top of page

სოფლის მმართველობის რეფორმის საკითხზე

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 3, 2024
  • 13 min read

ტფილისი, 23 აგვისტო, 1886 წელი.

I


ჩვენს წესდებულებას სასოფლო მმართველობისას ბევრი ნაკლულოვანება აქვს და ამ ნაკლულოვანების გამო სოფლის თვითმართველობამ არ გაუმართლა კანონმდებელს იმედი და სურვილი. დიდი ხანია, თითქმის სასოფლო მართველობის შემოღების დღიდამვე, ისმოდა ჩივილი და საჩივარი მასზედ, რომ დიდმა უფლებამ სოფლის თვითმმართველობისამ არამც თუ თავისი დანიშნულება აასრულა და იგი შვება და შეღავათი მისცა სოფელს, რომელსაც კანონმდებელი მოელოდდა, არამედ ბევრში ისეთ ტვირთათ დააწვა გლეხთა საზოგადოებას, რომ შვებისა და შეღავათის მაგიერ გლეხთა საზოგადოებამ იგრძნო შეწუხება.


ყველაზედ უპირველესი ნაკლი სასოფლო მმართველობისა იმაშია, რომ სოფლის საზოგადოებანი მეტად პატარანი არიან მკვიდრთა რიცხვით მაშინ, როდესაც წესდებულების ძალით ამ მცირე რიცხვმა გლეხობამ უნდა შეინახოს შვიდი და რვა კაცი მოხელე. თუმცა მართალია, რომ თითქმის არსად მოხელეებს ჯამაგირებს არ აძლევს სოფლის საზოგადოება, მაგრამ სახელმწიფო ხარჯიდამ და ბეგრიდამ ამოშვება მოხელე კაცისა აუცილებელი წესია. პატარა საზოგადოებამ რომ შვიდი და რვა კაცი ამაებიდამ ამოუშოს, ამათი ხარჯი და ბეგარა დანარჩენთ ერთმანეთში უნდა გაიწერონ. რაკი სოფლის საზოგადოებანი, ისე როგორც დღეს არიან დაყოფილნი, მკვიდრთა რიცხვით ცოტად თუ ბევრად მცირენი არიან, ადვილად წარმოსადგენია, რა მძიმე ბარგია ამისთანა საზოგადოებათა გლეხთათვის შვიდისა და რვა კაცის სამაგიეროდ ხარჯისა და ბეგრის გაძღოლა დანარჩენებისათვის. რასაკვირველია, ამ გარემოებით შეწუხებულმა გლეხობამ თავის სატკივარს წამალი უპოვა, მაგრამ ეს ისეთი წამალია, რომ თუმცა ამ მხრით ჰშველის გლეხობას, მეორეს მხრით-კი დიდი ზიანი და ვნება მოაქვს. საქმე იმაშია, რომ რაკი დანარჩენმა გლეხობამ უნდა იხადოს თავის მოხელეების ხარჯი და ბეგარა, ხშირად ისეთს კაცებს ირჩევენ, რომელთა ხარჯი და ბეგარა უიმისოდაც, უქონლობის და უღონობის გამო, სოფელს კისერზედ აწევს. ამ მიზეზით წრე არჩევანისა შეხუთვილია და პატარა ფარგალშია მოქცეული და არა მთელს საზოგადოებაზედ გადაწვდენილი. თქმა არ უნდა, რომ მცირე რიცხვი საარჩევნო კაცებისა ვერაფერი თავდებია უკეთესის კაცების ამორჩევისა. ამის გამო ხშირად სოფელში მოხელეობენ კაცნი სხვაზედ ნაკლების ღირსებისანი და ეს გარემოება ნეტად სამწუხაროდ მოქმედობს სოფლის თვითმმართველობის ავკარგიანობაზედ. აქედამ წარმომდგარი ვნება და ზიანი ერთობ გლეხობისათვის უთვალავია.


მეორე ნაკლი სოფლის თვითმმართველობისა იგია, რომ ყველა მცხოვრები სოფლის საზოგადოების წრეში არ ექვემდებარება სოფლის სასამართლოს და მოხელეობას. წესდების ძალით, საკმაოა კაცი, სოფლის საზოგადოებაში მცხოვრები, სხვა წოდებისა იყოს, ან სხვა საზოგადოებისა, რომ სრულად თავისუფალი იყოს ადგილობრივ სოფლის სასამართლოსაგან და მოხელეობისაგან, თუნდაც ბინა თვით სოფელში ჰქონდეს მოკიდებული. ქალაქიდამ მისულს მიკიტანს, ან მედუქნეს, რომელსაც დუქანი აქვს სოფელში და მაშასადამე რაიმე დამოკიდებულებაც სოფელთან, თუ სურვილი აქვს, იქვე სოფლის სასამართლოსაგან და მოხელეთაგან შეუძლიან აღიდგინოს თავისი დარღვეული უფლება, როცა მკვიდრი გლეხი დაუშავებს რასმე, და მკვიდრს გლეხს კი ნება არა აქვს მიკიტნისა და მედუქნისაგან დარღვეული უფლება თვისი ადგილობრივის სასამართლოს და მოხელეთა შემწეობით აღიდგინოს. ეს ამბავი პატივსა ჰხდის თვით სოფლის სასამართლოსა და მოხელეობას და გულსა ჰსწყვეტს თვით მკვიდრთა გლეხობასა.


ბევრი სხვა ნაკლულოვანებაცა აქვს კიდევ სოფლის მმართველობის დღევანდელს წესდებას და ამაზედ ვრცელი აზრი ერთხელაც გამოუთქვამს „ივერიას“, როცა ჯერ გაზეთად გადაქცეული არ იყო. ეხლა კი მარტო იმაზედ მივაქცევთ ყურადღებას მკითხველისას, რომ აქაურს უმაღლეს მთავრობასაც შეუნიშნავს ყოველივე ნაკლი დღევანდელის წესდებისა და მთავარმართებელს უბძანებია აქაურ გუბერნატორისათვის, შეადგინოს კომისია დღევანდელის წესდების გადათვალიერებისათვის მისთა ნაკლთა გამოსაძიებლად და ახალის შესაფერის წესის დასადგენად. ჩვენ შევიტყეთ, რომ ამ კომისიას კრება კიდეც ჰქონია, დიდის გულმოდგინებით მოუკიდნია ხელი ამ საქმისათვის, ვრცლად, ყოველის მხრით გამოუკვლევია და გამოუძიებია ამ საქმის ვითარება და პროექტი ახალის წესდებისაც შეუდგენია. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვიცით ყოველივე წვლილი ამ პროექტისა. ჩვენამდე მოაღწია ცნობამ მხოლოდ მასზედ, თუ რა წამალი მოუპოვებია კომისიას იმ ორის ნაკლის ასაცილებლად, რომელიც ჩვენ წინათ მოვიხსენიეთ.


პირველის შესახებ კომისია დამდგარა იმ აზრზედ, რომ დღევანდელი სოფლის საზოგადოებანი, როგორც ადგილით, ისეც მკვიდრთა რიცხვით, გააფართოვოს ისე, რომ ახალს წრეს სოფლის მმართველობისას უფრო დიდი მოედანი ჰქონდეს. ამისათვის წესად დაუდვია თემ-თემობითი დადგენა სოფლის საზოგადოებისა და არა სოფელ-სოფელ, როგორც აქამდე იყო. ამ სახით თემის მმართველობის წრეში თავს მოიყრის რამდენიმე სოფელი, დიდი თუ პატარა, და ერთს დიდს საზოგადოებას, სათემოს და არა სასოფლოს შეადგენს. მეორის ნაკლის შესახებ დაუდგენია კომისიას, რომ ყოველი სათემოში დროებით თუ მკვიდრად მცხოვრები ექვემდებარება სათემო სასამართლოს და მოხელეობას წოდებათა გაურჩევლად. მხოლოდ თავად-აზნაურთა შესახებ ხელისუფლებას სათემო სასამართლოსა და მოხელეობისას რაოდენიმე საზღვარი აქვს დადებული ისე, რომ ამ მხრით სათემო ხელისუფლება ცოტა არ იყოს შებორკებულია და შეზღუდული. მაინცდამაინც ფრიად სასიამოვნო მოვლენად უნდა ჩაითვალოს ეს ამბავი მით უფრო, რომ ჩვენის ფიქრით, მარტოოდენ ამ ორის ნაკლის თავიდამ მოშორებაც კი დიდს სიკეთეს მიანიჭებს დღევანდელ გლეხთა თვითმმართველობას და მის განკარგებას ხელს მოუმართავს. ამას სამართლიანად ითხოვდა, ჩვენის ფიქრით, ჭეშმარიტი და აუცილებელი საჭიროება გლეხთა თვითმმართველობისა.


II

ტფილისი, 27 აგვისტო, 1886 წ.


ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ „აქაურს უმაღლესს მთავრობას შეუნიშნავს ყოველივე ნაკლი დღევანდელის სასოფლო მმართველობის წესდებისა და მთავარმართებელს უბძანებია აქაურ გუბერნატორისათვის, შეადგინოს კომისია, დღევანდელის წესდების გადათვალიერებისათვის მისთა ნაკლთა გამოსაძიებლად და ახალის შესაფერის წესის დასადგენად“. აი საქმე როგორ ყოფილა. კავკასიის უმაღლესის მთავრობის განკარგულებით დანიშნულ იყვნენ ამ რამდენისამე წლის წინად რევიზიები გუბერნიებისა. ელისავეტოპოლის გუბერნია სარევიზიოდ ჰქონია მინდობილი ბ-ნს კუჩაევს. ბ-ნს კუჩაევს წარუდგენია ანგარიში რევიზიისა ბ-ნ მთავარმართებლისათვის. როგორც ამ რევიზიის ანგარიშიდამ, ისეც მრავალ სხვაგვარ ცნობებიდამ მის ბრწყინვალებას ბ-ნს მთავარმართებელს დაუნახავს, რომ სასოფლო მართველობანი თავის დანიშნულებას ვერ ასრულებენ. უმთავრესი ნაკლულოვანებანი, რომელნიც შეუნიშნავთ, არიან თურმე შემდეგნი: 1) სოფლის საზოგადოებანი ბევრგან ისე წვრილ-წვრილად გაფანტულ სოფლებისაგან არიან შემდგარნი, რომ ერთისა და იმავე საზოგადოების ნაწილნი დიდს მანძილზე არიან ერთმანეთს დაშორებულნი; 2) სასოფლო მართველობას, არჩევანზედ დაფუძნებულს, არავითარი სახსარი და ღონე არა აქვს გაუძღვეს თავის მრავალგვარს მოვალეობას, რადგანაც თითქმის ყველგან არც მწერალი ჰყავთ, არც სამწერლო და სამმართველო აქვთ და 3) სოფლის მართველობის მოხელენი თითქმის თავისუფალნი არიან ყოველის ზედამხედველობისაგან და ხელმძღვანელობისაგან, რის გამოც მოვალეობა სასოფლო მმართველობისა ისე ვერ მიდის, როგორც სასურველია.


მიუღია რა მხედველობაში ეს ნაკლულოვანება ეხლანდელის სასოფლო მართველობისა, ბ-ნს მთავარმართებელს უნებებია დაწესება ცალკე კომისიისა სასოფლო მმართველობის წესის უკეთესად წარმართებისათვის და უბრძანებია: 1) განისაზღვროს, რამდენი კომლი უნდა იქმნეს სოფლის საზოგადოებაში და რამოდენა მანძილზედ უნდა იყოს სოფლის საზოგადოება გადაშლილი, რისათვისაც მხედველობაში უნდა მიღებულ იქმნას 40 – 45 მუხლი ზოგადის წესდებისა და ადგილობრივნი გარემოებანი; 2) დაიდგინოს წესი და რიგი მისი, თუ რაგვარი ბეგარა უნდა გასწიონ მეკომურთა სასოფლო სამმართველოს სადგურის ასაშენებლად იმის-და მიხედვით, როგორც ელისავეტოპოლის გუბერნიაშია ბეგარა გზის კეთებისა; 3) აღინიშნოს, რა წესით და რაგვარად უნდა იყოს მომართული ზედამხედველობა სასოფლო მმართველობის შესახებ, რისთვისაც სახეში მიღებულ უნდა იქმნას როგორც ეხლანდელი საადმინისტრაციო ღონე მაზრისა, აგრეთვე წესდება 19 თებერვლის 1861 წლისა და 4) დაიდვას სარისტა (ინსტრუქცია) სახელმძღვანელოდ როგორც სასოფლო მმართველობის, აგრეთვე ზედამხედველობის მოხელეთათვის და ნაჩვენები იყოს, ვინ როგორ უნდა შეასრულოს კანონისაგან დადგენილი მოვალეობა.


ყოველი ეს ქაღალდით უბძანებია კომისიისათვის ბ-ნს მთავარმართებელს 31-ს მარტს 1885 წელსა. კომისიის თავმჯდომარედ დანიშნული ყოფილა წევრი ელისავეტოპოლის გუბერნიის საგლეხო სამმართველოსი ბ-ნი ფ. ზაპოლსკი და წევრად: თანაშემწე სახელმწიფო ქონებათა მინისტრის მოხელისა კავკასიაში ბ-ნი ი. პოლეტაევი, ტფილისის მაზრის უფროსი თ. ჩოლოყაშვილი, ეჩმიაძინის მაზრის უფროსი ბ-ნი ხანაგოვი, საქმეთა მწარმოებელი მთავარმართებლის კანცელარიისა ბ-ნი ა. ალიმოვი, უფროსი სამხედრო-საერო მმართველობის კანცელარიის მეორე განყოფილებისა ბ-ნი ე. ვეიდენბაუმი, მიროვოი პოსრედნიკი ლენქორანისა ბ-ნი მ. რაიჩენკო და მომრიგებელი მოსამართლე გორისა ბ-ნი ა. ბუტენკო.


ამ წლის მაისში ამ კომისიას გაუთავებია თავისი საქმე, შეუსრულებია მინდობილობა ბ-ნის მთავარ-მართებლისა და წარუდგენია თვისი მოხსენება და პროექტი. ჩვენ შევიტყეთ, რომ ეს პროექტი გადაუციათ ბ-ნ ტფილისის გუბერნატორისათვის, რათა აქაურ მოხელეთაგან შემდგარმა კომისიამაც განიხილოს იგი პროექტი და თავისი აზრი ამ საგანზედ წარუდგინოს ბ-ნს მთავარმართებელს. ამბობენ, ამ კომისიასაც უკვე გაუთავებია განხილვა პროექტისა, ბევრში დასთანხმებია პროექტს, ბევრში არა, და ამ დღეებში აპირობს ამ საგანზედ თავის აზრის წარდგენასაო. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ არც პირველ კომისიის პროექტის თაობაზედ და არც მეორე კომისიისაზედ არავითარი ნამდვილი და დაწვრილებითი ამბავი არ ვიცით. ამასაც, რაცა ვსთქვით წინა წერილში ორის საგნის შესახებ, ყური მოვკარით კერძოდ. არ იქმნებოდა ურიგო, რომ ორისავე კომისიის აზრი გამოცხადებულიყო. ჩვენში ბევრნი იმისთანანი არიან, რომელთაც თვალი უდევნებიათ სასოფლო მმართველობის მსვლელობისათვის დაწესების დღიდამვე. მათი აზრი ამ საგანზედ მით უფრო სანატრელია, რომ იგინი თვით სოფელში სცხოვრებენ, სოფლის ავკარგიანობაში ჰტრიალებენ, მისი კარგი და ავი ყველა თავის თვალითა აქვთ ნახული, თავისის ცხოვრებით გამოცდილი. მათს აზრს ამ მხრით დიდი ფასი და მნიშვნელობა ექმნებოდა საქმის უკეთესს ფეხზედ დაყენებისათვის.


III

ტფილისი, 6 სექტემბერი, 1886 წ.


სასოფლო მართველობის ახლად შედგენილს პროექტში, რომელსაც დღეს ტფილისის გუბერნატორის კომისია სინჯავს, ერთი ფრიად საყურადღებო საგანია შეტანილი. მე-100 მუხლი იმ პროექტისა ამბობს:


„თემის თავსა, თემის ბჭეს და თემის მწერალსა ჯამაგირი უნდა ეძლეოდეს სათემო საზოგადოებისაგან: თემის თავს არა ნაკლებ თორმეტის თუმნისა, თემის ბჭესა - სამის თუმნისა და თემის მწერალს - ხუთმეტის თუმნისა“.


სათემო საზოგადოებას ნება აქვს ეს ჯამაგირი მოუმატოს თავის საჭიროებისა და შეძლებისდა გვარად და ხსენებულ მოხელეთა გარდა სხვა მოხელეებსაც დაუნიშნოს ჯამაგირი, თუ კი თემი ამას მოისურვებს. ყველამ იცის, რომ სამსახურისა და ერთობ შრომისა და გარჯის წამახალისებელი იგი სასყიდელია, რომელსაც თავის შრომისა და გარჯისაგან გამოელოდება მშრომელი. ეს ქვეყანა ისეა გაჩენილი, რომ ჭამა-სმა, ჩაცმა-დახურვა ადამიანს მუქთად ეძლევა: კაცმა უნდა იშრომოს, იღვაწოს და ამ ორს აუცილებელს საჭიროებას ისე გაუძღვეს. თუ შრომა და გარჯა ამას არ იძლევა, ძნელად თუ ნაყოფმა შრომისამ იმოდენა სიკეთე მოიტანოს, რამოდენადაც სანატრელია. ეს ჭეშმარიტება ისეთის სიცხადით თავს არსად იჩენს, როგორც სასოფლო მოხელეობის მუქთად სამსახურში. აქ მოხელეობას ეწევა გლეხკაცობა, რომელიც დღემუდამის შრომითაც თავის სახლშივე ძლივა შოულობს თავის საკმარს სარჩოსა. გლეხკაცი, მარტო თავის საკუთარს საქმეზედაც მიმდგარი, ძლივძლიობით გამოდის წლითი- წლობამდე. ამიტომაც უსამართლო იქნება იგი კაცმა ჩააბას სამსახურში, დრო და მოცალეობა, თავისის საკუთარის საქმისათვისაც ძლივად საკმარი, მუქთად შეაწირვინოს თავისის თემის მოვლისა და პატრონობისათვის, და რასაც ამით თავის-თავს, თავის ოჯახს, თავის ცოლ- შვილს მოაკლდება, იგი არავინ უძღოს, არავინ არასფრით არ გადაუხადოს სამაგიეროს საფასურითა.


რასაკვირველია, შესაძლოა კაცი საზოგადოების სიყვარულმა იმოდენად შეიპყროს და გაიტაცოს, რომ მუქთადაც გაუწიოს სამსახური თავის საზოგადოებას და უსასყიდლოდ შესწიროს თავისი დრო, მოცალეობა და ჯაფა კეთილდღეობის მზრუნველობას საზოგადოებისას, მაგრამ ეს საქებური გულის-ტკივილი შეძლებულთა კაცთა შორისაც ძნელად საპოვნელია და გლეხკაცს, დღიურის შრომით დღიურის ლუკმის მშოვნელს, როგორ მოეთხოვება. გარდა ამისა, რამოდენი ზნეობრივი სიდიდე უნდა, რომ კაცმა საზოგადოების სამსახურისათვის თავი გამოიმეტოს, ამ სამსახურზედ დამოკიდებული უსიამოვნება და მოუსვენარობა იტვირთოს და ნუგეშად იქონიოს მარტო ისა, რომ ჩემს ზნეობრივს მოვალეობას ვუსრულებ ჩემს მოძმეთაო.


ყოველივე ეს ძნელი მოსათხოვნელია გლეხკაცისაგან, რომელიც, როგორცა ვსთქვით, თავის დღიურ ლუკმას მარტო დღიურის შრომისაგან გამოელოდება და რომელსაც დღიური საჭიროება არ აცლის მაღალს რასმე გრძნობას თავი მისცეს და ამ გრძნობას ანაცვალოს თავისის სახლობის და ოჯახის ცოტა თუ ბევრი ბედნიერება. ამიტომაც მუქთი სასოფლო მოხელეობა, რომელიც დღევანდლამდე კისრად ადევს გლეხკაცობას, მძიმე ტვირთია, და კეთილსინიდისიანი გლეხი, რომელიც სოფლის მოხელეობას არა ჰხადის წყაროდ გამორჩომისად, ერიდება ამ მოხელეობას, როგორც ერთ რასმე ბეგარასა. ამ მიზეზით, არჩევანის წრეში ძნელად ჩადგება ხოლმე ამოსარჩევად კეთილსინიდისიანი გლეხი და ბურთი და მოედანი იმათ რჩებათ, ვინც კანონით დაუწესებელს გამორჩომას გულში ჩაიდებს ხოლმე. ამაშია, სხვათა შორის, სათავე სასოლო მმართველობის უხეიროდ მსვლელობისა, რომლის გამოც თითქმის ყოველის მხრიდამ ისმის ხშირად სამართლიანი დრტვინვა და ჩივილი.


თუ ყოველს ამას სახეში ვიქონიებთ, არ შეიძლება არა თანავუგრძნოთ იმას, რომ ზემოხსენებულ პროექტის შემადგენელთ მიუღიათ სასოფლო მმართველობის განკარგების ღონედ სხვათა შორის იგი საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაც, რომ ყოველს შრომას და ჯაფას საზღაური უნდა მიეცეს. ჩვენ ამას თანავუგრძნობთ, როგორც უტყუარს დედააზრს, და რაც შეეხება მას, თუ როგორ, საიდამ და რამოდენად უნდა იყოს დადგენილი ეგ საზღაური, - ეგ სულ სხვა საქმეა, რადგანაც ამ მხრით ბევრი ჰო და არა შესაძლოა ითქვას.


IV

ტფილისი, 22 სექტემბერი, 1886 წ.


ჩვენ ამას წინათ ვაუწყეთ ჩვენს მკითხველს, რომ ბ-ნ მთავარმართებლის ბძანებით შესდგა კომისია, რომელმაც შეიმუშავა პროექტი სოფლის სამმართველოს უკეთეს გზაზედ დაყენებისათვის. ამ პროექტში ყველაზედ ღირსშესანიშნავი უფრო ის არის, რომ ეხლანდელნი წვრილნი სასოფლო მმართველობანი უკან ჩამოაყენონ და დაუხელქვეითონ სათემო მმართველობას. ამ სახით მაზრა დაყოფილი უნდა იქმნას არა სოფლის საზოგადოებებად, არამედ სათემოებად, რომელთშიაც მოექცევა რამდენიმე ეხლანდელი ცალკე სოფლის საზოგადოება. ცალ-ცალკე საზოგადოებას სოფლისას დარჩება მხოლოდ თავისი საკუთარი ცალკე სასოფლო კრება და თავის საკუთარი ცალკე მამასახლისი ზოგიერთა საქმეთა განსაგებლად, სახელდობრ იმა საქმეთა, რომელნიც საკუთრად ცალკე სოფლის საზოგადოებას შეეხება. სხვა ყველა საქმეებში თვითეული წევრი სოფლის ცალკე საზოგადოებისა და თვითონ ცალკე საზოგადოებანიც კი ექვემდებარებიან სათემო მმართველობას. აქ შესანიშნავი ის არის, რომ რამდენის სოფლის საზოგადოებისაგანაც იყოს შემდგარი სათემო, ყველას ერთი სათემო სასამართლო ექმნება დავისა და დანაშაულობის გასარჩევად. ეგ სათემო სასამართლონი ამორჩეულ მოსამართლეთაგან იქმნებიან შემდგარნი. მოსამართლენი რიცხვით სამიდამ ხუთამდე შესაძლოა რომ იყვნენ იმისდა მიხედვით, თუ რამდენი სოფლის საზოგადოებაა სათემოში შესული. სამართლის გადაჭრაში უსათუოდ ან სამი მოსამართლე უნდა იყოს, ან ხუთი.


ყოველივე ხარჯისმხდელთა კაცთა დავა, თუ სადავო საგანი, არ აღემატება ხუთმეტს თუმანს,ექვემდებარება სათემო სასამართლოს იმისდა მიუხედავად მოძრავი ქონებაა საგნად დავისა, თუ უძრავი. ხოლო თუ დავა უძრავ ქონების გამო რაიმე კანონიერ სიგელზეა დამყარებული, ამის გარჩევაში ვერ შევა სათემო სასამართლო; თუ თვითონ საქმეში მონაწილენი მოისურვებენ, სასამართლო მოვალეა მიიღოს გასარჩევად ყოველივე დავა, რა ფასისაც უნდა იყოს დავის საგანი და თუნდა უძრავ ქონებაძედაც იყოს და კანონიერ სიგელზედ დამყარებული.

სასისხლო სასამართლოს გამო დიდი ცვლილებაა მომხდარი ხსენებულ პროექტში. წვრილმან დანაშაულობათა გარდა, რომელნიც უწინაც ექვემდებარებოდნენ სასოფლო სასამართლოსა, სათემო სასამართლოსათვის მიუნდვიათ კარგა დიდად გაძლიერებული დანაშაულობაც, მაგალითებრ, ქურდობა-პარვა და ქურდობა-მოტყუება, თუ მოპარულის, ან მოტყუებით შეძენილის ფასი არ აღემატება ხუთს თუმანს, და თუ ნაპარევია ცხენი, ან საქონელი, - ათს თუმანსა.


ესეთი გაძლიერება სათემო სასამართლოს უფლებისა, ჩვენის ფიქრით, მეტად მოსაწონია. აქამდე ბევრით ამაზე ნაკლების ფასისა უნდა ყოფილიყო ნაქურდალი, რომ გლეხკაცს იქავ თავის ახლოს, უხარჯელად, უთრეველად, თავისი დანაკარგი ეძია. თუ დანაკარგი სამს თუმანს აღემატებოდა, გლეხკაცს უნდა ერბინა მომრიგებელ მოსამართლესთან, მომცდარიყო, ხშირად საადვოკატოდ ხარჯი გაეღო, წასულიყო-მოსულიყო, ორი სამი თვე საქმის უკან ერბინა და მერე მიეღო განაჩენი მომრიგებელ მოსამართლისა. კიდევ კარგი, თუ ამით გათავდებოდა საქმე და ოლქის სასამართლოში არ გადვიდოდა ხელახლად გასარჩევად. ახლა იქ მოუნდებოდა წასვლა-მოსვლა, ხარჯი, ადვოკატის აჩენა, და მინამ დაბოლოებულად განაჩენს მიიღებდა, გაწყალდებოდა ხოლმე. ბევრი მაგალითი ვიცით, რომ ამ ხარჯისა, მოცდენისა და წინ და უკან თრევის შიშით გლეხკაცს დანაკარგზედ ხელი აეღოს და აღარ გამოსდგომოდეს. ეს ამისთანა ხელის აღება არამც თუ მარტო ქონებრივად მავნებელი იყო ხელის ამღებისათვის, არამედ აქეზებდა კიდეც ავკაცსა და ქურდსა, რადგანაც ამ თავმინებების გამო დაუსჯელად რჩებოდა.


ჩვენა გვგონია, რომ თუ უმაღლეს მთავრობისაგან შეწყნარებულ იქმნება ახალ პროექტის იგი მუხლი, რომელიც სათემო სასამართლოს ანდობს გაარჩიოს ქურდობა-პარვა და ქურდობა- მოტყუება ხუთისა და ათის თუმნის საფასურისა, მაშინ გლეხკაცს, ამ გვარების ქურდობით დაზიანებულს, უფრო ბევრს შემთხვევაში თითქმის შინვე მიეცემა სამართალი და შორს რბენა, თრევა, ხარჯი, აღარ მოუნდება. რაკი ამისი იმედი ექნება დანაკარგის პატრონს, რაკი შორს თრევისა და ხარჯის შიში აღარ დააფრთხობს, თქმა არ უნდა, უფრო ხალისიანად გამოეკიდება ქურდის აღმოჩენას და საქმის თავმინებებით, საქმეზედ ძალაუნებურად ხელის აღებით ქურდობას დაუსჯელად არ დაატოვებინებს სამართალსა.


ქურდს და ყოველგვარ ავ კაცს დიდს ხალისს უნდა აძლევდეს სხვათა შორის იგი იმედიც, რომ შორეულ სასამართლოებში თრევისა და ხარჯის შიშით დავიდარაბას მოერიდებიან, არ გამოეკიდებიან და ავკაცობა დაუსჯელად შემრჩებაო. სათემო სასამართლო კი ადვილად მისაწვდენია ყველასათვის, გლეხკაცობას თითქმის კარ-წინ ექმნება, არავითარს ხარჯს არ მოითხოვს ადვოკატების დასაჭერად და ბევრი მისვლა-მოსვლაც არ დასჭირდება, და თუნდაც დასჭირდეს, სატარებელი შორს მაინც არ ექნება. აქამომდე კი უფრო ბევრს შემთხვევაში გაქურდულს გლეხკაცს სხვა სასამართლო უნდა მოეძებნა, იმიტომ რომ, რა მოპარული ცხენი იქნებოდა იმისთანა, ან ხარი, თუ კამეჩი, რომ უფრო ხშირად სამს თუმანხედ მეტად არ ღირებულიყო.


რა თქმა უნდა, ამოდენა უფლება საბოლოოდ არ უნდა დაეთმოს სათემო სასამართლოს: მისი განაჩენი ამისთანა შედარებით მძიმე საქმეში უნდა ხელახლად გადასათვალიერებლად და გადასაჩხრეკად ექვემდებარებოდეს უმაღლესს სასამართლოსა, თუ ვინიცობაა უკმაყოფილოდ დაურჩა ან ბრალმდებელი, ან ბრალდებული. ამისათვის პროექტში აღნიშნულია ერთგვარი წესი, რომელსაც შემდეგს ნომერში ვაუწყებთ ჩვენს მკითხველებს.


V

ტფილისი, 23 სექტემბერი, 1886 წ.


სათემო სასამართლოსა პროექტით მინიჭებული აქვს უფლება დამნაშავედ ცნობილთა ბრალეულებს გაუჩინოს სასჯელად სათემო საქმეზედ მუშაობა ექვს დღემდე, ანუ გადაახდევინოს სათემო კასის სასარგებლოდ ფულად სამს მანათამდე, ანუ შვიდ დღემდე დაამწყვდიოს; ცხენებისა და საქონლის ქურდობისათვის კი პატიმარ-ჰყოს შვიდის დღიდამ ერთს თვემდე, გარდა ამისა, რომ დანაკარგი უნდა ეზღვევინოს. ამ სახით სჩანს, რომ ქურდობა-მოტყუება, თუნდა საგანი ხუთის თუმნისაც იყოს, წვრილთა დანაშაულობათა შორის არის მოქცეული. ჩვენ ეს შეცდომა გვგონია. ჩვენ იმის მომხრენი სულაც არა ვართ, რომ დიდი და მძიმე სასჯელი ჰშველოდეს რასმე დანაშაულობის ამოკვეთას და ზნეობის გამოსწორებას და გამოკეთებას, მაგრამ რაკი სიმძიმეს დანაშაულობისას უნდა შეეწონოს სიმძიმე სასჯელისაც, მაშინ ქურდობა-მოტყუება თვისის სიმძიმით არ შეეფერება სასჯელს, რომელიც დადგენილია, მაგალითებრ, საბრიყვო დანაშაულისთვის, სიტყვით თუ საქმით წყენისათვის, სხვის მიწის გადახნისათვის, ღობის გაფუჭებისათვის და სხვა ამგვარ წვრილ დანაშაულობისათვის, რაიც ჩამოთვლილია პროექტის 67 მუხლში. ამ მხრით, ჩვენის ფიქრით, 68 მუხლი პროექტისა საჭიროა შეიცვალოს და ქურდობა-მოტყუებას წვრილ დანაშაულობაზედ მეტი სასჯელი დაენიშნოს. პროექტში არ არის მოხსენებული, განაჩენი სათემო სასამართლოსი რომელი დაბოლოებულ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს და რომელი უმაღლესს სასამართლოში გადასატანად. ჩვენა გვგონია, რომ კარგი იქნებოდა, არა- სასისხლო საქმეთა გამო საზღვარი რამ დადებულ ყოფილიყო ამ ორგვარ გადაწყვეტილებათა შორის იმისდა მიხედვით, თუ საგანი სადავო და საძიებელი რა ფასისა იქმნებოდა. ამ შემთხვევაში ყოველივე საქმე, თუ სადავო და საძიებელი ხუთს მანეთს არ აღემატებოდა, სათემო სასამართლოს დაბოლოვებულად უნდა ექვემდებარებოდეს და უმაღლესს სასამართლოში აღარ გადიტანებოდეს. ხოლო სასისხლო საქმე არა-კმაყოფილთაგან ყოველ შემთხვევაში გადატანილ უნდა იქმნას უმაღლესს სასამართლოში, იმიტომ რომ ამისთანაებში ადამიანის ღირსებას ზნეობითად ჩირქიც ეცხება, გარდა ამისა, რომ ხორცეულად ისჯება. რადგანაც ღირსება და პატივი ადამიანისათვის ძვირფასი რამ არის, კანონი უნდა ფრთხილობდეს უმართლო განაჩენმა არავის შეუბღალოს ადამიანური ღირსება და ადამიანური პატივი განზრახ, თუ განუზრახველად. ამ მხრით თანაგრძნობის ღირსია პროექტი, რომ ყოველივე სასისხლო თვისების საქმე უცვნია საფრთხილოდ და განაჩენისაგან გულ-ნაკლულისათვის მიუნდვია, თუ უკმაყოფილოა და ჰსურს, საქმე უმაღლესს სასამართლოსაც ხელახლად გადაასინჯოს. რა თქმა უნდა, ეს უმაღლესი სასამართლო გლეხკაცობაზედ რომ შორს იყოს, და მასში რთული, გლეხკაცობისათვის მიუწდომელი წესები მოქმედობდნენ, მაშინ ძნელი იქმნებოდა სათემო სასამართლოს შეცდომის გასწორება უმაღლესის სასამართლოს მიერ, იმიტომ რომ ძნელად თუ უმართლოდ გამტყუნებული გლეხკაცი არ შეუშინდებოდა ტანტალსა და ხარჯსა ამ შემთხვევაში და გულში არ ჩაიმარხავდა ჯავრსა და დარდსა უმართლოდ წაგებულის საქმისას. პროექტის დამწერთა საქებურად უნდა ვსთქვათ, რომ ამ შემთხვევაში მოჰშველებიან გლეხკაცობას და დედააზრად მიუღიათ, რომ უმაღლესი სასამართლო რაც შეიძლება ახლო უქონიონ გლეხკაცობას და თვითონ წესები საქმეთა წარმოებისა განუმარტივონ იმოდენად, რომ ყოველს გლეხკაცს თვითვე შეეძლოს თვისის საქმის წარმოება და მოვლა. ამისათვის დაუდგენიათ „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობა“. რაში მდგომარეობს უფლება და მოვალეობა ამ „ზედა-მხედველობისა“, რა რიგად და ვისგან არის იგი შემდგარი, ყოველს ამაზედ შემდეგ მოვილაპარაკებთ.


VI

ტფილისი, 29 სექტემბერი, 1886 წ.


იგი პროექტი საგლეხო მმართველობის განკარგებისა, რომლისაგანაც ჩვენ ამას წინათ მოვიყვანეთ ზოგიერთი უფრო მეტად შესანიშნავი ცნობა, დაწერილია მარტო ამიერკავკასიის სამაჰმადიანო გუბერნიებისათვის. თუმცა ესეა, მაგრამ ჩვენ უკვე ვაუწყეთ ჩვენს მკითხველებს, რომ იგი პროექტი გადაუცია აქაურს უმაღლესს მთავრობას აქაურ საგუბერნიო მართველობისათვის, რათა გუბერნატორის თავმჯდომარეობით შედგენილმა კომისიამ განიხილოს, რამოდენად მისაღებნი და გამოსადეგნი არიან ტფილისის გუბერნიისათვის იგი არსებითნი ცვლილებანი, რაიც ამ პროექტს სამაჰმადიანო გუბერნიებისათვის საჭიროდ დაუნახავს.


ჩვენ წინა წერილებში ვსთქვით, რომ ამ პროექტში ერთი ახალი წესია დადგენილი საგლეხო მმართველობის ზედამხედველობისათვის და ეს წესი ახალია, რადგანაც ზედამხედველობა დღეს-აქამომდე ექვემდებარებოდა მარტო გუბერნატორს და გლეხთა საქმეთა საგუბერნიო გამგეობას. დღეს პროექტი ამ ზედამხედველობას ორს ინსტანციას აჩემებს, ერთისათვის უწოდებია „გლეხთა მმართველობის სამაზრო ზედამხედველობა“ და მეორისათვის - „საგუბერნიო მოხელეობა“.


სამაზრო ზედამხედველობა შესდგება მაზრის უფროსისა და მომრიგებელ შუაკაცისაგან, რომელნიც თანასწორად მოვალენი არიან თვალი ეჭიროთ და ადევნონ საგლეხო მართველობის საქმეთა მდინარეობას და ზოგიერთს შემთხვევაში მოიწვიონ მესამე წევრად თანაშემწე მაზრის უფროსისა და კოლეგიურად განიხილონ საქმე. იგი შემთხვევანი ჩამოთვლილნი არიან პროექტის 131 მუხლში. ჩვენ ამ ჟამად ამ შემთხვევათა ჩამოთვლას არ გამოვუდგებით, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ სხვათა შორის ამ მუხლში მოხსენებულია სათემო სასამართლოს განაჩენების ხელახლად განხილვა, თუ საჩივარია შემოტანილი, ერთობ მოედანი მოქმედებისა ამ ზედამხედველობას ასე აქვს შემოხაზული ინსტრუქციის 31 მუხლითა.


„საგლეხო მმართველობის სამაზრო ზედამხედველობამ არასდროს არ უნდა მოიშოროს თვალიდამ, რომ უმთავრესი მოვალეობა მისი იმაშია, რათა მკვიდრთა ცხოვრებაში ფეხი მოაკიდებინოს კანონს, განუმარტოს და განუსაზღვროს აზრი და მნიშვნელობა კანონისა, აუხსნას და აჩვენოს გზა, სად, როგორ ამოქმედონ კანონი, კანონის დარღვევა და ერთობ ყოველივე არა-წესიერად წარმართვა საქმისა მოარიდოს და მოაშოროს საგლეხო მმართველობასა“.


ყველაფერი ეს, ვსთქვათ, ძალიან კარგია, მხოლოდ ეს უნდა ვიკითხოთ, ვინ უნდა აღასრულოს ყოველივე ეს? პროექტი ამბობს - მაზრის უფროსმა, მომრიგებელმა შუაკაცმა და მაზრის უფროსის თანაშემწემ. ჯერ ერთი ესა, რომ ჩვენ მთელს ქვეყანაზედ არ ვისით ისეთი კოლეგიური სასამართლო, რომ ერთი წევრი ხელქვევითობის წესით ისე პირდაპირ დამოკიდებული იყოს მეორეზედ, როგორც ამ შემთხვევაში თანაშემწეა მაზრის უფროსზედ დამოკიდებული. თუ არა ვცდებით, თანაშემწე მაზრის უფროსისა მაზრის უფროსის ბრძანებლობის ქვეშეა სრულებით. იგი კოლეგია, საცა ეს არის, რა თავმდებია იმისი, რომ საქმე სამისაგან ერთმანეთზედ დამოუკიდებლად განხილულ იქმნება და არა მარტო მაზრის უფროსისაგან, რომელსაც თანაშემწე იძულებულ იქმნება მომხრეობა გაუწიოს, რადგანაც მისი ხელქვეითია და ამ მიზეზით ერთის მომრიგებელ შუაკაცის წინააღმდეგ ყოველთვის საქმის გადამწყვეტი იქმნება - ორი წევრი, ანუ უკეთ ვსთქვათ, მარტო ერთი მაზრის უფროსი, რადგანაც ძნელად საფიქრებელია, რომ თანაშემწე, როგორც ხელქვევითი, თავის უფროსს არ მიუდგეს და ამ სახით მომრიგებელ შუაკაცის აზრი არ გაუქმდეს, რაც უნდა მართალი იყოს.


VII

ტფილისი, 30 სექტემბერი, 1886 წ.


ჩვენს გუშინდელს წერილში მოვიყვანეთ სიტყვა-სიტყვით 31 მუხლი ინსტრუქციისა შესახებ საგლეხო მართველობის სამაზრო ზედამხედველობისა. იგი მოვალეობა, რომელიც დაუკისრებია პროექტს მის მიერ შედგენილ სამაზრო ზედამხედველობისათვის და რომელიც მოხსენებულია ინსტრუქციის 31 მუხლში, მეტისმეტად ძნელად აღსასრულებელია იმ კოლეგიისაგან, საცა არც ერთი წევრი სპეციალურად მომზადებული არ არის კანონების ასახსნელად და განსამარტებლად. კანონის ახსნას და განმარტებას მარტო ნუსხურად კანონების ცოდნა არა ჰკმარის, თუმცა ამ მხრითაც-კი ძნელად საფიქრებელია, რომ მაზრის უფროსსა, მის თანაშემწეს და მომრიგებელს შუაკაცსა მათის ხელობის შესახებ კანონებზედ მეტის კანონებისვე ცოდნა მოეთხოვებოდეს. კანონების ახსნას და განმარტებას მარტო სიტყვა-სიტყვით თარგმნაც კანონისა ყოველთვის არა ჰშველის. ამას გაწვრთნილი იურისტი უნდა, იმიტომ რომ ამისთანა შემთხვევაში საჭიროა კაცმა სულს მიაგნოს კანონისას და არა მარტო ხორცსა, - და უნარს ამ მიგნებისას მარტო მეცნიერება იძლევა, მეცნიერება რჯულიერებისა.


ჩვენ იმისი წინააღმდეგნი არა ვართ, რომ ამ ზედამხედველობაში მონაწილეობა არა ჰქონდეს მაზრის უფროსსა და მომრიგებელს შუაკაცსა. პირიქით საჭირონიც არიან, რადგანაც პროექტის ძალით სათემო სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლება გადასწყვიტოს საქმენი ჩვეულების მიხედვითაც. მაზრის უფროსი და ნამეტნავად მომრიგებელი შუაკაცი ყოველთვის ხალხში ჰტრიალებენ, მის ცხოვრებას აკვირდებიან, ავკარგიანობას ერის ცხოვრებისა მათ თვალწინ მიდის-მოდის ყოველდღე და მაშასადამე ყველაზედ მომეტებული სახსარი ჩვეულების ცოდნისა ამათა აქვთ.


ჩვენ მარტო იმის თქმა გვინდა, რომ მესამე წევრი მაინც იყოს იმისთანა, რომელსაც სარჯულიერებო მეცნიერების ცოდნა მოეთხოვებოდეს. ამისთანა წევრი სამაზრო ზედამხედველობისათვის მომრიგებელი მოსამართლეა. ჩვენის ფიქრით, დიდი ნაკლი იქნება ზედამხედველობისა, თუ მომრიგებელი მოსამართლე არ იქმნა მესამე წევრად.


თუ ჩვენ გვკითხვენ, ჩვენ ისიც საჭიროდ მიგვაჩნია, რომ მაზრის უფროსის მაგიერ მარშალი იყოს, რადგანაც იგი ყოველთვის ადგილის კაცია და ადგილის ავკარგიანობა ნახული და ნაცადი აქვს და მაშასადამე იგი უფრო ზედ მიწევნით მცოდნე იქნება ჩვეულებისა, ვიდრე სხვა.


ჩვენ, რასაკვირველია, ამას ვამბობთ მარტო იმ გუბერნიებზედ, საცა მარშლები არიან კანონით დაწესებულნი, საცა არ არიან, სხვა გზა არ არის, მაზრის უფროსი უნდა იყოს წევრად ზედამხედველობისა.


მაზრის უფროსის თანაშემწის წევრობა არ არის შესაწყნარებელი ერთის მიზეზითაც. პროექტი იხსენიებს ერთს შესანიშნავს შემთხვევას, რომელიც არა ერთხელ თავს გამოიჩენს და რომელიც კოლეგიურს განხილვას მოითხოვს. თუ ვინიცობააო, ამბობს პროექტი, მაზრის უფროსის და მომრიგებელ შუაკაცის ცალ-ცალკე განკარგულებაში ზედამხედველობის შესახებ რაიმე უთანხმოება აღმოჩნდა, მაშინ კოლეგიურად უნდა განირჩეს საქმეო, ესე იგი მაზრის უფროსის თანაშემწეც მოიწვიონ განსახილველად. ჩვენ ეს კანონი არ გვესმის. ვსთქვათ, მომრიგებელ შუაკაცმა ერთი განკარგულება რამ მოახდინა და იმავ საგანზე მაზრის უფროსმა სულ სხვა ბრძანება გასცა. ჩამოვარდა უთანხმოება. ეს უთანხმოება როდის გახდება საკოლეგიოდ? რასაკვირველია, როცა ერთმანეთში ვერ მოშველდებიან. რაკი ვერ მოშველდებიან, ვის უნდა შესჩივლონ? მესამე წევრს ზედამხედველობისას, ესე იგი მაზრის უფროსის თანაშემწეს. გამოდის, რომ მათი გამკითხველი მარტო მაზრის უფროსის თანაშემწე იქნება. ეს როგორღაც ჭკუაში არ მოდის. ვსთქვათ, ეს არაფერი. ნუთუ ჰგონია ვისმე, რომ მაზრის უფროსი თავისას იტყვის და მომრიგებელი შუაკაცი თავისას, მაშინ მაზრის უფროსის ხელქვეითი თანაშემწე თავის უფროსის სიტყვას არ მიემხრობა? მომრიგებელი შუაკაცი რა იმედით უნდა მიდიოდეს იმ კოლეგიაში, საცა ერთი წევრი მისი მოდავეა, მეორე მოდავის ხელქვეითია და მესამე კი თვითონ მოჩივარი არის? ამ სახით გამოდის, რომ მაზრის უფროსი მოდავეა, მომრიგებელიც მოდავეა და დარჩა გამკითხველად მარტო ერთი მაზრის უფროსის თანაშემწე. ან სად გაგონილა, რომ უფროსი, ესე იგი მაზრის უფროსი, თავის ხელქვეითისაგან ეძიებდეს განსამართლებასა?


იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ტფილისის და ქუთაისის გუბერნიების შესახებ სახეში მიიღებენ იმ დიდს და თავდაუჭერელს ნაკლს, რომელიც ჩვენ ჩვენის შეძლებისამებრ შევნიშნეთ ზემოთდასახელებულს პროექტსა სამაზრო ზედამხედველობის შედგენილობის თაობაზედ. ჩვენ არა გვგონია, რომ მაგნაირად შედგენილმა ზედამხედველობამ კანონმდებელს კეთილი სურვილი საგლეხო მართველობის განკარგებისა შეუსრულოს სადმე. თუ რამ სიკეთე მიუძღვის ამ მხრით ხსენებულს პროექტსა, ეგ სიკეთე ის არის, რომ უმაღლესი სასამართლო, როგორც წინათ ვსთქვით, ახლო ექნება გლეხკაცობას, თუ ვინიცობაა სათემო სამართალი გულს რითიმე დააკლებს. ეს სიკეთე, ჩვენის ფიქრით, დიდს შეღავათს მისცემს გლეხკაცობას და დიდად მოსაწონია ვითარცა დედააზრი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედვას ზედამხედველობის აგებულებას. ხოლო ამ დედააზრის იმ გვარად ხორცთ-შესხმა, როგორც მოუწადინებიათ პროექტის დამწერთა, ვერაფერი თავდებია საქმის კეთილად წარმართვისათვის.

Recent Posts

See All
სოფლის უფროსის არჩევანი

ჩვენ რამდენჯერმე გამოგვითქვამს, რომ ყოველივე საკეთილოდ დაწყებული და განზრახული საქმე ჭირად გადაექცევა ხოლმე ჩვენს ხალხს, ნამეტნავად...

 
 
სოფლის მოხელეთა არჩევანი

1 ნოემბერს ჩვენში უნდა მოხდეს სოფლის მოხელეთა არჩევანი. მაგრამ საკითხავი ის არის, მოხელეთა გამოცვლით, გამოიცვლება საკეთილოდ გლეხთა ბედიც,...

 
 
bottom of page