სოფლის უფროსის არჩევანი
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 3 min read
ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს, რომ ყოველივე საკეთილოდ დაწყებული და განზრახული საქმე ჭირად გადაექცევა ხოლმე ჩვენს ხალხს, ნამეტნავად გლეხობასა, იმიტომ რომ თავადი და აზნაური ისე მალე და ადვილად არ გაიბამს ხოლმე თავს მარჯვე მებადურის ბადეში. თავადი თუ აზნაური უფრო მიხვედრილია, უფრო ხალხში გამოსულია და ამის გამო უფრო მეტი ღონისძიება აქვს არამცთუ ხმა ამოიღოს, არამედ მიაწვდინოს კიდეც იქამდე, სადამდინაც ჯერ არს. ამის გამო მებადურენი ამ წყობის ხალხს ერიდებიან და კეთილად განზრახულს საქმეს ამათ ისე ძმრად არ ამოადენენ ხოლმე, როგორც ყოველთვის უვიცს,მიუმხვდარს, უენოს, მიწასთან გასწორებულს გლეხობას. რა არის ამის მიზეზი და სად არის ამის წამალი? უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გულგრილები ვართ სხვის უბედურების დანახვაზედ; სხვისი ჭირი ჩვენს საკუთარ ჭირად არ მიგვაჩნია; დავიწყებული გვაქვს ურთიერთობის კავშირი, იმასა სცემენ - მე ხომ არაო, ვიძახით და ამით ვანუგეშებთ ჩვენს გაქსუებულ თავსა. ის კი აღარ გვაგონდება, რომ ხვალ შეიძლება ეს დღე მეც დამადგეს და მეშველი არ მეყოლება. თუ ხალხს თვისი უფლება და მოვალეობა კარგად აქვს აწონილი და ცნობილი, თუ ამასთან ხორც-სისხლში გამჯდარი აქვს, რომ ჩემი მეზობლის უფლების დარღვევა, ჩემი უფლების დარღვევასაც მოასწავებს, მაშინ ნავარდი მებადურთა შეუძლებელია, მაშინ აღმა ხნული პირდაღმა არ დაიფარცხება; მაშინ კეთილად განზრახული საქმე შხამით არ ამოგვედინება ერთისა და ორის ბოროტმოქმედის კაცისაგან, მაშინ თვით ბოროტმოქმედნი ესეთის გამბედაობით და მხნეობით ასპარეზზედ არ გამოვლენ; ვეღარ წაქეზდებიან იმით, რომ ეს უღონოა და ხმას არ ამოიღებს, ამის გამო შემიძლიან ვიფარფარო რამდენიც კი მინდაო; ვეღარ წაქეზდებიან თვითეულის კაცის უღონობით, იმიტომ რომ თვითეული დამყარებული იქნება სხვებზედ, ყველაზედ; ზურგი მაგარი ექნება. მიზეზი კეთილის ცუდად ახდენისა ჩვენი გულგრილობა და განთვითეულება არის, წამალი კიდევ ამ მიზეზის მოსპობისათვის ურთიერთთან კავშირია, ურთიერთობისათვის გულმტკივნეულობაა, ურთიერთის გამოსარჩლებაა. მაშინ ვერა მოხელე კაცი კანონს ვერ დაგვირღვევს. მართალს ტყუილის ფეხებს ვერ გამოაბამს, თეთრს შავად ვერ შეგვიცვლის, სიკეთეს ჭირად ვერ გადაგვიქცევს. ეს ყოველი წარმოგვათქმევინა ერთმა გარემოებამ,რომლის ჭორი და მართალი ტფილისში კარგა ხანია ისმის.
კახეთში შემოუღიათ უწინდელი „სელსკის ნაჩალნიკობა“. ვიდრე ეხლანდელზედ ვიტყოდეთ რასმე, მოვიხსენიოთ, უწინ ეს „სელსკი ნაჩალნიკობა“ რაში მდგომარეობდა, რადგან კახეთში დაუწყნარებელი შიში იყო ლეკთაგან, და რადგანაც მთავრობას ყველგან ხელი ვერ მიუწვდებოდა ხალხის დასაფარავად და არც იმოდენა ჯარი ჰყვანდა, ამის გამო სოფლების დაცვა მინდობილი ჰქონდა თვით სოფლელებსა. ღამის ყარაულების გამგეობა, მდევრად გასვლა, ზოგიერთჯერ გზების შეკვრაც, თვით სოფლელებზედ იყო მიგდებული. რასაკვირველია ამას მოთავეც უნდოდა. მოთავედ ინიშნებოდა ხოლმე ერთი ვინმე სოფელში მცხოვრები თავადი ან აზნაურიშვილი უჯამაგიროდ. იმისი მოვალეობა იყო მოევლო
სოფლისათვის გაჭირების დროს, შიშიანობის დროს, და ერთობ სამხედრო საქმისათვის. მას ემორჩილებოდა ნაცვალი, გზირი და სხვა მოხელე სოფლისა. თვითეულს დიდ სოფელს ჰყვანდა ცალკედ ერთი ამისთანა მოთავე, რომელსაც „სელსკი ნაჩალნიკს“ უწოდნენ. ამას სხვა არაფერი უფლება არა ჰქონია არც სოფელზედ და არც მის მცხოვრებლებზედ, ამის გამოც ამათ, თუნდ რომ სდომებოდათ, ვერ შეეძლოთ რაიმე ბოროტმოქმედებით შეეწუხებინათ ხალხი. თვითონ სოფელიც ისე უყურებდა „სელსკი ნაჩალნიკს“, როგორც გამგეს შიშიანობის და გაჭირების დროს.
ეხლაც, შარშანდელის ლეკთა არეულობის გამო, კახეთში დაუწესებიათ „სელსკის ნაჩალნიკები“, რასაკვირველია კეთილის განზრახვითა და ხალხის საკეთილოდ. მაგრამ მათი უფლება ისე მარტივად არ განუსაზღვრავთ, როგორც უწინ იყო: ვიდრე გარედამ მტერი მოვა, შინაური მტერი აუჩენიათ. პირველი, რომ ერთის სოფლის მაგივრად ჩაუბარებიათ ზოგან ოც- ოცი სოფელი. ამას, რასაკვირველია, გაწვდენა უნდა. აქაო და გაწვდენა უნდაო, ეხლანდელს „სელსკის ნაჩალნიკებს“ აუღიათ და თითო დიდის სოფლიდამ ორ-ორი კაცი ცხენოსანი გამოუწვევიათ და ორ-ორი ქვევითი, და წვრილის სოფლებიდამ თითო ცხენოსანი და თითო ქვეითი. ეს ამოდენა ხალხი ზოგი შინა ჰყავთ თურმე და თავის საკუთარს საქმეში სულს ართმევენ მუშაობით, და ზოგი კიდევ დათხოვნილი ჰყავთ და ფული შეუწერიათ. ესე მოუწყვიათ საქმე და იქნება გულში იძახიან: აი, გაწდომაც ეს არისო. ეს, ბატონებო, გაწდომა კი არ არის, წაცდომაა, ჯერ კახეთში, ღვთის მადლით, არაფერი ამბავია, და ამოდენა ხალხის მოცდენა — რა სახეიროა. თუნდ საჭირო იყოს ამოდენა ხალხი, „სელსკის ნაჩალნიკებს“ გუთანზედ და ვენახებში სამუშაოდ რა ხელი აქვსთ? ამბობენ, ამაზედ საჩივარიც შეუტანია ხალხს თელავის მაზრის უფროსთან და ჯერაქამომდე არავითარი განკარგულება არ მოუხდენიათ ამ საჩივრის გამო. აი მრავალთა შორის ერთი იმისთანა მაგალითი, რომ კეთილად განზრახული საქმე ჭირად გაუხდება ხოლმე უბედურს გლეხსა. აქაც კი მოუგონიათ მის კეთილმყოფელთ ხერხი, რომ გამორჩნენ რასმე; საქმე სიკვდილ- სიცოცხლეზე მივარდნილია და აქაც კი უდიერობა ჩვენი იქამდე მიღწეულა, რომ ხალხის ოფლი და ტვინი ვწოვოთო. ამას ვხედავთ და ხმას არ ვიღებთ.
ეს კეთილად განზრახული საქმე რომ ხალხის ჭირად გამხდარა, ამისი მიზეზი ჩვენი საკუთარი უკაცურობაა, და ისიც, რომ კახეთის მმართველთ არამცთუ რიგიანად მოუწყვიათ ეს საქმე, რომელსაც უწინ სარგებლობა მოჰქონდა ცოტად თუ ბევრად, არამედ გაუფუჭებიათ, შეუშლიათ მისი აზრი, მისი მარტივი მოწყობილება, და „სელსკის ნაჩალნიკების“ კერძად გაუხდიათ. მარტო ეს სახელი „სელსკის ნაჩალნიკისა“ არ იხსნის კახეთს შიშისაგან. საქმე მოწყობაშია, მის უფლების განსაზღვრაში და აგებულებაში: თუ ისე დარჩება, როგორც დღეს არის, გლეხს ურჩევნია ერთხელ წახდეს ლეკისაგან, ვიდრე ბევრჯერ „სელსკის ნაჩალნიკისაგან“.

