top of page

ფილოქსერა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 8, 2024
  • 2 min read

ტფილისი, 19 ოქტომბერი, 1889 წელი


ფილოქსერა, ეს ყველა ჭირზედ უდიდესი ჭირი ვაზისა, ჰლამის მოედოს ჩვენს ქვეყანას. იმერეთში 16 სოფელში შორაპანისა და ქუთაისის მაზრისაში ფილოქსერა უკვე აღმოჩენილია, და ეს უფრო მით არის სამწუხარო, რომ ეს ორი მაზრა ბევრვენახებიანი მაზრებია. ეხლახან აქ რომ სახელმწიფო მინისტრი იყო, ამ ფილოქსერის თაობაზედ კრება გაიმართა თვით ბ-ნ მინისტრის თავმჯდომარეობით. ამ კრებაზედ გამოცხადდა, რომ მთელს ქუთაისის გუბერნიაში 60.000 დღიურამდე ვაზი არის გაშენებული, აქედამ 18.000 დღიური შორაპნის მაზრაზე მოდის თურმე და 16.000 დღიური — ქუთაისისაზედ. ფილოქსერა გაჩენილია,როგორც ვსთქვით, 16 სოფელში და მოდებული აქვს 120 ცალკე ვენახს, რომელთაც ერთად უჭირავთ 166 დღიური მიწა და მოფენილია 75 ვერსის სივრცეზედ.


კრებას, რომელიც მოხდა ამ წარსულს 30 სექტემბერს და რომლის თავმჯდომარედაც თითონ ბ-ნი მინისტრი ყოფილა, საჭიროდ დაუნახავს: 1) განიგრძოს ფილოქსერის გაწყვეტა სოხუმისა და ყუბანის ადგილებში და ქუთაისის გუბერნიის იმ ადგილებში, საცა ფილოქსერაა; 2) ყოველივე ღონისძიება იხმარონ, რომ ეს ჭირი არსად გადავიდეს, და თუ დასნეულებულ ვენახების ამოგდება დასჭირდებათ, ამაზე არ დაბრკოლდნენ, იმ პირობით- კი, რომ ვენახის პატრონებს სამაგიერო ეზღოს; 3) იმ ადგილებში, საცა ეს ფილოქსერის ჭირია,ეწამლოს ვენახებსა; 4) მკვიდრთა შორის მოიფინოს ცნობა მასზედ, თუ რა არის ფილოქსერა და როგორ უნდა შეეჭიდოს კაცი ამ საშინელს ჭირსა; 5) გზები უფრო სასტიკად შეიკრას კარანტინებით, რომ ფილოქსერა არც ჭირიან ადგილებიდამ გავიდეს და არც სხვიდამ შემოვიდეს, და სხვა ამგვარნი.


ბ-ნს მინისტრს დიდის გულმტკივნეულობით მიუღია ეს საუბედურო ამბავი ფილოქსერის გაჩენისა ამიერკავკასიაში და აღუთქვამს იშუამდგომლოს უმაღლეს მთავრობის წინაშე — რაიმე შემწეობა აღმოუჩინოს ფულითა, რადგანაც ნაანგარიშებია, რომ ქუთაისის გუბერნიაში ფილოქსერასთან საბრძოლველად ათი ათასი თუმანი ძლივს ეყოფაო.


ამასობაში, როცა სხვადასხვა კომიტეტები და კრებანი, აგრეთვე მთავრობა და სახელმწიფო მოხელენი, სწუხან და ჰფიქრობენ, როგორ მოაშორონ ჩვენს ქვეყანას ეს საშინელი ჭირი, რომელიც გვიქადის ჩვენის ვენახების თავიდამ ბოლომდე ამოგდებასა და აოხრებას, ჩვენ თითონ გულზედ ხელი დაგვიკრებია და ყურსაც არ ვიბერტყავთ, თითქო აქ არაფერია, თითქო არაფრის შიშია, რომ ერთი უდიდესი წყარო ჩვენის სიმდიდრისა, ჩვენის ცხოვრებისა, დაგვიშრეს და სრულად მოგვესპოს. ჩვენი განუყრელი უბედურება ის არის, რომ სულ სხვის იმედითა ვცხოვრობთ, სულ სხვისგან მოველით შველას და ჩვენ თითონ-კი ხელს არა ვძრავთ, რომ თავს ვუშველოთ.


ეს ფილოქსერა სახუმარი საქმე არ არის და არც ხანდასაყოვნებელია. ვენახის პატრონებმაც ხელი უნდა გამოიღონ ამ საქმისათვის, და რაც შეიძლება მალე, თორემ მერე გვიანღა იქნება, მერე ვეღარას ვუშველით, და ის საქმე დაგვემართება, რაც საფრანგეთს მოუვიდა, საცა ასი- ათას დღიურობით მოუხდათ ვენახების გადაკაფვა და ვაზების ძირიანად ამოთხრა და დაწვა. თუ მდაბიო ხალხი ვერ მიმხვდარა, - რა უბედურება უდგა კარწინ ფილოქსერის სახით, ჩვენი თავად-აზნაურობა მაინც რატომ თავს არ იჩენს, რატომ არ მოქმედობს? განა მეტი იქნება, რომ ჩვენმა მარშლებმა ამისათვის თავი გამოიდონ, შეჰყარონ თავ-თავისი თავად-აზნაურობა, მოიწვიონ მცოდნე კაცები და რაიმე წამალი დასდონ ამ ჭირსა, რომელიც გვიქადის ვენახებისაგან ხელცარიელი დაგვსვას? თუ ადგილის კაცნი ამ გზით მხარდამხარ არ მიჰყვებიან მთავრობას, მარტო მთავრობა აქ ბევრს ვერაფერს გახდება და, ვინ იცის, იქნება მისმა ჯაფამ და ხარჯმაც უბრალოდ ჩაიაროს და ჩვენც ბევრი არა გვეშველოს-რა. დროა გონზედ მოვიდეთ და დაუვიწყარად გვახსოვდეს, რომ რასაც კაცი თავის თავს თავის მხნეობით უშველის, იმას სხვა ვერ უშველის.

Recent Posts

See All
მევენახე გლეხთა მდგომარეობა

ტფილისი, 23 ივნისი, 1887 წ I როცა ამბობენ, ესა და ეს ქვეყანა მდიდარი არისო, ამით იმისი თქმა არ უნდათ, რომ ვითომ იმ ქვეყნის ერია მდიდარი,...

 
 
bottom of page