top of page

გზა-და-გზა და სხვათა შორის

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 27, 2023
  • 8 min read

1889 წელი


ჩვენ არა ერთი და ორი მაგალითი წარმოვუდგინეთ მკითხველს იმისი, თუ რა „ინტენსიური“ ცოდნა ჰქონია ისტორიისა ავტორს „Письма о Грузии“-სას. ეს არ იკმარა გალაღებულმა ავტორმა და ერთი ორიოდე მაჩთი-მალაყი კიდევ გადავიდა „Новое Обозрение“-ს ფურცლებზედ, თითქო ლიტერატურა საართურმო მოედანი იყოს. ჩვენ თავს არ გავუყადრებთ და ყურს არ ვათხოვებთ იმ ყოვლად უზრდელობას და უწმაწურობას, რომლითაც თავდაუჭერელმა ავტორმა აავსო თავისი ორი უღირსი ფელეტონი, იმიტომ რომ ესეთია გადაუვალი ბუნებური კანონი: „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების“ და „ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობს“. არც იმ სახელ-უწოდებელ ტყუილს გამოვუდგებით, ვითომც „Audiatur et altera pars“ ჩვენ წესად არა გვქონდეს მიღებული. შესაძლოა ამით ვინმე იფიქრა, — იქნება თითონ „Новое Обозрение“-ს რედაქციამაც, — რომ ვითომც თავისი პასუხი ავტორს ჩვენს რედაქციაში მოეტანოს და ჩვენ დაბეჭდვის უარი გვეთქვას. ეს სინიდისის საქმეა და დეე საკუთარმა სინიდისმა ამხილოს ამისთანა კადნიერი მომგონი აშკარა ტყუილისა.


ჩვენ მარტო მის უთავ-ბოლო სიბრძნეს ჩავუდგებით კვალში და ორიოდე ბრწყინვალე მაგალითს კიდევ წარმოვუდგენთ მკითხველს იმისას, თუ სადამდე მივა ხოლმე ლაღი კადნიერება თავმომწონე და თავგასულ უმეცრებისა.


ჩვენ ჩვენს წერილებში ვსთქვით, რომ მოსე წინასწარმეტყველი, შლოსსერის სიტყვით, გარდაიცვალა 1480 წ. ქრისტემდე. როგორც თქვენ, ისეც შლოსსერი სტყუითო, გვიბრძანა ამაზედ ავტორმა და ჩვენდა გამტყუნების საბუთად წარმოგვიყენა შემდეგი სიტყვები ვებერისა:


„...Возвращение израильтян из Египта (около 1300 г.) оттеснило хананейские племена на узкое побережье“.


ამ სიტყვებით აფრთოვანებული ავტორი „Письма о Грузии“-სა რაღაც უცნაურის ლოღიკით განაგრძობს:


„Нужна-ли еще ссылка на то, кто именно, Моисей, или кто другой вывел израильтян из Египта? Сравните-же после этого дату Вебера 1300 г. с нашею датою — 1311 г. и с его (фельетониста Иверии) датою по Шлоссеру — 1480 г., и скажите, не фарс-ли его поход против нас. В том то и дело, что Вебер не календарь, его нужно знать и уметь им пользоваться“ (Новое Обозрение No 1847).


ჩემი რა გითხრა, გული რით დაგწვაო, სწორედ ეს არის. თითონ ვერ გაუგია ვებერის თქმული და სხვას-კი უკიჟინებს, არ გესმითო. ვებერის თარიღი ეკუთვნის ერთს ამბავს, რომელიც ავტორს სულ სხვა ამბავში აურევია. ვებერი უჩვენებს თარიღს ისრაელთა პალესტინაში მისვლისას და ჩვენს ავტორს კი ეგვიპტიდამ გამოსვლის თარიღად მიუჩნევია. განა ისრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდამ მოსეს დროს და პალესტინაში მისვლა ისუ-ნავეს დროს ერთი-და-იგივე ამბავია, ან ერთისა-და-იმავე თარიღისა? აბა ერთი მეორე კლასის შეგირდსა ჰკითხოს ავტორმა, რა პასუხს

მიიღებს. დღეს ბალღმაც-კი იცის, რომ ამ ორს ამბავს შორის მთელი ორმოცის წლის ხანაა ისრაელთა უდაბნოში ყოფნისა, სულ ცოტა რომ ვსთქვათ. ბალღმაც-კი იცის, რომ მოსემ ვერ მიაღწია პალესტინამდე და ისრაელთა მისვლამდე გარდაიცვალა, და ჩვენს თავმომწონე ავტორს- კი ყოველივე ეს ჯერ არ შეუტყვია. ვებერი ამბობს ისრაელთა პალესტინაში მისვლაზედ და ავტორს კი ეს ამბავი ეგვიპტიდამ გამოსვლად ჩასწვეთებია ყურში. წაკითხულის გაგება გინდათ და ამისთანა! მოდით და ამის შემდეგ ავტორს მისვე სიტყვებს ნუ მიუბრუნებთ:


Вебер не календарь, его нужно знать, уметь им пользоваться и, когда он говорит о возвращении израильтян в Палестину, следует понимать это в смысле возвращения израильтян в Палестину, а не исхода их из Египта, ибо между этими двумя совершенно различными событиями лежит почти целый полувековой период странствования евреев по пустыне.


თუნდ ეგეც არ იყოს: ჩვენ შეტყობილი გვქონდა, რომ მოსეს გარდაცვალებას ზოგნი 1480 წელს ამბობენ, ზოგნი 1475 წელს, როგორც ნემზერი, რომლის ებრაელთა ისტორია გამოვიდა 1888 წ., ზოგნი - 1350 წელს, ჩვენ მივიღეთ თარიღი შლოსსერისა, რომელსაც ნემზერის თარიღთან მარტო ხუთი წელიწადი აქვს თაბაუთი, უამისოდ ჩვენის ავტორისათვის უნდა შეგვეწამა არ-ცოდნა გამოთვლისა (вычитание). აი რა საბუთით ვამბობთ ამასა:


ზემოხსენებულისაგან სჩანს, რომ ავტორს ეხლა ჰსურს მოსეს აღსასრულის თარიღად მივიღოთ 1300 -1311 წელი. დავუთმოთ ეს ჩვენს ავტორს. ხოლო რას გვეტყვის იგი, როცა მოვაგონებთ, რომ თავის პირველ წერილში (Сев. Вест., გვერდი 56) მოგვითხრობს, ვითომც მოსეს შემდეგ გადისო კიდევ რვაასი წელი (ზოგან ათასსაც ამბობს) იეზეკილამდე, რომელიც, ავტორისავე სიტყვით, მეშვიდე საუკუნეში სცხოვრებდა. გამოსთვალეთ 1300 - 1311 წლებიდამ რვაასი წელიწადი -ათასს აღარ ვიტყვით - და განა ძირს მეშვიდე საუკუნე დარჩება? აბა ერთი თითებზედ იანგარიშოს ავტორმა. ჩვენ მიერ ჩვენებულ თარიღიდამ კი სწორედ მეშვიდე საუკუნე ჰრჩება. მაშასადამე, ჩვენ ან უნდა გვეფიქრა, რომ ავტორი შლოსსერის თარიღს ჰგულისხმობს, ან უნდა შეგვეწამა, რომ თითებზედ თვლაც არა სცოდნია. ჩვენ პირველი მივიღეთ სახეში და თავაზა და ხათრი გავუწიეთ ავტორს. ჩვენ არ გვინდოდა თითებზედ თვლის არ-ცოდნამდე დაგვექვევითებინა, თავმოწონებული ავტორი, დაწაფებული „დიდს წყაროს ცოდნისას და ნათელისას“.

ეხლა, რაკი თითონ ავტორს სამჯობინაროდ დაუნახავს თითებზედ თვლის არ-ცოდნა იკისროს, ვიდრე შლოსსერს დაუჯეროს, ეგ მისი ხელშეუხებელი ნებაა. ჩვენ-კი ამ შემთხვევაში მოსეს გარდაცვალების თარიღად თუნდ დღევანდელ დღეს მივიღებთ, როგორც სალმანასარის ცხოვრების თარიღად ავტორს მიუღია მეცხრე საუკუნე ქრისტეს შემდეგ (Сев. Вест., No 2, გვერდი 63), მაშინ - როდესაც იგი მერვე საუკუნეში იყო ქრისტეს წინათ. ამ სახით, ყოვლად-შემძლებელმა ავტორმა მკვდრეთით აღადგინა იგი თითქმის 1700 წლის მერმეთ.


ეხლა ჰნახეთ, რა მალაყს გადადის ჩვენი ავტორი მცხეთის გეოგრაფიულ ადგილ-მდებარეობის გამო. ჩვენ ჩვენს წერილებში ვსთქვით, რომ ავტორს მცხეთა გადაუტანია და დარიალის ხეობის შესავალში დაუბინავებია. ეს იმ საბუთითა ვსთქვით, რომ ავტორი (Сев. Вест. No 2, გვერდი 37) გვეუბნება: ვითომც Ксерск - „позаботился укрепить Мцхет, резиденцию старшего Мамасахлиса Грузинского, расположенную у входа в Дарьяльское ущелье“.


დააკვირდით ამ სიტყვებს და გულზედ ხელის დადებით გვითხარით, სცოდნია მცხეთის გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობა თუ არა ავტორს. ჩვენ, რასაკვირველია, ვუთხარით ავტორს, რომ არა სცოდნია. ეხლა უყურეთ, რა პასუხს იძლევა იგი ამაზედ „Новое Обозрение“-ს No 1859-ში. თქვენ რად გიკვირთო, რომ მე მცხეთა დარიალის ხეობის შესავალში მდებარედა ვსთქვიო; თქვე საწყლებო, სტრატეგიისა არა გაგეგებათ-რაო; განა არ ამბობენო, რომ:


„Смоленск для Наполеона был ключем к Москве, Мец — ключем для немцев к Парижу, а Герат является ключем к Индии“.


მითამ რა გამოდის აქედამ? რა ვუყოთ, რომ სმოლენსკი „ключ“-ია მოსკოვისა, მეცი - პარიზისა და ჰეირათი - ინდოეთისა! აქედამ განა ის გამოდის, რომ სმოლენსკი მოსკოვის შესავალში მდებარეობს, მეცი - პარიზისაში და ჰეირათი - ინდოეთის შესავალში? განა ავტორმა არა სთქვა - მცხეთა დარიალის ხეობის შესავალში მდებარებსო და იქ „ключ“-ების ჩხარაჩხური რა შუაშია. ნეტა ვის დასცინის ავტორი? თავის-თავს, თუ „Новое Обозрение“-ს მკითხველებს? ღვთის გულისათვის, ერთი გვიამბეთ, - რა უგავთ ერთმანეთს - Мцхет расположен у входа в Дарьялское ущелье და Смоленск ключ к Москве, Мец - к Парижу, Герат - к Индии? პირველ შემთხვევაში საუბარი გეოგრაფიულ მდებარეობაზეა და მეორეში - სასტრატეგიო ადგილზე, ფიგურულად ნანიშნზედ. პირველ შემთხვევაში გეოგრაფიული ადგილ-მდებარეობაა, მეორეში სტრატეგიული მნიშვნელობა ადგილისა. დავანებოთ ამასაც თავი, ცოტას ხანს დავუჯეროთ ავტორს, რომ, რადგანაც ამბობენ სმოლენსკი „ключ“-ია მოსკოვისა და მეცი - პარიზისა, ამიტომაც მეც შემიძლიან ვსთქვაო, რომ Мцхет расположен у входа в Дарьяльское ущелье, - ეს სულ ერთი იქნებაო.

ხოლო, ავტორის სიტყვით, სმოლენსკი ხომ ნაპოლეონისათვის იყო „ключ“-ი მოსკოვისა და მეცი -გერმანელებისათვის - პარიზისა. მცხეთა თუ „ключ“-ია დარიალისა, ვისთვის? თითონ ქართველებისათვისვე განა! აბა მცხეთიდამ სხვა ვინ გააღებდა დარიალს, და თუ სხვა ვინმე გააღებდა, - მადლობა ღმერთსაც - ჩვენგან გასასვლელად გააღებდა და თავიდამ მოგვშორდებოდა.


ჩვენ გვახსოვს ლორის-მელიქოვზედ გრძელი წერილები და იქიდამ დიაღაც შეტყობილი გვაქვს, რომ „Новое Обозрение“-ს კარგი სტრატეგოსები ჰყავს და, მაშასადამე, სტრატეგიის შესახებ ყველაფერი, მის ფურცლებზედ ნათქვამი, სახარების სიტყვასავით უნდა დავიჯეროთ. მაგრამ ნურას უკაცრავად, თუ ამ შემთხვევაში გავბედავთ ჩვენი აზრი ვიქონიოთ. ვინ არ იცის რომ, სტრატეგიის თვალით, შესანახი და დასაცველი რომელისამე ქვეყნისა მისი სატახტო ქალაქია, და „ключ“-ი, ესე იგი ჩვენებურად - კარი, მისი გარეთი ნაპირებია.


ვის არ გაუგონია, ჩვენის ავტორის მეტს, რომ კარს გარედამ შემოსვლის შიშით აბმენ და არა შიგნიდამ გასვლის შიშითა. მცხეთა ხომ სატახტო ქალაქი იყო, ავტორისავე სიტყვით, და სასტრატეგიო ლოღიკა ითხოვს, რომ თუ სადმე „ключ“-ია, სატახტო ქალაქის მოღმართ უნდა იყოს, როგორც სმოლენსკია მოსკოვის მოღმართ, მეცი - პარიზისა, და არა მიღმართ როგორც მცხეთისათვის დარიალია. აბა ერთი მაგალითი გვიჩვენოს ავტორმა მთელს ქვეყნიერობაზედ, რომ სატახტო ქალაქი სადმე კარად, ანუ ავტორის „ключ“-ად გაეხადნოს ვისმე, რომელისამე სანაპირო ადგილისათვის.


აი ავტორმა, „Новое Обозрение“-ს ავტორიტეტობის წინამძღოლობით, რომ მოსკოვი სმოლენსკის „ключ“-ად გადააქციოს, პარიზი - მეცისად და მერე რომ მცხეთაც დარიალის „ключ“-ად გარდაქმნას, კიდევ ჰო: კაცი ამას მაინც იტყოდა, აქ მცირეოდენი ძაფი მაინც არის ლოღიკისაო, თუმცა ამ ძაფზე გამონასკული სტრატეგია-კი მაინც ბედაური ტყუილი იქნება. ამისთანა სტრატეგია, როგორიც ავტორმა მცხეთის თაობაზედ გამოაჩინა და „Новое Обозрение“-ს ავტორიტეტობით გააძლიერა, ახალი გაგონებაა ქვეყნისათვის, და აქაც მეტი რა გზაა -პირველობა აღმონაჩენობისა ჩვენს ავტორს უნდა დავულოცოთ და ამ სტრატეგიის გამომზევება — „Новое Обозрение“-ს, თუმცა Сев. Вест. კი იწყენს, ეს პატივი მე რათ ჩამომართვესო. მინამ ჩვენის ავტორის თავაზითა და „Новое Обозрение“-ს ხათრით საფრანგეთი პარიზს მეცის „ключ“-ი იქნება მცხეთისა ჩრდილოეთით და არა მცხეთა დარიალისა. ხათრიჯამად ბრძანდებოდეს ამაზედ ავტორი, და ნურას უკაცრავად, თუ, სანდალას და ბალღების მეტმა, სხვამ ვინმემ არ დაუჯეროს ისეთი გადატრიალება სიტყვებისა, ვითომც მის მიერ თქმული - მცხეთის მდებარეობა დარიალის შესავალში - იმასვე ჰნიშნავდეს, რასაც სმოლენსკისა და მეცის „ключ“-ობა მოსკოვისა და პარიზისათვის.


ამასაც თავი დავანებოთ. თუ მცხეთა მართლა დარიალის „ключ“-ად ეგულებოდა ავტორს და აქ ღობე-ყორეს არ ედება ბალღების გასაბრიყვებლად, მაშ რაღად ამბობს (Сев. Вест., No 3, გვერდი 37), რომ ვიდრე ხაზარებმა არ ასწავლეს მეშვიდე საუკუნეში, ქართველებმა არ იცოდნენ დარიალის გასავალიო. როგორ? ქართველებმა მცხეთა დარიალის „ключ“-ად გაიკეთეს და თითონ დარიალი- კი არ იცოდნენ!.. ღმერთმა მშვიდობა მისცეს ჩვენს ავტორს! მართლა რომ საოცარი კაცი ყოფილა... ეხლა გვესმის, რათ ასტეხია ხანგრძლივი სიცილი, როგორც თითონ ამბობს „Новое Обозрение“-ს თავისუფალ ფურცლებზედ, როცა ჩვენი ფელეტონები წაუკითხავს: მე ზღაპრებს გეუბნებით ისტორიის სახელითა და თქვენ-კი მართალი ისტორია გგონებიათ და გამომეკიდენითო. მოდი და ნუ გაეცინება სიხარულისაგან ამისთანა ოსტატს, რომ ამ შემთხვევაში ალჩუ დაუჯდა და ჩვენ წაგვიტყუა.

ჩვენ ჩვენს წერილებში შევნიშნეთ, რომ ჩვენს доисторический период-ის მკვლევარს ბატონს ისიც არა სცოდნია, რომ სტრაბონი რომაელი მწერალია. ტყუილს სიტყვას რომ ბაჟი ედოს, რასაკვირველია, ეს ასე არ მოხდებოდა. ბედი ავტორისა რომ სიტყვა დღეს ბაჟისაგან თავისუფალია. მართალიაო, გვეუბნება ავტორი: სტრაბონი ჩამომავლობით არ იყო რომაელი და ბერძნულადაც სწერდაო, მაგრამ:


„Упоминая Страбона, мы имели в виду оттенить эпоху; происхождение-же его не имело никакого отношения к делу“.


ბატონო! ბატონო! რა არის ამდენი ტყუილი! რა საკადრისია! აი, ავტორის სიტყვები, საცა იგი სტრაბონს რომაელთა მწერლად ჰგულობს:


„Пророки Моисей и Иезекиил, греческие историки Геродот и Ксенофонт, римские Страбон и Плиний и... даже сам Тацит упоминают вскользь о некоторых племенах, населявших Закавказье.


სხვაგან არსად, არსად ავტორი სტრაბონს არ იხსენებს რომაელ მწერლად. ამის მთქმელი გვეუბნება, რომ упоминая Страбона, мы имели в виду оттенить эпоху. აბა დააკვირდით აქ ავტორის მიერ ხსენებას სტრაბონისას და გვითხარით, არის თუ არა იოტის ოდენა მაინც მართალი იმაში, რომ ჩვენ ვახსენეთ რა სტრაბონი, სახეში გვქონდაო „оттенить эпоху“. აბა მალაყი ამისთანა უნდა, აი! თუ კაცია, ქვეყანაზედ ვინმე ამოიკითხავს ავტორის ზემო-ამოწერილ სიტყვებიდამ, რომ „он, упоминая Страбона, имел в виду оттенить эпоху“. რა „эпоха“? რა „оттенить“? სად არის აქ ან „эпоха“, ან „оттенить“! კაცი ამბობს, სტრაბონი რომაელი მწერალიაო და აქედამ არც რაიმე ეპოქა გამოდის, არც რაიმე „оттенить“. აქ მარტო ის გამოდის, რომ ავტორი ტყუილში მოემწყვდა და თავის დასაძვრენად ერთს ტყუილს მეორეც ზედ დააკეცა.


ახლა მითამ ავტორმა თავი გაიმართლა სტრაბონის შესახებ და ჩვენ გვეუბნება იქავ, საცა სტრაბონის ხსენებით ჰსურვებია „оттенить эпоху“:


„Да, г. фельетонист, постичь историю, обнять одним штрихом ея многообразную перспективу, далеко не так легко, как обновить костюм“.


ვსთქვათ, ეს ბაიათად თქმული постичьисторию, ეს обнять одним штрихом ღმერთმა ჩვენ არ გვარგუნა და ყოველ ამითი სავსე კალთა ზედ დააბღერტა ჩვენს ავტორსა, — საკითხი ეს არის: ნუთუ ღმერთი ასე გაუწყრა ქვეყანას, რომ მთელს დედამიწის ზურგზედ ჩვენის ავტორის მეტი სხვა აღარავინ გამოჩნდა, რომ შესძლებიყო постичь историю, обнять одним штрихом და ყოველ სხვა ამისთანა ბაიათებით ჩვენს ავტორსავით სტრაბონი რომაელ მწერლად ჩაეთვალა. ერთი მოწყალება მოიღოს ამ ჩვენმა обнимающий-მ одним штрихом ავტორმა და გვიჩვენოს ან ინგლისის, ან საფრანგეთის, ან გერმანიის, თუნდ რუსეთის, და ერთობ ევროპის თუ სხვა ქვეყნების მწერლობაში, რომ ვისმე სტრაბონი რომაელ მწერლად დაესახელებინოს. აქაც პირველია ჩვენი ავტორი და იმედია - უკანასკნელიცა. დალოცვილს იმ საიდუმლოდ შენახულ წიგნში მაინც ჩაეხედნა, რომელსაც „чтоб подразнить любопытство“ (Иверийцев) ბუტია ბალღსავით გვიმალავს, და 63 გვერდზედ ჰნახავდა, სტრაბონი რომაელი მწერალია, თუ ბერძნელი.


თუმცა სტრაბონი კაპადოკიიდამ იყოო, - გვიქადაგებს ავტორი, - და ბერძნულად სწერდაო, მაგრამ რადგანაც სტრაბონი დაიბადა იმ ეპოქაში, როცა რომი ბრძანებლობდა მთელს ქვეყანასა,[1] როცა საბერძნეთი აღარ იყო და იყვნენ მარტო ბერძენნი-მონანი, ამიტომაც სტრაბონი რომაელ მწერლად უნდა ჩაითვალოსო. მაშ მოსე წინასწარმეტყველიც, რომელიც დაიბადა კიდეც ეგვიპტეში, გაიზარდა კიდეც ეგვიპტეში, ეგვიპტისავე სწავლა-მეცნიერება მიიღო, და ეს ყოველივე მოხდა მაშინ, როცა ეგვიპტე გაძლიერებული იყო და ებრაელნი ტყვედა ჰყვანდა, მაშ, ვამბობთ, უფრო მეტი საბუთია მოსე წინასწარმეტყველი — ებრაელ მწერლად კი არა, ეგვიპტელ მწერლად ვიცნათ, ჩვენის ავტორის თეორიით. რა მოგახსენოს ამ постичь историю, ამ обнять одним штрихом ея перспективу. არც ეს გაგვიკვირდება, რომ ეხლა ამაზედ გამოიდოს თავი ჩვენმა ავტორმა და მოსე ეგვიპტელად გაჰხადოს. მითამ იმაზედ მეტი, რაც დააკლდა, სხვა რაღა დააკლდება. ვინც არასა ჰკარგავს, ის ყოველთვის კადნიერი და გამბედავია.

ჩვენა ვსთქვით, რომ აწინდელი „არმენია“ დასახლებული ყოფილა ქართველთა ნათესაობისაგან ასურელთა გაძლიერების ხანაში მეშვიდე საუკუნემდე ქრისტეს წინათ. მაშასადამე, ასურეთს ზედ ეკრა ქართველთა მაშინდელი ქვეყანა. ეს ასეთის უეჭველის საბუთებით დაამტკიცა ფრანსუა ლენორმანმა, რომ დღეს ყველა სახელმძღვანელოშია მოქცეული, როგორც მეცნიერებისაგან ეჭვს გარეშე დაყენებული მართალი[2]. ჩვენი ავტორი-კი დაიცინება, საიდამ სადაო, და საბუთად

მოჰყავს რა კიპერტის რუკა, გვეუბნება, - ასურეთსა და საქართველოს შუა „არმენიააო“. ის-კი წააფუჩეჩა, რომ სწორედ ეგ „არმენია“, ასურეთის დროს - მე-7 საუკუნემდე ქრისტეს წინათ, ქართველთა ნათესავის ადგილ-მამული იყო. აქაც ჩვენს ავტორს იგივე რჩევა უნდა მივცეთ, რომ Кипперт не календарь, его надо знать и уметь пользоваться.


სხვებს, რაც ამ ბ-ნს ავტორს მოუხსენებია თავის მკითხველთათვის „Новое Обозрение“-ს ფელეტონებში, ჩვენ აღარ შევეხებით. დეე, რამდენიც უნდოდეს იძახოს, რომ სტრაბონი რომაელი მწერალია. დეე, მცხეთა ისე მდებარებდეს დარიალის ხეობის შესავალში, როგორც სმოლენსკი მოსკოვის შესავალშია, მეცი - პარიზისა და ჰეირათი - ინდოეთისა (რა მოგახსენათ ლოღიკამ შედარებისამ!), ვინ გაუგონებს, ჭკუა-დაბღერტილის მეტი. დეე იძახოს, ჯერ მოვიცადოთ, ლენორმანის გამონაძიები გამართლდება თუ არაო; იცადოს, მინამ მოეწყინებოდეს, და ლენორმანის გამონაკვლევმა-კი, ჩვენის ავტორის დაუკითხავად, თავისი დასაბუთებული ადგილი დაიჭირა გიმნაზიებში სასწავლებელ წიგნებშიაც-კი.

იკითხავთ, მეცნიერებამ რატომ ბრძანება მოცდისა არ გაუგონა ჩვენს ავტორსაო. წადით და ჰკითხეთ ამ თავგასულს მეცნიერებას! იგი, - დახეთ მის კადნიერებას! - თავის წარმატების გზაზედ სვლას არ იშლის და ჩვენი გამწყრალი ავტორი-კი იჯდეს, მინამ მოეწყინება, ზღვის პირას და დარი მოილოდინოს. ჭკვაც - თუ გნებავთ - ეს არის, ამიტომ რომ ცუდად შრომას ისევ ცუდად ჯდომა სჯობია.

Recent Posts

See All
ქართული გაზეთის „დროების“ რედაქტორის ივანე მაჩაბელის გასამართლება

ტფილისი, 8 ოქტომბერი, 1886 წელი ჩვენის ტფილისის სასამართლო პალატის მატიანეში ერთი მეტად საგულისხმიერო ამბავი უნდა შევიტანოთ. გუშინ...

 
 
სანდალას წიგნის გამო

1888 წელი დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ. ბოდიშს ვიხდით, რომ ამ უღირსს საგანზედ ასეთი გრძელი სიტყვა გავაბით და ამდენი...

 
 
bottom of page