top of page

ვენახების წამლობის შესახებ

  • Writer: nino otiashvili
    nino otiashvili
  • Nov 27, 2023
  • 2 min read

ტფილისი, 23 მარტი, 1890 წელი


მოვიდა გაზაფხული და საცაა გამოიტანს კვირტსა და ყვავილს ვაზი. პირველ ხანებში სიუხვე და სიმრავლე კვირტისა და ყვავილისა, რა თქმა უნდა, გაახარებს ვენახის პატრონის გულსა, ხოლო სასურველია ამ სიხარულმა ის უბედურება არ დაგვავიწყოს, რომ ჩვენი მტერი ვენახებისა - ნაცარი და ნამეტნავად მილდიუ - ჯერ კიდევ მოსავლინებელია. ან ერთი და ან მეორე, ან ორივე ერთად მიესევა აწ სასიხარულოდ გამოსულს ვაზსა და გაზაფხულის ლხინს შემოდგომის გლოვად გაგვიხდის, იმიტომ რომ ერთიცა და მეორეც შემძლებელია სრულად ხელი დაგვაბანინოს მოსავალზე, რომლის კარგი ნიშნები ყოველს გაზაფხულს მოაქვს ხოლმე ჩვენთვის.


ღმერთმა გვიხსნას ამისთანა გათახსირებისაგან მოსავლისა, მაგრამ წინათ ფიქრი, როგორ დავხვდეთ მტერს, როგორ გაუძღვეთ, როგორ ავიცილოთ თავიდამ, მეტისმეტად საჭიროა ეხლავე. ნაცარიცა და მილდიუც დაბინავებული მტერია ჩვენში და იმის მოვლენა დიაღ მოსალოდნელია. ეგ წყეულები მერე იმისთანანი არიან, რომ თუ ვაზი წინათვე არ მოამზადე გაუმაგრდეს, მერე, როცა ერთი, ან მეორე გამოჩნდება და მიესევა, ყოველივე ღონე თითქმის უქმია და ყოველივე ჭიდილი უიმედო. აი რა მხრით არის სასურველი, რომ ყველა ვენახის პატრონმა წინათვე სამზადისი იქონიოს და წინათვე შეუდგეს ვაზს უწამლოს მტრის დასახვედრად და გასაბრუნებლად. წელს გაზაფხული — ცოტა არ იყოს — ადრე მოვიდა და შესაძლოა სითბომ ააჩქაროს ვაზიცა და მისის მტრების მოსევაც. ამიტომაც, რაც ადრე შეუდგებიან ვენახების წამლობას, მით უფრო დიდი იმედია გამარჯვებისა და უმოსავლობის თავიდამ აცილების.


შარშან, მაგალითებრ, კახეთში, ალაზნის მარცხენა მხარეს, ნაცარი შემჩნეული იყო ვაზზე აპრილის დასასრულს და მაისის დასაწყისს. მაისის ბოლოს და ივნისის პირველ რიცხვებში მილდიუმაც იჩინა თავი. თუ მივიღებთ სახეში, რომ შარშან გაზაფხული უფრო ცივი იყო და წვიმებიანი, ასე, რომ უფრო გვიანსა ჰგავდა, ვიდრე ადრეულს, ყოველ ამის გამო ვაზის დაყვავილებაც დაგვიანდა და ნაცრისა და მილდიუს გამოჩენაც. წელს გაზაფხული სულ სხვა იმედს იძლევა და შესაძლოა ყოველივე ეს ადრე წამოგვადგეს თავს. ამიტომაც ადრევე სჯობია თადარიგს შეუდგეთ.


არსებითი ძარღვი თადარიგისა ვაისა და ვუის ძახილში არ არის. საქმე ის არის, რომ სახარჯო ფული იზრუნოს კაცმა, ვისაც ჰსურს თავის ვენახსა და ვენახისათვის გარჯას გამორჩეს რასმე. შარშან ამისათვის მთავრობამ, აქაურ სამეურნეო საზოგადოების შუამდგომლობით, რამდენიმე ფული გადასდო. უეჭველია წელსაც გადასდებენ, მაგრამ ყოველივე ეს წვეთია ზღვაში. წელს ჩვენი ბანკიც აპირებს ერთი ხუთასიოდე თუმნით მიეშველოს ჩვენს ვენახების პატრონებს, მაგრამ არც ეს კმარა, სხვა არა იყოს-რა, ამბობენ, რომ მარტო კახეთში რამდენიმე ათასი დესეტინა ვენახიაო, ახლა ქართლი აიღეთ, ახლა სომხეთი და სხვა ადგილები, და სად უნდა გასწვდეს ეს მცირეოდენი ფული. აქ საჭიროა თვითონ ვენახების პატრონთაც გაიკრან ჯიბეს ხელიო. მართალია, ბევრს არაფერს იპოვნიან ამ ჯიბეებში, მაგრამ ეს ასეთი საქმეა, რომ სხვაგან უნდა დაიკლონ, აქ არა დაზოგონ-რა და ერთი საყოველთაო სახსარი რამ იღონონ და ამ ურთიერთობით გაძლიერდნენ ერთმანეთის საშველად.

Recent Posts

See All
ფილოქსერა

ტფილისი, 19 ოქტომბერი, 1889 წელი ფილოქსერა, ეს ყველა ჭირზედ უდიდესი ჭირი ვაზისა, ჰლამის მოედოს ჩვენს ქვეყანას. იმერეთში 16 სოფელში...

 
 
bottom of page