top of page

ილია ოქრომჭედლიშვილი

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 3 min read

1898 წელი

(ნეკროლოგი)


გუშინ, სამს იანვარს, დილით, გარდაიცვალა ერთი კარგი ქართველი კაცი, ილია ოქრომჭედლიშვილი. მისი ცხოვრება სწორედ გამუდმებული, დაუღალავი შრომა იყო. ღარიბის დედ-მამის პატრონი, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, რომ ტფილისში სადღაც მაღაზიაში ემსახურებოდა რაღაც დაბალ ხარისხის ადგილზე. აქ, რაც დრო და შეძლება შესწევდა, თითონ შეუდგა წიგნების კითხვასა და სწავლას. არც მასწავლებელი ჰყოლია, არც ხელთმძღვანელი, არც სადმე სასწავლებელი ჰღირსებია. თავისით გაიხსნა გონება იმოდენად, რომ ყურადღება მიიქცია მაშინდელ ქართველ ყმაწვილ-კაცობისა. მოუგროვეს ფული და გაისტუმრეს რუსეთში. იქ იმოდენად მოიხერხა საქმე, რომ პირველსავე წელიწადს შევიდა პეტერბურგის უნივესიტეტში აღმოსავლეთის ფაკულტეტზე. დაასრულა უნივესიტეტი და განწესდა ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორად. კარგა ხანს დაჰყო ამ თანამდებობაში. ადვილად წარმოსადგენია, რა მხნეობა და რა უკან-დაუხეველი სულთა-სწრაფვა უნდა ჰქონოდა, რა გაუტეხელი და რკინის ხასიათი, რომ თითონ ლუკმა-პურის მონატრულს, სხვისგან ყოვლად უმწეოს, უნუგეშოს, უცხო ქვეყანაში გარდახვეწილს, უნივერსიტეტი დაესრულებინა და კაცად გამხდარიყო. საოცარი ღონე ჰქონდა სულისა და ამავე დაუღალავ ღონით იბრძოდა უკანასკნელ დღემდე. რაც ბედი უფრო მეტს ეურჩებოდა, იგი უფრო მეტის ძალღონით უძალიანდებოდა და ომს უსწორებდა.


რაკი მოსკოვში გადავიდა და ლაზარევის ინსტიტუტში პროფესორობა მიიღო, მისს ბრძოლას ლუკმა-პურისათვის სიმწარე და სიმწვავე ცოტად თუ ბევრად გაუნელდა. აქ განიზრახა, რომ უნდა გავმდიდრდე, ვიდრე ჯანი და მხნეობა ჩემთან არისო. ტყუილად- კი არ არის ნათქვამი: „მხნემან, ვით ჩქარმან წყარომან, განხეთქოს მთა და გორიო“, და სწორედ ასეც მოუხდა. აქ, მოსკოვში შეუდგა ტყის საქმეს, და დიდი-ძალი ფული შეიძინა და საკმაო პატივიც მოიპოვა სოვდაგართა შორის, როგორც პატიოსანმა და გამჭრიახმა მშრომელ-გამრჯელმა. რაკი გამდიდრდა, იმ ყმაწვილ-კაცებს, რომელნიც პირველ შეეწივნენ და რუსეთში გაისტუმრეს, მადლი იმითი გარდაუხადა, რომ თავისის ხარჯით ბევრი ქართველი გაზარდა. სახელების ჩამოთვლა მის მიერ გაზრდილებისა აქ უადგილოდ მიგვაჩნია. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ არა ერთი და ორი ასი თუმანი მოუხმარებია სამადლო საქმისათვის, ქართველებისათვის. გაჭირვებული ქართველი კაცი არა ყოფილა მოსკოვში, რომ მისთვის თავის წვლილი არ მიეწოდებია. ბევრს ინახავდა ქართველს, როგორც რუსეთში, ისე საზღვარ-გარეთ. წინამძღვარიანთ-კარის სკოლას ხუთასი თუ ექვსასი თუმანი შესწირა, ქართულს თეატრს ასი თუმანი თუ ცოტა ნაკლები მიაშველა, „ვისრამიანი“ საკუთარი ხარჯით დაჰბეჭდა, ამისათვის სამოცი თუმანი გამოუგზავნა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, და რავდენი სხვა ისე წვრილი სამადლო საქმე ჰქმნა, ის ღმერთმა იცოდეს. ზოგნი იმისთანანი არიან ჩვენში დღესაც, რომელნიც კაცად გამხდარან მისის შემწეობით, ოთხ-ოთხ, ხუთ-ხუთ წლობით მის ხარჯით ყოფილან სასწავლებლებში შინ, თუ საზღვარ-გარეთ. ძალიან ეჯავრებოდა, როცა ცუღლუტი ვინმე ფულს გამოსტყუებდა. მე ჩემი ქონება შრომითა და გარჯით მიშოვნია და მინდა, რომ ყოველმა ჩემმა გროშმა ღირსეულს და გამოსადეგს კაცს ხელი გაუმართოსო, - ამბობდა განსვენებული; - ფულის ტყუილ-უბრალოდ გადაყრა გაქურდვაა ქვეყნისაო. ცუღლუტი და უქმი - გაუმაძღარი გლახაა და ყოველი გლახა მეტხორცია ერისა, თუ საპყარი არ არის და, მაშასადამე, საპყარობით შესაბრალისიო.


აწ განსვენებულს გული არ უდგებოდა რუსეთში, თუმცა ყოველივე იქ შეიძინა. გული საქართველოსაკენ ეწეოდა. და ამ სიყვარულს თავისის ქვეყნისას ვეღარ გაუძლო. გაჰყიდა ყველაფერი, რაც მოსკოვში ჰქონდა, დაანება თავი ტყის საქმეს, რომელიც დიდს მოგებას აძლევდა, დაანება თავი სამსახურს და გადმოვიდა აქ ცოლ-შვილითა. თუმცა იმოდენა ქონება ჰქონდა, რომ შეეძლო კარგად ეცხოვრა უშრომელად და გაურჯელად, მაგრამ მისთვის უქმად ყოფნა სიკვდილი იყო... რად მინდა ეს ქონება, თუ ჩემს ქვეყანაში არა ვიმოქმედე-რა ჩემთვისაც და სხვისთვისაცაო, - ამბობდა ხოლმე განსვენებული: - თუნდ ეგეც არ იყოსო, ის, რაც მინდა ჩემის ქვეყნისათვის, ეს ქონება იმისათვის ერთი ყლაპიაო. გადმოვიდა ჩვენში, და აქაც ტყის საქმეს მოჰკიდა ხელი. აიღო უგანათლებულესის თავადი მინგრელსკის უზარმაზარი ტყე იჯარით ცხენისწყლის პირას, სვანეთის საზღვრებთან ახლო. რაც იმოქმედა აქ, რაც აქ შესძლო, ცალკე კაცისაგან დაუჯერებელია. გასჭრა გზები, გასწმინდა მთელი მდინარე ცხენისწყალი ტინისა და კლდისაგან და უშველებელ ხეების წყლით ზიდვას გზა გაუხსნა, ააშენა ქარხანა და მანქანებით დაუწყო ხე-ტყეს მზადება. არც ბუნებამ და არც კაცმა აქ ხელი არ შეუწყო, გზები ნიაღვრებმა რამდენჯერმე წაუხდინეს, ქარხანა, რომელიც ბევრი დაუჯდა, გადაეწვა და დაზღვეული არა ჰქონდა, კაცმაც ბევრი უმტრო, ბევრი აბრკოლა და ყოველ ამ უბედურებამ შთანთქა მისი ქონება. იყო დრო, როცა ისე დაუძლურდა ქონებით, რომ თითქმის სანანურად გაუხდა ეს დიდ-იმედიანი საქმე. გული მაინც არ გაიტეხა, ისევ თავისს მხნეობას დაენდო, გზები რამდენჯერაც წაუხდა, იმდენჯერვე შეუპოვრად აღადგინა, წყალთან ბრძოლა გამოიარა, ქარხანა დაეწვა, უფრო უკეთესი ააშენა, უფრო უკეთესი მანქანები დასდგა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ დღეს შეეძლო თქმა: წადილი ავისრულე, საქმე მაგრად დავაყენე ფეხზედაო. დღეს ეს ტყის საქმე გამოკეთებულია და მოგების გზაზეა დამდგარი. ვაი რომ აღარ დასცალდა და ის ბოლო ვეღარ ჰნახა, რის იმედიცა ჰქონდა და რასაც შეალია თვისი ქონება და იქნება თვისი სიცოცხლეც.


თამამად შეეძლო ეთქვა, რომ ჩემის მხნეობით ვძლიე წყალსაც, ცეცხლსაც, ნიაღვარსაც, არაფერს შევუშინდი, არაფერს გავექეცი, საქმე საქმეზე მივიყვანე და ჩემი გავიტანეო. გაიტანა და მერე როგორ? „არა მდაბალთ ჩაგვრით, მტაცებლობით და ხვეჭით“. საქმიანი კაცობაც ეს არის! გამრჯელი და მშრომელი ამისთანა მხნე კაცს ეთქმის.

Recent Posts

See All
სიტყვა თქმული გაენათის მონასტერში გაბრიელ ეპისკოპოსის დასაფლავების დღეს

1896 წელი არ ვიცი, ამდენს მშვენივრად თქმულ სიტყვებ შემდეგ რა მოგახსენოთ ისეთი, რომ თქვენთვის ახალი იყოს. თუნდ ეგეც არ იყოს, ზოგი იმისთანა...

 
 
სიტყვა, წარმოთქმული გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე

25 მარტი 1883 წელი აჰა, ჩვენ წინაშე მდებარეა საუკუნოდ განსვენებული კაცი, რომლის მიცვალებამ გლოვის ზარით გაიხმაურა მთელს საქართველოში და...

 
 
bottom of page