top of page

მოკლე ბიოგრაფია იოსებ დავითაშვილისა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 2 min read

1887 წელი


იოსებ დავითაშვილი იყო შვილი გლეხის სვიმონა დავითაშვილისა. დაიბადა სოფელს რუისში, გორის მაზრაში, ამბობენ 1852 წელსაო, თუმცა ეს ცნობა ბევრს საეჭვოდ მიაჩნია. მამა მისი სვიმონი საბატონო კაცი ყოფილა, თ. ალექსანდრე ციციშვილის ყმა. სამის წლისა ყოფილა იოსები, რომ ბატონს მამა-მისი აუყრია და გადაუსახლებია მთელის ოჯახით სოფელს გარდატენში. იოსები ცხრა წლამდე აქ იზრდებოდა თურმე სოფლის გოგო-ბიჭებსა და მწყემსებს შორის. ცხრა წლისა ბატონმა წაიყვანა თურმე შინა-მოსამსახურედ სოფელ დოესში. სამი თუ ოთხი წელიწადი უმსახურნია და მერე მის ბედზედ მოსწრებია ბატონყმობის გაუქმება, და ამის შემდეგ უფროს ძმას, რომელიც კარგა ხანია უკვე გარდაცვლილია, ჩამოუყვანია თბილისში, რომ რაისამე ხელობის სასწავლებლად მიებარებინა სადმე, თვითონ იოსების სურვილისა და თხოვნისამებრ. ძმამ მიაბარა იოსები ერთ რუსს მეჩუქურთმეს, გვარად რუბცოვს. აქ დაუყვია ხუთი წელიწადი. მერე ქარგლად შესულა მეჩუქურთმე დავით აბდუშელიძესთან და მას შემდეგ კი თითქმის 1885 წლამდე სულ მეჩუქურთმე დავით გიგაურთან უმუშავნია.


წიგნის სწავლა შაგირდობაშივე დაუწყვია 1874-5 წლებში და გონება გაუხსნია მარტო ქართულის მწიგნობრობის და ჟურნალ-გაზეთების კითხვით. ლექსების წერა — თუ არა ვცდებით — დაიწყო 1877 წელს: არ არის არც ერთი ჩვენი ჟურნალ-გაზეთი, რომ მისი ტკბილი და მარილიანი ლექსი არ იყოს: „დროება“, „ივერია“. „იმედი“, „ნობათი“, „თეატრი“ — ერთის სიტყვით ყველგან იპოვით იმის თქმულსა. ცალკე არის გამოცემული ერთი პატარა წიგნაკი, სახელად „სტვირი“. აქ არის ათიოდე მისი ლექსი. საკვირველი თავდაბალი, უწყინარი, უბოროტო კაცი იყო განსვენებული. იმისაგან წყენა, ავი სიტყვა, ავი საქმე არავის ახსოვს. დიდი მოყვარული იყო თავის ქვეყნისა, ქართულის ლიტერატურისა და სიტყვიერებისა. რაც- კი რამ დაწერილა და დაბეჭდილა ამ უკანასკნელს ათს-თხუთმეტს წელიწადში, ყველა გულმოდგინეობით ჰქონდა გადაკითხული. ბევრი არა უწერია-რა, მაგრამ რაც დაწერა, იმათში ასეთი მარგალიტები ამოირჩევა, რომ კაცს დაატკბობს აზრითაც და სიტყვიერებითაც.


აქეთ-იქით ბევრს დადიოდა განსვენებული, მონასტრებსა და ძველს ნაშთებსა სინჯავდა. საცა - კი რაიმე შესამჩნევს ან ჩუქურთმას, ან წარწერილს ჰნახავდა, გადმოიღებდა ხოლმე. არა ერთი და ორი კორრესპონდენციაც მოუწერია გაგონილისა და თვალით ნახულის თაობაზედ. მეტად საყვარელი, ტკბილი, ჩუმი კაცი იყო. ქალაქის ხელოსნებს და სხვაგანაც, საცა იცნობდნენ, ყველას უყვარდა და ყველა პატივსა სცემდა.

Recent Posts

See All
მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის თავ. ჯამბაკურიან-ორბელიანისა

1894 წელი თავ. ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი დაიბადა 5-ს აპრილს 1812 წ. მამა მისი პოლკოვნიკი თავ. ვახტანგ ორბელიანი თავის შვილის...

 
 
ლუარსაბ წამებული

(ლუარსაბ წამებულის მოსახსენებელი დღისათვის - 21 ივნისისათვის) 1886 წელი 21-ს ივნისს საქართველოს ეკლესია ადიდებს სახელს მეფის ლუარსაბისას,...

 
 
ილია ოქრომჭედლიშვილი

1898 წელი (ნეკროლოგი) გუშინ, სამს იანვარს, დილით, გარდაიცვალა ერთი კარგი ქართველი კაცი, ილია ოქრომჭედლიშვილი. მისი ცხოვრება სწორედ...

 
 
bottom of page