top of page

მოკლე ბიოგრაფია ვახტანგ ვახტანგის ძის თავ. ჯამბაკურიან-ორბელიანისა

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 9 min read

1894 წელი


თავ. ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი დაიბადა 5-ს აპრილს 1812 წ. მამა მისი პოლკოვნიკი თავ. ვახტანგ ორბელიანი თავის შვილის დაბადების წელსავე გადაიცვალა და შესაძლოა ამ მიზეზით ახალდაბადებულს შვილს მამის სახელი უწოდეს. მამისაგან პირველ წელსვე დაობლებული თავ. ვახტანგ დარჩა მარტო თავის სახელოვანის დედის მზრუნველობის ქვეშ.


დედა მისი ბრძანდებოდა თეკლე ბატონიშვილი, უმცროსი ასული მეფის ერეკლის მეორისა. პირველ ცამეტს წელს თავ. ვახტანგ იზდებოდა თავის მამის ოჯახში, დედასთან. 1825 წელს-კი იგი მიუბარებია დედას პაჟთა კორპუსში და გაუსტუმრებია პეტერბურგს. იქ თავ. ვახტანგ დარჩენილა ხუთი წელიწადი, და თუმცა კარგი გულისყური და ბეჯითობა გამოუჩენია, მაგრამ ცივი ჰავა ჩრდილოეთისა ვერ აუტანია და შეშინებულს დედას თავისი შვილი დათხოვნით წამოუყვანია პეტერბურგიდამ. როგორც ეტყობა, ვერც მერე გამოუმეტნია შვილი საპეტერბურგოდ, ვაი თუ უფრო ავად გამიხდესო და თავისთან დაუტოვებია. მაშინ თავ. ვახტანგი 18 წლისა იყო და, თუმცა კურსი არა ჰქონდა შესრულებული, მაგრამ, რადგანაც კარგად უსწავლია, რაც ხანი ყოფილა კორპუსში, პირველი სამოქალაქო ჩინი მიუღია.


ამ სახით 1830 — 1832 წლამდე თავ. ვახტანგი თავის ოჯახში ყოფილა. მისნი ტოლ-ამხანაგნი ამბობენ, რომ თვრამეტის წლის ყმაწვილ-კაცს თავ. ვახტანგს, თუმცა მხიარულება და საზოგადოებაში ყოფნა ჰყვარებია, მაგრამ ამაზე მეტად უფრო ჰყვარებია წიგნების კითხვა, ნამეტნავად საფუძვლიან და გამოჩენილ წიგნებისაო. ამას უნდა მივაწეროთ ის ამბავიც, რომ მის სწორ-ამხანაგთა სიტყვით, იგი ყოველთვის ირჩეოდა თურმე მაშინდელ ყმაწვილკაცთა შორის თავის ცოდნით და გონება-გახსნილობითაო. ეს სიყვარული წიგნთა კითხვისა არ მოჰკლებია სიკვდილამდე. მისი ლექსი „ძველს მეგობარს“ ამას ცხადად გვიმტკიცებს. ამ ლექსში „ძველ მეგობრად“ იგულისხმება, თუ არა ვცდებით, სახელოვანი დ. ყიფიანი,რომელიც დიდად განათლებული და გონება-გახსნილი კაცი იყო, კარგად მცოდნე ქართულის, რუსულის, ფრანგულის და ინგლისურ ლიტერატურისა. ჩვენი პოეტი განსვენებულს დ. ყიფიანს არაერთხელ იხსენიებს თავის მეგობრად თავის ლექსებში.


მოდიო, — იწვევს თავ. ვახტანგ თავის მეგობარს:


მოდი, აქ მიძევს თვალთ წინა რუსთველის დიდი ქმნილება,


იმის ფურჩქვნილის ლექსებით სული და გული დავიტკბოთ;


გეტე, შექსპირი, შილლერი კვლავ ერთად გადავიკითხოთ.


აი, რა გამოჩენილ ავტორებთან ჰქონია საქმე თავ. ვახტანგ ორბელიანსა და წიგნების კითხვის წყურვილით რა ზღვას დასწაფებია. სჩანს, ხუთს წელიწადს პაჟთა კორპუსში ამაოდ არ ჩაუვლია და მის გრძნობიერს გუნებასა და ბუნებას, გარდა საშკოლო, ოფიციალურ ცოდნისა, სხვა უფრო უკეთესი ყვავილიც გამოუტანია კორპუსიდამ, სხვა უფრო უდიდესი თვალთა- ხედვა და სულთა-სწრაფვა. განდიდებულ თვალთა-ხედვით და სულთა-სწრაფვით გაძლიერებული სურვილი გამოჩენილ წიგნთა კითხვისა, რა თქმა უნდა, სიკვდილამდე არ დადუმდებოდა ცნობისმოყვარე კაცის გულში და ამიტომაც ადვილად მისახვედრია, რომ თავ. ვახტანგს საფლავის კარამდე მიჰყოლია ეგ სიყვარული კითხვისა. ამ გზაზე ბევრსა ჰშველოდა ზედმიწევნით ცოდნა ქართულისა, რომელსაც თავის ოჯახშივე თავის დედის ხელმძღვანელობით შეიძენდა, და რუსულის და ფრანგულის ენისა, რომელიც კორპუსში ესწავლა.


1832 წელს თავ. ვახტანგს მოეშალა სამშობლოში შვება და სიამოვნება. ეს მაშინდელ ყმაწვილ-კაცობისათვის თავ-მოსაწონებელი, მაგრამ უბედური წელიწადი ყველას მოეხსენება. ამა წლის შემთხვევათა გამო ჩვენი პოეტი, სხვებთან ერთად, იძულებულ იყო თავის სამშობლო ქვეყანას გამოჰკლებოდა და 1833 წელსა თავისი ბინა გადაეტანა კალუგაში. აქ 1836 წელს გუბერნატორის კანცელარიაში განწესდა. კალუგაში დაჰყო ოთხი წელიწადი და მარტო 1837 წ. ნაპატივები და შენდობილი დაბრუნდა თავის ქვეყანაში.


1-ს ივლისს 1838 წ. იგი მიღებულ იქმნა პროპორჩიკად ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში. 1844 წელს ჯერ პორუჩიკი იყო, როცა ოც-და-თორმეტის წლისამ თ. ვახტანგმა შეირთო მაშინდელს დროს გამოჩენილი თავის მშვენიერებით ასული დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის ილინსკის ეკატერინე. 1846 წ. გარდაეცვალა სახელოვანი დედა თეკლე ბატონიშვილი.


1838 წლიდამ მიყოლებული 1881 წლამდე თ. ვახტანგს არ დაუნებებია თავი სამხედრო სამსახურისათვის. ბევრი ომები და ლაშქრობა გამოუვლია. 1858 წ. პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა, რომ დანიშნულ იქმნა ყუბანის მაზრის მმართველად. 30 აგვისტოს 1860 წელს ღენერალ-მაიორობა მიიღო და 1863 წ. დანიშნულ იქმნა დროებით აღმასრულებლად თერგის მხრის უფროსის თანამდებობისა. 1864 წ. შერიცხულ იქმნა კავკასიის არმიაში და თერგის მხარე დასტოვა. ბატონ-ყმობის გადავარდნის ჟამს, 1864 წელს, დაინიშნა ჯერ გლეხთა საკრებულოს წევრად და მერე სხვადასხვა ადგილას ასრულებდა მიროვოი პოსრედნიკის თანამდებობას. ამ თანამდებობაში გაიცვალა ტფილისში 1890 წელს. სექტემბრის 29-ს, სამხედრო სამსახურიდამ გამოსული 1881 წლიდამ.


**


ჩვენდა სამწუხაროდ, სხვა არავითარი წყარო არა გვქონდა, რომ ცხოვრება თ. ვახტანგისა იმოდენად აგვენიშნა, რამოდენადაც კერძო ცხოვრება და თავგადასავალი პოეტისა ამხსნელია და გამომრკვეველი მისის პოეზიისა. ხოლო იმისთვის, რომ ცოტად თუ ბევრად გამონათლდეს კაცის თვალ-წინ პოეტის სულიერი სახე, სათავე და მიზეზი უპოვოს მის ჩანგის სიმთა ძვრას, სულთა სწრაფვას, გულთა ძგერას, ძარღვის ცემას, მის ჭირსა და ლხინს, მის გზას და მიმართულებას, — არა ნაკლებ სამსახურს გაუწევს იგი პოეტის გარე ცხოვრების ავ- კარგიანობა, რომელთა შორის დიდი ადგილი უჭირავს საზოგადო ყოფა-ცხოვრებას, ჟამთა- ვითარებას, ჭირ-ბოროტს ქვეყნისას, პოეტის ოჯახს, პოეტის მახლობლობას და ნაცნობობას.


თავ. ვახტანგ ორბელიანი დაიბადა და გაიზარდა იმისთანა დროს, როცა ჯერ კიდევ ცხოვრებას ზედ ეჩნეოდა წყლულნი და დაკოდილებანი მეთვრამეტე საუკუნისა, და მეცხრამეტე საუკუნის ქარს ვერ გაეფანტა მათ მიერ მოვლენილი ნაღველი, მწუხარება და სასოწარკვეთილება. ჯერ კიდევ თითო-ოროლა ოჯახში ცოცხალი იყო ხსოვნა მეთვრამეტე საუკუნისა, რომელმაც სული დალია 1795 წ. 11-ს სექტემბერს სოღანლუღს, კრწანისის ბაღებთან, და წამების სახელოვანი გვირგვინი დაადგა იმ ქვეყნისათვის თავგაწირულ მამულისშვილებს, რომელთაც ფიცი დასდეს:


თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვდევნეთ მტრის ძალი,


იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი![1]


და გაფიცებულთაგან ერთიც არ გამოსულა ომიდამ ცოცხალი. ტყუილად-კი არ ამბობს თავ. გრიგოლ ორბელიანი: „ფიცი ვაჟკაცთა წმიდა არს“-ო... ჯერ კიდევ აქა-იქ ანათებდა იმ დიდებულის მეფის შუქი, რომლისა


...დღენი ემზგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს:


მის შუქი თუმცა გვინათებს, მაგრამ ვეღარ ვსჭვრეტთ მისს სახეს!..


მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს!..


დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!..[2]


რა თქმა უნდა, ამ „ჩასვენებულს ბრწყინვით მზეს“ და მასთან „დამარხულს დიდებას ივერიისა“-ს თავის მთხრობელი, მახსენებელი და ჭირისუფალი ეყოლებოდა, სხვათა შორის, ვახტანგ ორბელიანის ოჯახშიაც. ამისთანა ჭირისუფალი იყო დედა მისი თეკლე ბატონიშვილი.


თეკლე ბატონიშვილი ზედმიწევნით მცოდნე ყოფილა მის დროინდელ ქართულ მწერლობისა, სამღთო წერილისა, კარგად განათლებული მაშინდელ კვალობაზე, ჭკუით, სიბრძნით და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი. ძველ-კაცთაგან ამბად დარჩენილია და თ. გ. ი. ერისთავისაგან არა ერთხელ ნაამბობი, რომ ერეკლე მეფეს თავის უმცროსი ასული თეკლე ბატონიშვილი განსაკუთრებით ჰყვარებია და ხშირად უბრძანებია თურმე: „ჩემს ვაჟიშვილებს ჩემის თეკლეს სიკეთე რომ სჭირდეთ, ბედნიერი ვიქნებოდიო“.


საკვირველი არ არის ამის შემდეგ, რომ ჩვენი პოეტი თ. ვახტანგ ორბელიანი ასეთი გულწრფელი ტრფიალია თავის სამშობლო ქვეყნისა, ასე გულმწუხარე მგოდებელია მის წარსულის დიდებისა, ასე გულაყრილია აწმყოზე. ყოველი ამისი სათავე უნდა ვეძიოთ იმ გარემოებაში, რომ თ. ვახტანგი იმისთანა ოჯახში გაიზარდა, საცა ბრძანებლობდა საყვარელი ასული მეფის ერეკლისა, იმ დიდებულ მეფისა, რომლის შუქი დღესაც კი გვინათებს, და მაშინ უფრო ხომ ცხოველი იქმნებოდა, ნამეტნავად მის საყვარელ და ჭკვიან ასულისათვის. ამისთანა დედა, როგორიც იყო თეკლე ბატონიშვილი, რა თქმა უნდა, ბევრს რასმე სანაღვლელს და სანატრელს სახელოვანის წარსულისას ჩააგონებდა თავის შვილს და გაუთბობდა გულს სამშობლო ქვეყნის სიყვარულითა და წარსულის ღრმა პატივისცემითა.


სული მიკვნესის, — ამბობს ერთგანა ჩვენი მგოსანი: —


გული ჩემი მწარედ ღონდება,


რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა.


აშკარაა, ჭკუიანის დედის მოთხრობებმა გამოუნასკვეს ჩვენს მგოსანს იგი სიყვარული სამშობლოსი, იგი სიყვარული და ნაღველი წარსულთა დროთა მიმართ, რომელიც დედა- ძარღვად შეექმნა თავ. ვახტანგ ორბელიანის პოეზიას და ბოლოს ასე უხვად გაიშალა და გაიფურჩქნა მის ლექსებში. ამ სიყრმიდამ ჩანერგულ სიყვარულით შევიდა იგი ცხოვრებაში იმ დროს, როცა უკეთესს ნაწილს მაშინდელ საზოგადოებისას, მაშინდელ ყმაწვილ-კაცობას, უკვე განცხოველებული ჰქონდა იგივე სიყვარული, და როცა აქედამ წამომდგარი ნაღვლიანი ფიქრი და გულმტკივნეული ზრუნვა ქვეყნისათვის უკვე დაძრულიყო.


მართალია, მეთვრამეტე საუკუნის თავზარმა და მეცხრამეტის პირველ წლების წეწვა-გლეჯამ საქართველოს ერი მოჰღალა, ქანცი გაუწყვიტა, თავის-თავის იმედიც-კი დააკარგვინა და, რასაკვირველია, რომ როცა შემთხვევა მოეცა, ერმა თავი თითქო მოსვენებას მისცა და თითქმის ხმა-ამოუღებლივ დაემორჩილა ახლად მოვლენილ სვე- ბედსა. მაგრამ ამ ილაჯ- გაწყვეტილის, ღონემიხდილის ერის ხმა-ამოუღებლობა ემჩნევა მარტო ამ საუკუნის პირველ მეოთხედის წლებსა. მთელი ეს მეოთხედი საუკუნისა ისე გავიდა, რომ თვითვეული ცალკე

კაცი და მთელი საზოგადოება საერთოდ თავბრუდასხმულსავით გარინდებული იყო და საქვეყნოდ არც ხალისი, არცა ღონე არ გამოუჩენია — არც უკან მიხედვისათვის, არც წინ დანახვისათვის, თითქო დიდი ნისლი მიხვევიათ და ელიან, აცა გადიყაროსო, ან თავზარი დასცემიათ და გამოურკვეველ ელდას შეუკრავსო.ასეთი მდგომარეობა დიდხანს თავს ვერ დაიჭერდა და ამ ხანგრძლივ სვენაში უნდა რამ გამონასკულიყო, იმიტომ რომ ძნელია ერის ცხოვრების მაჯისცემა ისე შესწყდეს, რომ არა მოქმედებდეს-რა ასე თუ ისე სახვალიოდ. ჯერ კიდევ იყო, როგორც წინად ვსთქვით, თითო-ოროლა ოჯახი, თითო-ოროლა მამულის-შვილი, რომელთაც ასულდგმულებდა ჩვენის ძველის ცხოვრების ანდერძები, აქა-იქ შერჩათ კიდევ ხსოვნა მეთვრამეტე საუკუნის თავგაწირულ გმირთა. გმირთა საქმენი მოხუცს ცრემლს ადენდნენ და მხნეობით აღტაცებულ ჭაბუკს ხმლის ტარზე უთრთოლებდნენ ხელს. თუმცა ყოველი ეს კარ-ჩაკეტილი იყო, ხმა-ამოუღებელი, დაქსაქსული, აქა-იქა ცალ-ცალკე ბჟუტავდა, მაგრამ არ შეიძლება თავისი საქმე-კი არ ეკეთებინა, თავისი ნასკვი არ გამოენასკვა და ადრე თუ გვიან არ წამოეყენებინა ცხოვრებისათვის გამოსახსნელად.


დაიწყო მეორე მეოთხედი ამ საუკუნისა თუ არა, ეს ნასკვი შეიკრა ახლა-კი საქვეყნოდ და ბოლს გაიხსნა კიდეც: ცხოვრებამ თავისი უკეთესნი კაცნი, სამშობლოს სიყვარულით თვალ- ახილებულნი, აქეთ-იქით მიახედ-მოახედა, ყოფილსაც თვალი გადაავლებინა და არსებულსაც. მოიკითხეს — რა წაიღო ძველმა და რა მოიტანა ახალმა. ამ მოკითხვამ შესძრა გონება და გული მაშინდელ ყმაწვილ-კაცობისა. მოძრაობამ კიდევ შეჰკრა ის ბრწყინვალე წრე გონება-გახსნილ ყმაწვილ-კაცობისა, საიდამაც გამოვიდნენ თ. გრ. ორბელიან, დ. ყიფიანი, ორნი გიორგი ერისთავნი, ზაქარია ერისთავი, იოსებ და კონსტანტინე მამაცაშვილები, თ. ნ.ბარათაშვილი, ალ. და დიმ. ორბელიანები, ძმები ჩვენის პოეტისა და ბევრნი სხვანი, რომელთაც სახელოვნად იჩინეს თავი ზოგმა ლიტერატურაში, ზოგმა საზოგადო და სახელმწიფო სარბიელზე. ამ წრის წმიდათა-წმიდა იყო სამშობლოს სიყვარული, რომელმაც ბოლოს თავდადებულ ტრფიალებამდე გაიწია მათდა სასახელოდ.


ამ მართლა-და ბრწყინვალე წრეში ტრიალებდა სულითა და გულით თ. ვახტანგ ორბელიანი და, რა თქმა უნდა, მის სიყრმიდამვე გამოყოლილს სიყვარულს სამშობლო ქვეყნისას ამ წრეში უფრო აესხმოდა ფრთები, უფრო დიდი სიგრძე-სიგანე მიეცემოდა.


რა ადგილი სჭერია ამ წრეში წარსულს, რა სასურველი ყოფილა მისი ცოდნა და ხშირი ხსენება, — ეს იქიდგანა სჩანს, რომ ჩვენი პოეტი უკეთეს დროს-გასატარებლად სთვლის წარსულის გამო საუბარს და წარსულის სახელით ასე იბარებს და იწვევს თავისთან მეგობარს: „მოდიო,


გული საუბარს მივანდოთ და მოვიგონოთ წარსული,


სამშობლო ისტორიისა გადავხსნათ დიდი რვეული.


სხვა, მეორე ლექსში მეგობარსვე ემუდარება:


მიამბე მე გულსაამო ზღაპრები...


და ძველ გმირთა საკვირველი ამბები...


...მიამბე მე აზათხანთან ომები.


ის ქართველთ ხმალთ დიდებული დროები,


იმ დროებზე ბევრი გამიგონია...


და მაინც კიდევ სწყურიან ამ ამბების გაგონება. წარსული უყვარს იმიტომ, რომ დიდ არიან საქმენი წარსულისა; იმიტომ, რომ იქ ბრწყინავენ დიდნი გმირნი, დიდნი მამულის-შვილნი, დიდის ანდერძებით და სურვილებით გულ-ატკივნებულნი. უყვარს იმიტომ, რომ იქა მარხია მისი სახელოვანი და დიდებული პაპა მეფე ერეკლე და მასთან დიდებაც; უყვარს იმიტომ, რომ დღევანდელ ნანგრევთა შუაც კი ანათებს ძველთა მამულის-შვილთა დიდ- ბუნებოვანობის ლამპარიო:


„და თუ აქამდის არ დაბნელდა ჩვენი გონება


და თუ სწავლისთვის, სამშობლოსთვის კვლავად ადგება,


და თუ აქამდის არ დავკარგეთ სითბო გულისა,


იგი მადლია იმ ნათლისა წმინდის ლამპრისა“, —


ამბობს თ. ვახტანგ ორბელიანი და გლოვობს, რომ რაც იყო, ის აღარ არისო, და რაკი აღარ არის, დეე, მისი ხსოვნაც ნუღარ იქნება ჩემს სატანჯავადაო, იმოდენად გულმტკივნეულია წარსულისათვის და გამწარებული აწმყოსაგან. იგი ასე სწუხს და სწყრება დმანისის დიდებულ ნანგრევების წინაშე:


„ვდგევარ თქვენს წინა თავმოხრილი, ფიქრით მოცული,


ვდგევარ და ფიქრში მიახლდება, რაც არს წარსული;


მაგრამ რისთვისა და რად მინდა მის მოგონება,


რაც რომ ყოფილა, წარსულა და აღარ იქმნება,


რაც ფიქრს აწუხებს, გულს აკვნესებს და სულსა სტანჯავს,


რაც რომ მდიდარსა ფანტაზიას და ზღაპარსა ჰგავს?!..


განჰქრი, დმანისო, და დაინთქე უფსკრულსა შინა,


ჩემს სატანჯავად რომ არ იდგე ჩემს თვალთა წინა!“


ჩვენს მგოსან უყვარს წარსულის დიდების ამბები, უყვარს, მაგრამ რაკი ჰხედავს, რომ ის დიდება აღარ არის და მის სანაცვლოდ წარმომდგარა ახალი შენობა, რომლის „კირსა და ქვას, ვით სუსტს ასულს, არც ძალი და არც ღონე აქვს“, გულამოსკვნით მოსთქვამს:


„მაგრამ რად გვინდა მის ამბავი, რაც არს აღარა,


რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა“.


მართლაც რომ კმარა... თვალ-წინ ჩვენს ტკბილს და გრძნობიერს მგოსანს მუდამ


თვისი სამშობლო უდგა, იგი სამშობლო, რომელიც არის:


...ძველი წინაპართ სადგურის შთენი,


სავსე ღონით და ღონით სავსით ხელით ნაშენი,


კოშკნი მაღალნი, ციხე ვრცელი, წმინდა ტაძარი,


დიდი პალატი, დიდი არე, როსმე მდიდარი,


დღეს კი უჭერო, უპატრონო, აოხრებული...


„უჭერო, უპატრონო, აოხრებული“ სამშობლო, იგი სამშობლო, რომელსაც ოდესღაც თავისი ჭერი ჰქონია, თავისი პატრონი ჰყოლია და სახელით და დიდებით ჰყვავებულა. განა ეს მწვავი სურათი საკმაო არ არის, კაცს ეს ამოაკვნესოს:


რაც თვალთ წინა გვაქვს, გულსაკლავად ისიცა კმარა!


უმთავრესი ძარღვი თ. ვახტანგ ორბელიანის პოეზიისა ერთი გულსაკდომი, მაგრამ გულწრფელი გოდებაა წარსულისათვის, თითო სიტყვა მის უკეთეს ლექსებისა თითო ცალკე მარგალიტია ცრემლისა, ღრმად ნატკენ გულისაგან წარმოდინებული. იგი დასტირის იმ წარსულის დამხობილს დიდებას, მაგრამ არც იმას გვიმალავს, რა ჭირი და ვაგლახი გადახედია საქართველოს:


ჩვენი ივერი მშვენიერი არს სისხლის კალო,


გმირთა აკლდამა, გულსაკლავი და სავალალო. —


ამბობს იგი ერთს თავის სახელოვან ლექსში, რომელსაც ჰქვიან „იმედი“ და რომელიც ერთი უწარჩინებულესი მარგალიტია ქართულ პოეზიაში. ხოლო ეს ჭირი და ვაივაგლახი ყოფილისა, როგორც უკვე გარდასული ამბავი, ისე არა სწვავს ადამიანის გულს, როგორც გარდასული ბედნიერება და დაკარგული დიდება. იმ იმედის გარდასვლას და დაკარგვას იმ უმწვერვალეს ტკივილამდე მიჰყავს ჩვენი პოეტი, როცა ყოველივე გრძნობა დუმდება, სასოებას ადგილი აღარა აქვს და საცა მარტო სასოწარკვეთილება-ღა ჰღაღადებს მთელის თავის საშინელის ზარითა:


გონება ჰხელობს, — იძახს გამწარებული პოეტი: —


გაშმაგებულს აზრი მერევა,


სარწმუნოებას გულის ჭმუნვის ძალა ერევა!..


და რისხვა-წყრომით ამღვრეული იკითხება, — თუ ქვეყანაზედ ღმერთია, „მაშ საქართველო ასე მწარედ რისთვის დაემხო?“... აქ სჩნას მთელი სიდიადე, მთელი ძალ-ღონე მამულის- შვილურ სიყვარულისა, რომლის რისხვამ თვით სარწმუნოებაც-კი აგმობინა ღრმად-მორწმუნე პოეტსა. რომ იგი ღრმად-მორწმუნე და ღვთის-მოყვარე კაცი იყო, ამას, სხვათა შორის, გვიმტკიცებს მისი „ლოცვა“ და მისი მოთქმა იმავ „იმედში“, საცა თითქო თავისი წარმოთქმული გმობა თვითონვე მთქმელმა შეიზარაო და ტკბილის სინანულით მიიხედა ისევ ღვთისაკენ ვედრებით, — მომიტევეო:


ღმერთო კეთილო, მომიტევე შენს დაბადებულს,


ნუ მკითხავ გმობას გაშმაგებულს, გულ-გადაგებულს!


რა ვქმნა ცოდვილმა? გულსა და სულს ცეცხლი მედება,


რა საქართველო დანგრეული მომაგონდება,


რა ფიქრს მომივა — თვით ნანგრევნიც იქნება განქრნენ,


და მათ სახელნი, მათ ხსენება აღარსად დარჩნენ.


ვაი თუ წარსულ დიდების იგი სახსოვარნი, იგი დიდებულნი ნაშთნი და ნანგრევნი — ეგ უტყვნი და უტყუარნი მთხრობელნი წარსულისა — განქრნენ და მათი სახელიც და ხსენებაც აღარ დარჩესო, — ამ ცეცხლ-მოსადებმა და ძალ-ღონიერმა ფიქრმა, ამ ელდა-ცემულმა შიშმა შეაჯახა ერთმანეთს პოეტის გულში დიდი მამულის-შვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება, ეს ორი უძლიერესი გრძნობა ადამიანისა. დიდი გული უნდა, რომ კაცმა ეს ამისთანა ბრძოლა და ჭიდილი აიტანოს და ომგადახდილმა თავის წადილში ისევ მოათავსოს ეს ორი ერთმანეთზე ხმალამოწვდილი გრძნობა. დიდი წუთია ეს ამისთანა წუთი ადამიანის ცხოვრებაში, და მარტო რჩეულთა ამა ქვეყნისათა ეღირსებათ ხოლმე მადლი ამისთანა წუთების განცდისა და გაძლებისა.



ხოლო იმ იმედს, რომელიც ამ დიდს და განსაცდელიანს წუთს ჩვენს პოეტს მოვლინებია ტურფა და მშვიდ ასულის სახით, — დაუწყნარებია საშინელი დრამა გულისა და ერთმანეთთან მოურიგებია რისხვით მგრგვინავნი მამულის-შვილური სიყვარული და მის მიერ გმობილი, მაგრამ მშვიდობიანი სარწმუნოება. მომიახლოვდაო, — მოგვითხრობს თ. ვახტანგ ორბელიანი:


...მაშინ ტურფა, მშვიდი ასული,


გრძნობითა სახე უბრწყინავდა, უძგერდა გული:


„გწამდესო, ღვაწლნი მამა-პაპათ არ განქრებიან,


გწამდეს, ეს შთენნი დიდებულად კვლავც აღსდგებიან:


მართლმადიდებელთ ჭეშმარიტი ღმერთი ძლიერი


მოგფენსთ თვისს სხივსა, თვისს სიუხვეს, და თქვენი ერი,


ქრისტეს ჯვარისთვის წამებული, კვლავ გამრავლდება;


თქვენი სამშობლო დანგრეული კვლავ აყვავდება...“


ამ სახით ყოვლად-მხსნელმა იმედმა დაუამა პოეტს ტკივილი გულის საშინელის ჭიდილისა და „ნათელი და სიცოცხლე სცა ჩემს მოკლულს გულსაო“...



ამ იმედით და ნუგეშით დაგვტოვა ჩვენ ჩვენმა პოეტმა და ამ იმედით და ნუგეშით გადვიდა იმ მსოფლიოს, საცა სარწმუნოება საუკუნო ბინას და სადგურს უქადის ყოველს ადამიანს.


მართალია, თ. გრიგოლ ორბელიანმა ჩვენს პოეტზე უწინ მიგვახედა წარსულს და ამით ახალი საგანი გაუჩინა ჩვენს პოეზიას, მაგრამ ამ გზაზედ ისე გადუხვევლად, ისე სისწვრივ ჩვენში არც ერთს პოეტს არ უვლია, როგორც თ. ვახტანგ ორბელიანს. მან თითქმის მთელი თავისი პოეტური ძალ-ღონე სულ ამ საგანს ამსახურა და თვისი უკეთესი ლექსები ამ საგანს უძღვნა და შესწირა. ამასთან თ. ვახტანგ ორბელიანს, ვითარცა მამულის სიყვარულის მადლით მოსილს პოეტს, დიდი წილი უდევს, რომ ამ გრძნობამ ჩვენში ფეხი მოიკიდა და ფრთა აისხა. დედა მის წარსულის სიყვარულისა — მამულის-შვილური სიყვარულია და პირველი გაზდილია მეორეს ძუძუთი. იგი წარსული უყვარს, როგორც ფუძე ჩვენის მომავლისათვის: „დიდს წარსულს დიდი მომავალიც ექმნება“ — ამბობს იგი.


**


დასასრულ, მეტი არ იქმნება აღვნიშნოთ ის, რომ თ. ვახტანგ ორბელიანი ნამდვილი ლირიკოსია რომანტიულ სკოლისა, ეგრედ წოდებულ „რომანტიზმს“ იგი ჰყავს ჩვენში თითქმის ერთად-ერთი წარმომადგენელი. ერთად-ერთს ვამბობთ იმიტომ, რომ მისი პოეზია ამ მხრით თითქმის შეურეველია და აუჭრელებელი. „რომანტიზმს“ ევროპის პოეზიაში იმ ხანებში დიდი ადგილი ეჭირა და მისი უდიდესი დედა-ბოძი იყო ვიქტორ ჰიუგო, საფრანგეთის სახელოვანი პოეტი, რომლის თხზულებათა კითხვა თ. ვახტანგ ორბელიანს, როგორც სჩანს მის ლექსებიდან, ხშირად ჰყვარებია.

Recent Posts

See All
ლუარსაბ წამებული

(ლუარსაბ წამებულის მოსახსენებელი დღისათვის - 21 ივნისისათვის) 1886 წელი 21-ს ივნისს საქართველოს ეკლესია ადიდებს სახელს მეფის ლუარსაბისას,...

 
 
ილია ოქრომჭედლიშვილი

1898 წელი (ნეკროლოგი) გუშინ, სამს იანვარს, დილით, გარდაიცვალა ერთი კარგი ქართველი კაცი, ილია ოქრომჭედლიშვილი. მისი ცხოვრება სწორედ...

 
 
bottom of page