top of page

ავლაბრელების საქმე

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Dec 27, 2023
  • 19 min read

I


პარასკევს საღამოს, 24-ს აპრილსა ქალაქის საბჭოში გაირჩა ერთი ფრიად საყურადღებო საქმე. საქმე ესე მდგომარეობს შემდეგში. მეფე ერეკლე მეორე რომ დაბრუნებულა შამქორის ომიდამ, თან გადმოუყვანია რამდენიმე კომლი სომეხი, ოტებულნი ყიზილბაშებისაგან, და დაუსახლებია ავლაბარში. აქ უბოძებია მათთვის, სხვათა ავლაბრელებთან ერთად, ავლაბრის გარეშემო მამული სახნავ-სათესად და საძოვრად. ეს გადმოსახლებულნი ჯერ პირველად სამეფო გლეხებად ჩაურიცხავთ და მერე სახასოდ. თვითონ ავლაბრის მამული-კი დედოფლის დარიას წილადხდომილი მამული ყოფილა და ამ ავლაბრის გლეხთა საზოგადოებას უძლევია ღალა ერთი მეათედი მოსავლისა. შემდეგ დარია დედოფლისა ხაზინა დაჰპატრონებია ამ მამულს და ღალა ხაზინას უღია. ამ საუკუნის პირველ მეოთხედში ვიღაცა შაღუბათოვს წაუტანებია ხელი ამ მამულებისათვის და საკუთრებად დაჩემებისათვის დავა გაუმართავს. ავლაბრელებს, რა თქმა უნდა, თავი გამოუდვიათ და ბოლოს საქმე სენატამდინაც მისულა. სენატს 1837 წ. დაუდგენია განაჩენი და მამული დაუგდია ავლაბრელთა ხელში. ავლაბრელებს ეს დავა კარგა ფული დასჯდომიათ, და რაკი მაინც თავისად ჰგულებიათ, სხვა ხარჯიც არ დაუზოგავთ ამ მამულების განკარგებისათვის: გამოუყვანიათ თავიანთის ხარჯით წყალი მილებით, ქვითკირის აუზები აუშენებიათ, დაუმართავთ გომები და ფარეხები და ყოველ ამისათვის კარგა ხარჯი გაუწევიათ.


1869 წ. ეს ავლაბრის მამული გადაუციათ ქალაქისათვის საძოვრად და სანახირედ. რა გზით, რა პირობით გადასულა ეს მამული ქალაქის ხელში — ამისი ცნობა არ არის თურმე ქალაქის საქმეებში. მას აქეთ იგი მამულები მაინც ავლაბრელებს სჭერიათ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იჯარა ქალაქისათვის უძლევიათ. ბოლოს, 16 მარტს 1887 წ., ქალაქის გამგეობას აუღია, ავლაბრელები გამოუწირავს და ეგ მამული იჯარით მიუცია ახნაზაროვისა და ქიშმიშოვისათვის წელიწადში ორას თუმნად. 1869 წლიდამ ამ 1887 წლამდე ქალაქის გამგეობას დიდი მიწერ-მოწერა ჰქონია ამ საგანზედ. ამ მიწერ-მოწერიდამა სჩანს, რომ ავლაბრელებს გულიდამ არ ამოუღიათ ის მართლა-და სამართლიანი იმედი, რომ ეგ მამული, თუ იჯარით გასაცემია, მათთვის უფრო უპრიანია, რადგანაც იმათა სჭერიათ, იმათ უდავნიათ, იმათ შეუნახავთ, იმათ განუკარგებიათ, და ამისათვის არა ერთი ათასი თუმანი დაუხარჯავთ იმ ხანის განმავლობაში, რაც ხელში სჭერიათ. გარდა ამისა, ამ მამულზედ ყოფილა დამოკიდებული ცხოვრების სახსარი ავლაბრელების საზოგადოებისა, რომელშიაც არა ერთი და ორი ათეული კომლი კაცი ითვლება.


რაკი შეუმჩნევიათ, რომ ქალაქის გამგეობა მიხრილა იმაზედ, რომ ეგ მამული ძველის წესით აღარ ამყოფოს და იჯარით გაცემული უნდა იქნას, ავლაბრელებს არა-ერთხელ ამ ათის- თხუთმეტის წლის განმავლობაში უთხოვნიათ გამგეობისათვის, ჩვენ ნუ გამოგვწირავთ და იჯარით ჩვენ მოგვეცით ჩვენივე ნაჭერი მიწები და ცალკე კაცს ნუ შემოგვისევთო. პირველ ხანებში ქალაქის გამგეობას გულმტკივნეულობით შეუწყნარებია ავლაბრელების თხოვნა. ამის საბუთს წარმოადგენს ოქმი გამგეობისა 22 მაისისა 1876 წ., და ნამეტნავად ოქმი თვითონ ქალაქის საბჭოსი 12 ნოემბრისა 1879 წ. ამ უკანასკნელ ოქმში სწერია, რომ ეგ მამული უსათუოდ იჯარით გაიცეს და საჭირო ვაჭრობა მოხდეს, და თუ ავლაბრელები აიღებენ იჯარით, მათი ურთიერთი თავდებობა მიიღონ ფულის მაგიერ იჯარის ფულის შემოტანის საიმედოდ, და თუ ცალკე კაცი, იმას-კი წინდაწინ წინდად ან ფული შემოატანინონ ან ბანკის ბილეთები.


მერე და მერე ეს გულმტკივნეულობა ქალაქის გამგეობისა ცოტა არ იყოს განელებულა და ბოლოს ისე მომხდარა საქმე, რომ ეგ მამულები საჯარო ვაჭრობით ცალკე კაცებს დარჩენიათ საიჯაროდ ორას თუმნად. საქმის სისრულისათვის ესეც უნდა ითქვას, რარიგად მომხდარა იგი საჯარო ვაჭრობა. ვაჭრობაში მოსულან ახნაზაროვი და ქიშმიშოვი და ათიოდე ავლაბრელი, რომ ერთობილად ივაჭრონ და ასი თუმანი წინდად შეუტანიათ. მეორე მხარე არა ყოფილა. ამასთანა დასახსომია, რომ ახნაზაროვს და ქიშმიშოვს ეს პირობა შეუტანიათ, რომ თუ ვინიცობაა იმ ათიოდ ავლაბრელმა თავისი წილადხდომილი ამ ასის თუმნისაგან არ შემოიტანოს, იჯარა მარტო ახნაზაროვსა და ქიშმიშოვზედ დამტკიცდეს. თქმა არ უნდა, რომ არ შემოიტანეს და დაუმტკიცეს ახნაზაროვსა და ქიშმიშოვსა.

ხმოსანს თ. მიხეილ მაჩაბელს დაუნახავს, რომ ქალაქის გამგეობა და საბჭო ამ საქმეში უსამართლოდ მოჰქცევიან ავლაბრელებს და რამდენიმე ათეული კომლი კაცი გაუწირავთ უმიზეზოდ; წინადადება შეუტანია, გააუქმონ იჯარა ახნაზაროვისა და ქიშმიშოვისა, ისევ ავლაბრელებს მისცენ იჯარით მათი ნაჭერი მამულები ურთიერთობის თავდებობითა.


პარასკევს, 24 აპრილს, თ. მიხეილ მაჩაბელმა ამ საგანზედ დიდი მოხსენება წაიკითხა საბჭოს წინაშე, რომელსაც 47 ხმოსანი დაესწრო. მოხსენება კარგად შედგენილია, ყოველივე გარემოება საქმისა ნათლად ახსნილია. სჩანს, რომ თ. მაჩაბელს ზედმიწევნით შეუსწავლია თვითეული ცალკე გარემოება ამ საქმისა და ყოველივე გადასაწყვეტად საჭირო ცნობა გულმოდგინედ უძებნია და გამოუკვლევია.


თუმცა საბჭომ უარ-ჰყო ოცდაექვსის ხმით წინააღმდეგ ოცდაერთისა წინადადება თ. მაჩაბლისა, მაგრამ ამით გზა არ შეეკვრის კაცს — ეძიოს, მართალი რომელს მხარეს არის. ამის გამოძიებას შემდეგ შევუდგებით.


II


მეტისმეტად საინტერესოა ცნობანი მასზედ, თუ რა სახის საზოგადოება ჰქონიათ ავლაბრელებს იმ მიწების ხმარების გამო, რომელთაც იგინი ითხოვდნენ საიჯაროდ ქალაქის გამგეობისაგან. ეს მხარე საქმისა საკმაოდ ვრცლად გამოკვლეულია ხმოსანის თ. მიხეილ მაჩაბელის მოხსენებაში.


ამ მოხსენებისაგან სჩანს, რომ მაგ საზოგადოებას შეადგენს სულ 56 კომლი, რომელშიაც 332 სული ითვლება ორისავე სქესისა. ამ საზოგადოების საქმეს განაგებენ თურმე საზოგადოებისაგან ამორჩეულნი კაცნი: ნაცვალი, გზირი და საზოგადოების კრება. ყოველის რიგისა, წესისა, ხარჯისა და სხვა რამ გადასახადისა აღმნიშვნელი და დამადგინებელი საზოგადო კრებაა. ნაცვალი და გზირი მარტო აღმსრულებელნი მოხელენი არიან. საზოგადოების წინაშე ყოველისფერში პასუხისმგებელი არის უფროსი კაცი კომლისა და არა ყველა მოზრდილი ოჯახის-შვილი. თუმცა თავიდათავი ამ საზოგადოებაში გლეხობა არის, მაგრამ დღეს საზოგადოებაში ითვლება თურმე სხვა წოდების კაცნიც, მაგალითებრ, ვაჭარნი, ჩინოვნიკები და საპატიო მოქალაქენი და სხვანი, რომელნიც გლეხობის შთამომავალნი არიან და რომელთ წინაპარნი ავლაბრის გლეხთა საზოგადოებას ეკუთვნოდნენ. ამათ შერჩენიათ იგი უფლება და მოვალეობა, რაც მათ წინაპართა ჰქონიათ ავლაბრის საზოგადოებაში. ამ საზოგადოების შინაგან ბუნებას და აგებულებას კაცი რომ დაუკვირდეს, დღეს იმას შეჰნიშნავს, რომ ამ საზოგადოებას შერჩენია მარტო თვისება და ხასიათი სამეურნეო გამგეობისა და სხვა აღარაფერი.


ამის მიხედვით, თვითეული ცალკე კომლი ლიტრა-ჩარექობის კვალობაზედ არის მონაწილე ამ სამეურნო საზოგადოებაში. ამ ლიტრა-ჩარექობაზედ განწილულია მიწების ხმარება, ანუ უკეთ ვსთქვათ, მიწებისაგან გამორჩომა, და ამავე ლიტრა-ჩარექობაზედვე არის გაწერილი ხარჯი. რადგანაც უმცირესი წილი ჩარექია და უდიდესი ლიტრა, და რადგანაც ლიტრაში ოთხი ჩარექია, ამიტომაც ლიტრიანი კაცი ერთი-ოთხად მეტს იხდის ყოველგვარს ხარჯს და ერთი-ოთხადაც მეტი გამორჩომა აქვს საზოგადო მიწებისაგან. ამ საზოგადოებაში ჩარექიანზედ ნაკლები და ლიტრიაზედ მეტი მეკომური არ არის შეწყნარებული ასე, რომ მეკომურს ერთის ლიტრიანის წილის მეტი არ შეეძლო სჭეროდა. მეტად საყურადღებო წესი ამ საზოგადოებისა ის არის, რომ ღარიბთა, შეუძლებელთა, ობოლ-ქვრივთა, რომელთაც ღონე არა აქვთ ხარჯის წევისა და თავის ხვედრის ხარჯის გაღებისა, მიწებისაგან გამორჩომაში წილი ედვათ თავთავისდაგვარად და ხარჯს-კი საზოგადოება მათ მაგიერ თვითონ იხდიდა.


ამ საზოგადოებას ჰყავს თურმე: 758 სხვილი საქონელი მუშა და მოცადი, 82 ცხენი, 42 სახედარი, 80 ღორი და 7126 ცხვარი. მარტო 16 კომლია იმისთანა, რომ არა ჰყავს საქონელი. გამგეობის მიერ დაწესებულია თურმე, რომ სხვილს საქონელზედ წელიწადში 1 მანათზედ მეტი არ უნდა აიღონ საბალახე და წვრილზედ 25 კაპ. მეტი. ამ ანგარიშით ავლაბრის საზოგადოება იხდის თურმე 2420 მანეთსა წელიწადში.

აი, იგი საზოგადოება, რომელიც ავლაბრელების სახელით სთხოვდა ქალაქის გამგეობას, ჩვენი ნაჭერი მამული ჩვენვე მოგვეცით იჯარით, რადგანაც მაგ მამულზეა დამოკიდებული 332 სულის სახსარი ცხოვრებისაო. მას აქეთ, რაც ეგ მამულები ქალაქს მიაკუთვნეს, ესე იგი, 1869 წლიდამ, ბედს ამ საზოგადოებისას, რომელსაც კაცი ძნელად თუ არ თანაუგრძნობს, ძირი შეერყა, და ქალაქის გამგეობა იმ დღიდამ თავის მეცადინეობას არ აკლებდა, რომ ეს საზოგადოება სრულად გაენადგურებინა. ჯერ, როგორცა ვსთქვით, პირველ ხანებში, როგორც ქალაქის გამგეობა, ისეც მთავრობა, ქალაქის გამგეობის მეოხებით, გულმტკივნეულად მოექცა ამ საზოგადოებას, მაგრამ ბოლოსდაბოლოს გამგეობამ დაივიწყა ეგ გულმტკივნეულობა და თანდათან ძირი მოუთხარა და დღეს ხომ სულ პირქვე დაამხო. ჩვენ შემდეგს ნომერში კვალდაკვალ ავყვებით და წარმოვუდგენთ მკითხველს იმის ისტორიას, თუ რარიგად ჰნელდებოდა თანდათან ეს გულმტკივნეულობა. არ გვინდოდა ასე გაგძელება ამ წერილებისა, მაგრამ ვხედავთ, რომ თუ ამა საქმის გარემოება ვრცლად არ გამოესახა კაცს გონების თვალწინ, ძნელია უტყუარი სჯა იქონიოს.


III


როგორც წინათ მოგახსენეთ, ავლაბრელების ნაჭერი მიწები, რომელთ გამოც ეხლა ჩვენ ლაპარაკი გვაქვს, მიუზომეს ქალაქს საძოვრად და სანახიროდ 1869 წელსა. ქალაქის გამგეობამ პირველ ხანშივე მიაქცია ყურადღება ამ მიწებს, როგორც ახალს წყაროს გამორჩომისას საქალაქოდ. თუმცა მაშინდელმა საზოგადო კრებამ ქალაქისამ ეს გამორჩომის აზრი წინ წაიმძღვარა, მაგრამ მისდა სასახელოდ ესეც უნდა ვსთქვათ, რომ ავლაბრელების საზოგადოების გაჭირებაც თვალწინ დაიყენა და ამიტომაც თავისი მეცადინეობა არ მოაკლო, რომ ავლაბრელებსვე თავიანთ წესისამებრ სჭეროდათ იგი მამული. 27 მარტს 1872 წელს ამ საზოგადო კრებამ ქალაქისამ დაადგინა განაჩენი, რომ ეგ მამული იჯარით გაიცეს სამის წლის ვადით 1-ს აგვისტოდამ 1871 წლისა 1-ს აგვისტომდე 1874 წლისა, და თუ ავლაბრის საზოგადოება ისურვებს, მას მიეცეს, თუ არა და გარეშე კაცთა, — მხოლოდ საჯარო ვაჭრობით კი.


ავლაბრის საზოგადოებამ შეიტყო ეს თუ არა, მაშინვე თავისის ვექილების პირით ითხოვა მაშინდელ ქალაქის მართველობისაგან საჯარო ვაჭრობის მოუხდენელად მისცენ საზოგადოებას იგი მამული იჯარით წელიწადში 1300 მანეთად სამის წლის ვადით, ხოლო დასაწყისი ვადისა იყოს 1-ი აგვისტო 1871 წლისა კი არა, არამედ 1-ი აგვისტო 1872 წლისა. ქალაქის მართველობამ შეიწყნარა ეს თხოვნა და იშუამდგომელა ტფილისის გუბერნატორის წინაშე, რომ იგი მამული უვაჭრელად მიეცეს ავლაბრის საზოგადოებას და ვადაც იჯარისა შეიცვალოს ავლაბრელების თხოვნისამებრ. ამ შუამდგომლობამ მიაღწია აქაურს უმაღლეს მთავრობამდე და მის მიერ შეწყნარებულ იქმნა. თუმცა ზოგიერთა ფორმალურის მიზეზისა გამო იჯარის ხელშეკრულობა მაშინ არ დაიწერა, მაგრამ ავლაბრის საზოგადოება ჰხმარობდა ზემოხსენებულ პირობით მამულებსა და იჯარის ფული 1300 მანეთი წელიწადში შეჰქონდა ქალაქის ხაზინაში. აშკარადა სჩანს აქედამ, მაშინდელი მმართველობა ქალაქისა რა გულმტკივნეულად მოჰკიდებია საქმეს და ცდილა ქალაქისათვის გამორჩომა რამ ყოფილიყო და ავლაბრელებიც არ გამოეწირა.

როცა ამ პირველის იჯარის ვადა 1875 წელს გავიდა, ქალაქის გამგეობა უფრო გაიყოლია გამორჩომის სურვილმა და ავლაბრელების ინტერესი ცოტა არ იყოს ჩრდილში მიაყენა. ეს ცხადადა სჩანს იმ განაჩენისაგან, რომელიც ქალაქის გამგეობამ დაადგინა 19-ს სექტემბერს 1875 წელს. ამ განაჩენში სწერია: მიღებულ იქმნა რა სახეში, რომ მთავრობის მიერ ნებადართულს იჯარას ვადა შეუსრულდა 1-ს აგვისტოს 1875 წელსა, საჭიროა რომ იგი საიჯარო მამული ქალაქის საძოვრად და სანახიროდ დაიდვას იმ პირობით, რომ სხვილს საქონელზედ ერთი მანეთი იღოს ქალაქმა და წვრილზედ სამი შაური თვეში; ამ გზით ქალაქი მეტს გამორჩომას ჰნახავს... და ამიტომ ტფილისის საქალაქო გამგეობამ დაადგინა: „ვსთხოვოთ ქალაქის საბჭოს, იგი მამულები აღარ გაიცეს იჯარითა და საძოვრად და სანახიროდ დარჩეს ქალაქსა და ზემოხსენებულის ზომით გამოერთვას საბალახო საქონლის პატრონებს საქონლის ძოვებისათვის“.


ეს განაჩენი გაირჩა ქალაქის საბჭოში 9-სა და 13-ს ოქტომბერს 1875 წელსა. ქალაქის საბჭომ დაადგინა: დარჩეს ეგ მამული საძოვრად და სანახიროდ ქალაქის მცხოვრებთა და დროებით ჩამოსულთა სოფლელთათვის უსასყიდლო ხმარებისათვის საქონლის საძოებლად; გამგეობას დაევალოს შეადგინოს პროექტი პირობებისა, რომლის ძალითაც უნდა ეგ მამული გაეცეს იჯარითა და შედგენილი პროექტი წარმოადგინოს განსახილველად საბჭოში. ამ განაჩენის ძალით შემდგარ იქმნა ცალკე კომისია და მოხსენება ამ კომისიისა 22 მაისს 1876 წ. შიგ ჩართულია თვითონ გამგეობის განაჩენში. ამ გამგეობის განაჩენში აი რასა სწერს გამგეობა: „რადგანაც ამ მამულის იჯარით აღებაში უპირატესობა უნდა მიეცეს ქალაქის მკვიდრთა, რომელნიც სასოფლო მეურნეობით სცხოვრებენ, უამისოდ იგინი ძალიან დიდს გაჭირვებაში ჩასცვივიან და ცალკე კაცებს ჩაუვარდებიან ხელში გამოსარჩომად, — გამგეობამ მოიწვია წარმომადგენელნი კუკიისა, ავლაბრისა და ნათლუხის საზოგადოებისანი მოსალაპარაკებლად. ამ წარმომადგენელთა გამოაცხადეს სურვილი აიღონ ქალაქის მამულები იჯარით, ხოლო სთქვეს, რომ იჯარა უიმისოდაც დიდია და ეძნელებათ მაგოდენა იჯარის გაღება და ამიტომ მომატება იჯარისა შეუძლებელია და ამაზედ სიტყვაც არ უნდა იყოს ჩამოგდებულიო. რამდენჯერმე კიდევ იქმნენ მოწვეულნი ეს წარმომადგენელნი და გამგეობამ თანახმა გაიხადა ესენი იჯარისათვის მოემატებინათ, ხოლო პირველ წლისათვის ითხოვეს იჯარა წინანდელის ზომით დარჩენილიყო“.


გამგეობა ამ განაჩენში, სხვათა შორის, აი რა სამართლიან აზრს ამბობს: იქნება შესაძლოც იყოს მეტის იჯარის აღება, მაგრამ ამ შემთხვევაში უარყოფილ უნდა იქმნას ინტერესები ღარიბის ხალხისა, რომელიც ძველთაგანვე სოფლის მეურნეობას მისდევს ქალაქის მიწებზედ და რომელსაც ამ ბოლოს დრომდე თავისად ეგულებოდა ეგ მიწები. მომატება იჯარისა მეტისმეტად თვითონ ქალაქისათვისაც არ არის სასარგებლო, იმიტომ რომ ეგ მომატება მძიმე ტვირთად დააწვება ქალაქის მკვიდრთა ღარიბს ნაწილსა. ქალაქის მმართველობის წარმომადგენელთა არ უნდა მოიწონონ ეს ამბავი, რადგანაც მათდა თავდაპირველი ვალი ის არის, რომ იზრუნონ ქალაქის კეთილდღეობისათვის იმ მხრით, რომ უდიდესმა ნაწილმა ქალაქის მკვიდრთა სიკეთე, განკარგება და შესუბუქება რამ იგრძნოს.


ყოველ ამის გამო გამგეობამ დაადგინა: გამოირჩეს იმ მამულებიდამ ქალაქის სანახიროდ დასადებლად შესაფერი ნაწილი და დანარჩენი მიეცეს იჯარით ხსენებულ საზოგადოებათ სამის წლის ვადით და იმ ფასად, რაც მანამდე იყო. ეს განაჩენი გამგეობისა დამტკიცებულ იქმნა საბჭოსაგან 24 მაისს 1876 წელსა. ამ გზით იარა ამ საქმემ და ბოლოს იმაზედ შედგა, რომ ავლაბრელების საზოგადოებას დარჩა მისი ნაჭერი მამულები იჯარით წელიწადში ორას თუმნად სამის წლის ვადით 1880 წლამდე.


12 ნოემბერს 1879 წელს, იმის გამო, რომ ავლაბრელების იჯარის ვადა თავდებოდა 1-ს იანვარს 1880 წელსა, ქალაქის გამგეობამ შეიტანა თავისი განაჩენი საბჭოში და ითხოვა ნებართვა, რომ ახალი საჯარო ვაჭრობა დაინიშნოს იმ მამულის იჯარით გასაცემად. საბჭოს ოქმში მოხსენებულია, რომ ზოგიერთმა ხმოსანმა ითხოვა თურმე, რომ უეჭველად ისევ ავლაბრელებს მიეცით იჯარით იგი მამული, მაგრამ საბჭომ გადასწყვიტა, უსათუოდ საჯარო ვაჭრობა მოხდეს და პირობად დაიდვას შემდეგი: თუ ვინიცობაა ავლაბრის მკვიდრნი აიღებენ იჯარას, მათ ურთიერთობის თავდებობა ჩამოერთოთ იჯარის ფულის საიმედოდ, და თუ ცალკე კაცნი დაირჩენენ ვაჭრობის დროს იჯარას, იმათ კი წინდად გამოერთვათ ფული.


ამ ისტორიიდამა სჩანს, რომ რამოდენადაც დრო გადიოდა, იმოდენად თავდაპირველი სამართლიანი მზრუნველობა ავლაბრელთა საზოგადოების მიმართ კლებულობდა და გამორჩომის სურვილი საქალაქოდ ჰმატულობდა. ბოლოსდაბოლოს გამორჩომის სურვილმა სულ გააბათილა წინანდელი აზრი ქალაქის მმართველობისა, რომელიც ამბობდა: ქალაქისათვის გამორჩომის სურვილმა უნდა აქ ადგილი დაუთმოს ღარიბის ხალხის გაჭირებას და ინტერესებსაო. შემდეგ ჩვენა ვნახავთ, რომ ქალაქის გამგეობამ და საბჭომ ამ საქმით და მამულებით ვერც ვერაფერი მოუმატა ქალაქის ხაზინასა და ავლაბრელებსაც მამულზედ ხელი დააბანინა და მთელი 332 სული გასწირა. ფრიად საყურადღებოა, რა გზით მოხდა ეს საოცარი ამბავი, რომ ვერც ქალაქი გამორჩა მეტსა, და ავლაბრელების საზოგადოებასაც მათხოვარის გუდა-ნაბადი აჰკიდეს და იმათი სვე-ბედი, წყარო ცხოვრებისა, ორს-სამს კაცს ჩაუგდეს ხელში.


IV


ჩვენ წინა წერილში მოვიხსენიეთ, რომ ქალაქის გამგეობამ ავლაბრელების საქმის გამო ყოველისფერი ფეხქვეშ გაუშალა საქალაქოდ გამორჩომის სურვილსა: ნამდვილი სიმართლეც, ღარიბების სვე-ბედიც, მთელის კარგა მოზდილის მკვიდრთა ნაწილის ინტერესიცა. ხოლო საოცარი ბოლო ჰქონდა ამ თავისთავადაც უჯერო სურვილსა. სურვილი ხომ სურვილი იყო და გამგეობამ საქმე კი ისე მიიყვანა, რომ რასაც ავლაბრელები იძლეოდნენ, იმავ ფასად და იმავ პირობით მათი ნაჭერი მამული სამს კაცს ჩაუგდო ხელში, და ამ სახით არც გამორჩომა

გამორჩომად გამოდგა და ავლაბრელებიც 332 სული ცარიელზედ დასვა. ჩვენ უკვე ვსთქვით, რომ 1880 წლამდე იგი მამული მაინც ავლაბრელებს ჰქონდათ იჯარითა.

1880 წელსა ხელახლად მოხდა საჯარო ვაჭრობა იმ მამულების იჯარით გასაცემად. ამ წელს ყოფილმა გამგეობამ თავისი ყოვლად შემძლებელი იერიში მიიტანა იმ მცირეოდენ უპირატესობაზედაც, რომელიც ქალაქის საბჭომ არგუნა ავლაბრელებს 1879 წლის განაჩენითა. ეს მცირედი აჩრდილიც მაშინდელის საბჭოს მზრუნველობისა თითქო თვალში ეკლად ჰქონებია გამგეობას და თავის ნებითა და ძალით გაუუქმებია. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ 1879 წელს საბჭოს მიერ დადგენილი იყო, თუ ავლაბრელები აიღებდნენ იჯარით ხსენებულს მამულს, მათ ფული არ უნდა გამოერთოს იჯარის ფულის საღად შემოტანის საიმედოდ, არამედ უნდა ჩამოერთვას მარტო ურთიერთობის თავდებობა. ეს განაჩენი საბჭოში დღევანდლამდე ხელშეუხებელია და ამიტომაც ძალა უნდა ჰქონოდა გამგეობისათვის, რადგანაც გამგეობა ყოველსფერში ხელქვევითია საბჭოსი. მაგრამ გამგეობამ გააუქმა თავისის ნებით ეს განაჩენი, და როცა 1880 წლის საჯარო ვაჭრობაში იგი მამული კვლავ ავლაბრელებს დარჩათ იჯარითა წელიწადში ორას თუმნად, თავდებობის მაგიერ გამგეობამ ორმოცდაათი თუმანი შემოატანინა წინდრად. ეს ერთი ზოგიერთთაგანი იერიშია,რომელიც გამგეობამ მიიტანა ავლაბრელების საზოგადოების დასარღვევად და ამასთანავე ცხადი მაგალითია იმისი, რომ ხელქვევითმა გამგეობამ თავის მბრძანებელის საბჭოს განაჩენი უარ-ჰყო, გააუქმა და არაფრად ჩააგდო. აქ გამგეობის თვითნებობის მეტს სხვას არაფერს უმოქმედნია.


ამ სახით 1880 წლიდამ 1883 წლამდე ხსენებული მამული კიდევ ავლაბრის საზოგადოებას ეჭირა იჯარითა. 1883 წელს, რაკი ვადა გავიდა, კიდევ მოხდა საჯარო ვაჭრობა. ავლაბრელები, რიცხვით 30 კაცი, მოსულა სავაჭროდ და გამგეობისათვის გამოუცხადებიათ, რომ ავეტიქა იშხანოვი, დავით ფორაქოვი და შაქარა თათულოვი მათის საზოგადოების ვექილები არიან და პირობა დაუდვიათ, რომ კანონიერს რწმუნების წერილს წარმოადგენენ. ბოლოს წარმოადგინეს კიდეც და იჯარით ამ ხანადაც დარჩათ მამული ავლაბრელებს და იჯარის ქაღალდი მოაწერინეს მათს ვექილებსა. ხოლო საყურადღებოა თვითონ განაჩენი გამგეობისა, რომელშიაც გამგეობა აღიარებს, რომ იშხანოვი და თათულოვი საზოგადოების ვექილები კი არ არიან, არამედ იმისთანავე წურბელები, როგორც სხვანი. ამ სიტყვებისაგან სჩანს, რომ გამგეობას მყვლეფავობა ამ საქმეში ცოდვად მიუჩნევია და უარუყვია. ეს ხომ ესეა 1883 წელს, მაგრამ 1886 წელს კი იმავ გამგეობას ყოველივე ღონისძიება უხმარია, რომ სწორედ მაგ ერთხელ დაწუნებულს მის მიერ მყვლეფაობას დიდი და ფართო გზა გახსნოდა.


ამ ახალს იჯარას, როცა მამული კიდევ ავლაბრელებს სჭერიათ წელიწადში ორას თუმნად, ვადა გასვლია 1-ს იანვარს 1886 წელსა. ამიტომაც 30 ნოემბერს 1885 წ. დაუნიშნავს ახალი საჯარო ვაჭრობა გამგეობას, და თუმცა ავლაბრელებს კიდევ ჰქონიათ იჯარის ვადა 1886 წლის 1-ს იანვრამდე, მაინც მაშინვე ჩამოურთმევია მამულებიცა იმ მიზეზით, რომ იჯარის ფულის შემოტანა დაუგვიანებიათ. საოცარი ამბავი, ამბავი ვერასგზით ვერ აღსახსნელი, ამ ვაჭრობაზედ მოხდა. ამ ხნის სავაჭრო ოქმში[*] სწერია: „სავაჭროდ მოვიდნენ მეორე გილდიის ვაჭარნი ყაზარ ახნაზაროვი, ავეტიქა ახნაზაროვი და იაკობ ქიშმიშოვი და ცამეტი კაცი ავლაბრელნი, ცალ-ცალკე დასახელებულნი და გამოაცხადეს, რომ ყოველ ამათ საერთოდ უნდათ ვაჭრობა“, „წარმოადგინეს წინდრად ასი თუმანი“.


აქ კიდევ საკვირველი არა არის რა: თექვსმეტმა კაცმა ერთად ისურვა მამული იჯარით აიღონ და ასი თუმანი წინდრად წარმოადგინეს. სასწაული მეორე მოქმედებაშია, და რამოდენად საბარაქალოა ეს სასწაული, მკითხველი დაინახავს შემდეგიდამ. რადგანაც მოცილე არა ჰყოლიათ, რა თქმა უნდა, ამ თექვსმეტს კაცს გამოუცხადებიათ თავისი ფასი ორასი თუმანი წელიწადში და ეს ლოღიკისა და კანონის წინააღმდეგი ვაჭრობა ვაჭრობად შეურაცხავს გამგეობას. იმის შესახებ თუ, — რა არის ლოღიკით და კანონით საჯარო ვაჭრობა, მერე მოვილაპარაკებთ, და ეხლა კი აი რა საოცარს ამბავს გავუწყებთ. დარჩენიათ რა იჯარა ხსენებულ 16 კაცს, იმათგან სამს კაცს, ყაზარა და ავეტიქა ახნაზაროვებს და იაკობ ქიშმიშოვს, ამ „მეორე გილდიის კუპწებს“ ეს პირობა დაუდვიათ (საჯარო ვაჭრობაში?!): „თუ ვინიცობაა დანარჩენნი მათი ამხანაგნი არ შეავსებენ უკვე წინდრად შემოტანილს ასს თუმანს, იჯარა მარტო მათ სამს კაცს დაუმტკიცდეს და იჯარის ქაღალდიც მარტო იმათს სახელზედ დაიწეროს“. გაიგეთ!.. ყველანი საერთოდ, საამხანაგოდ ჰვაჭრობენ, საამხანაგოდვე შემოაქვთ საწინდრავი ფული, და მათში სამი კაცი რარიგად ატრიალებს საქმესა და გამგეობაც ამაზედ ყურს იყრუებს! საჯარო ვაჭრობის წესი კი ის არის, რომ ყოველი პირობა წინათ გამოცხადებული უნდა იყოს საყოველთაოდ რომელისამე ოქმითა. აქ სულ უეცარი პირობა იყო შეწყნარებული, მერე ვისი? გამგეობისა? საბჭოსი? არა: ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისა. ამ სახით გამოდის, რომ საქალაქო საჯარო ვაჭრობის პირობების მდებელი საბჭო და გამგეობა კი არა ყოფილა, არამედ ახნაზაროვები და ქიშმიშოვი.


რა თქმა უნდა, დანარჩენთა ამხანაგთა ამ ქიშმიშოვისა და ახნაზაროვთაგან დადგენილი პირობა არ შეასრულეს, იქნება იმიტომაც, რომ არც კი იცოდნენ ეს რა პირობაა, და იჯარა დარჩათ ხსენებულს სამს კაცსა იმავე ფასად, რასაც თვითონ ავლაბრელთა საზოგადოება იძლეოდა, და იმავე პირობებითა. ამ სახით გამოვიდა, რომ გამგეობამ იგი კაცნი, რომელნიც მთელის ავლაბრის საზოგადოების ვექილნი იყვნენ, ცალკე მყვლეფავ კაცებად ჩასთვალა, და მართლა ცალკე კაცნი — ახნაზაროვები და ქიშმიშოვი კი საზოგადოდ ინტერესების წარმომადგენელად!...

ეს კიდევ არაფერი: სასწაულმოქმედება გამგეობისა ამაზედ არ შეჩერდა. წინანდელის იჯარისა 370 მანათი ავლაბრელებზედ იყო დარჩენილი. როცა უკანასკნელი იჯარა ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დაუმტკიცეს, ეგ დარჩენილი ავლაბრელებზედ ფული ამათ იკისრეს და შეიტანეს საქალაქო ხაზინაში. რადაო? ძნელი პასუხისსაგებელია ეს საკითხავი, მაგრამ გამგეობამ აქაც თავი იჩინა. ავლაბრელებს ჯარიმათ ორმოცდაათი თუმანი სწერებია, თუ რომელსამე მუხლს იჯარის ხელშეკრულობისას დაარღვევენ. გამგეობას აუღია და ახალ იჯარადარ ქიშმიშოვისათვის რწმუნების წერილით მიუნდვია ეს ორმოცდაათი თუმანი გადაახდევინოს ავლაბრელებს, აქედამ 129 მან. და 75 კაპეიკი წარმოუდგინოს, და დანარჩენი თავის სასამართლოს ხარჯითა და ბორჯითა ქიშმიშოვმა მიიღოს გასამრჯელოდ და იმ 370 მანეთში, რომელიც იჯარადრებმა შეიტანეს წინად ავლაბრელების მაგიერ. როგორ მოგწონთ განკარგულება! საქალაქო მმართველობას, რომელსაც წლიურის ჯამაგირით თავისი საკუთარი ვექილი ჰყავს, აუღია და თავისი სადავო საქმე გადაუცია გარეშე კაცისათვის, მერე ვისთვის? იჯარადარისათვის, რომელიც უამისოდაც მეხსა და სეტყვასავით თავზე უნდა დასცემოდა ავლაბრელებს, რადგანაც მათი უპრიანი მამული და ერთადერთი სახსარი ცხოვრებისა იმავ კაცის ხელში ჩააგდო გამგეობამ. დიაღ, გულმტკივნეულმა გამგეობამ, ტფილელთა მკვიდრთა კეთილდღეობის მონაღვლემა და მზრუნველმა, ერთი მიზეზი 332 სულის დაწიოკებისა კიდევ ხელთ მისცა გარეშე კაცსა!.. მოდით და ამას იქით სთქვით, რომ ტფილისის ქალაქის გამგეობა არა ჰზრუნავს და არა ჰნაღვლობს მკვიდრთა სიკეთისათვის!..


V


16 მარტს ამ 1887 წლისას ქალაქის საბჭომ გაარჩია საჩივარი ავლაბრის საზოგადოების ვექილებისა ავეტიქა იშხანოვისა და შაქარა თათულოვისა. უჩივოდნენ ქალაქის გამგეობას მასზედ, რომ ცალკე კაცებს მისცეს საზოგადოების მიერ ნაჭერი მამულები იჯარით და მით ხელიდამ გამოაცალეს მიწები, რომელთაც იგი საზოგადოება ჰხმარობდა საქართველოს მეფეების დროითგან. გამგეობამ მოახსენა საბჭოს სიტყვიერად, რომ იშხანოვისა და თათულოვის საჩივარი უსაბუთოა, რადგანაც საქალაქო წესდების შემოღების შემდეგ ავლაბრის მამული ქალაქის საკუთარებად დაიდვა და ეხლა ხმაც არ ამოეღებათ ავლაბრელებს იმ მამულების კუთვნილობაზედ. გარდა ამისა, აცხადებს გამგეობა, ჩვენ არავითარი ავლაბრის საზოგადოება არ ვიცით, რადგანაც მაგისთანა იურიდიკული პირი არ არსებობსო და თვით იშხანოვი და თათულოვი არიან „წურბელები“ (кулаки), რომელთაც არავითარი უპირატესობა არ მიუძღვით წინაშე ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისაო. ამ მიზეზებით და იმის გამოც, რომ უკანასკნელად ამათ თავის დროზედ იჯარის ფული არ შემოიტანეს და ახალთ იჯარადართ-კი შემოიტანეს ისიც, რაც ძველებზე დარჩენილი იყო, ამიტომაც გამგეობა ითხოვდა საბჭოსაგან ავლაბრელების საჩივარი უყურადღებოდ დაეტოვებინა და არ შეეწყნარებინა. საბჭომაც დაუჯერა გამგეობას და 16 მარტს 1887 წლისას ავლაბრელებს საჩივარზედ უარი უთხრა.


როგორც უკვე უწყებულ არიან ჩვენნი მკითხველნი, ხმოსანმა მიხეილ მაჩაბელმა ითხოვა ხელახლად გადასინჯვა 16 მარტის განაჩენისა და მასთან ერთად ითხოვეს ესევე 15 სხვა ხმოსანმა. საბჭო იძულებულ იყო კანონით ხელახლად გაერჩია ეს საქმე. მოისმინა საბჭომ საბუთები ხმოსანის მაჩაბელისა ამ 26 აპრილს. გამგეობამ თავისის წევრის ბ-ნ პაპოვის პირით წარმოსთქვა თავისი აზრი ბ-ნ მაჩაბლის მიერ წარმოდგენილ საბუთების გამო. ბ-მა პაპოვმა დაიწყო მით, რომ ხმოსანის მაჩაბლის მოხსენება ზოგან მეტია, ზოგან ნაკლებია, ზოგან არევ- დარეულია და დაჰპირდა საბჭოს, რომ ყოველს ამას დაამტკიცებს. საბჭო სმენად გადაიქცა. მისი ნათქვამი უკლებლად დაბეჭდილია „Новое Oбозрение“-ში და ვისაც ჰსურს ჩვენი ამის ქვემორე ნათქვამი აზრი შეამოწმოს, იმას ამისი ღონისძიება აქვს. ამიტომაც ჩვენ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ ბ-ნ პაპოვის ნათქვამის აღმოწერითა. ხოლო ეს კი უნდა ითქვას, რომ ბ-ნმა პაპოვმა თავისი დაპირება არ აუსრულა საბჭოს და არც ერთი თვალსაჩინო საბუთი არ დაურღვია ბ-ნს მაჩაბელს: არც ის დაამტკიცა რა არის მეტი ბ-ნ მაჩაბლის მოხსენებაში, რა არის არევ-დარეული და რა არის დაკლებული.


უკაცრაოდ, დაკლებული კი მართლა აღმოჩნდა, ბ-ნ პაპოვის უნებურად. ბ-ნმა პაპოვმა სთქვა, რომ გამგეობამ ავლაბრელებს ხელი ააღებინა იჯარაზედ, რადგანაც საღნი არ იყვნენ იჯარის ფულის შემოტანაშიო. ამაზედ ბ-ნმა მაჩაბელმა მიუგო, რომ მაგისი მიზეზი თვითონ გამგეობა იყოო და აი საბუთიცაო: ახნაზაროვს, ეხლანდელს იჯარადარს, როგორც დიდის საქონლის პატრონს, ავლაბრელების საიჯარო მამულში საქონელი უძოვებია და ამის გამო ავლაბრელების სამოცი თუმანი, თუ ცოტა მეტ-ნაკლები, საბალახე დასდებია. გამგეობას, ახნაზაროვის საჩივრის გამო, განკარგულება მოუხდენია, რომ ავლაბრელებმა არამც და არამც ეგ ფული არ გამოართვან ახნაზაროვსა. თუ გამგეობა ასე უშლიდა ავლაბრელებს თავის კუთვნილის მიღებას, აშკარაა თვითონ ავლაბრელებიც პირნათლად ვერ გამოვიდოდნენ გამგეობის წინაშე, რადგანაც აქ აღებაზეა დამოკიდებული მიცემაცაო. აი იგი ნაკლი,რომელიც საყოველთაო საოცრად შეავსებინა ბ-ნმა პაპოვმა მომხსენებელს.


ბ-ნ პაპოვის სიტყვა რომ გამოვწუროთ, მარტო იმას დავინახავთ, რომ აქილესის ტერფი გამგეობის საბუთებისა, რომლის ძალითაც ავლაბრელები ცარიელზედ დარჩნენ, ისა ყოფილა, ვითომ ავლაბრელები ვერა ყოფილან საღი იჯარის ფულის შემოტანაში, და გარდა ამისა ბ-ნი პაპოვი იმასაც არწმუნებდა საბჭოს, რომ გამგეობა ყოველთვის გულმტკივნეულად ჰზრუნავდა ავლაბრელებისათვის და ცდილობდა იგინი არ გამოეწირა, და რამდენჯერაც ამ გულმტკივნეულობით თვისი აზრი წარუდგინა საბჭოს, იმდენჯერ საბჭომ უარი ჰყო.


ხმოსანმა ნ. დ. ზუბალოვმა უპასუხა, რომ მე აქ გულმტკივნეულობას არა ვხედავ; პირიქით ცხადია, რომ საქმე შინაურულად უკეთებია გამგეობასა თავის კაბინეთში და არა საჯაროდ. მაშ რა არის, თუ არ შინაურულად კეთება საქმისა ის ამბავი, რომ ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დარჩათ იჯარა ორას თუმნად, და ამას გარდა კიდევ 370 მანეთი შემოიტანეს ძველს იჯარადრებზედ დარჩენილიო. ახნაზაროვები და ქიშმიშოვი რა შუაში იყვნენ, რომ სხვის ვალს იხდიდნენ, თუ აქ კაბინეთში მოლაპარაკებული საქმე არ არისო. ამ სიტყვით რამდენჯერმე მიჰმართა ხმოსანთ ბ-ნმა ზუბალოვმა და პასუხად ხმა გაკმენდილი დუმილი დახვდა. არ ვიცით, ეს დუმილი გაოცებისა იყო, თუ წყენისა.


ხმოსანმა მიქელაძემ იკითხა: რამდენი მხარე იყო 30 ნოემბრის საჯარო ვაჭრობაში, როცა მამული ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა დაინარჩუნეს? და როცა მიიღო პასუხად, რომ მარტო ერთი მხარე იყოო, სთქვა: ეგ საჯარო ვაჭრობა არ არის და გამგეობას, საზოგადო კანონის ძალით, რომელიც უსათუოდ საჯარო ვაჭრობაში ორს მხარეს ჰთხოულობს, ეგ ვაჭრობა ვაჭრობად არ უნდა ჩაეთვალაო. ამაზედ უპასუხეს, რომ საზოგადო კანონი ქალაქის გამგეობისათვის სავალდებულო არ არისო და რაღაც მუხლიც წაუკითხეს. ჩვენ ყური ვერ მოვკარით, ეს უცნაური მუხლი რომელი მუხლი იყო. ჩვენ გვეოცა ეს ამბავი და მთელი ქალაქის წესდება გადავსინჯეთ და ასეთი მუხლი ვერსად ვერ ვიპოვეთ. ამაზედ სიტყვა მერეც გვექნება.


ბ-ნმა იზმაილოვმა, მეორე წევრმა გამგეობისამ, სთქვა, რომ ავლაბრის საზოგადოება სამეურნეო საზოგადოება არ არისო, რადგანაც იქ, ბ-ნ მაჩაბლის სიტყვისამებრ, ზოგი დალაქია, ზოგი ვაჭარი, ზოგი მოხელე (ჩინოვნიკი) და ზოგი საპატიო მოქალაქეო. ეგ მარტო კრებულია მოქალაქეთა. იქნება ოდესღაც, როცა ავლაბარი სოფელი ყოფილა, მაშინ სამეურნეო საზოგადოების ფერი სდებია, ეხლა კი სულ სხვა არისო. მეო, სთქვა მან სხვათა შორის, ისტორიული უფლება არა მჯერაო. ხოლო აქილესის ტერფი ბ-ნ იზმაილოვის საბუთისა ის იყო, რომ ქალაქში 130 ათასი მკვიდრია და ამათს ინტერესებს ვერ ვანაცვალებთ ავლაბრელების ინტერესებსაო. ეგ ადგილები საძოვრად უნდა ჰქონდეს ქალაქსა, და თუ მანდ ხვნასაც მოჰყვნენ ავლაბრელნი, საძოვარი საკმაო აღარ იქნებაო.


ამაზედ ხმოსანმა ბებუთოვმა უპასუხა: იმ ხანსაც არა სჯეროდა და არა სწამდა ისტორიული უფლება, რომელმაც დააწიოკა, აიკლო სომხები მათთა ისტორიულ ბინაზედ, და ამის გამო იგი სომხები უბედურმა, მაგრამ დიდმა ერეკლე მეფემ გადმოიყვანა და ავლაბარში დაასახლაო. განა ამით ისტორიულს უფლებას თავისი მნიშვნელობა დაეკარგაო? როგორც ხმოსანმა ბებუთოვმა, ისეც სხვებმა უპასუხეს ბ-ნ იზმაილოვს, რომ აქ არაფერი მოსაყვანია 130 ათასი მკვიდრი ქალაქისა, და თუ ეს 130 ათასი მკვიდრი ბედნიერი იქმნება, როცა ავლაბრის მამულები სამს კაცს მიეცემა გამოსარჩომად, — რატომღა იქნება უბედური მაშინ, როცა იმავ პირობით 332 სული დაიჭერს იმ მამულებს გამოსარჩომად? აქ ციფირების არევა ტყუილი წადილია შავი თეთრად გამოიყვანოს კაცმაო. აქ საქმე იმაშია, რომელი უფრო საყურადღებოა: ინტერესები მთელის საზოგადოებისა, საცა 332 სულია, თუ ინტერესები ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისაო.


დიდი თანაგრძნობა გამოიწვია ხმოსანის მ. ი. თამამშოვის სიტყვამ. მან სთქვა: ჩვენ უნდა კვლავ აღვადგინოთ ავლაბრის საზოგადოება. ქალაქის კეთილდღეობა უკან იწევს და უნდა ხელი შველისა მივაწვდინოთ ავლაბრის საზოგადოებას, რომლის კეთილდღეობა იმატებს, რაკი მიწები მას დაეთმობა. საჭიროა რაც შეიძლება ბევრს მკვიდრს მივცეთ სახსარი ცხოვრებისა, ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყოველი მარცვალი, და თუ ამისთანა მარცვალი ავლაბარში არის, ხელი უნდა მოვკიდოთ და ვახეიროთ. ამ საქმეში მე ბრალსა ვსდებ გამგეობას კი არა, იმ კანცელარულს რიგსა და წესსა, რომელიც გამგეობაში ჰსუფევს.


ბევრმა სხვამ ილაპარაკა, და საკვირველი ის არის, ვინც-კი ილაპარაკა ხმოსანთაგანმა, სულ ყველანი ხმოსანის მაჩაბლის აზრს მიემხრნენ. არც ერთს ხმოსანს ამის წინააღმდეგი არა უთქვამს-რა. კენჭის-ყრამ კი დაგვანახვა, რომ იმ კრებულმა, საცა „არას“ მთქმელი ერთი კაციც არ აღმოჩნდა, იმ კრებულმა 26 ხმით 21-ს წინააღმდეგ წინადადება ხმოსანის მაჩაბლის უარ- ჰყო. ჩვენა გვგონია, რომ ამისთანა ამბავს სხვა მეორე მაგალითი არ მოეპოვება მთელს ისტორიაში. არ ვიცით, გაუგონია ვისმე, რომ კრებული სწყვეტდეს რომელსამე საქმეს, არც ერთს კაცს კრებულისას წინადადების წინააღმდეგობა არ გამოეცხადებინოს, პირიქით, ვისაც კი ელაპარაკნოს, სულ წინადადების სასარგებლოდ, და წინადადება კი მაინც გაუქმებულიყოს და უარყოფილიყოს!


VI


წინა წერილებში მოყვანილნი ცნობანი, ჩართულნი ხმოსანის მაჩაბლის მოხსენებაში, მით უფრო საბუთად მოსახმარნი არიან, რომ ჯერ, პირველი, სიგლებზეა დამყარებული, და მეორე, — არც ერთის გამგეობის წევრისაგან, არც ერთს ხმოსანისაგან არ არიან დარღვეულნი. თავი რომ დავანებოთ ისტორიულს წარმომდინარებას ავლაბრელების საზოგადოებისას, თავი რომ დავანებოთ მასაც, რომ ავლაბრელებს ზოგიერთი საბუთი მიუძღოდათ ავლაბრის მამულების მფლობელობისათვის, — ყოველს ამას რომ თავი დავანებოთ, თვალწინ ცხადად და უტყუარად დაგვიდგება შემდეგი:


1) ავლაბრელებს ჰქონიათ საზოგადოება საერთო მეურნეობისა. თუ ამ სამეურნეო საზოგადოებაში სხვათა შორის დალაქიც არის მონაწილე, ანუ ბაზაზი, მით სამეურნეო საზოგადოების თვისება არ გარდიქმნება, არ იცვლება; ოღონდ თვითონ მეურნეობა არ გარდიქმნას, არ გარდიცვალოს, და ამას დალაქი მისდევს, თუ ყასაბი, სულ ერთია.


2) ავლაბრის საზოგადოებაში, როგორც ამ ბოლოს დროს შევიტყვეთ, 332 სულზედ უფრო მეტი კაცი და დედაკაცი მონაწილენი არიან. ცხადია, ვისზედ უნდა გულმტკივნეულად მიმართულიყო მზრუნველობა ქალაქის გამგეობისა და საბჭოსი, რომელსაც ერთადერთი საგანი და მიზეზი არსებობისა ქალაქის მკვიდრთა კეთილდღეობაა. ეს გულმტკივნეული მზრუნველობა მით უფრო აშკარად უნდა გამოჩენილიყო იმ შემთხვევაში, რაკი ცალ მხრით ავლაბრელთა საზოგადოებამ და მეორეს მხრით ორმა ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა ერთი და იგივე პირობა კისრად იდეს და ერთი და იგივე ფასი შეაძლიეს. რაკი ავლაბრელები იმავ პირობით და იმავ ფასად ჰთხოულობდნენ მამულს იჯარით, აქ გამგეობისაგან 130 ათასის ქალაქის მკვიდრის სახელით გამოსარჩლება ახნაზაროვების და ქიშმიშოვის სასარგებლოდ მეტისმეტი გამბედაობაა.


3) ავლაბრელებს სჭერიათ ეგ მამული ძველადგანვე, მათ უდავნიათ, მათ წყალი გამოუყვანიათ, მათ კარგა ფული დასჯდომიათ, კარგა ხარჯი გაუწევიათ მამულის განკარგებისათვის, მათვე ის პირობები და ის ფული უძლევიათ, რაც სამს ცალკე კაცს, და მაინც იგინივე გამოსწირა გამგეობამ და მერე საბჭომ.


ყოველ აქედამა სჩანს, რომ მთელი სინიდისიერი სიმართლე ავლაბრელების მხრივ იყო. თუ ამ სინიდისიერის სიმართლის განხორციელებას რაიმე კანონიერი წესი და რიგი არ იწყნარებს, მაშინ, თქმა არ უნდა, გამგეობა და საბჭო გასამტყუნარნი არ არიან, რომ ავლაბრელების თხოვნა ჯერ 16-ს მარტს და მერე 26 აპრილს არ შეიწყნარეს და მათი უპრიანი მამული იჯარით სამს ცალკე კაცსა დაუმტკიცეს. ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვსთქვათ, რომ თუ ამ შემთხვევაში კანონიერი წესი და რიგი დარღვეულია, ეს დარღვევა სინიდისიერის სიმართლის საოხად კი არ მოხდა, არამედ ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვის სასარგებლოდ. ამ სახით გამოდის, რომ თუმცა ერთს მხარეზედ სინიდისიერი, თუ არ იურიდიკული, სიმართლე იდგა, და კანონიერი წესი და რიგი კი დასარღვევად იმ მხარისაკენ მიიდრიკა, საცა მაგ სიმართლის ჩამიჩუმიც არ იყო. აი ამის საბუთები:


1. როცა ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დარჩათ საჯარო ვაჭრობით მამულები, მაშინ ვაჭრობაში მარტო ერთი მხარე იყო: ორი ახნაზაროვები, ქიშმიშოვი, და მათთან ერთად საერთოდ მოვაჭრენი 13 ავლაბრელი. იმპერატორის ალექსანდრე II წესდებას განსამართლებისას წაიკითხავთ, თუ X ტომის კანონებს, თუ ცალკე დაწესებულებათა წესდებას, მაგალითებრ, ბანკებისას, საქალაქო საკრედიტო საზოგადოებისას, — ყველგან ცხადად გამოთქმულია, რომ, რაკი საჯარო ვაჭრობაა რისამე, უსათუოდ ორი ერთმანეთის მოცილე მხარე უნდა დაესწროს, უამისოდ, ესე იგი, თუ მარტო ერთი მხარეა და სხვა მოცილე არ არის, საჯარო ვაჭრობა არ შეიძლება მოხდეს.


გამგეობამ 26 აპრილს ბ-ნის იზმაილოვის პირით გამოაცხადა, რომ ეგ ზოგადი კანონები ქალაქის გამგეობისათვის არ არის დაწერილიო. ჩვენ გადავსინჯეთ ქალაქის მართველობის წესდება ამ საგანზედ მარტო 142 მუხლი წესდებისა ვიპოვეთ. ამ მუხლში სწერია, რომ ქალაქის საბჭოს ნება აქვს რომელიმე შემოსავლიანი საქმე გასცეს ან საჯარო ვაჭრობით, ან ცალკე კაცს მიანდოს, ან თვით ქალაქის გამგეობას დაავალოს იმ საქმის მოვლა და პატრონობა. თუ საბჭოს ერთ-ერთი ამ ღონეთაგანი არ დაუნიშნავს წინათ, მაშინ გამგეობას ნება აქვს სახელმძღვანელოდ ერთ-ერთი ამ ღონეთაგანი ამოირჩიოს. რომ ამ სამში საჯარო ვაჭრობა იქმნება ამორჩეული, რა თქმა უნდა, იგი ვაჭრობა ზოგადის კანონების მიერ დადგენილს წესსა და რიგს უნდა ექვემდებარებოდეს. ამ 142 მუხლს წესდებისას შენიშვნა აქვს ზედ-მიწერილი, რომ საცა საქალაქო მართველობის წესი შემოღებულია, იმ ქალაქისათვის სავალდებულო არ არის იგი, რაც ამ საგანზედ მოხსენებულია სახოგადო კანონების 1489, 1503, 1710 და 1805 მუხლთა შინა.


ნუთუ აქედამ ის უტყუარი აზრი არ გამოდის, რომ სხვა ყოველი კი ზოგადის კანონებისა, რაც ჩამოთვლილ მუხლებში არ არის მოხსენებული, სავალდებულოა ქალაქის გამგეობისა და საბჭოსათვის!.. მაშ ვნახოთ, ხსენებულის მუხლების ძალით რით არის გამორჩეული საქალაქო მართველობა სხვა დაწესებულებათაგან. სავალდებულო არ არისო, ამბობენ იგი მუხლნი, უმაღლესს მთავრობას ნება დართვა სთხოვონო: 1) როცა საჯარო ვაჭრობით ჰყიდიან მოძრავს ქონებას, ქალაქისათვის არა საჭიროს (1489 მუხლი); 2) როცა საჯარო ვაჭრობით ჰყიდიან ქალაქისათვის არა-საჭიროს უძრავს ქონებასა (1503 მუხლი); 3) როცა საჯარო ვაჭრობით აძლევენ მიწებს და სხვა შემოსავალს ქალაქისას, ქალაქის სასწორისას და სხვა ამ გვარსა (1710 მუხლი); 4) როცა შენობისა და გზის კეთების საქმეს გასცემენ საჯარო ვაჭრობითა.


აქ სად არის მოხსენებული, რომ საჯარო ვაჭრობა, ქალაქის გამგეობისაგან მომხდარი, მაშინაც შესაწყნარებელია, როცა, ორის მოცილეს მხარის მაგიერ, ერთი მხარეა მარტო სავაჭროდ მოსული. იმას ხომ თვით გამგეობაც უარს არა ჰყოფს, რომ ზოგადი, საყოველთაო და აუცილებელი წესი საჯარო ვაჭრობისა ის არის, რომ უსათუოდ ორი ერთმანეთის მოცილე მხარე დაესწროს ვაჭრობასა, თუ არა და ვაჭრობა ვაჭრობად არ არის ჩასათვლელი. დავანებოთ ამასაც თავი. ვსთქვათ, გამგეობისა და საბჭოსათვის ზოგადი კანონი არ არსებობს, ლოღიკა ხომ უსათუოდ უნდა არსებობდეს! ლოღიკით რომ ჩხრეკა დავუწყოთ საჯარო ვაჭრობასა, არასგზით არ შეიწყნარება იგი ვაჭრობა, რომელზედაც მარტო ერთი მხარეა მოსული. რა არის საჯარო ვაჭრობაში პირველი და უკანასკნელი საკითხავი, თუ არა ის, რომ: „რომელი იძლევით მეტს?“ ანუ რუსულად „кто больше?“ ეს საკითხავი შესაძლოა განა ლოღიკის დაურღვევლად კაცმა მარტო ერთს კაცს მიჰმართოს, ანუ ერთს მხარეს? განა თვითონ ამ საკითხავში ცხადად არ იგულისხმება — სულ უკანასკნელი — ორი მხარე მაინც. ჩვენის ფიქრით, შეუძლებელია, რომ კანონს ლოღიკა სავალდებულოდ არ გაეხადნა ქალაქის გამგეობისათვის. ამის გამო ვსთქვით წინა წერილში, რომ იგი ვაჭრობა, რომლის ძალითაც ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა უკანასკნელად დაინარჩუნეს ავლაბრის მამული საიჯაროდ, და რომლის გაუქმებაც ავლაბრელებმა ითხოვეს 16 მარტს 1887 წლისას, შესაწყნარებელი არ არის, რადგანაც სავაჭროდ მარტო ერთი მხრე იყო და არა ორი მაინც; შესაწყნარებელი არ არის არც ზოგადის კანონით, რომელსაც გამგეობა თავის სავალდებულოდ არა ჰრაცხს, და არც თვითონ საჯარო ვაჭრობის ლოღიკით, რომლის გამოც გამგეობა ამასვე ვერ იტყვის.


ჯერ მარტო ამ საბუთით უნდა საბჭოს გაეუქმებინა 26-ს აპრილს იჯარა ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისა, როგორც უკანონო ვაჭრობით გარდაცემული, თუნდ იმისდა მიუხედველადაც, რომ აქ ავლაბრელების მხრით თვითონ სიმართლე ჰღაღადებდა. ამ სახით ავლაბრელების სინიდისიერს სიმართლეს ზედ დაურთეთ ეს უკანონო ვაჭრობის შეწყნარება მათთა წინააღმდეგ, და მაშინ აშკარად გამოჩნდება გულმტკივნეულობა, მზრუნველობა ქალაქის სამართველოსი ქალაქისავე მკვიდრთათვის, ნამეტნავად იმ შემთხვევაში, როცა 332 სულის კეთილდღეობა გაწირულია და მარტო სამის კაცისაღაა მიგებული.


VII


თუნდ დავანებოთ იმას თავი, რომ საჯარო ვაჭრობა, რომლის ძალითაც ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დარჩათ იჯარა ავლაბრის მამულებისა, გასაუქმებელი იყო, რადგანაც მარტო ერთი მხარე ჰვაჭრობდა და მით ცხადად და აშკარად დარღვეულ იქმნა საჯარო ვაჭრობის წესი; საკმაოა მარტო ის გავსინჯოთ, რომ ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა ჯერ გამოაცხადეს საჯარო ვაჭრობაში ცამეტს ავლაბრელთან ერთად საამხანაგოდ ვვაჭრობთო, სავაჭრო კონდიციის ძალით ასი თუმანიც შეიტანეს ვაჭრობამდე, და მერე, როცა ვაჭრობა გათავდა, გამგეობამ ნება მისცა ამ სამს კაცს ახალი პირობა დაედგინათ, იგი პირობა, რომელიც სავაჭრო ოქმში მოხსენებული არ არის, და თვითონ პირობაც ისეთია, რომ ვერც იქმნებოდა მოხსენებული. იგი პირობა იმაში მდგომარეობდა, რომ ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს გამოეცხადებინათ ვაჭრობის მერმედ, რომ თუ რაც ამ ასის თუმნიდამ თავ-თავის წილობაზედ შეხვდებათ — დანარჩენმა ცამეტმა ამხანაგმა არ შემოიტანა, იჯარა მარტო ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს დაუმტკიცდეს. გამგეობაც თანახმა გაუხდა. ამას ეძახიან საჯარო ვაჭრობას!... ამისთანა საჯარო ვაჭრობა კანონიერ ვაჭრობად ჩასთვალა ქალაქის საბჭომ ჯერ 16 მარტს, როცა ამაზედ ავლაბრელებმა იჩივლეს, და მერე 26 აპრილს, როცა ამ საოცარს ვაჭრობაზედ მოახედა საბჭო ხმოსანმა მაჩაბელმა.


არ გაგონილა ასე ხელაღებით უარყოფა ყოველის რიგისა და წესისა!... საქმე რაშია: ახნაზაროვები და ქიშმიშოვი ცამეტს ავლაბრელთან ერთად საამხანაგოდ შევიდნენ ვაჭრობაში, მაშასადამე, სავაჭრო კონდიციის ძალით შეტანილი მათ მიერ ასი თუმანი გამგეობას უნდა მიეღო, როგორც საამხანაგო ფული. თუ ეს ფული მარტო ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისა იყო, დანარჩენი ცამეტი კაცი რაღად მიუშვეს მათთან ერთად სავაჭროდ? ხომ კონდიციის ძალით ამ ფულ შეუტანელად არავის ნება არა ჰქონდა ვაჭრობაში მონაწილეობა მიეღო? რად მიაღებინეს მონაწილეობა იმ ცამეტს კაცს, თუ იგი წინათ შეტანილი ასი თუმანი საერთო საამხანაგო ფულად არ უგულვებია გამგეობას ვაჭრობის დაწყებამდე. თუ ვაჭრობის დაწყებამდე ეგ ფული საამხანაგო ფულად ჩარიცხა გამგეობამ, ვაჭრობის გათავების შემდეგ როგორღა შეიწყნარა იმავ გამგეობამ, რომ იგი ფული საერთოდ ყველა ამხანაგთაგან წარმოდგენილი არ არის? ვსთქვათ გამგეობა აქ ჩვენი ანდაზისამებრ მოიქცა:


ასე, ჩემო მანასეო,ხან ისე და ხან ასეო, —


საკვირველი ის არის, ქალაქის საბჭომ როგორ ყური არ ათხოვა ამისთანა უცნაურს ამბავს 26 აპრილს და არ გააუქმა ამნაირად გაჩენილი იჯარა ახნაზაროვებისა და ქიშმიშოვისა, როგორც ამას ჰთხოულობდნენ ავლაბრელები 16 მარტს და ხმოსანი მაჩაბელი 26 აპრილს?!... ეს ისეთი ამოცანაა, რომლის აღსახსნელად ყოველივე კაცური ღონე უქმია და ვერ შემძლებელი.


ამ სახით გამოდის, რომ არსი საქმისა ავლაბრელების მხარეზედ იყო, სინიდისიერი სიმართლეც, თვითონ წესი და რიგიც მათკენ ჰლაპარაკობდა და მაინც საბჭომ 26 აპრილს არც ერთი არ შეიწყნარა, 332 სული გამოსწირა მამულს და იგი მამული მიუსამართლა სამს კაცსა, — იგი მამული, რომელიც გამგეობის წევრის ბ-ნ პაპოვის სიტყვით სულ ცოტა არ იყოს 4.500 მანეთს შემოსავალს იძლევა. მაშასადამე, ახნაზაროვებმა და ქიშმიშოვმა, რომელთაც ეს მამული იჯარით დაუმტკიცდათ წელიწადში ორას თუმნად, ორას ორმოცდაათი თუმანი უნდა მოიგონ. ახლა ვიკითხოთ: ის არ ერჩივნა ქალაქს, რომ ეს მოგება 332 სულს

შეჰხვედროდა და მარტო სამის კაცის კერძად არ გამხდარიყო!... სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ის, 332 სულმა უფრო უპრიანია ხეირი ჰნახოს, ვიდრე მხოლოდ სამმა კაცმა, მარტო ეს გარემოება საკმაო იყო, რომ საბჭოს 26 აპრილს ავლაბრელების სასარგებლოდ გადაეწყვიტა საქმე.


დასასრულ, მარტო ეს ითქმის, რომ არსებითად, თუ სინიდისიერ სიმართლით, თუ ეკონომიურის მხრით, თუ მკვიდრთა რიცხვის მიხედვით, ქალაქის საბჭოს ეგ ახნაზაროვების და ქიშმიშოვის იჯარა უნდა გაეუქმებინა 26 აპრილს, და პირიქით კი ყოველივე რიგი და წესი, ჩვენის ფიქრით, დარღვეულ იქმნა, რომ ეგ იჯარა ახნაზაროვებს და ქიშმიშოვს შერჩენოდა. ფორმა, წესი და რიგი დაირღვას იმისათვის, რომ არსებითად მართალმა საქმემ თავი არ გაიტანოს, ეგ იშვიათი ამბავია იმ სამმართველოსათვის, რომელიც საზოგადოების არჩევანით მოწოდებულია საზოგადო საქმეთა გასაძღოლად, ქალაქის მკვიდრთა საფარველად, მეოხედ და საკეთილდღეოდ.

Recent Posts

See All
იასე ანდრონიკაშვილი

ტფილისი, 10 იანვარი, 1887 წელი. I ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალობით...

 
 
bottom of page