სოფლის მოხელეთა არჩევანი
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 2 min read
1 ნოემბერს ჩვენში უნდა მოხდეს სოფლის მოხელეთა არჩევანი. მაგრამ საკითხავი ის არის, მოხელეთა გამოცვლით, გამოიცვლება საკეთილოდ გლეხთა ბედიც, თუ არა? არა მგონია. მტერი და მისი შვილი ორივე ღმერთმა დაჰსწყევლოსო, იტყვის ამაზედ გლეხი, იმიტომ რომ იცის, მის სურვილს ამალა არა აქვს.
ვის არ გაუგია ის სამდურავი, რომელიც ისმის ყოველი მხრიდან დიდისა და პატარისაგან სოფლის მოხელეებზედ. ამ მოხელეების კმაყოფილნი არც ხალხია და არც თვითონ მთავრობა. ამის მიზეზი მრავალია და მრავალთა შორის ღირსშესანიშნავია ის, რომ სოფლის მოხელეთა არჩევანი უთავბოლოობით გაქარწყლებულია, წამხდარი და გაუპატურებულია. არავინ დასდევს, არავინ ზრუნავს, რომ მართლა არჩევანი იყოს და არა არჩევანის ბერიკანაობა. ხალხსაც, ამ ბერიკანაობის მაყურებელს, გული წაუხდა; ხალხმა დააჯერა გული, რომ მის ნებას არავინ კითხულობს, მის სურვილს არავინ დაჰსდევს, და იმ ნებასაც და იმ სურვილსაც გულში იმარხავს შიშითა თუ სიფრთხილითა. ამიტომაც თავზედ წამოაჯდებათ ხოლმე იმისთანა მოხელე, რომელიც არც სურვებიათ და არც ჰსურთ.
ამ მიზეზის სათაური კიდევ ის არის, რომ არჩევანის დამწყობთა და გამგებელთა დაჰვიწყებიათ, რომ თავი და ბოლო სოფლის მოხელეობის წარმატებისა რიგიანი არჩევანია, და რიგიანი არჩევანი კიდევ მაშინ იქნება, როცა ამომრჩეველი სრულიად თავისუფალია არჩევანში. ამიტომაც ისინი მეტად კმაყოფილნი არიან ხოლმე, როცა ხალხს იასაულების მათრახით მორეკენ, ერთ-ორს დააყვირებენ, ეს კაცი გვინდაო, ჩაჰსწერენ ამას ქაღალდში და წარადგენენ, საცა ჯერ არს, დასამტკიცებლად. მორჩა და გათავდა, არჩევანი შესრულდა. გულმტკივნეული გლეხი-კი გულჩათუთქვილი დაღუნავს ხოლმე თავს და წავა შინ თავის ქნევით. ნუთუ ეს მართალი არჩევანია და არა არჩევანის სასაცილოდ აგდება! ნუთუ ამგვარს თამაშს შეუძლიან კეთილგონიერი გლეხი მიიზიდოს! ამიტომაც გლეხი ურჩობს არჩევანსა, ერიდება, თუ შეიძლება გაექცევა კიდეც, ამიტომაც არჩევანის გამგებელნი იძულებულ არიან ჯოხით და მათრახით მორეკონ და შეაგროვონ გლეხნი. თორემ გლეხი ნებით არ მივა არჩევანში, რადგანაც არც იმედი აქვს სიტყვა გაიყვანოს, და არც თავისუფლება თავისი სურვილი გამოაცხადოს. ამომრჩეველი მოხელეებისა უფრო ბევრგან პრისტავებია ხოლმე... გლეხთა ყოფნა არჩევანში მარტო თვალისათვის არის და არა საქმისათვის.
საწყალი გლეხი! რაც უნდა კეთილი საქმე დაუწყოთ, ბოროტად გადექცევა ხოლმე. საკვირველს ბედზედ არის გაჩენილი ეს ჩვენი გამომკვებელი, ჩვენი მარჩენალი სულიერი.
ნუთუ არა ეშველება რა, რომ ეს სასაცილო და უგვანო არჩევანი რიგიან არჩევანად გადიქცეს? ნუთუ არასგზით არ მოევლება, რომ გლეხმა თავისუფლად, უშიშრად გამოჰსთქვას თავისი სურვილი მასზედ, თუ ვის ირჩევს და ვის არა. რა არის ამისათვის საჭირო?
პირველი ის არის, რომ არც ერთი პოლიციის მოხელე არ გაერიოს არჩევანში არასგზით და არა საქმისათვის. სასტიკად უნდა აეკრძალოს, რომ არც ერთი მათგანი არც კი ეჩვენოს ხალხს არჩევანის დროს.
მეორე ის არის, რომ წინათვე, ვიდრე არჩევანი გაიმართება, შეჰსდგეს ჯეროვანი სია ამომრჩეველთა გლეხთა იმ კანონის მიხედვით, რომელიც იმისთვის დაწესებულია.
მესამე კიდევ ის, რომ არჩევანი დაფარულის კენჭის ყრით იყოს და ყოველი არჩევანი უამისოდ მოხდენილი უარყოფილი იქმნას.
სიების შედგენა, მათი შემოწმება, და აგრეთვე თვალყურის ჭერა მასზედ, რომ ამორჩევა დაფარულის კენჭით იყოს, მიენდოს საკუთრად ამისათვის დანიშნულთ მთავრობის კაცთა, და თუ ეს ვერ მოხერხდა, გუბერნიის გლეხთა სასამართლოს წევრთა, რომელთაც სასტიკად ებრძანოსთ, რომ გარდა ამისა არავითარი მონაწილეობა არ მიიღონ თვით არჩევანში, და თუ ამაზედ საჩივარი რამ იქმნას, სწრაფად გაისინჯოს და დამნაშავე სასჯელს მიეცეს პირმოუფერებლად და დაუზოგავად.
ჩვენ არ ვიტყვით, რომ ყოველ ამით გამრთელდეს გლეხთა თვითმმართველობის წყლული; უგუნურება იქნება ჩვენგან, რომ ხსენებული ზომიერება უებარი წამალი გვეგონოს სათავეშივე გაბრუნდებულის საქმისა; უგუნურება იქნება, მარტო იმ ზომიერებაზედ დავემყაროთ და ვიღაღადოთ, რომ არსად საქმე არ გაბრუნდება და ყველგან რიგიანი არჩევანი მოხდება. ჩვენ ეს ზომიერებანი ვაჩვენეთ იმ იმედით, რომ მათის წყალობით, ცოტად თუ ბევრად, არჩევანი ხალხის თავისუფალს სურვილზედ იქმნება მიგდებული, და თავისუფალი სურვილი ხალხისა კიდევ ხათრიჯამად გვხვდის, რომ კარგს კაცებს მიჰსცემს მოხელეობას, თუ ყველგან არა, ზოგან მაინც, და არა ესე ხელაღებით წამოისხამს თავზედ ზნეობით წამხდართა და მავნებელთა.

