top of page

გაზეთი „მეურნე“

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 27, 2023
  • 3 min read

ტფილისი, 16 იანვარი, 1888 წელი


ჩვენში სალიტერატურო მოღვაწეობა საერთოდ და ჟურნალ-გაზეთობის საქმე საკუთრივ ჯერ კიდევ მსხვერპლს ითხოვს მოღვაწისაგან. ჟურნალ-მეგაზეთე, გარდა იმისა, რომ უწყალო შრომას უნდა დაეტყვევინოს, დრო და ჟამი უნდა შესწიროს და თვალები გაიწყალოს აუარებელ ჯაფისგან, ხშირად იძულებულია ყოველს ამას თავისი ცოტად თუ ბევრად შეძლებული ჯიბეც ზედ დააბერტყოს. ამნაირად ორგზითვე უნდა გაიჭიროს საქმე და გაიორკეცოს უამისოდაც მძიმე და რთული საქმე მწერლობისა და მოღვაწეობისა. ჩვენ აქ იმას აღარ ვახსენებთ, რომ კოღო-ბუზების ბზუილსაც უნდა გაუძლოს და ჭია-ღუების უკბილო კბენასაცა.

ამიტომაც, როცა ჩვენში კაცი ვინმე თავს იმეტებს და ჟურნალ-გაზეთობას ხელსა ჰკიდებს, დიდის პატივისცემით სახსენებელია, და უმადურობად მიგვაჩნია, თუ ვინმე გულისტკივილით და სიყვარულით არ მოექცა ამისთანა ცოტად თუ ბევრად თავგანწირულს კაცსა.


რა თქმა უნდა, რომ ყველგან და ნამეტნავად ჩვენთან ყოველგვარს ჟურნალ-გაზეთობას პირველ ხანებში ბევრი ნაკლი, ბევრი უძლურება და უღონობა ზედ დაჰყვება ხოლმე, მაგრამ ამას-კი აღარავინ ჰკითხულობს, რა ძნელია რომ პირველ ხანშივე ახალი საქმე, ახალი დაწყობილება, ნამეტნავად ახალი სალიტერატურო ორგანო, მთელის სავსებით, მთელის სისრულით გამოგვიჩნდეს და დაგვენახოს. ამის არ-გამკითხველი, ამის არ-შეუგნებელი დიდის ჭკუის პატრონი არ უნდა იყოს, როგორც ის, რომელიც მოითხოვს, რომ დღევანდელ დღეს დარგულმა ვაზმა დღესვე, დარგვისავე უმალ, ყურძენი დაისხას. ჩვენა გვგონია, რომ ამისთანა დამწუნებელი კაცი არც კარგის გულისა უნდა იყოს, იმიტომ რომ კარგი და პატიოსანი გული არ დაავალებს კაცს, შეუძლებელი შესძელიო, და არც უსაყვედურებს, რატომ არ შესძელიო.


ყველას თავისი დრო აქვს, თავისი ჟამი, თავისი გარემოება და მიზეზი, და ამაებს თავზედ ვერავინ ვერ გადაახტება, იმიტომ, რომ ამ ქვეყნიერობაზედ არაფერი ჰჩნდება, არაფერი იბადება სავსებით, სისრულით და დამთავრებით. ყველაფერს თავისი ასაკი აქვს ზრდისა, წარმატებისა და დამთავრებისა და ეს ხშირად ავიწყდებათ წარამარად მოლაქლაქეთა, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაკი მამალსავით ჰყივიან და ბოთვერასავით იყეფებიან, სოფელი თავის-თავად უეცრად აშენდებაო. ყივილით და ყეფით სოფლები რომ შენდებოდეს, მაშინ ტყუილ-უბრალო ლაქლაქსაც ფასი დაედებოდა და არა გვგონია მაშინ ეგ ეხლა უფასური ლაქლაქი ვისმე სულელებისათვის და ჭკვაპარიებისათვის დაეთმო. ეგრედ წოდებული ჭიდილი არსებობისათვის ამის ნებას არ მისცემდა.


ყბედს მუნჯი დააჩუმებსო, ნათქვამია. ჩვენც ამ წარამარად მოლაქლაქეებს დავუმუნჯდეთ და მივმართოთ იმ საგანს, რამაც ზემოხსენებული გვათქმევინა.

ახალმა წელიწადმა მოგვივლინა ახალი მოძმე. დაიბადა „მეურნე“. სახელი და დიდება იმ კაცს, ვინც ეგ ფრიად საჭირო საქმე ითავა და არ შეუშინდა არც ჯაფას, არც ხარჯს, არც გულღვარძლობას ზოგიერთისას, რომელსაც ჩვენში წესად აქვს კიცხვა-კილვით პირველ ხანშივე გული მოუკლას საქმის დამწყებსა, ხალისი გაუფუჭოს და უმადურობის შხამი გადაასხას წმინდა საქმეს. ჩვენ ამითი იმისი თქმა არ გვინდა, რომ თუ რამ ნაკლი ექმნება ამ ახალს გაზეთს, ამაზედ ხმა არავინ ამოიღოს. „მეურნეს“ რედაქცია იმოდენად მიხვედრილია, რომ თვითონაც არ იკადრებს ეს მოსთხოვოს ჩვენს საზოგადოებას, და ამასთან ძალიან კარგადაც იცის, რა ძნელი და რთული საქმე აქვს ნატვირთი, და აქ ყველას გულის მოგება, ყოველისფრით სავსეობა, ყოვლად შეუძლებელია. ამიტომაც ყოველს კეთილმყოფელს ჩვენის ქვეყნისას ფართო გზა აქვს გახსნილი თავისი რჩევა ამცნოს რედაქციას, თავისი აზრი გაუზიაროს, ხოლო „მეურნის“ რედაქციას სრული საბუთი და სრული სიმართლე აქვს, ყველას ჩვენგანს მოსთხოვოს პატივისცემით მოქცევა, გულწრფელი და გულმტკივნეული რჩევა და აზრი.


ჩვენი ზნე ლიტერატურული მეტად გარყვნილია და ზოგიერთების მოწყალებით ჯერ კარგა ხანი გაივლის, ვიდრე თავის ბაზარს დაჰკარგავს ტყუილი სისინი, ტყუილი ბზუილი უკბილო მტრობისა და შურისა, ავყიაობის და კაპარჩხანობის უღონო ზედმოსევა კბენისათვის და დაბახანური პირწყლიანობა ლანძღვისა და თრევისათვის. ჩვენი გულითადი სურვილი, ჩვენი გულწრფელი რჩევა ყოველთ უწინარეს ის არის, რომ ჩვენმა მოძმემ „მეურნემ“ არასფერს ამისთანას ყური არ ათხოვოს, თვისი მხურვალე მეცადინეობა არ მოაკლოს თავის საქმესა, არ გაუნელდეს, არ გაუგრილდეს თავის მძიმე მოვალეობას და სულმდაბლობის ჩირქიანი უმადურობა სულმდაბლობასვე მიანებოს. ჩვენ ვიცით, რა ძნელს საქმეს მოჰკიდა „მეურნის“ რედაქციამ ხელი, ჩვენ ვიცით, რა სიძნელეს უნდა შეეჭიდოს ყოველისფრით და ყოველის მხრით, ჩვენ ვიცით, რამოდენად უნდა გაიჭიროს თავი შრომისათვის, რამოდენად უნდა გამოიმეტოს ჯიბე ხარჯისათვის. და მარტო ამ საბუთით შეგვიძლიან უტყუარად ვსთქვათ, რომ „მეურნის“ დაარსება, გაძღოლა და წარმართვა მსხვერპლია, თავის გაწირვაა.


იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ამისთანაებში გულგრილი საზოგადოება დღეს იქნება თუ ხვალ დაინახავს ამ მსხვერპლს, ამ უანგარო სამსახურს „მეურნისას“, იმედი გვაქვს, რომ თვითონ „მეურნეც“ თავისის სიკეთით და წარმატებით თავს მოაწონებს მამულის პატრონებს და მომვლელებს და „მეურნე“ თავის დროზედ საყვარელ გაზეთად შეიქმნება და აუცილებელ საჭიროებად ყოველის ოჯახისათვის სოფელში. მაგრამ მინამ პეტრე მოვიდაო, პავლეს ტყავი გასძვრაო, ნათქვამია, და აი ჩვენი გულგრილი საზოგადოება რას უნდა ჩაუფიქრდეს დღესვე. სირცხვილია, სირცხვილი, კაცმა უანგაროდ იშრომოს, უსასყიდლოდ ჯაფა გასწიოს ჩვენთვის და ჩვენ იმოდენად დაუნახავნი ვიყვნეთ, რომ ხარჯის გასასტუმრებელი ღონსაც-კი არ ვაძლიოთ.

Recent Posts

See All
ქართული გაზეთის „დროების“ რედაქტორის ივანე მაჩაბელის გასამართლება

ტფილისი, 8 ოქტომბერი, 1886 წელი ჩვენის ტფილისის სასამართლო პალატის მატიანეში ერთი მეტად საგულისხმიერო ამბავი უნდა შევიტანოთ. გუშინ...

 
 
გზა-და-გზა და სხვათა შორის

1889 წელი ჩვენ არა ერთი და ორი მაგალითი წარმოვუდგინეთ მკითხველს იმისი, თუ რა „ინტენსიური“ ცოდნა ჰქონია ისტორიისა ავტორს „Письма о...

 
 
bottom of page