ცხოვრება და კანონი - წერილი მეხუთე
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 20 min read
ჩვენ წინა წერილში ვაჩვენეთ, რამოდენადაც ჩვენ თითონ შევძელით და შეგვაძლებინეს, -რომ ჩვენის სოფლის მმართველობა, ცოტად თუ ბევრად, თვითმმართველობის საფუძველზეა ამოყვანილი. ამის გამო, ჩვენი ქება თვითმმართველობისა მეოთხე წერილში ამით დავაბოლოვეთ: „ამის შემდეგ, რასაკვირველია, საბუთი აქვს ადამიანს იკითხოს: თუ თვითმმართველობა ეგ არის, მაშ ყოველის მხრით და ყოველგან რად ისმის სამდურავი სოფლის მმართველობაზედ? რატომ მაგ თვითმმართველობამ არ ააყვავა სოფელი? თითონ გლეხობა აგრე ერთხმად რად უჩივის?“
მაშინ დავპირდით მკითხველს, რომ ამ საბუთიანს სიტყვას შესაფერს პასუხს მივცემდით შემდეგს წერილში. ის შემდეგი წერილი, - ზოგი ჩვენის მიზეზით, ზოგი სხვისით, აქამომდე დაგვიანდა. ეხლა, როცა ზარბაზნის ჭექა-ქუხილის ხმა მისწყდა, როცა მშვიდობიანობამ სხვადასხვა ფათერაკის მოლოდინი გააქრო, როცა სხვა სიომ დაუბერა ჩვენს გარეშემო, როცა..., ერთის სიტყვით, - ეხლა შესაძლოდ გაგვიხდა შრომის განგრძობა იმოდენად, რომ ჩვენი ნაღველი, თუ სხვა გზით არა, უნაღვლოდ მაინც გამოვფინოთ. ძნელია ნაღვლის უნაღვლოდ თქმა, მაგრამ ზოგან ცარიელი, უფერული თქმაც ნეტარებაა.
ვიდრე ჩვენს საგანს შევუდგებოდეთ, მკითხველს ვსთხოვთ გაიხსენოს, რაც მეოთხე წერილში მოგვიხსენებია. იმ წერილშია აღნიშნული, - შეძლებისამებრ ფრთხილად და ენის კვნეტით, - ის საწყაო, რომლითაც უნდა ავწყათ ჩვენებურის სოფლის თვითმმართველობის ავ- კარგიანობა.
———
ვისაც ცნობილი ჰქონდა თვითმმართველობის არსებითნი თვისებანი და კუთვნილებანი, დიდი ნიჭი არ დასჭირდებოდა წინასწარმეტყველობისა, რომ გამოეცნო, რა შედეგიც მოელოდა იმ წყობილებას, რომელიც დადგინებულია ჩვენში 1865 წ. 11 აპრილის წესდებითა შესახებ ჩვენებურ სოფლების მმართველობისა.
პირველი და უდიდესი ნაკლი ამ წესდებისა ის არის, რომ თვითმმართველობის არსებითნი საფუძველნი არ არიან მისგან აღიარებულნი და, რაკი თვითმმართველობას ეგ ნაკლი თან შეჰყვა, იქ თვითმმართველობას ნურავინ დაემდურება, იმიტომ რომ იქ თვითმმართველობა არ გახლავთ და არაფერს შუაშია. ეს ნაკლი თითონ შიდა-იმპერიის წესდებასაც თან შეჰყვა და, რადგანაც ერთსა და იმავე მიზეზს ერთი და იგივე შედეგი თან მოსდევს, ამიტომაც იქაც, როგორც ჩვენში, სოფლის მმართველობაზედ დიდი ჩივილი და დრდტვინვა ისმის. თუ რომ კეთილი კიდევ სჭირს, - ძალიან ცოტა-კი, - შიდა-იმპერიის წესდებას, ეგ კეთილი იმაში მდგომარეობს, რომ იქაურს სოფლის ვითარებას, ეკონომიურს, ოჯახობრივს და საზოგადოებრივს წყობას, ცოტად თუ ბევრად, ყურადღება მიუქცევია კანონთმდებლისა. ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით ჩვენს წესდებაზედ: იგი მთლად გადმოღებულია რუსეთიდამ. რასაკვირველია, თვითმმართველობას იმისთანა ზოგადი თვისებანიცა აქვს, რომელნიც ყველასათვის ერთნაირად სახეიროა, მაშასადამე ყველგან გამოსადეგია, და იმისთანანიც, - რომელნიც ადგილობრივს მოთხოვნილებას და სხვადასხვაობას უნდა შეეფერებოდეს.
ჩამოაცალეთ სოფლის მმართველობას თვითმმართველობის სიკეთენი, ზედ დაუმატეთ, რომ ის მმართველობა სულ სხვა ნიადაგიდამ არის ამოღებული და გადმორგული, მაშინ ცხადად დაინახავთ, რატომ ჩვენს სოფელს არ მოუხდა ეგრეთ-წოდებული თვითმმართველობა. ამ სახით, მეორე, უდიდესი მიზეზი ჩვენებურის მმართველობის უვარგისობისა ის გახლავთ, რომ იგი არ არის აღმოცენილი და დამყარებული ჩვენის სოფლის შინაურს მოწყობილობაზედ, მის ეკონომიურს, ოჯახობრივს და საზოგადოებრივს ვითარებაზედ. სხვა მიზეზიც არის, მაგრამ ამაზედ ბოლოს ვიტყვით. ეხლა კი შევუდგებით ამ ორის მიზეზის დაწვრილებითს გამოკვლევას.
ჩვენ წინა წერილში ჩამოვთვალეთ ის ოთხნი უმთავრესნი დედა-აზრნი, ურომელთოდაც თვითმმართველობა თვითმმართველობად არ უნდა იხსენიებოდეს. ერთი იმათგანი ის არის, რომ ხმა და არჩევნის უფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებსა, რაკი სრული-წლოვანია. მაშასადამე, ყოველს მცხოვრებს ყოველს მოვალეობაშიაც ხვედრი წილი უნდა ჰქონდეს. წესდების 7 მუხ. ძალით კი, ხმა და არჩევანის უფლება ეკუთვნით მარტო იმ სახლში უფროსთ გლეხთ, რომელნიც კამერალიის აღწერაში ცალკე კომლად არიან ხსენებულნი. ამრიგად, სოფლის მმართველობის წრეში მცხოვრებნი ყველანი კი არ არიან წევრნი ერთისა და იმავე საზოგადოებისა, არამედ — ზოგნი, თუმცა მთელის საზოგადოების ავკარგიანობა, ავად თუ კარგად გამგეობა, მოღვაწეობა, ყოველთათვის ერთნაირად საწყენია და საამური. თავად-აზნაურნი, ვაჭარნი მოქალაქენი, სამღვდელო პირნი, სოფელში ბინადრად მცხოვრებნი, და თითონ გლეხნიც, კამერალიის აღწერის შემდეგ ცალკე კომლად გასულნი, ამ უფლებას გამოკლებულნი არიან და ამის გამო არც ერთს სასოფლო მოვალეობაშიაც არც ერთს მათგანს წილი არ უდევსთ, რასაკვირველია იმ გლეხთა გარდა, რომელნიც კამერალიის აღწერის შემდეგ ცალკე კომლად გამოსულან. ამათ, თუმცა არავითარი უფლება არა აქვთ სასოფლო საქმეთა გამგეობაში, მაგრამ სასოფლო მოვალეობის ტვირთი კი კისრად აწევთ ისე, როგორც სხვას. წარმოიდგინეთ, რომ ერთის კამერალიის აღწერის დროდამ მეორემდი ათს წელიწადზედ ნაკლებ დრო არ გადის და მაშინ ცხადი იქნება, რამოდენა ძალი ხალხი უფლებას მოკლებულია ხოლმე, მაშინ როდესაც ყოველი ტვირთი კი სოფლისა ზურგად ჰკიდია.
ჩვენი აზრი ის არის, რომ თვითმმართველობისათვის ყველა წოდების კაცი ერთგვარად უნდა იყოს მიჩნეული. თვითმმართველობა ერთი იმ ძალთაგანია, რომელიც აბია წარმატების უღელში და ეწევა სხვებთან ერთად. მაშასადამე, გამოკლება ვისიმე თვითმმართველობიდამ -დაუძლურებაა ღონისა, წარმატებისათვის მიმართულისა. წარმატებისათვის, კეთილდღეობისათვის საჭიროა, რომ ყოველნი ძალნი ერობისანი ერთად, ერთგვარად იყვნენ მიდრეკილნი და მიწვეულნი. თვით წარმატებაც, განვითარებაც მაშინ არის ჭეშმარიტი და ნაყოფიერი, როცა ყველანი ერთგვარად და ერთ სახით სწვდებიან საერთო სიკეთეს, ერთგვარად და ერთ სახით გაჭირვების უღელს ეწევიან და თანასწორად ინაწილებენ უფლებას და მოვალეობას. საცა ეს არ არის, მაშინ ერთის ამაღლება, ერთის კეთილდღეობა, - მეორის დამდაბლებაზედ, მეორის გაღარიბებაზედ არის ხოლმე ხშირად დამოკიდებული.უსწორ-მასწორობა ერთმანეთ-შორის, სხვათა შორის, უჯრა-უჯრად დაყოფის შედეგია; ვისაც კეთილი უნდა, ამ უჯრებს კი არ უნდა წაუმატოს; რაც არის, ისიც უნდა დაშალოს, დაარღვიოს და ქარს მისცეს.
სოფელი, მის ბინადართა კვალობაზედ, ერთი დაურღვეველი აგებულებაა, ნამეტნავად ჩვენში. როგორც გაუქმება ერთის რომელისამე ასოსი ადამიანის აგებულებაში ადამიანს აუძლურებს, ასუსტებს, ისეც სოფელს ასუსტებს და უღონოდ ჰქმნის, როცა მის კეთილდღეობის მზრუნველობაში ერთნი არიან და მეორენი არა. მაშასადამე, თვითმმართველობა სოფლისა, როგორც ჭეშმარიტი ორღანო სოფლის გამგეობისა და მზრუნველობისა, ღონემოკლებული უნდა იყოს, საცა სოფლის ერთობაზედ არ არის დამყარებული. რუსეთში რომ სოფელი უჯრა-უჯრად დაჰყვეს, ერთს წყობას მიანიჭეს შვება და აჰკიდეს ტვირთი თვითმმართველობისა და მეორე გამოაკლეს ერთსაც და მეორესაც, იქ ამას ხელმოსაჭიდებელი მიზეზი მაინც ჰქონდა[*].
სოფელი, სოფლის საზოგადოება, რუსეთში სულ სხვა ნიადაგზეა დანდობილი და სხვა ნიადაგზე ამოსული. იქ გლეხობა კომლეულობით, მემკვიდრეობით არა ჰფლობს ერთსა და იმავე მიწას; იქ მიწა სახასოა, ესე იგი საერთოა და არავის არა აქვს ისე დაჩემებული სამუდამოდ, როგორც ჩვენში. ამის გამო იქ სოფელი წარმოადგენს მიწის შესახებ ორნაირს მფლობელობას: ერთის მხრით - სოფლეულად სახასო, საერთო მფლობელობას გლეხთა მიერ, მეორეს მხრით - კერძოობით და განსაკუთრებულს მფლობელობას თავად-აზნაურთა მიერ. სოფლის გამგეობა, რომელიც თვითმმართველობის შინაგანი არსებაა, ამ ორს, ვითომ ურთიერთის წინააღმდეგს მოპირდაპირე მფლობელობას და მათგან მომდინარეს მოთხოვნილებას ვერ მოითავსებდა, - კანონმდებელთა აზრით, - და მათს ინტერესებს ერთს კვალში ვერ ჩააყენებდა. ამის გამო, საჭიროდ დაინახეს განცალკევება, განთვითეულება გლეხისა და თავად-აზნაურობისა სასოფლო მმართველობაში. ეს დარღვევა სოფლისა, სოფლის ერთობისა, მიბაძვის ბრალიც იყო. თვალწინ ჰყვანდათ სამაგალითოდ ინგლისი კი არა, რომელიც პირველსახეა თვითმმართველობისა და რომელსაც უარყოფილი აქვს სოფლის მცხოვრებთა შორის განთვითეულება, როგორც მომაკვდინებელი სენი თვითმმართველობისა, არამედ ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც ამგვარებში ყველა სხვა სახელმწიფოებს უკან ჩამორჩა და რომელიც ამგვარებში დღესაც იმ აზრებით სულდგმულობს და მოქმედობს, როგორც ნეტარხსენებულ ბატონ-ყმობის დროს.
ეს სახელმწიფო გახლავთ გერმანია და უფრო განათლებული პრუსია. იქ საზოგადოებრივის წყობის პირველ წერტილიდამვე მცხოვრებნი სამს უჯრად დაყოფილნი არიან: Gutsherren - მიწათმფლობელნი, Bürgern - მოქალაქენი, Bauern - გლეხნი, და ეს განთვითეულება პრუსიის მონარქიას ფეხიდამ თავამდე მთელს აგებულებაში გატარებული აქვსო, ამბობს ერთი მწერალი. უკანასკნელი საპროვინციალო წესდება პრუსიისა, მის გამო გაცხარებული ბაასი პარლამენტში, ცხადად ამტკიცებს, - იქაური „გუტსველტმარკ“-ობა, ესე იგი მიწათმფლობელი თავად-აზნაურობა, სადა სცემდა: ყველა ტვირთი გლეხსაო, ყველა შვება ჩვენაო.დაწინაურებული თაობა-კი ეუბნებოდა, შვებაც მიიღე გლეხთან ერთადო და ტვირთიცაო.
თუმცა რუსეთში ასეთი განსხვავებული ეკონომიური მდგომარეობაა სოფლად მცხოვრებთა წოდებათა შორის, მაგრამ იქაც არ მოსწონთ ერთის ჩაბმა სოფლის საქმეთა გამგეობაში და მეორის ამოშვება. იქაც ხმა ისმის, რომ ეგ სხვადასხვაობა მიწისმფლობელობისა ტყუილი შიშიაო და სოფლის ერთობას არას დაუშლის და წინ არ აღუდგებაო. ერთი მწერალი ამის თაობაზედ ამბობს, რომ რუსეთში მეტად აზვიადებენ სასოფლოდ-მფლობელობის მნიშვნელობასაო; სხვადასხვა მოსაზრებისა გამო შესდგა იმისთანა აზრიო, ვითომ საერთოდ- მფლობელობა უარჰყოფდეს დედააზრს კერძოობითის საკუთრებისასაო; ვითომ ამ ორგვართა მფლობელობათა შორის მოურიგებელი უთანხმოება იყვესო, მტრობა და ერთმანეთის დევნაო, ეს სულ ტყუილიაო. სოფლად მცხოვრებნი მამულის მესაკუთრე ძალიან მშვიდობიანად სცხოვრობსო სახასოდ მფლობელთა გლეხთა გვერდითაო; თუ რამე უფრთხობს მშვიდობიანობასაო, ცუდუბრალო ყვირილი უფრთხობსო, რომელიც გაიძახისო, რომ გლეხნი, სახასოდ მფლობელნი, კერძო საკუთრების მტერნი არიანო. მართალია, გლეხნი- მეზობელნი ნამუსზედ ხელაღებით ჰპარავენ ტყესაო, უხდენენ მოსავალსაო, უძოვებენ ყორუღებსაო, მაგრამ ამას განა იმისაგან სჩადიანო, რომ კერძოობითს საკუთრებას უფრო ნაკლებ პატივსა სცემდნენ, ვიდრე სასოფლოს, სახასოს, არამედ იმისგანაო, რომ არავითარი საკუთრების პატივისცემა არა აქვთო, არც თავისისა და არც სხვისა, და, სლავიანურ ფართო ბუნების მიდრეკილებისა გამო, არც თავისას ზოგვენ, არც სხვისასაო. „ჩვენის აზრითაო, - ამბობს იგივე მწერალი, - გლეხნი სახასო, სოფლეურად მფლობელნი მიწისა, და სხვა სოფლელნი, კერძოდ მფლობელნი, ძალიან ადვილად მოთავსდებიან ერთმანეთთანაო ერთსა და იმავე სოფლის საზოგადოების თვითმმართველობაშიო“.
თუ სოფლის საზოგადოების დაურღვეველობაზედ ამას ამბობენ რუსეთში, საცა, - რაც უნდა იყოს, - სოფელი, — ანუ უკეთ ვსთქვათ, სოფლობა, ორგვარ ეკონომიურს წყობას წარმადგენს, ჩვენ რაღა გვეთქმის, ჩვენ, რომელთა შორის ეგ ორგვარობა არ სუფევს!
ჩვენში გლეხთა მიერ მიწისმფლობელობას ისეთივე კერძოობითის საკუთრების მნიშვნელობა აქვს, როგორც თავად-აზნაურისას, მღვდლისას, თუ სხვისას. ჩვენში მფლობელობა კომლეულია, მემკვიდრეობითი და სამუდამო ყველა წოდებათა შორის. მაშასადამე, ამ მხრით განაწილება სოფლად მცხოვრებთა და დარღვევა სოფლის ერთობისა, უსაბუთოა, უმიზეზოა. განსხვავება არის მამულის მეტნაკლებობაში, როგორც თითონ თავად-აზნაურთა შორის, ისეც გლეხთა შორის. მამულის მეტნაკლებობა საკუთრივ და ქონების მეტნაკლებობა საერთოდ სოფლის მმართველობის საგანს არ შეადგენს და არც მისგან წარიმართება. ამიტომაც ეგ მეტნაკლებობა სოფლის მმართველობის მსვლელობაში შუღლის მიზეზად ვერ შეიქნება. სოფლის მშვიდობიანი და წესიერი ცხოვრება, სარჩო-საბადებელის, ქონების, საკუთრების საერთოდ გაფრთხილება მტაცებლობისა, ქურდობისა და ავაზაკობისაგან, მინდვრების, ვენახების რიგიანი დაცვა წანახედისაგან, კარგის გზების, ხიდების, რუების ქონვა და გამგეობა, კარგი რიგიანი და იაფი სამართალი იქავ თვალწინ მრავალგვარ წვრილმან საქმეებისათვის, საერთო მზრუნველობა სკოლისათვის, საპყართა და უძლურთა პატრონობისათვის, საერთო შველა და ხელის გამართვა შიმშილობის დროს და სხვა უბედურობის დღეს, თანასწორი განაწილება სახელმწიფო სამსახურისა, ხარჯისა, ბეგარისა, საერთო საჭიროებისათვის შუამდგომელობა უმაღლეს მთავრობასთან, ერთის სიტყვით - ყოველ შინაურ სოფლის საქმისა კეთილად დაწყობა და სამართლის გამგეობა, - ეს იმისთანა საგნები არიან თვითმმართველობისა, რომელნიც ერთნაირად შეეხებიან სოფელში მცხოვრებთ თავად-აზნაურთა და გლეხთა, ერთნაირად სანატრელია და საზრუნველი ყველასათვის, ვინც-კი სოფლის საზოგადოებაში სცხოვრობს. ყოველს ამაში საშუღლო, სამტრო რა არის? აბა, რა არის აქ იმისთანა, რომ ერთმა წოდებამ სულ თავისკენ მიიზიდოს და მეორე ცარიელზედ დააგდოს? იტყვიან, ხარჯის გაწერაში, ბეგარის განაწილებაში - სოფლობაში აირევ-დაირევიანო. განა ეგ მიზეზი თითონ გლეხთა შორის დღეს არ მოქმედებს? განა მეტნაკლებობა ხარჯის, ბეგარის გაწერაში დღესაც არ არის მიზეზად ცხარის ბაასისა მდიდართ და ღარიბთ გლეხთა შორის? აბა, ერთი მიჩვენეთ მაგალითი, რომ მაგ მიზეზს განხეთქილება რამ ჩამოეგდოს სადმე ისეთი, რომ მთავრობის მიშველება დასჭირებოდეს?
ამ სახით, არც ჩვენის სოფლის ეკონომიურს მდგომარეობაში და არც თვითმმართველობის საგანთა შორის არ არის მიზეზი კაცმა იფიქროს, რომ თავად-აზნაურობა და გლეხობა ერთმანეთში ვერ მოთავსდებიან განუყოფელად. ახლა ვნახოთ, იქნება ეგ მიზეზი იმაში იყოს, რუსები რომ ეძახიან „сословные предразсудки“.
ჯერ დავიწყოთ იქიდამ, რომ ჩვენს ენაში სიტყვაც არ მოიპოვება იმ აზრის გამოსახატავად, რასაც რუსული სიტყვა „сословие“ ნიშნავს. ეხლანდელი ჩვენი სიტყვა „წოდება“ გუშინდელი სიტყვაა; ეხლა შემოგვყავს ვაინაჩრობით და ისიც ვინ იცის - ვარგა სახმარად, თუ არა. არამც თუ ხალხში არ არის ეგ სიტყვა, ან მაგის მსგავსი რამ აზრითა და მნიშვნელობითა, ძველს კანონებშიაც და წერილებშიაც არსად არ შევხვედრივართ. ეს იქნება იმის მიზეზითაც იყოს, რომ ჩვენს ძველს ცხოვრებაში დას-დასად დაყოფა ერობისა არ არსებობდა. არ არსებობდა იმ მხრით, რომ ერთს წოდებას რაიმე წარმომადგენელობა ჰქონდა უპირატესობით ქვეყნის საქმეთა გამგეობაში და მეორეს - არა, და ერთს ამით ეჩაგრა მეორე. ჩვენში ყველანი ერთნაირად უხმონი და უფლებას მოკლებულნი იყვნენ წინაშე უმაღლესის მთავრობისა. თუ რაიმე მაგალითებია ჩვენს ისტორიაში, რომ ჩვენს ხელმწიფეებს კრება მოუხდენიათ და მოუწვევიათ სამღვდელონი და დიდკაცნი რჩევისათვის, ეგ ამ წოდებათა განსაკუთრებითს უფლებას კი არ მოასწავებდა, არამედ უფლებას თვით ხელმწიფისას, რომელიც, თავისის სურვილისამებრ, თუნდა მოიწვევდა და თუნდა არა. ამის გამო, იმ ბრძოლას და შეხეთქებას წოდებათა შორის უფლების დასაპყრობად, გასავრცობად, რომელიც ევროპაში იყო და ეხლაც არ გათავებულა, და რომელიც უპირველესი მიზეზი იყო ერის წყობა-წყობად დაყოფისა, ჩვენში ადგილი არა ჰქონია.
ჩვენ ამით იმის თქმა-კი არ გვინდა, რომ ჩვენ ცხოვრებაში სრულიად არ ყოფილა ელემენტები, რომელთ მოძრაობა და განვითარება საქმეს ბრძოლამდე და შეხეთქებამდე მიიყვანდა, თუ დასცალდებოდა. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ რაკი ბრძოლა არ იყო, ბანაკებად დაყოფაც ერისა არ იქნებოდა, არ იყო წყობ-წყობად განცალკევების მიზეზიც ჩვენს ერობაში, რომელიც, თუ თვის ცხოვრებაში უნუგეშობას რასმეს ჰგრძნობდა, საერთოდ ჰგრძნობდა, რადგანაც ყველანი, როგორც ზევითა ვსთქვი, ერთნაირად იყვნენ უფლებას მოკლებულნი, ერთნაირად უხმონი და უტყვნი ქვეყნის საქმეთა გამგეობაში. თუ ევროპას მივხედავთ, იქ სულ სხვა ამბავი იყო.
შუა საუკუნოებში ერთი განსაკუთრებითი ხელთმოქმედება იყო ევროპაში. ის ხელთმოქმედება მიწის შემუშავება იყო და მის გამო მიწა შეიქმნა ცილების საგნად, რადგანაც იგი იყო პირველი და მხოლოობითი წყარო ქონებისა. ამიტომაც იქ ერობის ორი უპირველესი წოდება - თავად-აზნაურობა და სამღვდელოება - იმის ბრძოლაში დასრულდა, რომ მიწა მარტო ხელში ჩაეგდო და, როცა ჩაიგდო, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი უფლებაც განმარტოებით დაიპყრა. პირველი გამოისახა ფეოდალობაში და მეორე მასში, რომ მარტო მიწათმფლობელობა შეიქმნა წარმომადგენელად სახელმწიფო საქმეთა გამგეობასა და წარმართვაში. მერე, როცა ერი წარმატებაში შევიდა, როცა ვაჭრობა გახშირდა, გახშირდა საფაბრიკო და საქარხნო ხელთმოქმედება, მაშინ ქონებითმა ძალამ სხვა სახე მიიღო. მაშინ მოძრავმა ქონებამ ფესვი გაიდგა და უპირატესი ადგილი დაიჭირა ერის ცხოვრებაში. მაშინ მოძრავთა სიმდიდრის პატრონნი შეეცილნენ საზოგადოებრივს და სახელმწიფოებრივს უფლებას მიწისმფლობელთა თავად-აზნაურობას და სამღვდელოებას. ეს შეცილება გათავდა საფრანგეთის დიდ რევოლუციით. ამ რევოლუციამ წამოაყენა მესამე წოდება „ბურჟუაზია“, რომელმაც მიწათმფლობელობას ჩამოაცალა უპირატესობა სახელმწიფო წყობაში და მის მაგიერად დაადგინა მფლობელობა მოძრავის ქონებისა.
ამ ბურჟუაზიამ კიდევ ისე წარმართა საზოგადო და სახელმწიფო საქმე, რომ ეჩოსავით სულ თავისკენ მოითალა და ის კი, რამაც საკუთრივ შეჰქმნა იგი მოძრავი სიმდიდრე, წრეს გარეთ დარჩა. ის წრეს გარეთ დარჩომილი - შრომა არის და მისი წარმომადგენელი კიდევ მუშაკაცია. დღეს ეს მუშაკაცი იბრძვის ევროპაში, რომ უპირატესობა სახელმწიფო და საზოგადოებრივს წყობაში არავის არა ჰქონდეს განსაკუთრებული და ამისათვის ყოველგვარის წყობის ქვაკუთხედად სდებს შრომასა, რომელიც ბუნებითად ყველას განმათანასწორებელია, რადგანაც ყველა უნდა მშრომელი იყოს. ამ სახით, დღეს ევროპაში წარმომდგარია მეოთხე წოდებაცა, სახელდობრ მუშაკთა, რომელიც სიმრავლით ყოველს წოდებაზედ უდიდესია. დღეს ეგ წოდება იბრძვის, იბრძვის სასტიკად და მედგრად თავისის დედააზრისათვის და იმედიცა აქვს გამარჯვებისა. ჩვენ ეს მცირედი შენიშვნა იმის საჩვენებლად მოვიყვანეთ, რომ ევროპაში მიზეზია - და დიდ საბუთიანად, - წოდებათა შორის დაჯახებისა, ერთმანეთთან შეხეთქებისა, ერთმანეთის ცილობისა.
ჩვენში რა არის, აბა, მაგის მსგავსი? ჩვენში თავად-აზნაურობას დღევანდლამდე თითქმის მარტო ის უპირატესობა ჰქონდა, რომ მოკითხვის წიგნში ბრწყინვალებად იხსენიებოდა და გლეხი კი არა. „მამულისშვილს (гражданин), - ამბობს ერთი მწერალი, - საქმე არა აქვს მასთან, რომ თავად-აზნაურობა ჰზის თავის ოთახში და შეჰხარის თავის მამა-პაპებს და თავის მამულ-დედულსაო. ხოლო როცა თავადი ან აზნაური მოიწადინებსო, რომ ჩემს მამულ- დედულს და ჩემს მამა-პაპას უპირატესი, განსაკუთრებითი მნიშვნელობა მიეციო საზოგადოებაში, მაშინ მამულისშვილი უნდა გულზედ მოვიდეს და უთხრას იმ თავად-აზნაურსა: შენ ფეოდალი ხარო“.
ეკონომიური ძალი კი, რომელიც დღეს ჩვენში მარტო მიწისმფლობელობიდამ წარმოდგება, და ყოველივე, რაც ამ ძალის შედეგი ოდესმე იქნება, ჩვენში ვერც ერთმა წოდებამ, ღვთის მადლით, ვერ გაისაკუთრა და დღეს ჩვენში გლეხიც იმისთანა მფლობელია მიწისა, როგორც თავადი, აზნაური, ეკლესია; დღეს ჩვენში გლეხი მემკვიდრეობით ბინადარია იმ მამულზედ, რომელიც ყოველს გლეხს მამა-პაპით დაჩემებული აქვს. თითონ ბატონ-ყმობის უფლებაც კი არ ყოფილა ჩვენში კუთვნილებად ერთისა და იმავე წოდებისა: გლეხთაც, როგორც თავად- აზნაურთა და ეკლესიას, შეეძლოთ ყმების ყოლა. ამის მაგალითი ხშირია იმერეთში.
რაკი ესენი იყო, რაკი უფლება ქვეყნის გამგეობისა მარტო ხელმწიფესა ჰქონდა და არავის სხვას, — ერთსა რა უნდა შეჰშურებოდა მეორეში, ერთი იმისთანას რას დაეხარბებოდა მეორეს, რომ ამით ერთი წყობა მეორეს განზედ გასდგომოდა და ჩაენერგა ის განთვითეულების, გაცალკევების გრძნობა წოდებათა შორის, რომელიც ეხლანდელის ევროპის მწვავს ტკივილს შეადგენს. აქ, რასაკვირველია, ბევრი ჰოც ითქმის და ბევრი არაც, მაგრამ ჩვენ იმაზედა ვართ დამყარებული, რომ წოდებათა შორის უფლების ცილება,ეკონომიურის თუ პოლიტიკურისა, ცილება - რომელიც უაღრესი მიზეზი იყო დაუძინებელის განხეთქილებისა სხვა ქვეყნებში, ჩვენში არ არსებობდა. ამიტომაც არც ზნეობით, არც აზრით, არც გრძნობით, არც მიმართულებით და არც ჩვეულებით, ჩვენი თავად-აზნაურობა არ დაჰშორებია გლეხობას, არ შეუკეტნია თავი, თავისი საკუთარი ინტერესები არ შემოუხაზავს ისე, როგორც სხვაგან. ერთის სიტყვით, არ განსაკუთრებულა ერთს წყობად, ერთს დასად. განა ჩვენში თავადი, აზნაური, ისე მიუკარებელია გლეხისათვის, როგორც სხვაგან? ბევრი მაგალითებია გლეხთა და თავადაზნაურთა შორის ნათელ-მირონობისა და დამოყვრებისაცა; ათასი მაგალითია ერთმანეთთან ნადიმობისა, შექცევისა, ლხინისა, ტირილისა და ყოველგვარ ერთობისა; ბევრი მაგალითია, რომ სოფლის მმართველობის წესდების წინათაც და მას მერმეთაც თავადი, აზნაური, სიამოვნებით დაჰმორჩილებოდეს გლეხთა სასოფლო გამგეობას და სოფელს კიდევ თავის ნებით, შინაურულად ჩაებარებინოს სასოფლო საქმეების გამგეობა თავადისათვის, აზნაურისათვის. თითონ ამის დამწერი მოწამეა, რომ სოფლის შეყრის დღეს თითონ გლეხთ უთხოვნიათ თავად-აზნაურებისათვის, მღვდლებისათვის, თქვენც მონაწილეობა მიიღეთო ჩვენს სასოფლო საქმეებში, თქვენც დაესწარით ჩვენს სოფლობაშიო და კისრად იდეთ, რასაც განვაჩინებთო, და ამაზედ თავად-აზნაურობას უარი არ ეთქვას. თითონ ამის დამწერი
მოწამეა იმისიც, რომ ორმა საზოგადოებამ სახელმწიფო გლეხთაგან მოინდომა აზნაურშვილი მამასახლისად ამოერჩივა, მაგრამ კანონმა ნება არ მისცა. ბევრი მაგალითია, რომ გლეხნი თავს ანებებენ თავის სასამართლოს და განსამართებლად ან თავადთან, ან აზნაურთან და ან მღვდელთან გარბიან. ეს მაგალითები გვაუწყებენ, რომ ჩვენში გლეხთა და სხვა წოდებათა შორის კეთილი მიდრეკილება სუფევს; რომ ერთმანეთს არამც თუ ეუცხოებიან, არამედ ერთმანეთისკენ მიიზიდებიან. ერთის სიტყვით, ჩვენს ცხოვრებაში არის იმისთანა ფესვნი, რომელთა ზედაც შეიძლება ამოვიდეს სიკეთე ერთობისა და ყველასათვის სახეიროდ გაიშალოს. ამას უნდა დავტრფოდეთ და შევხაროდეთ და არა ვთაკილობდეთ და ვმტრობდეთ. ამას ხელის შეწყობა ჰმართებს და არა ხელის შემართვა. ამით იმის თქმა კი არ გვინდა, რომ ჩვენში გლეხი, თავადი, აზნაური, თუ მღვდელი ყველგან ეგრე ძმურად სცხოვრობენ. არა, — ძალიან ბევრგან სუფევს განხეთქილება, ხოლო დიდი შეცდომა იქნება, ამისი მიზეზი თითონ წოდებათა წყობას, მის შინაგანს არსებას, თვისებას, ზნეს და ჩვეულებას და აქედამ წარმომდგარ მიდრეკილებას მივაწეროთ. ამისი მიზეზი იგივეა, რაც თვითოეულ კაცთა შორის: ავი გული, ხარბი თვალი, გრძელი ხელი და ნამუსის ქუდის ახდა.
„ისტორიაო, ამბობს ერთი მწერალი, ბრძოლაა ბუნებასთან, სიღარიბესთან, გონების სიბნელესთან, ღონემიხდილობასთან, მაშასადამე ყოველგვარ შევიწროებასთან, რომელსაც ადამიანი პირისპირ შეემთხვევა ხოლმე, როცა ისტორიის ასპარეზზედ გამოდისო. ერთს ბიჯსაც წინ ვერ წავდგამთ ამ ბრძოლაში, თუ ყველამ ცალკე გავიწიეთო, ყველამ ცალკე ვიბრძოლეთო“. თუ ესეა, ნუთუ ყველა საზოგადოებრივ ძალთა ერთს კვალში ჩაყენება სანატრელი არ უნდა იყოს ყველასათვის? ნუთუ ყოველი ჩვენგანი არ უნდა ცდილობდეს სრულად აღმოიფხვრას, ჩვენთა წოდებათა შორის განხეთქილების მიზეზნი, რომ ჩვენი ცხოვრება წარმოადგენდეს ერთს დიდებულს დენას შეერთებულის ძალისას? ამიტომაც დიდად სცოდვენ ქვეყანასა და ხალხსაც. ნამეტნავად ჩვენში, ისინი, ვისაც გულში ჩაუდვია, გინდა თუ არა, განხეთქილება უნდა იყვესო წოდებათა შორის, რადგანაც ევროპაში ეგ განხეთქილება სუფევსო. განა ევროპა ცოტა დროსა და ღონესა ჰკარგავს, ცოტა სისხლსა ჰღვრის, რომ ეგ განხეთქილება მოსპოს?
მაშ, საცა ეგ არ არის, რად გვინდა რომ იყოს? ეგ იმას ეგვანება, რომ კაცმა ნაგავი შეიტანოს სახლში მარტო იმისათვის, რომ მერე საბუთი ჰქონდეს სთქვას: სახლს დაგვა უნდაო. რად გვინდა ჩვენ აქ ბაძი, ან რა სასარგებლოა? მაგრამ რა? ტვინთხელობა, რომელიც, საკუთარ ტვინს მოკლებული, სხვისით სცხოვრებს და მარტო ბაძით სულდგმულობს, ამ შემთხვევაში, წინათვე ვიცით, კედელი იქნება და, რამდენიც გინდათ ცერცვი შეაყარეთ, არ დაიჭერს.
ეგრეთი ყოველ მხრით უსაფუძვლო და უმიზეზო გამოკლება ზოგიერთ წოდებისა საზოგადო საქმეებიდამ - საზოგადო ტვირთს უმძიმებს გლეხსა მით, რომ მარტო გლეხიღა იხდის საზოგადოების სამსახურს, ეწევა ბეგარას, აკეთებს გზებს, ჰყარაულობს, იცავს საზოგადო მშვიდობიანობას, იცავს ყველას საკუთრებას მტაცებლობისა თუ წანახედისაგან და ამ სიკეთეში ძალაუნებურად წილხდომილნი არიან ყველანი, ვინც კი სოფლის წრეში სცხოვრობს, ხოლო ხარჯში, უღლის წევაში კი - არა. ამის გამო გლეხი უყურებს თვის
მმართველობას ისე კი არა, როგორც უფლებას, არამედ როგორც ტვირთს, გარდასახადს რასმეს, და ყოვლის ღონისძიებითა ცდილობს, შორს იყოს სოფლობაზედაც და მმართველობაზედაც, რომელიც სიკეთეს ყველას უნაწილებს და ტვირთს-კი ერთსა ჰკიდებს ზურგზედ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამგვარი უფლება დღესვე ჩამოართვან გლეხს, გლეხი წარბსაც არ შეიხრის; და თითონ თავად-აზნაურობაცა და სხვა წოდების კაცნიც უნდა ჰგრძნობდნენ, ჩვენის ფიქრით, დიდს დანაკლისს, რომ სოფლის გამგეობა, როგორც სოფელში მცხოვრებთ, იმათაც, ნებით თუ უნებლიეთ, შეეხება და ამ გამგეობაში არც ხმა აქვთ და არც არჩევანის უფლება.
რაკი წესდებამ გამოაკლო სოფლის თვითმმართველობიდამ ზოგიერთი წოდებანი, სოფლადვე მცხოვრებნი, რაკი არ მიანიჭა მათ არარაიმე ხმა და უფლება სოფლის გამგეობასა და წარმომადგენლობაში, ამას, რასაკვირველია, ისიც ზედ უნდა დაჰყოლოდა, რომ ისინი სოფლის მმართველობის ქვემდებარეობიდანაც გაეთავისუფლებინა. ასეც მოახდინა. 23, 36, 39 მუხლთა ძალითა ყველანი, ვინც-კი გლეხკაცობას არ ეკუთვნის - თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, დიაკვნები, მოქალაქენი, სოფლად მოვაჭრენი, მებატონეების შინამოსამსახურენიც კი, თავისუფალნი არიან სოფლის სამმართველოს გამგეობისაგან; ვერც სოფლის უფროსი მოხელე-მამასახლისი, ვერც სოფლის სასამართლო მათ ვერ შეეხებიან. ამით წესდებამ ხელ-ფეხი შეუკრა სოფლის მმართველობასა; ამით უარჰყო მეორე ძირეული კანონი თვითმმართველობისა, სახელდობრ იგი, რომ ადგილის სამმართველოის ხელქვევით უნდა იყვნენ ყველანი, ვინც კი სამმართველოს წრეში სცხოვრობენ; ამით უარ-ჰყო პირადი თანასწორობა კანონის წინაშე, თანასწორობა, რომელიც სულია და გული ყოველის წყობისა და ნამეტნავად თვითმმართველობისა. უამისოდ თვითმმართველობა უქმი სიტყვაა, უნაყოფო ხეა; უამისოდ სოფლის სამმართველო თავის-დღეში ვერ მოიპოვებს მცხოვრებთა თვალში იმ პატივს, რომელიც სანატრელია და ურომლისოდაც მისი წარმატება და სიკეთე შეუძლებელია.
24 მუხლი წესდებისა - მამასახლისს, ესე იგი უფროსს სოფლის მოხელეს, ვალად სდებს წესიერებასა და მშვიდობიანობა არავის არ დაარღვევინოს, ადამიანი და იმისი ქონება ავკაცობისაგან დაცულ ჰყოს. თუ ამგვარებში დამნაშავეა გლეხკაცი, მამასახლისს გზა აქვს გახსნილი მშვიდობიანობის და წესის აღდგენისათვის. მაგრამ დანაშაულობა განა გლეხკაცის აუცილებელი თვისებაა? სხვა, არა-გლეხი, სოფლის წრეში მცხოვრები, არ არის მითამ საშიშარი წესისა და რიგისათვის, ადამიანის მშვიდობიანობისათვის, მის ქონების ხელუხლებლობისათვის?! რა უნდა ჰქმნას მაშინ მამასახლისმა, როცა ამგვარებში დამნაშავედ გამოდის არა-გლეხი? წესდების 23 მუხლის ძალით, გულზედ ხელი უნდა დაიკრიფოს და სეირს უყუროს. ამისთანა უღონო მოხელეობას რა პატივი უნდა ჰქონდეს ხალხის თვალში და რა ზედმოქმედება გლეხკაცზედ, თუ სხვაზედ?
სოფლის სასამართლოც ამ დღეშია. მას, წესდების ძალით, ხელი მიუწვდება მარტო გლეხკაცზედ. თუ გლეხკაცმა დააშავა რამე, წაუხდინა რამ ვისმე, ან პირობა არ აუსრულა, ყველას, სოფელში მცხოვრებს: თავადს, აზნაურს, მღვდელს, დიაკვანს, მედუქნეს, ნება აქვთ იქავ თვალწინ, უხარჯოთ, მოუცდენელად, სოფლის სასამართლოს შემწეობით, გადაახდევინოს გლეხს სასჯელი, თუ საზღაური; და თუ არა-გლეხმა გლეხს დაუშავა რამე, წაუხდინა, პირობა არ აუსრულა, საწყალი გლეხი იძულებულია ათს, ოცს, ოცდაათს ვერსტზედ გაიქცეს, მომრიგებელ მოსამართლეს მიჰმართოს, რამდენიმე დღე წასვლა- მოსვლაში დაჰკარგოს, მერე რამდენიმე თვე საქმის გარჩევას ელოდოს, მერე კიდევ დაიბარონ, კიდევ მოსცდეს რამდენიმე დღე წასვლა-მოსვლაში, ჭამა-სმაში ტყუილუბრალო ხარჯი გასწიოს. ეს ყველა იმისთანა მძიმე რამ არის გლეხისათვის, რომ მის გამო გლეხი უფრო ხშირად იძულებულია თავისი დაჩაგვრა არა-გლეხისაგან გულში გაბოროტებით ჩაიმარხოს, ხელი აიღოს საჩივარზედ, გული აიყაროს კანონზედაც, რომელიც მისთვის ისე მიუწვდომელია - როცა დიდი სჩაგრავს, გული აიყაროს თავის სამმართველოზედაც, რომელიც უღონოა დიდის წინაშე. რა წარმომადგენელია უფლებისა იგი წყობა, რომელსაც ხელი მიუძღვის მარტო გლეხკაცზედ, ამ დაბალ ღობეზედ, და არა-გლეხის წინაშე კი გულზედ ხელს იკრეფს?! რა წარმომადგენელია უფლებისა იგი წყობა, რომელიც დიდის წინ ნაცრად იქცევა ხოლმე და დაბლის წინ - ცეცხლად!? რა პატივით უნდა უყურებდეს გლეხი იმ მმართველობას, რომელიც დიდისაგან გაჭირვებულს არ ესარჩლება, არას შველის, და რომელიც დიდისათვის კი თავს გამოიდებს ხოლმე, როცა პატარისაგან გაუჭირდება რამ! რა პატივით უნდა უყურებდეს გლეხი იმ მმართველობას, რომელიც ხმას არ იღებს უღონობით, როცა გლეხს უპატიურად ხდის არა-გლეხი, და როცა კი არა-გლეხს უპატიურად მიადგება გლეხისაგან - მაშინ კი ძალასა და ღონეს იჩენს? ან თითონ სამმართველომ როგორ აღასრულოს 24 მუხლის მოთხოვნილება, როცა სოფელში იმისთანანიც არიან, რომელნიც სოფლის მმართველობას არ ეხელქვეითებიან?
წინათაც მოგვიხსენებია და ახლაც ვიმეორებთ, რომ შეუშლელს თვითმმართველობას საზოგადოდ და სოფლისას კერძოდ ორი მხარე აქვს: ერთი - მთავრობითი, მეორე საზოგადოებითი. პირველით სოფლის თვითმმართველობა მთავრობის პირველ-წყობის ორღანოა, მეორით - საზოგადოებისა, სოფლისა; პირველით ემსახურება სახელმწიფოს, მეორით - საზოგადოებას; პირველით წარმომადგენელია სოფელში მთავრობისა, მეორით - მთავრობაში სოფლისა. წინათ გასინჯული გვაქვს, სოფლის თვითმმართველობა რამოდენად წარმომადგენელია ჩვენში სოფლისა, საზოგადოებისა. ჩვენ იქ ის აზრი გამოვთქვით, რომ ჩვენის სოფლის თვითმმართველობითი წყობა წარმომადგენელია მარტო ერთის წოდებისა და არა მთელის სოფლის საზოგადოებისა. მთავრობითი მხარეც რომ გავუსინჯოთ ჩვენს სოფლის მმართველობას, აქაც ბევრს სანუგეშოს ვერას ვიპოვით.
მთავრობითი მხარე თვითმმართველობისა იმით არის ძვირფასი საზოგადოდ ყველასათვის და გლეხისთვის საკუთრივ, რომ ამ მხრით სოფლის თვითმმართველობა მახლობელი მფარველია მისი, მისი ადამიანობისა, მისი ღირსებისა, მისი პატივისა და ქონებისა. რაკი ზემოხსენებულთა მუხლთა (23, 36 და 39) ასე შემოაჭრეს ფრთები ამ მფარველობას, სახარბიელო რაღა დარჩა გლეხს თვითმმართველობაში? რაც მისთვის სანუკვარი იყო, ის ჩამოცლილი აქვს მთავრობითსა მხარეს თვითმმართველობისას; სხვა ამ მხრის რაღა დარჩა თვითმმართველობაში გლეხკაცს სანატრელი და ხელმოსაჭიდი? არაფერი. თვითმმართველობა შეიქმნა მხოლოდ ორღანოდ, რომელმაც ასრულებაში უნდა მოიყვანოს ყოველი ბრძანება უმაღლესის მთავრობისა, აბეგროს ხალხი, ხარჯი ახდევინოს და სხვა ამგვარი, ესე იგი, რაც გლეხკაცს სამძიმოდ მიაჩნია, იმაში ძალა უნდა დაატანოს. და მართლადაც ამის მეტს არც არას აკეთებს სოფლის სამმართველო, და არც არავინ ნაღვლობს, რომ მეტი რამ გააკეთებინონ. ამის გამო, ამ მხრით სოფლის სამმართველო გლეხკაცს მარტო მაზრის უფროსის ჯოხად მიაჩნია, რომელიც დღე მუდამ მის სახლის დირეზედ მიყუდებულია, და არა მთავრობითის ძალის წარმომადგენელად, რომელმაც მთავრობის ნებაც უნდა აასრულოს და ჩაგრულთაც მფარველობა გაუწიოს ყველგან და ყოველის წინაშე. ამ სახით, ჩვენს სოფლის თვითმმართველობას უკეთესი მხარე ჩამოეცალა და მარტო იმ კვალში ჩადგა და გაისისწვრივა, რომლითაც იგი უფრო ნაკლებ სანდომია გლეხკაცისათვის. რაც უნდა იყოს, კაცს ყოველთვის ენდომება, რომ თავში საცემი ჯოხი პატარა შორს იყოს და არა ცხვირწინ, რაკი უამისობა შეუძლებელია.
ამიტომაც გლეხკაცი ვერაფრად აფასებს თავის სამმართველოს, რომელიც მისთვის ყველგან არ არის გამოსადეგი არც ფარად, არც ხმლად; ამიტომაც თავის სამმართველოს მოხელე კაცი, და თითონ კანონიც, მისთვის ჰგონია მოგონილი, რომ მარტო მე მადინოს ცხვირში ძმარიო, როცა დავაშავებო, ან როცა სახელმწიფო სამსახურზედ უკან დავიწევო, რადგანაც არც მოხელე და არც კანონი მოსარჩლედ და მფარველად არ გამოსჩენია; ამიტომაც იმედი აქვს აყრილი კანონზედაც, მის ძლიერებაზედაც, მის მიუდგომელობაზედაც; ამიტომაც იგი ისე გულგრილად ეკიდება მოხელეთა არჩევანის საქმეს: მისთვის სულ ერთია, პეპია იქნება თუ დათუნა. მე ხომ ჩემი ხარჯი და ბეგარა არ ამცდებაო და გაჭირვებაში კიდევ არც ერთს შეუძლიან შველა, და არც მეორესაო, ამბობს გლეხი.
ამ სახით, ჩვენს თვითმმართველობას სოფლისას ჩამოთლილი აქვს ის მხარეც, რომლითაც იგი წარმომადგენელი უნდა იყოს საზოგადოებისა, ესე იგი მთელის სოფლისა, და ის მხარეც მთავრობითის წარმომადგენელობისა, რომლითაც იგი უფრო სანატრელია გლეხკაცობისათვის. ჩვენმა წესდებამ თუმცა კარგა ფართო მოედანი შემოუხაზა სოფლის თვითმმართველობას სავარჯიშოდ და სამოქმედოდ, მაგრამ თითონ ფალავანს-კი ხელფეხი შეუკრა; ამიტომაც ჩვენის სოფლის თვითმმართველობა ასე უნაყოფოა, ასე უმოქმედოა იმ სიკეთისათვის, რომელსაც ყოველი კაცი სამართლიანად გამოელოდა თვითმმართველობისაგან.
სიკეთისათვის ხომ ასე ფრთამოკვეცილია ჩვენის სოფლის თვითმმართველობა, ბოროტისათვის-კი ფართო გზა აქვს. თუ, ვინიცობაა, სოფლის მოხელეთა, მაგალითებრ - მამასახლისმა, ნაცვალმა და მოსამართლეებმა ვნება რამ მიაყენეს სოფლის მცხოვრებსა, აშკარად უკანონობა გაუწიეს სოფელს საზოგადოდ, ანუ თვითოეულს მცხოვრებს ცალკედ, ვნებულს ნება არა აქვს, ჩვენის წესდებით, საზოგადო სამართლის წინაშე იძიოს თვისი დანაკლისი, ნება არა აქვს საზოგადო სამართლით სდევნოს დამნაშავეს და ბოროტმომქმედს მოხელესა. 72 და 73 მუხლნი წესდებისა ამბობენ, რომ ყოველი საჩივარი ამგვარებში უნდა მიიმართოს მაზრის უფროსისადმი და, თუ იგი დაინახავს, რომ მოხელე კაცი ღირსია სამართალში მიცემისა, მხოლოდ მაშინ უნდა მიეცეს მოხელე სამართალს; სოფლის მოსამართლეებს-კი სამართალში აძლევს მარტო გუბერნატორი, ისიც მაზრის უფროსის წარდგენითა. ჩვენს წესდებას დავიწყებული აქვს, რომ მაზრის უფროსიც და სოფლის მოხელეც ორივ ერთგვარი საფეხურები არიან ერთისა და იმავე კიბისა; ორივესათვის ერთნაირად სასურველია, რომ უფლების წინაშე ყოველივე მტყუანი იყოს. თუნდ ეგეც არ იყოს, ის კი ცოტაა, რომ ხშირად სოფლის მოხელე და მაზრის უფროსი ერთმანეთს ხელსა ჰბანენ, ერთმანეთს გადაებმიან ხოლმე უსურვაზივითა?! ამიტომაც სოფელი არ არის, რომ არ უჩიოდეს მოხელეთა ავკაცობას, მაგრამ, აბა, ბევრი მაგალითია, რომ მოხელე სამართალში იყოს მიცემული? ამიტომაც პასუხმგებლობა სოფლის მოხელეთა თითქმის სრულიად გაუქმებულია. ამ სახით, დარღვეულია მესამე ძირეული კანონიც თვითმმართველობისა, სახელდობრ ისა, რომ ყოველივე თანამდებობის მექონი კაცი პასუხმგებელი უნდა იყოს საზოგადო სამართლისა და სამსჯავროს წინაშე, და არა წინაშე თვისთა უფროსთა. ყველას უნდა ჰქონდეს ნება, მოხელეთა უფროსის დაუკითხავად, სდევნოს ბოროტმომქმედს მოხელეს საზოგადო სამართლით და იძიოს მისგან ყოველივე უკანონოდ დანაკლისი.
ამ სახით, ჩვენის სოფლის თვითმმართველობას ოთხიდამ სამი უმთავრესი საფუძველი თვითმმართველობისა აკლია: 1. ხმა და არჩევნის უფლება უნდა მინიჭებული ჰქონდეს ყოველს ადგილობრივს მცხოვრებს, - და არა აქვს; 2. ადგილობრივ სამმართველოს ყოველსფერში ყველანი უნდა ექვემდებარებოდნენ, ვინც კი მის წრეშია, და არ ექვემდებარებიან; 3. ყოველივე მოხელე პასუხმგებელი უნდა იყოს ყოველის წინაშე, ვისაც რასმე დაუშავებს, და უნდა იდევნებოდეს საზოგადო სამართლით, და არ იდევნება. მეოთხე საფუძველიც, თუ დარღვეული არ არის მთლად, შერყეული კი ძალიან არის, სახელდობრ მით - რომ ადგილობრივ მოხელეთა და მოსამართლეთა ყველა, სოფელში მცხოვრები ბინადარი, არ ირჩევს და ირჩევს მხოლოდ გლეხი, ცალკე კომლად კამერალიის აღწერაში ხსენებული.
ყოველ ამის გამო ჩვენის სოფლის სამმართველო და მისნი მოხელენი პოლიციის ბრმა მსახურებს და დარაჯებს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე სოფლის საზოგადოების ინტერესებს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ პირველ ხანებში - და ბევრგან ეხლაც - ჩვენის სოფლის მმართველობას იმისთანა მაზრის მოხელენი შეხვდნენ, რომელთაც, გაუნათლებლობისა და სიბრიყვის გამო, არ ესმოდათ სიკეთე თვითმმართველობისა, და ვისაც ესმოდა, თვალში ეჩოთირებოდა, როგორც მის უფლების მოცილე რამ. და რადგანაც მახლობელნი მწრთვნელნი სოფლის ახალის მოხელეობისა ისინი იყვნენ, რასაკვირველია, სოფლის სამმართველოს იმ მხარეს უფრო გაუბრტყელებდნენ, რომლითაც იგი მათთვის უფრო გამოსადეგი, უფრო სახეირო იქნებოდა და უფრო სანუკბარი მათის პატივმოყვარეობისათვის და თავმოწონებისათვის. ეგრეცა ჰქმნეს. მათ სოფლის სამმართველოს ჩამოაცილეს ის მცირედი სიკეთეც საზოგადოებრივი, რომელიც ნაპერწკალსავით ბჟუტავს წესდების ზოგიერთს მუხლში, და შეჰქმნეს იგი მარტო დაბალ საპოლიციო ორღანოდ. ამ სახისაა ეხლა ჩვენის სოფლის სამმართველო. დღესაც იქამდინ გაუპატიურებულია სოფლის სამმართველო, რომ გლეხკაცი, მინამ სოფლის სასამართლოში შევა, ჯერ საჭიროდ ხედავს მაზრის უფროსთან გამოიქცეს და ბრძანება სთხოვოს, სოფლის სასამართლომ საქმე გამირჩიოსო. მაზრის უფროსებიც აძლევენ ამისთანა ბრძანებას, თითქო, თუ არ მისის ბრძანებით, სასამართლოს ნება არა აქვს საქმის განხილვაში შევიდეს. ამისი მაგალითი ერთი და ორი კი არ არის, ეს თითქმის ყველგან ჩვეულებად მიაღებინეს გლეხკაცს.
აი სადამდი გაიწვდინა ფეხი და ხელი მაზრის მმართველობამ, რომ თითონ თავი აიმაღლოს, ხალხის თვალში ძირს დასცეს სოფლის მმართველობა და თავის ყურმოჭრილ ყმად გაიხადოს. ჩვენ იმას აღარ ვამბობთ, რა უპატიურად ექცევიან თითონ სოფლის მოხელეებსა. მამასახლისი, სოფლის მოსამართლე, რომელთაც თითონ ბისმარკიც კი საჭიროდ დაინახავდა ხელი გაეწოდა, როცა შეხვდებოდა, ბევრჯერ მინახავს, რომ მაზრის უფროსის ჩაფარს მათრახით წინ გაეგდოს. თითონ მაზრის უფროსი როგორ ექცევა ან ერთს, ან მეორეს, - მაგას ნუღარ გვკითხავთ. ერთის სიტყვით, სოფლის მმართველნი, სოფლის ამორჩეულნი კაცნი, სოფლის წარმომადგენელნი, - დღეს მაზრის უფროსის და პრისტავების ბიჭებად არიან და არა მოხელედ.
აი ეს არის უმთავრესი მიზეზი, რომ გლეხკაცობა არა ჰგრძნობს და არც გამოელის თავის სამმართველოსაგან არარაიმე სიკეთეს და ყველა იგი არც თავისად მიაჩნია; აი ეს არის მიზეზი, რომ სოფლის სამმართველო ყოველმხრივ ღონემიხდილია სიკეთისათვის; აი აქ არის სათავე იმ სამდურავისა, რომელიც ყოველ მხრიდამ ისმის სოფლის სამმართველოზედ და მის მოხელეებზედ; აი ეს არის მიზეზი, რომ სოფლის მმართველობას კაი კაცი ერიდება და მოხელეობას არა კისრულობს; აი ეს არის მიზეზი, რომ გლეხკაცი თავს არ იცხელებს, კაი კაცი ამოვირყიოვო, და თითონ არჩევანიც თამაშისთვის მოგონილი ჰგონია.
———
ჩვენ აქამდის განვიხილეთ საფუძველნი თვითმმართველობისანი და, შეძლებისამებრ, ვაჩვენეთ, რომ იგინი უარყოფილნი არიან ჩვენის წესდების მიერ; ეხლა იმის გარჩევას შევუდგებით, - მაგ სახის წესდება ცნობიერად მაინც შეუფერეს თუ არა ჩვენს ცხოვრებასა და თითონ საქმის მოთხოვნილებასა.
ჯერ პირველად ვიტყვით მასზედ, თუ რა არის მიღებული საფუძვლად სოფლის საზოგადოების შედგენისათვის, სახელდობრ - რის ძალით უნდა შემოევლოს წრე იმ ადგილს, რომელიც ერთს სოფლის საზოგადოებას შეადგენს. 2 მუხლი წესდებისა ამბობს, რომ სოფლის საზოგადოება უნდა შესდგეს ყოველ გლეხთაგან, რომელნიც ერთს სოფელში სცხოვრობენ. აქ საფუძველი ცხადია და საბუთიანიც. ხოლო საქმე იმაშია, წვრილმა სოფლებმა რა ქმნან? 3 მუხლი წესდებისა ამბობს მხოლოდ, რომ წვრილი სოფლები ან მიეწერებიანო მახლობელს საზოგადოებას, ან ცალკე საზოგადოებას შეადგენენო. ვინ უნდა ჰქმნას ეგა? თითონ ხალხმა?
არა. ამ ორივე შემთხვევაში განკარგულება მიენდობაო გუბერნატორსაო, რომლის წარდგენაც ამ საგანზედ დამტკიცებულ უნდა იქმნას მთავარმმართებლის მიერ. ხოლო რაზედ უნდა დამყარდეს გუბერნატორი, წესდება სრულიად არას ამბობს, თითქო ეს ისეთი უმნიშვნელო საგანი იყოს, რომელიც შეიძლება თითონ მცხოვრებთ არ ეკითხოს და უცხო კაცის ნებაყოფლობაზედ მიეგდოს, მაშინ როდესაც ამაზეა დამყარებული შინაგანი ძალი და სიმტკიცე საზოგადოებისა.
ჩვენში ხშირია წვრილ-წვრილი სოფლები. ზოგჯერ ამ წვრილ სოფლებს ისეთი მტრობა და დავა აქვთ მამულებზედ, ან ერთმანეთს შორის, ან დიდ სოფლებთან, რომ მათი შეერთება ცეცხლისა და წყალის შეერთება იქნება ერთმანეთის დასაშრეტად. ასეც მოხდა ბევრგან, იმიტომ რომ მარტო სიახლოვის ძალით მოახდინეს სოფლების შეერთება და ყური არ ეთხოვეს სხვა ადგილობრივს ვითარებას, რომლის მცოდნენი - როგორც მოგეხსენებათ - ჩვენში ძალიან იშვიათნი არიან მთავრობის მოხელეთა შორის. დღესაც ბევრი ასე დარღვეული სოფლის საზოგადოებაა ჩვენში და აქამომდე არავინ არ გამოჩენილა, რომ ამას ყური ათხოვოს და წამალი დასდოს. თუნდ ესეც არ იყოს, რამდენი პატარა სოფელია დიდ სოფელზედ მიწერილი და მისგან ჩაგრული, რადგანაც პატარა სოფლის ხმა სოფლობაში ხმაა მღაღადებელი უდაბნოში და სხვა არაფერი. რას გააწყობს ბევრთან ცოტა? ესეც კია წვრილ სოფლებისათვის გასაჭირი, რომ ძალიანაც უნდოდეთ ცალკე ყოფნა, ვერ შეეძლებათ, რადგანაც წესდება ვალად სდებს იყოლიონ მოხელენი არა ნაკლებ ოთხის კაცისა. ამოდენა მოხელეებს სად გაუძღვება პატარა სოფელი?
სოფლის სამმართველოს შეადგენს: სოფლობა, მამასახლისი და სასამართლო. ჩვენი წესდება, ვერც თითონ საქმის მიხედვით, ვერც ჩვენის ცხოვრების შესაფერად, ვერ უხაზავს თვითეულს მათგანს მათდა შესაბამს მოვალეობასა. სოფლობის მოვალეობა სრულად გადმოღებულია რუსეთიდამ და, რაც ჩვენში სასამართლოს უნდა ეკუთვნოდეს, ის ზურგზედ აჰკიდეს სოფლობასა. მაგალითებრ, 11 მუხლმა ვალად დასდო სოფლობას, რომ გაყრა გლეხთა შორის მან მოახდინოს. ამას თავისი საბუთი აქვს რუსეთში, თუმცა არც ძალიან ბევრი, - რადგანაც იქ სოფლის მმართველობის დედაბოძად ყოველსფერში მიღებულია სახასოდ-მფლობელობა მიწისა და, მაშასადამე, ყოველი ცვლილება მიწისმფლობელობის შესახებ, ყოველი ცვლილება პირადი თუ ოჯახობრივი, ცოტად თუ ბევრად, იქ მთელს საზოგადოებას შეეხება. ჩვენში ეგ არ არის. ჩვენში კომლეული კერძოობითი მფლობელობაა. აქ გაყრა კერძოობითს ინტერესს შეადგენს; ამიტომაც იგი მიუცილებელი მოვალეობაა სოფლის სასამართლოსი და არა მრავალხმოვანის სოფლობისა, რომელსაც გლეხთა გაყრაში არც მწვადი ეწვის და არც შამფური. ვისაც ცნობილი აქვს ჩვენის გლეხკაცის ოჯახობრივი ვითარება, ვინც როდესმე დასწრებია სოფლობას საზოგადოდ და ჩვენსას საკუთრივ, ის ადვილად მიხვდება, რომ სოფლობას არასგზით არ ძალუძს გაჰყაროს თუნდ ერთი ოჯახი, მთელს ერთ წელიწადსაც რომ თავი იცხელოს. აკი არცა გვგონია, რომ სადმე ამისი მაგალითი მომხდარიყოს. მაგგვარი გაყრა ვერც კი წარმოუდგენია ჩვენს გლეხკაცობას და თავში ვერ მოუთავსებია, რადგანაც მართლა-და მოუთავსებელია. ამის გამო ერთი დიდი ინტერესი ოჯახობრივი დაუკმაყოფილებელი რჩება ჩვენს გლეხკაცობასა და, თუ თითონ გასაყრელნი ერთმანეთში ნებაყოფლობით არ მორიგდნენ, კანონიერი გაყრის გზა სრულად მოსპობილი აქვთ. რამდენი შუღლი, შფოთი და უბედურება მოსდევს ხოლმე ამას, - ეგ ჩვენმა სისხლის სამართალმა კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ რომ მაგალითები თვალწინ ბევრი აქვს.
რაც შეეხება მამასახლისის და სოფლის სასამართლოს მოვალეობასა, აქაც ერთი რამ დიდად შესანიშნავია და საკვირველი. სოფლის სასამართლოს და მამასახლისს მიზომილი აქვთ უფლება - ბრალეულ გლეხებს სასჯელი დასდონ; ხოლო წესდებას დავიწყებია განესაზღვრა, რა დანაშაულობა ეხელქვეითება მამასახლისს და რა - სასამართლოს, ორივესათვის ერთს სიტყვას ხმარობს - „წვრილმანი დანაშაულობაო“. 27 მუხლი ამბობს, რომ მამასახლისს ექვემდებარება იმისთანა წვრილმანი დანაშაულიო, რომელსაც სასჯელად მოსდევს ორის დღით სასოფლო სამუშაოდ დანიშვნაო, ანუ ერთი მანეთი ჯარიმაო, ან ორის დღით დამწყვდევაო; სხვა, უდიდეს სასჯელთა დანიშვნა-კი სოფლის სასამართლოს საქმეაო. ამის მეტი სხვა არარაიმე საზღვარი არ დაუდვია წესდებას სასამართლოსა და მამასახლისს შორის. არსად ჩამოთვლილი არ არის, რომელს დანაშაულობას მოსდევს ორის დღის მუშაობა, ერთი მანეთი ჯარიმა და ორის დღით დამწყვდევა და რომელს - ამაზედ უმძიმესი. ასე რომ, მამასახლისმა თუ მოინდომა, არც ერთს სადანაშაულო საქმეს არ მიაღწევინებს სოფლის სასამართლომდე, ყოველს საქმეს თავის ქვემდებარედ გახდის; იტყვის, ამაზედ მეტი სასჯელი არ მოსდევს ამ დანაშაულობასაო, რადგანაც სხვა ზომა დანაშაულობისა, თითონ დანაშაულობის თვისებაზედ დამყარებული, წესდებას ავიწყებია მოეხსენებინა. ცხადია აქედამ, რამოდენა ბოროტმოქმედება შეუძლიან მოახდინოს მამასახლისის ნებაყოფლობამა, თუ პატარა მოხერხებულიც არის. საჭიროა სახელდობრ ჩამოითვალოს თვითოეული დანაშაულობა, მამასახლისის საკუთვნი ცალკე და სასამართლოსი ცალკე; და უფრო უკეთესი იქნება, რომ მამასახლისს ჩამოაცალონ უფლება სასჯელისა, რადგანაც ეს სასამართლოს საქმეა და არა ხელთუფლობისა.
სამოქალაქო საქმის გარჩევაში მამასახლისს არაფერი უფლება არა აქვს, და საბუთიანადაც. ხოლო აქაც, ჩვენის ფიქრით, წესდებას დავიწყებული აქვს ჩვენის გლეხკაცის ვითარება. სოფლის სასამართლოს მინდობილი აქვს განარჩიოს ყოველივე საქმე ქვემდებარე გლეხთა შორის, როცა სადავო საგანი ათის თუმნის ღირებულებას არ აღემატება. ამ საზღვრამდე იგი ყოველს საქმეს საბოლოოდ სწყვეტს, ასე რომ უკმაყოფილო გლეხს ნება არა აქვს სადმე საჩივარი შეიტანოს სოფლის სასამართლოს გადაწყვეტილებაზედ. ეს მეტად მძიმე რამ არის გლეხკაცისათვის. ხშირად გლეხკაცს სულ ერთიანად მოუშლის ხოლმე ბინას, არამც თუ ათის თუმნის ზღვევინება, არამედ ნაკლებისაც, და რატომ არ უნდა ჰქონდეს ნება, რომ გადაწყვეტილება, რომელიც უმართლოდ მიაჩნია და რომელსაც ამოდენა ვნება შეუძლიან მიაყენოს, ხელახლად გაასინჯოს უმაღლესს მოსამართლეს? ამას არა წოდების კაცი მოკლებული არ არის, გლეხის მეტი, გლეხისა, რომელიც ყველაზედ უფრო მეტად საჭიროებს გულმოდგინეს, განათლებულს და კეთილსინიდისიანს მოსამართლესა და ყველაზედ მეტს განსაცდელშია, რომ საქმეს რიგიანად ვერ გაურჩევენ, რადგანაც ვერც თითონ არის რიგიანად საქმის ამხსნელი, და მოსამართლედაც თავისაებრ ბნელი და უვიცი მოხელენი ჰყავს. ჩვენ ამით იმისი თქმა კი არ გვინდა, რომ სოფლის სასამართლო გაუქმდეს, ჩვენ გვსურს მხოლოდ, რომ რომელი საქმეც ერთს თუმანზედ მეტს იძიებდეს, გლეხს ნება ჰქონდეს იმ საქმის თაობაზედ გადაწყვეტილება სოფლის სასამართლოსი უმაღლესს სასამართლოს ხელმეორედ გაასინჯოს. ამგვარ სასამართლოდ უნდა იქნას მომრიგებელი მოსამართლე, სულ სხვა წესზედ და სხვა რიგით არჩეული და დადგენილი და არა ისე, როგორც ეხლა ჩვენშია.
ჩვენ მარტო უმთავრესნი ნაკლულოვანებანი ვაჩვენეთ ჩვენის ეგრეთ-წოდებულ თვითმმართველობისა და სოფლის სამმართველოის წესდებისა. ჩვენ გვგონია, რაცა ვსთქვით, ეგეც სამყოფი საბუთი იყოს, რომ ხელახლად გადისინჯოს ყოველივე კანონმდებლობა ამ საგანზედ, თუ სოფლის კეთილგანწყობა ვისთვისმე სასურველია, და ვისთვის არ უნდა იყოს სასურველი! ეს კია, რომ მარტო სოფელი, როგორც ნაბოლოვარი რგოლი რთულის ჯაჭვისა, ვერ ასაზრდოებს თვითმმართველობას, თუ მარტო სოფელში დაიწყება და სოფელშივე ჩაწყდება. სოფელს მაზრა უნდა მოჰყვეს, მაზრას - გუბერნია, როგორც ეხლა რუსეთშია, ხოლო სხვა წესით და სხვა რიგად უნდა მოეწყოს ჩვენში ეს საქმე.