ცხოვრება და კანონი - წერილი მესამე
- nino otiashvili
- Jan 9, 2024
- 12 min read
1877 – 1881წელი
ჩვენ წინა წერილებით ვცდილობდით დაგვემტკიცებინა, რომ წილზედ-ჭერა მამულისა: 1. მიზეზიანი და სადავიდარაბო უფლება-მოვალეობაა ორთა წოდებათა შორის; 2. ჩვენის ხალხის ჩვეულებაზედ არ არის აღმოცენილი, იმ სახით მაინც, რა სახითაც იგი გლეხთა განთავისუფლების დებულებამ ჩვენში შემოიტანა; 3. ეკონომიურის მხრით, თუმცა ყმობაზედ ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც მავნებელია; 4. მიწის-ჭერაში ჩვეულება ყველა სხვა ძალაზედ მტკიცეა, თვითრჯულია, და 5. ამის გამო პირველი და უპირატესი ყურადღება მიქცეულ უნდა იქმნას ჩვეულებაზედ, როცა მიწის-ჭერის შესახებ რაიმე ცვლილება საჭიროდ დანახულია.
რომ ნაყმევის მიწის-ჭერის შესახებ ცვლილება საჭიროდ დანახულია თვით მთავრობისაგანაც, - ამას ცხადად გვიმტკიცებს 172 მუხლი გლეხთა განთავისუფლების დებულებისა[*]. მაგ მუხლშია გამოცხადებული მტკიცე განზრახვა მთავრობისა მიქცეული მასზედ, რომ წილზედ-ჭერა მამულისა - ეგ სადავიდარაბო, წინათვე განუსაზღვრელი ღალა, ერთს გარდაკვეთილ გარდასახადად იქცეს. ეს განზრახვა ამ მხრით და მხოლოდ ამ მხრით ეთანხმება ჩვენის ხალხის ჩვეულებასა, რადგანაც წინა წერილიდამ ვიცით, რომ ჩვენში თითქმის ყველგან ღალა გარდაკვეთილი სწარმოებდა და არა საწილო. როგორ უნდა მოვიდეს ეს აღსრულებაში? დებულებაში მოხსენებულია, რომ 1. ჯერ უნდა წესი დაიდოსო მასზედ, თუ როგორ მოიყვანონ ცნობაში აწინდელის წილადობილის ღალის რაოდენობაო; 2. მერე, ადგილობრივის გარემოების მიხედვით, ეგ რაოდენობა ღალისა ფულად დაფასდესო და 3. მას შემდეგ ნაყმევის გარდასახადი ღალა ერთობ ფულად განისაზღვროსო, ესე იგი ჩვეულებრივი მიწის მოსავლით გარდასახადი მახტად გადიქცესო.
ამ კანონმდებლობას რომ თვალი დავაკვირვოთ, ერთს განსაკუთრებითს ღირსებას ვიპოვით. აქ ცხადად გამოხატულია მთავრობის გულითადი მეცადინეობა, რომ ეს აუცილებელი ცვლილება ორივე მხრისათვის სამართლიანად მოახდინოს. ამაში მთავრობას ყოველივე ჩვენი თანაგრძნობა ეკუთვნის. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მთავრობისაგან აღნიშნულის გზით, განზრახული მისგან ცვლილება აუსრულებელია. ამას ამტკიცებს ის თვალსაჩინო მაგალითი, რომ აი მეცამეტე წელიწადი მიდის და ამ მხრით საქმის წინ წაწევისათვის არავის არც ხელი გაუნძრევია, არც ერთი ბიჯიც არ გადუდგამს. ჩვენის ფიქრით, თუნდა მოეწადინებინა ვისმე, აუარებელი დაბრკოლება წინ დახვდებოდა და პირველის ბიჯის გადადგმაზედვე გულს დააჯერებდა, რომ აღნიშნულს გზაზედ სვლა ყოვლად შეუძლებელია. ჩვენ ვერ მოგვიფიქრებია, რა წესი უნდა იყოს იმისთანა, რომ სახნავ მიწისა და ვენახის მეოთხედი, ანუ სათიბის მიწის მესამედი ცნობაში მოიყვანოს და ეს მოყვანილი ცნობა მართალი და უტყუარი იყოს. აქ, ჩვენის ფიქრით, ერთს რასმე შეეძლო შველა: მას, რომ ცნობილი იყოს, ვის ვისგან რამდენი რგებია მეოთხედობიდამ ამ ცამეტ წელიწადში და მერე რიცხვთა შუა ანგარიშით კაცს გამოეყვანა თვითოეულის მებატონისათვის და თვითოეულის ნაყმევისათვის მაგ წილადობილის ღალის რაოდენობა. განა ეს შესაძლებელია? ან ერთმა მებატონემ, ან ერთმა ნაყმევმა იცის ეგა? თუნდ იცოდნენ კიდეც, - რამოდენა ხანი უნდა, რამოდენა კაცი, რომ თვითოეულის მებატონისა და თვითოეულის გლეხისაგან ეგ ცნობა მოეკრიფათ და საბუთიც მოეთხოვათ. უამისოდ ხომ არა რაიმე ცნობა დასაჯერი არ არის და არც იქნება. თუ ეგრეა, განა ამგვარად ცნობის შეკრეფას ბოლო მოეღებოდაღა როდისმე? არ გვგონია.
ვსთქვათ რომ შეუძლებელი შესაძლოა, ვსთქვათ, რომ რაოდენობა ცნობაში ასე თუ ისე მოყვანილ იქმნას, მას შემდეგ ერთი სადავიდარაბო - იმ რაოდენობის დაფასება იქნებოდა. ნუთუ ეს ვისმე ადვილი ჰგონია? ფასის აწევ-დაწევაზედ ათასი მიზეზი მოქმედობს. ეგ მიზეზნი დღეს ერთია, ხვალე სხვა. ადგილობრივის გარემოების მიხედვით ეგ უნდა მოხდესო, ამბობს კანონი. რარიგად ზედმიწევნით უნდა აღინუსხოს გარემოება, რომელიც მრავალგვარია, რარიგად ზედმიწევნით უნდა დაიდვას სასწორზედ ყოველი იგი, რომ ამ შემთხვევაში არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. სად არის ამის ღონისძიება? მერე დღეს დადგენილი ფასი, დღევანდელს გარემოებაზედ დაფუძნებული, ხვალაც ისე იქნება? ვის შეუძლიან ამისი თქმა? ვის შეუძლიან სთქვას, რომ ამ შეთხვევაში ან მებატონე არ დაჰკარგავს და ან გლეხი? თუ ასეა, მაშ მაგ დაფასებაში სამართლიანობაზედ იმედს უნდა გამოვეთხოვოთ. თუ სამართლიანობა არ იქმნება, მაშ ან გლეხს რა გაუმთელებს ნატკენს გულს, ან მებატონესა? სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო, ამბობს ჩვენი ქართველი კაცი. ყურადღების ღირსია ამისთანა რწმენა ხალხისა. თვით ღალის ფულად ქცევა, ესე იგი მახტის დადგენა მიწის-ჭერაში, დიდად გაუძნელებს გლეხს თავისის მოვალეობის აღსრულებას და ნაბატონარსაც არას შემატებს. პირველი, იმიტომ - რომ ღალის ხდა ფულად ჩვენს ჩვეულებაში თითქმის არა ყოფილა, გარდა ორიოდ მაგალითისა, რომელიც მხედვლობაში არ მიიღება, და მეორე, იმიტომ - რომ ფული ძნელად ჩაუვარდება ხელში გლეხსა, რომლის სიმდიდრე დღესაც ფულიანობით კი არ იზომება, არამედ პურისა და ღვინის ნეტ-ნაკლებობითა, ესე იგი მიწის მოსავლითა. თუნდ ეგეც არ იყოს, ჩვენ ვერ მიმხვდარვართ - რა საჭიროება მოითხოვს, რომ სულადით გარდასახადი ფულად იქცეს? საქმე მაგ გარდასახადის განსაზღვრაა. რაკი ეგ განისაზღვრება, მაშინ ყოველივე წილადობილის ღალის მავნებელნი შედეგნი მოისპობიან ცოტად თუ ბევრად, და ამაში სულადით გარდასახადს თუ ფულად გარდასახადს არავითარი ზედმოქმედება არა აქვს. თუ ესეა, რად უნდა ტყუილ-უბრალოდ შეირყეს ჩვეულება, რომლის მეოხებითაც გლეხი დღეს- აქამომდე ღალას თუ კულუხს მიწის მოსავლით იხდიდა და ფულით გარდასახადს ერიდებოდა. ჭირი ხომ ჭირია, მაგრამ ჩვენი ხალხი ამაზედაც ამბობს, რომ შეჩვეული სჯობია შეუჩვევარსაო.
ერთის სიტყვით, იმ გზით და სახით, რა გზითაც და სახით ნაჩვენებია დებულებაში, გლეხის აწინდელის გარდასახადის გადაკვეთა ჯერ შეუძლებელია და მერე, თუნდაც შესაძლო იყოს, ერთს მხარეს მოვალეობას უმძიმებს და მეორეს ამით არას მატებს. ჩვენ ამით იმის თქმა კი არ გვინდა, რომ წილზედ-ჭერას შველა არა აქვს, არსაიდამ მოევლება. შველა აქვს და ძალიან ადვილიცა, ოღონდ კი მივმართოთ ჩვეულებას და იგი დაგვანახებს ხსნის გზასა. თუ არ მხარე და მხარე, მაზრა და მაზრა მაინცა ამ შემთხვევაში დიდს ერთფერობას და ერთგვარობას წარმოგვიდგენს. არ არის მხარე, არ არის მაზრა, საცა დღიურზედ გადაწყვეტილის ზომისა და დადგენილის სახის ღალა არ სწარმოებდეს. სად როგორი ჩვეულებაა, სად რა სახის და რა ზომის ღალაა, - ეგ ადვილად საცნობია, იმიტომ რომ ეგ ადგილობრივ დიდმა და პატარამ შეუცდომელად იცის. გამოიძიონ ეს, ცნობაში მოიყვანონ ჩვეულებით დადგენილი ღალის რაოდენობა და სახე, და ყოველ ამის კვალად გადაკვეთონ აწინდელი წილადობილი ღალა თავ-თავისის ადგილის მიხედვითა. არც გლეხი იწყენს ამასა და არც ნაბატონარი, იმიტომ რომ მათს გარეშემო მწარმოებელს ჩვეულებაზედ იქნება ყოველივე ეს დამყარებული და ამით არც მწვადი დაიწვის და არც შამფური.
ეს ყოველი, რაცა ვსთქვით, მხოლოდ მინდვრის მიწებს შეეხება და, ჩვენის ფიქრით, ვენახების თაობაზედ უფრო ადვილად შეიძლება საქმის გათავება. აქ ჩვეულებამ თავისი ჰქმნა კიდეც და, ამ ჩვეულებას თუ გარედამაც ხელი შეეწყო, არ გავა ხუთი, ექვსი წელიწადი, რომ ნაყმევნი ვენახების პატრონად შეიქმნებიან. ჩვენში ჩვეულება იყო, რომ ვინც სხვის მიწაზედ ვენახს გააშენებდა, ნახევარი გამშენებელისა იყო და ნახევარი - მიწის პატრონისა. აქაც ჩვეულებამ დაგვიმტკიცა, რომ მიწის-ჭერაში უძლეველია. თითქმის მთელი კახეთი მოურიგდა გლეხობას ვენახების თაობაზედ მაგ ჩვეულების წინამძღომელობითა და ძალითა. თუმცა აქაც მეოთხედი იყო კულუხად დაწესებული მთავრობისაგან, მაგრამ არც ნაბატონარმა ინდომა ეგ და არც ნაყმევმა. აიღეს მათ და უდრტვინველად, უდავიდარაბოდ, მშვიდობიანად ვენახები შუაზედ დაიყვეს, და ამრიგად გლეხი ვენახის პატრონად შეიქმნა. ამგვარი მორიგება წყნარ- წყნარად გადადის ტფილისის გუბერნიის სხვა ადგილებშიაც. ამაში შესანიშნავი ის არის, რომ გლეხი უფრო ეტანებოდა ამგვარად საქმის გათავებას, ვიდრე ნაბატონარი; დღესაც გლეხს უფრო უნდა მაგგვარად საქმის გათავება, ვიდრე ნაბატონარსა. ნაბატონარი ამ შემთხვევაში უკან იწევს იმიტომ კი არა, რომ ეგ საზარალო ეგონოს. არა, ნაბატონარმა კარგად იცის, რომ აქ არა ეკარგება რა, რადგანაც იმ ნახევარს ვენახისას ყველა სანახევროდ აიღებს და ნახევრიდამ ნახევარი ისევ იმ მეოთხედს შეადგენს მთელიდამ. ამაში მოგებასაც ხედავს მით, რომ თავის წილს ვენახს თვით უვლის და საშფოთველი გლეხთან არა აქვს რა. მაგრამ ერთი რამ აბრკოლებს, სახელდობრ ისა, რომ წვრილ-წვრილი ნაჭრები შეხვდება, სხვადასხვა ადგილას გაფანტული. ამით მოვლა და თვალ-ყურის ჭერა უძნელდება.
მაშასადამე, რომ ამ საქმეს ნაბატონარისაგან დაბრკოლება არ მიეცეს, საჭიროა - ნაბატონარს ღონისძიება მიეცეს, რგებული ვენახების ნახევრები ერთს ადგილს შეაგროვოს. ამისათვის გაცვლა-გამოცვლა ვენახებისა უნდა გაადვილებულ იქმნას. იშვიათად არის, რომ ნაყმევთა ვენახები სახასო და საეკლესიო გლეხთა ვენახებში ჩაჩხირებულ არ იყვნენ და, რადგანაც სახასო და საეკლესიო გლეხთა ნება არ აქვსთ ვენახების გაცვლისა, ამის გამო ერთს ადგილას მოგროვება ვენახებისა თითქმის შეუძლებელი ხდება. რომ ამგვარს მორიგებას ფეხი ააჩქარებინონ იქ, საცა ფეხი ადგმული აქვს კიდეც, როგორც კახეთში, და ფეხი აადგმევინონ იქ, საცა ჯერ ფეხიც არ აუდგამს, საჭიროა მთავრობამ ნება მიანიჭოს სახასო გლეხს, რომ საცა ხელს მისცემს, დაუბრკოლებრივ შეუცვალოს ნაბატონარს და ნაყმევს ვენახები ურთიერთ- შორის მორიგებითა. ამისათვის მთავრობამ ერთი საერთო განკარგულება რომ მოახდინოს, დიდს შემწეობას მისცემს ნაყმევსაცა და ნაბატონარსაცა.
გამოიცვლება 172 მუხლის ძალითა აწინდელი წილადობილი ღალა და კულუხი თუ არა, მაინცდამაინც ამას ვიტყვით, რომ ეს არ არის გვირგვინი ბატონ-ყმობის საქმისა. ეგ შუა გზაა, უკეთესი მასზედ, რაც არის, და უარესი მასზედ, რაც სანატრელია. მაგაზედ გაჩერება ყოვლად შეუძლებელია. დღეს თუ ხვალე საჭიროება მოითხოვს, რომ გლეხი მიწის-პატრონად შეიქმნას. მთავრობას წინათვე უგრძვნია ეს აუცილებელი საჭიროება და მის აცილებისათვის ღონისძიებად მამულების შესყიდვა დაუნიშნავს.
მთელი კანონმდებლობა ამ საგანზედ იმავე საფუძველზედ არის დამყარებული, როგორც საერთოდ რუსეთში. როგორც რუსეთში, ისე ჩვენშიაც, მაგ კანონებს ეტყობა, რომ კანონმდებელთა ორის რამის ფიქრი ჰქონიათ. ერთი იმის ფიქრი, რომ გლეხობა არ ინდომებს მამულის შესყიდვასაო. ამის გამო გლეხს ვალად დაადვეს, რომ თუ მებატონე მოითხოვსო, უსათუოდ სახნავ-სათიბი მიწები და სასახლის ადგილი უნდა შეისყიდოო. რადგანაც საფიქრებელი იყო, რომ ამგვარად ძალად შესყიდვისათვის გლეხს ფულის სახსარი არ ექმნებოდა, ამიტომაც მთავრობამ დააწესა, გლეხს ფულს ვასესხებო 49 წლითა და წელიწადში თავნსა და სარგებელში ათს თუმანზედ გამოვართმევო ექვს მანეთსა, რომლიდამაც ხუთი სარგებელში წავაო და ერთი თავნშიო. მეორე იმის ფიქრი ჰქონიათ, რომ გლეხობა თავ-თავის ვადაზედ ფულს ვერ შემოიტანსო და ამით სახელმწიფო ხაზინა იზარალებსო; ამისათვის 49 წელიწადი დანიშნეს სესხის ვადად, თუმცა ასზედ ერთი მანეთი თავნს 37 წელიწადს ასწორებს და იშორებს. აქ თორმეტი წელიწადი მეტია დანიშნული, იმიტომ რომ ხაზინას რაც 37 წელიწადში დააკლდება, ამ თორმეტის წლის შემოსატანის ფულით შეისრულოს.
იქნება ამ ორს ჭკუაში მოსასვლელს საგანს რაიმე საბუთი ჰქონდეს რუსეთში, მაგრამ ჩვენში კი - არა მგონია. ჩვენი ხალხი თავისის ბინადრობის დიდი და მკვიდრი მოყვარეა. იგი სოფელი, საცა მის მამა-პაპას უცხოვრია, საცა მამა-პაპის ძვლები უმარხია, საცა მამა-პაპის სალოცავია, ჩვენის გლეხისათვის მეტად ძვირფასი რამ არის. დღესაც თუ ბედის ბრუნვას ერთის ადგილიდამ მეორეში გადმოუსახლებია ვინმე, იმის შვილიშვილნი და უფრო შორეული შთამომავლობა თითქმის ყოველ-წლივ უწინდელის ბინის დასახედად მიდის, მამა-პაპის ხატისა და სალოცავის თაყვანის-საცემლად დაიარება. ამისთვის არც ხარჯს, არც დროს და არ არც გზაზედ სიარულის შრომას არა ზოგავს. თუნდ ეგეც არ იყოს, ყველასაგან და ყველგან ცნობილია, რომ მუშაკაცი ყოველთვის იმის ნატვრაშია, სადმე ბინა მოიკიდოს, სადმე თავისი საკუთრება იქონიოს, და მიწისმომქმედი მუშა ისე არა ქონებას არ ეტანება, როგორც უძრავსა, ესე იგი მიწასა, ადგილ-მამულსა. ამ-გვარებში ნამეტნავად ჩვენი გლეხია ღირსშესანიშნავი. თუკი თავის ახლომახლო მამულს როგორმე შეიგულებს, თავს დაიგირავებს, ცოლ-შვილს დაატყვევებს ხოლმე, ვალში, ვახშში ჩავარდება და მამულის სყიდვის შემთხვევას კი არ დაჰკარგავს. ჩვენებური გლეხი წელს გაიმაგრებს თუ არა, მარტო იმის ნატვრაშია, რომ მამული იყიდოს.
რომ ჩვენის გლეხის მიდრეკილება მამულის სყიდვისადმი ძლიერი და დაუძინებელია, - ამის დასამტკიცებლად მოვიყვანთ სამს თვალთსაჩინოს, უცილოს მაგალითსა:1. ჩვენებური გლეხი, რაკი მამულის სასყიდლად გაიწევს, მას არა ფასი არ აშინებს, უკან არ დაახევინებს. და ამის გამო, რასაც გლეხი იმეტებს მამულის სასყიდლად, იმოდენას თავის-დღეში სხვა კაცი ვერ გაიმეტებს. ფასის აღმატებაში გლეხს სხვა კაცი წინ ვერ წაუვა და ვერც შეეცილება. ეს ყველასაგან ცნობილია. ჩვენ იმისთანა მაგალითიც ვიცით, რომ ასს საჟენს სოფლის ცარიელს მიწაში გლეხს ოცი თუმანი მიეცეს. ვსთქვათ, რომ ეს მხოლოობითი შემთხვევაა, მაგრამ მაინც ყველამ იცის, რომ ჩვენებური გლეხი, რაკი ღონისძიებას ხელთ იგდებს, გიჟურის ფასის მძლეველია. ცხადია, რომ ესე გულუხვად ფასის გამომეტება განსაკუთრებით გლეხის მიდრეკილებისაგან არის წარმომდგარი, და აქ სხვა რაიმე ეკონომიური მოსაზრება და ანგარიში არ მოქმედობს.
2. აუარებელი ნასყიდობის ქაღალდები წარმოადგინა ჩვენმა ნაყმევ გლეხობამა საგლეხო სასამართლოში დასამტკიცებლად იმ მამულების თაობაზედ, რომელნიც ჯერ კიდევ ბატონ- ყმობის გადავარდნის უწინ ეყიდნათ; ესე იგი მაშინ, როცა გლეხების საკუთარი და ამგვარად შეძენილი მამულიც ბატონის ნებაზედ იყო მინებებული და ბატონის საკუთრებად ითვლებოდა, ჩვეულებით თუ არა, კანონით მაინცა, და როცა კანონი გლეხს საკუთრების სიმტკიცისათვის მფარველობას არც ჰპირდებოდა და არც უწევდა. რა ძლიერი მიდრეკილება უნდა ჰქონოდა, რომ ამგვარის წყობილების წინაშე გლეხი მამულის სყიდვაში მაინც უკან არ იხევდა და მაინც მამულს ყიდულობდა.
3. მარტო ქუთაისის გუბერნიაში, საცა გლეხობა ყველას უფრო ღარიბად მიგვაჩნია, ბატონ- ყმობის გადავარდნის შემდეგ რვა ათას სამოცდახუთმეტმა (8.075) ნაყმევთა კომლმა შეისყიდა თვისი ნაჭერი ადგილ-მამულები ნაბატონართაგან და ერთი მილიონი ას ოთხი ათას რვაას სამოცდაათი (1.104.870) მანეთი თავისის საკუთარის ჯიბიდამ მისცა, ასე რომ მთავრობის შემწეობაც არ ითხოვა. გერმანიაში ოცდაშვიდს წელიწადში ნაყმევთაგან მარტო მეოთხედმა ნაწილმა ძლივს დაიხსნა თავისი ადგილ-მამულები, ისიც მთავრობის შეწევნითა, და იმერეთში კი (გარდა სამეგრელოსი) ერთმა მესამედმა 10 წელიწადში გამოიხსნა თავისი მამულები, ისიც მთავრობის დაუხმარებლად. ნუთუ ეს მაგალითები არ ამტკიცებენ მას, რომ ჩვენებურს გლეხში დიდი მიდრეკილებაა მამულის შეძენისადმი.
აქედამ სჩანს, რომ ის კი არ უნდა ეფიქრათ, გლეხი მამულის სყიდვას არ ინდომებსო, ფიქრი მებატონისა უნდა ჰქონოდათ, რომ იგი მამულს არ გაჰყიდდა. ამის წამალი უნდა მოეპოებინათ. ყველგან ყოველის ხალხის კანონებში ის კი თქმულაო, ამბობს ერთი რუსის მწერალი, რომ სახელმწიფო საჭიროებისათვის, საყოველთაო სიკეთისათვის, ძალად გააყიდვინონ ადგილ-მამულიო, და ძალად აყიდვინონ კი - ეგ არსად გაგონილაო.
ჩვენის ფიქრით, მეორე შიშიც - რომ გლეხი პირნათლად ვერ გამოვაო მთავრობისაგან ნასესხის ფულის გადახდაშიო, ჩვენის გლეხკაცის ავკარგიანობაზედ არ არის დამყარებული. ოღონდ გაუადვილდეს გლეხს მამულის სყიდვა, ოღონდ კისერზედ ნუ მოეხვევა უხეირო, უხმარი მამულები, და ამითი გული ნუ გაუტყდება, და იგი ნასესხის ფულის გადახდის თაობაზედ პირშავად არ გამოვა. სასოფლო ბანკები, თითო-ოროლა მაგალითი საადგილ- მამულო ბანკისა ცხადად გვიმტკიცებენ, რომ გლეხნი ვალის მოშორებაში უტყუარნი არიან. ეგ იციან არამც თუ მათ, ვისაც გლეხთან გულშემატკივრად საქმე დაუჭერიათ, არამედ იმათაც, ვისაც მათთვის მამასისხლად ფული უსესხებიათ. ამიტომაც სესხის ჯეროვანს ვადას გარდამეტებული თორმეტი წელიწადი, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, მეტისმეტი სიფრთხილეა, მით უფრო, რომ ეგ სიფთხილე გლეხს აწვება კისერზედ, მაშინ როდესაც იგი მაგის მიზეზი არ არის. დიდი შეღავათი იქნებოდა გლეხისათვის, რომ ერთისა და იგივე გარდასახადით ვალი ოცდაჩვიდმეტს წელიწადს მოეშორებინა და არა ორმოცდაცხრასა,როგორც ამჟამად არის დაწესებული.
თუ გლეხს მაგისთანა წყურვილი აქვს მამულის სყიდვისაო, თუ მთავრობისაგანაც მამულისათვის საჭირო ფულს ეგრე იაფად შოულობსო (თუმანზე სამი აბაზი თავნში და სარგებელში 49 წლის ვადით), მაშ ნაყმევთაგან მამულების დასხნა ეგრე ტაატით რათ მიდისო, გვეტყვიან ჩვენ. ამის მიზეზი ბევრია, და მათში არც ერთი იმისთანა არ არის, რომ გლეხის ბრალი იყოს. ჩვენ ამჟამად მარტო უმთავრეს მიზეზებს მოვიხსენიებთ.
კანონით, ნაყმევსა ორის გზით შეუძლიან მამულის სყიდვა: ერთი - თავისის ფულით, მთავრობის შეუწევნელად, და მეორე - მთავრობისაგან ნასესხის ფულითა. გლეხი ერიდება თავისის მამულის დახსნას საკუთარის ფულით, იმიტომ რომ ბევრს მაგალითებს ხედავს, რომ ამრიგადაც მამულის შეძენისათვის კანონიერის სიგელის გამოტანა უძნელდებათ და უგვიანდებათ, რადგანაც ამგვარად სყიდვაშიაც მომრიგებელი შუამდგომელი და ერთობ საგლეხო გამგეობა, არ ვიცით რისთვის, ერევა[*] და უამისოდაც რთულს საქმეს სიგელის დამტკიცებისას საზოგადო კანონისამებრ უფრო აძნელებს. მაგალითებრ, თვით მთავრობას ცნობილი აქვს, რომ ქუთაისის საგლეხო გამგეობას თითქმის 1877 წლამდე არც ერთი ამგვარი სიგელი არამც თუ დაუმტკიცებია, არც კი განუხილავს. ნუ დავივიწყებთ, რომ 8.075 კომლის სიგელი მაინც უნდა იყოს ქუთაისის გუბერნიაში ამჟამად. რასაკვირველია, გლეხკაცობას ამგვარი საქმის გაძნელება და დაგვიანება ყოველს ხალისს თუ არ მოუკლავდა, სყიდვის სურვილს მაინცდამაინც დიდად შეუყენებდა.
საკვირველია, რომ მთავრობის შემწეობით სყიდვას გლეხი უფრო ერიდება, თუმცა, ადგილობრივის მიხედვისა კვალად, მთავრობა ბევრით იაფად აძლევს გლეხს სესხსა. ამისი მიზეზი ის არის, რომ სესხის გადასახდელად ურთიერთის თავდებობაა კანონად დადგენილი. ეგ ჩვენებურის გლეხის ჩვეულების პირდაპირ წინააღმდეგია. წინააღმდეგია მისის მეურნეობის გამართულობისა, მისის ეკონომიურის მდგომარეობისა და მოწყობილებისა. რუსეთში მაგას თავისი ადგილი აქვს და თავისი ჯეროვანი საბუთიცა. იქ მამულების საერთოდ-სასოფლოდ მფლობელობა არის და საერთოდ-სასოფლოდ მფლობელობას საერთო მოვალეობაც მოსდევს. კარგია თუ ავია საერთოდ-სასოფლოდ მფლობელობა მიწისა, ჩვენ ამის გამოძიებაში არ შევალთ. ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, რომ ურთიერთის თავდებობა უსაბუთოა იქ, საცა საერთო, თანასწორი მიწისმფლობელობა არ არის. ლაველე ამბობს, რომ ურთიერთის თავდებობას მაშინ აქვს ადგილი და საბუთიო, როცა მიწის საერთოდ-მფლობელობიდამ არის წარმომდგარიო. ჩვენში მფლობელობა ადგილ- მამულისა, მეურნეობის გამართულობა, ეკონომიური მოწყობილება - კომლეულია, განსაკუთრებით საოჯახოა და არა საერთო-სასოფლო. ამის გამო ჩვენში ურთიერთის თავდებობას მარტო მოვალეობის თვისება აქვს გლეხისათვის, და რაც მაგ მოვალეობას უფლება მოსდევს, იმ უფლებას კი ჩვენებური გლეხი მოკლებულია. რადგანაც ჩვენს დებულებაში ისევ ის ჩვეულებრივი კომლეული მიწისმფლობელობაა ჩვენის გლეხის მდგომარეობის დედაბოძათ მიღებული, ამის გამო არავითარი საბუთი არ იყო, რომ ურთიერთი თავდებობა შემოეღოთ და ვალის ხდა კომლეულობით არ მოესაზრათ. ჩვენებურს გლეხს არ ესმის და, სწორედ გითხრათ, ვერც გაიგებს, რისთვის უნდა იხადოს სხვის მაგიერი ვალი, მაშინ როდესაც იმ სხვას თავისი საკუთარი ბინა აქვს, თავისი მიწა და ქონება; იმ მიწასა და ქონებაზედ თვით არავითარი უფლება არ მიუძღვის, არც საზოგადოებრივი, არც კერძობრივი. ერთობ, ეგ ურთიერთის თავდებობა დიდად აშინებს გლეხსა და მთავრობის კეთილგანზრახულს შემწეობაზედ ხელს აღებინებს. გლეხს, ამას გარდა, კიდევ ის აფრთხობს, რომ ხაზინასთან საქმის დაჭერა ეძნელება. მრავალის მაგალითით გული დაუჯერებია, რომ, მოთანამდე პირთა გულმოდგინებისა გამო, ხაზინის გარდასახადი ერთი აბაზი ხშირად მანეთად დასჯდომია.
თუ ეს არ იყოს, რათ უნდა ერიდებოდეს გლეხი მთავრობისაგან ვალის აღებას? რომ ერიდება, ამის მაგალითად იმას მოვიყვანთ, რომ იმერეთში გლეხკაცობამ ერთ მილიონზედ მეტი ფული მისცა თავის მამულების დასახსნელად ისე, რომ მთავრობას ერთი გროშიც არ ესესხა. თუმცა ტფილისის გუბერნიაში ათას ორას ოცმა (1220) კომლმა გამოისყიდა მამულები და ამისათვის მთავრობისაგან სამას თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდახუთი (314.985) მანეთი ისესხა, მაგრამ ამათაც კი გამოუცხადებიათ სურვილი, რომ ეგ ფული სულ ერთბამად შეიტანონ ხაზინაში[**]. გულდაჯერებულნი უნდა ვიყვნეთ, რომ ამ ორს ზემოხსენებულს შემთხვევაში გლეხი ვალის აღებას არ გადურჩებოდა და იმაზედ იაფად, როგორც მთავრობას განუზრახავს, სად იშოვის გლეხი მაგ ვალსა? არსად, და მაინც, როგორც ეტყობა, გლეხკაცობა მამასისხლად ვალის აღებას უფრო რჩეობს, ვიდრე ხაზინისგან შეღავათით ხელის გამართვასა.
ყველაზე უმთავრესი მიზეზი, რომელიც ნაყმევთა მამულების დახსნას ხელს უშლის და დიდად აბრკოლებს, ის არის, რომ ნაყმევი მამულს ვერ იყიდის, თუ მებატონე ამას არ მოიწადინებს. ამ საგანზედ ჩვენ ჩვენი აზრი ზემოთ გამოვსთქვით. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, თუ რა აბრკოლებს, რომ აქამომდე ეგ წადილი იმოდენად ფეხადგმული არ არის, რამოდენადაც სასურველია. აი, ჩვენის ფიქრით, რა აბრკოლებს. ზოგი მებატონეა დღესაც, რომ მისი დღეობაა, როცა გლეხი მასთან სახვეწრად მოვა და მძიმედ თავს დაუკრავს. აწინდელი მიზეზით სავსე კავშირი მათ შორის ამ თავმოყვარეობას ცოტად თუ ბევრად, ხელს უმართავს და მებატონე ამით კმაყოფილია. ბატონ-ყმობაში დაბადებულს, ბატონ-ყმობაში გამოზრდილს მებატონეს, რასაკვირველია, ეძნელება, გული ეთანაღრება, რომ მის გარეშემო ბატონობას ავალა აღარა აქვს და ფიქრობს, რაკი წყალს მივყევარო, ხავსს მაინც მოვეჭიდოო. ხავსად კიდევ მიზეზიანი მეოთხედობა გაუხდია და ამას მაგრად ეჭიდება. ჩვენდა სასახელოდ, ამისთანანი ბევრნი არ არიან. ზოგი მებატონეა, რომ, თუმცა დებულების ოქმში მეოთხედობა მოუხსენებია, მაგრამ ამ მიზეზიანის მოვალეობის შემწეობით გლეხი იქამდე მიუყვანია, რომ იგი ძალაუნებურად მორიგებია მებატონეს შინაურულად, სიტყვით, და უწინდებულად გაუბეგრავს თავი, ესე იგი, გარდა გადაკვეთილის ღალისა და კულუხისა, გლეხს მებატონისათვის მუშაობაც უკისრნია. რასაკვირველია, ამგვარის მებატონისათვის მამულის გასყიდვა, რომელიც გლეხის სრულს განთავისუფლებას მოასწავებს, სანატრელი არ იქნება, რადგანაც ამით მოისპობა ის მიზეზი, რა მიზეზითაც დღეს გლეხი ძალაუნებურად ბეგარასა უწევს. ზოგი მებატონეა და, ჩვენდა სანუგეშოდ, მომეტებული ნაწილიც, რომ მამულის გასყიდვა უნდა და მარტო იმისთვის არ აცხადებს სურვილს, რომ ეშინიან, დავიწყებ საქმესო, ტყუილუბრალოდ გავებმიო, თრევას და ხარჯს ვეღარ გავუვალო და ბოლო კი არ მოეღებაო. ორს პირველს მიზეზს კბილს მოსჭრის ის, რომ, ზემოხსენებული 172 მუხლის ძალით, აწინდელი წილადობილი გლეხის გარდასახადი ყოველგან მალე გადიკვეთოს და განისაზღვროს ადგილობრივის ჩვეულების მიხედვითა, - და მესამეს კი ის, რომ ერთობ უსაბუთოდ რთული და დაუბოლოებელი წარმოება მამულის დახსნის თაობაზედ გამარტივდეს და სწრაფად აღსრულებაში მოდიოდეს.
ამ უკანასკნელის მიზეზის მოსასპობლად ამ ახლო ხანებში ჩვენის მთავრობის წინაშე წარდგენილა ახალი წინადადება. ამ წინადადების ქვაკუთხედი და დედააზრი იგია, რომ მთავრობამ ნაყმევთა მამულების დახსნისათვის იმისთანა რამ ადგილობრივ გამართოს, როგორც საადგილ-მამულო ბანკია, საიდამაც გლეხთა მამულის დახსნისათვის ფულის სესხად აღება შეეძლოთ იმავე წესით და პირობით, როგორც ეგე ყოველი საადგილ-მამულო ბანკშია მიღებული. ეს ქვეყნიერებაზედ ახალი ამბავი არ არის, მაგგვარი წყობილება ევროპაში, სახელდობრ გერმანიაში დიდი ხანია შემოღებული იყო ნაყმევთა მამულების დახსნისათვის და იქ, საცა იყო შემოღებული, ამგვარმა წყობილებამ მეტად ააჩქარა ბატონ- ყმობის საქმის დაბოლოვება საყოველთაო საკეთილოდ. დანიაში 1806 წ. დაწესდა მაგგვარი ბანკი, ჰესსენ-კასსელში 1832 წ., ჰანოვერში 1841 წ., ნასსაუში 1849 წ. და სხვა.
რადგანაც ჰანოვერის ბანკს მოქმედობას მეტად უქებდნენ, ამის გამო მის აგებულებაზედ და განწყობილებაზედ ზოგიერთს უმთავრესს ცნობას მოვიყვანთ. ჯერ კიდევ 1830 წლიდამ, ჰანოვერში გამოთქმულ იქმნა ის აზრი, რომ ნაყმევთა სრულიად განთავისუფლებისათვის ბანკი რამ გაიმართოს მთავრობის დახმარებითა. ნემეცთა, ჩვეულებისამებრ, ეგ აზრი სინჯეს, გაზომ-გამოზომეს, აიღეს-დაიღეს და ბოლოს 1841 წ. აღსრულებაშიაც მოიყვანეს. ბანკი დააწესეს და საგნად მარტო გლეხთა მამულების გარდასახადის დასხნა დაუნიშნეს. მაგრამ თითქმის იმავე დროს მთავრობამ გამოაცხადა სურვილი და აღსრულებაშიაც მოიყვანა, რომ ეგ ბანკი მარტო გლეხთა მამულების გამოხსნას არ მიჰყვეს და თვისი მოქმედება განავრცოს, ესე იგი სესხი აძლიოს ყოველს უძრავს ქონებაზედაც - ნაყმევისა იქნება, თუ სხვა პირისა. პირველს და მეორეს შემთხვევაშიაც გირაოდ მიიღებოდა უძრავი ქონება. მთავრობამ ნახევარი მილიონი ტალერი (911⁄4 კაპეიკია) დაუნიშნა, რომ თუ ვინიცობაა გაჭირვებამ მოითხოვოს, ბანკმა ხელი გაიმართოს. ამ ფულიდამ ბანკს ნება ჰქონდა მოეთხოვნა სახელმწიფო ხაზინისაგან ერთ ხანად 100.000 ტალერი; ხაზინას სარგებლად უნდა ერთმია ათს თუმანზედ სამი მანეთი წელიწადში. ამას გარდა, ყოველივე პასუხისგება ბანკის მოვალეთა წინაშე თვით მთავრობამ იკისრა. ჰანოვერის ბანკი შინაგანის საქმეთა მინისტრის გამგეობით სწარმოებდა. თითონ ბანკსა მართავდა მთავრობისაგან დანიშნული სამი კაცი, რომელნიც ბანკის მართველობის შეადგენდნენ. მსესხებელთ შორის ურთიერთის თავდებობა მიღებულ არ იყო. ამ ბანკში შესანიშნავი ორი რამ არის. ერთი ის, რომ სესხის მოსაშორებლად ერთი ვადა კი არ იყო დაწესებული, არამედ რამდენიმე; მსესხებელის ნებაზედ იყო მიგდებული, ან ერთს ვადაზედ დამდგარიყო, ან მეორეზედ. მეორე ისა, რომ, რაკი ბანკში მამული გირაოდ შევიდოდა, არა რაიმეს კერძოობითს, მთავრობითსა ან სასამართლოს განკარგულებას არავითარი ძალა არ ჰქონდა იმ მამულის თაობაზედ, თუ რომ იმ განკარგულებას ბანკისათვის რაიმე ზარალი და ვნება მოსდევდა. 1841 წლიდამ 1850 წლამდე, ესე იგი ათის წლის განმავლობაში, ამ ბანკმა შვიდ მილიონზედ მეტის ფასის (7.249.779 ტალერი) მამულები დაახსნევინა ნაყმევებსა.
ჩვენი პირდაპირი საგანი, რომელსაც, ცოტად თუ ბევრად, ამ წერილების სათაური აცხადებს, სულ სხვა არის. ამიტომაც ზემოხსენებულს წინადადებას ამჟამად ჯეროვანად და ვრცლად ვერ გამოვიძიებთ.
ბატონ-ყმობის გაუქმებას ჩვენში ზედ მოჰყვა სასოფლო მმართველობის ახალი წესდებულებაცა. ამაზედ ლაპარაკი შემდეგ გვექნება.
შენიშვნები:
[*] იხილე Приложение к § 17 (примеч. 2) наказа по выкупной операции в Тифлисской и Кутаисской губерниях, მუხლნი 8, 9.
[**] იხილე Донесение губернского по крестьянским делам присутствия от 15 июня 1876 г., No 471.