top of page

„შინაურ საქმეთა“ გამო

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 21, 2023
  • 7 min read

I

ტფილისი, 20 იანვარი, 1886 წელი

მას აქეთ, რაც „ივერია“ გაზეთად გადაიქცა, საუბარი არ გაუწევია მკითხველთან, ეგრეთ- წოდებულ „შინაურთა საქმეთა“ გამო. ეს, რასაკვირველია, დიდ წუნად უნდა ჩაეთვალოს გაზეთსა. თუ გაზეთი ჩვენ ჩვენს თავზედ ცოტათი მაინც არ მოგვახედებს, ჩვენს ცხოვრებას კვალში არ ჩაუდგება, ჩვენის ცხოვრებისაგან ამორიყულს, თუ მოტივტივებულს მოვლენას მთელს სიგრძე-სიგანეზედ არ აგვაწონინებს, ბრმას თვალს არ აუხელს იმ მოვლენაზედ და თვალხილულს მხარს არ მისცემს, იგი გაზეთი უფერულია და უგემური.


გარდა ყოველ ამისა, „შინაური საქმე“ იმისთანა საგანია გაზეთისათვის, როგორც სარკე ადამიანის სახისათვის. ჩვენის ფიქრით, არც ერთი ნაწილი გაზეთისა ისე ნათლად და ცხოვლად არ დაიჩნევს ხოლმე გაზეთის სულსა და გულსა, გაზეთის გულითადს რწმენას, ფერსა, მიმართულებას, როგორც ის ნაწილი, რომელსაც წილად ხდომილი აქვს „შინაურთა საქმეთა“ გამოძიება და გამოკვლევა. ამ გამოძიებაზედ ხელის აღება, თავზედ ხელის აღებაა გაზეთის მხრით. მართალია და ჭეშმარიტი: ჩვენთვისაც სწორედ ეგრე უსწავლებიათ, ეგრე ჩაუგონებიათ. მაგრამ მაინც არ ვიცით, — ეს ხმის ამოუღებლობა „ივერიისა“ ამგვარ საგნებზედ მკითხველს უფრო უნდა სწყინდეს, თუ თითონ „ივერიას“? ჩვენა გვგონია, არც ერთსა და არც მეორესა, იმიტომ რომ „მუხას ვაშლი ასხიაო“, — არც სათქმელად არის სასიამოვნო, არც სასმენლად. ამისთანის თქმა არც მკითხველს მოუკლავს ცნობისმოყვარეობის წყურვილსა და არც თითონ „ივერიას“ გაუმგელებს საღერღელსა თქმისას და საუბრისას.


თავდაპირველი მიზეზი უთქმელობისა ხომ ეს არის და ეს. ესეც რომ არ იყოს, ერთი ეს ვიკითხოთ: სად არის ეგ „შინაური საქმეები“? თუ არის სადმე, მელასავით სოროში მიმალულია, მერე ისეთნაირად, რომ ციდამ ჩამოტანილ მუგუზურითაც უხრჩოლო, თავს გარეთ ვერ გამოაყოფინებ. ეს ერთი, მეორე ესა, რომ ბევრს ჩვენისთანა უსაქმურებს, ყველაფერზედ გულაცრუებულებს და ყველაფერზედ გულგრილებს, რა საქმეები უნდა მოეკითხოს? მთელს აგებულებას თითქო სიდამბლე დამართნიათო, ვართ და ვსჭამთ მხოლოდ, ესეც იმ დრომდე, ვიდრე საცოხნელი არ გამოგველევა და ხელიდამ არ გამოგვეცლება ჩვენის უთაურობით. თუ ოდესმე ან გული შეგვივარდება რაზედმე, ან ხელს გავანძრევთ როგორმე, ეგეც მარტო იმისთვის მოხდება ხოლმე, რომ ჩვენს მოძმეს გზა გადვუღობოთ, ორმო გავუთხაროთ და კლდეზედ გადავჩეხოთ სადმე. შური, ერთმანეთის მტრობა, გაუტანლობა, ბეზღობა, ენამტანიობა, ერთმანეთის ლანძღვა და თრევა, ადამიანის

ღირსების უარყოფა, — ამისთანა თვისების პატრონებს რა საქმეები უნდა მოეკითხოს? რა საქმეები უნდა გამოუვიდეს ხელიდამ? ცხოვრება, რომელსაც ამისთანა ჭირი ჰღრღნის, ამისთანა ჭია შესჯდომია და ძირს უთხრის, რის მომავლინებელი უნდა იყოს, თუ არ იმისა, რომლის არამცთუ დანახვა, წარმოდგენაც კი საზიზღარია და შესაჩვენებელი.


II

ტფილისი, 21 იანვარი, 1886 წ.

ჯერ ჩვენში ისიც არ არის გამოკვლეული, რას ჰქვიან იგი „შინა და შინაური“, რომელიც ლიტერატურას საერთოდ და ჟურნალ-გაზეთობას საკუთრივ უნდა ექვემდებარებოდეს? ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ადამიანის შვილი ერთის მხრით უფალია, მეორეს მხრით მოვალე. უფალია თავის საკუთარს საქმეში, თავის ცალკე ინტერესების მოედანზედ. აქ იმას თავისი განცალკევებული საკუთარი „შინა“ აქვს. ეგ საკუთარი „შინა“ მისი ხელშეუხებელი კუთვნილებაა და ამიტომაც კერა ადამიანისა პატივცემულია ყველასაგან, ვისაც არ დაუკარგავს გრძნობა ადამიანის ღირსებისა, ვისაც კაცი კაცად სწამს. ამ ცალკე ინტერესების მოედანზედ ბრძანებლობს ადამიანის მძლავრი „მე“, რომელსაც, ვიდრე თავის ქერქშია, საზოგადოებრივი „ჩვენ“ არამცთუ ერჩის რამეს, არამედ თითონ გუშაგად უდგა, რომ დაუსჯელად არავინ ხელიც არ შეახოს. ამ „ჩვენს“ ბევრი უღვაწნია ქვეყანაზედ და დღესაც მთავრობის სახით იღვწის, რომ ადამიანის „მეს“ თავისი კუთვნილი ადგილი უჭირველად დააჭერინოს და მშვიდობიანად ამყოფოს... აბა ერთი ინგლისში ეგ ეგრეთწოდებული კერა ადამიანისა შეჰლახეთ, თუ რომ მთელი საზოგადოება არ გამოესარჩლოს, როგორ თუ გაჰბედეთ და ფეხი შესდგით იმ წმინდა ტაძარში, რომელსაც ადამიანი თავის კერას ეძახის, და მშვიდობიანობა აუმღვრიეთო. სახელოვანი Habeas Corpus — ინგლისისა სხვა რა არის, თუ არ საფარველი იმ მართლა-და ძვირფასის ადგილისა, რომელსაც ადამიანის საკუთარი შინა, საკუთარი კერა ჰქვიან და სადაც მისი „მე“ მფლობელობს სხვის უვნებლად.


ეგრე ეპყრობიან განათლებული ქვეყნები საკუთარს „შინას“ ადამიანისას. ეგრე ეპყრობა მაგას განვითარებული, ზრდილი, მართებული და პატიოსანი ლიტერატურა — ეგ ყოვლადძლიერი ფარ-ხმალი, ეგ უანგარო მოსარჩლე და მფარველი ადამიანის ღირსებისა, უფლებისა და მოვალეობისა.


რაც უნდა დიდი დანაშაული იყოს, არ შეიძლება ცოტად თუ ბევრად დამნაშავეს არ ეპატიოს, თუ რომ საკუთარის კერის მფარველობის გამოა მომხდარი. ადამიანის სინიდისს ცალკე და საზოგადოებისას საერთოდ ესე წმინდა საგნად მიჩნეული აქვთ ეს ადამიანის საკუთარი კერა, არამცთუ განათლებულ სახელმწიფოებში, არამედ ყველგან, საცა კი ადამიანია.

მეორეს მხრით, ადამიანი იმისთანა თვისებით არის ქვეყანაზედ გაჩენილი, რომ ყველაფერში განცალკევებული ვერ მოიხდენს, თვისთა მსგავსთა გარე ცხოვრებას ვერ შეიძლებს ვერასგზით და ვერას მანქანებით. რაკი ეგრეა, მრავალგვარი დამოკიდებულება ერთმანეთზედ აუცილებელია ადამიანისათვის, უმაგისოდ ადამიანთა ერთმანეთში მოთავსება შეუძლებელია და წარმოუდგენელი. აი ამ დამოკიდებულების გამო, ყოველს ადამიანს თავის საკუთარის „შინას“ გარდა, სხვაგვარი „შინაც“ აქვს, საცა იგი ერთი მრავალთაგანია და საცა ამის გამო მისი „მე“ მოვალეა და „ჩვენ“ მბრძანებელი. ეგ „ჩვენ“ თითონ საზოგადოებაა, ანუ მთავრობა, ესე იგი — იმისთანა წყობაა, რომელიც მარტო იმისთვის არის, რომ თვითოეულის ადამიანის ფარიც იყოს და ხმალიც საჭიროებისამებრ. ღრმად რომ ჩავუკვირდეთ თითონ საზოგადოების არსებობის საგანსა და მიზეზს, დავინახავთ, რომ იგი სხვა არა არის-რა გარდა იმისა, რომ ადამიანის „მე“ თავის ჯეროვანს ადგილას დასვას ისე, რომ მის ცალკე ბედნიერებას, ცალკე კეთილდღეობას, სიკეთეს არა აბრკოლებდეს-რა, მის სულსა და გულსა ფრთის გაშლას არა უშლიდეს-რა, თუ რომ სხვის ბედნიერებას არას ერჩის და არას უშავებს. მთელი პროგრესი კაცობრიობისა ამაზეა მიმართული, მთელს მოღვაწეობას კაცობრიობისას საგნად მარტო ესა აქვს და სხვა არა-რა. რომელი მოძღვრებაც გინდათ გასინჯეთ, ეხლანდელი, თუ უწინდელი, ყველას სახეში ისა აქვს, რომ თვითოეულის ადამიანის „მეს“ უჭირველი ბინა დაუდოს ამ ქვეყნიერობაზედ და შეძლებისამებრ ჯეროვანად და უმეტნაკლებოდ ბედნიერ ჰყოს.


რამდენადაც თვითოეული ადამიანი მონაწილეა საზოგადოების საქმეებისა, რამოდენად იგი, ავად თუ კარგად, მოქმედი და მოღვაწეა ამგვარს შინაობაში, იმოდენად იგი განსასჯელია და განსაკითხავი საყოველთაოდ და საქვეყნოდ. ამის გარე ადამიანი ხელშეუხებელია და მისი მოქმედება და საქმე საკუთარი მისი განსაკითხავი საგანია და არა ლიტერატურისა, რომელიც მარტო საზოგადოების შესახებთა საქმეთა მეთვალყურეა და გამკითხავი.


III

ტფილისი, 22 იანვარი, 1886 წ.


თქმა არ უნდა, ძნელი გასამიჯნავია ადამიანის „მე“ და „ჩვენ“. ბევრს შემთხვევაში ძნელი გამოსაცნობია, სად თავდება „მე“ და სად იწყება „ჩვენ“. კარგად წარმატებული გონება უნდა და კარგად განწმედილი გული, რომ კაცმა ამის გამიჯვნაში არ წაიბორძიკოს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ბორძიკი ჩვენში ხშირად ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ბევრს ჩვენს ლიტერატორს. რასაკვირველია, თითონ სიძნელე ცოტად თუ ბევრად ამისი შესაწყნარებელი საბუთია. მაგრამ იგი კადნიერება, რომლითაც ზოგიერთნი ჩვენგანი შეჰმოსენ ხოლმე თავის სიტყვა-პასუხს, იგი სილაღე და სითამამე, რომლითაც იგინი შეჰლახვენ ხოლმე ადამიანის პიროვნებას და სადგურს, გვარწმუნებს ჩვენ, რომ იგინი თავის-დღეში არ დაფიქრებულან მასზედ, თუ საჭიროა „მე“-სა და „ჩვენ“-ს შუა საზღვარი რამ დაიდოს. დავიწყებული აქვთ, რომ როგორც „ჩვენ“ ისეც ადამიანის „მე“ თავის უკეთეს და დაუღალავ მფარველად თვით იმ ლიტერატურას სთვლის და აღიარებს, რომლის წყალობითაც ეგრე დაუდევნელად, ეგრე წინდაუხედველად ჩვენში გაუპატიურებულია, გაბიაბრუებულია ადამიანის „მე“.


რასაკვირველია, ვინც ღრმად დაკვირვებას საგნისას ჩვეული არ არის, ვისაც გონების თვალი არ უჭრის და ტფილისის ბულვარის მოძღვრება კაცობრიობის მოძღვრებად უწამებია, იმას ადამიანის „მე“-ს ხსენებით მიზეზი მიეცემა იეფის ფასის ლიბერალობა გასწიოს და ჩვენ შეგვწამოს, ვითომც ჩვენ იმ სამართლიანად გმობილს ეგოიზმს ვქადაგებდეთ, რომელიც ეჩოსავით სულ თავისკენ ითლის, ყველაფერს თავისთვისა სჩემობს. არა, ჩვენ იმ გრძნობაზედ ვლაპარაკობთ, რომელსაც ადამიანის საკუთარის ღირსების გრძნობა ჰქვიან და ურომლისოდაც არც კაცი კაცად იხსენება და არც საზოგადოება საზოგადოებად. ადამიანს მისი „მე“ გაუნადგურეთ, მის საკუთარს კერაზედაც ნუ მოასვენებთ, შინ შეესიენით, სჯიჯგნეთ და ჰსწეწეთ სულიერად თუ ხორციელად, დღემუდამ შიშს ქვეშ ამყოფეთ, ან ეხლა შემომიხტებიან, ან ეხლაო, ერთის სიტყვით, საკუთარის ღირსების გრძნობა აჰყარეთ და გაუქარვეთ და რაღა დარჩება ადამიანს ცხოვრების საგნად? რისათვისღა გაისარჯოს? რისათვისღა იღვაწოს? რისათვისღა მისცეს მხარი თავის მსგავსსა, თავის მოძმესა? ან რისთვისღა უნდა თითონ საზოგადოების არსებობა? ტყის ნადირი რით იქნება უარესი ამრიგად გათახსირებულ, ამ ყოფაში ჩავარდნილ ადამიანზედ? რა განსხვავება იქნება პირუტყვსა და იმისთანა ადამიან შორის, რომელსაც თვისი „მე“, თვისი ვინაობა, თვითება, თვისი პიროვნება და ღირსება დაჰსჩაგვრია.


უწმინდესი მოვალეობა საზოგადოებისა, ესე იგი მთავრობისა, რომლის წყალობითაც ადამიანი ადამიანობს, იგია, რომ ადამიანის „მე“-ს დღემუდამ მფარველობდეს, უმიზეზოდ, უდანაშაულოდ შინ არავინ შეუსიოს და არავის გააქელვინოს; მის სულიერს და ნივთიერს კუთვნილებაზედ მშვიდობით და სხვის ხელშეუხებლად ამფლობელოს და ამით, რამოდენად შესაძლოა, სრულ და ბედნიერ ჰყოს. თითონ მიზეზი და საბუთი საზოგადოების არსებობისა

მარტო ეგ მოვალეობაა და სხვა არა-რა. ეგევე წმინდა მოვალეობა კისრად ადევს ლიტერატურასაცა. ამის გარეთ ლიტერატურას ასპარეზი არა აქვს.


IV ტფილისი, 25 იანვარი, 1886 წ.


ჩვენი საუბარი „შინა“ და „შინაურობაზედ“ ასე გრძლად იმიტომ გავაბით, რომ აგვენიშნა, რაგვარს შინაურს საქმეებზედ მიუწვდება ხელი ლიტერატურას ისე, რომ ჩირქი არ მოიცხოს უმართებულობისა, უზრდელობისა, ძალმომრეობისა და მეტიჩარობისა. ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ ივანესა და პეტრეს შინაური საქმე, იმათის საკუთარის კერის ვითარება, იმათი ვინაობა ცალკე — ლიტერატურის საქმე არ არის. ვინც ყოველ ამას ლიტერატურის და მწერლობის საგნადა ჰხდის, იგი — კვლავ ვიმეორებთ — უწურთვნელია, გონებაგაუხსნელია, გულგაუწმენდელია. იგი შეუსაბამოდ და უკადრისად ექცევა ლიტერატურას და მწერლობას ერთის მხრით და მეორის მხრით თვით საზოგადოებას, რომელიც ყოველის მწერალისაგან ითხოვს ყველაზედ უწინარეს იმას, რომ გრძნობა ადამიანის ღირსებისა ცნობილი ჰქონდეს და პატივსაცემლად აღიარებული. მწერალს ჩაილულის წყლისაგან ვერც ნიჭი იხსნის, ვერც სხარტული და მოსწრებული სიტყვა-პასუხი, თუ ეგ გრძნობა ადამიანის ღირსებისა მისდა ჯეროვანს სიმაღლეზედ არა ჰყავს დაყენებული ყოველგან და ყოველს შემთხვევაში. თუ გინდათ, რომ ღირსება თითონ მწერლისა შეიტყოთ, ჩაუკვირდით — ეგ გრძნობა ადამიანის ღირსებისა რამოდენად ვრცლად და რამოდენად სამართლიანად აქვს გაგებული და რწმენად მიღებული. თუ არ მხოლოობითი, ერთი უმსგავსი საწყაო მაინც მწერლის ღირსებისა ეგ არის, ჩვენის ფიქრით, მაგით აუწყევით ხოლმე ნაღვაწევი და მაშინ შეიტყობთ, რა წითელი კოჭია ზოგიერთი, ეგრეთწოდებული, ლიტერატორი.


თქმა არ უნდა, რაკი ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ლიტერატურა და მწერლობა ამ საწყაოს დაიჭერს ხელში, რაკი ჩვენი ლიტერატურული მართებულობა და ზრდილობა იმ სიმაღლეზე დადგება, რომ მწერალი ქურდულად ადამიანს მის სახლში, ოჯახში არ შეეპაროს, ჯაშუშსავით ბოძს უკან არ აეტუზოს, რაცა იქნება მიზეზი რამ მამეცეს, სამარცხვინო ბოძზედ გავაკრა და თავზედ ლაფი დავასხაო; როცა თვითოეული ჩვენგანი ცალკე და ყოველნივე საერთოდ ამისთანა უპატიურს ქცევას იზიზღებს და ითაკილებს, როგორც ადამიანის ღირსების შემაგინებელს ქცევას, — მაშინ ბევრს ჩვენს ეგრეთწოდებულს ლიტერატორს საკბილო პირიდამ გამოეცლება და უშვერის წერისა და ბღაჯნისათვის გზა შეეკვრის, თავის უხეირო მშვილდ-ისარს ძირს დასდებს, გამოეთხოვება ლიტერატორობას და თავის ჭკუისა, ცოდნის, მართებულობის და ზრდილობის შესაფერს სხვა თანამდებობას და საქმეს მონახავს.

მართალია, ამის გამო სათვალავში ბევრნი მოაკლდებიან ჩვენ ლიტერატურას, მაგრამ ეს ამბავი არავის არ უნდა დარჩეს სანაღვლელად, იმიტომ რომ ყველგან და ყოველ საქმეში მრავალნი არიან წვეულ და მხოლოდ მცირედნი რჩეულ. ჩვენთვის ეს უკანასკნელნი არიან სანატრელნი და სასურველნი. თვარემ ეხლა რას ვხედავთ? ბევრს ჩვენგანს, ვისაც-კი ანაბანა დაუძლევია და სხვაში არსად არ არიან გამოსადეგნი, აუღიათ თავი და ლიტერატორობენ. ეგ ხელობა ჩვენში მეტად გაადვილებულია. პირველად, რომ მუქთია და რაც მუქთია, იმას კბილს ბევრი არავინ უსინჯავს. მეორე, ღმერთმანი, მწერალს ჭკუისა და ცოდნის მოწვევა დასჭირდება, თუკი წერის და ბღაჯნის მოუსვენარი საღერღელი აეშალა! ღმერთმანი, იმაზედ გაირჯება, აცა ერთი ლიტერატურის და საზოგადოების ღირსი საგანი მოვნახო, თითონ გამოვიძიო, გამოვიკვლიო, მიზეზი ვუპოვო, შედეგი გავუგო, მეც ჩემი ტვინის ძაფები დავსძრა, სხვის ტვინიც ვავარჯიშო და ვამოქმედოო! ესენი ჯერ ჩვენის ლიტერატორისათვის საჭირო არ არის, უმაგისოდაც იოლად მიდის, სახელსა და დიდებასა სჩემობს და ყვირის: მომეცალენით, გენიოსი მოვბრძანდებიო. საგანი უნდა? მეზობელი იქ არა ჰყავს! თუ როგორმე მეზობელი თვალში ვერ მოსდის და მიზეზიც ვერა მოუნახა-რა, თითონ მაინც ხელდახელ შეჰხანხლავს ერთს რასმე სამარცხვინო ამბავს თავის მეზობელსა თუ მოძმეზედ, გამობღაჯნის ყოველს ამას ქაღალდზედ, ხახვით მოისრესს თვალებს, რომ ცრემლი მოუვიდეს, ვითომც-და საზოგადოების სიყვარულით გული სტკივა, ჰგოდებს და ვალალებს; ამოიჩრის იღლიაში ნაბღაჯნს, თავმოწონებით წარუდგება რედაქციას და გათავდა — მწერალია და მწერალი. მეორე დღეს ისე გამოჭიმული დაიწყებს ბულვარზედ სიარულს,თითქო ამერიკა ამისი ნაპოვნიაო, ისე ჭკვიანურად შეიკრავს შუბლსა, თითქო მართლა-და ტვინი არ ეტევა თავში და გარეთ გამოსვლას ჰლამისო სინამეტანობითა. ნუთუ ამისთანა მწერლის თავიდამ მოშორება ლიტერატურისათვის დიდი დანაკლისი იყოს!


ჩვენ ვგრძნობთ, რომ ძალიან რთულს და მძიმე საგანს მოვკიდეთ ხელი და მეთაურის წერილების სასაუბროდ გავხადეთ. იქნება, რაც სათქმელი გვქონდა, სულ ვერა ვსთქვით სხვადასხვა მიზეზისა გამო, ან ზოგან ჩავუმატეთ, ან დავაკელით, მაგრამ ნუგეშად მაინც ეს დაგვრჩება, რომ თითონ საგანი, როგორც იყო, ფეხზედ წამოვაყენეთ ჩვენდა საყურადღებოდ, ჩვენდა განსასჯელად და მრავალკეცად განსაკითხავად. მკითხველი დაგვეთანხმება, რომ, თუ ჩვენ ვერ შევძელით მაგის ჯეროვანად განსაზღვრა და განვითარება, ეგ საგანი ღირსია განსჯისა და განკითხვისა, თუ გარემოება და დროთა ვითარება ჩვენს მწერლობას ხელს შეუწყობს. მკითხველი ამაზედაც დაგვეთანხმება, რომ ის უადამიანობა, ის ავყიაობა, ის უმართებულობა, უზრდელობა, უწვრთნელობა, რომელიც ესეთის თავმოწონებით ფარფაშებს საქვეყნოდ ლიტერატურის სახელითა, — ერთი იმისთანა საზოგადო სენია მწერლობისა, რომ ყოველი პატიოსანი მწერალი, თუ წევრი საზოგადოებისა, უნდა ცდილობდეს წამალი რამ უპოვოს ძირიანად აღმოფხვრისათვის.


ჩვენი სურვილი მარტო ეს იყო, და თუ ამ წერილებმა ჩვენში მოახედა ვინმე ამ საგანზედ საკადრისის გულისტკივილით, სრულებითაც არ შევინანებთ, ჩვენ, პირიქით,

სასიხარულოდაც გვექნება, რომ ფიქრად მოგვივიდა და მეთაურის წერილის სასაუბროდ ეს საგანი გავხადეთ.

Recent Posts

See All
იასე ანდრონიკაშვილი

ტფილისი, 10 იანვარი, 1887 წელი. I ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არა-მყვირალა და ჩხავანა მოღვაწეობა, - საცა უნდა იყოს, - თუ გულმხურვალობით...

 
 
“კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია”

კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე ერთი უმთავრესი ქვაკუთხედია იმ საფუძვლისა, რომელზედაც დამყარებულია კაცთა...

 
 
bottom of page