარ-ჰყოფს ყოველს იმას, რაც მართლადა საკადრისი არ არის განათლებულის კაცისათვის. მას შემდეგ, რაკი ეგრე საჯაროდ გამოაცხადა ეგ უარყოფა იმისთანა პატივცემულმა გვამმა, როგორიც ბ-ნი იანოვსკია, ჩვენ აღარა გვეთქმის-რა. ჩვენთვის ისიც საკმაოა, რომ თითონ ბ-ნი იანოვსკი არა ჰკისრულობს არც ერთს ბრალსა, „დროებაში“ გამოცხადებულს. ჩვენ დიდის სიამოვნებით ვერწმუნებით ბ-ნს იანოვსკის და ამასთანაც გვიხარიან, რომ იგი თაკილობს იმისთანა მოქმედებას და სიტყვას, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, აქამომდე საკვეხურადა ჰქონდათ ზოგიერთს აქაურს პედაგოგებს და პედაგოგიის გარეთ მდგომ მოხელეებსაცა. ესეც ერთი წარმატებაა, ერთი სიკეთეა.


ამის გამო ჩვენ თავს ვანებებთ იმაზედ ლაპარაკსა — ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი და ვინ მტყუანი. ეხლა ეგ ჩვენთვის სულ ერთია. ეგ საგანი ეხლა უკან უნდა დავაყენოთ, იმიტომ რომ ბ- ნმა იანოვსკიმ სხვა, უფრო უაღრესი და უმძიმესი საგანი წამოაყენა თავის წერილში. ამ უკანასკნელ საგანთან ის პირველი ჩვენ თითქმის არაფრად მიგვაჩნია. ჩვენ ვამბობთ აქ იმაზედ, რომ ბ-მა იანოვსკიმ თავისის მოქმედების და მოღვაწეობის დედა-აზრი გამოგვიცხადა თავის წერილში და აი, ეს დედა-აზრია ის უაღრესი და უმძიმესი საგანი, რომელმანც მიიზიდა მთელი ჩვენი ყურადღება.


ჩვენ ვეცდებით, გულახდილად და თამამად წარმოვსთქვათ ამ საგანზედ ჩვენი აზრი. იმედი გვაქვს, რომ არავინ დაგვწამებს — ხალხს გული უნდათ ააყრევინონ ჩვენს მოქმედებაზედაო. იმედი გვაქვს, რომ ამ უმართებულო და უკადრისს ფარ-ხმალს არ მოჰკიდებს ხელს იმისთანა კაცი, როგორიც ბ-ნი იანოვსკია. ჩვენ გვსურს — ბ-ნი იანოვსკი დარწმუნებული ბრძანდებოდეს, რომ აქ ჩვენ გვალაპარაკებს მარტო ერთი ჭეშმარიტების სიყვარული და ჭეშმარიტების საკადრისი გულწრფელობა და სხვა არა-რა.


თუმცა ბ-ნი იანოვსკი, როგორც მრავალმხრით განვითარებული კაცი, უეჭველად კეთილის განზრახვით არის აღძრული და ჰსურს იმ ადგილს და საზოგადოებას, საცა მოწვეულია სამსახურისათვის, სიკეთე მიანიჭოს, მაგრამ მისგან ამორჩეული გზა, ჩვენის ფიქრით, სრულებით არ შეეფერება არც მის განზრახვასა და არც მის სიკეთის სურვილსა. ჩვენა გვგონია, რომ საერო სკოლას საერთოდ და ჩვენსას საკუთრივ ბ-ნი იანოვსკი ისე არ უყურებს, როგორც ის გამოჩენილნი პედაგოგიაში გვამნი, რომელთაც დაადგინეს საერო (народний) სკოლა მის ნამდვილს და ჭეშმარიტს მნიშვნელობაზედ. ბ-ნს იანოვსკის, როგორცა სჩანს მის წერილიდამ,განსაკუთრებული დანიშნულება და უმაღლესი საქმე ამისთანა სკოლისა უკან დაუყენებია და საერო სკოლას იმ ტვირთსა ჰკიდებს, რაც მოსამზადებელის კლასის საზიდარია. ჩვენის ფიქრით, ეს დიდი შეცდომაა საზოგადოდ და ჩვენში ხომ საკუთრივ. ჩვენ ვეცდებით — ეს სიტყვა უსაბუთოდ არ დაგვრჩეს.


საერო სკოლა, საზოგადოდ, სკოლაა ერისა, ესე იგი იმ უმრავლესობისა, რომელსაც არც დრო აქვს, არც მოცალეობა, არც შეძლება უმაღლესის სწავლის შეძენისათვის. ჩვენდა სამწუხაროდ, ამასაც ვიტყვით, რომ არც დიდი საჭიროება მიუძღვის, ჯერ ხანად მაინც, რადგანაც სხვადასხვა ხელმოკლეობის გამო შინიდამ გარეთ ფეხის გამოდგმის ილაჯს მოწყვეტილია. ამიტომაც საერო სკოლა ერის შინაური სკოლაა, ის მოედანია, საცა ერის გონებამ და გრძნობამ პირველ ფეხი უნდა აიდგას, ის გამზრდელია ერისა, რომელმაც უნდა აძლიოს ერს საზრდოებელი სულისა და ხორცისა იმ პატარა საწყაოთი, რომელიც ზედ-გამოჭრილია უმეტნაკლოდ ერის მოკლედ შემოხაზულ შინაურს ყოფა-ცხოვრებაზედ, მის სულიერ და ხორციელ მოთხოვნილობაზედ.


საერო სკოლის უმთავრესი საგანი და საქმე საზოგადოდ ის არის, რომ ერის მოზარდს თაობას აუხილოს გონების თვალი, გაუჩარხოს გულის-ყური, გაუწურთნოს და კეთილად მოუმართოს გრძნობა, შეაჩვიოს მოზარდის ჭკუა-გონება მართლმსჯელობასა და თვითმსჯელობასა. საერო სკოლამ უნდა მოუმზადოს ერს გონებით და გულით გაღვიძებული კაცი იმოდენად, რომ იგი საკუთარის ჭკუით და გულით გაუჭირვებლივ გაუძღვეს იმ სულიერს და ხორციელს პატარა მოედანს, საცა ერის უმრავლესობა სულს იბრუნებს, სულითა და ხორცით იღვწის და მოქმედებს.

„საერო სკოლის საგანი ის კი არ არისო, — ამბობს გამოჩენილი რუსი პედაგოგი უშინსკი, — რომ ბავშის თავი, ცოტად თუ ბევრად, გამოჰჭედოს სხვადასხვა-გვარის ცოდნითა, რომელიც მერე დავიწყებას მიეცემა ხოლმე, ან კიდევ ტეხნიკური ცოდნა მიანიჭოს წერა-კითხვისა, რომელსაც მოზარდი არ გამოიყენებს; არამედ ის არის, რომ სკოლაში ვარჯიშობითა გაიხსნას ბავშმა ჭკუა და გულისყური ბუნებრივის ღონისძიებით გონების თვალი აიხილოს გარე შემორტყმულ ბუნებაზედ და საზოგადო დამოკიდებულებაზედ, იმოდენად გაიმართოს ნიჭი მართლ და თვითმსჯელობისა, რომ საკუთარის ჭკუით შეეძლოს ცნობიერად იცხოვროს და გონიერად იმოქმედოსო“. აი თავი და ბოლო საერო სკოლისა.


აი ამ დიდსა და მძიმე დანიშნულებას უნდა მისდევდეს საერო სკოლა საზოგადოდ და მარტო მაგის მიხედვით უნდა მოწყობილი და აგებული იყოს. სხვა საგანი საერო სკოლას არა აქვს.


„საკუთრივ საერო სკოლასაო, — ამბობს იგივე უშინსკი, — თვისი მნიშვნელობა იმოდენად განსაკუთრებული აქვს და სხვა უმაღლეს სკოლებთან ისე შორს არის, რომ მის გამართვაზედ ცალკე შეიძლება კაცმა იფიქროსო“.


ეს ორი აზრი, ერთი მეორის შემავსებელი, იმისთანა გამოჩენილის პედაგოგისა, რომლის ტოლიც რუსებს ჯერ აქამომდე არა ჰყავთ, საკმარისია, რომ დავინახოთ, რაში მდგომარეობს ბ-ნ იანოვსკის შეცდომა საზოგადოდ. პირველ იმაში, რომ საერო სკოლას მოსამზადებელის კლასის საქმეს უნიშნავს, და მეორე მასში, რომ ამ საქმის შესაფერად მოუწადინებია თოთონ საერო სკოლების გამართვაცა. ასე ვფიქრობთ ჩვენ, იმიტომ რომ მის წერილში ერთი სიტყვაც არ არის თქმული მასზედ, რაც საერო სკოლის, უმთავრესს-კი არა, განსაკუთრებულს დანიშნულებას შეადგენს.


ეს შეცდომა უფრო ცხადად გამოგვეხატება თვალ-წინ, როცა გამოვიკვლევთ, — რა ღონისძიებით და რა საშუალობით შეუძლიან საერო სკოლას თავისს განსაკუთრებულს და ფრიად ძნელს დანიშნულებას რიგიანად და წარმატებით მიაღწიოს.


პედაგოგიის დედაბოძი და განთქმული მეცნიერი დისტერვეგი ამ საგანზედ ამბობს, რომ — „ის მეტ-ნაკლები გონება-გახსნილობა, რომლითაც ბავში შედის სკოლაში, უნდა აუცილებლად იყოს საზღვარი, საიდამაც უნდა მოჰყვეს ადამიანი სწავლებასაო. ამის გამო ოსტატმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ენასა, რომელსაც ყმაწვილები ხმარობენ სკოლაში შესვლის დროსაო. ახალი უნდა აიხსნას ძველის შემწეობითა, უცნობი — ცნობილითაო. სხვა გზა არ არის, სხვა ღონე და საშუალება შეუძლებელი საქმეაო“.


მეორე გამოჩენილი და განთქმული პედაგოგიაში კაცი პესტალოცცი ამბობს, რომ —

„ბავშის სულიერნი ძალნი შორეულზედ, უცხოზედ არ უნდა ავარჯიშონო, ვიდრე ძირი არ გაჰმაგრებიათ და არ განათლებულან იმაზედ ვარჯიშობითა, რაც მახლობელია ბავშისა, რაც გარს არტყია, რაც ბავშის ღვიძლი და თავისიანიაო“.

„ერს რომ თავისი ენა არ ასწავლოთო, — ამბობს მეორე გამოჩენილი რუსი პედაგოგი ვესსელი, — ეგ ის იქნება, რომ არ გინდათ ერის აზრი, მისი სულიერი ძალღონე, ნიჭი გაიხსნას და გაიმართოსო. ეგ ის იქნება რომ არ გინდათ ერი ბალღობიდამ გამოვიდესო. თუ ჩვენ არ დავაწყებინებთ ერს თავისის დედა-ენის სწავლებას და, თუნდაც მის მაგიერ სხვა, ძალიან მახლობლის ენის სწავლებას მოვაყოლებთო, მაშინ უფრო უარესს ვიზამთო: სრულებით შევშლით ერის გონებითს განვითარებას, სრულებით შევშლით მის სულიერს ბუნებასაო“.

„ბავში რომ სწავლობს დედა-ენას, იგი სწოვს სულისათვის სიცოცხლეს და ღონეს ღვიძლის ენის ღვიძლის ძუძუდამაო, — ამბობს უშინსკი; — დედა-ენა ისე უხსნის ბუნებას ყმაწვილს, როგორც ვერც ერთი ბუნების მცოდნე კაცი; ისე აცოდინებს ხასიათს იმ ხალხისას და საზოგადოებისას, რომელთა შორისაც ბავში სცხოვრობს, მათს ისტორიას, თვისებას და მიდრეკილებას, როგორც ვერც ერთი ისტორიკოსიო“.

„საერო სკოლა საკუთრივ დედა-ენის სკოლააო, რომელიც უნდა შეისწავლოს ყველა ყმაწვილებმა იმისდა მიუხედავად, განაგრძობენ მერე სწავლას გიმნაზიაში, თუ არაო“, — ამბობს ივანე ამოს კომენიუსი.


ჩვენ მოგვყავს ეს აზრები მეცნიერებისა იმიტომ-კი არა, რომ გვეგონოს, ვითომც ბ-ნმა იანოვსკიმ ყოველივე ეს ჩვენზედ უკეთ არ იცოდეს, არამედ იმიტომ, რომ ყველამ, დიდმა და პატარამ შეიტყოს და გაიგოს, რა ღონეა დედა-ენა სკოლისათვის საერთოდ და საეროსათვის საკუთრივ. ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკან-დაუხეველად ვთხოულობთ დედა-ენისათვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, — ეგ, მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგვდის. ვთხოულობთ და ვნატრობთ იმიტომაც, რომ უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშისა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი-კი არ არის, გონების დაჩაგვრისაა, გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა, გათახსირებისაა, — და განა ეს სასურველია ვისთვისმე?


ზემოთ-მოყვანილიდამ ცხადია, რომ დედა-ენა ცნობილია არამც თუ უკეთეს და აუცილებელ სახსრად, რომ სკოლამ თავისი დანიშნულება აასრულოს, არამედ უპირველეს საგნადაც, რომელიც ბავშმა უნდა შეისწავლოს და იცოდეს. მაშასადამე, სკოლამ საზოგადოდ და საერომ საკუთრივ ეგ სამსახური უნდა გაუწიოს ერსა.


მეორე სახსრად და საგნად ცნობილია იმ ადგილის, ქვეყნის, ერის შესწავლა და ცოდნა, რომელთაც ბავში ეკუთვნის დაბადებით და ცხოვრებით.

„პირველ-დაწყებითის ცოდნის მოედნად უნდა იყოს სამშობლოო“, — ამბობს პესტალოცცი. „კაცს გულში გამოუკვანძეთ მისი პატარა სამშობლო, — ამბობს დისტერვეგი: — გზა გაუხსენით, რომ არამც თუ მარტო შეისწავლოს, არამედ შეიყვაროს კიდეც იგი სამშობლო, მისი განსხვავებული თვისება, მისი განსაკუთრებული ხასიათი. ამით ნუ გგონიათ, რომ ხელს უმართავდეთ პროვინციალურს პატრიოტობას, არამედ გაუმაგრებთ ადამიანს ფესვებს ადამიანის სულის ღონისას. ეგ ფესვები მის სამშობლოს მიწა-წყალშია, მის მოძმეთა განსაკუთრებულ ხასიათშია, — მათს ისტორიაშია. ყოველს სასიხარულოდ უნდა მიაჩნდეს, როცა თვითოეულს ადამიანში კაცი პოულობს განსაკუთრებულს თვისებას მისის ქვეყნისასაო“.


„როგორც ჩვენის საკუთარის ერის პატივისცემაში ვსწავლობთ სხვა ერის პატივისცემასა, ჩვენის ქვეყნისაში — სხვა ქვეყნებისასაო, ისეც პატივისცემა პატარა ნაწილისა მრთელის პატივისცემას გვასწავლისო“, — ამბობს გერმანელი პედაგოგი რიხტერი, როცა ლაპარაკობს მასზედ, თუ რა დიდი რამ არის ბავშის აღზრდისათვის შესწავლა და შეყვარება თუნდ პატარა ადგილისა, საცა მოზარდი დაბადებულა.


„პესტალოცცის სკოლა, — ამბობს ტილო, — ნამდვილი საერო სკოლაა, იმიტომ რომ ყოველი საგანი სწავლებისა დადგენილია სამშობლო ნიადაგზედა. იგი იწყებდა თვის მოქმედობას იქიდამ, რომ ცოცხლად და თვალთხედვით შეასწავლიდა სამშობლოს, მამულსა. ამიტომაც სამშობლო ქვეყანა, დედა-ენა, სამშობლო ერის ცხოვრება შეიქმნენ მას აქეთ უპირველეს საგნებად პირველ-დაწყებითის სკოლისათვისაო“.


„თქვენს კულტურას არც ძირი აქვს, არც სიღრმე, — ამბობს საფრანგეთის მეცნიერი ბრეალი: — იმიტომ რომ თქვენ არა გწამთ ძალნი ადგილის და თავისიანობის სიყვარულისაო. სკოლა ადგილზედ უნდა იყოს ამოსული, ადგილში უნდა ჰქონდეს გამაგრებული ძირი და არა ზემოდამ იყოს ამოსული, მოდგმულიო“.


„არის მარტო ერთი საზოგადო, დაბადებითვე დაყოლილი მიდრეკილება, რომელზედაც აღზრდას (სკოლას) ადამიანისას შეუძლიან ყოველთვის დაემყაროს, — ამბობს უშინსკი: — ეგ ის არის, რასაც ჩვენ ვეძახით ეროვნობას (народность). როგორც არ არის ადამიანი, რომ თავისითავი არ უყვარდეს, ისეც არ არის ადამიანი, რომ არ უყვარდეს თავისი მამული, თავისი ქვეყანა. აი ეგ სიყვარულია ის უტყუარი გასაღები ადამიანის გულისა, რომელსაც აღზრდა (სკოლა) უნდა ხმარობდეს. ეროვნობაზედ დამყარებული ბავშის აღზრდა ყოველთვის იპოვის პასუხს დაშემწეობას მაგ ცოცხალს და ძლიერს სიყვარულში, რომელიც უფრო ძლიერად მოქმედებს, ვიდრე რწმენა, მარტო ჭკუით მიღებული, ანუ ზნე, დასჯის შიშით ჩანერგულიო“.


ამ სახით, მეორე აუცილებელი ღონე და საგანი საერო სკოლისა ადგილობრივი, ერობრივი ელემენტი არის, ესე იგი — ის ბუნება, ის ერი, ის ყოფა-ცხოვრება, რომელიც გარს არტყია მოზარდსა და რომელთ შორისაც ბავში ტრიალებს და სცხოვრობს სულითა და ხორცითა დაბადების დღიდამვე. მაშასადამე, ყოველ ამის შესწავლა და ცოდნა არის მეორე განსაკუთრებული საგანი საერო სკოლისა. ამას არაფერი არ უნდა დააკლოს საერო სკოლამ და გადამეტება ხომ ძნელია და ძნელი.

ცხადია, რომ საერო სკოლა, როგორც პირველ-დაწყებითი სკოლა ერისა, სხვა არა უნდა იყოს-რა, გარდა დედა-ენისა და სამშობლო ქვეყნის მასწავლებელ სკოლისა, იმისდა მიუხედავად — განგრძობილი იქნება მას შემდეგაც სწავლა, თუ არა. ამ სკოლას თავისი საკუთარი მოედანი აქვს, რომლის თავი და ბოლო იქავე, სკოლაშია. მართალია, პატარა მოედანია, მაგრამ ყოველი ჰხედავს, რა მძიმე და ძნელი გასავლელია. ნურავის ნუ ჰგონია, საერთო სკოლის საკუთარი ტვირთი ისე მსუბუქი იყოს, რომ განიზრახოს სხვა საპალნეც აჰკიდოს რამე.


სწორედ ამ სხვა საპალნესა ჰკიდებს საერო სკოლას ბ-ნ იანოვსკის წერილი, მერე ისე ჰკიდებს, რომ საკუთარის ტვირთის ზიდვისათვის ღონე თუ სულ არ მოესპობა, ძალიან მოაკლდება მაინცა.


ბ-ნ იანოვსკის თვისი დედა-აზრი გამოჰყავს უმაღლესად დამტკიცებულის განჩინებიდამ და გვაუწყებს რომ: 1) ყოველი, რასაც რომელსამე სასწავლებელში ასწავლიან, უნდა ასწავლონ! ცნობიერად და გაგებით, რადგანაც მარტო ამ პირობით სწავლებას ერთისა თუ მეორის საგნისას ექმნება ზემოქმედება შეგირდის გონებითსა და ზნეობითს განვითარებაზედ; 2) სწავლება ერთისა თუ მეორის საგნისა იმ განზრახვით უნდა მიდიოდეს, რომ მოსწავლეს მიანიჭოს ნამდვილი ცოდნა საგნისა; უამისოდ სწავლება საგნისა უქმად დროს დაკარგვა იქნება, არამც თუ ურგები, არამედ მავნებელიცა მოსწავლეთათვის; 3) ზოგად განათლების სხვადასხვა-გვარ სასწავლებელთა შორის უნდა იქმნას, რამოდენადაც შესაძლოა, მჭიდრო კავშირი, მით უმეტეს უნდა იყვეს საჭირო კავშირი სხვადასხვა საგნების სწავლებაში ერთსა და იმავე სასწავლებელში და 4) სასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოს, რაც შეიძლება მომატებულად, საჭიროება იმ საზოგადოებისა, რომლის შორისაც და რომლისათვისაც არსებობს.

— ამ წინადადებათა ძალით, ამბობს ბ-ნი იანოვსკი, ყოველს კეთილად განწყობილს პირველ- დაწყებითს სკოლაში სწავლება საზოგადოდ უნდა მიდიოდეს უპირატესად (და არა განსაკუთრებით?) დედა-ენის შემწეობითაო. რუსული ენა არა რუსთათვის ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ ყმაწვილებმა, კურსის შესრულების შემდეგ, იცოდნენ არამც თუ მარტო წერა- კითხვა, არამედ გაგებაც ჰქონდეთ წაკითხულისა და წერითაც გამოთქმა შეიძლონ როგორც დედა-ენაზედ, ისეც შეძლებისამებრ (?), რუსულადაცაო. ამის მისაღწევად აი რა გზა ამოურჩევია.


პირველ წლის მეორე ნახევრიდამვე ოსტატმა ყოველ დღე უნდა გადასდოსო 30 – 45 წამი, რომ ბავშები შეაჩვიოს რუსულს ენასა და იმისათვის, რომ ბავშებმა ცნობიერად შეითვისონ ცალკე სიტყვები, ფრაზები და მოკლე ამბები, უნდა ყოველივე იგინი ჯერ დედა-ენაზედ ათქმევინოს და მერე რუსულადაცაო. მეორე წელს კი, რაკი შეგირდები შეისწავლიან დედა-ენაზედ წერა-კითხვას,

უნდა შეუდგნენ რუსულის წერა-კითხვის სწავლებასა, მესამე წელიწადს კი, რასაც დედა-ენის შემწეობით ასწავლიან ბავშებს, ყოველივე ის, შეძლებისამებრ (?), რუსულადაც უნდა ასწავლონო.


რუსულის ენის შესწავლას ამ გზით ბ-ნი იანოვსკი იმ საბუთითა ჰხედავს საჭიროდ, რომ ზოგან საერო სკოლაში თავად-აზნაურთა შვილებიცა სწავლობენო, რომელთათვისაც გიმნაზიაში შესვლა არამც თუ სასარგებლოა, არამედ აუცილებლად საჭიროცააო. უმაღლეს სასწავლებელში შესვლას თითონ გლეხის შვილებიც არა იშვიათად ნატრულობენო და ამას უნდა ხელს უწყობდეს და უმართავდეს საერო სკოლაო.


გავბედავთ და ვიტყვით, რომ ეს პროექტი ბ-ნი იანოვსკისა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ოთხს მუხლს, მის აზრისას, რომელიც თითონ ბ-ნ იანოვსკის ზევით მოჰყავს. პირველი მუხლი თხოულობს, რომ ყოველი საგანი ისწავლებოდეს სკოლაში ცნობიერად და გაგებით. პედაგოგიის ძირეული კანონი კიდევ ამას ამბობს, რომ თუ ცნობიერად და გაგებით უნდაო ბავშმა რამე ისწავლოსო, ჯერ თავისი კარგად უნდა შეისწავლოსო, რომ მერე სხვისას შეუდგესო. ნუთუ ვისმე ჰგონია, რომ ბავშები, არამც თუ პირველს ექვს თვეში, არამედ სამსა და ოთხს წელიწადში, თავის დედა-ენაში ისე გაიწურთნებიან, რომ მასზედ დაფუძნდეს რუსულის ენის ცოდნაცა? და თუ ესე არ იქნება, ხომ ცნობიერად და გაგებით ცოდნაც არ იქნება რუსულის ენისა. აი რა ფაქტი მოჰყავს რიხტერსა, როცა საერო სკოლაში პროვინციალურს ენასთან სახელმწიფო ენასაც ასწავლიან,სახელდობრ, ნემეცურს, ესე იგი, იმავე ძირის ენას, მაგრამ უფრო განვითარებულს. რეკრუტის კამისიების სიტყვით, „ისე არა ავიწყდებათ-რა ბავშებს, როგორც ნემეცური (სალიტერატურო) ენაო“.


4-ს იანვარს ყოფილმა საერო სკოლების ოსტატების კრებამ პეტერბურგში საქვეყნოდ აღიარა, რომ რუსეთში, საცა ჩვენებრ სამის წლის კურსია და ასწავლიან მარტო ერთს დედა-ენას — რუსულს, ბევრი ყმაწვილები სკოლის შემდეგ წერა-კითხვას ივიწყებენო. მაშ რაღა ითქმის რუსულის ენის შესახებ ჩვენს სკოლებში, საცა იგივე სამის წლის კურსია და საცა ეგ ენა სრულიად სხვაა მოსწავლე ბავშისათვის. ნუთუ ჰგონიათ, ჩვენში საერო სკოლა სამისავე წლის კურსით იმ სასწაულს მოახდენს, რომ დედა-ენაც შეასწავლოს ბავშს და რუსულიცა იმოდენად ცნობიერად და გაგებით, რომ მერე არ გადაავიწყდეთ?


მეორე მუხლი ბ-ნ იანოვსკის აზრისა თხოულობს, საგანი ისე შეასწავლონ ბავშსა, რომ ნამდვილი ცოდნა იყოს საგნისა. ნუთუ დედა-ენაში ჯერ კარგათ არ გაწურთნულს და გავარჯიშებულს ბავშს ისე ეცოდინება სამს წელიწადში თავისი დედა-ენა და რუსულიცა, რომ ან ერთი იქმნას ნამდვილ ცოდნად და ან მეორე? ნუთუ ეგ ნამდვილი და გამოსაყენებელი ცოდნა იქნება და არა გაზეპირება? თუ ესეა, რომ სამი წელიწადი დედა-ენის შესწავლებასაც არა ჰყოფნის, როგორც საქვეყნოდ აღიარეს თითონ რუსეთში საერო სკოლის ოსტატებმა, თუ ესეა — რომ ახალი ძველის შემწეობით უნდა ისწავლებოდეს, შორეული — მახლობელით, უცნობი — ცნობილით, — მაშ, ნუთუ ერთსა და იმავე დროს დედა-ენის და ჯერ თითქმის უცნობის — რუსულის ენის სწავლება ჩვენს საერო სკოლებში უქმად დროს დაკარგვა არ არის, არამც თუ ურგები, როგორც სამართლიანად ამბობს თითონვე ბატონი იანოვსკი, არამედ მავნებელიცა? უცნობი ცნობილით ასწავლეთო, — ამბობს დისტერვეგი, — თუ გინდათ ცოდნას ცოდნა ერქვასო, სწავლას — სწავლაო, სხვა გზა არ არისო, სხვა ღონე შეუძლებელიაო. ან ეს ძირეული კანონი პედაგოგიისა

სულ მთლად აღიარებული უნდა იყოს, ან სულ არა. ამათ შუა საფეხური არ არის, რომ კაცმა ფეხი მოიკიდოს.


სასწავლებელმა უნდა დააკმაყოფილოსო, რაც შეიძლება მომატებულად, საჭიროება იმ საზოგადოებისა, რომელთ შორისაც და რომლისათვისაც არსებობსო, ამბობს იგივე ბ-ნი იანოვსკი. საერო სკოლა ერის შორის და ერისათვის არსებობს, ესე იგი — იმ უმრავლესობისათვის, რომელსაც, როგორც წინა ვსთქვით, არც დრო აქვს, არც მოცალეობა, არც შეძლება და, ჩვენდა სამწუხაროდ, არც საჭიროება უმაღლესის სწავლის შეძენისათვის. ამა უმრავლესობის საჭიროება რა არის ამ შემთხვევაში? რასაკვირველია, არა ისა, რომ გიმნაზიებსა და უნივერსიტეტებში განაგრძოს სწავლა, თუმცა კი ეს დიდად სანატრელია, არამედ თვალახილებული იყოს. თვის გარეშემოში თავისის ჭკუით შეეძლოს ცხოვრება, მართლმსჯელობის ნიჭი გახსნილი ჰქონდეს, თვითმსჯელობას შეეჩვიოს, ერთის სიტყვით, იმოდენად გაღვიძებული იყოს სულითა და გულით, იმოდენად განვითარებული, რომ თავის შინაურობის ავ-კარგიანობას გაუძღვეს, თავის პატარა მოედანს ცხოვრებისას თვალი და ხელი ცნობიერად და გაგებით გადააწვდინოს.

ამას საჭიროებს ერი საზოგადოდ და ჩვენი ნამეტნავად. აი ეს საჭიროება უნდა დააკმაყოფილოს იმ სკოლამ, რომელიც ერის შორის არის და ერისათვის არსებობს. რაც შეიძლება მომატებულად უნდა დააკმაყოფილოსო, ამბობს ბ-ნი იანოვსკი თითონ, — და მისი პროექტი კი ამ საჭიროებას არამც თუ რაც შეიძლება მომატებულად არ აკმაყოფილებს, არამედ რაც შეიძლება ნაკლებად, იმიტომ რომ საერო სკოლას ისეც არასაკმარს ღონეს და დროს უფანტავს და უყოფს. ჩვენ ვამბობთ, — და ყველანიც დაგვემოწმებიან, — რომ სამის წლის კურსი საერო სკოლისა მეტად მოკლე ხანია ჯერ იმისათვისაც, რომ ბავშმა გონება გაიხსნას, სულიერად და ხორციელად გაიმართოს თავისიანობაზედ ვარჯიშობითა, თავისი დედა-ენა, თავისი ქვეყანა გაიცნოს და შეისწავლოს იმოდენად, რომ ცხოვრებაში გამოიყენოს. ჯერ თითონ რუსეთში, საცა ჩვენებრ სამის წლის კურსია, საცა მარტო ერთს დედა-ენას ასწავლიან, ემდურიან — საერო სკოლა თავისს დანიშნულებას ძალიან ნაკლებად ასრულებსო, და რამოდენად ნაკლებად უნდა აასრულოს ჩვენმა საერო სკოლამ, რომელსაც, გარდა თავის პირდაპირის დანიშნულებისა, გარდა დედა-ენის ცოდნისა, რუსულის ენის ცოდნასაც ავალებენ და იმავე სამის წლის კურსს უნიშნავენ.


— ჩვენ უარს არა ვყოფთ, რომ საერო სკოლას შეუძლიან მოსამზადებელის კლასის საქმეც გაარიგოს. ჩვენ იმას განმეორებით ვიტყვით, რომ საერო სკოლას საზოგადოდ ის დანიშნულება არა აქვს — ერის მოზარდი უმაღლესის სასწავლებელისათვის მოამზადოს. იმას, როგორც ვნახეთ, თავისი საკუთარი საქმეც მეტად ბევრი და მძიმე აქვს და, თუ მაგ მხრითაც საერო სკოლა შველის სადმე ერსა, — ეგ მარტო იქ თუ შეიძლება, საცა ერის დედა-ენა და უმაღლესი სასწავლებელისა ერთი და იგივეა და სკოლის კურსიც უფრო ხანგრძლივი. იქ საერო სკოლაში გამოვლილი ბავში მომზადებულია უმაღლესის სასწავლებელის უმცირესის კლასისათვის, რადგანაც კეთილად აგებული საერო სკოლა ისე არ გამოუშვებს ბავშს, რომ არ იყოს გონებითაც საკმაოდ გახსნილი და დედა-ენაშიაც, რომელიც უმაღლესის სასწავლებელის ენავეა, საკმაოდ გაწურთვნილი და გავარჯიშებული. იქ საერო სკოლას თუ მოაქვს ეგ ნაყოფი, თავის-თავად გამოაქვს მარტო იმის წყალობით, რომ თავიდამ ბოლომდივე უმცირესს სასწავლებელიდამ უმაღლესამდე, ერთი და იგივე ენა მოქმედებს სწავლებისათვის.


აქ, ჩვენში კი საერო სკოლის ენა ერთია და უმაღლესისა სრულებით სხვა. ამიტომაც ჩვენში საკუთრად საერო სკოლა, თუ უნდა რომ მარტო სახელით არ იყოს, თავისდღეში სამის წლის კურსით მოსამზადებელ კლასის საქმეს ვერ იზამს, რადგანაც აქ ამ მოკლე ხანში დედა-ენაც საკმაოდ უნდა შეისწავლოს ბავშმა და უმაღლესის სასწავლებელისაცა, ესე იგი, რუსული ენაც; ერთის სიტყვით, ერთი-ორად საქმე ისე გაიძნელოს, რომ ვერც ერთი ჰქმნას და ვერც მეორე. ნუთუ ეს სასურველია ვისთვისმე?


ჩვენ კიდევ ვიტყვით, რომ სამის წლის კურსი საერო სკოლისა საკმაოდ არ მიგვაჩნია ჯერ სკოლის პირდაპირის დანიშნულებისათვისაც და სად შესძლებს იგი მოსამზადებელ კლასობასაც იმისთანა უმაღლესს სასწავლებელისათვის, საცა მარტო რუსული ენა მოქმედებს და დედა-ენა პირ-აკრულია. გერმანია, და ნამეტნავად პრუსია, არის ის ქვეყანა, საცა საერო სკოლის განსაკუთრებული თვისება მისხლობით გამოკვლეული აქვთ გამოჩენილთა მეცნიერთა შემწეობით, მისი თავი და ბოლო, სიგრძე და სიგანე დიდის ცოდნით და სიფრთხილით გაზომილი აქვთ; იქ საერო სკოლის განსაკუთრებული საქმე იმოდენად ძნელად და სამძიმოდა აქვთ აღიარებული და ცნობილი, რომ მისი კურსი ხუთისა და ექვსის, ზოგან რვა წლითობითაც არის ხოლმე. თუ იქ, საცა, რაც უნდა ვსთქვათ, ერის გონებრივი და ქონებრივი ყოფა-ცხოვრება გაცილებით ჩვენზედ მეტია და უკეთესი, საცა ერი უფრო მიხვედრილია და გონება-გახსნილი, საცა დახელოვნებული და კარგად მომზადებული ოსტატები მრავალია და, მაშასადამე, საცა, ყოველ ამ მიზეზით, სკოლის საქმე უფრო გაადვილებულია, ხუთს წელიწადზედ არა ნაკლებ ახმარებენ საერო სკოლის პირდაპირ დანიშნულებას, — ნუთუ ჩვენში სამი წელიწადი, ეს მოკლე ხანი, იმისათვისაც საკმაოა, რომ საერო სკოლამ თავისი პირდაპირი დანიშნულებაც აასრულოს და რუსული ენაც იმოდენად აცოდინოს ბავშს, რომ უმაღლეს სასწავლებელში შესვლა შეეძლოს?!


ავსტრიაში, საცა რუსეთისამებრ სხვადასხვა ენის ერი ცხოვრობს, ბევრსა სცდილობდნენ, რომ სკოლების შემწეობით განევრცელებინათ ნემეცური ენა, როგორც საზოგადო სახელმწიფო ენა. ბევრი სისტემები სცვალეს, ხან ერთი კანონი დაადგინეს, ხან მეორე, მაგრამ ნემეცური ენა ისე ვერ გაავრცელეს, როგორცა სურდათ, და ერს კი აწყენინეს და გული ტყუილ-უბრალოდ აუმღვრიეს. 1805 წ. კანონის ძალით, პირველ წელიწადს ნება ჰქონდათ მიცემული სწავლება მარტო დედა- ენის შემწეობით ემოქმედებინათ და მას შემდეგ ნემეცურად.

„ცხადიაო, — ამბობს ამაზედ რუსის პედაგოგი ვესსელი, — რომ ამისთანა მოთხოვნილება შეუძლებელი იყოო“.


და მართლადაც, 1848 წ. მთავრობამ სცნო, რომ მაგ კანონიდამ არა გამოვიდა-რა და ახალი კანონი დაადგინეს, რომლის ძალითაც მთელი სწავლება სკოლაში დედა-ენაზედ უნდა მოწყობილიყო, იმ პირობით კი, რომ ნემეცური ენაც ესწავლებინათ, როგორც სახელმწიფო ენა.


1855 წ., ესე იგი, როცა ავსტრიის პოლიტიკა უკუიქცა, შესცვალეს ეს კანონი და 1805 წ. კანონს დაუბრუნდნენ და უბრძანეს, რომ ყოველს სკოლაში სწავლება იყოს ნემეცურს ენაზედ, მხოლოდ კი პირველ წელიწადის პირველ ექვს თვეში ნება ჰქონდათ ერის დედა-ენაზედ სწავლებისა.


„ამ კანონმაო, — ამბობს იგივე ვესსელი, — გული აუმღვრია საერთოდ სლავიანებს, მადიარებს და იტალიელთა, მით უფრო უმეტეს, რომ მთავრობა ამას მოითხოვდა და არავითარს ღონისძიებას - კი (ხარჯს) არ იძლეოდა თვისის მოთხოვნილების ასასრულებლადაო. ბოლოს, 1866 წელს, ესე იგი მას შემდეგ, რაკი ავსტრიის მთავრობამ ისეც სცადა და ესეც და დარწმუნდა, რომ არა გამოდის-რა, მიიღო კანონად ბოგემიის კრებისაგან დადგენილი წესი, რომლის ძალითაც ჩეხურს და ნემეცურს ენას ერთნაირი უფლება მიანიჭეს სწავლებაში, მაგრამ ისე კი, რომ სწავლება საერო სკოლაში ერთ-ერთზედ უნდა ყოფილიყო და მეორე კი ესწავლებინათ, როგორც საგანი სწავლებისა. სხვა სკოლებისათვის კი აღდგენილ იქმნა ისევ 1848 წ. კანონი. 1869 წ. ეს კანონი შეივსო მით, რომ დაადგინეს: თითონ საზოგადოებამ, რომლის ხარჯითაც იმართება სკოლა, გადასწყვიტოს: ა) რა ენაზედ უნდათ მოაწყონ სწავლება და ბ) მეორე ენაც, იმ ქვეყანაში მომქმედი, უნდა ასწავლონ თუ არაო“.


აი სად მიიყვანა ავსტრია თითქმის სამოც-და-ათის წლის გამოცდილებამა.

მართალია, ბ-ნი იანოვსკი რუსულის ენის სწავლებას საერო სკოლაში იმ საბუთითაც თხოულობს, რომ აქაურებს ჰსურთო რუსულის ენის ცოდნაო. ჩვენცა გვსურს და ძალიანაც, განა მარტო იმისათვის, რომ იგი საჭიროა ვითარცა სახელმწიფო ენა, არამედ იმისთვისაც, რომ მისი ლიტერატურა ეხლა იმოდენად ძლიერია, რომ შეუძლიან გონება-გახსნილს კაცს სულის საზრდოება მისცეს. იგი ღონეა, არამც თუ როგორც მეტის ცოდნა, არამედ როგორც სახსარი საცხოვრებლად ბრძოლისათვის, იგი ფარ-ხმალია დღეს ჩვენთვის ყველაფერში და ყველგან, რაკი შინიდამ გარეთ ფეხს გამოვდგამთ.


მაგრამ საქმე იმაშია, ისე მოგვიწყოთ სკოლა, რომ რუსულის ენის ცოდნა ნამდვილი და მართალი ცოდნა იყოს, იმოდენად მაინც, რომ კაცმა ცხოვრებაში და ცხოვრებისათვის გამოიყენოს. ჩვენ თუ გვსურს რუსულის ენის ცოდნა, ისე გვსურს, რომ სულიერი და ხორციელი სარგებლობა მოვიპოვოთ, სხვათა შორის, მის შემწეობითაცა. ამისთანა ცოდნისათვის არამც თუ სამყოფია ის სამის წლის კურსი საერო სკოლისა, რომელიც ბ-ნს იანოვსკის განუზრახავს, არამედ არა ნაკლებს ექვსის წლისა, რომ პირველს სამს წელიწადს საერო სკოლა ჩვენში თვის პირდაპირ დანიშნულებას ემსახუროს განსაკუთრებით და მეორე სამს წელიწადს ის მეტოდა იხმაროს რუსულის საცოდნელად, რომელიც ნაჩვენებია ბ-ნი იანოვსკის წერილში. მაშინ ბავში გონება- დაუჩაგვრელად მომზადებული იქნება არამც თუ უმაღლესის სასწავლებლისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ შინაც ღონისძიება ჰქონდეს განაგრძოს სწავლა, როგორც დედა-ენის შემწეობით, ისეც რუსულითაცა. ამასთან დედა-ენა და რუსული ენა იმოდენად შესწავლული იქნება, რომ, თუ საჭიროა, შინაც გამოიყენოს და გარეთაც.


იმ პროგრამით კი, როგორც ბ-ნ იანოვსკის მოუფიქრებია, ჩვენებური საერო სკოლა ვერც თავისს საკუთარ საქმეს გაარიგებს და ვერც რუსულს ენას გვაცოდინებს. იმ ვიწრო გზაზედ, რაც საერო სკოლას ჩვენში დანიშნული აქვს. ამ ორივე — სულ სხვადასხვა საგნის — შეხვედრა არც ერთს დააყრის ხეირს და არც მეორესა.

Recent Posts

See All
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
პოლემიკა ნოე ჟორდანიასთან. - ახალი უმეცრობანი ბ-ნ ნოე ჟორდანიასი

1900 წელი ბ-ნმა ნოე ჟორდანიამ მე პასუხი მაღირსა. ეს დიდი მოწყალება და ბედნიერებაა, თუ თქვენც იტყვით. ხოლო ამ ბედნიერებისაგან რომ მე...

 
 
bottom of page