ჩარჩული კაპიტალი და ჩვენი მრეწველობა (ლითოგრაფიის ქვის მადნის აღმოჩენის გამო)
- nino otiashvili
- Nov 21, 2023
- 4 min read
ამბობენ, ჩვენში ვაჭრები და სოვდაგრები ფულიანი ხალხიაო. იქნება ეგრეც იყოს, ხოლო არა გვგონია სადმე იყოს ისეთი გამოუსადეგი და გაუბედავი ვაჭარი, აღებ-მიცემობის კაცი, ერთის სიტყვით, ფულით მომქმედი ადამიანი, როგორც ჩვენს ქვეყანაში არის ზოგადად და ტფილისში საკუთრივ. მთელს მოქმედებას ფულიან კაცებისას ჩვენში რომ თვალი დააკვირვოთ, ჰნახავთ, რომ იგინი მარტო ერთის ჯიბიდამ მეორეში ფულის გადატანისათვის იღვწიან და მათგან სხვა არაფერი გამორჩენა არ იცის ქვეყანამ. აბა ერთი მიიხედ-მოიხედეთ ჩვენს გარშემო და გვიჩვენეთ, რომ ერთს ვისმეს მათგანს თითი გაენძრიოს ქვეყნის სიმდიდრის წასამატებლად ამ ყოვლად და მრავალგვარად მდიდარს ქვეყანაში, საცა ათას გვარი ფაბრიკა, ქარხანა და ერთობ ამის მაგვარი მრეწველობა დიდს ხელს მისცემს მრეწველსაც და ქვეყანასაც გაამდიდრებს, არც ერთს ფულიანს კაცს გუნებაშიაც არ გაუტარებია, აზრადაც არ მოსვლია, რომ შეიძლება კაცმა თვითონაც იხეიროს და ქვეყანასაც არგოს რამე.
აქაური ფულით მომქმედი კაცნი მარტო ორს მამა-პაპათაგან ნაანდერძევს საქმეს მისდევენ და ამას გარეითად სხვა არა იციან რა და არც სურვილი აქვთ იცოდნენ. ერთი საქმე ფულის სესხად გაცემაა, ისიც მამასისხლად და იმოდენა მძიმე პირობით, რომ სესხის ამღებს ილაჯი უნდა გაუწყდეს ცხოვრებისა, თვითონ გასაწყლდეს, გაღარიბდეს, მიწასთან გასწორდეს, და ფულიან კაცს ერთი-ორად ფული მოაგებინოს, რომ მერე იგი ფულიანი, უფრო გაძლიერებული ერთის პირქვე დამხობითა, მეორეს მიესიოს და მეორე ჩაითრიოს, მერე სხვა და მერე სხვა. რა თქმა უნდა, ამისთანა საქციელისათვის დიდი შრომა და გარჯა საჭირო არ არის: იჯექ შენთვის გულხელდაკრეფილი შინ და ფული კი თავისთავად იბარტყებს, აქ მარტო მიცემა უნდა ფულისა და მერე მიღება თავისის ნაბარტყითა. მეორე საქმე დუქანში დილიდამ საღამომდე თვლემაა. ჰზის დუქნის პატრონი დაზგის წინ და მუშტარის ლოდინში ან ჭერში ბუზებსა სთვლის ძილისაგან დასიებული, ან ძილისაგანვე გასიებულს თავს აკანტურებს თვლემითა. თუ რამ ზრუნვა და ფიქრი აქვს, ყოველივე მიქცეულია მარტო იმაზედ, ვინ როგორ მოატყუოს, როგორ გაასაღოს კარგი საქონლის ფასად იეფად ნაყიდი დამპალი საქონელი, და თუ მის ბედობაზედ მუშტარი ვინმე უცაბედად შემოეხეტიალა, რაც შეიძლება ბევრი გამოჰგლიჯოს, ან წონასა და ზომაში მოტყუებით გამორჩეს რასმე. სცხოვრობს იგი ამ ხელობითა დღითი-დღე, სრულიად დარწმუნებული, რომ ეს ამისთანა ხელობა შრომაა და ჯაფა, არც იმას ჰფიქრობს, რომ მუშტარი შეიჩვიოს პატიოსნებითა, კარგის საქონლის ვაჭრობითა, არც ის ესმის, რომ ერთხელ მისგან მოტყუებული მუშტარი მისთვის სამუდამოდ დაკარგულია, არც იმის გაგება აქვს, თუ მცოდინარის და ჭკუაფხიზელის პატიოსანის ვაჭრის უტყუარი და სამართლიანი მოგება რაში მდგომარეობს. რაკი ერთხელ და ერთხელ გადუწყვეტია, რომ მანეთს ხუთი ან ექვსი შაური უნდა ამოაღებინოს, იგი მაგ მანეთს თუნდა მთელი წელიწადი უქმად ამყოფებს თავის დუქანში იმის ლოდინში, რომ ერთხანად აჰგლიჯოს ვისმე ერთხელ განზრახული ხუთი თუ ექვსი შაური. მისი ვაჭრობის უნიჭობა დღეს-აქამომდე ვერ მიმხვდარა, რომ შესაძლოა იგივე ხუთი და ექვსი შაური მოაგებინოს მანეთს, თუ რომ თითო გადატრიალებაზედ თითო შაურს მოგებას დასჯერდება და ეცდება, რომ წელიწადში მანეთი ხუთჯერ და ექვსჯერ გადაატრიალოს. რა თქმა უნდა, ამისათვის საჭიროა მოძრაობა, ჯაფა, გარჯა და ყოველს ამაზედ იგი ზარმაცია, ყოველივე ეს ეზარება, თუმცა კი ყოველ შემთხვევაში ჰქადულობს და მოჰკვეხს, რომ მშრომელი, გამრჯელი და მუყაითი საქმისა მთელს კავკასიაში მე ვარო, სხვანი სულ ზარმაცნი არიანო და ხელიდამ არა გამოუვათ- რაო.
ამ ტყუილ ბაქიებს, რომელნიც მარტო იმაზედ არიან მოცლილნი, რომ, როგორც ვსთქვით, ფული სხვისის ჯიბიდამ თავის ჯიბეში გადააქვთ და ქვეყნისათვის ერთის იოტის ოდენაც არა შეუმატნიათ რა, უცხო ქვეყნელთა მრავალ გზით პირიდამ ლუკმა გამოაცალეს. უკეთესნი ვაჭარნი დღეს ჩვენში უცხო ქვეყნელები არიან. ეს კიდევ არაფერი; რაც ჩვენის ცხოვრების განკარგებასთან ერთად ცალკე კაცისათვისაც გამოსარჩენია და სახეირო, ყოველივე ის ცხვირწინ გაეპარათ ჩვენებურს სოვდაგრებს, რადგანაც მათი ქებული ვაჭრობის ნიჭი საქმის სიკეთეს ვერ მისწვდა.
როცა ქალაქში ცხენის-რკინისგზის გამართვასა ჰფიქრობდნენ, ჩვენებურმა სოვდაგრებმა ვერ შეჰბედეს ამ საქმეს. ვერ შებედვა კიდევ არაფერია, საქმე ის არის, რომ მაგ გზის საქმე სიცილადაც არ ეყოთ, ასე შორსმჭვრეტელნიც არიან. „რასაც მოიგებენ, ჩვენ წილს ნუ დაგვიდებენო, იძახოდნენ უმეცრების კმაყოფილებით და დაცინვით ჩვენი ფულიანი კაცები. როცა ცხენის- რკინისგზა სხვა ქვეყნიდამ მოსულმა გაჰმართა და ნახეს, რომ ამ საქმეს კაი მოგება აქვს, მხოლოდ მაშინღა წამოაჭყიტეს თვალები და წუწუნებდნენ: „ვა, ეს საქმე ხელიდამ როგორ გავუშვითო“.
ესეთივე საქმე მოუვიდათ შავის-ქვის გამო: უცხო ქვეყნელებმა ეს აუარებელი სიმდიდრე ხელიდამ გამოსტაცეს. ესეთივე საქმე დაემართათ შაქრის ქარხანის გამო, რომელსაც ეხლა სხვიდგან მოსულები ჰმართავენ სკრაში, თ. კ. შალიკოვის მამულში, და ჩვენი სოვდაგრები კი დუქანში თვლემას ვერ მოჰშორებიან, ტიბიკონი არ უწერთ. სწორედ ეს ამბავი დაატყდებათ თავზედ ღვინის ვაჭრობის გამოცა. დღეს ჩვენებურს ღვინოს დიდი ფართო გზა ეხსნება. მეტისმეტად გადაჭარბებული იმედი არ იქნება ვსთქვათ, რომ ჩვენებურის ღვინის საქმეს ამ ათიოდ წელიწადში დიდი ბაზარი ექნება მთელს რუსეთში. აბა თუ ერთს ჩვენებურს ფულიანს კაცს ამ საქმის ალღო მაინც აეღო. თქვენც არ მომიკვდეთ; ჯერ სხვამ გაჰკაფოს გზა და მერე იქნება გაჰბედონ აქაურებმა გატკეპნილ გზაზედ ფეხის დადგმა. ნავთის საქმეს კი ეს დღე არ დაუდგა ჩვენის სოვდაგრების უთაურობით? საითაც გინდათ მიიხედეთ და ყველგან ჰნახავთ, რომ ჩვენებურს ფულიანებს არც გონება უჭრით, არც თვალი, რომ სანახავი დაინახონ და ნამდვილს წყაროს სიმდიდრისას ხელი ჩაავლონ თავის სახეიროდ ცალკე და ქვეყნის საკეთილოდ ერთობ.
აი ეხლაც აღმოჩენილა ჩვენს ქვეყანაში წყარო სიმდიდრისა აღბულაღში თავად დ. ზ. ბარათაშვილის მამულში. ალგეთზედ გამოჩენილა მშვენიერი ქვა სალითოგრაფიო და საკირე ქვა ისეთის მაღალის ღირსებისა თურმე, რომ უკეთესი აღარ უნდა. უნდა მოგახსენოთ, რომ სალითოგრაფიო ქვას დიდი გასავალი და დიდი ფასი აქვს ევროპასა და რუსეთში. კაცი რომ ამ ქვის მოჭრას, კეთებას და გასყიდვას შეუდგეს, მოგება და დიდი მოგებაც უეჭველია, იმიტომ რომ დიდი ფასი და ბაზარი აქვს; ფასი და ბაზარი დიდი აქვს იმიტომ — რომ მთელს ევროპაში ამ ქვის მადანი, — თუ არა ვცდებით, — მარტო ბავარიაშია ზოლენჰოფენში და მთელი ევროპა ამ ქვას მარტო აქედამ ეზიდებოდა. ამდენი გაუზიდნიათ დღეს-აქამომდე, რომ დედამიწის ზედაპირზედ სულ მოულევიათ და ეხლა თურმე ღრმად თხრა სჭირია, ღრმად მიწაში ჩასვლა, რომ ქვა იქა სჭრან და ამოიღონ. მინამ ქვა მიწის მაღლა ყოფილა და ან ღრმად თხრა არ სდომებია, ქვა, რასაკვირველია, შედარებით იეფი იქნებოდა. ეხლა, რაკი თხრა არის საჭირო და მიწაში ღრმად ჩასვლაც, უეჭველია ქვის ფასიც აიწევდა და აიწია კიდეც. ჩვენში აღმოჩენილი სალითოგრაფიო ქვა კი ალგეთის ნაპირზედ ერთს უშველებელს, ტიტველა კლდეს წარმოადგენს თურმე. აქ მოჭრა და გათლა ქვისა მეტად ადვილია ამის გამო და მაშასადამე იეფიცა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ალგეთის წყალი და თითქმის ხელუხლებელი ტყეც ზედვე აქვს. ეს წყალი და ტყე დიდად ხელს შეუწყობს ქარხანას ქვის საჭრელ თუ სათლელ მაშინების სამოქმედოდ. ამისთანა კარგის და ხელშემწყობ გარემოებით მოცულს მადანს სალითოგრაფიო ქვისას კაცი ნატვრითაც ვერ ინატრებს.
ჰნახავთ თუ ეს მზადმზარეული აუარებელი სიმდიდრეც პირიდამა არ გამოეცალოთ ჩვენს ფულიან კაცებსა!.. საქმე ახალია, საჭიროა სხვისი თვალი და სხვისი ჭკუა, და მაშინ კი გვიანღა იქნება. მადნის პატრონს თ. ბარათაშვილს, ჩვენის ფიქრით, ძალიან კარგი უქნია, რომ დრო არ დაუკარგავს...
თ. ბარათაშვილს გამოჰლაპარაკებიან კიდეც გონებაფხიზელნი და გამჭრიახნი ევროპიელნი. ნიმუშად გაგზავნილ სალითოგრაფიო ქვებს აღტაცებაში მოუყვანია მცოდნე კაცნი. ეხლა მიწერ- მოწერა აქვთ თურმე ზოგიერთ ევროპიელ ფირმებს თ. ბარათაშვილთან და მორიგებაზედ აქვთ ჩამოგდებული სიტყვა. ერთი ნიმუში პარიზშიაც გაუგზავნია, რადგანაც იქაურ ვაჭრებს და სოვდაგრებს, რომელთათვისაც საინტერესოა ეს საქმე, მოუთხოვნიათ იგი ნიმუში.
ამ სახით ეს წყაროც აუარებელის სიმდიდრისა ჩაუვარდებათ ხელში ევროპიელთა...
ტფილისი, 30 ივლისი, 1886 წელი