top of page

კატკოვის პასუხად

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Jan 2, 2024
  • 5 min read

1880 წელი 23 თებერვალი


„მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“.

რუსთაველი


უბედურობა რომელიმე ერისა, დიდი ერია თუ პატარა, სხვათა შორის — ისიც არის, როცა ერთგვარს ბეზღობას, რომელსაც პოლიტიკურ ბეზღობას ეძახიან, დიდი ავალა მიეცემა, ფართო გზა გაეხსნება და აღებ-მიცემობის საგნად გახდება. როცა ბეზღობა, — ეგ უწმინდური ძალ-ღონე გაცვეთილის კაცისა, პირახდილი დაიარება, არამცთუ უსირცხვილოდ, თავმოწონებითაც ფარფაშობს და ლუკმაპურს აწვდის მაბეზღარს, — მაშინ პირდაპირ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ საზოგადოების წყობას საძირკველი შერყევიაო და აღსასრული მოახლოებიაო.


ბეზღობის ასეთის პატივით ყოფნა საზოგადოებაში უტყუარი ნიშანია თვით საზოგადოების სისუსტისა, დაუძლურებისა და დარღვევისა. მაგ საძაგელს ფარ-ხმალს სულმოკლეობისას და ჯაბნობისას სამჭედურად აქვს ხოლმე ყოვლად გახრწნილი და ამყაყებული გული ჩირქიანის კაცისა, და საბერველად კიდევ „შაბაში“ და „ბარაქალა“ იმისთანა კაცებისა, ვისაც ბეზღობა და ერთგულება ერთს ფარდში მოუქცევია და ერთმანეთში განგებ ვერ გაურჩევია.


თითონ მაგ სამარცხვინო ფარ-ხმალის მჭედელს, ბეზღის მთქმელს, როგორც იქნება, ადამიანი გაუძლებდა, მოიგერებდა, რომ გამგონი და დამჯერი არა ჰყვანდეს, რომ მაგ საზიზღარის ფარ- ხმალით მორთულს შაბაშის და ბარაქალის ძახილით არ აქეზებდეს იმისთანა წმინდა რამ, როგორიც ლიტერატურაა. როცა ლიტერატურა, — ეგ ადამიანის ჭკუისა და ზნეობის საგანძე, — შეიკედლებს მაგ საძაგლობას, როცა მაბეზღარს თავის კარს გაუღებს ხოლმე, მაშინ თვით საზოგადოების გახრწნილება ცხადია და სულთ-მობრძაობა მისის წყობისა უეჭველია.


ყველაზედ საშიშარი და საზიზღარი ბეზღობა ის ბეზღობაა, რომელსაც საგნად მთელი ერი ჰყავს, ნამეტნავად იმისთანა ერი, რომელიც „შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა“ ყოველ ღონეს მოკლებულია, რომ თავი იმართლოს, თავის გულისნადები, სულისწყურვილი საქვეყნოდ გამოჰფინოს. ამისთანა ერის წინაშე ერთი გაცვეთილი მაბეზღარი უფრო შემძლებელია და ღონიერი, ვიდრე მთელი ერი. იმიტომ რომ მაბეზღარს ყოველივე იარაღი ხელში აქვს და დაბეზღებული-კი იარაღაყრილია. დაბეზღებულს აღარა დარჩება-რა ხოლმე იმის მეტი, რომ გულში უნდა ჩაიხვიოს უსამართლოდ გაუპატიურებული, მაგრამ სამართლიანად გაბოროტებული გრძნობა. ეგრეთ ჩახვეული გრძნობა სალესავია იმისი, რის დაჩლუნგებაც სასურველია ხოლმე.


ეს ოციოდ წელიწადია, რაც ბეზღობამ ენა ამოიდგა რუსეთში ბ-ნის კატკოვის და მის კამპანიის წყალობითა და მხნეობითა. შიდა-რუსეთში მაგ ბეზღობას იმოდენა სარბიელი არა აქვს, როგორც რუსეთის სანაპირო ქვეყნებში. ჯერ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელნი უმაღლეს მთავრობისაგან შორს არიან, მაშასადამე ტყუილი უფრო ადვილად გასაღდება, რადგანაც შორიდამ ტყუილი და მართალი კარგად ვერ გაირჩევა და თვალი ადვილად მოტყუვდება თვალთმაქცის მაბეზღარისაგან. მერმე იმიტომ, რომ სანაპირო ქვეყნების მცხოვრებნი უცხო ტომის ერნი არიან და, მაშასადამე, ყოველს ცილისწამებას იმისთანა სარჩული უდევს, იმისთანა სათავე აქვს, რომ ყველაფერი ადვილად დასაჯერია და ფიქრად მოსასვლელი.


ეს კარგად იციან ბ-ნ კატკოვის დამქაშებმა და სწორედ ამითაც სარგებლობენ.


მერე ვისგან არის შემდგარი ეს მაბეზღართა რაზმი? რა ჯურის კაცნი არიან? ეგენი არიან მოხელენი, რომელთაც რუსეთის სიყვარული კი არ ამოქმედებს, არამედ მათი საკუთარი დამშეული კუჭი. ეგ იმისთანა მოხელენი არიან, რომელთაც თავისის ბოროტმოქმედებით იმოდენად შეურცხვენიათ თავიანთი თავი, რომ თვით ყოვლადშემწყნარებელს ამგვარებში მთავრობას ვეღარ შეუწყნარებია იმათი სამსახურში ყოფნა და გამოუყრია. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც ჯერ კიდევ თავის ადგილას სხედან და საღერღელი-კი აშლიათ მაღლა აცოცვისათვის, ვერასგზით-კი ვერ აცოცვილან. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც თავისის უხეირობით და უნიჭობით ვერას გამხდარან და უნდათ თავი როგორმე გამოიჩინონ, თვალი ჩვენ უფრო გვიჭრისო და შორს ჩვენ უფრო ვხედავთო.


ეს სამივე წყობა მაბეზღართა რაზმისა ერთსა და იმავე კურდღელს სდევნიან დასაჭერად. „აი, ქვეყნის ერთგულნი ჩვენა ვართო, ძაღლურის ალღოს აღება ჩვენთვის მოუნიჭებია ღმერთსაო, ჩვენ ყველაფერს ვამხელთ, რასაც სხვანი ხელს აფარებენო და, ჯილდოს მაგიერ, ჩვენვე გვდევნიან, სამსახურიდამ გვყრიანო, სამსახურში წინ არ მივყევართო. აბა, ერთი ხელში ჩაგვიგდონ რაიმე მოხელეობა და მაშინ ჩვენ ვიცით, რას აღმოვაჩენთო და რამდენს დაფარულს გამოვაქვეყნებთო“, და სხვანი და სხვანი.


ამგვარის დამქაშების შემწეობით ბ-ნს კატკოვს დიდი ბადე აქვს გაბმული რუსეთის სანაპირო ქვეყნებში. ამიტომაც არ დარჩენია არც ერთი რუსეთის ქვეშევრდომი ერი, რომ ორგულობა და გადადგომის სურვილი არ შეეწამებინოს. ამით თითონაც იკვებება და თავის დამქაშებსაც, ცოტად თუ ბევრად, საკვებავ გზას უხსნის.

რაც-კი უწმინდურება მოგუბდება ხოლმე მის დამქაშების უწმინდურს გულში, სულ ერთიანად სანაპირო ქვეყნებიდამ მიედინება ბ-ნ კატკოვისაკენ და შესაფერის სურნელებით გროვდება იმ თავახდილ და პირმოხეულ აუზში, რომელსაც „Московские Ведомости“ ჰქვიან. ოღონდ-კი ორგულობა შესწამეთ რომელსამე ერს რუსეთისას და ბ-ნი კატკოვი ხელაპყრობით მოგეგებებათ.


ჩვენს საქართველოზედაც არა-ერთხელ გამოულაშქრია ბ-ნს კატკოვს, ორგულობა შეუწამებია და გადადგომის სურვილი დაუბრალებია.


ამ უკანასკნელს დროსაც (იხილეთ No 4 „Московские Ведомости“-სა) ერთს ბ-ნ კატკოვის შესაფერ დამქაშს დაუბეჭდია ბ-ნ კატკოვის გაზეთში კორესპონდენცია ტფილისიდამ. დამქაში პირდაპირ ამბობს, რომ ქართველებსა და სომხებში სეპარატისტობა, გადადგომის სურვილი მოქმედებსო.


კარგი დროც შეურჩევია. საქართველოში ეხლა ახალი უფროსი მმართველი მოდის. მაბეზღარს უსათუოდ უფიქრნია: — „იქნება ღმერთმა მიპრიანოს და ახალმა მმართველმა მომიკითხოსო, ვინ არის ასეთი ერთგული რუსეთისაო, და კუჭის გასაძღომი ადგილი მომცეს რამეო“.


ყველაფერი შესაძლებელია იქ, საცა დავთრები დაკარგულია, საცა თავი და ბოლო ვეღარავის მიუგნია.


კორესპონდენტს ჩვენის სეპარატისტობის და გადადგომის სურვილის დასამტკიცებლად საბუთებიც მოჰყავს. მაგალითებრ: ქართველებსა და სომხებს როცა წარმოდგენები აქვთო, თეატრი კარგად განათებული და გამთბარიაო, და როცა რუსები არდგენენ, მაშინ-კი არაო. ქართულ და ნამეტნავად სომხურ თეატრში ხალხი ბევრი დაიარებაო და რუსულში-კი არაო. ქართველებმა „ს ა მ შ ო ბ ლ ო ს“ გადმომკეთელი ავტორი დიდის ყოფით მიაცილეს შინამდინაო და სომხებმა კიდევ ბევრი საჩუქარი მიართვეს სომხურს აქტრისას გრაჩიასაო.


სასაცილოა, რომ საზიზღარი არ იყოს, ამისთანა ბეზღი, ამისთანა საბუთებზედ აშენებული! ქართველებს თუ სომხებს რომ სციოდეთ და თეატრი გაათბონ, აქ გადადგომა და ორგულობა რა შუაშია? ქართველებმა რომ მოწონებულის თხზულების ავტორს პატივი სცენ და სომხებმა კიდევ თავის აქტრისას საჩუქარი მიართვან, — აქ სეპარატისტობა რა მოსაყვანია?


რათა ჰშურს ბ-ნს კორესპონდენტს, რომ ქართველები თუ სომხები თავიანთ თეატრში დაიარებიან? რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!


მანამ დიდი მთავარი აქ ბრძანდებოდაო, ამბობს იგი კორესპონდენტი, ქართული და სომხური თეატრი არ იყოო და, როცა წაბრძანდა, მაშინ ხელი შეუწყვესო. ვიცით, ნიშანში ვინც ამოუღია ბ- ნს კორესპონდენტს. ახია, რატომ სამსახურში არ მიიღო ბ-ნი კორესპონდენტი! ხომ ქებას დაუწერდა!..


ვინ არ იცის, რომ ჩვენმა თეატრმა ფეხი აიდგა ჩვენში დიდის მთავრის აქ ბრძანების დროს და მისვე დროს მკვიდრად გაიმართა წელში. რასაკვირველია, თვით ქართველების მეცადინეობით მოხდა ეს სასიამოვნო ამბავი და არა გარეშე შემწეობითა: ჩვენმა თეატრმა თავისით ჩაიდგა სული, გარედამ შემწეობა არავისგან ჰქონია. ჩვენ მარტო იმისი მადლობელნი ვიყავით და ვართ, რომ დამშლელი არ გამოგვიჩნდა. სხვას ვერავინ ვერას დაგვაყვედრებს.

რუსულს თეატრს-კი ამავე ხანებში ხუთი ათას თუმნამდე ფული მიაშველა მთავრობამ, მაგრამ მაინც-კი თავი ვერ დაიჭირა. რატომ? იმიტომ, რომ შემოსავალი არა ჰქონდა, და შემოსავალი არა ჰქონდა იმიტომ, რომ აქაური რუსები რუსულს თეატრში არ დაიარებოდნენ.


მე რომ კორესპონდენტის ადგილას ვყოფილიყავ, აქაურს რუსებს ორგულობას შევწამებდი.


ესეთი გულგრილობა აქაურის რუსებისა რუსულის თეატრის მიმართ უფრო ძლიერი საბუთი იქნებოდა, რომ აქაურ რუსებისათვის სეპარატისტობა შეეწამებინა ბ-ნს კორესპონდენტს, ვიდრე ის უმანკო გულმხურვალება, რომელიც ქართველებმა გამოიჩინეს „სამშობლოს“ ავტორის გაცილებაში და რომელიც ბ-ნს კორესპონდენტს თავის ბეზღის სარჩულად და საბუთად დაუდვია.


ამისთანა საბუთებით აღჭურვილი მაბეზღარი ისე შესაბრალისი არ არის, როგორც მისი გამგონი და წამქეზებელი ბ-ნი კატკოვი.


ჩვენ ამ მასხარაობას მასხარა კაცისას ყურსაც არ ვათხოვებდით, რომ ბეზღობა მარტო ამაზედ შემდგარიყო და მაბეზღარს არ შეეგინებინოს, უპატიურება არ მიეყენებინოს მთელ ქართველობისათვის და მის ეროვნობის ღირსებისათვის. იგი ამბობს, რომ „სამშობლოს“ წარმოდგენაზედ დიდი ხარჯი მოუვიდათ ქართველებსაო, და ქართული დროშები რომ გოდფრუას ცირკს მიჰყიდონ, კარგს იზამენო.


გაცვეთილის კაცისაგან ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ ეგრე უკადრისად ხსენება მისი, რასაც ყოველი პატიოსანი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორვ ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის — არამცთუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი ყველგან დედამიწის ზურგზედ სიცოცხლეს არა ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნია, — იმის ეგრეთ უკადრისად ხსენებას, არ ვიცით, რა სახელი დავარქვათ და მისი ეგრეთ მომხსენებელი რა სულიერებში შევრიცხოთ.

ქართული დროშა ორი ათასის წლის განმავლობაში ქართველობას სახელით და დიდებით ხელში სჭერია, თავის სისხლში ამოუვლია და რუსეთისათვის შეუმწიკვლელად და უჩირქოდ გარდაუცია; გაჭირების დროს ქართული დროშა რუსეთის დროშასთან ერთად არა-ერთხელ გამოსულა საომარს ველზედ და მის წინამძღვარობით და სახელით ქართველობას არა-ერთხელ დაუღვრია თავისი სისხლი რუსებთან ერთად.


ეგ დროშა, რომელიც ეგეთის სასოებით და პატივით უტარებია იმოდენა ხანს უწინდელს ქართველს, ეგ დროშა, რომელიც წინ დახვედრია მოზღვავებულს თათრობას და მუსულმანობას და ქრისტეს ჯვარი თამამად წინ წაუმძღვარებია, ძლევამოსილობით ომიდამ გამოუტანია და დაუმკვიდრებია კავკასიაში, ეგ დროშა, რომელსაც აწინდელი ქართველი იმავე ვაჟკაცობით და თავგამომეტებით თან გაჰყოლია და რუსებთან ერთად სისხლი უთხევია მამულისათვის, — დღეს ეგ დროშა საცირკოდ გაგვიხადა ერთმა ვიღაცა კორესპონდენტმა და ბ-ნმა კატკოვმა ბანი მისცა.


თუ ჩვეულებრივმა გრძნობამ მართებულობისამ არ შეაყენა ბ-ნი კატკოვი, იმას მაინც უნდა მოჰრიდებოდა, რომ უპატიურად ხდის მთელს ერს, რომელიც შეჰფარებია რუსეთს მარტო თავის პატიოსნების და ღირსების დასაცველად. თვით ბარბაროსიც-კი არ იკადრებდა ეგრეთ გაუპატიურებას მთელის ერისას! მაშ, ბარაქალა კატკოვს და მის მომხრეებსა, რომ იკადრეს ის, რასაც თვით ბარბაროსიც-კი ითაკილებდა.


„ესეღა დაგვრჩა ნუგეშად მის იმედისა დიდისა?!.“

Recent Posts

See All
შინაური მიმოხილვა - 1882 იანვარი

ეგრეთწოდებულ პოლიტიკოსებისაგან „აღმოსავლეთის საქმე“ ერთი უშველებელი კერაა, რომელზედაც ყოველთვის ომის ცეცხლი ანთია და ამ ცეცხლს კიდევ...

 
 
სიტყვა ილია ჭავჭავაძისა ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე

20 მაისს, 1895 წელს. მე, ბატონებო, გუშინ და გუშინწინ ვერ დავესწარი კრებას ბანკისავე საჭირო საქმის გამო. გაზეთებიდან და კრების ოქმიდან...

 
 
ნუთუ?

(პასუხად „მოგზაურის“ კორესპონდენციისა) I „ივერიის“ მკითხველთ უკვე მოეხსენებათ, რომ „მოგზაურში“ (No 13) დაბეჭდილი იყო კორესპონდენცია,...

 
 
bottom of page