იასე ანდრონიკაშვილი
- nino otiashvili
- Jan 1, 2024
- 5 min read
ტფილისი, 10 იანვარი, 1887 წელი.
I
ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალობით არის გამთბარი, გულმოდგინეობით წარმართული, ერთგულობით ძირმაგარი და პატიოსნებით ნათელცხებული, - უტყუარი ნიშანია თითონ მოღვაწის დიდ-ბუნებოვანობისა. იქნება ზოგიერთებს ეხამუშოს, ზოგიერთს ეუცხოვოს ეს ჩვენი აზრი, და სიტყვა შემოგვიბრუნოს: „დიდი საქმეა მარტო უტყუარი ნიშანი თითონ მოსაქმის დიდბუნებოვანობისაო“. ეს მართალია, თუ საქმე ქმნილია. თუ არ არის ქმნილი და მარტო ამაო თავმოწონებით და ცუდ-მედიდობით ხელწატანებულია, მაშინ საქმე დიდი თუ პატარა, სულ ერთია: იგი ხელის წამტანებელის ქარაფშუტობას უფრო გვისაბუთებს და გვიმტკიცებს, ვიდრე დიდბუნებოვანობასა. მაშასადამე, ამ შემთხვევაში ძალა ქმნასა ჰქონია და არა მარტო ხელის წატანებასა და ფოტინსა. არა-ქმნა ყოველ დიდს საქმეს ამცირებს და ქმნა-კი პატარასაც დიდად ჰხდის. ესედ მართალია, რომ ქვეყანაზედ ბევრი იმისთანა დიდი საქმეა, რომელიც თავისთავად ჰხმაურობს, ქარბუქს აყენებს და ყველას თვალ-წინ უდგა მთელის თავის სიდიდითა. ხოლო იმისთანა საქმენიც არიან, რომელთაც ჟღარუნები არა აქვთ და არა ხმაურობენ, მაგრამ მით არა ნაკლები მნიშვნელობა აქვთ წუთი-სოფლის სიმწარის დასატკბობლად და სიმწვავის გასანელებლად. ამისთანა საქმეა, მაგალითად, მართლმსაჯულება. იგი არ დაიარება ქვეყანაზედ ბუკითა და ნაღარითა. მისთა მსახურთა მზად-მზარეული გვირგვინი შარავანდედისა არ ადგიათ თავზედ, რომ დიადობის ქარი ჰქონდეს კაცთა თვალთათვის. როგორც თითონ მართლმსაჯულება, ისეც მისნი მსახურნი, მშვიდობიანად, უბუკნაღაროდ საქმობენ თავის საქმესა და მშვიდობას ქვეყნისას, სიკეთეს ოჯახისას, ნამუსს და პატიოსნებას ადამიანისას ჰპატრონობენ და ესარჩლებიან. თუ ესე არ არის, ასე მაინც უნდა იყოს და ჩვენ მასზედ-კი არა ვლაპარაკობთ, რაც არის, არამედ მასზედ, რაც უნდა იყოს.
ნუთუ ამ არა-მყვირალა საქმეში კაცი ჩაბმული და პატიოსნად მოღვაწე არ შეიძლება დიდ-ბუნებოვანი იყოს, მარტო იმიტომ, რომ თითონ საქმე მყვირალა არ არის, ჩუმია და ხმა-ამოუღებელი? ნუთუ თითონ საქმე, ურომლისოდაც მთელი ქვეყნიერობა ერთს არეულს და ერთმანეთის მჭამელს მხეცთა გროვას წარმოადგენდა, ნუთუ, - ვამბობთ, - თითონ ეგ საქმე დიდი არ არის მარტო იმიტომ, რომ ბუკითა და ნაღარით არ იჩენს თავსა!.. საქმე დიდია და დიდი არის იგიც, ვინც გულთბილად, კაცთმოყვარეობით, პატიოსნად და სწორის სასწორით ხელში ემსახურა და ჰმსახურობს.
ერთი ამისთანა მსახური მართლმსაჯულებისა არის თ. იასე ადამის-ძე ანდრონიკაშვილი, რომელსაც 23-ს თებერვალს 1887 წლისას უსრულდება ორმოც-და-ათი წელიწადი მას აქეთ, რაც სახელმწიფო სამსახურშია და ორმოც-და-ერთი წელიწადი მას აქეთ, რაც ჰმსაჯულობს ჩვენში. მაშასადამე იგი ყოფილა მსაჯულად იმისთანა ხანებშიაც, როცა ახალი წესები შემოღებულნი არ იყვნენ და ძველნი კი, სამართლიანად ათვალწუნებულნი, მსაჯულს სახსარს აძლევდა ყოველივე ცუდკაცობა ჩაედინა და სამართლის სასწორი ისე ებრუნებინა, როგორც გუნებაში გაუვლიდა. თქმა არ უნდა, რომ ამისთანა ყოფა მართლმსაჯულებისა მიზეზს აძლევდა კაცს ათასნაირი მართალი და ტყუილი ბრალი შეეწამათ მაშინდელ მსაჯულთათვის. მაგრამ თ. იასე ანდრონიკაშვილმა დღეს-აქამომდე ისე პატიოსნად და მართლად ატარა თავისი სახელი, რომ არც ერთხელ თითონ ცილმაც კი ვერ შეჰბედა ცილისწამება; არც ერთხელ ყოველთა სიწმინდის შემბღალველი ბოროტებაც-კი ავგულის კაცისა იმოდენად ვერ გაკადნიერდა, რომ მცირეოდენი ჩრდილი მაინც მიეყენებინა მის კეთილ-სინდისიანობისა და პატიოსნებისათვის. მეტად წმინდა და შუქ-სხმული პატიოსნება უნდა იყოს, რომ ამოდენა ხნის განმავლობაში ყოველის გამბედავი ცილი და ბოროტება ადამიანისა ვერ ჰბედავდეს მოსცხოს რამ და ენა-ჩავარდნილი და გაბათილებული მის წინაშე პირქვე დაემხოს!..
მარტო ამ მხრით არ არის ცნობილი ჩვენში თ. იასე ანდრონიკაშვილი. მისი მიუდგომელი პირუთვნელი სიმართლე, მისი გულმოდგინება საქმისა, დაუღალავი შრომა, მისი საქმეში სულით და გულით ჩახედვა, მისი გულშემატკივარობა, კაცთმოყვარეობა, სითბო და სიტკბო, - ყველამ იცის, ყველას ენაზედ აკერია. საცა მართალია, იქ თ. იასე ანდრონიკაშვილისათვის სხვა არა არის-რა მართლის მეტი; არც ნათესაობა, არც მეგობრობა, არც თხოვნა-ვედრება არა სჭრის-რა, ერთხელ მის მიერ აღიარებულ მართლის მეტი. არა ერთხელ და ორჯერ ჩვენის ყურით გაგვიგონია: მადლობა ღმერთს, დღეს თ. იასე ანდრონიკაშვილი იქნება ჩემის საქმის მსაჯულადა, სხვათა შორის, და იმედია, მართალს მოსარჩლე ეყოლება და სამართლის სასწორს - მფარველი განაჩენის დადგენის დროსაო. ვინც იცის, რა დიდი განძი უნდა ზნეობისა, რომ კაცმა საზოგადოდ და მსაჯულმა საკუთრივ ამისთანა ნდობა მოიპოვოს, ის ჩვენ აღარ მოგვიკითხავს ქებასა და დიდებასა თ. ანდრონიკაშვილისას, როგორც სასიქადულო კაცისას და ყოვლად პატიოსან მსაჯულისას.
სახელმწიფო სამსახურში მყოფსა, არც საზოგადოების სამსახური დაჰზარებია ოდესმე თ. იასე ანდრონიკაშვილს. ათი წელიწადი ემსახურა ჩვენის ბანკის საქმესა უანგაროდ, უსასყიდლოდ, იმავე სიყვარულით, გულმხურვალეობით და გულმოდგინეობით, როგორც ცნობილია ყველგან და ყველასაგან. არც ერთი სამადლო საქმე არა კეთდება ჩვენში, რომ იქ თ. იასე ანდრონიკაშვილის წვლილი და ხელი არ ერიოს. ამისათვის არა ხარჯს, არა გარჯას და შემწეობას არ მოჰრიდებია თვისდა სასახელოდ და უმწეთა სასიხარულოდ. ასეთია იგი კაცი, რომელსაც უპირებენ დღე ორმოც-და-ათის წლის მოღვაწეობისა პატივისცემით გადუხადონ. უფროსს თავმჯდომარეს სასამართლოს პალატისას ბ-ნ გონჩაროვს, აქაურ გაზეთების სიტყვით, განუზრახავს, და სასამართლოს მოხელეთა ერთობ, პატივი აგონ დღეს თ. იასე ანდრონიკაშვილის ორმოც-და-ათის წლის შეუმწიკვლელ სამსახურისას და მით დაუმტკიცონ თვისი პირუთვნელი, გულითადი პატივისცემა კაცს, რომელიც ყოვლად ღირსეული წარმომადგენელია მართლმსაჯულებისა კავკასიაში.
თუ მარტო სასამართლოს მოხელეთათვის არ არის ეს განზრახვა, რასაკვირველია, მრავალნი სხვანიც მოიწადინებენ მონაწილეობა მიიღონ და ამ გზით გამოუცხადონ თავისი გულითადი პატივისცემა და სიყვარული კაცს, რომლის მოღვაწეობა ესოდენ ყველასათვის სამაგალითოა. თუ არა და სასურველია, რომ ტფილისის საზოგადოებამ, ყველამ საერთოდ, პატივი სცეს ამ დღეს თ. ანდრონიკაშვილს თავის მხრითაც და ამით დაამტკიცოს, რომ კაი-კაცობას, კეთილ-სინდისიანობას და პატიოსნებას, დიდსა თუ პატარა საქმეში, ჩვენშიაც პატივი და დიდება აქვს და ექნება. ძნელად შეხვდება კაცი, რომ პატივისცემა და სიყვარული საზოგადოებისა ისე მართლად და უტყუარად შეეწონოს ჭეშმარიტს ღირსებასა, როგორც ამ შემთხვევაში. ნუ ვიქნებით უმადურნი და ყველას თავისი მივუწყოთ ხოლმე. ხალისი ამითი მხნეობს და მხნეობა ამით ჰხალისობს.
II
ტფილისი, 25 თებერვალი, 1887 წ.
23-ს თებერვალს თ. იასე ადამის-ძეს ანდრონიკაშვილს გადაუხადეს ორმოც-და-ათის წლის სამსახურის დღეობა. საზოგადოებამ თავისი პატივისცემა და მადლობა საჯაროდ გამოუცხადა კაცს, რომელსაც არც სახელოვანი ომი მოუგია, არც ქვეყანა დაუპყრია, არც იმისთანა რამ მოუხდენია, რაც თავის-თავად ჰყვირის, ჰხმაურობს და ბუკსა და ნაღარასა სცემს.
მაშ რამ გამოიწვია ეს საჯარო პატივისცემა და მადლობა? ნუთუ მან, რომ კაცმა ორმოც - და - ათის წლის სამსახურს გაუძლო, ესოდენ ხანგრძლივად ჰზიდა ტვირთი სახელმწიფო თანამდებობისა? არა. ჩვენდა სასიამოვნოდ ის უნდა ვაღიაროთ, რომ აქ, ამ ამბავში, სხვა უმაღლესი ზნეობითი აზრია. მართალი მოახსენეს თ. ანდრონიკაშვილს: „ხანგრძლივობა რა არის? ეგ ჯანის სიმრთელის საქმეა. ჯანის სიმრთელე კიდევ ერთი უმაღლესი მადლია, რომელსაც კი ღმერთი მიანიჭებს ხოლმე მარტო თვის რჩეულსა, მაგრამ მაინც მადლია და არა ღვაწლიო; სასიქადულო და სასახელო თვით თ. ანდრონიკაშვილისათვის იგი ზნეობითი აზრია, რომელიც სათავედ უდევს მის დღეობის ამბავსა. აქ საზოგადოებამ ხანგრძლივობა მოღვაწეობისა კი არ დააფასა, არამედ ის, რომ ნახევარ-საუკუნის განმავლობაში კაცმა არც ერთხელ არ უმტყუნა თავის მოვალეობასა, თავის თანამდებობასა და არც ერთხელ ცილისწამებასაც-კი არ შეაბღალვინა თავისი წმინდა და პატიოსანი სახელი, მერე იცით, რა მიზეზიანია იგი თანამდებობა მოსამართლისა, - მსაჯულისა, რომელიც მთელი ორმოცი წელიწადი წილად ხვდა თ. ანდრონიკაშვილსა! ვინც ეს იცის, მან ისიც უნდა იცოდეს, რა დიდ-ბუნებოვანობაა კაცის მხრით, რომ ცილსაც-კი ვერა გააბედვინოს-რა, ცილსაც-კი ენა მოსჭრას, ხმა არ ამოაღებინოს.
ყოველს ადგილას, ყოველს საქმეში - რაც უნდა ჩუმი იყოს, რაც უნდა მცირე - ადამიანს შეუძლიან აღმოაჩინოს სიდიადე ღვაწლისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერისაგან: „ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, საცა მანამდე მარტო ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ერთს უდიდესს სამსახურს უწევს კაცობრიობასაო“.
ამ წუთის-სოფელში ადამიანს ბევრი და მრავალ-სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავის-თავისათვის, ისეც ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირი დანიშნულება არა აქვს, სათითაოდ ყველას რაიმე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალ ზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზედ არ არის დამოკიდებული. მრავალ-გვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თითონ საქმის მეტ-ნაკლებობა აქ არაფერს შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩაჰჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია.
მოსამართლობა, მსაჯულობა, ჩუმია, წყნარი, უხმაურო, უბუკ-ნაღარო. ღვაწლი მოსამართლისა, მსაჯულისა, ისეთი ერთიანი არ არის, როგორც, მაგალითებრ, ციხის აღება, ქვეყნის დაპყრობა, ომის მოგება და სხვა რამ ამ-გვარი დიდი თვალსაჩინო და ერთბამად დასანახავი საქმე, რომელიც ერთბამადვე აცვიფრებს ადამიანს. იგი განუწყვეტელი ძეწკვია ყოველდღიურის ღვაწლისა; იგი ერთი-ერთმანეთზედ ზედ- ასხმული მარცვლებია ადამიანის საყოველდღეო მოქმედებისა. რამოდენა სინათლე და სიკეთე უნდა ჩააყოლოს კაცმა ამ უჩინარს მარცვლებს თავის განუწყვეტელის მოღვაწეობისას, რომ მათი კრებული იმად გამოჩნდეს, რასაც მოქალაქობრივს ქველობას ეძახიან და რაც სამართლიანად გამოიწვევს ხოლმე ქებას, დიდებას, პატივისცემას და მადლობის გადახდასა. ერთის დიდის საქმით ამის დამსახურება იმოდენად ძნელი არ არის, ჩვენის ფიქრით, რაც ამ ხანგრძლივის დაუღალავის ღვაწლით, დღე-მუდამ ერთი- ერთმანეთზედ ზედ-მიყოლილის სიკეთით მოპოვებული. იმიტომ რომ დიდი საქმე ზოგჯერ ბედისაგან წილად ხდომილია და ადამიანი მარტო ფარ-ხმალია, ბედისაგან
არჩეული. აქ კი გამუდმებული თავდადება უნდა, დიდი გულმოდგინება, დიდი ღონე ზნეობისა, დაუცხრომელი სიყვარული, დაუღალავი ბეჯითობა და გაუტეხლობა გულპატიოსანის მუშაკისა და გამრჯელისა. ყოველივე ეს უნდა, რომ მარცვლეულობით ნაღვაწი ბოლოს იმოდენა ხვავად აქციოს კაცმა საზოგადოების თვალში, რომ საჯაროდ პატივისცემა და მადლობა გამოიწვიოს. აქ ადამიანი თაოსნობს, ირჯება და არა ბედი.
აი, რას ვხედავთ და რას ვპოულობთ ჩვენ თ. ანდრონიკაშვილის დღეობაში მისდა ჭეშმარიტ სასიქადულოდ და სასახელოდ. თვით იგი საზოგადოებაც კი პატივით და სახელით მოსახსენებელია, რომელსაც თვალი უჭრის ამ-გვარის ღვაწლის დასანახავად. ეს უტყუარი ნიშანია მის გონების აღმატებისა, იმიტომ რომ უბუკ-ნაღაროს საქმესა, ჩუმსა და უჩინარს სასარგებლო ღვაწლს ხორცის თვალი ძნელად მისწვდება. აქ გონების მჭრელი თვალი უნდა, რომ თვალად მცირენი, მაგრამ კეთილნი საქმენი, რომელნიც გამუდმებულ შრომით ერთმანეთზედ განუწყვეტლად აკინძულია, ზედ-ნაკეცია, იცნას დიდის ზნეობის საქმედ და პატივისცემის ღირსად გაჰხადოს. დიდის დანახვა ადვილია, საქმე ის არის, იმა ჩუმთა მუშაკთა უჩინარი ღვაწლი დაინახოს კაცმა, რომელთა ნაღვაწიც აცხოვრებს ქვეყანასა და დედა-ბოძად უდგა თვით საზოგადოებას.