top of page

ადგილობრივ შავ ნავთზე და უცხოეთიდან შემოტანილ ნავთზე ბაჟის დადების საკითხის გამო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 23, 2023
  • 5 min read

I

ამ უკანასკნელ დღეებში დეპეშამ გვაცნობა, რომ ნავთისა და ნავთის ნაკეთარზედ ბაჟის დადების საქმე გადუდვიათ ორისა თუ სამის წლით. თუმცა ეს ამბავი გაზეთების მიერ მოიფინა, მაგრამ ირწმუნებიან, რომ მართალი არისო და ნამდვილად შეტყობილიო. ჩვენ ამის გარჩევას არ შევუდგებით, თუმცა საკვირველი კია. საკვირველია იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, რა უნდა ჰქმნას ნავთის მრეწველობამ ამ ბაჟის დადების ლოდინში? როგორ გაიანგარიშოს თავისი დღევანდელი მოქმედება? რას შეუწონოს და რას დაუყენოს ქვეშ? ამის მოლოდინში ყოველთვის ფრთხილი ფული ხომ ადამიანის ჯიბიდამაც ვერ ამოჰყოფს თავსა და ვერ ჩაერევა იმ მრეწველობაში, რომელმაც არ იცის, ორისა თუ სამის წლის შემდეგ რის გადამხდელი შეიქმნება, რა ტვირთის მზიდველი? ამ ორისა თუ სამის წლის მაყურებელი ფულის პატრონი მარტო ორის წლით თუ გაჰბედავს ფული დააბანდოს ნავთის საქმეში და ის ხანგრძლივი დაბანდება ფულისა კი, რომელიც ასე საჭიროა მკვიდრად საქმის დაჭერისათვის და თვითონ მრეწველობის წარმატებისათვის, ამ ორ წელიწადში მარტო უქმ ნატვრად უნდა დარჩეს, ვიდრე ბაჟის საქმე ასე თუ ისე გადაწყდება. ჩვენ ეს უცნაური გარემოება ისე გაკვრით მოვიხსენიეთ.


ჩვენ ზემოთხსენებულმა დეპეშამ მოგვაგონა ნავთის ბაჟის საქმე და ამ საქმემ ისეთი უცნაური ამბავიცა, რომელიც პირველი შეხედვით დაუჯერებელია და წინა თქმულს უცნაურზედ უფრო უცნაურია! როგორა გგონიათ? სართი დასწრებისა ვის უნდა ერგოს ნავთზედ ბაჟის დადების საქმის ატეხაზედ? სანაძლეო, წაუგებელი სანაძლეო შეიძლება კაცმა დასდოს, თუ ვინმე შორიდამ მაინც მიხვდება, გუმანს მაინც მიიტანს იმაზედ, ვინც ეს ბაჟი მოიწადინა. წარმოიდგინეთ, გამოდის რომ ნავთზედ ბაჟის დადება მოიწადინა თვით ნავთის მრეწველმავე!... განა ისიც ერთმა და ორმა, მთელმა კრებულმა. ამ კრებულმა სთხოვა მთავრობას დიდის თხოვნითა, რომ წყალობა გვიყავით და ჩვენს შავ ნავთს, ესე იგი ჯერ გადუწმენდელს და გამოუხდელს, ბაჟი დაადეთ, თორემ ამ დიდის სიმდიდრის მომასწავებელს მრეწველობას ნავთისას ჰლამის სული შეეხუთოს და თავის საკუთარს სიმდიდრეშივე ჩაირჩოსო. როცა შავ ნავთს ბაჟი დაედება და დაძვირდება, მაშინ ქარხანის პატრონი ეცდება ერთსა და იმავე ზომის ნავთისაგან რაც შეიძლება მეტი საბაზრო საგანი აკეთოს, - და ეხლა, როცა ათისაგან მარტო სამის გამორჩენა აქვთო და შვიდს-კი ცუდუბრალოდ ჰყრიანო, აუარებელი სიმდიდრე მტვრად მიდის და იკარგებაო. გარდა ამისა ხაზინასაც შემოსავალი მოემატება, რადგანაც ნავთის ბაჟი კარგა ბლომა ფულს შეადგენსო. ეს უთხოვნიათ თვით ნავთის მრეწველთა და ამ საბუთებით მოურთავთ თავისი საოცარი თხოვნა, რომელიც ჯერ-ხანად მთავრობას - ღვთის მადლით - არ შეუწყნარებია, დეპეშის სიტყვითა.

ჩვენ ვეცდებით შემდეგს ნომერში ამ უცნაურს თხოვნას შიგნეული გამოვუწლათ და მაშინ აშკარად დავინახავთ ამ ჯერ არ შეწყნარებულთ მთხოვნელთ რის მუცლის ტკივილიცა აქვთ.


II ტფილისი, 12 თებერვალი, 1887 წ.

ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ნავთზედ ბაჟის დადება ითხოვა თვითონ ნავთის მრეწველმავე და მერე ერთმა და ორმა კი არა, - მთელმა კრებულმაო. ამას ცოტა გასწორება უნდა, ან უკეთ ვსთქვათ, უფრო ნათლად გამოთქმა, გამომზეება.


ხომ მოგეხსენებათ, რომ ნავთის მრეწველობას მიაწყდა ბლომა ხალხი. ამ ბლომა ხალხში იმისთანანიც არიან, რომელნიც უღონობისა და შეუძლებლობის გამო ცოტა ფულს ატრიალებენ და იმისთანანიც, რომელთაც მილიონები ჩააყარეს ამ ნავთის საქმესა. აი ამ დიდის ფულის პატრონები არიან ისინი, ვისაც ბედნიერი ფიქრი მოსვლიათ, მთავრობას სთხოვონ ბაჟი დაადონ შავს ნავთსა და მით მითამ ხაზინა გაამდიდრონ. ყველამ იცის, რომ ფული რამოდენაც ბევრია, იმოდენად ხარბია და გაუმაძღარი და ამიტომაც პირველ შეხედვით კაცს უკვირს, ამ დიდ ფულებიანს საიდან აღძვრიათ გულისტკივილი სხვის გადიდრებისათვის. ყველა ბრალი შეიძლება კაცმა დიდფულიანს შესწამოს და ამისთანა ცილი-კი, რომ სხვის გამდიდრებისათვის გულმტკივნეულობდეს, მეტისმეტი უსამართლობა იქნება. თუმცა რუსები ამბობენ, რომ „Голъ на выдумки хитра“, მაგრამ არც-კი მდიდარი კაცი ყოფილა ამისთანებში ბეჩავი და მოუხერხებელი. აი საქმე თურმე რაშია:


ნავთის საქმეს ბევრი წვრილი ხალხი დაეხვია. თვითეული მათგანი ცალკე, რასაკვირველია, ერთ დღესაც ვერ გაუძლებდა დიდფულიანს და გაბათილებულ იქმნებოდა, როგორც უქმი თამასუქი; დიდფულიანი, როცა კი მოისურვებს, თვითეულს ცალკე იმისავე ნავთში ჩაარჩობდა და ბურთსა და მოედანს ნავთის წარმოებისას თვითონ დაისაკუთრებდა. მაგრამ ჭირი ის არის, რომ ეს წვრილნი მოსაქმენი ნავთისა რიცხვით საკმაოდ ბლომად არიან და დიდფულიანს მწარმოებელთ საქმე ისე გაუჭირეს, რომ ჰლამის გააკოტრონ. დიდფულიანები თუ გამოხდილ და გაწმენდილ ნავთს ფუთს, მაგალითებრ, ოთხ აბაზად გაუშვებდა ბაზარში, ეს წვრილნი სამს აბაზსა სჯერდებიან და ნავთის ფასს ძირს ჩამოახდენენ ხოლმე:დიდფულიანები თუ სამს აბაზზედ ჩამოვლენ ამათის მიხედვით, ისინი მაშინვე ფუთს ათ შაურად გახდიან და ამ „უბედურებისათვის“ დიდფულიანებს ვერავითარი წამალი ვერ დაუდვიათ. ამისთანა ცილებას და ჯიბრს ვერ უძლებენ მდიდარნი მრეწველნი და ხალხს კი, ესე იგი, ვინც ნავთსა ჰყიდულობს და ჰხმარობს, ამ ცილებისა და ჯიბრის წყალობით ნავთი იეფად უჯდება. ამ ცილებას და ჯიბრს ეს სიკეთე მოაქვს საყოველთაოდ, და ღარიბს ხალხს სანათებელი ნავთი თავის ჯიბის შეძლებისა-და-გვარად უჯდება და უხერხდება. რომ ეს ასე აღარ იყოს და წვრილთა მწარმოებელთა ილაჯი და სახსარი ამგვარის ცილებისა სულ გაუქარწყლონ, მდიდრებმა ეს ღონე მოიგონეს, რომ შავ ნავთს ბაჟი დაედოს. აი რა ანგარიში მიუძღვის წინ მდიდრებსა: რაკი შავ ნავთს ბაჟი დაედება, მაშინ ნავთის წარმოებისაგან მარტო ის იხეირებს და გამორჩომას ჰნახავს, ვინც დიდსა და ძვირფასს ქარხანას იქონიებს, და რადგანაც წვრილს მწარმოებელს ნავთისას მაგისი ღონე და შეძლება არა აქვს, უნდა თუ არა, ფარ-ხმალი ძირს უნდა დაჰყაროს და გულზედ ხელები დაიკრიფოს. ეხლა ფუთი შავი ნავთი ექვს გროშამდე ღირს ხოლმე ადგილზე. ვსთქვათ ფუთს ორი შაური ბაჟი დაადეს და ამ გზით ფუტი შავი ნავთი 13 კაპეიკად გახდა. თუ ქარხანა ყოველს მხრით ისე მოწყობილი და გამართული არ არის, როგორც ეხლანდელი ტექნიკა და მეცნიერება ითხოვს, ათის ფუთის შავის ნავთისაგან ბევრი-ბევრი სამი ფუთი საბაზრო ნაკეთარი რამ დააყენოს, სხვა შვიდი ფუთი-კი გადასაყრელია და არაფერში გამოსაყენი. ამ სახით, რაკი ბაჟი ათის ფუთისა იქნება გადახდილი და ამ ათ ფუთიდან მარტო სამი ფუთიღა დაუდგება გამოსაყენი და დანარჩენი გადასაყრელი, რა თქმა უნდა, მთელის ათის ფუთის ბაჟი ამ სამმა ფუთმა უნდა უზღოს მწარმოებელსა. ათის ფუთის ბაჟი შეადგენს, ზემოხსენებულ ანგარიშით, ერთს მანეთს, მაშასადამე ეს ერთი მანეთი სამმა ფუთმა უნდა ჰზღოს, ან თითო ფუთმა 33 1⁄3 კაპეიკი. კარგა მოწყობილი და გამართული ქარხანა კი ათის ფუთიდამ რვა ფუთს სხვადასხვაგვარს ნაკეთარს ნავთისას დააყენებს როგორც მეცნიერთაგან გამოკვლეულია. მაშასადამე, ის ერთი მანეთი ბაჟი, ათს ფუთზედ გადახდილი, ამ შემთხვევაში რვა ფუთმა უნდა ჰზღოს. აქ ფუთს შეხვდება 12 1⁄2 კაპ. აბა სად 12 1⁄2 კაპ. გადასახადი და სად თითქმის შვიდი შაური, როგორც წვრილს მწარმოებელთ მოუვათ. რაკი ფასებში ასე დიდი განსხვავება იქნება, როგორღა გაუწევს წვრილი მწარმოებელი ცილობას საქვეყნო ბაზარში? იმან თითქმის ხუთის შაურით მეტად უნდა ჰყიდოს ნავთის ნაკეთარი, რომ დიდი ქარხნის პატრონის ოდენობა გასწიოს, ან არა-და ხელი უნდა აიღოს წარმოებაზედ. რა თქმა უნდა ძალაუნებურად ეს უკანასკნელი ღონეღა დარჩება საცოდავს.


განა ეს იკმარეს ამ ქვეყნის მოკეთეებმა. ვსთქვათ, ამ ბაჟის დადებით წვრილნი მწარმოებელნი გააბათილონ და პირქვე დასცენ. მაინც კიდევ ერთი ძლიერი მეტოქე დარჩებათ. ეგ მეტოქე ამერიკაა, რომლის ნავთი გზას არ აძლევს ბაქოს ნავთსა საქვეყნო ბაზარში. ამის გაცლაცა ჰსურთ რუსეთის ბაზრიდამ მაინც, და ამიტომაც სთხოვენ მთავრობას, ამერიკის ნავთს ფუთზედ ერთი მანეთი ბაჟი დაადეთ, რომ რუსეთში შემოტანა გაუძნელდეთ ამერიკელებსაო. რასაკვირველია, ჯერ მთავრობამ არც ერთი ამათი თხოვნა არ შეიწყნარა, მაგრამ თხოვნას ამითი თავისი სუნნელოვანება არ დაჰკლებია და ეხლა ყველამ ვიცით, სადა სცემს იმ დიდთა მწარმოებელთა გულშემატკივარობა.


რაკი მდიდრები იმ გზით შემოიცლიან წვრილებს, რომელნიც დღეს კრიჭაში უდგანან, რაკი ამერიკასაც ბაჟით გზას გადუღობენ, მაშინ ბურთიც იმათ დარჩებათ უცილოდ და მოედანიც და მაშინ მშვიდობით იეფობავ ნავთისავ. მდაბიო ხალხი, რომელსაც იეფობა ნავთისა შეძლებას აძლევდა სახლი გაენათებინა, სახლში სანათური ჰქონოდა, მაშინ უნდა გამოესალმოს ამ ნეტარებას, იმიტომ რომ გულშემატკივარნი დიდფულიანი მწარმოებელნი ნავთისანი ეცდებიან ისეთი ფასები დასდონ ნავთსა, რომ ხელმოკლე კაცი ვერ შესწვდება. აი რა მუცლის გვრემა შეჰყრიათ დიდფულიან მწარმოებელთ ნავთისას, რომ უთხოვნიათ შავ ნავთს ბაჟი დაადეთო. სწორედ ამისთანა საქმე დაჰმართა თხლე — ჭაჭისაგან არყის ხდას აწ განსვენებულმა ფისსუნმა, რომელმაც ასეთი ბაჟი და წესები შემოიღო, რომ თუ არ ძვირფასი ქარხანა, სხვა არავითარი ღონე არ იყო ამ ბაჟებს და წესებს გასძღოლოდა.

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
ოსმალეთის სომეხთა განწირვა

ტფილისი, 19 დეკემბერი, 1895 წელი. ყველა იძახის, რომ სომეხთა საქმე მიწყნარდა და ვითომც სამშვიდობოზედაც გავიდაო. ცალკე ხომ ამას იძახიან,...

 
 
ოსმალეთის არეულობა და ევროპა

ტფილისი, 19 ნოემბერი, 1895 წელი საოცარი მდგომარეობაა დღევანდელის პოლიტიკისა ევროპაში. ვინც გუშინ ოსმალეთის განდევნას ევროპიდამ და მის...

 
 
bottom of page