top of page

ხილნარობისა და მევენახეობის სასწავლებელთა შესახებ

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 10, 2024
  • 3 min read

Updated: Jan 31, 2024

ტფილისი, 30 ოქტომბერი, 1886 წელი.


რამოდენა შეუძლიან ჩვენს ქვეყანას ან ხილი მოიყვანოს, ან ღვინო დააყენოს, რამოდენა ადგილი უჭირავს ხილნარსა და ვენახებსა, რამოდენაა შესაძლო, რომ კვლავ დაიჭიროს სავენახე და სახილნარე ადგილები, რა ადგილი უფრო რის მომცემია, სად რა სიკეთის ხილი და ღვინო მოდის, - ამაებისა ჩვენ თვითონ ძალიან ცოტა რამ ვიცით, და იმათ, რომელთაც ამ მხრით შველა ჰსურთ ქვეყნისა, ხომ სრულებით არ იციან-რა. აი, მაგალითად, ერთი გაზეთი, რომელიც ამ საგანზედ ჰლაპარაკობს, რა ცოდნით გამოდის მოედანზედ:


„იმ ხილნარების გარდა, რომელნიც მთელს რუსეთში მოფენილია და რომელნიც მარტო ვაშლსა და ალუბალს იძლევიან, ჩვენა გვაქვს კავკასია და კავკასიაში იმისთანა დალოცვილი ადგილებია, როგორც რიონის ვაკე, საცა ყოველგვარი ხეხილი ჰხეირობს და საცა მარტო ყურძენი 4.472.000 ფუთი მოდის ყოველ წლით“.

ჩვენ არ უარვყოფთ, რომ რიონის ვაკე მშვენიერს ხილსა და ბლომად ყურძენს იძლევა, მაგრამ გაზეთმა, რომელიც შეჰხებია ამისთანა საყურადღებო საგანს, როგორ არ უნდა იცოდეს, რომ დიდძალი ხილი ქართლშიაც მოდის, რომ დიდძალი ვენახები ქართლშიაც არის; რომ ერთისა და მეორისათვის კახეთი ერთს მართლა და ღვთისაგან დალოცვილს ადგილს წარმოადგენს; რომ ზაქათალის მაზრა, ნუხა, განჯა, ერევანი, ყოველივე ესენი, კარგი სახილნარო და სავენახე ადგილებია და დღესაც ბლომად იძლევა ხილსა და ღვინოსა. ქართლი, კახეთი და ეს ჩვენგან ჩამოთვლილი ადგილები სწორედ ულეველი ბოღაზია ხილისა და ღვინისა და პატივცემულს გაზეთს კი ჰგონებია, რომ ამიერკავკასიაში მარტო რიონის ვაკეა იმისთანა, საცა ხილი და ყურძენი მოდის. იქნება იფიქროს ვინმე, რომ ხსენებულს გაზეთს ეგ უცოდინარობის გამო კი არ მოსვლია, არამედ იმით, რომ სურვებია მოკლედ ეთქვა სიტყვა და მაგალითად მარტო რიონის ვაკე მოუყვანია. არა, ბატონებო, შემდეგ იმისა, რაც ზემოდ ამოვსწერეთ, გაზეთი სიტყვას აგძელებს ამავე საგანზედ და აი რას ამბობს:


„ჩვენა გვაქვს ბესარაბია, რომელსაც ზედ-ებმის ზოგიერთი მაზრა ხერსონისა და პოდოლის გუბერნიებისა, საცა ჯერ კიდევ 1873 წელსა ვენახებს ეჭირათ 28.230 დესეტინა თვით ბესარაბიაში, და 1.500 ხერსონისა და პოდოლის გუბერნიების მაზრებში“.


თუ სადმე ხილნარისა და ვენახების გამო ბესარაბია და თითო-ოროლა ადგილი ხერსონისა და პოდოლის გუბერნიებისა იხსენება, იქ როგორ არ უნდა იხსენებოდეს ქართლი, კახეთი, თითქმის მთელი იმერეთი, ზაქათალა, ნუხა, განჯა, ერევანი და სხვანი, თუ კი ცოდნა იყო სადმე... ეგ სწორედ იმას ჰგავს, რაც კრილოვის ზღაპარშია: კაცს წვრილი კოღოები კი დაენახა და მათ შორის მყოფს სპილოზედ კი სთქვა: თვალი ვერ მოვკარიო.


ქვეყნის წარმატებისათვის მარტო ცარიელი სურვილი უქმი თამასუქია. ამიტომაც ბევრი რამ დაწყებულა ქვეყნის საკეთილოდ, მაგრამ უქმად ჩაუვლია და ქვეყანასაც გული გასტეხია და ნდობა დაჰკარგვია ყოველის ახალის დაწყებულების მიმართ. ხშირად, და ძალიან ხშირადაც, ასეთი ბოლო-გაუტანლებლობა, ასეთი მარცხი საკეთილოდ მოგონილის ღონისძიებისა თვითონ მკვიდრთათვის დაუბრალებიათ, არ ესმით სიკეთეო, ყოველს ახალს ეურჩებიან, ბრიყვი ხალხიაო და სხვა ამისთანა ტყუილი მიზეზები მოჰყავთ და გამგონიც იჯერებს. იმის გამომძიებელი და მთქმელი კი აღარავინ არის, რომ აქ ხალხი არასფერს ბრალშია; რომ მარცხის მიზეზი თვითონ საქმეშია, რომელიც მარტო ცარიელს სურვილზეა აგებული და მოკლებულია საჭირო ცოდნას ადგილის ვითარებისას, ურომლისოდაც კეთილი სურვილიც კი ფეხს და ხელს ისე ვერ გაანძრევს, რომ არ შესცდეს და გზა-კვალი არ აერიოს.


ესეა თუ ისე, მთავრობას შეუმჩნევია, რომ ყველგან რუსეთში ხილნარობას და ვენახობას უკან დაუწევია, ხილს მეტად მოჰკლებია როგორც ბარაქიანობა, ისეც სიკეთე და ღირსება. სახელმწიფოთა ქონებათა მინისტრს ბ-ნს ოსტროვსკის განსაკუთრებითი ყურადღება მიუქცევია ამ ამბისათვის და შესდგომია, ღონისძიება რამ მოიპოვოს ამ მხრით სასოფლო მეურნეობის გახალისებისა და განკარგებისათვის. ღონისძიება, რომელიც ბ-ნს მინისტრს მოუპოვებია, იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება ბევრს ადგილას რუსეთში გაიმართოს სკოლები სასწავლებლად ხილნარობისა და ვენახობისა. ამის გამო დეპარტამენტს მიწათმოქმედებისას და სასოფლო მრეწველობისას მან მიანდო შეადგინოს პროექტი საყოველთაო კანონდებულებისა და პროგრამებისა ამ სკოლებისათვის. ამ წლის იანვარში უკვე გამოცხადებულ იქმნა, რომ სამეცნიერო კომიტეტს სახელმწიფო ქონებათა სამინისტროისას მოუწონებია იგი პროგრამები მხოლოდ შესახებ სასპეციალო საგნებისა. რაც შეეხება საზოგადო განათლების საგნებისა, ბ-ნს მინისტრს საჭიროდ დაუნახავს შეიტანოს ამ სკოლებში პროგრამმა, უმაღლესად დამტკიცებულის ნორმალურის წესდებისა, რომელიც უკვე მოქმედებს სასოფლო მეურნეობის დაბალ სკოლებისათვის. რადგანაც ახლად განზრახულს სკოლებში მოსამზადებელი კლასები იქმნება, საცა წერა-კითხვის არ-მცოდნენი მიიღებიან, ამიტომ სასპეციალო კლასებში შესვლა მარტო იმათ შეეძლებათ, ვინც საზოგადო განათლების საგნებში საკმაო ცოდნას გამოიჩენს იმ ზომით, რა ზომაც დადებულია პირველდაწყებითს საერთო სკოლებისათვის.


ამავე დროს, როცა ესენი გამოცხადებულ იყვნენ, ხმა გავარდა, რომ ერთის უმაღლესის სასწავლებლის გამართვაც უნდათ ხილნარობისა და ღვინის კეთების სწავლებისათვისაო. ჯერ სდომებიათ თურმე იმისთანა სკოლა პეტერბურგის საბოტანიკო ბაღთან ერთად შეერთებინათ და მერე კი მოსკოვის მიწათმოქმედების აკადემია ამჯობინეს და ამაზედ დასდგნენო. ჩვენ არა გვჯერა ეს უკანასკნელი ამბავი, იმიტომ რომ ეს უმაღლესი სკოლა ხილნარობისა და ღვინის კეთებისა ნუ თუ იქ უფრო იხეირებს, საცა არც ხილი მოდის და არც ღვინო!..

Recent Posts

See All
bottom of page