top of page

ცხოვრება და კანონი - წერილი მეშვიდე და უკანასკნელი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 9, 2024
  • 7 min read

1877 - 1881 წელი


წინა წერილში დავპირდით მკითხველებს, ვეცდებით-მეთქი დავამტკიცოთ, რომ მომრიგებელ მოსამართლობას ჩვენში ხელ-ფეხი შეუკრეს და წარმატების გზა გადუღობეს ეგრეთ წოდებულ „ადგილობრივ ვითარების“ წყალობითა. ამის ცხადად გამოხატვისათვის საჭიროა ვიცოდეთ, რა აზრი ჰქონდათ კანონმდებელთა, რომ მომრიგებელი მოსამართლობა შემოიღეს, და რამოდენად ფართო გზა მისცეს იმ აზრს ჩვენში.


„უპირველესი და უმთავრესი დანიშნულება მომრიგებელ მოსამართლისა და უმაღლესი ღირსება მისის მართლმსაჯულობისა მოდავეების მორიგება არისო“, - სთქვეს რუსეთის წესდების შემადგენელთა. ეს დანიშნულება გამოცხადებულია, როგორც სასისხლო სამართლის წესდებაში, ისე სამოქალაქოში. 70 მუხლი სამოქალაქო განსამართლების წესდებისა ვალად სდებს მომრიგებელ მოსამართლეს, რომ მოდავეთა საბუთების მოსმენის შემდეგ, უეჭველად ურჩიოს მორიგებით საქმის გათავება და თითონვე უჩვენოს, რა გზითაც შეიძლება, მისის აზრით, ეგ მორიგება. თითქმის ამ სახითვეა ეს ვალდებულება მომრიგებელ მოსამართლისა ნაჩვენები სასისხლო განსამართლების წესდებაშიაც. აქაური კანონმდებლობა,რასაკვირველია, პირდაპირ არ შეეხო ამ მუხლსა და ისე შეუცვლელად შემოიტანა ჩვენში. ძალიან კარგი, მაგრამ რა გზით უნდა აღსრულდეს ეს უპირველესი და უმთავრესი მოვალეობა მომრიგებელ მოსამართლისა ჩვენში?

ჩვენში ხშირად, ნამეტნავად ამ ბოლოს დროს, იმისთანა მომრიგებელი მოსამართლენი ინიშნებიან, რომელნიც ხალხის ენის უცოდინარნი არიან... უენო კაცმა რა გაარიგოს? რა შუაკაცობა უნდა გაუწიოს იმათ, ვისაც მაგისი არა ეყურება რა და ვისიც თითონ არა ესმის-რა? გვეტყვიან, განა მთარგმნელის შემწეობით ვერ მოხერხდება მორიგებაო. ჩვენ პირდაპირ ვიტყვით, რომ მთარგმნელის შემწეობით უფრო ადვილად შეიძლება მორიგებული საქმე დაიშალოს, ვიდრე მოსარიგებელი გარიგდეს. ჯერ ერთი ეს, რომ სხვის პირით ლაპარაკს ისეთი ზედმოქმედება არ ექნება, როგორც თავისით თქმასა. მერე წარმოიდგინეთ ჩვენი უმეცარნი მთარგმნელნი, რომელთ წყალობითაც სიტყვა ხშირად, არამც თუ სიცხოველეს და ძალასა ჰკარგავს, არამედ თითონ მნიშვნელობასაცა, და თქვენ გინდათ - რომ ამის შემწეობით დახვლანჭული საქმე გარიგდეს! გარდა ამისა, მთარგმნელის შემწეობით მოლაპარაკებას ერთი-ორად მეტი დრო უნდება და მომრიგებელი მოსამართლე, ძალიანაც მოწადინებული რომ იყოს, მაგდენს დროს ვერ მოახმარებს ერთს საქმეს, რადგანაც სხვა საქმეებიც ბევრი აქვს. ამიტომაც ტყუილი იქნება, თუ მორიგებით საქმის გათავებას ან უენო მოსამართლე დაიქადებს, ან მისი უმეცარი მთარგმნელი. გულდაჯერებით ვიტყვით, რომ თუ სადმე რამოდენიმე საქმე მორიგებით თავდება, -ეგ მოხდება ხოლმე თითონ მოდავეთა წყალობით, მოსამართლის დაუხმარებლად. ათში რვა მაინც თავდება ამ გზით და отчет-ებში კი, რასაკვირველია, ნაჩვენებია, რომ მოსამართლემ მოარიგაო. ეგ უენობაა უპირველესი მიზეზი, რომ „უმთავრესი დანიშნულება“ მომრიგებელ მოსამართლისა ჩვენში უფრო ბევრგან უქმადა ჰრჩება და მარტო იმით იმოსება, რომ მოსამართლე ფორმის გულისათვის ეკითხება მოდავეებს, მორიგების სურვილი ხომ არ მოგსვლიათო.


თუნდ ეგ არ იყოს, თითონ კანონმდებელთა აღიარეს, რომ მოსამართლე ვერ აღასრულებს ამ უპირველესს დანიშნულებასაო, თუ რომ ზედმიწევნით არ იცის არამც თუ მარტო გარეგანი ვითარება საქმისა, არამედ შინაგანი გარემოებაცა, თუ არ იცის ადგილობრივი ავკარგიანობა, ეკონომიური ყოფა-ცხოვრება, ერთმანეთზედ დამოკიდებულება, ხალხის ჩვეულება და ხშირად თითონ მოდავეთა ხასიათიცაო. იმავე კანონმდებელთა სამართლიანის აზრით, ესე ყოველი არავის ეცოდინება, თუ არ იმისთანა მოსამართლეს, რომელიც იმავ ადგილის შვილია, იქაურივე მცხოვრებელია, საცა მოქმედებს.


ყოველ უამისოდ ტყუილია მორიგებაზედ სიტყვის ჩამოგდება, იმიტომ, რომ შეუძლებელია. სხვაგნით მოყვანილი კაცი, რაც უნდა კარგი იყოს, ვერ იზამს იმისთანა მოსამართლობას, რომლის აზრიც კანონმდებელთა ჰქონდათ. პირველი, რომ იმის სიტყვას, როგორც უცნობის და ხამის კაცისას, ისეთი ზედმოქმედება არ ექმნება, როგორიც შინაურის კაცის რჩევას; მეორე, რომ ადგილობრივ ყოფა-ცხოვრების და ჩვეულების უცოდინარი იმისთანა მორიგების გზას ვერ უჩვენებს მოდავეებს, რომ შეეფერებოდეს საქმის ჭეშმარიტს და არა ფორმალურს გარემოებასა. რუსეთშიაც უჩივიან, რომ მომრიგებელნი მოსამართლენი ვერ ასრულებენ ამ უმთავრესს დანიშნულებასა ისე, როგორც სანატრელია და, სხვათა შორის, მიზეზად ის მოჰყავთ, რომ კანონი ნებას აძლევსო იმისთანა კაცი ამოირჩიონ მოსამართლედ, რომელსაც მარტო მამული აქვს იქ, საცა ირჩევენო და ცხოვრებით კი იქ არა სცხოვრებსო; ამის გამო ადგილობრივის გარემოების უცოდინარია და თავის დანიშნულებას წარმატებით ვერ ასრულებსო*. თუ რუსეთში ერთს მაზრაში მცხოვრები ვერა ვარგობს მეორე მაზრაში, რომელთანაც ქონებითი და თემობითი კავშირი მაინცა აქვს, აბა როგორ უნდა ივარგოს ჩვენში კაცმა, სრულიად ხამად მოსულმა უცხო ხალხში, ჩვენთან არავითარის კავშირის მქონებელმა, ჩვენის ენისა, ჩვეულებისა და ყოფა-ცხოვრების მთლად უცოდინარმა? თუ რუსს რუსეთში უძნელდება საქმის მორიგება, სხვათა შორის იმითაც, რომ ადგილის მკვიდრი მცხოვრებელი არ არის და ადგილობრივის ვითარების უცოდინარია, ჩვენში ხომ უფრო უარესად უნდა გაუძნელდეს? აკი უძნელდებათ კიდეც.


პირველ ხანებში, ესე იგი - 1869, 1870, 1871 წ., ცდილობდნენ, რომ აქაურები მაინც დაენიშნათ მოსამართლეებად და ამით, ცოტად თუ ბევრად, შეევსოთ ის ნაკლი, რომელიც უეჭველად თან უნდა მოჰყოლოდა მომრიგებელ მოსამართლეების უარჩევანოდ დანიშვნასა. და მინამ ეს ასე იყო, რიცხვი მორიგებით გათავებულ საქმეებისა, თუმცა საზოგადოდ ბევრი არ იყო, მაგრამ მაინც მომეტებული იყო, ვიდრე მას მერმედ, როცა სხვაგნიდამ უთავბოლოდ მოწვეულების რიცხვი გამრავლდა. მეთორმეტე წელიწადია, რაც ჩვენში ახალი წესი განსამართლებისა შემოვიდა. ჩვენ მხოლოდ ოთხის წლის отчет-ები ჩავიგდეთ ხელში და იქიდამ ამოკრეფილი ციფრებიც საკმაოდ გვაჩვენებს, - პირველ სამ წელიწადს შემდეგ რამოდენად იკლო მორიგებით გათავებულ საქმეების რიცხვმა. პირველ სამს წელიწადში მთელს ამიერ-კავკასიაში მორიგებით გათავებული საქმეები ყველა საქმეების საერთო რიცხვზედ მოდიოდა ასზედ 241⁄4, ხოლო 1875 წ. მარტო 193⁄4. პირველს სამს წელიწადს გათავებულ საქმეთა შორის ასზედ 345/6 მორიგებით გათავებული მოდიოდა და 1875 წ. კი მარტო 201/5 მოვიდა, ერთბამად თითქმის ნახევარზედ ჩამოხტა, თუმცა კი მერედ და მერედ მორიგებით გათავებული საქმეების რიცხვი უფრო უნდა მომატებულიყო, იმიტომ რომ 1870 წ. შემდეგ მომრიგებელი მოსამართლეები ერთი-ორად მოემატნენ რიცხვით, რადგანაც ყოველი მაზრა თითქმის ორ-ორ სამოსამართლო ნაწილად დაიყო. მაშასადამე, თვითეულს მოსამართლეს უფრო მეტი დრო და მოცალეობა ექმნებოდა მორიგებით საქმის გათავებისათვის. ეს ციფრები მარტო სამოქალაქო საქმეებს შეეხება.


ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დანარჩენი წლების отчет-ებიც არ გაგვამტყუნებენ იმაში, რომ ჩვენში მომრიგებელი მოსამართლობა თანდათან უფრო ნაკლებად ასრულებს თავის „უპირველესს და უმთავრეს დანიშნულებას“ და, თუ ჩვენგან წინა წერილში ნაჩვენები წამალი არ დაედო, იქამდინ მივა, რომ სრულებითაც დაჰკარგავს მაგ დანიშნულებას, თუ ჯერ აქამდის დაკარგული არა აქვს. ზემოთმოყვანილ ციფრებიდამ ცხადია, რომ მომრიგებელ მოსამართლობას ჩვენში თავის „უმთავრესის დანიშნულების“ წარმატებისათვის გზა გადაღობილი აქვს, და ის დედაბოძი მუხლი უმაღლესად მონიჭებულის წესდებისა,რომელიც შეიცავს მთელ სიკეთეს მომრიგებელ მოსამართლობისას, თითქმის სრულიად გაუქმებული არის ჩვენთვის.


კანონმდებელთა აზრით, მომრიგებელი მოსამართლე ხალხის შინაური და მახლობელი მსაჯულია, და თითონ ხალხსაც ეხამუშებაო ფორმალური სიმართლე და პატივ-ჰსცემს იმისთანა სიმართლეს, რომელიც, მისი აზრით, ნამდვილი და ჭეშმარიტია და რომელსაც მეცნიერნი ბუნებრივს სიმართლეს უწოდებენ. ამისათვის კანონმდებელთა აღიარეს, რომ მეორე დანიშნულება მომრიგებელ მოსამართლისა ის არისო, რომ საქმის გადაწყვეტის დროს წინ წაიმძღვაროს ნამდვილი და არა ფორმალური საბუთი საქმისა, მისი შინაგანი გარემოება, ადგილობრივნი მიზეზნი, მცხოვრებელთა ხასიათი, მათი მოსაზრება, ეკონომიური ყოფა- ცხოვრება, ცხოვრების მოთხოვნილება და ხალხის საზოგადოდ ცნობილი ჩვეულება. ამიტომაც საჭიროდ დაინახეს, რომ მომრიგებელ მოსამართლეს ნება ჰქონდეს საქმე გადასწყვიტოს ჩვეულების ძალითაცა, ესე იგი იგ სიმართლით, რაც ხალხის სინიდისს შეეფერება, რაც ხალხს მამა-პაპით სიმართლედ უცვნია და დღესაც სიმართლედა სწამს. „მნიშვნელობა და ძალი ჩვეულებისა ისეთიაო, — სთქვეს რუსეთის წესდების შემადგენელთა, - რომ მასაც ადგილი უნდა ჰქონდეს მომრიგებელ მოსამართლის საქმის წარმოებაშიო. უამისოდ ტყუილ-უბრალოდ შევიწროვდება ცხოვრება და თითონ მომრიგებელ მოსამართლის განაჩენიც ცხადად უსამართლო იქნება ხალხის თვალშიო“. რაღა თქმა უნდა, რომ აქ იგულისხმება მარტო გონიერი, კეთილ-ზნეობითი, საერთოდ აღიარებული ჩვეულება, რომელიც, ხალხის სიტყვით, რჯულთ უმტკიცესია, რომლის უარყოფა ხალხს უსამართლობად მიაჩნია და რომელიც მეცნიერებაში რჯულთ-დებულების სათავედ ცნობილია.თუ რუსეთისათვის საჭიროდ დაინახეს ჩვეულების ძალითაც საქმის გადაწყვეტა, თუ მართლმსაჯულობის წარმატებისათვის ჩვეულებასაც ადგილი მისცეს იქ, საცა მოქმედობს მათივე კანონი, მათსავე ცხოვრებასთან, ზნესთან, ხასიათთან, ჩვეულებასთან, ეკონომიურს მდგომარეობასთან, ცოტად თუ ბევრად, შეფერებული და დაახლოვებული, ერთის სიტყვით — იმისთანა კანონი, რომელიც მათის ისტორიის და ცხოვრების ღვიძლი შვილია, ჩვეში ხომ ჩვეულებისათვის უფრო ფართო გზა უნდა დაენიშნათ. უამისოდ ჩვენ ძალაუნებურად უნდა დავჯერებოდით მარტო კანონსა, რომელიც ბევრში ვერ შეეფერება ვერც ჩვენს განსხვავებულს ყოფა-ცხოვრებას, ვერც ჩვენს განსხვავებულს ეკონომიურს მდგომარეობას, ვერც ჩვენს შეხედულებას ურთიერთშორის დამოკიდებულებაზე, ვერც ჩვენს ზნესა და ვერც ჩვენს ხასიათსა. კანონის შესავსებლად, ჭეშმარიტის სიმართლის საწარმოებლად, მართლმსაჯულობის წარსამატებლად აქ, ჩვენში, უფრო საჭირო იყო მოეწვიათ ჩვეულება და მისთვის ფართო ადგილი მიეცათ განსამართლების წესდებაში.ამიტომ — რომ აქ, ჩვენში, განსხვავებულ ყოფა-ცხოვრების გამო, უფრო ხშირია იმისთანა შემთხვევა, რომელიც არ არის მოხსენებული მომქმედს კანონებში, ან თუ არის, ხშირად წინააღმდეგია ხალხისაგან ცნობილ სიმართლისა. მაგალითებრ, აუარებელი დავები შესახებ მიწისა, ტყისა, საძოვრების მფლობელობისა, გზებისა, ვენახებისა, სახლიკაცობისა, მოჯამაგირობისა, ზედ-სიძობისა, ძმად-შესულობისა, ქალთა მონაწილეობისა მემკვიდრეობაში, ქალთა საკუთრებისა ოჯახში (სათავნო ქალისა), სამკვდროსი, სამკვიდროსი, სამარხისა, საქვრივოსი, ნაცვალ-გარდობით მუშაობისა, გაყრილობისა და ბევრი ამისთანაები. ყოველს ამ შემთხვევაში ჩვენი ჩვეულება, ესე იგი — ხალხისაგან მამა- პაპით აღიარებული სიმართლე, ერთს ამბობს და რუსული კანონები კი — ან სულ არას ამბობენ, ან თუ ამბობენ, სულ სხვასა.


„ადგილობრივს ვითარებას“ აი აქ უნდა გაეშალა ფრთა მაგრამ, არამც თუ ფრთა გააშლევინეს, ფრთა შეაკვეცეს და ეგ მეორე უმაღლესი ღირსება მომრიგებელ მოსამართლეობისა სრულად ჩამოერთვა ჩვენს ქვეყანასა, რომელიც რუსეთზედ უფრო გაცილებით მეტად საჭიროებდა, რომ მომრიგებელ მოსამართლეობას ეგ სიკეთე უფრო ვრცლად და უფრო ბევრს შემთხვევაში შეჰრჩენოდა.


ჯერ თითონ საზოგადო წესდებაშივე ჩვეულების გამოყენების ნება საქმის წარმოებაში ისეთის პირობებით არის გარემოცული, რომ ძნელად თუ მიეცემა მომრიგებელ მოსამართლეს შემთხვევა ჩვეულების ძალით საქმე გადასწყვიტოს, და ჩვენ-კი ესეც არ გვაკმარეს. 130 მუხლი სამოქალაქო განსამართლების წესდებისა ჩვეულების შესახებ ამბობს, რომ თუ ან ერთი მოდავე ცალკე, ან ყველანი ერთად, ჩვეულებაზედ დაეფუძნებიანო, მომრიგებელ მოსამართლეს ნება აქვს საყოველთაოდ ცნობილი ჩვეულება საბუთად მიიღოს საქმის გადაწყვეტაშიო, მხოლოდ იმისთანა საგნის შესახებ კი, რომელზედაც თითონ კანონი ნებას იძლევა, ან რომელზედაც თითონ კანონი პირდაპირ არას ამბობსო. ეს მუხლი, რუსეთის მწერლობის სიტყვით, თავისთავს თითონვე აუქმებს; იმავე წესდების 9 მუხლი, რომელიც მომრიგებელ მოსამართლისათვისაც კანონია, ვალად სდებს მოსამართლეს, რომ თუ მომქმედი კანონი არ არის სრული, არ არის ცხადი და ნაკლულია, ან თუ ერთი მეორეს ეწინააღმდეგება, მაშინ სამართალი დააფუძნოს მთელის კანონმდებლობის საერთო აზრსა და მნიშვნელობაზედ. განა იმისთანა საქმე შესაძლოა კაცმა წარმოიდგინოსო, რომელიც, თუ არ ზედგამოჭრილის კანონით, კანონმდებლობის საერთო აზრით მაინც არ გადასწყდესო, ამბობს იგივე მწერლობა*. მაშასადამე, მომრიგებელ მოსამართლეს არასოდეს არ მიეცემა იმისთანა შემთხვევა, რომ ჩვეულება რაშიმე გამოიყენოს, იმიტომ რომ, რაც უნდა საქმე იყოს, იმის გადასაწყვეტად ან ზედგამოჭრილი კანონი მოიპოვება, ან არა და საერთო აზრს მთელის რჯულთდებისას ხომ ვერა შემთხვევაში ვერ წაუვა.


ამ მხრით, კანონმდებელთა სამართლიანი აზრი ჩვეულების შესახებ, თუ სრულად გაუქმებული არა, ძალიან შევიწროვებული მაინც არის წესდებაში. ჩვენ ამას ვამბობთ რუსეთზედ. ჩვენში კი ამ ჭირს სხვა ჭირიც ზედ დაუმატეს. წეღანაცა ვსთქვით, „ადგილობრივი ვითარება“ აქ უნდა მოეხმარათ საბუთად აქაურს კანონმდებლებსა, თუ სურდათ, რომ მართლმსაჯულებას ჩვენში სანატრელი ნაყოფი გამოეღო და ხალხისაგანაც პატივისცემა მოეპოვნა. ჩვენში „ადგილობრივის ვითარების“ სახელით 130 მუხლისათვის უნდა ჩამოეცილათ ის პირობები, რომელიც სულსა ჰხუთავს ჩვეულებასა თითონ რუსეთშიაც, და მის სამოქმედოდ უფრო ფართო მოედანი შემოეხაზნათ. სწორედ ამას თხოულობს ჭეშმარიტად ცნობილი, მართალის გულით მიჩნეული „ადგილობრივი ვითარება“. ამის სანაცვლოდ ის მოგვიხდა, რომ დღეს 130 მუხლი წესდებისა ჩვენთვის სრულებით არ არსებობს თვით იმ სახითაც, რა სახითაც დღეს რუსეთშია, თუმცა კი ამ მუხლს აქაურები პირდაპირ არ შეჰხებიან. რატომ მოგვიხდა ეგა? იმიტომ - რომ ჩვენში დღესაც უარყოფილია ის აზრი, რომ აქაურს ხალხს ან აქაური კაცივე უნდა მოსამართლედ, ან იმისთანა, რომელმაც იცის მისი ენა და ყოფა-ცხოვრება ზედმიწევნით. ადგილის კურდღელს ადგილისავე მწევარი დაიჭერსო, ნათქვამია. ეს ანდაზა ისე არაფერს არ უხდება, როგორც მომრიგებელ მოსამართლობას. რუსეთის კანონმდებელთა ეგ აზრი მტკიცედ წარმოსთქვეს და მკვიდრადაც გაუდვეს ხიდად მომრიგებელ მოსამართლობას რუსეთში იმით, რომ რუსეთში თითონ მცხოვრებელთ მიანიჭეს უფლება თავის მოსამართლე თითონვე თავიანთაგან ამოირჩიონ. ჩვენში-კი ეგ აზრი პირველ დღიდგანვე უარყოფილია და დღეს მომრიგებელ მოსამართლეთა შორის უფროს-ერთი ჩვენთვის სრულიად უცხო კაცია, ხშირად არამცთუ ჩვენის ყოფა- ცხოვრების მცოდნე, არამედ ხალხის ენის უცოდინარიც არის, და მოდით, იმისთანა კაცს დაავალეთ, რომ ხალხის ჩვეულება ზედმიწევნით იცოდეს და საქმეში გამოიყენოს. ტყუილი დავალება იქნება.


ჩვეულება - ეგ უკეთესი მხარე მომრიგებელ მოსამართლობისა, ეგ არსებითი კუთვნილება მისი, ეგ დედაბოძი ბუნებრივის სიმართლისა, - იმოდენად უარყოფილია ჩვენში, რომ ჩვენებურს განსამართლების გამგეებს საჭიროდაც არ დაუნახავთ отчет-ებში ადგილი მიეცათ იმის საჩვენებლად, თუ რავდენი საქმე გათავებულია ჩვეულების ძალითა. ოთხის წლის отчет-ები გვქონდა ხელში და არც ერთში ჩვეულების ხსენებაც არ არის. ცხადია, რომ აქ ჩვეულება არაფრად მიაჩნიათ მომრიგებელ მოსამართლობისათვის და, მაშასადამე, თითონ მაგ მოსამართლობის არსებითი თვისებაც ცნობილი არა ჰქონიათ.


თუ მომრიგებელი მოსამართლობა ვისთვისმე და სადმე სანატრელი ყოფილა, მარტო იმით ყოფილა, რომ პირველი მისი ღირსება მოდავეთა შორის შუაკაცობაა, და მეორე — ბუნებრივის სიმართლით საქმის გადაწყვეტა უფრო, ვიდრე ფორმალურის სიმართლითა. ესეა იგი ცნობილი თითონ მეცნიერებაში და რუსეთის კანონმდებელთაგანაც ესეა აღირებული. ეს ორი თვისებაა გული და სული მომრიგებელ მოსამართლობისა. ჩვენში კი ისე მოაწყეს მომრიგებელი მოსამართლობა, რომ თითქმის ყოვლად შეუძლებელი გახადეს ან ერთი ეგ არსებითი თვისება განხორციელებულიყო, ან მეორე. ჩვენში მომრიგებელი მოსამართლე იმ გზით ინიშნება, რომ ვერც შუაკაცობა შეუძლიან, ვერც ბუნებრივის სიმართლით საქმის წარმოება. აქედამ ცხადია, რომ ჩვენებურს კანონმდებლებს ან ვერ მიუგნიათ მომრიგებელ მოსამართლობის სიცოცხლის ძარღვისათვის, ან მიუგნიათ და საჭიროდ არ დაუნახავთ, რომ მოსამართლობის აგებულებაში იმ ძარღვს ეტრიალებინა სიცოცხლის მიმნიჭებელი სისხლი.


ამიტომაც ჩვენში მომრიგებელს მოსამართლობას ჩამოეცალა ის უკეთესი მხარე, რომლითაც იგი სანატრელია ყველასათვის, და ეგე თვისის დანიშნულებით სახალხო სამართალი - შეიქმნა ფორმალურ სამართალად. ამ სახით, გზა-გადაღობილი მომრიგებელი მოსამართლობა გადუდგა ჩვენში ჩვენებურს ცხოვრებასა და ჩვენებური ცხოვრება - მომრიგებელ მოსამართლობასა. ამის გამო აქ არც ცხოვრება შველის კანონის წარმატებით სვლასა და არც კანონი ცხოვრების კეთილდღეობასა. ვერც კანონს დაუმორჩილებია ცხოვრება, რომ კეთილად წარმართოს, ვერც ცხოვრებას შეუფერებია კანონი, რომ სიკეთის დედაბოძად გამოიყენოს. „ერთის აღმა ხნულს მეორე დაღმა ფარცხავს“. ესეთი დღე დაადგა ეგრეთ წოდებულს „მომრიგებელ მოსამართლობას“ მარტო იმის გამო, რომ აქაურებს დღევანდლამდე არა სწამთ ყველასაგან წამებული ჭეშმარიტება, — ადგილის საქმეს ადგილის კაცი უნდა და არა უცხო და ხამიო.

Recent Posts

See All
bottom of page