top of page

კრედიტი საქართველოს მევენახეთათვის

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 1, 2024
  • 4 min read

ტფილისი, 15 დეკემბერი, 1894 წელი.


ფინანსთა სამინისტროში დღეს აღძრულია გადასაწყვეტად ერთი საგანი, რომლის ასე თუ ისე გადაწყვეტა ჩვენთვის და ერთობ ამიერკავკასიისათვის დიდ მნიშვნელობიანად უნდა ჩაითვალოს. სამხრეთ გუბერნიებს რუსეთისას, სახელდობრ იმ ადგილებს, საცა ვაზი ჰხეირობს, უთხოვნიათ სამინისტროსათვის, რომ ვენახებზედაც ხანგრძლივ ვადიანი სესხი ეძლიოს. სამინისტროს, როგორც სჩანს მის მიწერ-მოწერისაგან, ეს ორიოდე ადგილის თხოვნა საერთო საგნად გადაუქცევია და საერთოდ წესის შემოღებისათვის ვენახების დაგირავების თაობაზე შესდგომია საქმის განხილვასა. ამას ვამბობთ იმ საბუთით, რომ ფინანსთა სამინისტრო შეჰკითხებია სამეურნეო სამინისტროს, როგორ და რა გზით შესაძლოა ვენახები გირაოდ მიღებულ იქმნას ხანგრძლივის სესხის სათავდებოდ.

ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ სამეურნეო სამინისტროს აქაურ მის ხელქვეითა მოხელეთათვის მოუწერია ამ საგანზე თავისი აზრი წარმოსთქვან და სამინისტროს გაუგზავნონ. აქაურმა უფროსმა მოხელემ სამინისტროსამ ამ საგნის გამოსარკვევად მიიწვია სახელმწიფო ქონებათა სადგურში აქაური აგრონომები და ტფილისის სათავადაზნაურო ბანკის ზოგიერთი წევრნი და ამ კრებულმა უკვე შეადგინა თავისი გადაწყვეტილება, რომელიც საკმაოდ ვრცლად მოხსენებული იყო „ივერიაში“.


ჩვენ დღეს სრულებითაც არა გვაქვს აზრად გავარჩიოთ რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გვსურს მხოლოდ გამოვარკვიოთ მნიშვნელობა აღძრულის საგნისა ჩვენის ქვეყნისათვის.


ჯერ, როცა საადგილმამულო ბანკის წესდება წარმოდგენილ იყო დასამტკიცებლად, მაშინ ყურადღება მიქვეულ იყო სამინისტროსი იმ მუხლზე, რომელიც ვენახებსაც ჰხადიდა სათავდებოდ ხანგრძლივის სესხისა. სამინისტრომ მაშინ ძალიან იუარა ეს მუხლი და თავისი უარი იმითი დაასაბუთა, რომ ვენახი იმისთანა ქონებაა, რომლის ღირებულობა იმოდენად სავენახე ადგილზე არ არის დაფუძნებული, რამოდენადაც პატრონის პირადს გარჯასა და მხნეობაზეო; გირაოდ მიღების დროს შესაძლოა ვენახი ისე იყოს მოვლილი და ნაკეთები, რომ კარგს და ღირებულ ფასად დაფასდეს, რადგანაც კარგად ნაკეთი ვენახი ერთობ ძვირფასი ქონებაა, ხოლო ვინ გვითავდებებს, რომ ხანგრძლივ დროთა განმავლობაში ვენახის მოვლა- პატრონობაში რაიმე ცვლილება არ მოხდეს და მოუვლელობით არ ამოვარდესო; მაშინ ბანკი უსათუოდ ზარალში ჩავარდება, რადგანაც კარგ ყოფაში დაფასებული ვენახი, ცუდ ყოფაში მოუვლელობით ჩავარდნილი, იმოდენას ვეღარ მისცემს პატრონს, რომ სესხის სიმძიმეს გაუძლოს და ძალაუნებურად გასასყიდად უნდა ბანკს თავზე მოახვიოსო; ბანკი კიდევ კარგ ყოფაში დაფასებულს ვენახს, მოუვლელობით ცუდ ყოფაში ჩავარდნილს, ვეღარ ამოაღებინებს ვერც თავნსა და ვერც სარგებელს და უეჭველად იზარალებსო.


რასაკვირველია, ამ აზრს თავისი საბუთი აქვს: ვენახი ძვირფასი ქონებაა მხოლოდ მაშინ, როცა მართლა ვენახია. საკმარისია სამ-ოთხ წელიწადს პატრონმა ხელი არ შეუწყოს, ვენახი აბეჩხარდება და ვაზის ნაშენობით ძვირფასი ქონება ცარიელ მიწის ღირებულებაზეღა ჩამოვარდება და ამ შემთხვევაში ზარალი ბანკისა უეჭველია. ამიტომაც სამინისტრომ ვენახი მარტო მოკლევადიან სესხის თავდებად იცნო და ვადად სამი წელიწადი დასდო, რადგანაც, რაც გინდ იყოს, სამი წელიწადი ისეთი მოკლე დროა, რომ ჯერ საიმედოა მოვლა- პატრონობაში რაიმე ცვლილება არ მოხდეს და მერე ვენახი ისე არ წახდეს, რომ ვენახის ნიშან-წყალი მაინც არ შერჩეს. ჩვენის წესდების ძალით, შესაძლოა ამ სამს წელიწადს კიდევ სხვა ხუთიც მიემატოს, მხოლოდ იმ პირობით-კი, რომ ყოველ ვადის მომატებაზე ვენახი ბანკის მიერ გასინჯულ და შემოწმებულ იყოს. ვადას კიდევ როგორმე გაუძლებდა ვენახის პატრონი, მაგრამ აქ საქმე მარტო ვადა არ არის. საქმე ის არის, რომ ბანკმა მოკლევადიანი სესხი უნდა აძლიოს ნაღდ ფულითა და ამ მხრით საადგილმამულო ბანკები ერთობ დიდ დაბრკოლებაში არიან, რადგანაც უმთავრესი მათი ღონისძიება გირავნობის ფურცლებია და ნაღდი ფული, რაც აქვთ, მარტო ამ გირავნობის ფურცლის თავდებობაშია თითქმის დახაფრებული და ამის გარეთ ხელთ არა აქვთ ნაღდი იმოდენად, რამოდენადაც სესხის მთხოვნელები არიან.

ამ ნაღდ ფულის ხელმოკლეობას ის მოსდევს, რომ ბანკები ღონისძიებას მოკლებულნი არიან მოკლევადიანის სესხის მთხოვნელები სავსებით დააკმაყოფილონ, ესე იგი იმოდენა აძლიონ, რამოდენასაც მათის მამულების ღირებულება გასწვდება. ბანკები ამ შემთხვევაში იმასა ჰრჩეობენ, რომ ნაღდი ფული გამოიზოგონ, რათა ბევრს გაჭირებულს ცოტ-ცოტაობით მაინც გასწვდნენ, თორემ მამულის ღირებულებაზე რომ წავიდნენ, ათში ერთ-ორს თუ ეყოფა ნაღდი ფული ბანკისა. ამიტომაც ჩვენს ბანკს წესადა აქვს, რომ რაც გინდ დიდფასიანი მამული იყოს, ორას თუმანზე მეტი არ მიეცეს, ისიც ერთს ხელში.


ხანგრძლივი სესხი კი ღონისძიებას აძლევს ბანკს გაასესხოს ფული გირავნობის ფურცლებითა იმდენი, რამდენსაც მამულის ღირებულობა შესძლებს და აიტანს. აი ამაშია დიდი მნიშვნელობა ხანგრძლივის სესხისა ვენახებზე ჩვენში. ეხლა ვენახი რომ ათას თუმნადაც ჰღირდეს, ორას თუმანზე მეტს ვერ მიიღებს სესხად პატრონი და ეს დიდი დანაკლისია პატრონისათვის, რომელსაც ქონება დიდფასიანი აქვს და გაჭირებაში კი სავსებით ვერ გამოუყენებია საკრედიტოდ, მაშასადამე, ამ მხრით ქონება მისი უქმია. გარდა ამისა, მოკლევადიანი, სესხი, რომლის ბუნება ის არის, რომ ვადის განმავლობაში სარგებელი უნდა იღოს და ვადის შემდეგ თავნი ერთბამად და სრულად დაიბრუნოს, მეტად სამძიმოა სესხის ამღებისათვის ჯერ იმ მხრით, რომ ვერა უძრავი მამული მოკლე ხანს ვერ გაუსწორებს პატრონს თავნსა და სარგებელს სესხისას, მამულისათვის აღებულისას. რაკი ესეა, პატრონმა სხვა ღონე უნდა იღონოს ვალის გასასტუმრებლად და მისთვის სწორედ ეს არის ძნელი და გასაჭირი. გრძელვადიანი სესხი-კი, გირავნობის ფურცლებით აღებული, შესაძლოა მოშორებულ იქმნას ყოველწლივ ნაწილ-ნაწილად და თანდათანობით გაუჭირებლივ, თუ პატრონი მუყაითია და ვალს ვალად ჰხადის. გაუჭირებლივ ვამბობთ იმიტომ, რომ გრძელვადიანი სესხი, მამულის სარგოდ მამულზედ მიქცეული, აძლიერებს მამულის შემოსავალს და გაძლიერებული შემოსავალი გაუჭირებლივ გადიხდის ვალსა.


ეს აზრები რომ წავიმძღვაროთ წინ, დავინახავთ, რა დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის, თუ სამინისტრომ შესაძლოდ დაინახა ვენახების დაგირავებით ხანგრძლივის სესხის აღება. ჯერ ერთი ისა, რომ სესხის სიდიდე შეზღუდული არ იქნება ნაღდის ფულის მეტ-ნაკლებობისაგან და ვენახის პატრონს კარი გაეღება სესხი მიიღოს იმოდენი, რამოდენსაც მოითხოვს ღირებულება ვენახისა, მეორე ისა, რომ სესხის ამღებს ნება მიეცემა თუნდ ერთბამად დაუბრუნოს ბანკს აღებული ვალი, თუნდ ცოტ-ცოტად და თანდათანობით იხადოს ვადის კვალობაზე, მესამე ისა, რომ ხანგრძლივი სესხი, ცოტ-ცოტაობით, ნაწილ-ნაწილ და თანდათანობით სახდელი, ნებას აძლევს პატრონს კრედიტით მოშველებულ ფულით განაკარგოს გირაო მამული, გაუძლიეროს მოსაცემი მოსავალი და მით თითონაც გაღონიერდეს და ვალსაც გაუჭირებლივ გაუძღვეს.


მოკლევადიანი სესხი, 3-ის წლით აღებული, ამ უკანასკნელს შემწეობას არ მისცემს მამულის პატრონს, იმიტომ რომ შემოსავლის გაძლიერებისათვის მამულის განკარგებაა საჭირო და მამულის განკარგება კიდევ დიდის ხნით ფულის დახაფრებას თხოულობს. უძრავი ქონება, ვენახი იქნება თუ სხვა რამ, იმისთანა ბუნებისაა, რომ მასზე მიქცეული ფული პატრონს გვიან, დიდის ხნის განმავლობაში უბრუნდება თავისის სარგებლით, ისიც ერთბამად არა, ცოტ- ცოტაობით, ნაწილ-ნაწილ და თანდათანობით. ამიტომაც თვითონ საადგილმამულო კრედიტი, რომელიც დაფუძნებულია მარტო უძრავ ქონებაზე, ამ უძრავ ქონების ბუნებაზევეა ზედგამოჭრილი: იგიც ჰთხოულობს სესხის დაბრუნებას ერთბამად კი არა, ცოტ-ცოტაობით,ნაწილ-ნაწილ და თანდათანობით.


ვენახები კაი მოზრდილ ლუკმას ქონებისას წარმოადგენს ჩვენში, და თუ კანონი გრძელვადიან საკრედიტო საგნად გაჰხდის ამ დიდფასიან მამულს, მაშინ ვენახი, ვითარცა ამ მხრითაც გამოსაყენებელი ქონება, თავისს სრულს ეკონომიურს მნიშვნელობას მიიღებს და ეს გარემოება, ცოტა არ იყოს, ფასს მოუმატებს.

Recent Posts

See All
ფილოქსერა

ტფილისი, 19 ოქტომბერი, 1889 წელი ფილოქსერა, ეს ყველა ჭირზედ უდიდესი ჭირი ვაზისა, ჰლამის მოედოს ჩვენს ქვეყანას. იმერეთში 16 სოფელში...

 
 
bottom of page