სიტყვა ილია ჭავჭავაძისა ტფილისის ქართული საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე
- nino otiashvili
- Jan 3, 2024
- 2 min read
20 მაისს, 1895 წელს.
მე, ბატონებო, გუშინ და გუშინწინ ვერ დავესწარი კრებას ბანკისავე საჭირო საქმის გამო. გაზეთებიდან და კრების ოქმიდან შევიტყე, რომ გუშინწინ ჩემი ქება-დიდება მოგისმენიათ ერთის ორატორისაგან. რაც ამ ორატორს უნებებია ჩემი უკადრისად ხსენება, მე იმას ყურადღებას არ ვაქცევ. ხოლო თქმულა ერთი რამ ისეთი, რომელმაც შეაძრწუნა ჩემი მამულიშვილური გრძნობა და ეს არ შემიძლიან აღუნიშნავად დავტოვო. აქ ერთს ორატორს მეორეზედ უთქვამს: ეგ მოსული არისო და ჩვენთან არავითარი კავშირი არა აქვსო. მე არ ვახსენებ, ვის უთქვამს ეს. მე მთქმელთან საქმე არა მაქვს-რა. მე ვებრძვი აზრს და ამ აზრის გამოსარკვევად მარტო საჭიროა ვიცოდეთ ის კი არა, ვინა სთქვა, არამედ ის, ვის უთხრეს. ეს უთხრეს იმიერ ქართველს. როგორ? იმიერ ქართველი აქ, ჩვენს კრებაში, ამ ჩვენს საქართველოში — მოსულია, უცხოა და არა სახლიკაცი, არა სისხლ-ხორცი იმ დიდ ოჯახისა, რომელსაც საქართველო ჰქვიან! არა ბატონებო!.. ყოველს ქართველს საქართველოს ნაწილისას, — გურული იქნება, მეგრელი, იმერელი, კახელი, თუ ქართლელი, — ჩვენის ერთიანის ოჯახის კარი ღია აქვს, რომ ჩვენს საერთო ჭირსა და ლხინში ძმური მონაწილეობა მიიღოს. ეს არამცთუ უფლებაა თვითეულის ჩვენგანისა, უუწმინდესი მოვალეობაა. ძმობა და ერთობა ამაშია. ეგ ძმობა და ერთობა არის იგი კლდე, რომელზედაც უნდა აშენდეს დიდი სასახლე ჩვენის ცხოვრებისა.
ეს თითქმის ექვსი საუკუნეა მას აქეთ, რაც საქართველო დაირღვა, დანაწილდა. ეს ექვსი საუკუნეა მას აქეთ, რაც ჩვენი მამა-პაპანი, ჩვენნი უკეთესნი და უდიდესნი მამულისშვილნი, ჩვენი გენიოსები, ჩვენნი ვაჟკაცნი და მეომარნი, ჩვენნი მსწავლულნი და მეცნიერნი, სისხლის ღვრით იღვწოდნენ, რომ მკვდრეთით აღედგინათ ჟამთა ვითარებისაგან დარღვეული და დამხობილი ძმობა და ერთობა. ამას შესწირეს თავისი სახელოვანი სიცოცხლე, თავისის სისხლით და ღვაწლით შემოსეს და აკურთხეს.
მთელმა თაობამ მეცხრამეტე საუკუნისამ ამას შეალია თავისი პატიოსანი ძალ-ღონე, თავისი სისხლი და ხორცი, თავისი ნიჭი საქმისა და მეტყველებისა. აწ განსვენებულმა ჩვენმა მწერალმა ვახტანგ ორბელიანმა მთელის თავისის მხურვალე გულისძგერით აღთქმად დასდვა, ანდერძად დაგვიტოვა, რომ ძმობა და ერთობა კლდეა და ამაზედ ააშენეთ თქვენი ბედნიერებაო, ამაშია ჩვენი იმედი, ჩვენი სასოება.
დღეს სხვას გვეუბნებიან. დღეს უნდათ, ერთმა ნაწილმა საქართველოსამ მეორეს უთხრას: შენ ჩვენ შორის მოსული ხარო! სამართლიანი გულისწყრომა მამულიშვილობისა ამ აზრს ვერ მიიკარებს. მე ამით ვაცხადებ ჩემ მაგიერ და ჩემთა თანამოაზრეთა სახელით, რომ მამულიშვილურ გრძნობის წყევლა-კრულვით ჩვენ ზურგი შეგვიქცევია ამ უკეთურ აზრისათვის. თქვენც მოგიწევთ, ასე მოიქეცით. დეე ამ უკეთურმა აზრმა იქვე გაითხაროს თავისი საკადრისი სამარე და დაიმარხოს, სადაც დაიბადა და აკვანი დაიდგა.

