ცხოვრება და კანონი - წერილი მეექვსე
- nino otiashvili
- Jan 10, 1977
- 14 min read
მომრიგებელი მოსამართლობა ჩვენში
ბატონ-ყმობის გაუქმებას და სოფლის სამმართველოს დადგენას ზედ მოჰყვა ცვლილება ღვინისა და არაყის ბაჟის თაობაზედ. თუმცა ამ საგანს მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენის ეკონომიურის ვითარებისათვის და თუმცა ამან დიდი ზედმოქმედებაც იქონია ჩვენის ხალხის ქონებითს მეტნაკლებობაზედ, მაგრამ მაინც მაგის გამოკვლევას ამჟამად ვერ შევუდგებით. თავის დროზედ მაგ ღირსშესანიშნავს საქმეს ისევ დავუბრუნდებით. ეხლა კი ჩვენ უფრო გვეხერხება სოფლის სამმართველოს გამოკვლევიდამ პირდაპირ გადასვლა განსამართლების წესზედ. თუმცა ამით ქორონიკული ჯაჭვი ირღვევა, მაგრამ რჩება შინაგანი კავშირი, რომელიც არსებობს მმართველობის და განსამართლების წესთა შორის საზოგადოდ. ჩვენ აქ სახეში გვექმნება მხოლოდ ერთი ნაწილი განსამართლების წესისა, რომელსაც ჩვენის ხალხის ცხოვრების დირეზედ უდგას ფეხი, სახელდობრ ის ნაწილი, რომელიც შეეხება მომრიგებელ მოსამართლობის დაწყობასა და აგებულებასა.
რომ ჩვენა და ჩვენნი მკითხველნი ერთნაირის საწყაოთი შევუდგეთ ჩვენში დადგენილ მომრიგებელ მოსამართლობის ავ-კარგიანობის აწყვასა, საჭიროა ვიცოდეთ ის აზრი და საფუძველი, რომელზედაც არის დამყარებული მომრიგებელ მოსამართლობის წესი, ის აზრი და საწადელი, რომელიც დაუნიშნავს კანონმდებელს მისაღწევად. ეს მით უფრო სარგო იქნება ჩვენთვის, რომ იგი აზრი, საფუძველი და საწადელი, რომელიც ამ შემთხვევაში წინ წასძღომია კანონმდებელს, არის ჭეშმარიტი ნაყოფი მეცნიერებისა და ევროპის ცივილიზაციის გამოცდილებისა. არც ერთს კანონმდებლობას რუსეთში ისეთი გარკვეული და ჭეშმარიტი აზრი არ ჩაჰრთვია, როგორც განსამართლების წესსა საზოგადოდ და მომრიგებელ მოსამართლობისას ცალკედ; არც ერთს კანონმდებლობას არ შეჰხვედრია იმისთანა კაცნი, რომელთ ცოდნა და გონებითი ძალნი ესე შესაფერად შესწვდომოდეს ამისთანა მაღალს, უაღრესს და რთულს საქმეს, როგორც განსამართლების წესის დადგენაა. კანონმდებლობა რუსეთში სხვას არც ერთს საქმეს ასე ცნობიერად, გულმოდგინედ და ჭეშმარიტების სიყვარულით არ შესჭიდებია. ამიტომაც განსამართლების წესი რუსეთისა საზოგადოდ უფრო მოსაწონია, ვიდრე დასაწუნი, და ამაზედ უფრო მოსაწონია მომრიგებელ მოსამართლობის დაწყობილება, გარდა ზოგიერთის ნაკლისა, რომელიც შეჰყოლია წესს სხვადასხვა გარემოებისა გამო. ეს სიკეთე რუსეთის განსამართლების წესისა და კანონმდებელთა ღვაწლისა აღიარებულია რუსეთის უკეთესთა კაცთაგან და ევროპიელ მეცნიერთაგანაც.
მას შემდეგ, რაკი გამოკვლეულ იქმნა და აღიარებულ უწინდელის წესის უვარგისობა და ბოროტი, ახალის წესის შემოღების წინააღმდეგ სამი საბუთი წარუდგინეს კანონმდებლებს. ერთი ისა, რომ ხალხი, თუ საზოგადოება, ჯერ მომზადებული არ არისო, რომ შეიშვნიოს ეგ ახალი წესიო და ამიტომაც ვერ მოიხდენსო; მეორე ისა, რომ ხაზინას იმოდენა თავისუფალი ფული არა აქვსო, რომ მაგ ახალის წესის ხარჯს გასწვდესო; მესამე - ვერც იმოდენა კეთილსინიდისიანს და მცოდნე კაცებს ვიშოვნითო, რომ ეგ ახალი წესი რიგიანად ამოქმედონო.
ამ საბუთებმა არ დააფრთხეს იგინი, ვისაც მინდობილი ჰქონდათ ახალის წესის დაწყობა და აგება და ასე მიუგეს მოპირდაპირეებს:
თუ კანონი ჭეშმარიტს და სწორეს აზრზეა დამყარებული და ნამდვილის მიზეზისაგან წარმომდგარი, იმას დროს და ადგილის შერჩევა არ უნდაო, იგი ყოველთვის და ყველგან საკეთილოა და გამოსადეგიო. ძნელი საფიქრებელია, რომ სადმე ანუ როდისმე ადამიანი ცუდისათვის მომზადებული იყოს და კარგისათვის კი მოუმზადებელიო. გონიერი კანონი თავის-დღეში ცუდს არ მოახდენს. იქნება, რომელისამე მიზეზით, ან იმით, რომ კანონი ახალია, კანონმა რამდენსამე ხანს ღირსებისამებრ არ იმოქმედოს, მაგრამ უფრო ადვილად დასაჯერია, რომ იგი დაუყონებლივ ღრმად გაიდგამს ფესვებს და შეიქმნება ქვეყნის მშვიდობიანობის და კეთილდღეობის დედაბოძადაო.
ფულის ნაკლებობა ხაზინაში წარმოსდგება ეკონომიურ ვითარებისაგან საზოგადოდ და, გარდა ამისა, საკუთრივ იმისაგანაცაო, როცა არსებითნი ორღანონი მართლმსაჯულებისა რიგიანად აგებულნი და მომართულნი არ არიანო. ეგ ურიგობა ამხობს კრედიტსაც და სულსა ჰხუთავს ხელთმოქმედებას და წარმოებასაო. საცა კრედიტი ფრთას არა ჰშლის, იქ ფული არ შეადგენს თანხას, მომქმედს და მწარმოებელს, იქ ფული სიმდიდრეს არა ჰქმნის, იქ ფული უქმიაო. ამიტომაც, თუ მართლა ხაზინა ფულის ნაკლებობას ჰგრძნობს, განკარგება განსამართლების წყობილებისა - არამც თუ სასარგებლოა, აუცილებელი საჭიროებააო.
რომ ამბობენო, იმდენს კეთილსინიდისიანს და კანონების მცოდნე კაცს ვერ ვიშოვითო, რამდენიც საჭირო იქნება ახალის წესის გამოო, არც ეს არის საბუთიანი სიტყვაო. კანონი კაცს არა ჰქმნისო, ხოლო ეს კია: თუ კანონი ისეთია, რომ კაცი პოულობს მასში ღონისძიებას ცუდი საქმე ჩაიდინოსო, მაშინ კანონი ჰრყვნის ადამიანსაო; თუ კანონი ისე ბნელია, რომ კაცს არც ესმის და ვერც გაიგებს, მაშინ ადამიანს არც ეცოდინება კანონიო; თუ კანონი იმისთანაა, რომ თვით კეთილსინიდისიანს კაცსაც არ ძალუძს მისი აღსრულება უნაკლულოდ, მაშინ კანონს ადამიანი არც ასრულებსო. და თუ მართლა იმისთანა კაცები ცოტანი არიან, რომელთაც უნდა ჰქონდეთ საკმაო კეთილსინიდისიანობა, საკმაო ცოდნა და გულმოდგინება ახალის წესის რიგიანად აღსრულებისათვის, - უწინდელის წესის უვარგისობის ბრალიაო, და ამიტომაც განკარგება კანონებისა ამ მხრითაც - არამც თუ სასარგებლოა, აუცილებელი საჭიროებააო.
ამ სახით, ახალის წესის შემადგენელთა სახელი არ წაიხდინეს და სრულიად უარ-ჰყვეს ის მიზეზი, რომლის მიხედვითაც შესაძლო იყო უწინდელი ჟანგი ჩაჰყოლოდა ამ ახალს წესსაც და მით მოეწამლათ ქვეყნის ჯანმრთელობისათვის მოსაზრებული საქმე. უარ-ჰყვეს და ამიტომაც რუსეთისათვის მიღებულ წესს განსამართლებისას ან სულ არ ეტყობა, ან თუ ეტყობა - ძალიან ცოტად, იმ სამთა მიზეზთა ზედმოქმედება.
ჩვენდა სამწუხაროდ, ამასვე ვერ ვიტყვით იმ განსამართლების წესზედ, რომელიც ჩვენში გადაასხვაფერეს, ვითომ შეუსწორეს აქაურს გარემოებას და ისე დაადგინეს. ჩვენს წესდებაში იმ სამსავე უარყოფილ მიზეზს უპირატესი ადგილი დაუჭერია; ამ სამს მიზეზს შესწირეს უკეთესნი თვისებანი და ღირსებანი ახალის წესისა. ამ სამს მიზეზს ანაცვალეს ის აზრიც, ის საფუძველიც, ის საწადელიც, რომელიც სულია და ხორცი ამ ახალის წესისა. თუმცა ეს არსად არ არის გამოთქმული თითონ წესდებაში ცხადად, მაგრამ რად მინდა კაცმა სთქვას მე ასეთი ვარო, როცა მისი მოქმედებაც მაჩვენებს, რაც არის. ნაყოფისაგან იცნობება ხე იგიო, ნათქვამია.
რასაკვირველია, ნამდვილად ცნობილს და გამოკვლეულს ადგილობრივს გარემოებას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს ყოველს მთავრობითს განკარგულებაში საზოგადოდ და კანონმდებლობაში საკუთრივ; მაგრამ როცა უმთავრესნი და არსებითნი საფუძველნი ცვლილებისა არის ნაყოფი კაცობრიობის საერთო ცივილიზაციისა და მეცნიერებისა, მაშინ იგი საფუძველი ყველგან და ყველასათვის მოსახდენია და, თუ აქ ცვლილებამ უნდა დაუთმოს რამე ადგილობრივს გარემოებას, თვით უმთავრესი და არსებითი საფუძველი კი არ უნდა გამოაცალოს საქმეს, არამედ საქმის მარტო წვრილმანი კუთვნილებანი უნდა შეურჩიოს და შეუფეროს გარემოებასა. რასაკვირველია, ჩვენში არც აქაური გარემოება იყო ნამდვილად ვისგანმე ცნობილი და გამოკვლეული, არც უმთავრესი და არსებითი საფუძველი ცვლილებისა იყო პატივცემული. მას სრულიად ჩამოათალეს, რაც მის უცილო თვისებას და ღირსებას შეადგენდა.
ეგ უმთავრესი და არსებითი საფუძველი განსამართლების ცვლილებისა საკმაოდ კარგად და ვრცლად არის ცნობილი და აღიარებული მათგან, ვისაც რუსეთში მინდობილი ჰქონდა ახალის წესის შედგენა. რადგანაც ჩვენ საგნადა გვაქვს გარჩევა მარტო მომრიგებელ მოსამართლობის წესდებისა, ამიტომაც მარტო ამ საგანზედ მოვიყვანთ კანონმდებელთა აზრსა. მას შემდეგ ჩვენ ცხადად დავინახავთ, რამოდენად შეშალა ის აზრი იმ სამმა მიზეზმა, რომელიც ზემოთ წარმოვსთქვით, და რომელიც წინ წაიმძღვარეს ჩვენში „ადგილობრივის გარემოების“ სახელით.
რაც უნდა მარტივი წესი იყოს განსამართლებისა, კანონმდებელთა აზრით, თუ თითონ სასამართლო შორს არის მოდავეზედ, ან იმ ადგილზედ, საცა მფლობელობა დარღვეულ იქმნა, ანუ ზიანი და წანახედი მოხდა და სხვა ამგვარი, მაშინ წესი თვის საგანს ვერ მისწვდება, რადგანაც მოდავისათვის არც ანგარიშია, და ხშირად არც ღონისძიებაა, შორს წავიდეს მცირე საფასური საქმისათვის. სამართალი თვის მნიშვნელობას აუქმებს, როცა სამისა თუ ათის მანეთის მაძიებელი იძულებულია ასს ვერსტზედ წავიდეს, ანუ როცა საქმე იმისთანაა, რომ დაუყონებლივ მოხელვა უნდოდეს, და მინამ მაძიებელი შეატყობინებდეს სამართალს და მინამ სამართალი ადგილობრივ გამოძიებისათვის მოვიდოდეს, ყოველივე კვალი საქმისა წაშლილი იყოს. საბუთები მფლობელობის დარღვევისა, ანუ უძრავის ქონების წანახედისა, მარტო ადგილობრივ შეიკრიბება და მხოლოდ მაშინ, როცა სიმართლის დარღვევის უმალვე, დაუყონებლივ შეუდგებიან საქმეს; უამისოდ სამართლიანი გადაწყვეტა საცილობელის საქმისა ძნელდება ხოლმე და ხშირად შეუძლებელიც ხდება.
ამიტომაც საჭიროა, საზოგადო სასამართლოების გარდა, ცალკე ადგილობრივი სასამართლოც დაწესდესო, იმისთანა სასამართლო, რომელიც მოდავისათვის მახლობლად იყოსო და ისეთი მარტივი საქმის საწარმოო წესები ჰქონდესო, რომ შეეფერებოდეს უმრავლესის ხალხის საჭიროებასაო.
საჭიროება და მიუცილებლობა ამისთანა მარტივის და ადგილობრივის სასამართლოსი აღიარებულია ყოველს კეთილად განწყობილს სახელმწიფოშიო. მორიგება მოდავეთა და მორიგებით საქმის გათავება უპირატესი დანიშნულებაა ამისთანა სასამართლოსიო; ამიტომაც მას ჰქვიან მომრიგებელი სამართალიო.
მომრიგებელ მოსამართლეს მინდობილი აქვს გარჩევა იმ წვრილმან საქმეებისა, რომელნიც ყოველდღე თითქმის წარმოდგებიან ხოლმე ხალხის ცხოვრებაში. უფრო მომეტებულმა ნაწილმა ხალხისამ კანონები არ იცის, მომეტებული ნაწილი ვერ იტანს ფორმალობას, პატივს სცემს მარტო ნამდვილს სიმართლესა და უფრთხილდება დროს; ამისათვის ხალხისათვის უფრო ის არის სანატრელი, რომ საქმე სწრაფად გაუთავდეს ხოლმე და საქმის განაჩენები დამყარებული იყოს მასზედ, რაც თითონ ხალხის მოსაზრებით სიმართლედ არის ცნობილი. უფრო ბევრს წილს ამ საქმეებისას მომრიგებელი მოსამართლე სწყვეტს საბოლოოდ და ამასთანავე საქმეს არჩევს და სწყვეტს მარტო თითონ ერთადერთი. უმთავრესი დანიშნულება ამისთანა მოსამართლისა და უმაღლესი ღირსება მისის მართლმსაჯულებისა ის არის, რომ მშვიდობის მყოფელ შუაკაცად ექმნეს მოდავეთა და მათ შორის მორიგება ჩამოაგდოს. რომ ეს დიდი დანიშნულება მართლა მიღწეულ იქმნეს, ამისათვის საჭიროა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი ენდობოდნენ მომრიგებელ მოსამართლეს. ამ ნდობის მოსაპოებლად ისე კანონების ცოდნა არ არის საჭირო, როგორც ცოდნა ხალხის აზროვნობისა, ხალხის ზნისა, ჩვეულებისა, ერთის სიტყვით - ყოველ იმისა, რითაც გარემოცულია ადგილობრივი ცხოვრება საზოგადოდ, - და ამასთანავე საჭიროა საკუთრივ კაცსა ჰქონდეს გამჭრიახი გონება, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფა-ცხოვრება. მომრიგებელ მოსამართლის მრავალგვარი მოვალეობა ისეთია, რომ ყოველს შტოს სახელმწიფო მმართველობისას და ყოველ მხარეს ხალხის ცხოვრებისას შეეხება. ამ მიზეზითაც იგი უნდა სანდო და სარწმუნო კაცი იყოს მცხოვრებთა თვალში; ამ მიზეზითაც ადგილობრივ ვითარების ავიცა და კარგიც უფრო საჭიროა იცოდეს მოსამართლემ, უფრო საჭიროა ჰქონდეს შინაკაცის საქმიანი სიბრძნე, ვიდრე კანონიერობის ცოდნა და მოსამართლობის გამოცდილება. რადგანაც მოვალეობა და თანამდებობა მომრიგებელ მოსამართლისა სხვადასხვა-გვარია და რადგანაც თითონ მისი მოღვაწეობაც მრავალ-საგნიანია, ამიტომაც ის მხარე, ანუ ნაწილი, რომელიც მას უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სამართლის საწარმოებლად, რაც შეიძლება პატარა უნდა იყოს სივრცით, იმიტომ - რომ იგი, როგორც ადგილობრივი მოსამართლე, ყველასათვის ყოველს ჟამს საჭირო კაცია. ამის გამო მომრიგებელ მოსამართლეს უპირატესი ზედმოქმედება უნდა ჰქონდეს საყოველთაო წესიერების და მშვიდობიანობის დაცვისათვის და დამყარებისათვის. ამ მიზეზითაც საჭიროა, რომ იგი ადგილობრივ მცხოვრებთაგანი იყოს, ესე იგი იმათგანი, რომელთაც არამც თუ მარტო თავიანთი მხარე იციან, არამედ საკუთარი ინტერესიცა აქვსთ, რომ საერთო წესიერება და მშვიდობიანობა არ იქმნას შერყეულ.
ამ მრავალგვარს მოვალეობას და საჭიროებას რომ მივხედოთ, ცხადი იქნებაო, ამბობენ კანონმდებელნი, რომ მომრიგებელი მოსამართლე უნდა დანიშნულ იქმნას ადგილობრივთა მცხოვრებთა არჩევანითაო. ამის წინააღმდეგ ეს წარუდგინეს კანონმდებლებს, რომ სამართალი საზოგადოდ იმისთანა თვისების საგანიაო, რომ არჩევანით დანიშნულ კაცით ვერ წარიმართებაო, იმიტომ რომაო უფლების და მოვალეობის ახსნა და გარჩევა შეუძლებელიაო, თუ მოსამართლეს რჯულიერება ზედმიწევნით შესწავლული არა აქვსო და განსამართლების საქმეში ზედმიწევნით გამოცდილი არ არიო. ამის გამო მოსამართლეებს ვერ ამოირჩევს თვის შორის ვერც სოფლისა და ვერც ქალაქების მცხოვრებიო და თითონ თავად-აზნაურობაც ბევრს აგრე მომზადებულ კაცს ვერ იპოვნის ადგილობრივ მცხოვრებთა შორისო. ეს საბუთიო, დაასკვნეს კანონმდებელთა, სრულიადაც არ შეეხება მომრიგებელ მოსამართლესაო, რომლისათვის ზედმიწევნით რჯულიერების ცოდნა კი არ არის საჭირო, არამედ დამსახურებული ნდობა და ადგილობრივის ვითარების ცოდნაო. მომრიგებელი მოსამართლე ყველაზედ უწინარეს უნდა იყოსო ადგილობრივ მოსამართლედ და მშვიდობიანობის დამცველადაო; საზოგადო ნდობა ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მიუცილებელს საჭიროებას შეადგენს მათის დანიშნულებისასო.
ამიტომაც რუსეთის წესდებაში შეტანილია, რომ მომრიგებელი მოსამართლე უსათუოდ იმ ადგილის შვილი უნდა იყვეს, საცა მოსამართლობა უნდა და, გარდა ამისა, იქაურ მცხოვრებთაგანვე აღმორჩეული.
ამ სახით, ეხლა ჩვენ ვიცით, რა აზრი ჰქონია უმაღლესს მთავრობას, რომ მომრიგებელი მოსამართლობა დაუწესებია, და რა ღონისძიება მიუღია, რომ ის აზრი უნაკლოდ აღსრულებაში მოსულიყო. მოკლედ განვიმეოროთ ზემოთქმული, რომ უფრო გარკვევით გზა გავიგნოთ და უფრო ცხადი აზრი წავიმძღვაროთ წინ ჩვენს გამოკვლევაში.
უმაღლესმა მთავრობამ უარ-ჰყო უწინდელი განსამართლების წესი და მის მაგიერ საჭიროდ დაინახა, რომ უფრო მომეტებულ ხალხს სახელმწიფოისას იმისთანა სამართალი უჭირს, 1. რომელიც მახლობლად უნდა იყოს ხალხზედ, ასე რომ ყველამ ყოველს ჟამს, რაც უნდა პატარა გაჭირვება ჰქონდეს, მიჰმართოს ხოლმე და დაუყონებლივ სწრაფად განსამართლდეს; 2. რომელსაც ისეთი მარტივი წესი წარმოებისა ჰქონდეს, რომ უცოდინარმა კაცმაც თავისი საქმე აწარმოოს; 3. რომელსაც, რამოდენადაც შესაძლოა, ფორმალობა არ უშლიდეს, რომ ნამდვილი სიმართლე აღმოაჩინოს; 4. რომელსაც წინ უნდა მიუძღოდეს ადგილობრივის ვითარების ცოდნა, ცოდნა ხალხის ზნისა, ხალხის ჩვეულებისა და ერთმანეთზედ დამოკიდებულებისა; 5. სამართალი უნდა იყოს იმისთანა კაცის ხელში, რომელსაც ხალხი იცნობს, ხალხი ენდობა და ხალხი პატივსა სცემს, და რომელსაც, როგორც ადგილობრივს მოსახლეს და მცხოვრებს, თითონაც გული უნდა შესტკიოდეს, რომ უწესობა, ურიგობა არ იყოს მის სახელოში; მშვიდობიანობა, უშიშროება არ იქმნას დარღვეულ; ყველა დარწმუნებული იყოს, რომ დანაშაულობა, ბრალი, დაუსჯელად არ ჩაივლის, წანახედი, ზიანი უზღვევლად არ დარჩება; ხოლო უკეთესი მხარე, უმაღლესი მნიშვნელობა ამგვარის მოსამართლობისა მორიგებით გათავებაა საქმისა. აქაც დანახულია და ცნობილი, რომ თუ მოსამართლე ხალხის თვალში სანდო, სარწმუნო კაცი არ არის, მოსამართლე ამ მომრიგებელ შუაკაცობას ვერ აღასრულებს. როგორც ამის გამო, ისე იმ მიზეზებით, რომელნიც ზემოთ მოგვიხსენებია, მტკიცე და მიუცილებელ საჭიროებად აღიარებულია და დადგენილი, რომ მომრიგებელი მოსამართლე თითონ მცხოვრებლებმა აღმოირჩიონ ხოლმე თვის შორის.
ჩვენდა სამწუხაროდ, ვიტყვით კიდევ, თითქმის ყოველივე ესე, ცნობიერად ქვეყნის სიკეთისათვის წამლად გამოკვლეული, ეს არსებითი სახსარი სამართლის ჭეშმარიტს გზაზედ დაყენებისათვის, ჩვენში სრულად შეიცვალა. შეიცვალა მეთქი!.. შეიცვალა კი არა, ქერეჭი დარჩა და გული კი გამოეცალა სულ იმ ოთხ კედელ-შუა ნასიზმრევის გამო, რომელსაც „ადგილობრივს ვითარებას“ ეძახიან და რომელიც სწორედ ხმაამოუღებელი სახედარია: ვისაც რა უნდა, იმას აჰკიდებენ და გადაჰკიდებენ ხოლმე. ეს უბედური, ყველასაგან დაბრიყვებული, უტყვი „ადგილობრივი ვითარება“ სასაცილო ყოფაშია ჩვენში. არავის, არამც თუ შეუსწავლია, რა ფერისა და ზნისაა, არც კი ცდილა, რომ შეესწავლა. იციან კი, რომ რაღაც „ადგილობრივი ვითარება“ უნდა იყოს, რომელიც სულ მზად არის სამსახურისათვის, როგორც შეკაზმული სახედარი: უნდათ ზედ მოაჯდებიან და დადიან, არ უნდათ - ჭიტლაყს ჰკვრენ და ეტყვიან, წადი და ნარი ჰგლიჯეო.
მეტად ღირსსაცნობია, რა გამომსჭვირვალებს ჩვენს გადასხვაფერებულს წესდებაში „ადგილობრივის ვითარების“ სახელითა? ჩვენის აზრით, სხვა ახალი არაფერი, გარდა იმ სამის მიზეზისა, რომელიც სახეში ჰქონდათ თვით კანონმდებელთ რუსეთში, და რომელიც იქ სრულად უარ-ჰყვეს კიდეც და ჩვენში კი უპირატესი ადგილი მიანიჭეს. ნამდვილი ჩვენი ვითარება კი დავიწყებულ და განგდებულ იქმნა.
ჩვენი წესდებით არ არის საჭიროდ ცნობილი, რომ მომრიგებელი მოსამართლე უსათუოდ ადგილობრივი მცხოვრებთაგანი იყოს; ამის გამო ხშირია ჩვენში, რომ იაროსლაველი კაცი სვანებს, მაგალითად, ანუ ფშავ-ხევსურებს მოსამართლედ ენიშნება იმავე „მომრიგებელი მოსამართლის“ სახელითა, რომლის შესახებ უმაღლესმა მთავრობამ საქვეყნოდ საბუთიანად აღიარა, რომ თუ ადგილობრივი მცხოვრები არ არისო, მოსამართლობას ვერ იზამსო. რა მიზეზით უნდა აიხსნას ეს მართლა-და გაუგებარი განკარგულება, რომელმაც მომრიგებელ მოსამართლობას გული გამოაცალა და მარტო ქერეჭი შეარჩინა? სხვა არაფრით, ჩვენის აზრით, გარდა ამისა, რომ აქაურთ კანონმდებელთ ჰგონებიათ, რომ ადგილობრივ მცხოვრებთა შორის ღირსეულ კაცებს ვერ ვიშოვნითო მაგ თანამდებობის აღსასრულებლადაო. ნუთუ ეს მართლა და ადგილობრივი მიზეზია? რა უნდა შეადგენდეს მიუცილებელს ღირსებას მომრიგებელ მოსამართლისას? ამის პასუხი თითონ უმაღლესმა მთავრობამ საქვეყნოდ აღიარა ამრიგად: მომრიგებელი მოსამართლე უფრო იმისთანა კაცი უნდა იყოსო, რომელმაც ზედმიწევნით უნდა იცოდესო ადგილობრივის ხალხის ავი და კარგიო, ზედმიწევნით უნდა იცოდეს ხალხის ზნე, ჩვეულება, ერთმანეთზედ დამოკიდებულებაო, შინაური კაცის სიბრძნე უფრო უნდა ჰქონდესო, ვიდრე რჯულიერობის ცოდნით და განსამართლების გამოცდილებით განვითარებული იყოსო. ნუთუ ამისთანა კაცის შოვნა და პოვნა აიროსლავში უფრო ადვილია საქართველოსათვის, ვიდრე თვით საქართველოში? იქნება მიპასუხონ, რომ მარტო მაგ ღირსებით იოლად ვერ წავაო მოსამართლე; გარდა მაგისა, მოსამართლეს გამჭრიახი გონება უნდა ჰქონდესო, პატიოსანი ხასიათი და უჩირქო ყოფა-ცხოვრებაო. ნუთუ „ადგილობრივი ვითარება“ ისეთია, რომ პატიოსანი, უჩირქო ყოფაქცევის პატრონი, გამჭრიახ გონებიანი კაცი არ მოიპოვება საქართველოში, და იაროსლავში კი პანტასავითა ცვივა? ამას ვერ იტყვიან, ამას საბუთად ვერ გაგვიბედვენ წარმოგვიდგინონ ჩვენ.
თუ მართლა ჩვენ შორის ძნელი საშოვნი იყო იმისთანა კაცი, რომელიც გასწვდენოდა მთელს მოედანს მომრიგებელ მოსამართლობისას, მაშინ ლოღიკა ამას ითხოვდა, რომ იგი მოედანი შეემცირებინათ, ისე კი, რომ ძირეული თვისება ამგვარის მოსამართლობისა არ შეერყიათ. ამის მაგიერ რა ჰქმნეს? აქაო და პატარა მოედანისათვის კაცი არ არისო, მოედანი უფრო გააფართოეს. რუსეთში მომრიგებელ მოსამართლეს ექვემდებარება სამოქალაქო საქმე არა უმეტეს ორმოცდაათის თუმნის საფასურისა, ჩვენში - ორასის თუმნისა; რუსეთში მომრიგებელი მოსამართლე ვერ შეეხება უძრავის ქონების საკუთრებად ძიებასა, რა ფასისაც უნდა იყვეს, ჩვენში-კი ყოველ უძრავის ქონების საქმე ორასის თუმნის საფასურისა მომრიგებელ მოსამართლემ უნდა გაასამართლოს; რუსეთში მას ექვემდებარება მარტო წვრილმანის დანაშაულობის და ბრალეულობის საქმე. ჩვენში-კი ყოველი დანაშაულობა, რომელსაც რაიმე უფლების ჩამორთმევა, პატივისა და ღირსების აყრა არ მოსდევს. ამ სახით, რუსეთში, ესე იგი იქ, საცა ყური არ ათხოვეს, რომ კაცები არა გვყავსო, მოსამართლეებს საქმე შეუმსუბუქეს, აქ კი, საცა უკაცურობა შესწამეს, საქმე უფრო დაუმძიმეს. ეგ, ჩვენის ფიქრით, იმასა ნიშნავს, რომ ამ უადგილოდ მიღებულს „ადგილობრივს ვითარებას“ კიდევ ხანგრძლივ ხედნა მოელის ამ შემთხვევაში.
ამ ადვილად სახედნელმა „ადგილობრივმა ვითარებამ“ ამ ბოლოს დროს უფრო გაიდგა ფეხი, ვიდრე უწინ. წესდების შემოღების პირველ ხანებში ცდილობდნენ, რომ ასე გაურჩევლად მიღებულმა, სწორედ მოგონილმა და არა ნამდვილმა „ადგილობრივმა ვითარებამ“ - თვისი ეკლები არ გამოაჩინოს, და ნიშნავდნენ მომრიგებელ მოსამართლეებად უფრო აქაურებს, რომელნიც, თუმცა იქაურები არ იყვნენ - საცა ინიშნებოდნენ, მაგრამ ხალხის ენა მაინც იცოდნენ. ეხლა მთლად ამის წინააღმდეგსა ვხედავთ; და თუ ეგრე იარა ამ საქმემ, დრო მოვა, რომ მომრიგებელი მოსამართლე ისევ იმ უწინდელ დიამბეგად გახდება, რომელსაც ხალხი ერიდებოდა, როგორც ჭირს. ეხლაც კი ცხადი ნიშნებია, რომ ჩვენებურს ხალხს, როგორც სიკვდილი - ისე ეჯავრება მომრიგებელ მოსამართლესთან სიარული და, თუ ძალიან არ გაუჭირდა, ყელში თოკი არ მოეჭირა, ძნელად თუ ჰბედავს მომრიგებელ მოსამართლის ხელში ჩავარდნასა.
ჩვენის წესდებით უარყოფილია ის მეორე არსებითი კუთვნილებაც მომრიგებელ მოსამართლობისა, რომელიც მიღებულია რუსეთში, სახელდობრ ისა, რომ ადგილობრივ მცხოვრებელთა უნდა თითონ ამოირჩიონ თავიანთი მომრიგებელი მოსამართლე. ამისი მიზეზი სხვა ვერა მოგვისაზრებია რა, გარდა იმისა, რომ ხალხს ვერ ნდობიან, ჰგონებიათ - რომ ხალხი ვერ ამოირყევს რიგიანს და ღირსეულს კაცსაო, ერთის სიტყვით - ხალხი მოუმზადებელიაო და ამიტომ ამ უფლებას ისე ვერ მოახმარებს, როგორც სანატრელიაო. თუმცა არც ეს არის საბუთიანი სიტყვა, მაგრამ სხვა მხრით არჩევანის უფლების უარყოფა შეუძლებელია, იმიტომ რომ, მეცნიერების თვალით დააკვირდებით ამ საგანს თუ გამოცდილების თვალითა, არც ერთი იგი არამც თუ ეწინააღმდეგება მომრიგებელ მოსამართლის არჩევანით განწესებასა, არამედ უფრო ემხრობა, უფრო ხელს უწყობს. თუ ამაზედ რაიმე ცილობა არსებობს მეცნიერებაში, მარტო იმაზეა ცილობა, რომ უმაღლესი მოსამართლენიც, როგორც მაგალითებრ - წევრნი ოლქის სასამართლოსი, პალატისა, თუ სენატისა, არჩევანით უფრო კარგია რომ განწესდნენო, თუ მთავრობის განკარგულებითაო.
რუსეთში, როგორც ვნახეთ ზემოთ, განათლებულნი შემადგენელნი განსამართლების წესისა იმ აზრზედ დადგნენ, რომ მომრიგებელ მოსამართლობის თვისი სიკეთე მთლად ჩამოერთმევა, თუ არჩევანით განწესება უარყოფილი იქნებაო. ხალხის მოუმზადებლობას იქ ყური არ ათხოვეს. მართლა-და დასაჯერი არ არის, რომ ხალხი სადმე და როდისმე ცუდისათვის მომზადებული იყოს და კარგისათვის კი მოუმზადებელი, ხოლო არჩევანით განწესება მომრიგებელ მოსამართლისა რომ კარგი რამ არის, - ამაზედ ეხლა ეჭვი აქვთ მარტო ბრმებსა და რეგვნებსა. ყოველს მოსამართლეს საერთოდ და მომრიგებელს საკუთრივ, უნდა ხალხის მიერ ნდობა ჰქონდესო, უნდა ხალხისაგან ცნობილი იყოს, როგორც ღირსეული და სარწმუნო კაციო. ნუთუ სადმე ხალხი საზოგადოდ და ჩვენი საკუთრივ იმისთანა ტყის ნადირი იყოს, არ ესმოდეს, - ვისზედ მიენდობა უფრო გული, ვინ უფრო ღირსეული და სარწმუნო კაცია მის ახლომახლო, რომ მას წაავლოს ხელი და იგი დაიყენოს მოსამართლედ? აქ მომზადებულობა და მოუმზადებლობა რა შუაშია? საზოგადოდ ცნობილია, რომ ადამიანი თვით ისტორიის პირველ ხანებში, ესე იგი ჯერ მაშინ, როცა სწავლისა და მეცნიერების სიოც არ მიჰკარებოდა და ფეხიც არ დაედგა ცივილიზაციის გზაზედ და ყოველმხრივ მოუმზადებელი იყო, ჯერ მაშინ მეთქი - მოსამართლეს, თუ არ არჩევანით, სხვაფრივ არ განიწესებდა. სჩანს, აქ ხალხის მოუმზადებლობას, თუ განათლებას, ადგილი არა აქვს; სჩანს, ხალხის მოუმზადებლობა საბუთი კი არ არის წინააღმდეგ მომრიგებელ მოსამართლის არჩევანისა, არამედ უქმი სიტყვაა უქმის კაცისა.
ამას თავი დავანებოთ, ვთქვათ რომ მომრიგებელ მოსამართლის არჩევანისათვის ხალხი ცოტად თუ ბევრად მომზადებული უნდა იყოსო. მითამ ამით რაო? თუ რუსეთის ხალხი იცნეს მომზადებულად, რომ არჩევანით განიწესოს თვისი მახლობელი მომრიგებელი მოსამართლე, ჩვენს ხალხს რაღა ღმერთი გაუწყრა!? ნუთუ რუსეთის ხალხის უმრავლესობა - მუჟიკობა, ჩვენის ხალხის უმრავლესობაზედ - გლეხობაზედ მაღლა დგას მიხვედრილობით, გონების თვალით, გონების ყურით, რომ იქ მუჟიკობა მომზადებულად სცნეს და მიანიჭეს სხვებთან ერთად უფლება მოსამართლის არჩევანისა, და აქ კი გლეხობა - მოუმზადებელად, და ამიტომაც ეგ უფლება ჩამოართვეს? თუ ამ შემთხვევაში განსხვავება რამ არის ამ ორთა ხალხთა უმრავლესობათა შორის, ის განსხვავებაა, რომ სასწორი სიკეთისა ჩვენის ხალხისაკენ უფრო დაიწევს. ჩვენი გლეხი გაცილებით წინ არის რუსის მუჟიკზედა ზნეობითაც, გონების თვალითაც და მიხვედრილობითაც.
„ქმნა მართლისა სამართლისა ხესა ხმელსა შეიქმს ნედლადო“; „სამართლით მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო“, - ამბობს ხოლმე ჩვენი ხალხი. ნუთუ ის ხალხი, რომელიც სამართალს ამისთანა სასწაულთ-მოქმედების ძალას აძლევს, რომ ხმელს ხესაც გაანედლებსო, ხელს მოსჭრის და არ ატკენსო, - ნუთუ ხალხი, რომელსაც ამისთანა ძალა სამართლისა სწამს, რჯულად აქვს მიღებული და ეგრე ცხადად აღიარებული, - ნუთუ ის ხალხი-მეთქი მოუმზადებელი უნდა იყოს წესიერად აგებულის სამართლის კეთილად წარმართებისათვის, და ის ხალხი კი - რომელიც იმით ნუგეშობს, რომ сила солому ломит, - მომზადებულია!..
ეხლა ვსთქვათ, რომ ჩვენი ხალხი ვითომ მართლა მოუმზადებელია. მაშ, ვინც მოუმზადებელია, თავის-დღეში აღარ უნდა მომზადდეს? ხალხს რა ამზადებს? სწავლა, ვარჯიშობა, გამოცდილება, იმ საქმეში ჩაყენება, რისთვისაც მომზადება საჭიროა. კაცს ხელ- ფეხს უკრავთ, და ვეუბნებით-კი, ჭიდილი ისწავლეო; ხალხს მოსამართლის აღმორჩევის ნებას არ ვაძლევთ და ვეუბნებით-კი, ისწავლე კაი მოსამართლეების ამორჩევაო. ეს იმასა ჰგავს: ცურვა ისწავლეო და წყალში-კი ნუ შეხვალო; გზა გაიარეო და შინიდამ ფეხს-კი ნუ გასდგამო. ამ სასწაულთმოქმედებას ხალხი ვერ იზამს, თუნდაც იმისთანა კეტითა სცემოთ თავში, რომელსაც, ჩვენდა საუბედუროდ, „ადგილობრივს ვითარებას“ ეგრე წინდაუხედავად ეძახიან.
ხალხისათვის მიუცილებლად საჭიროა, რომ მის საყოველდღეო წვრილმან საქმეებისათვის მომრიგებელი მოსამართლე რაც შეიძლება მახლობლად ჰყვანდესო, სთქვეს რუსეთის კანონმდებელთა. არც ამ მიუცილებელმა საჭიროებამ გასჭრა ჩვენში.
არა გვგონია, ჩვენს კანონმდებლებს არ სცოდნოდათ, რომ იმისთანა სამართალი, როგორიც მომრიგებელ მოსამართლეს მიენდობა, ძალიან მახლობლად უნდა იყოს ხალხზედ. უმაგისოდ მომრიგებელს მოსამართლობას უკეთესი ღონისძიება ერთმევა, რომ გაჭირვებულს თავის დროზედ მიეშველოს, ვნებულს თავის დროზედ მიხედოს, დარღვეული უფლება სწრაფად აღადგინოს და ნამდვილი სიმართლე აღმოაჩინოს. სხვა დანიშნულება არა აქვს მომრიგებელ მოსამართლეს, როგორც ადგილობრივს მოხელეს და სამართლის ადგილობრივს წინამძღვარს. ხალხთა უმრავლესობა ყოველ ცისამარა დღეს იმდენს წვრილმანს, უფასურს საქმეს აღმოაჩენს ხოლმე თავის ყოფა-ცხოვრებაში, რომ თუ ამ საქმეებისათვის მახლობელი გამრჩევი არა ჰყავს, მითამ მოსამართლე სულაც არა ჰყოლია.
შეუძლებელია, ამ წვრილმანს, თითქმის უფასურს საქმეებს, ყური არ ათხოვოს კაცმა, იმიტომ რომ ცხოვრებაში უფრო ამისთანა საქმეებია, რომელნიც შეადგენენ საკუთრივ ხალხის ზნეობითსა და ქონებითს სიმდიდრეს. ერთსაც და მეორესაც, როგორც არსებითსა კუთვნილებას და საჭიროებას ხალხისას, მუდამი, მახლობელი მფარველი უნდა ჰყვანდეს. უამისოდ ხალხს ზნეობაც შეერყევა ხოლმე და ქონებითი სიმდიდრეც დღემუდამ განსაცდელშია. სიიეფე სამართლისა განა მარტო იმისაგან წარმოსდგება, რომ სამართალი განთავისუფლებულ იყოს ყოველ სახელმწიფო ბაჟისა და ხარჯისაგან, არამედ იმისაგანაც, რომ გაჭირვებულს შორი სატარებელი არა ჰქონდეს თავის გულის დარდის ასაყრელად, თავის ზიანის შესავსებლად, თავისის და თავის ოჯახის პატივისა, ადამიანობის დასაცველად. შორი სატარებელი ბევრს ხარჯს, ბევრს დროს ითხოვს ხალხისაგან, ხალხს ეს ძალიან ძვირად უჯდება, ისე რომ ხშირად იძულებულია ხოლმე თავი დაანებოს საჩივარს, ოღონდ კი არ მოსცდეს თავის შინაურს საქმესა და ხარჯი არ გასწიოს წასვლა-მოსვლაში. საცა მთავრობა რომელისამე მიზეზით ამ ყოფაში ჩააგდებს ხოლმე ხალხს, იქ ხალხის თვალში - სამართალიც, რომელსაც სიშორით ვერ მიჰკარებია, მოსამართლეც - რომელსაც შორიდამ ვერ მისწვდენია, ის არის სწორედ, რაც მაღლა დაკიდებული ძეხვი კატისათვის. მეტი რა გზა აქვს, რომ კატასავით არა სთქვას: დღეს არ მეჭმევა, პარასკევიაო. ამ ყოფაში ხალხს სამართალი თვის მფარველად აღარ მიაჩნია და ამის გამო ამბობს გულში: რაც ჩემთვის არ არის, თუნდა იყოს, თუნდა არაო. ყველამ ვიცით, რომ ჩვენში ჯერ პირველად თითო მომრიგებელი მოსამართლე დანიშნეს თითო მაზრაში. წარმოიდგინეთ იმისთანა მაზრა, როგორც თელავია, რომელიც იწყება თითქმის ანანურიდამ - ლაგოდეხამდე, ცოტა რომ ვსთქვათ - ას ორმოცდაათი ვერსტი, თუ არ მეტი, მაინც იქნება სიგრძით; ანუ დუშეთის მაზრა მცხეთიდამ ლარსამდე, ანუ გორისა - მცხეთიდამ ბეჟანთ-უბნამდე, ანუ ტფილისის თვალგაუწვდენელი მაზრა და სხვანი. მერე სცნეს, რომ შეუძლებელია ამოდენა ქარგლით მიზომვა სასამართლო ნაწილისა და ეხლა თითო მაზრაში ორ-ორი სამოსამართლო ნაწილია. ჩვენ ვამბობთ, რომ მაინც იმოდენა დიდი ნაწილებია, რომ ხალხისათვის სამართალი მეტად შორს არის; ხალხს უჭირდება სამართალთან მისვლა.
რამ აიძულა აქაური კანონმდებლობა, რომ ხალხს მომრიგებელი მოსამართლე არ დაუახლოვა? სხვა არაფერმა, ჩვენის ფიქრით, გარდა ფულის ანგარიშისა.
სამართალი და განათლების საქმე ასეთი უაღრესნი და არსებითნი საჭიროებანი არიან სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, რომ აქ ფულის გაფრთხილება, ფულის დაზოგვა, ხარჯის შიში, მეტად მავნებელი რამ არის, როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის. სამართლის ურიგოდ მოწყობილება სვავია - რომელიც სნთქავს ხალხის სიმდიდრესა,მახვილია - რომელიც ჰკვეთს ფრთებსა ხალხის ხელთმოქმედებას და ეკონომიურს წარმოებას. ფული ორმოში იმალება იქ, საცა იმედი გაწყვეტილია, რომ ჩემი ნაწარმოები ჩემი იქნება, თუ ვინმე გაბედა და შემეცილებაო. და თუ ფული არ მუშაობს, თუ ხალხში თანხა უშიშრად არა ტრიალებს, თუ ხალხში მკვიდრი იმედი არ არის დამყარებული, რომ ყოველს ცილებას ადვილად გადამარჩენს სამართალიო, ყოველს დანაკარგს ადვილად და სწრაფად დამიბრუნებსო, - მაშინ სიმდიდრე ხალხისა, და აქედამ სიმდიდრეც სახელმწიფოსი, ამაო ნატვრაა. მაშინ ურთიერთშორისი ყისტი, ეხტიბარი (კრედიტი), ნდობა გატეხილია და, საცა ეს არ არის ფრთაგაშლილი და ფეხადგმული, იქ ნიშადურიც რომ ამოსცხოთ ხალხის სიმდიდრეს და ხაზინისას, რომლის მხოლოობითი წყარო ხალხის სიმდიდრეა, - ერთს ნაბიჯსაც წინ ვერ წაადგმევინებთ. კანონის სიმტკიცე, სიმკვიდრე, მიუდგომელობა, დადგრომილება, არამც თუ დიდი რამ არის, - ჩვენის ფიქრით, მიუცილებელია საზოგადოების, თუ სახელმწიფო სიმდიდრისათვის, და ეგე ყოველიფერი მაშინ არის, როცა სამართალი რიგიანად არის აგებული და რიგიანად წარმართებული. ყველამ უნდა იცოდეს- მეთქი გულდადებით, რომ მე ჩემი მალე დამიბრუნდება, მე ჩემი არ დამეკარგება, ერთის სიტყვით - სამართალი და კანონი უნდა ყველას სწამდეს თავის მფარველად, თავის სახსნელად. თუ სამართალი და კანონი ისეთია, რომ მისი არც კარგი სჯერათ და არც ავი, მაშინ, ვიმეორებთ, ყოველიფერი ამაოა, მაშასადამე, ამისთანა საქმეში, როგორც სამართლის აღგება და დაყენებაა, ფულის დაზოგვა, ხარჯის შიში - დიდი შეცდომა და შეუვსებელი ნაკლია.
ან განა მართლა აქაური ხაზინა ისეთს მდგომარეობაშია, რომ სამყოფს ფულს ვერა შოობს სამართლის რიგიან მოწყობისათვის? თითო მაზრაში რომ ოთხი მომრიგებელი მოსამართლე მაინც ყოფილიყო, მომრიგებელ მოსამართლისათვის რომ იმოდენა ტვირთი არ აეკიდნათ - როგორც ჩვენში, და ის ეკმარებინათ - რაც რუსეთშია მიღებული, მომრიგებელი მოსამართლე რომ აქაურ მცხოვრებთაგანი დაენიშნათ, მაშინ სრულიად საჭირო არ იქნებოდენ იმოდენა კანცელარიები, მთარგმნელები, რამოდენანიც ეხლა არიან და ჯამაგირებსა სჭამენ. მაშინ უსარგებლოდ იმოდენა ხარჯი არ წავიდოდა, რამოდენაც ეხლა კანცელარიებზედ და მთარგმნელებზედ მიდის, და იქნება გასწვდენოდა კიდეც იმ ხარჯს, რაც ოთხ-ოთხს მომრიგებელ მოსამართლეს თითო მაზრაში მოუნდებოდა. თუნდ ესეც არ იყოს, განა სხვა რაიმე სახელმწიფო გასავლის მოკლება არ შეიძლებოდა, რომ ამ უაღრესის საქმისათვის ფართოდ ხელის გაშლა არ დაბრკოლებულიყო. რატომ არ უნდა მოისპოს ეხლა ჩვენში, მაგალითად, თუნდა ის „დობავოჩნი“, რომელიც სრულიად უმიზეზოდ და უსაბუთოდ ეძლევათ ჩვენში სხვიდან მოსულს მოხელეს ყოველ ხუთს წელიწადში? ამას წინათ რუსულ გაზეთებში ნაჩვენები და დასახელებული იყო ის გასავალი, რომელიც ტყუილ-უბრალოდ ტვირთად აწევს აქაურს ხაზინასა. იმ უსამართლო გასავლის მოსპობა არა სჯობდა სამართლის ფესვების დაჭრასა?
ამ სახით, არც ერთი იმ მიზეზთაგანი, რომელიც „ადგილობრივ ვითარების“ სახელით სარჩულად დაუდვეს ჩვენს მომრიგებელს მოსამართლობის წესსა, ჭკუაში მისაღები არ არის. ამ სახით, სრულიად ტყუილ-უბრალოდ ჩვენი ხალხი გამოაკლეს იმ სიკეთეს, რაც განსამართლების წესმა რუსეთს, ცოტად თუ ბევრად, მიანიჭა. ამ გამოკლებას ის შედეგი მოჰყვა, რომ ჩვენში მომრიგებელი მოსამართლობა ცარიელ ღეროდ დარჩა, იმისთანა ღეროდ, რომელსაც ფესვებიც დაჭრილი აქვს და ფოთლებიც დაბღერტილი.
შემდეგ წერილში შეძლებისამებრ ვეცდებით ეს დავამტკიცოთ.

