მცენარეთა შენაცვლების საკითხი მევენახეობაში
- nino otiashvili
- Dec 5, 2023
- 3 min read
ტფილისი, 9 თებერვალი, 1889 წელი
ბ-ნ სვიმონ ვეზიროვის წერილი შესახებ ვაზის ავადმყოფობისა, რომელიც ამ დღეებში დაბეჭდილი იყო „ივერიაში“, მეტად შესანიშნავი წერილია. შესანიშნავია მით, რომ ჩვენში ჯერ არავის წამოუყენებია იგი მიზეზი ჩვენის ვენახების და ვაზის უღონობისა, რომელიც ბ-ნმა ვეზიროვმა ხსენებულ წერილებში გვაჩვენა. საბუთები, მოყვანილი ბ-ნ ვეზიროვისაგან თავის აზრის დასამტკიცებლად, ძალიან ჭკუაზედ ახლო არიან და იმოდენად საკმაოდ გამორკვეულნი, რომ კაცმა უსათუოდ ანგარიში უნდა გაუწიოს პატივცემულის ავტორის აზრსა.
დედააზრი ბ-ნ ვეზიროვისა იგია, რომ მიწა, რომელზედაც გაშენებულია ჩვენი ვაზი, მოიღალაო. ამოდენა ხანია ვაზი სწოვს ერთსა და იმავე მიწასა და, რა საკვირველია, მიწა იმდენად გაღარიბდეს, რომ ვაზის საზრდოდ და სახეიროდ ბევრი აღარა შერჩენოდესო. ეს აზრი იმ უტყუარს საბუთზე აქვს დამყარებული, რომ სხვა ყოველს მცენარეს სწორედ ესევე შედეგი მოსდევს, თუ ზედიზედ მოჰყავთ ერთსა და იმავე მიწაზედა. ეს კანონი მიწისმოქმედებისა ყველამ კარგად იცის, დიდმა თუ პატარამ, გლეხმა თუ თავადმა. ჩვენში ყველამ კარგად იცის, რომ ერთსა და იმავე მიწაზედ ზედიზედ არ უნდა დაითესოს ერთი და იგივე მცენარე. ნაქერალში ქერს არავინ დასთესს, ნაპურალში პურს, თუ მცენარე არ უცვალა. თუ ყოველი სხვა მცენარე ისე სწოვს მიწასა, რომ მეორე წელს იგივე მიწა იმ მცენარისათვის აღარ ვარგისობს, რატომ ვაზის გამოც ეს არ უნდა ვიფიქროთ, მით უფრო, რომ ვაზი არამც თუ ერთსა და ორს წელიწადს, არამედ ოცსა და ოცდაათს წელიწადს ერთსა და იმავე მიწაზედ ჰდგას და ერთისა და იმავე მიწიდამ გამოაქვს თავისი საზრდო და სასმელ-საჭმელი.
ყოველი ორგანებული არსება, მცენარეა თუ ცხოველი, დიდად დამოკიდებულია საჭმლის ავკარგიანობასა და მეტნაკლებობაზედ. თუ საჭმელი არ უვარგა, ან ნაკლები აქვს, თითონ არსებაც მჭლეა, უღონო, უძლური. მჭლე, უღონო და უძლური არსება წინათვე განმზადებულია სენისთვის, ადვილად შეიყრის ყოველგვარს სენსა, ადვილად დაეჩაგვრინება, ადვილად დაიძლევა, რადგანაც, როგორც მთელი აგებულება, ისეც ყოველივე ცალკე ასო იმოდენად დაუძლურებული აქვს, რომ სენთან ბრძოლისათვის სენის მოსარევად არაქათი არა აქვს. თუნდ რომ სენიც არ იყოს, უღონო მცენარე დიდსა და ბევრს ნაყოფს ვერ გამოიღებს, გამოსავალი არა აქვს. ჩვენს ვენახებს, სხვათა შორის, უმოსავლობასაც უჩივიან. საცა უწინ დღიურს მიწას ხუთას-ექვსასი თუნგი მაინც უნდა გამოსვლოდა, დღეს ასს-ორასს თუნგს ძლივსღა სწურავენ ვენახის პატრონები.
ყოველს ამას ბ-ნი ვეზიროვი აბრალებს მიწის მოღალვას. მიწა გაცვდა და ვაზი ეხლა ვეღარ ჰშობს იმოდენის სიუხვითა და სიკარგით თავის საზრდოს მოღალულს მიწაშიო. ეს მიზეზი, ჩვენის ფიქრით, ძალიან ჭკუაზედ ახლოა, ნამეტნავად იმ მაგალითებსა და საბუთებს შემდეგ, რომელიც ბ-ნ ვეზიროვს მოჰყავს. რა არის ამისი წამალი? რამ უნდა უშველოს აქ გაჭირებულ საქმეს? რითა და რა გზით უნდა მიენიჭოს ვაზისაგან გამოწოვილსა და მოღალულს მიწას წინანდელი ნოყიერება, რომ ვაზმა უწინდებულად იხეიროს და თავი იკვებოს?
ბ-ნმა ვეზიროვმა ამის საპასუხოდ მიჰმართა თითონ ბუნებას და მიწათმოქმედების მეცნიერებას. აქედამ გამოირკვა, რომ ნაყოფთა-ცვლა თითქმის ერთადერთი სახსარია ხელახლად გაღონიერდეს მიწა რომელისამე მცენარისათვის, რომელსაც მიწა მოუღლია. ამისათვის მეტად საყურადღებო საბუთები მოჰყავს როგორც თავის საკუთარის გამოცდილებით გამოძიებული, ისეც სხვისაგან შემცნეული და დანახული. შორს რომ არ წავიდეთ, თითონ ჩვენშიაც ცნობილია ღირსება ნაყოფთ-ცვლისა, ჩვენმა მხვნელ-მთესველმა კაცმა ძალიან კარგად იცის, რომ მიწას უნდა შეუცვალოს ხოლმე მცენარე. ქერს, პურს,სიმინდს იგი მუდამ უცვლის ხოლმე, თუ ერთსა და იმავე მიწაზედ უნდა ერთ-ერთის მოყვანა.
საკითხავი ეს არის: როგორ მოუხერხდეს ნაყოფთ-ცვლა ვენახსა? ამაზედ ბ-ნი ვეზიროვი, როგორც ფრთხილი მაძიებელი საქმისა, არაფერს გვეუბნება. „აი საგანიო, — ამბობს იგი, — რომელიც ღირსია მცოდნეთა მევენახეთა დაკვირვებისა და გამოკვლევისაო. ვინც ამ საგანზე სწორე პასუხს მოგვიგებს, იგი გვასწავლის მევენახეთა ბედნიერების საიდუმლო კარის გაღებასაო“. მართლა, რომ დიდად და დიდად ღირსია კაცმა ამ საგანს გაუშტეროს ცოდნისა და გამოცდილების თვალი. ნაყოფთა-ცვლა იმ ადგილას, საცა ვაზია დარგული,შეუძლებელია, თუ ვაზი არ გადიკაფა და იმის სანაცვლოდ სხვა რამ არ დაითესა. ამ გარემოებამ დააბრკოლა უსათუოდ პატივცემული ავტორი, რომ წესი ნაყოფთ-ცვლისა ბოლომდინ არ მიიყვანა ვაზის შესახებ. მართლადაც ძნელი გასაბედია ამისი თქმა, ამდენის ვაივაგლახით აშენებული და გამართული ვენახი როგორ გამოიმეტოს კაცმა! მეორეს მხრით ესეც ანგარიშში მისაღებია: თუ ვენახი თავის ხარჯს ვეღარ ააყენებს, თუ საკმაო მოსავალს აღარ მოგვცემს, თუ გაგვაღარიბებს, რისღა მაქნისია? ამ ორ წყალს შუა დგომა ჩვენთა მევენახეთათვის მეტად მძიმე და ძნელი საქმეა. რა თქმა უნდა, ვენახების გადაკაფვას ამ შემთხვევაში ვერავინ ვერ ურჩევს ვენახის პატრონსა, ხოლო ამ ნაყოფთა-ცვლის საჭიროებას- კი ჭკუადასმით ჩაფიქრება უნდა იმ მხრით, რომ როგორმე ეშველოს ვაზისაგან მოღლილ მიწას, თავისი ძალ-ღონე დაუბრუნდეს იმ გზით, რომ მცენარეც შეეცვალოს და არც ვაზი გადაიკაფოს. ამ საგანზედ ერთი აზრი მოგვივიდა ჩვენ და იქნება შესაწყნარებელი გამოდგეს, ამიტომაც საჭიროდ ვხედავთ აქ წარმოვსთქვათ. იქნება შესაძლო იყოს, იმისთანა მცენარე რამ მოინახებოდეს, რომ ვაზებს შუა მოვიყვანოთ და მოღალულს მიწას ის სამსახური გაუწიოს, რაც საჭიროა ვაზის სახეიროდ და იმის საზრდოს მოჭარბებისათვის. მინამ ამ სარჩიელს მივიღებდეთ, ჯერ, რასაკვირველია, საჭიროა გამოვარკვიოთ: ნაყოფთ-ცვლაში რა მოქმედობს მიწის გაღონიერებაზედ წინანდელ მცენარისათვის? ანუ, უკეთ ვსთქვათ, ბუნება ამზადებს მიწას წინანდელ მცენარისათვის მით, რომ მიწა იმ მცენარისათვის ისვენებს, თუ თითონ შეცვლილი მცენარე ამზადებს მით, რასაც იგი სტოვებს მიწაში? თუ ეს უკანასკნელია, მაშინ ჩვენი სარჩიელი თავის საბუთს ჰპოულობს და, მაშასადამე, შესაძლოა, გამოგვადგეს კიდეც. არ იქნება მეტი, რომ ამ მხრითაც ჩაუკვირდეს კაცი დღევანდელს გაჭირებას ვენახებისას, რაკი გულს დავაჯერებთ, რომ მიზეზი გაჭირებისა მიწის მოღალვაა და სახსარი ხსნისა ნაყოფთ- ცვლა.

