top of page

ქართული გაზეთის „დროების“ რედაქტორის ივანე მაჩაბელის გასამართლება

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 8, 2024
  • 2 min read

ტფილისი, 8 ოქტომბერი, 1886 წელი


ჩვენის ტფილისის სასამართლო პალატის მატიანეში ერთი მეტად საგულისხმიერო ამბავი უნდა შევიტანოთ. გუშინ პალატამ დამნაშავედ არ იცნა და სრულიად გაამართლა „დროების“ რედაქტორი ივ. მაჩაბელი, რომელსაც შესწამეს ერთგვარი დანაშაულობა, კანონებში დიფამაციად ცნობილი. საქმე იმაში იყო, რომ ხსენებულმა რედაქტორმა თავის გაზეთში დაჰბეჭდა ზღაპრად მოწერილი ამბავი და ამბავში იცნა თავისი-თავი ერთმა მოხელემა, თუმცა არც დასახელებული იყო და არც რაიმე ნიშნით აღნიშნული. მოხელეს რაკი თავისი თავი ეცნა და იმ ამბავში მოხსენებული საქმენი და საქციელნი ეთაკილნა, აეღო და საჩივარი შეეტანა, რომ გამაუპატიურესო. ამ ამბავმა ერთ დროს დიდი ალიაქოთი სატეხა ჩვენს პატარა წრეში და „დროებას“, ჩვენდა სამწუხაროდ, ძვირად დაუჯდა. ამისთანა წინასწარი შედეგი მით უფრო სანაღვლელია, რომ დღეს პალატამ გაასამართლა ეს საქმე და დაინახა, რომ რედაქტორი და გაზეთი აქ არაფერს შუაშია. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი არ იყო, რომ პირუთვნელი სამართალი ამ საქმეს სწორედ ასე დააბოლოვებდა. პირიქით, ჩვენ ის გვიკვირდა, რომ თვითონ ბრალდება როგორ უნდა აშენებულიყო იმისთანა უსაფუძვლო საბუთზედა, რომელიც სარჩულად დაუდვა თავის საჩივარს ტყუილუბრალოდ გულგამწყრალმა მოხელემა. ჩვენ გვეოცებოდა, რომ საქმე თვით განსამართლებამდე არ იქმნა მოსპობილი და თვითონ საჩივარი უყურადღებოდ დატოვებული.


ვინ იტყვის, რომ კანონი არ უნდა უფრთხილდებოდეს ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობას, ვინ იტყვის, რომ იგი არ უნდა ესარჩლებოდეს ყოველს კაცს, რომლის პატივი და სახელი საქვეყნოდ გაუპატიურებულია და შეურაცხყოფილი ვისგანმე. მაგრამ მეტისმეტი დაქვეითება იქნება კანონისა, რომ კაცმა ზღაპრად დაწერილი ამბავი თავის- თავზედ მიიღოს და კანონს სთხოვოს, გამომესარჩლეო. განა არის ქვეყანაზედ იმისთანა ნაწერი, საცა კი ადამიანია ხსენებული, რომ გაზვიადებულმა გრძნობამ თაკილობისამ კლანჭი არ გამოჰკრას რასმე და თავის-თავზედ არ მიიღოს? ყველაფერს ამას რომ კანონმა სარჩლი და ქომაგობა დაუწყოს, სად წავა! ან ამისთანა შემთხვევაში პირუთვნელმა სამართალმა თავისის სასწორის უღელი რაზედ უნდა დაანდოს?


თუნდ ეგეც არ იყოს, ვსთქვათ — რედაქტორს მოთხრობა რამე მოუვიდა დასაბეჭდათ და ამ მოთხრობაში არც სახელია, არც გვარი ნახსენები, არც ნიშნობლივ რაიმე ნაჩვენები, რომ ამით მაინც მიუხვდეს, ვისზედ არის დაწერილი; განა აქვსღა რაიმე ღონისძიება გამოიცნოს, რომ ცხრა მთას იქით ესა და ეს კაცია, რომელიც ყოველს მოთხრობილს თავის-თავზედ მიიღებს, ითაკილებს და კანონს მიჰმართავს შემწეობისათვისაო. ამ შემთხვევაში რომ ბრალი დაედოს რედაქტორსა, ჯერ უნდა მივანიჭოთ მას ნიჭი გულთმისნობისა, და რადგანაც ეს ნიჭი ადამიანის ხელთ არ არის, ყოველივე ბრალი ამისთანა შემთხვევაში ამ ნიჭის უქონლობაზედ იქმნება აშენებული. კანონი ვერ იკისრებს დაჰსაჯოს კაცი, იმიტომ რომ გულთმისანი არა ხარო.


პალატას რომ გუშინდელ გარჩეულ საქმეში რედაქტორი „დროებისა“ დამნაშავედ ეცნო, მთელს ლიტერატურას თავსზარს დასცემდა. მას შემდეგ შეუძლებელი იქმნებოდა კაცს რაიმე მოთხრობა, რომანი, კომედია დაეწერა, იმიტომ რომ არც ერთი ამისთანა რამ ისე არ იწერება, რომ ადამიანის საქციელი ან ავად ან კარგად არ იხსენებოდეს. რაკი ასეა, რაკი ამგვარი ლიტერატურა თავის საგანს ადამიანთა ცხოვრებიდამ იღებს და იმოდენადაც ქებულია, რამდენადაც ახლოა ამ ცხოვრებასთან, ამიტომ არც ის შეიძლება ამ თვალგადაუწვდენელ ქვეყანაში ერთი ამისთანა კაცი არ მოიპოვებოდეს, რომ რაიმე მსგავსება თავისი არ იცნოს და მაშასადამე საბუთიც საჩივრისა ხელთ არ ჩაიგდოს დასასჯელად დამწერისა. თქვენი მტერი იქნებოდა, რაც საქმე ლიტერატურას დაემართებოდა, რომ ეს ასე იყოს. გუშინდელმა განაჩენმა პალატისამ, ჩვენდა სასიხარულოდ, დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის და არც უნდა იყოს.

Recent Posts

See All
გზა-და-გზა და სხვათა შორის

1889 წელი ჩვენ არა ერთი და ორი მაგალითი წარმოვუდგინეთ მკითხველს იმისი, თუ რა „ინტენსიური“ ცოდნა ჰქონია ისტორიისა ავტორს „Письма о...

 
 
გაზეთი „მეურნე“

ტფილისი, 16 იანვარი, 1888 წელი ჩვენში სალიტერატურო მოღვაწეობა საერთოდ და ჟურნალ-გაზეთობის საქმე საკუთრივ ჯერ კიდევ მსხვერპლს ითხოვს...

 
 
bottom of page