სიტყვა, წარმოთქმული გრიგოლ ორბელიანის დასაფლავებაზე
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 2 min read
25 მარტი 1883 წელი
აჰა, ჩვენ წინაშე მდებარეა საუკუნოდ განსვენებული კაცი, რომლის მიცვალებამ გლოვის ზარით გაიხმაურა მთელს საქართველოში და ყოველის ჭეშმარიტის ქართველის გული შესძრა მართლადა ჭეშმარიტის მწუხარებითა.
მისმა წარჩინებულმა სახელმა შეჰკრიბა აქ ყოველი წარმომადგენელი ჩვენის ქვეყნისა. აქ არიან ქალი და კაცი, უცნობი და ნაცნობი, ნათესავი და უცხო, მოხუცი და ჭაბუკი, ღარიბი და მდიდარი, სოფლელი და მოქალაქე, მცირე და დიდი, გლეხი და მუშაკი, რათა ერთად, შეერთებულის გლოვით, ამ უკანასკნელს ჟამს საქართველოს ერი, მაგათგან ესეთის ერთობით წარმოდგენილი, გამოეთხოვოს თავის სასიქადულო კაცს, სახელოვანს შვილს, სიტყვამაღალს მოძღვარს, საუკუნოდ ჩვენთვის დადუმებულსა, საუკუნოდ ჩვენგან წასულსა.
არა მარტო მისმა ხარისხმა და ნამსახურობამ, არა მარტო მისმა ღვაწლმა მხედრობისამ და მოქალაქობისამ მოიწვია აქ, ამ საერთო გლოვის ჟამს, ამდენი ხალხი სხვადასხვა წოდებისა, სქესისა, ხარისხისა და ჰასაკისა, არამედ იმანაც, რომ იგი იყო თვითმპყრობელი ჩვენის ქართულის ენისა, იგი იყო „მეუფე“ ჩვენის სიტყვიერების ძალ-ღონისა და სიმდიდრისა. იგი იყო მწერალი და მთქმელი, მაღლის ნიჭით ცხებული, იგი იყო მოძღვარი ჩვენი და ჩვენ — სასოებით მისი მსმენელი. იგი იყო —
ვის არ შეეხო ზაკვის გესლი ძმისა განკითხვად,
სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ,
ვინც ძლიერებას მძლევის სიტყვით ამცნო სიმართლე
და ძმებს დაცემულთ მისცა ხელი აღსადგენადა.
იგი იყო კაცი, რომელმაც ქვეყანას უანდერძა:
მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას!
იგი იყო კაცი, რომელიც —
დაჰნატრდა დროთა, როს აქვნდათ ტრფობა
მამულისადმი გულს აღბეჭდილად.
იგი იყო კაცი, რომელმაც ღაღადებით წარმოსთქვა:
იცოდეთო, რომ არიან ღარიბნიც,
არის სადმე სიმწარითა ცხოვრება.
იგი იყო კაცი, რომელსაც სწყუროდა:
რომ ჩვენ განვახლდეთ,
სულით ავმაღლდეთ —
და განქრეს ბნელი უმეცრებისა.
იქნება ზოგმა სთქვას, ყოველი ეგე სიტყვაა და არა საქმეო. მაგრამ არიან ქვეყანაზედ იმისთანა რჩეულნი, იმისთანა„ზეგარდმო მადლით ცხებულნი“, რომელთაც მინიჭებული აქვთ ერთი სასწაულთმომქმედი ძლიერება. იგი სასწაულთმომქმედი ძლიერება თითონ სიტყვასაც საქმედა ჰქმნის. ერთი იმათგანი, ერთი იმ რჩეულთაგანი, ერთი იმ ზეგარდამო მადლით ცხებულთაგანი იყო იგი, ვისაც დღესა ვსტირით და ამიტომაც მისი სიტყვაც თითონ საქმეა.
ჩვენს მშვენიერს ქვეყნით თავმოწონებულმა აღტაცებით წარმოსთქვა: „სხვა საქართველო სად არისო“! და, ეჰა, ეხლა თითონ საქართველო დაჰყურებს შენს საფლავს და სასოწარკვეთილებით, გლოვითიძახის:„სხვა გრიგოლ ორბელიანი სად არისო“.
შენ აღარ ხარ და შენს საყვარელს საქართველოს გულში ჩასწყდა კიდევ ერთი ძარღვიცა. ფუჭია იგი სიცოცხლეო, რომელიც ვერარას არგებსო მამულსაო, — სთქვი შენ.ჩვენ მაგას შენზედ ვერ ვიტყვით.შენ განვლე შენის ცხოვრების გზა და აღბეჭდეცა ნავალი.
შენი ქვეყნის შვილი ქართველი რომ დააკვირდება მაგ შენს ბრწყინვალე ნავალს, მაღალის ნიჭით და მაღალის სიტყვიერებით შუქმოფენილსა, ქვეყნის წინაშე თამამად თავს მოიწონებს, რომ საქართველოს შენისთანა კაცი ჰყვანდა და იმავე დროს იგლოვებს კიდეც, რომ შენ ჰყვანდი და აღარ ეყოლები.
მშვიდობით, ჩვენო სასიქადულო მამულის-შვილო, ჩვენო სახელოვანო ქართველო, ჩვენო დიდებულო მწერალო!

